მთავარი,სიახლეები

იარაღისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტი გვაქვს – ზელენსკი

10.01.2024
იარაღისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტი გვაქვს – ზელენსკი

უკრაინა და მსოფლიო ახლა განიცდის იარაღის დეფიციტს, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაგრძელება და ჭურვების, რაკეტების და სხვა ტიპის შეიარაღების წარმოების გაზრდა რუსული აგრესიის ეფექტურად დასაძლევად.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 10 იანვარს, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკი დღეს ვილნიუსში იმყოფება.

„იარაღი, რომელიც ჩვენ არ გყოფნის. მინდა დავიწყო პოზიტივით: დღეს ჩვენ ლიეტუვის რესპუბლიკასთან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ერთობლივი წარმოების შესახებ. კერძოდ, საბრძოლო დრონების საშუალებებზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, კიდევ ბევრი იქნება მსგავსი კონტრაქტი და შეთანხმება, რაზეც უკრაინა მუშაობს.

უკრაინის ლიდერის შეფასებით, „ზოგადად, მსოფლიოში იარაღის დეფიციტია. იარაღის დეფიციტია უკრაინაშიც. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის თავდაცვაში“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა დაინტერესებულია ერთობლივი წარმოებით, ამიტომ კიევმა ამ საკითხზე თანამშრომლობა დაიწყო აშშ-ის პარტნიორებთან და აგრძელებს მას ევროპელ მოკავშირეებთან.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მისი ქვეყნისთვის აქტუალურია საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების საკითხი.

„რაც შეეხება იმას, რისი წარმოებაც ახლა ჩვენ არ შეგვიძლია: ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები – ეს ძალიან გვაკლია“, – დასძინა უკრაინის ლიდერმა და გაიხსენა, რომ „სადღესასწაულო პერიოდში“ – დეკემბრის ბოლოს და იანვრის პირველ დღეებში, რუსეთმა დაარტყა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, თავს დაესხა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბავშვებს, სკოლებს და ენერგეტიკულ ობიექტებს.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, დრონებითა და რაკეტებით სულ 500 დარტყმა განახორციელა რუსეთმა. უკრაინამ კი ამ თავდასხმების 70%-ის მოგერიება შეძლო. თუმცა ზელენსკის თქმით, „საჰაერო თავდაცვის სისტემები არის ის ნომერ 1, რაც უკრაინას აკლია“.

___

2022 წლის 24 თებერვალს, ანუ უკვე 22 თვეზე მეტია, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. ამ დროისთვის მოკლულია ათიათასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი. დაინგრა უკრაინის არაერთი ქალაქი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: