მთავარი,სიახლეები

რა მოიტყუა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის საქმეში – ნაწყვეტი ადვოკატის დასკვნითი სიტყვიდან

03.08.2025
რა მოიტყუა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის საქმეში – ნაწყვეტი ადვოკატის დასკვნითი სიტყვიდან

„მოწმე გრიგოლ ბესელიამ იცრუა როგორც წინასწარი გამოძიებისას, ისე სასამართლოში მისი დაკითხვისას არაერთ გარემოებაზე,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, პირველ აგვისტოს.

მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პირველ აგვისტოს ღამის 11 საათამდე გაგრძელდა.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად მოჰყვა ყველა ცრუ მოწმე პოლიციელის შესახებ, თუ რა მოიტყუეს მათ მზია ამაღლობელის საქმეში და როგორ.

რა მოიტყუა მოწმე გრიგოლ ბესელიამ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა?

  • ნაწყვეტი მაია მწარიაშვილის დასკვნითი სიტყვიდან:

მოწმე გრიგოლ ბესელიამ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ მან მზია ამაღლობელის დაკავებამდე სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელები შეიყვანა ჭიშკრის შიგნით, ვინაიდან აქციის მონაწილეებს მათთვის არ დაეკრათ სტიკერები.

გრიგოლ ბესელიამ თქვა: „რამდენიმე გაფრთხილება გავაკეთეთ, რომ სტიკერები არ გაეკრათ შენობაზე და პოლიციელებზე. პოლიციელები შემოვიყვანე შენობის შიგნით, რომ სტიკერები არ გაეკრათ პოლიციელებზე, შიგნით შემოვიყვანე პოლიციელები. ამ დროს გამოჩნდა მზიაც“.

მოწმე გრიგოლ ბესელია აქ ცრუობს, ვინაიდან პოლიციის შენობის წინ არ ყოფილა არც ერთი მცდელობა პოლიციელისათვის სტიკერის დაკვრისა, გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც მზიას დაკავებამდე მას პოლიციელები შეყავს ეზოში, უკვე ყველა დაკავებულია და გარდა ამისა, ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულება #4-ში დასაწყისიდანვე ნათლად ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც პოლიციელები შედიან ეზოში, სრული სიმშვიდეა, შედიან იმიტომ, რომ აქცია ფაქტიურად აღარც მიმდინარეობს და მით უფრო „საფრთხე“, რომ სტიკერს მიაკრავს ვინმე, არ არსებობს.

ამავე კადრის მიხედვით, არც რაიმე საჯარო გაფრთხილება გაუკეთებია პოლიციას სტიკერის ვინმეზე ან სადმე არ გაკვრის გამო.

მოწმე გრიგოლ ბესელიამ ასევე იცრუა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით.

მან განაცხადა, რომ „მას არ დაუკავებია, ის მივიდა მასთან და უთხრა, ერთი წუთით ქალბატონო და მერე ბიჭებმა შეიყვანეს“. მან მერე გაიგო, რომ თურმე შეურაცხყოფას აყენებდა [მზია] პოლიციელებს. შემდეგ ჩემს კითხვაზე კიდევ განმარტა – „რაც ვიდეოში ჩანს ეგაა. მე მოვკიდე ხელი, გამოვწიე, მაგ შემთხვევაში ბიჭებმა მოკიდეს და შეიყვანეს. მერე რომ ვიკითხე, რაზე დააკავეთ, მერე განმიმარტეს, სანამ მოიყვანდით, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს“.

შემდეგ ჩემს კითხვაზე, ისე, რომ კადრი არ მიჩვენებია მან მითხრა: ჩემს გვერდით იყო გოჩა ვანაძე. ვანაძემ შეიძლება გადააბარა მის დაქვემდებარებულ თანამშრომლებს რომ შეედგინათ ოქმი. მე ვკითხე, ბიჭებმა რომ შეიყვანეს აქედან ერთ-ერთი გოჩა ვანაძეა? რაზეც მან მიპასუხა – დიახ.

სინამდვილეში კი ჩვენს მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებში #4-ში და #10 ცხადად ჩანს, რომ იგი მზია ამაღლობელს აკავებს, ანუ ხელს კიდებს და შეჰყავს ჯერ ჭიშკარში და შემდეგ ეზოს სიღრმემდე თავად გრიგოლ ბესელიას, რის შემდეგაც სავარაუდოდ სხვა პოლიციელებს შეჰყავთ მზია ამაღლობელი შენობაში.

მთელი ამ ხნის განმავლობაში კი გოჩა ვანაძე დგას ჭიშკართან შიგნიდან (00.00.39-დან 00.01.07 დე) და იყურება ტელეფონში, მას არც გადაუბარებია მზია ამაღლობელი და არც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მზიას დაკავებასა და შენობაში შეყვანაში.

ბესელიას გაუგებარი განმარტებით, მზია ამაღლობელი დააკავეს არა ჭიშკართან, არამედ შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეიყვანეს შენობაში.

ჩვენ 2025 წლის 14 ივლისის სხდომაზე გამოვიკვლიეთ ირაკლი დგებუაძის მოადგილის გოჩა ვანაძის ჩვენების აუდიოჩანაწერი. ეს ჩვენება მან მისცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას 2025 წლის 13 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

მისი ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს სხვების დაკავებაში აქედან რამდენიმე წუთში მან თავად დააკავა ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში.

გოჩა ვანაძე: „აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე წუთში მზია ამაღლობელი ვნახე ადმინისტრაციული ორგანოს მიმდებარედ სადაც იყო აქციის მონაწილეებისგან განცალკევებით, რა დროსაც მივიღე მისი დაკავების გადაწყვეტილება იმ სამართალდარღვევაზე, იმ წინააღმდეგობაზე რასაც პოლიციის თანამშრომლებს სხვა პირების დაკავების დროს უწევდა. შესაბამისად მე მოვახდინე თან მისი დაკავება“.

მოსამართლემ კიდევ ერთხელ ჰკითხა, თუ სად დააკავა მზია ამაღლობელი, რაზეც გოჩა ვანაძემ კიდევ ერთხელ უპასუხა, რომ დააკავა უშუალოდ ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან.

მოსამართლის კითხვაზე დაკავებისას წინააღმდეგობას წევდა თუ არა მან კვლავ უპასუხა: „იმ მომენტში თვითონ წინააღმდეგობას არ წევდა, როგორც მოგახსენეთ. მანამდე რამდენიმე წუთით ადრე სხვადასხვა პირის, აქციის მონაწილეების დაკავებებში უწევდა პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას. აღნიშნულ ფაქტზე დავაკავე რამდენიმე წუთში როდესაც ის იმყოფებოდა აქციის მონაწილეებისგან განცალკევებით, უშუალოდ მთავარ შესასვლელთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან“.

შესაბამისად, ცრუობს როგორც გრიგოლ ბესელია, რომ თითქოს გოჩა ვანაძემ დააკავა სადღაც შიგნით, ისე ცრუობს თავად გოჩა ვანაძე, რომელიც ამბობს, რომ [მზია ამაღლობელი] დააკავა უშუალოდ შესასვლელში.

ვიდეოში ჩანს, რომ შესასვლელში ვანაძე არ აკავებს, ამასთან ჩანს, რომ არც შიგნით აკავებს, როგორც ამას გრიგოლ ბესელია ამბობს, არამედ ვიდეომტკიცებულება #4 და #10-ის თანახმად მას აკავებს გრიგოლ ბესელია.

მოწმე გრიგოლ ბესელიამ ასევე იცრუა გაბაიძეების დაკავების ეპიზოდთან დაკავშირებით და სასამართლოზე განაცხადა, რომ იგი არ შესწრებია გაბაიძეების დაკავებას, ამ დროს იმყოფებოდა შენობაში და მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ გამოვიდა აქციის მონაწილეების დასაწყნარებლად.

პროკურორის კითხვის პასუხად მან თქვა: „(მზიას) გათავისუფლების შედეგ მოხდა გაბაიძეების დაკავება, რომლებიც ნასვამები იყვნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას პოლიციელებს. ამ დროს მე უკვე ვიყავი შენობაში. აქცია უკვე მშვიდად მიმდინარეობდა, არანაირი დაპირისპირება არ იყო, დაშლისკენ მიმდინარეობდა. რახან შეურაცხყოფა მიაყენეს, მოხდა მათი დაკავება, ისევ მუხტი აიწია. გავედი გარეთ, რომ დამეწყნარებინა, აგვერიდა დაპირისპირება“.

პროკურორის კითხვის პასუხად მან თქვა, რომ არც ირაკლი დგებუაძეს მიუღია მათ დაკავებაში მონაწილეობა, ვინაიდან ისინი ორივე შენობაში იყვნენ, როდესაც დაკავებული გაბაიძეები შემოიყვანეს.

ჩემს კითხვაზე, თუ სად იყო გაბაიძეების დაკავების დროს, მან კიდევ ერთხელ იცრუა – „მე ამ დროს ვიყავი შენობაში, გამოვედი, რომ დამეწყნარებინა, დამშვიდებულიყვენენ. … მათ მიერ შეურაცხოფას და დაკავებას არ შევსწრებივარ“.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება #8 – „რა ხდებოდა, ვიდრე მზია ამაღლობელს ხელახლა დააკავებდნენ“, ასახავს ორივე გაბაიძის დაკავებას, კადრის დასაწყისშივე, დაახლოებით 00.00.12 წმ-ზე ჩნდება გრიგოლ ბესელია, რომელი სწორედ რომ მიემართება გიორგი გაბაიძის მიმართულებით, სავარაუდოდ მის დასაკავებლად, ხოლო გიორგი გაბაიძის ეზოში შეგდების შემდეგ იგი უშუალოდ მონაწილეობს მეორე გაბაიძის, ლაშა გაბაიძის დაკავებაში, ის ჩნდება ისევ კადრში დაახლოებით 00.00.39წმ-და და ჩანს 00.01.30 წმ-დე, იქამდე ვიდრე არ შეათრევენ პოლიციის ეზოში.

ამასთან, მოწმე გრიგოლ ბესელია ვერ დაემთხვა ირაკლი დგებუაძის ჩვენებასაც, ვინაიდან ირაკლი დგებუაძემ სასამართლოზე განმარტა, რომ მან ლაშა გაბაიძე ნახა პოლიციის ეზოში, თურმე მაშინ, როდესაც ის უკვე დაკავებული უწევდა წინააღმდეგობას პოლიციელებს.

მოწმე გრიგოლ ბესელიამ ასევე იცრუა, რომ გაბაიძეების დაკავების შემდეგ ის გამოვიდა ხალხის დასამშვიდებლად, ვინაიდან იმავე ვიდეო #8-ში ჩანს, რომ ის არსად არ წასულა გაბაიძეების შეთრევის შემდეგ და უკვე 00.01.45 წმ-დან კადრში ჩანს, რომ ის ისე პასუხობს აღელვებულ ხალხს, თითქოს თავად იქ არ იყო და თავად არ მიუღია გაბაიძეების შეთრევაში მონაწილეობა. ის აღელვებულ ხალხს ეუბნება შემდეგ სიტყვებს: „გავარკვევ და გეტყვით, რატომ დააკავეს და რა მოხდა“.

მოწმე გრიგოლ ბესელიამ არაერთი სიცრუე თქვა, თავად სილის ინციდენტის ეპიზოდთან დაკავშირებით.

კერძოდ, მან განაცხადა:

„რომ მოვტრიალდი და რომ მოვდიოდი ჭიშკრისკენ (ამას ჰყვება იმის მერე, რაც თითქოს არ უნახავს გაბაიძეების დაკავება, არამედ გამოვიდა შენობიდან აქციის მონაწილეებთან). ამ დროს მზია დგას ეთერ თურაძესთან ერთად. ამ დროს გამოდის ბათუმის პოლიციის უფროსი და მასთან ერთად რამდენიმე თანამშრომელი. ესენი გამოდიან ეზოდან“.

შემდეგ კვლავ გაიმეორა: „რომ შემოვტრიალდი და მოვდიოდი, ვხედავ დგებუაძე გამოდის მის თანამშრომლებთან ერთად, მზია ეკითხება დგებუაძეს, თუ რასთან დაკავშირებით იყო დაკავებული გაბაიძეები. დგებუაძე უმარტავს, განუმარტა, უნდა შემოტრიალდეს და…“

სინამდვილეში კი მოწმე გრიგოლ ბესელია ცრუობს, ვინაიდან ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება #14 – „ჩემი ოჯახის წევრი დააკავეს“, კადრის 00.33 წმ -ზე ჭიშკარში ბესელია და დგებუაძე ჩნდებიან ერთდროულად, ერთად გამოდიან. მის წინ პირდაპირ დგას მზია და მოწმე ეთერ თურაძე.

მოწმე გრიგოლ ბესელიას უყვირიან აქციის მონაწილეები, მას არ უყვირის ეთერ თურაძე, მზია მშვიდად დგას და უსმენს მის პასუხს, რაც გასცა ეთერ თურაძეს, „გავარკვევთ და მოგახსენებთ“, რაზედაც უკნიდან ისმის სხვა ქალის  ხმა – „რას მოგვახსენებ, ჩვენ აქ ვერ ვხედავთ რა ხდება?“

შესაბამისად, მოწმე გრიგოლ ბესელია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ წინ იყო გასული, შემოტრიალდა და დაინახა ირაკლი დგებუაძე როგორ გამოდის ჭიშკრიდან.

მოწმე გრიგოლ ბესელია ასევე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ „ეთერი აგრესიულობით გამოირჩეოდა, უფრო აგრესიული იყო. მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ხოლმე, ამიტომ მინდოდა მისწრება (აქ საუბრობს ინციდენტის მომენტზე , რასაც თვითონ თითქოსდა უყურებდა ახლოდან). უკვე ჩანდა, რომ რაღაც მოხდებოდა, არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეები“.

სინამდვილეში კი, როგორც ეს ვიდომტკიცებულება #14-ში ჩანს და როგორც ზემოთ ავღწერე, მიუხედავად იმისა, რომ მან ეთერ თურაძე მოატყუა (როგორც ეს თურაძემ მიუთითა ჩვენებაში და პასუხიც კი არ უთხრა, თუ რატომ შეათრიეს პოლიციის ეზოში მისი დისშვილები), კადრში ჩანს, რომ მოწმე ეთერ თურაძემ ყოველგვარი აგრესიის და ჩხუბის გარეშე გაატარა ის, ხოლო მზიას სიტყვაც კი არ უქთვამს მის პასუხზე „გავარკვევ, მოგახსენებთ“.

მოწმე გრიგოლ ბესელია ასევე ცრუობს, როდესაც ამბობს, „დგებუაძეს ელოდებოდნენ შესასვლელთან, მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მე ეტყობა ვერ შემამჩნიეს რომ გამოვედი რამდენიმე წუთით ადრე, იმიტომ რომ ფორმა არ მეცვა, გამორჩათ ჩემთან კომუნიკაცია“.

ამ სიცრუის მტკიცებულებაა კვლავ  ვიდეო #14, სადაც ჩანს, რომ არათუ ვინმეს გამორჩა მასთან კომუნიკაცია, არამედ პირველი მასთან ჰქონდა კითხვა მოწმე ეთერ თურაძეს და ირაკლი დგებუაძე შეაჩერა მხოლოდ იმიტომ, რომ გრიგოლ ბესელიამ პასუხი არ გასცა და გაიარა.

მოწმე გრიგოლ ბესელიამ იცრუა, როდესაც პროკურორის კითხვაზე განაცხადა, რომ ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზიას დაკავების შემდეგ ადგილი არ ჰქონია მის შეურაცხყოფას.

მან განაცხადა: „არა, ვაკონტროლებდი. არაერთი წელი მიმუშავია პოლიციაში და რომ შევედით (ეზოში), ვიდექით ერთად”.

რაც ასევე სრული სიცრუეა.

ვიდეომტკიცებულება #9, ჩანს, რომ ირაკლი დგებუაძეს ორი მხრიდან იჭერენ პოლიციელები ეზოში შესვლის შემდეგ, რათა ხელით არ გაუსწორდეს მზია ამაღლობელს. ირაკლი დგებუაძე ეზოს სიღრმემდე მიყვება დაკავებულ მზია ამაღლობელს და გრიგოლ ბესელია მასთან ერთად არ დგას.

ამავე კადრში ისმის ხმა „აცადე, დააწყნარე“, რაც სავარაუდოდ ბესელიას ეკუთვნის ან ნებისმიერ შემთხვევაში ეს ფრაზა მიემართება დგებუაძის და არა ვინმე სხვის დაწყნარებას.

გარდა ამისა, თავად ირაკლი დგებუაძემ ვერ შეძლო არ დაედასტურებინა, რომ სიტყვები „სისხლით…“ და სხვა გინება მისი ნათქვამია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.