მთავარი,სიახლეები

რა მოიტყუა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის შესახებ – ადვოკატის დასკვნითი სიტყვა

03.08.2025
რა მოიტყუა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის შესახებ – ადვოკატის დასკვნითი სიტყვა

დაზარალებულმა ირაკლი დგებუაძემ იცრუა როგორც გამოძიებისას, ისე სასამართლოში, არაერთი გარემოების ირგვლივ”, – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად მოჰყვა ყველა ცრუ მოწმე პოლიციელის შესახებ, თუ რა მოიტყუეს მათ მზია ამაღლობელის საქმეში და როგორ.

მზია ამაღლობელის საქმეში ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, დაზარალებულად არის ცნობილი.

გთავაზობთ ამონარიდებს მაია მწარიაშვილის სასამართლოში წარმოთქმული დასკვნითი სიტყვიდან, სადაც ის ირაკლი დგებუაძეს სიცრუეში ამხელს:

„დაზარალებულმა ირაკლი დგებუაძემ იცრუა გაბაიძეების დაკავების მომენტზე და აღნიშნა, რომ დაკავებას არ შესწრებია, არამედ ამ დროს იმყოფებოდა ეზოში.

მან მიუთითა: „გაბაიძეები, ეს ვისზეც მისვამს ქალბატონი მზია კითხვას, ზუსტად მაგათზეა საუბარი, გიორგი ერქვა ამ ერთ-ერთ ნასვამ პირს, მეორე მისი ძმა იყო, სახელი არ მახსოვს ზუსტად… ამათი შემოყვანის მომენტს ვესწრები, დეპარტამენტის ეზოში ვდგავარ, ანუ ეს გიორგი არის ძალიან აგრესიული, ნასვამი, აგინებს პოლიციელებს და ძალის გამოყენებით შეჰყავთ დეპარტამენტის ეზოში.

ბუნებრივია, დავინტერესდი და რომც არ დავინტერესებულიყავი ისედაც მომახსენებდნენ ჩემი თანამშრომლები დაკავების მიზეზს.

ამ დროს რომ შემოიყვანეს ეს ორი დაკავებული, თანამშრომლები მეუბნებიან, რომ ვიდექით კედელთან ისევ ჩვენთვის, საერთოდ კომუნიკაცია არ გვქონია, ერთ-ერთი ეს ბატონი გაბაიძე აგინებს პოლიციელებს, რომ მათ როგორ უნდა დაემორჩილონ, ნახე რას ჰგვანან ეს „შნირები“, დედის მისამართით აგინებს და ა.შ. რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალი ასეთ დროს, პოლიციამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა იმოქმედოს და იმოქმედეს, დააკავეს“.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოწმე გრიგოლ ბესელიამ თქვა, რომ გაბაიძეების დაკავებისას ის და ირაკლი დგებუაძე იმყოფებოდნენ შენობაში და მან უთხრა ირაკლი დგებუაძეს, რომ გასულიყვნენ და განმარტებები გაეკეთებინათ.

ირაკლი დგებუაძის ამ ჩვენების საწინააღმდეგოდ მოწმეებმა ეთერ თურაძემ, მანანა ქველიაშვილმა, ეკა დავითაძემ, ჯაბა ანანიძემ განმარტეს, რომ გიორგი გაბაიძეს არ მიუყენებია რაიმე შეურაცხყოფა პოლიციელთათვის.

ეთერ თურაძის განმარტებით, ირაკლი დგებუაძეს ჰქონდა პირადი ინტერესი გიორგი გაბაიძის მიმართ. მოწმე აკაკი გვიანიძემ განმარტა, რომ გიორგი გაბაიძის დაკავებისას ის იდგა ჭიშკარში, გაბაიძე იდგა მის უკან, გაბაიძის მხრიდან შეურაცხყოფის შემთხვევაში ჯერ მას უნდა გაეგო, ვინაიდან პოლიცია ისე გამოვარდა გაბაიძის დასაჭერად, რომ ის კარებში გადათელეს.

ეს მოვლენები ზუსტად ასე ჩანს ჩვენს მიერ წარდგენილ ვიდეო #8-ში, როგორც მას აღწერს მოწმე აკაკი გვიანიძე.

ამავდროულად ჩვენს მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულება #8-ში ჩანს, რომ გიორგი გაბაიძის ძალით შეთრევამდე პოლიციის შენობის წინ სრული სიმშვიდეა და არ ისმის, არავითარი გინება და შეურაცხყოფა პოლიციის მისამართით.

კადრში ჩანს გიორგი გაბაიძის დაკავება და ისიც აღქმადია, რომ გიორგი გაბაიძე დგას მშვიდად, მას უცებ შეათრევს პოლიცია.

ამავდროულად, მოწმე გრიგოლ ბესელიას ჩვენებით, გაბაიძეების დაკავებისას ის და ირაკლი დგებუაძე იმყოფებოდნენ შენობაში. მას შემდეგ, რაც ძმები გაბაიძეები შემოიყვანეს შენობაში მან უთხრა ირაკლი დგებუაძეს, რომ გასულიყვნენ გარეთ და დაემშვიდებინათ აღელვებული ხალხი.

შესაბამისად, ირაკლი დგებუაძის ჩვენება გამოირიცხება გრიგოლ ბესელიას განმარტებით და ამავდროულად არ არსებობს სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გიორგი გაბაიძე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას ეზოში და დგებუაძემ ეს ნახა.

ირაკლი დგებუაძემ ვერც ის დაასახელა, ვინ იყვნენ ის თანამშრომლები, რომლებიც მას მოუყვნენ გაბაიძის მიერ დაკავებამდე პოლიციელთა შეურაცხყოფის შესახებ.

დაზარალებულმა ირაკლი დგებუაძემ ასევე იცრუა იმასთან დაკავშირებით, რომ ჭიშკრიდან გასვლისას მას მზია აგრესიულად სთხოვდა დაკავებულების გათავისუფლებას.

ირაკლი დგებუაძემ თქვა „ნუ სახეზე ვატყობ ძალიან აღელვებას, აგრესიას, ეს ტემბრიც, ახლა შეიძლება ქალბატონია და რაღაც არ შემშინებია ამ ტემბრის, მაგრამ ბუნებრივია დავინახე, რომ აგრესიულია ძალიან და იმდენად აბსურდული მოთხოვნა ჰქონდა, ახლა როდის ათავისუფლებთ ჩემი ოჯახის წევრს და თან ამას აგრესიულად ითხოვ, ჩავთვალე, რომ იმ მომენტში მასთან კონკრეტულად საუბარს აზრი არ ჰქონდა და დავაპირე წასვლა“.

მან ჩემი არაერთი კითხვის პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ მზიამ მიმართა „როდის გაათავისუფლებ“? – აგრესიული ტონით და აგრესიული გამომეტყველებით, რაც მას გამოძიებაში გამოკითხვისას არ უთქვამს.

ვიდეომტკიცებულება #14 ადასტურებს, რომ სილამდე მზია სულ ამბობს 3 წინადადებას და არც ერთი არაა არც „გათავისუფლების მოთხოვნა“ და არც ერთი წინადადება არაა აგრესიული არც შინაარსით და არც ტონით, საერთოდ არაა რაიმეს მოთხოვნა.

უფრო მეტიც პირველი 2 წინადადებას ძალზე დაბალო ტონით ამბობს – ისე, რომ გარჩევაც ძნელია, ოდნავ მკვეთრად ისმის მხოლოდ ბოლო წინადადება: „მისმინე აგერ, მე რომ დამაკავა“. თუმცა, არსად არაა ისეთი ტონი, რომელიც აღნიშვნის ღირსია, ან მიანიშნებს საგანგებო აგრესიაზე, როგორც ამას ირაკლი დგებუაძე მიუთითებს.

ჩემი კითხვების საბოლოო პასუხად მან ჯერ განაცხადა, რომ „წინადადება – როდის გაათავისუფლებ ჩემს ახლობლებს მან აღიქვა აგრესიულ საუბრად, ხოლო #14 ვიდეოს ჩვენების შემდეგ, სადაც ისმის მზიას ფრაზა, რომ ის არ ითხოვს გათავისუფლებას, არამედ ამბობს წინადადებას – „ჩემი ოჯახის წევრი დააკავეს“, მან ამჯერად ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არ ჩანს მზიას სახის გამომეტყველება, თორემ გამომეტყველება აგრესიული იყო.

ირაკლი დგებუაძემ აღნიშნა, „ამ კონკრეტულ ვიდეოში ქალბატონი მზიას გამომეტყველებაც არ ჩანს, აქ ისმის სიტყვები ხომ რასაც მეკითხება. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩემი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას ქალბატონი მზიას მხრიდან ადგილი არ ქონია, თუმცა მისი სახის გამომეტყველებაზე, ვიმეორებ ფრაზას, ადამიანები ვართ და ვგრძნობთ როდის საუბრობს ადამიანი შენს მიმართ აგრესიულად“.

შესაბამისად, საბოლოოდ, მან ხან ტონი მიუთითა, ხან გამომეტყველება, მაგრამ ვერ დაასახელა ვერაფერი, რაც ოდნავ საღი აზრის მქონე ადამიანს დაარწმუნებდა, რომ მზია ძალიან აგრესიულად გამოიყურებოდა და რაც მთავარია, საუბრის დასაწყისშივე. აღელვებული კი ნამდვილად იყო.

ირაკლი დგებუაძემ იცრუა იმასთან დაკავშირებით, რომ ის იცნობდა მზია ამაღლობელს აქციებიდან. მან თქვა „აქციებზე მინახავს, რამდენიმე დღით ადრე, როგორც მახსოვს, გავსაუბრებივარ კიდეც“.

ირაკლი დგებუაძემ ვერ ახსნა, თუ რატომ დაამახსოვრდა მზია ამაღლობელი აქციებიდან, რით გამოირჩეოდა იგი.

„რით და არაფრით არ გამოირჩეოდა. არასოდეს ამ ქალბატონის მხრიდან მე რამე განსაკუთრებული ქმედება არ დამინახავს“, – აღნიშნა მან და მიუხედავად ამისა, განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს იცნობს აქციებიდან.

ირაკლი დგებუაძესთან რაიმე ნაცნობობა და კომუნიკაცია უარყო მზია ამაღლობელმა და ამასთან დგებუაძის განმარტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდებას არ წარმოუდგენია.

დაზარალებულმა ირაკლი დგებუაძემ შემდეგი პასუხი გასცა პროკურორის შეკითხვას – ვიდეო #9 „სისხლით ბოი… შვილი ვიყო, სისხლით…“ რას ნიშნავს სიტყვები „სისხლი“ და ეს ხმა მისია თუ არა.

დგებუაძემ უპასუხა, რომ ხმა ჰგავს მისას და შემდეგ ასე ახსნა: „შესაძლებელი არის, რომ ჩემი კოლეგები იდგნენ შიგნით, ეზოს შიგნით. მე მანამდეც ვთქვი, რომ რამდენიმე მეტრი შევედი თავდასხმის შემდეგ, ღობის შიგნით ჩემი კოლეგები იდგნენ, რომელთაც ფაქტი ვერ დაინახეს რა მოხდა რეალურად.

დაინახეს, რომ ქალბატონი დააკავა ბერდია ფერაძემ და გივი ბჟალავამ და შეჰყავდათ შიგნით.

ამ მომენტში შესაძლებელია, ფაქტის აღწერის დროს, უწმაწური სიტყვები ვიხმარე, რითაც ნამდვილად არ ვამაყობ, თუ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი ხმა არის.

რაც შეეხება, ეს ტელევიზიაშიც გავიდა, ეს ფრაზა – „სისხლით დავიჭერ“ არის ტიტრები, „სისხლით დავიჭერ“ არ არის, მანდ კითხვა დაისვა, რომ ადმინისტრაციულად დააკავეს? ერთ-ერთმა თანამშრომელმა დასვა კითხვა და ჩემი აზრი გამოვთქვი, რა ვიცი, პოლიციაში ვმუშაობ 11 წელია და ვარჩევ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და სისხლის სამართლებრივ დანაშაულს.

ჩემი აზრი იყო, რომ წესით და რიგით სისხლით უნდა დაეკავებინათ, ანუ სისხლის სამართლის 353-ე მუხლით, ეს შემიძლია გავაკეთო განმარტება“.

შემდეგ დაცვის მხარის კითხვაზე, მან კიდევ გაიმეორა, რომ ამ დროს იგი მხოლოდ ჰყვებოდა ამბავს და მას არ ამოძრავებდა შურისძიება. შესაბამისად, ირაკლი დგებუაძემ არაერთხელ იცრუა ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც. კერძოდ:

მან თქვა, რომ მისი კოლეგები იდგენენ ეზოს შიგნით, ვინც ვერ დაინახა რა მოხდა და მათთვის ხსნიდა ამბავს.

სინამდვილეში კი ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება #9-ში ჩანს, მაშინ, როდესაც ირაკლი დგებუაძე აგინებს და ემუქრება მზია ამაღლობელს, ჭიშკრის შიგნით იმყოფებიან მხოლოდ ის პოლიციელები, რომლებიც შეესწრნენ ინციდენტს, შემოაგდეს მზია და შემოჰყვნენ. კერძოდ კადრში ჩანან გრიგოლ ბესელიას მოადგილე ათაბეგაშვილი, არჩილ ანთიძე, ბერდია ფერაძე და მზიას უცნობი დამკავებელი, ასევე 2 პოლიციელი, რომლებიც ორი მხრიდან აკავებენ ირაკლი დგებუაძეს (00.00.15 წმ), რომ არ მისწვდეს მზიას ანგარიშსწორებისათვის.

კადრში ჩანს, როგორ ცდილობს ირაკლი დგებუაძე უკნიდან, მარცხენა ხელით მისწვდეს მზიას მარცხენა მხარზე (შესაძლოა მისწვდა კიდეც). ამ კადრების პარალელურად მიდის ირაკლი დგებუაძის გინება მზიას მისამართით.

აღსანიშნავია, რომ სიტყვებს „სისხლით ბოი… შვილი ვიყო, სისხლით“ ირაკლი დგებუაძე ამავე კადრში ორჯერ იმეორეს და მეორე გამეორებისას მას აგრძელებს სხვა ფრაზით – „მაგას მოვუ…ნავ დედის მუ…ლს“. შესაბამისად, არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ გაიზიარებს, რომ ამ კადრში ირაკლი დგებუაძე თურმე უხსნიდა კვალიფიკაციის საკითხებს სხვა პოლიციელებს.

ამავე პასუხში მან თქვა ასევე სხვა სიცრუე, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს ბერდია ფერაძემ და გიორგი ბჟალავამ და შეჰყავდათ შიგნით.

როგორც არაერთხელ აღვნიშნე, უშუალოდ ინციდენტისას გიორგი ბჟალავას არ დაუკავებია მზია ამაღლობელი და არც გიორგი ბჟალავას შეჰყავდა შიგნით.

ირაკლი დგებუაძემ ეს კარგად იცის, ვინაიდან ის მიდის მათ უკან და მას სწორედ ის უცნობი პოლიციელი იჭერს, რომელიც მარცხენა მხარეს უდგას დაკავებულ მზია ამაღლობელს.

ის, რომ ბჟალავამ დააკავა მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძემ არაერთხელ გაიმეორე დაკითხვისას.

დასკვნითი სიტყვისას პროკურორმა დაადასტურა, რომ ის, ვინც ჩანს კადრში (ვიდეო #6, ვიდეო #9) ბერდია ფერაძესთან ერთად და ვისაც მიჰყავს დაკავებული მზია ამაღლობელი თურმე არ არის გიორგი ბჟალავა.

სასამართლოს ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ ბრალდებამ ეს მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც ჩვენ სასამართლოზე კადრებით მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ გიორგი ბჟალავა და პირი, რომელმაც დააკავა მზია ამაღლობელი არ არის ერთი და იგივე პირი.

ირაკლი დგებუაძემ იცრუა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით და სასამართლოზე განმარტა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებისას ის დგას შორიახლოს, რამდენიმე მეტრში და მზია ჭიშკართან დააკავა გოჩა ვანაძემ.

სასამართლოზე #10 ვიდეომტკიცებულების დემონსტრირების შემდეგ – „ადმინისტრაციულით დავაკავეთ, 150-ე მუხლით“ – მან გადათქვა და ამჯერად მიუთითა, რომ მან დაინახა გოჩა ვანაძის და მზიას შემხებლობა ჭიშკართან, თუმცა ვერ ახსნა, რას ნიშნავს შემხებლობა.

სინამდვილეში კი #4 და #10 ვიდეოების თანახმად, ის არათუ შორიახლოს, არამედ უშუალოდ გრიგოლ ბესელიას გვერდით დგას მაშინ, როდესაც ის აკავებს მზია ამაღლობელს, მათ შორის მის თვალწინ ბესელიას შეჰყავს მზია ამაღლობელი ჭიშკარში და ამავდროულად მას მოქალაქე მიმართავს სახელით „ირაკლი ახლა რა დაარღვია, რატომ დააკავეთ?“ ირაკლი დგებუაძე კი პასუხობს – „150-ე მუხლი“.

ირაკლი დგებუაძემ იცრუა, რომ მას საკმაოდ ძლიერი სილა მოხვდა ლოყის და ყურის არეში, რომ მან განიცადა ტკივილი, რომ მას ამ სილის გამო ლოყა-ყურის არე გაწითლებული ჰქონდა მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში და მან ეს სიწითლე თავად დაათვალიერა 30 წუთის შემდეგ, როდესაც შევიდა შენობაში თავის სამუშაო ოთახში.

ტკივილის ნაწილში ბრალდების მტკიცებულება არის მხოლოდ თავად ირაკლი დგებუაძის განმარტება, რომელიც არ არის გამყარებული არც ობიექტური ტესტით და არც ობიექტური, გარეგნული, აღქმადი, დამარწმუნებელი  ნიშნებით.

სასამართლოში დავკითხეთ ექსპერტად მოწვეული ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი, რომელმაც განმარტებები გააკეთა ტკივილის ცნებასთან დაკავშირებით და ახსნა ტკივილის მექანიზმი.

„ტკივილის შესწავლის საერთაშორისო ასოციაციის“ ბოლო განმარტების მიხედვით, ტკივილი განისაზღვრება შემდეგნაირად: „არასასიამოვნო სენსორული და ემოციური განცდა, რომელიც ასოცირებულია ქსოვილოვანი დაზიანების რეალურ და პოტენციურ საფრთხესთან ან აღწერს ასეთ დაზიანებას“.

როგორც ექსპერტმა ისე, დაცვის მხარის მიერ მოწმედ მოწვეულმა იმპლანტოლოგ – ქირურგმა თათია ანდღულაძემ სასამართლოს განუმარტეს, რომ რეალური ტკივილი ყოველთვის უკავშირდება ქსოვილოვან დაზიანებას, რაც ირაკლი დგებუაძის შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

ექსპერტმა სასამართლოზე ახსნა, რომ ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ტკივილის შეგრძნების სუბიექტურ შეფასებას, არამედ ამასთან ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს, რაც ირაკლი დგებუაძის შემთხვევაში არ გვაქვს.

მისი დასკვნით და ჩვენს მიერ გადაცემული საქმის მასალების საფუძველზე, სამედიცინო თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ კადრში აღწერილი სილის შედეგად განიცადა ტკივილი. როგორც ექსპერტმა, ისე მოწმემ ისაუბრეს, რომ ტკივილის შეფასებისთვის სუბიექტურთან ერთად საჭიროა ობიექტური ნიშნების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება, არ დასტურდება.

როგორც ექსპერტმა, ისე მოწმემ გამორიცხეს, რომ ფიზიოლოგიურად შეიძლება დამაჯერებელი იყოს თავად პროცესის იმდაგვარად აღწერა, როგორც ამას ირაკლი დგებუაძე აღწერს, რომ ძლიერი დარტყმის და წუთიერი ტკივილის შემდეგ მას ძალიან მოკლე დროში სახეზე არანაირი ზემოქმედების კვალი არ აღენიშნება, თუმცა სიწითლე წარმოიშვა შემდეგ და შენარჩუნდა მინიმუმ 30 წუთი, რის შემდეგ გაქრა ყოველგვარი სისხლძარღვოვანი დაზიანების კვალის გარეშე.

გარდა აღნიშნულისა, მოწმე თათია ანდღულაძემ სასამართლოზე დეტალურად ახსნა, როგორ მუშაობს სახის, სხეულის ბუნებრივი მოტორიკა ტკივილზე რეაქციის შემთხვევაში. მან, სილის შემდეგ ირაკლი დგებუაძის მიერ გამოვლენილი მოტორიკის შეფასებისას (მას არ ჰქონდა არანაირი თანდაყოლილი, ბუნებრივი რეაქცია) სასამართლოზე განმარტა, რომ ხილული, ობიექტური ნიშნების მიხედვით, სილის გაწვნის მომენტში ირაკლი დგებუაძეს ტკივილი არ აღუქვამს.

შესაბამისად, არ სტკენია“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: