2 მაისს კობალაძის ქუჩაზე წყალმომარაგება დროებით შეწყდება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, კობალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
სამუშაოების შესრულების გამო, 2 მაისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება კობალაძის ქუჩას #5-ში.

აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222 ან 1152.

ავარია რუსთაველის ქუჩაზე – ქალი და ბავშვი საავადმყოფოში გადაჰყავთ

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ქალი, რომელიც რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. დაშავებული, რომელსაც თავი და წელი დაუზიანდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„ბავშვთა საავადმყოფოში გადაგვყავს ასევე ბავშვი, რომელსაც დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა არაა გამორიცხული სხეულის დაჟეჟილობა ჰქონდეს,“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს უფასოდ მიიღებენ

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირველი  მაისიდან პირველ ივნისამდე პერიოდში   ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას, ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს“.

ამავე წყაროს ცნობით, საზღვარგარეთ მყოფ 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს და სრულწლოვან პირებს, თუ ერთხელ მაინც აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი და მათი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის, შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს და ელექტრონული ფორმით გააკეთონ განაცხადი ბიომეტრიული პასპორტის მიღების თაობაზე. 

არდაგანის ტბიდან წყალს ტუმბავენ

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 2019 წლის 26 აპრილს არდაგანის ტბაში სანიაღვრე სისტემებიდან შედინებული ნავთობის მსგავსი მასის ნაწილი ისევ რჩება ტბაში.

„ყოველდღიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მოხდა შედინებული მასების უმეტესი ნაწილის ამოწმენდა, თუმცა სრული გაწმენდითი სამუშაოების შესრულების მიზნით საჭიროა მოხდეს ტბიდან წყლის ამოტუმბვა. ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტბაში წყლის დონე შემცირდება,“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

კომპანიის განცხადებით, „ბათუმის წყლის“ გუნდი მობილიზებულია, რათა დროულად მოხდეს სამუშაოების დასრულება.

ამ თემაზე:

რატომ ბინძურდება არდაგანის ტბა

მთავარი ფოტო: არდაგანის ტბა / ფოტო: „ბათუმის წყალი“

პროკურატურა: კაცმა ყოფილ ცოლს სცემა და სახლში გამოკეტა – სასამართლო განხილვა

“როცა რაღაცებზე პასუხი ვერ მივიღე მისგან, რაღაც მომენტში ხელი ავიღე, მაგრამ გამეტებით ვერ გავიმეტე…” – ასე აღწერა ყოფილ ცოლზე ძალადობა შოთა ა.-მ. მან დღეს მოწმის სახით მისცა ჩვენება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს, ვიდრე ის განაჩენს გამოიტანდა. პროკურატურა შალვა ა.-ს ოჯახში ძალადობას და ყოფილი ცოლის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, შოთამ რამდენიმე თვის წინ ყოფილ ცოლთან შერიგება სცადა, რასაც კამათი მოჰყვა, შემდეგ კი მუშტი ხუთჯერ დაარტყა სახეში. პროკურატურის მტკიცებით, შოთამ ყოფილი ცოლი რამდენი საათით სახლში გამოკეტა, მობილური წაართვა და წავიდა, მოგვიანებით კი, ოთახში მასთან ერთად განმარტოვდა და ოთახი შიგნიდან გამოკეტა.

“როგორ ჩავკეტავდი? ეს იტალიური ეზოა და შეუძლებელია ადამიანის გამოკეტვა, თუ არ დააბამ. მე ის არ დამიბამს,” – მიმართა ბრალდებულმა პროკურორ ზურაბ კონცელიძეს.

“თუ არ იყო გამოკეტილი, რატომ გაუგზავნა მაშინ საკუთარ შვილს sms-ი, მიშველე, მომაკითხეო?” – დაინტერესდა პროკურორი და საქმიდან სატელეფონო ჩანაწერი ამოიღო.

შოთას ვერსიით, მისი ყოფილი ცოლი ასე მხოლოდ იმიტომ მოიქცა, რომ “კამათი დაიძაბა”.

“რა თემაზე ჩხუბობდით?” – იკითხა ადვოკატმა პაატა ნაკაიძემ.

“ვერ გეტყვით,” – მოკლედ ჩაილაპარაკა ბრალდებულმა, თუმცა პაუზის შემდეგ მოსამართლეს გახედა და თქვა:

“ეს პირად ცხოვრებას ეხება და ამაზე არავისთან მითქვამს… ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ყველა ნორმალურ მამაკაცს ამაზე რეაქცია ექნებოდა,” – დაასრულა ბრალდებულმა.

შოთას თქმით, ყოფილი ცოლი ჩხუბის წინა ღამეს მასთან დარჩა და კამათი დაახლოებით ღამის თორმეტზე დაიწყეს. სახეში დარტმის შემდეგაც ქალი მასთან დარჩა, ხოლო დილით შოთა იმ სასტუმროში მივიდა, სადაც დაზარალებული ქალი მუშაობდა.

“ტელეფონზე ვერ დავუკავშირდი მენეჯერს და ამიტომ მივედი იქ… ვუთხარი, რომ სამსახურში ვერ მოვიდოდა,” – აღნიშნა შოთამ და დასძინა, რომ აფთიაქშიც შეიარა, ცოლისთვის წამალი რომ წაეღო.

“არა უშავს, გამივლისო, ასე ამბობდა,” – დაამატა შოთამ.

“და რა უთხარით სასტუმროს მენეჯერს, რატომ ვერ მოდისო?” – ჩაეძია პროკურორი ბრალდებულს.

“ვუთხარი, რომ ბულვარში ვსეირნობდით, კვადროციკლი დაეჯახა და დაშავდა,” – უპასუხა შეკითხვას ბრალდებულმა.

ადვოკატ პაატა ნაკაიძის თქმით, ოჯახში ძალადობას ბრალდებული აღიარებს, თავისუფლების უკანონო აღკვეთას – არა. მისი მტკიცებით, იტალიურ ეზოში და ტელეფონით ხელში ვერავის გამოკეტავ.

მას შემდეგ, რაც დაზარალებული ქალის და ბრალდებულის შვილმა ტელეფონზე გზავნილი მიიღო, ის კონკრეტულ მისამართზე მივიდა. ამ დროისთვის შვილი, რომელიც ახლა უკვე სრულწლოვანია, მამის ოჯახში აღარ ცხოვრობდა.

“ვუთხარი, რომ ეს ჩვენი პრობლემა იყო და არ უნდა ჩარეულიყო… მან დედის სახე დაინახა და, რა თქმა უნდა, ეს არ მოეწონა… მერე ვისაუბრეთ და წავიდა. მე არ მეგონა, თუ ის ბიძას დაურეკავდა…” – განაგრძო თხრობა ბრალდებულმა.

“თუ გამოკეტილი არ იყო, მაშინ რატომ მისწერა ტელეფონზე დედამ ამ დროს შვილს ეს: არ წახვიდე, გთხოვ” – ბოლო ფრაზა განსაკუთრებული აქცენტით წაიკითხა პროკურორმა.

ბრალდებულმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას ყოფილი ცოლი გამოკეტილი არ ჰყოლია და კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს.

“ჩვენ ოთახში ვიყავით და უცებ საძინებლის ფანჯრის მსხვრევის ხმა გავიგონე, მაშინ გავაღე კარი და ვნახე, პოლიცია მოსულიყო,” – დაასრულა შოთა ა.-მ.

დაზარალებულ ქალს სასამართლოსთვის ჩვენება აღარ მიუცია. ის სამუშაოდ იტალიაშია წასული. ქვეყნის დატოვებამდე დაზარალებულმა მოსამართლეს აცნობა, რომ “თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონდა”.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იძულების მუხლზე გადააკვალიფიცირა, რომლის პირველი ნაწილიც ერთი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ოჯახში ძალადობისთვისაც შოთა ა.-ს ერთი წელი მიუსაჯეს. სასჯელების შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, მას საბოლოო ჯამში ერთი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა.

 

ქვირითობა დაიწყო, აკრძალული თევზჭერა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან [პირველი მაისი] თევზის ქვირითობა იწყება, რის გამოც აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა იკრძალება. აკრძალვა 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

„მითითებულ პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის განცხადებაში.

თევზჭერის აკრძალული საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, მოსასმელი ბადე და სხვა იარაღები. ასევე, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერებები.

„სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილისთვის 100-200 ლარით დაგაჯარიმებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქის მასშტაბით თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილების მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგის მიზანი დაკავებული ადგილების ავტომანქანებისგან გათავისუფლებაა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პარკირების ადგილებში კომერციული საქმიანობა იკრძალება.

დამრღვევი ფიზიკური პირი ადმინისტრაციული წესით – 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 200 ლარით.

„ავტომანქანები, რომელთა იდენტიფიკაცია ვერ მოხდება სარეგისტრაციო ნომრის არქონის გამო გადაყვანილი იქნებიან საჯარიმო სადგომზე. შედეგად, იმ ავტომანქანების მფლობელებს, რომლებსაც გადახდილი აქვთ პარკირების საფასური, საშუალება ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი პარკირების ადგილებით“, – აცხადებენ „ბათუმის ავტოტრანსპორტში.

ბათუმში ზოგიერთი მუნიციპალური ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, სამარშრუტო ხაზებზე მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად ცვლილებაა შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე:

N2 სამარშრუტო ხაზი:

ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ადლიის ქუჩა-აეროპორტის გზატკეცილი-ინასარიძის ქუჩა-ფიროსმანის ქუჩა-შარტავას ქუჩა–აბუსერიძის ქუჩა–ჭავჭავაძის ქუჩა–ბაქოს ქუჩა–შავშეთის ქუჩა–მაიაკოვსკის ქუჩა–ს.მესხის ქუჩა–გოგოლის ქუჩა.

N2ა სამარშრუტო ხაზი:

ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: კოტე აფხაზის ქუჩა–ადლიის ქუჩა–კაჩინსკების ქუჩა–ანგისის ქუჩა–ინასარიძის ქუჩა-ფიროსმანის ქუჩა-შარტავას ქუჩა–აბუსერიძის ქუჩა–ჭავჭავაძის ქუჩა–ბაქოს ქუჩა–შავშეთის ქუჩა–მაიაკოვსკის ქუჩა–ს.მესხის ქუჩა–გოგოლის ქუჩა.

N8ა სამარშრუტო ხაზი:

ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: აღმაშენებლის ქუჩა-ტაბიძის ქუჩა–ლეონიძის ქუჩა–ორბელიანის ქუჩა–ჯავახიშვილის ქუჩა-პუშკინის ქუჩა-შარტავას ქუჩა-აბუსერიძის ქუჩა–ჭავჭავაძის ქუჩა-წერეთლის ქუჩა-მაიაკოვსკის ქუჩა-გოგოლის ქუჩა-თამარ მეფის გზატკეცილი-მახინჯაური–ბაღის ქუჩა (მწვანე კონცხის ხიდი).

N12 სამარშრუტო ხაზზე მოხდა ავოტბუსების ჩანაცვლება ადაპტირებული ფაუს ტიპის ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ 28-წუთიანი ინტერვალით, შემდეგი მარშრუტით: თბილისის მოედანი–ჭავჭავაძის ქუჩა–ფრიდონ ხალვაშის ქუჩა.

ხოლო „ზონდას“ ტიპის ავტობუსი იმოძრავებს ასევე 28-წუთიანი ინტერვალით, შემდეგი მარშრუტით: თბილისის მოედანი–ჭავჭავაძის ქუჩა–ფრიდონ ხალვაშის ქუჩა-მახოს ხიდი.

——

დაახლოებით ერთი თვეა შეცვლილია შემდეგი ავტობუსების მარშრუტები – N: 15, 8, 4, 1 და 1ა, რომლებიც ქალაქიდან ბონის მიმართულებით მოძრაობისას მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბონთან“ [ფარეხი, ბაზარი] აღარ გაივლიან. მიზეზი მაიაკოვსკის ქუჩაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.

 

2 ივლისიდან ბათუმის ესტაკადაზე ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს [ვიდეო]

რა გაარკვია მინისტრმა? – გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები აქციების ისევ გამართვენ

„მინისტრი შუამავლობას დაგვპირდა, მაგიტომ დავიშალეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა, არც კი შეგვხვედრია. ჩვენ მორიგი საპროტესტო აქციისთვის ვემზადებით,“ – ამბობს ნოდარ ქათამაძე. ის 21 მარტს ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ბიძაა. მისივე თქმით, სავარაუდოდ,  გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საპროტესტო აქციას შაბათს ისევ გამართავენ. აქციის ადგილი ამ ეტაპზე უცნობია.

ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს. ისინი ექიმების დასჯას და დროულად რეაგირებას ითხოვენ. ბოლო აქცია 14 აპრილს გაიმართა. მაშინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე მათ მედიატორობას დაჰპირდა. ამ პირობით საპროტესტო აქცია დაიშალა.

რა გაარკვია ჯანდაცვის მინისტრმა? – ზაალ მიქელაძემ გვითხრა, რომ კონკრეტულად მელანო ფუტკარაძის შემთხვევაში ჯერ კიდევ ელიან ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მომზადებისთანავე რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნება. რამდენიმე სხვა შემთხვევაში კი, სამინისტრო გარდაცვლილის ახლობლებს რეგულირების სააგენტოსთვის საჩივრით მიმართვაში დახმარებია.

„მედიატორობა გამოიხატება იმაში, რომ მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია. ზუსტად იცოდნენ, ვის მიმართონ. რომ გამოხვალ ქუჩაში და რაღაცას გააპროტესტებ, ეს ვერ იქნება რაღაცის საფუძველი, თუ არ მიმართე კონკრეტულ ორგანოს, პროკურატურას ან ჯანდაცვის სამინისტროს“, – გვიპასუხა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა შეკითხვაზე, თუ როგორ ესმის მას მედიატორის როლი ამ პროცესში. მას აქვე ვკითხეთ, რატომ არ შეხვდა ამ დრომდე იგივე მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებს, თუკი მიიჩნევს, რომ ინფორმაციის მიწოდებაა მისი მთავარი ფუნქცია.

„მე რომ დაველაპარაკო, რა უნდა ვუთხრა ამ ადამიანებს? მელანო ფუტკარაძის შემთხვევაში, მათ ეს გზა უკვე იცოდნენ… ჩვენ არ გვაქვს რეგულირების ფუნქცია და კონკრეტულ თემას ვერ მოვიკვლევთ,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მინისტრს, რომელმაც ამ პროცესში მედიატორის როლის შესრულება არჩია, ამ ეტაპზე არ აქვს პასუხი, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ამ ადამიანების პროტესტის გრძნობა აღარ ჰქონდეთ.

„ვფიქრობთ მაგაზე… ეს არ არის ერთ კომენტარში გადასაწყვეტი თემა. ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა: სამედიცინო სფეროს გაბიზნესება, ამის გვერდით აგრესიული სამედიცინო ტურიზმი. არსებობს არასწორი კომუნიკაციის პრობლემაც,“ – მიიჩნევს მინისტრი.

„არასწორ კომუნიკაციაში“ ზაალ მიქელაძე მოლოდინს გულისხმობს, რომელიც ხშირად გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებს აქვთ. მინისტრი განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე „ღრმა ანალიზს“ პროფესიული საბჭო ვერ გააკეთებს და ამასთან ერთად, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პროფესიული ორგანო ექიმს სისხლის სამართლის წესით ვერ დასჯის.

მიიჩნევს თუ არა ხელისუფლება, რომ არსებობს პროფესიული პასუხისმგებლობის კუთხით რეაგირების პრობლემა, როცა ზოგიერთ შემთხვევაში ექიმს მხოლოდ რამდენიმე თვით უჩერდება უფლებამოსილება? – „ყველას აქვს თავისი კომპეტენციის ფარგლები. რეგულირების სააგენტოს აქვს თავისი კომპეტენცია. ის არაა ორგანო, რომელიც ექიმს განაჩენს გამოუტანს… თუ გადახედავთ ევროპის ქვეყნის შემთხვევებს, იქ საერთოდ არ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე,“ – გვითხრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

ზაალ მიქელაძეს იმ ევროპული პრაქტიკის შესახებ ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც პაციენტს წინასწარ, მარტივად შეუძლია გაიგოს კონკრეტული ექიმის პროფესიული წარმატების და დასმული პასუხისმგებლობის შესახებ და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია უშუალოდ სამედიცინო დაწესებულების ინტერნეტგვერდზე. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ჯანდაცვის ექსპერტი, თენგიზ ვერულავა ესაუბრა.

„ინფორმაცია არც აქ არაა დახურული, სააგენტოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია“, – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ გადაწყვეტილებებზე, რომლის მოძიებასაც ცალკე ძალისხმევის გაღება სჭირდება, რომ პაციენტმა ის გაიგოს.

„ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩერო, გეტყვის, ვის უნდა მიმართო, მაგალითად, კარდიოქირურგიის შემთხვევაში… კარგია, თუკი მსგავსი ბაზა იქნება,“ – გვიპასუხა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

მთავარი ფოტო: გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების საპროტესტო აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან, 14 აპრილი, 2019 წელი – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან“. 

 

 

 

რეზო ხარაზი: თორნიკე რიჟვაძეს ფინანსურ დარღვევებზე კონკრეტული დოკუმენტები მოვუტანე

დღეს, პირველ მაისს, ენმ-ს წარმომადგენელი რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს იმ დარღვევების შესახებ მოუტანა დოკუმენტები, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურ ხარჯვაზე მეტყველებს.

„მე მოვიტანე კონკრეტული დოკუმენტები, მტკიცებულებები სავარაუდო კორუფციულ სქემებზე. დავიწყებ თორნიკე რიჟვაძის აპარატის უფროსით, არჩილ ჩიქოვანით, ვნახოთ რა ოდენობის თანხებია არაეფექტურად გახარჯული, მისი საგზაო დეპარტამენტში მუშაობის დროს.

რატომ არიან დღეს ბათუმის მერიაში ის პირები დაწინაურებულები, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული იყვნენ კონკრეტულ კორუფციულ სქემებში ჩართული, მაგალითად, სულხან ევგენიძე, რომლის მიმართაც არაერთი კითხვის ნიშანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობის პერიოდში და ახლაც ვფიქრობ, რომ ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ძალიან სერიოზული პრობლემებია, რაც აუდიტის სამსახურმა დაადასტურა“, – ამბობს ხარაზი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული პროექტები, რაშიც ის აღნიშნული პირების ბრალეულობაზე საუბრობს, რეზო ხარაზი ამბობს: „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო ზენითის გზის რეაბილიტაცია, სადაც გაკეთებული გზა თავიდან გააკეთეს, რომლის მიზნობრიობაც არის გამოსაკვლევი და ასევე თანხებიც იყო გაზრდილი.

ასევე მნიშვნელოვანია ბეტონის შესყიდვები საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, სხვადასხვა გზის რეაბილიტაცია“, – ამბობს ხარაზი.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან მისი ვიზიტი თორნიკე რიჟვაძის გუშინდელმა განცხადებამ განაპირობა, სადაც ის საკადრო ცვლილებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს საკადრო ცვლილება კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება.

 

როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები? [გამოკითხვა]

შრომითი უფლებების დარღვევაზე დღეს ბევრი საუბრობს. რას ფიქრობთ, კონკრეტულად როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები? გამოკითხვის მონაწილეს შეუძლია მონიშნოს ერთი ან რამდენიმე პასუხი.

„ბათუმელების“ გამოკითხვა ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ანონიმურია. გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატიული.


როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები?

გამსახურდიას N39-ში ძეგლს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

ბათუმში,  ზვიად გამსახურდიას #39-ში მდებარე ორსართულიან ძეგლს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, აღადგინეს ამორტიზებული აივანი. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით შპს „ბეგურმა“ ჩაატარა. შესყიდვის ღირებულება 33 333 ლარია.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, მიმდინარე წელს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა გამსახურდიას ქ N36-ში და ნოე ჟორდანიას ქ.N24- ში მდებარე ძეგლებსაც, ეს სამუშაოებიც იგივე შესყიდვით დაფინანსდა.

სახლი, ერთი მხრივ, ფასადით ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე გადის, განივი ფასადებით კი – ზუბალაშვილისა და ხულოს ქუჩებზე. პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული და მისი კედლები დიდი ზომის სწორკუთხა ვიტრინებით არის დანაწევრებული.

„გეოგრაფიკის“ დახასიათებით, ფასადთა გადაწყვეტაში შეინიშნება კლასიციზმისა და რენესანსის ნიშნები. შენობა საყურადღებო როლს თამაშობს უბნისა და ქუჩის განაშენიანებაში დატვირთვის თვალსაზრისით. სახლის მდებარეობა მოხერხებულია, თუმცა პრობლემურია ავტოსადგომის მოწყობა.

ჩარევის  სასურველ ფორმად  „გეოგრაფიკმა“ რესტავრაცია-რეკონსტრუქცია მიუთითა.

 

 

 

რატომ ვერ ხსნის კომპანია „ალიანსი“ სასტუმროს დათქმულ ვადაში

კომპანია „ალიანსის“ მიერ აღებული ვალდებულებით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე სასტუმრო 2020 წლის იანვრამდე უნდა გახსნილიყო, თუმცა აჭარის მთავრობამ კომპანიას ეს თარიღი შვიდი თვით გადაუვადა. იუსტიციის სახლის მიმდებარედ სასტუმრო „COURTYARD BY MARRIOTT“-ი ახალი შეთანხმებით, 2020 წლის აგვისტომდე უნდა გაიხსნას.

რატომ ვერ ასრულებს ვალდებულებას კომპანია ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათთან მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში შევიდა „ალიანსის“ წერილები, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წელს „Marriott International Design & Construction Services, Inc.-თან“ ხელი მოეწერა ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებას ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა N5-ში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სასტუმროს ნაწილში საერთაშორისო ბრენდის სტატუსის მქონე ოპერატორის „COURTYARD BY MARRIOTT“-ის შემოყვანის შესახებ.

შენობა, რომელშიც „COURTYARD BY MARRIOTT“-ი უნდა გაიხსნას

„კომპანიის განმარტებით, აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის ყველა ზონაში პირველი ხარისხის მასალების გამოყენებას, აგრეთვე იმ ნაწილებში, რომლებიც არ იქნება სასტუმროს სივრცეებში გაერთიანებული, ორგანიზებული მართვის მიზნით, მაინც ბრენდთან შეთანხმებული კომპანიისათვის მართვაში გადაცემას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კი, საჭირო გახდა პროექტის არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილებში ცვლილებების შეტანა და საერთაშორისო ოპერატორთან შეთანხმება, შეიცვალა შენობა-ნაგებობის შიდა გეგმები და ჭრილები, დიზაინკონცეფცია, გარე და შიდა მოპირკეთების მასალები“, – აღნიშნულია სამინისტროს განმარტებით ბარათში.

სამინისტროს განცხადებით, ინვესტორი ასევე განმარტავს, რომ ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 მილიონი ლარის ინვესტიციისა, ხორციელდება არანაკლებ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია, კონტრაქტორმა კი გადაწყვიტა სასტუმრო ნომრების რაოდენობა 100-დან არანაკლებ 150-მდე გაზარდოს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ 4 848 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებულ პირობებიან აუქციონზე გამარჯვებულად შპს „ალიანსი“ გამოცხადდა. ნასყიდობის ხელშეკრულება 2015 წლის 20 იანვარს დაიდო. საპრივატიზებო საფასური 2 580 000 ლარი იყო.

აჭარაში ინვესტორს, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, შეუძლია მიმართოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, წარუდგინოს საბანკო გარანტია და მოითხოვოს ვალდებულების შესრულების გადავადება. ინვესტორის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი აჭარის საინვესტიციო საბჭო და მთავრობა იღებს.

„ალიანსის“ შემთხვევაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოდგენილია სს „თიბისი ბანკი“-ს მიერ გაცემული 129 ათასი ლარის ოდენობის საბანკო გარანტია. ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას კი აჭარის მთავრობამ მხარი 2019 წლის 30 აპრილის სხდომაზე დაუჭირა.

ამ თემაზე:

აჭარაში ინვესტორებს ორ წელში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს

 

კვადროციკლების მფლობელები აქციებს წყვეტენ

დღეს, პირველ მაისს, კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა კვადროციკლების მფლობელებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ისინი საპროტესტო აქციებს დღეს შეწყვეტენ, რადგან შეთანხმება მიღწეულია. კვადროციკლები ძველი ბულვარის ნაცვლად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იმოძრავებენ.

„რა როგორ გაკეთდება, თუ რა ლოკაციები იქნება, ამას გადავწყვეტთ მუშაობის პროცესში, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და კვადროციკლები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება. ძველი ბულვარის ტერიტორია გამოირიცხა, თუმცა აქციებს დღესვე შევწყვეტთ,“- ამბობს მოლაპარაკებაში მონაწილე გიორგი ჩხაიძე.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ძველი ბულვარის ტერიტორიაზე აიკრძალა კვადროციკლების მოძრაობა. ამ გადაწყვეტილებას კვადროციკლების მფლობელები აქციებით შეხვდნენ, ისინი აცხადებდნენ, რომ ამით მათ ბიზნესს საფრთხე ექმნებოდა.

დავით ფერაძემ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სსსაქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორი  დავით ფერაძე საქართველოს სამთავრობო  დელეგაციასთან ერთად  სამუშაო ვიზიტით   ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში იმყოფებოდა. სადაცერთი სარტყელი, ერთი გზისმაღალი დონის მე-2 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.  

დელეგაციას საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე  ფორუმზე ჩინეთის მთავრობის მიწვევით გაემგზავრა. ფორუმის მიმდინარეობისას 40 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა და 150 ქვეყნის 5000-მდე წარმომადგენელმა  „ერთი სარტყელი, ერთი გზისგანვითარებისთვის ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სსსაქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორი დავით ფერაძე  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდნენ სადაც შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრეს.

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ  საქართველოს მთავრობა  სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებსშუა დერეფნისგანვითარებას. შეხვედრის ბოლოს, მაია ცქიტიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა  ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებასსაქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“.

შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელობასთან ერთად ასევე გაზრდილ ტვირთბრუნვაზეც ისაუბრეს. „საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდიების განხილვაზე იმუშავებს, რაც სამომავლოდ ტვირთბრუნვას კიდევ უფრო გაზრდის,“ – განაცხადასაქართველოს რკინიგზისგენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

ფორუმის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები, სამომავლოდ  ხელს შეუწყობს თანამშრომლობის არეალის გაფართოებას და ჩინეთსაქართველოს შორის ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლას.

ინფექციურ საავადმყოფოში მოხვედრილი მეორეკლასელები კარგად არიან

მე-18 სკოლის მეორეკლასელები, რომლებიც გუშინ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდნენ ღებინებისა და მუცლის ტკივილის ჩივილით, დღეს, პირველ მაისს, თავს კარგად გრძნობენ და სკოლაში გამოცხადდებიან – ინფორმაცია „ბათუმელებს“ სკოლის დირექტორმა, რუსუდან დავითაძემ დაუდასტურა. სკოლის დირექტორის თქმით, ბავშვები ჯერ კიდევ გუშინ კარგად გრძნობდნენ თავს და ისინი გუშინვე, რამდენიმე საათში გაწერეს ინფექციური საავადმყოფოდან.

„ყველა კარგადაა, ყველა იქნება დღეს სკოლაში. კლასში 25 მოსწავლე იყო გუშინ, სკოლაში მოიტანეს პასკა და კვერცხი და ჭამეს. სკოლაში ბუფეტი არ ფუნქციონირებს. ყველამ მიირთვა და 9 გახდა შეუძლოდ. აქედან ორს სკოლაში არაფერი არ უჭამია. ალბათ ემოციურმა ფონმაც იმოქმედა, როცა ერთ ბავშვს აერია გული, ამან იმოქმედა სხვაზეც,“ – აღნიშნა რუსუდან დავითაძემ.

მეორეკლასელების საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სწავლობს.

ამავე თემაზე: 

9 მეორეკლასელი სკოლიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

კვადროციკლების მოძრაობა შესაძლოა უნივერსიტეტის მიმდებარედ და ახალ ბულვარში დაუშვან

„მოლაპარაკება არ დასრულებულა, გადაწყვეტილება არ მიგვიღია ჯერ,“ – ამბობს ჯემალ სურმანიძე, ელექტრომობილების ერთ-ერთი მფლობელი. იგი დღეს, 30 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძე კვადროციკლების ოთხ მფლობელს შეხვდა.

„იყო საუბარი იმაზე, რომ ახალ ბულვარში, ასევე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიშვას კვადროციკლები კონკრეტული პირობებით… დეტალებს ვერ მოგიყვებით,“ – გვითხრა ჯემალ სურმანიძემ.

დეტალებზე არც ნატალია ზოიძე საუბრობს, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი. ისიც ესწრებოდა შეხვედრას მთავრობაში.

„ჩვენ ვთქვით ის, რომ თუკი ისინი დაუშვებენ ალტერნატიულ ფართობზე გადასვლას, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და ის იმსჯელებს კონკრეტულად ამის შესახებ. კონკრეტული ადგილები ჩვენ არ შეგვითავაზებია, თუმცა იყო საუბარი ახალ ბულვარზე… აქამდე ისინი საერთოდ არ განიხილავდნენ არსად გადასვლას და ამბობდნენ, რომ მხოლოდ ძველ ბულვარში სურთ მუშაობა,“ – აღნიშნავს ნატალია ზოიძე.

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების და კვადროციკლების მოძრაობის გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო, ინიციატორი კი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო. ნატალია ზოიძის თქმით, ჯერ უცნობია, სამართლებრივად როგორ მოგვარდება პრობლემა, თუკი კვადროციკლების მფლობელები ალტერანტიულ ფართობზე შეთავაზებას დათანხმდებიან.

„ჩემი პოზიცია არის უცვლელი… ვიცი, რომ შეთანხმებით დღვანდელი შეხვედრა არ დასრულებულა,“ – ამბობს ირაკლი ჯინჭარაძე, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი. მისივე თქმით, ის აჭარის მთავრობაში დღეს საღამოს გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა და მისთვის უცნობია, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს.

კვადროციკლების მფლობელები საკუთარი გადაწყვეტილების გახმოვანებას ხვალ, დღის 12 საათზე აპირებენ.

ამ დრომდე ბათუმის ბულვარში 1200-მდე კვადროციკლი მოძრაობდა. პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში კვადროციკლებისა და ელექტრომობილების გადაადგილება აკრძალულია.

ამ თემაზე:

„ნუ აგვიკრძალავთ საარსებო წყაროს“ – კვადროციკლების მესაკუთრები აქციას აგრძელებენ

9 მეორეკლასელი სკოლიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

დღეს, 30 აპრილს, 9 ბავშვი გადაიყვანეს ბათუმის #18 საჯარო სკოლიდან ინფექციურ საავადმყოფოში ღებინებისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა მეორეკლასელების საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი, იგი ამბობს, რომ შესაძლოა ეს იყოს საკვებისმიერი მოწამვლა, თუმცა ამ ეტაპზე ინფორმაცია მუშავდება:

„ბავშვებს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ კონსულტაცია, გაუკეთდათ ტრასფუზია ანუ გადასხმა, ამჟამად ბავშვები არიან აქტიურები და მათ დღესვე გაწერენ საავადმყოფოდან, რადგან არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ჩვენი ეპიდემიოლოგები იყვნენ ადგილზე, სწავლობენ სიტუაციას, ახლა არის კრებითი ფაზა, როდესაც იკრიბება ინფორმაცია, რომ დაიდოს სათანადო დასკვნები. ამ ცხრა ბავშვის გარდა არის კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც უფრო ადრე წაიყვანა სკოლიდან მშობელმა, იქაც ბავშვი აქტიურია და ჩივილები არ აქვს. სავარაუდოდ, ეჭვის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის კვებითი, მაგრამ ეს არ არის საბოლოო პასუხი, ინფორმაცია უნდა დამუშავდეს. მიმდინარეობს ეპიდკვლევა, რომელიც გაგრძელდება ხვალაც“ – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებთან“.

მისივე თქმით, სკოლაში არ არის ბუფეტი, სადაც ბავშვებს საკვების ყიდვა შეეძლოთ.

___________________

ფოტოზე: ბათუმის ინფექციური საავადმყოფო

 

ელექტრომობილების ბოლო დღე ბულვარში – ხვალიდან აკრძალვა ძალაში შედის

„თუ თორნიკე რიჟვაძე არ შეგვხვდება და ისევ აეროპორტის დასახლებაში გადასვლას გვეტყვიან, არ დავიშლებით. პირიქით, ხვალიდან პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ. ჩვენ საარსებო წყაროს გარეშე გვტოვებენ,“ – ამბობს ბექა გუგუნავა. ის ერთ-ერთია მათგან, ვინც ამ დრომდე კვადროციკლს აქირავებდა ბათუმის ბულვარში.

ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებითა და კვადროციკლებით გადაადგილება აკრძალულია. ბულვარში უკვე განათავსეს ახალი საინფორმაციო დაფები, სადაც ახალი აკრძალვების შესახებ ნახავთ ინფორმაციას.

ბექა გუგუნავა ამბობს, რომ დღეს ბოლოჯერ გააქირავეს ბულვარში კვადროციკლები. ხვალიდან ისინი მუშაობას აღარ აპირებენ, მაგრამ არც ბულვარის დატოვებას გეგმავენ.

„მივიღეთ დაპირება, რომ შეგვხვდებოდა მთავრობის თავმჯდომარე. ამ დრომდე ველით დაპირების შესრულებას. ჩვენ ისევ ვამბობთ, რომ შემცირდება რაოდენობა, სიჩქარეების რაოდენობა დარეგულირდება… ეს ერთი ზაფხული უნდა გვამუშაონ, სესხები გვაქვს. უცებ აკრძალვა არ სჭირდებოდა ამას… აღდგომის დღეს შეწყდა შიმშილობა, რადგან მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას დაგვპირდნენ,“ – ამბობს ბექა გუგუნავა.

ელექტრომობილების მფლობელები ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში 25 აპრილიდან შიმშილობდნენ.

ბულვარის ტერიტორიაზე 1200-მდე კვადროციკლი მოძრაობდა. მათი მეპატრონეები ამბობენ, რომ თუკი მუშაობის გაგრძელების უფლებას მისცემენ, ელექტრომობილების რაოდენობას 300-მდე შეამცირებენ.

ფაროსანები გამოჩნდნენ – სოფლებში პრეპარატებს აღარ არიგებენ

„ტემპერატურის ცვალებადობის გამო აქტიურად არ გამოსულა ჯერ,“ – არ ეთანხმება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ფაროსანას გამოჩენა უკვე აწუხებთ. სოფლად დარდობენ იმასაც, რომ წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ხელისუფლება ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების უფასოდ დარიგებას აღარ აპირებს.

„აღარ ვარიგებთ, რადგან მიდგომები შეიცვალა, უფრო მობილური გავხადეთ,“ – ამბობს ჯამბულ ხოზრევანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. იგი განმარტავს, რომ თერმული დამუშავებისთვის სპეციალური ტექნიკის გადაადგილება პრობლემა იყო და წელს მხოლოდ კონკრეტული ადგილები შეიწამლება, სადაც გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იქნება. სპეციალისტები სოფლებში ასევე არჩევენ იმ ტერიტორიებს, სადაც ფაროსანას დამჭერი, ანუ ე.წ. ფერომონები უნდა განთავსდეს. აჭარის რეგიონში სულ 5 ათასამდე ფერომონის დამონტაჟება იგეგმება.

მინისტრის მოადგილეც მიიჩნევს, რომ მხოლოდ ფერომონი ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი არ არის. ჯამბულ ხოზრევანიძე მოსახლეობას ურჩევს, სპეციალური ხსნარით დასველებული ზეწრები ბაღებშიც გამოფინონ.

„ეს პრეპარატები არ გამოუყენებია ბევრს… მაშინ იყო არასწორი შეხედულება, რომ თითქოს ეს ფუტკარს ვნებდა. შემდეგ ხალხმა დაიჯერა, რომ ეს მიემართებოდა მხოლოდ ფაროსანას. 2017 წელსაც დავარიგეთ და არ გამოუყენებიათ. მოქმედების ვადა ორი წელია. შეიძლება ისიც გამოიყენონ,“ – გვითხრა ჯამბულ ხოზრევანიძემ.

მინისტრის მოადგილე სხვადასხვა ხერხზე საუბრობს, რითაც მოსახლეობას ფაროსანას განადგურება შეუძლია.

„მაგალითად, აივანზე დადგან მუყაოს ყუთი, შიგ ეკონათურა და ძველი ნაჭრები. ფაროსანა იქ მივა და დილით დაწვავ… ასევე პრეპარატის ხსნარში კარგად დასველებული ზეწრის გამოფენა ბაღებში ისე, რომ ნაჭერი მიწას ედებოდეს. სულერთია, რისი ნაჭერი იქნება, სასურველია, რომ თეთრი იყოს,“ – აღნიშნავს ჯამბულ ხოზრევანიძე.

რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, თუ მან პრეპარატი გასულ წელს უკვე გამოიყენა? – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა მუშაობს იმაზე, რომ „ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი გახდეს“.  ჯამბულ ხოზრევანიძე ზუსტად ვერ ამბობს, რა ეღირება ფაროსანას საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატი, თუმცა მისივე მტკიცებით, მოსახლეობას აღარ სჭირდება იმ ოდენობის წამალი, რაც წინ წლებში სჭირდებოდა. „აპარატებით შესხურება აღარ სჭირდება, რადგან კრიტიკული მასა უკვე აღარ არის…“ – ირწმუნება ის.

რაზე დაყრდნობით მიაჩნიათ სამინისტროში, რომ „კრიტიკული მასა აღარ არის“ და პრეპარატების დარიგება აღარ იყო საჭირო? – ჯამბულ ხოზრევანიძემ გვიპასუხა, რომ ხელისუფლება სპეციალისტების, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების დასკვნას ეყრდნობა.

სპეციალისტების დასკვნაზე აკეთებენ აქცენტს სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც. ამ უწყების პრესსამსახურს ჩვენ ვკითხეთ, დადგა თუ არა, ან დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი აუდიტის კრიტიკული დასკვნის შემდეგ? აუდიტის სამსახურმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები არაეფექტურად შეაფასა. დასკვნა წელს დაიდო. აუდიტის დასკვნის გამო ვინმეს პასუხისმგებლობის გააქტიურებას სურსათის ეროვნული სააგენტო არ აპირებს. აქ პასუხისმგებლობაზე საუბრის ნაცვლად, „მავნებლის რაოდენობის შემცირებაზე“ არჩიეს საუბარი, რაც ასევე აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში არაეფექტური ხარჯვის კონკრეტული მაგალითების პარალელურად.

„აუდიტის დასკვნაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ მავნებლის რიცხოვნობა შემცირებულია. აგრეთვე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ და ადგილზეც გაეცნენ ვითარებას, ცალსახად აცხადებენ, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები იყო მყისიერი და ეფექტიანი. საქართველო კი განიხილება, როგორც მავნებელთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი,“ – მოგვწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან.

რატომ შეაფასა აუდიტმა ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტურად? – კითხვაზე პასუხი არც ჯამბულ ხოზრევანიძეს აქვს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს. „მაგაზე ვერ გეტყვით, მე არ ვარ კომპეტენტური,“ – გვიპასუხა მან.

ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017-2018 წლებში დაახლოებით 60 მილიონი ლარით დაფინანსდა. 2019 წელს კი სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ამ თემაზე:

ღონისძიებები, რითაც ნაკლები ფაროსანა გამოიზამთრებს – როგორ დავიცვათ ციტრუსი და თხილი

 

 

 

დათო ტურაშვილი: იბრძოლეთ, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად

„ბეტონის ჯუნგლები“, „ცემენტქალაქობა“, „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, „ისტორიული ზონა“, „რას ვზეიმობთ“, „ბეტონყმობა“ – ამ ტრანსპარანტებით გამოვიდა 28 აპრილს, „ბათუმობას“, ახალგაზრდების ჯგუფი ბათუმში, ევროპის მოედანზე.

ახალგაზრდების აქციას გამოეხმაურა მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც „წიგნის კუთხეში“ შეკრებილი პირებისათვის ლექციას მართავდა.

„არ დაგემართოთ ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად. შეინარჩუნეთ, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ, ვერ შევძელით. ბათუმში მეტი შანსია და შეინარჩუნეთ ეს უნიკალური ქალაქი. ასეთი ქალაქი არ არსებობს არსად ზღვის პირას, დამიჯერეთ. იმდენ ადგილას ვარ ნამყოფი, იმდენი ზღვისპირა ქალაქი მინახავს და ასეთი ჰარმონია არსად არ არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებთ.

ძალიან ძნელია ასეთ დიდ ფულს გაუწიო წინააღმდეგობა, ეს არის დიდი მაფია, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ყველა ქუჩა, ყველა სახლი, ყველა აგური უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ. არ არსებობს არამნიშვნელოვანი ისტორიული აგური და შენობა თბილისში, ბათუმში ან საქართველოში, ყველას შენარჩუნება არის აუცილებელი.

აუცილებლად მოგვთხოვენ პასუხს და ვერ გავიმართლებთ თავს, ვერ ვიტყვით, რომ სხვა გზა არ გვქონდა. ყოველთვის არსებობს სხვა გზა, ეს არის ბრძოლის გზა. რამდენსაც ვიბრძოლებთ, იმდენს შევინარჩუნებთ.

თუ გვინდა, რომ ბათუმი იყოს ისეთი, როგორიც გვახსოვს, როგორიც გვიყვარს და როგორითაც ვამაყობთ, უნდა შევინარჩუნოთ და ეს არ არის მხოლოდ ბათუმელების საქმე, სხვათა შორის, ეს ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ძალიან მინდა ჩემმა შვილებმაც ნახონ ის ბათუმი, რომელიც მიყვარდა, რომელიც ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან მახსოვს და რომლისკენაც ყოველთვის მოიწევდა ჩემი გული და ტვინი, იმიტომ, რომ მეგონა, რომ ყველაზე თავისუფალი, ბედნიერი და მშვენიერი ქალაქი იყო და ეს ქალაქი არ დავკარგოთ,“ – განაცხადა დათო ტურაშვილმა.

ყვავილები, როგორც ჰობი და ბიზნესი

ბათუმში, კერძო სახლის ეზოში მოწყობილ სათბურში პერუს ლილიები, იგივე ასტრომერიები ყვავის. სათბური სულ რაღაც 60 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. მერაბ წულუკიძე პროფესიით ჟურნალისტია და საკუთარ ეზოში ყვავილების მოვლა თავდაპირველად განტვირთვის მიზნით წამოიწყო. სამი წლის წინ დაწყებული საქმე უკვე მომგებიან ბიზნესად იქცა. მერაბ წულუკიძის უახლესი გეგმები ამ საქმის გაფართოებას უკავშირდება.

ასტრომერია, იგივე პერუს ლილია

მწვანე ხახვიდან ყვავილებამდე

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი, მერაბ წულუკიძე ამბობს, რომ რაც არ უნდა დაღლილი დაბრუნდეს გადაღებიდან, თავის ლილიებს აუცილებლად მოინახულებს. კარგა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ დასვენებას ასე კარგად სხვაგან ვერსად ახერხებს. მის პატარა ბაღში ბევრი ლილია ხარობს. გვიყვება, რომ პერუს ლილიების 30-მდე ფერის სახეობა არსებობს, მას კი, ჯერჯერობით, მხოლოდ 5 ფერის პერუს ლილია აქვს. გვიყვება, რომ მალე სხვა ფერების მოშენებასაც გეგმავს. სათბურს მიღმა დიდ ბაღში მანდარინი, ფეიხოა, მოცხარი, ჟოლო და მწვანილი ხარობს.

მერაბმა თავიდან სასათბურე მეურნეობაში მწვანე ხახვი მოიყვანა და გაუმართლა კიდეც: უხვმოსავლიანი კილოგრამი მწვანე ხახვის ფასი იმ წელს 20 ლარი იყო. მწვანე ხახვის ფასი ბაზარზე არასტაბილურია, ერთ წელს 20 ლარი, მომდევნო წელს კი შესაძლოა 1 ლარი ღირდეს. ამიტომ მერაბმა სათბურში ყვავილების მოყვანა გადაწყვიტა.

ინტერნეტით გაიგო პერუს ლილიების შესახებ და ინტერნეტითვე შეუკვეთა სასათბურე ჰიბრიდული ყვავილის ბოლქვები. აჭარის ჰავა პერუს ლილიებისთვის იდეალური აღმოჩნდა. როგორც მერაბი გვეუბნება, თუ ჰოლანდიაში, უკრაინასა და რუსეთში თითო ღერო 5, 6 ყვავილს იკეთებს, აჭარაში თითო ძირი პერუს ლილია 15-16 ყვავილს იძლევა. აქვს დიდი მოსავალი, გაცილებით ნაკლებ შრომას მოითხოვს ვარდებთან შედარებით. საღამოს სჭირდება მორწყვა, კვირაში ერთხელ კი ზედმეტი ღეროების ამოცლა – სულ ეს არის.

ყვავილების სათბური – საუკეთესო საქმე სამსახურთან შესათავსებლად

„ყვავილების სათბური ლამაზი ბიზნესია, მომგებიანიც: თითო ყვავილს 1 ლარად ვაბარებ, ერთი ძირი წლის განმავლობაში დაახლოებით 40 ყვავილს იძლევა. კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 6 ძირი ასტრომერია ირგვება, რაც დაახლოებით 200-240 ლარია. არაფერი სოფლის მეურნეობაში ასეთ შემოსავალს არ იძლევა.

ყვავილი არასდროს დამრჩენია. პირიქით ხდება, მაღაზიებს, რომელთანაც ვთანამშრომლობ,  ხშირად მეტი სჭირდებათ და როცა ლილიები აღარ მაქვს, სხვაგან უხდებათ ძებნა. რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს.

21 წელია უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობ რეპორტიორად, მინდოდა ჩემს ძირითად საქმიანობასთან რაიმე სასიამოვნო საქმე შემეთავსებინა. პერუს ლილიების სათბური ამისთვის საუკეთესო აღმოჩდა. ხულოში გავიზარდე, მიწა ჩემთვის საკმაოდ ახლობელია. აქ რომ შემოდიხარ, მიწა გმუხტავს, როგორც არ უნდა იშრომო – ისვენებ,“ – ამბობს მერაბ წულუკიძე.

მისი თქმით, ქართველ მეყვავილეებს ერთი ცუდი თვისება აქვთ: ცდილობენ სხვას არ ასწავლონ ამა თუ იმ ყვავილის გახარების წესი და თითქოს ამაში არის ბიზნესის ლოგიკა.

მერაბი კი მიიჩნევს, რომ „ლამაზ ბიზნესს“ გაფართოება სჭირდება და კონკურენციის შიში ამ შემთხვევაში შეცდომაა: საქართველოში ყვავილები ძირითადად თურქეთიდან, ჰოლანდიიდან და სომხეთიდან შემოაქვთ. შესაბამისად, მათი ფასი მაღალია. ყვავილების ადგილობრივი მეურნეობა კი თითქმის არ არსებობს, რაც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა იმპორტირებულ პროდუქციას.

„ყვავილებზე მოთხოვნა საქართველოში დიდია. სჯობს ადგილზე გვქონდეს მეურნეობა და ფასიც ჩვენვე განვსაზღვროთ. ყვავილებით დაინტერესებულ მეწარმეებს გაერთიანება და მეტი კონტაქტი სჭირდებათ,“ – ამბობს მერაბ წულუკიძე.

მერაბ წულუკიძე

„ძალიან უნდა გინდოდეს, რომ გაიხაროს – ასე ვახარებ ყვავილებს“

72 წლის თუნთული გურგენიძე შინ გახარებულ ქოთნის ყვავილებს ბათუმის ბაზარში ყიდის. აქ მას „გამახარეს“ ეძახიან – რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს. თუნთული დილაობით ჩაქვიდან ქუთაისის მატარებელს მიჰყვება რვის ნახევარზე, ჩამოდის იმ სადგურზე, სადაც მინდვრის ბევრ ყვავილს დაინახავს.

„ნაირ-ნაირ ყვავილს ვაგროვებ გაზაფხულზე, სამტრედიის იქეთაა კარგი ადგილები,  300 კონა ყვავილიც ჩამომიტანია. იასამნები ქარელიდან ჩამომაქვს. ყვავილებით ვაჭრობისას მთელი საქართველო მაქვს მოვლილი, მთავრობა ხან აქეთ გადაგვსვამს ბაზრობის მოვაჭრეებს, ხან – იქით. 32 წელია მეყვავილე ვარ,“ – ამბობს თუნთული გურგენიძე.

ოთახის ყვავილებს ქოთნებში თავად ახარებს, მოვლაში კი შვილი, რძალი და შვილიშვილები ეხმარებიან. გვეუბნება, რომ არსებობს ყვავილები, რომლებსაც არასდროს გაყიდის, მაგალითად, ათწლოვან ბედნიერების ხეს. შინ, ჩაქვში, 14 ჯიშის ნარცისი, 4 ჯიშის ვარდი და 7 სახის ჰორტენზია აქვს.

თუნთული გურგენიძე

როგორც მეყვავილე ამბობს, მისი დახლიდან ყველაზე ხშირად ბალბები, კალანჰოე, ბედნიერების ხე, კლდის ვაშლი და გვირილები იყიდება.

თუნთული გურგენიძის თქმით, ყვავილების გახარება ყველას არ შეუძლია „რამეს რომ დარგავ, შენთვის სულერთი არ უნდა იყოს გაიხარებს თუ არა. ყვავილი რომ გაახარო, ხელი და გული უნდა გქონდეს სუფთა, ძალიან უნდა გინდოდეს, რომ გაიხაროს. ასე ვახარებ ყვავილებს,“ – გვეუბნება მეყვავილე.

თუნთული გურგენიძე ბედნიერების ხის გახარების მეთოდებზე გვიამბობს. ეს მცენარე ბაზარში ყველაზე უკეთ იყიდება.

ბედნიერების ხე ხარობს როგორც ტოტით, ასევე ფოთლით, არ უყვარს ჭარბი წყალი და გამომშრალი ნიადაგი ურჩევნია. ბედნიერების ხის ტოტი შეგიძლიათ წყალში ჩადოთ დაფესვიანებამდე, შემდეგ კი ქოთანში გადაიტანოთ. მცენარის ფოთლით გახარებისას ფოთოლი უბრალოდ ქოთანში ჩარგეთ. მალე მას ფესვები გაეზრდება და მცენარეს ნორჩი ყლორტებიც გაუჩნდება ირგვლივ.

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილი გამოიყო. ტექნოლოგიური ქალაქი თამარის დასახლებაში (ე.წ. ბნზ-ს ტერიტორია) შვიდ ჰექტარზე გაშენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადგილი ამჟამად ცარიელია და სახელმწიფოს საკუთრებაშია.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ქალაქი რამდენიმე ჰექტარზე გაშენდება, სადაც იქნება ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და კომაროვის სკოლა თავისი კამპუსებით.

აჭარის განათლების მინისტრის თქმით, ქალაქის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ახალი ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თორნიკე რიჟვაძემ პირველად 29 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. მისი განცხადებით, ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობის იდეა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.

შეკვეთილში Black Eyed Peas-ი კონცერტს გამართავს

16 ივნისს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზში – „ბლექ სი არენა” ამერიკული მუსიკალური ბენდი Black Eyed Peas-ი კონცერტს გამართავს. ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 -ის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე: TKT.ge-სა და Eventer.ge-ზე.

ბილეთის ფასი 50-დან 250-მდე ლარი იქნება.

 

ამავე თემაზე: „ბლექ სი არენა“ კონცერტებისთვის წელს 6,5 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

რიჟვაძე: ბრძოლას კორუფციასთან საკადრო გადაწყვეტილებებით ვაპირებ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 30 აპრილს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში საკადრო ცვლილებებით აპირებს კორუფციასთან ბრძოლას:

„არ მინდა მოვდუნდეთ ანტიკორუფციული ხაზის თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ანტიკორუფციული პოლიტიკა და კონტროლი, ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, კიდევ უფრო გაძლიერდეს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურები.

მეც, ასევე, ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახო სწორედ ის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან, რომელსაც დავუდეთ საფუძველი. ყველა ხელმრუდი საჯარო მოხელე, რომელიც გაბედავს, რომ საჯარო რესურსების პარაზიტად გადაიქცეს, რა თქმა უნდა, უნდა მოხვდეს განსასჯელის სკამზე. ეს უნდა ვუზრუნველყოთ და მაქსიმალური კოორდინაცია და თანამშრომლობა უნდა იყოს ყველა იმ უწყებასთან, რომელიც გამოავლენს აღნიშნულ ფაქტებს,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს მთავრობის სხდომა ხელვაჩაურში იმართება. სწორედ ხელვაჩაურში დააკავეს 2 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში წყლის 28 მრიცხველი მოიპარეს

ბათუმში, ლერმონტოვის 105-ში მდებარე ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 28 ცალი დამონტაჟებული წყლის მრიცხველი მოიპარეს. კორპუსი ახალაშენებულია. ადგილობრივების თქმით, წყლის მრიცხველები შეიცავს ლითონს (ლატუნს) და შესაძლოა ჯართში ჩაბარების მიზნით მოიპარეს.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა და გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

ბათუმში, ათსართულიან საცხოვრებელ სახლში წყლის მრიცხველები მოიპარეს.

შპს „ბათუმის წყალის“ განმარტებით, ერთი მრიცხველის საბაზრო ღირებულება ასი ლარია. მრიცხველის მონტაჟისთვის კომპანიას ბინის მეპატრონემ ან მშენებელმა კომპანიამ უნდა მიმართოს.

„გამომდინარე იქედან რომ ეს სახლი არ არის ჯერ ჩაბარებული, მრიცხველების აღდგენა მეპატრონემ ან მშენებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში, კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელი. მისი თქმით, თითოეულ მრიცხველს, რომელსაც „ბათუმის წყალი“ ამონტაჟებს, უნიკალური კოდი აქვს და მრიცხველის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, ახალი უნდა დამონტაჟდეს.

ნათია კაპანაძეს აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

“მრჩეველთა საბჭოს ჰქონდა იმპიჩმენტის უფლება, მაგრამ ეს არაა ბერკეტი, რომ მან თვითნებობა ჩაიდინოს,” – აცხადებს ანნა მდინარაძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. დღეს, 30 აპრილს, აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს სასამართლოში ტელევიზიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. მის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაიცავს.

ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. მის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. 25 აპრილს აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სარჩელში, რომელიც ნათია კაპანაძეს სასამართლოში შეაქვს, მთავარი აქცენტი გარე აუდიტის დასკვნებზეა გაკეთებული, რომლის მიხედვითაც ტელევიზიაში ფინანსური ხასიათის დარღვევები არ დაფიქსირებულა.

“გადაწყვეტილების მიღებისას მრჩეველთა საბჭოს არ ჰქონდა შესწავლილი არც ერთი საკითხი, რომლის საფუძველზეც კენჭი ეყარა უნდობლობის გამოცხადებას,” – აღნიშნულია სარჩელში. ამ არგუმენტის  დასტურად მოსარჩელეები მიუთითებენ იმას, რომ აუდიტის დასკვნა ბორდმა იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ მიიღო და არა მანამდე.

სარჩელში მითითებულია პროცედურული დარღვევებიც – მაგალითად, იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება ბორდს ღია კენჭისყრით უნდა მიეღო და არა ფარულით.

ნათია კაპანაძე სასამართლოში მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერაბას ითხოვს.

სასამართლომ კონკურსი შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს.

“მე დავამტკიცებ სიმართლეს, რომ ვმუშაობდი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტის სრული დაცვით… მრჩეველთა საბჭომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება,” – აღნიშნა დღეს საია-ს ბათუმის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნათია კაპანაძემ.

“მრჩეველთა საბჭოს 2017 და 2018 წლების ანგარიშებში არ არის მითითებული, რომ ორგანიზაციის დირექტორს ან თავად ორგანიზაციას რაიმე პრობლემა აქვს,” – აცხადებს სულხან სალაძე, საია-ს ხელმძღვანელი. იგი მიიჩნევს, რომ სასამართლოა ერთადერთი ორგანო, სადაც  უნდა დადასტურდეს ის, რომ “ბორდმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო”.

სულხან სალაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა შესაძლო პოლიტიკურ გავლენებზეც, რასაც გადაღების პროცესში მყოფი “აჭარის ტელევიზიის” ოპერატორის, ლაშა ჯოყილაძის პროტესტი მოჰყვა.

“თქვენ არ დაინტერესებულხართ ჩვენი პრობლემებით იმ დღეს, ისე აგვიარეთ გვერდი… ახლა კი საუბრობთ, რომ თურმე პროცესი მართული იყო,” – თქვა ლაშა ჯოყილაძემ. სულხან სალაძემ მას უთხრა, რომ როცა ოპერატორების პროტესტი იმპიჩმენტის გამოცხადებასთან ერთად შეწყდა, “ეს კითხვის ნიშნებს აჩენს”.

“სასამართლოში პუნქტობრივად გაქარწყლდება თითოეული “ბრალდება”, რაზეც მრჩეველთა საბჭო მიუთითებდა,” – დასძინა დღევანდელ პრესკონფერენციაზე იურისტმა ანნა მდინარაძემ.

 

მებაჟე ოფიცერი კომერციული ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება-გადაცემის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება-გადაცემის ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელსაც სამსახურებრივად ხელი მიუწვდებოდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო ელექტრონულ ბაზაზე, უკანონოდ აგროვებდა მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული საქონლის იმპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შემდგომ გადასცემდა დაინტერესებულ პირს,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში მაისის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 30  აპრილის 21 საათიდან პირველი მაისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 9 – 14 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 12 -17 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 2 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს კი მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა 14.4 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, ნანა ცეცხლაძე

მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთ ოჯახში

ავტორი: მარიამ დუმბაძე

62 წლის გულნარა ზოიძე თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ქობულეთთან ახლოს, გელაურში ცხოვრობს. გულნარამ თავის მეუღლესთან, ანზორ მაჭარაშვილთან 43 წლის წინ იქორწინა. ოჯახში ორი აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ – მუსლიმი და მართლმადიდებელი ქრისტიანები.

გულნარა ზოიძე იმ დროს იხსენებს, როდესაც დაქორწინდა:

„ბათუმში ვსწავლობდი. ის ქარხანაში მუშაობდა. შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემები თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ აღარ შემეწინააღმდეგნენ. ჩემს დასაც იგივე ამბავი ჰქონდა და როცა მას უარი უთხრეს, ძალიან უბედური დარჩა. ამის მერე იფიქრეს ჩემებმა, შევეცოდე და ბოლოს დამთანხმდნენ“.

გულნარას ვკითხეთ, ანალოგიური წინააღმდეგობა თუ იყო მისი ქმრის ოჯახისგან. „არა, გაგიჟდნენ სიხარულით აჭარელი რძალი რომ შეუვიდათ იმერლებს ოჯახში“, – გვითხრა მან ნახევრად ხუმრობით.

გულნარა ზოიძე

გულნარა ზოიძეს მეუღლე, სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავს. მეუღლე, შვილები და რძლები მართლმადიდებლები არიან. ოჯახში მხოლოდ გულნარაა მუსლიმი. როგორც ის ამბობს, შვილიშვილებიდან მხოლოდ ყველაზე პატარა, ზუკა მაჭარაშვილია ქრისტიანულად მონათლული. გულნარას თქმით, მისი სხვა შვილიშვილები თავად გადაწყვეტენ, რომელი რელიგია აირჩიონ.

მაჭარაშვილების ოჯახის დიასახლისის თქმით, მათთან ოჯახური იდილია არ ირღვევა იმის გამო, რომ ოჯახის წევრებმა სხვადასხვა სარწმუნოება აირჩიეს. მეუღლეები ერთმანეთის სარწმუნოებას პატივს სცემენ და ორივე რელიგიის დღესასწაულებს აღნიშნავენ.

„ყურბან-ბაირამზე მემსახურება ჩემი ქმარ-შვილი. წავალთ, დავკლავთ ყურბანს, ვემსახურებით ბაირამს. ბაირამზე ასევე ვამზადებთ ჰალვას, გარდაცვლილების სულების მოსახსენებლად. როგორც პასკას მივართმევთ სტუმრებს და ახლობლებს, ასევე ჰალვასაც ვარიგებთ ახლო ნათესავებში, მეზობლებს ვეპატიჟებით ამა თუ იმ დღესასწაულის აღსანიშნავად,“ – ამბობს გულნარა ზოიძე.

ის გვიყვება, რომ წლების განმავლობაში თავადაც იცავდა მარხვას – „რამადანს“, მაგრამ ბოლო ორი წელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამას უკვე ვეღარ ახერხებს.

„წნევები მაწუხებს და მარხვის დაცვა ძალიან რთული აღმოჩნდა ამ მომენტში ჩემთვის. ჯამეში ვერ დავდივარ, მაგრამ მიყვარს კითხვაო [ლოცვების]“ – ამბობს.

ახლა გულნარას ოჯახი აღდგომისთვის ემზადება, კვერცხს შეღებავენ, სადღესასწაულო სადილს მოამზადებენ, კვირას კი მიიღებენ მოლოცვებს ახლო ნათესავების, მეგობრებისა და მეზობლებისგან – როგორც ქრისტიანებისგან, ისე მუსლიმებისგან.

გულნარა ზოიძე ოჯახის წევრებთან ერთად

გულნარა ამბობს, რომ მისი შვილები: ინგა, ირაკლი და ილო, 5-6 წლის წინ მოინათლნენ ქრისტიანულად. ახლა უფროსი შვილი 42 წლისაა, უმცროსი კი – 30-ის.

აჭარაში ქრისტიანული და მუსლიმური დღესასწაულები არაერთ ოჯახში აღინიშნება. ზოგიერთ სოფელში ეკლესიასაც ნახავთ და მეჩეთსაც. სწორედ ასეთი სოფელია ციხისძირი. ამ სოფელშიც შეხვდებით ოჯახებს, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ.

ლევან მახარაძე და მისი მეუღლე, ნათია ხაბაზი მართლმადიდებლები არიან. ნათია ამბობს, რომ 12 წლის წინ გაქრისტიანდა, მისი მშობლები – დედა, მამა და ბებია კი მუსლიმები არიან.

ნათია ხაბაზი შვილთან ერთად

ოჯახში ორივე რელიგიის დღესასწაულებს აღნიშნავენ.

ნათიას ბებია, გულიკო ბოლქვაძე გვიყვება, რომ ოთხი შვილი ჰყავს, ორი მათგანი მუსლიმია, ორი – ქრისტიანი. შვილები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუმცა ეს ხელს არ უშლით, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე შეიკრიბონ და ერთად იზეიმონ.

„ჩვენს ოჯახში ორი აღმსარებლობის ადამიანები ვცხოვრობთ. პატივს ვცემთ ოჯახის წევრების გადაწყვეტილებას და მათ სურვილებს, ასევე თითოეულ სარწმუნოებას – აღვნიშნავთ ბაირამს და აღდგომას. უფალი არ გვიწყენს“, – ასე ამბობს გულიკო.

გულიკო ბოლქვაძე ოჯახთან ერთად

გულიკოს ერთ-ერთი რძალი, მაია ვერულიძე გვიყვება, რომ მისი სამივე შვილი მართლმადიდებლური წესით მოინათლა. „შვილების მონათვლა არ ყოფილა ახირება. როდესაც ეს გადაწყვიტეს, ნებართვა ჯერ ჩვენგან აიღეს. მათი ნათლობა ახლო ნათესავებისა და მეზობლების დაპატიჟებით აღვნიშნეთ. მას შემდეგ ორივე სარწმუნეობას შესაძლებლობის მიხედვით ვემსახურებით“, – ამბობს მაია.

168 ათასი ლარი შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის

30 აპრილს შეწყდება წინადადებების მიღება ტენდერში, რომლითაც შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი უნდა შეირჩეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 27 აპრილს დაიწყო. სატენდერო თანხა 168 985 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაუწიოს შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს.

ამ მილსადენის მშენებლობა კი იმ ტენდერზეა დამოკიდებული, რომელიც სამინისტრომ გამოაცხადა და სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის 8 მაისს დაიწყება.

ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება მოიცავს სამუშაოების ხარისხის სისტემატურ კონტროლს. კონტროლს დაქვემდებარებული ძირითადი პოზიციებია: მიწის, გაზსადენის სამონტაჟო და გეოდეზიური სამუშაოები. ტექნიკური ზედამხედველობა ყოველდღიურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს.

ტენდერის პირობების მიხედვით, ტექნიკური ზედამხედველი უხარისხოდ შესრულებული და შეუსრულებელი სამუშაოების მიღების, აგრეთვე, საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის არაკვალიფიციურად წარმოების შემთხვევაში პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზედამხედველი პასუხისმგებელია დამკვეთისთვის წარდგენილ ტექნიკურ ანგარიშებში [რაპორტებში], აგრეთვე, სამონტაჟო სამუშაოების შესრულების შუალედურ ან/და საბოლოო აქტებში მითითებულ მონაცემების სისწორეზე; ასევე, სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმების, მათთან დაკავშირებული სამუშაოთა აქტების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის სისწორეზე.

——–

შუახევი-ხულოს ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისთვის 33 797 000 ლარია [სავარაუდო თანხა] გათვალისწინებული. გაზსადენის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში [ანუ 2021 წელს] უნდა დასრულდეს. პროექტით გაზსადენი, ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე, მთლიანად ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალს მიუყვება.

შუახევი [ხიჭაურის დასახლება]- ხულოს [გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი, ზანკები] საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო [სახელშეკრულებო] თანხა ეტაპობრივად დაიფარება აჭარის 2019-1920-1921 წლების ბიუჯეტებიდან.

ამ გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის მიმდინარე, 2019 წლის ბიუჯეტში, 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამ თემაზე:

შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი 33,7 მილიონი ლარით გამოცხადდა

მთავარი ფოტო: ბათუმი-ქედის [ხიჭაურის] გაზსადენი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„12 წლის შემდეგ ექიმთან პირველად ვარ“

„35 წლის ვარ, ექიმთან გამოკვლევებზე 12 წლის შემდეგ პირველად ვარ. ექიმთან ვიზიტი, კონსულტაცია თითქოს არ ღირს ძვირი და ხელმისაწვდომია, მაგრამ ვერ იმეტებ საკუთარი თავისთვის. კონსულტაციას ექოსკოპია, დანიშნულება და წამლები მოყვება, რასაც ვეღარ წვდები“, – ამბობს ყოფილი პატიმრის მეუღლე, ნინო (სახელი შეცვლილია) რომელსაც 25 აპრილს უფასოდ ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში.

ორდღიანი სამედიცინო აქცია ითვალისწინებდა გინეკოლოგიურ და ამბულატორიულ კვლევებს, კონსულტაციებს, ექოსკოპიას, საჭიროების შემთხვევაში კოპოსკოპიასა და ანალიზებს. ორდღიან სამედიცინო აქციაში ოცმა ქალმა მიიღო მონაწილეობა – ყოფილი პატიმრების, პატიმრებისა და პრობაციონერების ოჯახის წევრებმა.

დემოკრატიის ინსტიტუტი წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამას ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო – ზემო სვანეთში. ამ ხნის განმავლობაში პროექტის ფარგლებში არაერთი სამედიცინო აქცია მოეწყო. სხვადასხვა აქტივობები იგეგმება მომავალშიც, ბენეფიციართა საჭიროებების მიხედვით.

პროექტის ბენეფიციარი, პრობაციონერის მეუღლე ქეთევანი (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ მისთვის სამედიცინო აქცია დროული იყო.

„ერთ ანალიზზე ვიყავი შესული, აქედან კიდევ ბევრ სხვა ანალიზზე გამგზავნეს. ჩემით რომ მოვსულიყავი, ამდენ პროცედურას ერთად ვერ გავიკეთებდი, თუმცა გადაუდებლად მჭირდებოდა. ექიმთან დაახლოებით 4 წელია არ ვყოფილვარ“, – ამბობს ქეთევანი.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ თავიდან ქეთევანის მეუღლე ჩაერთო და პროგრამის არაერთი მომსახურებით ისარგებლა, მათ შორის ენის კურსებით, საგრანტო და სარეაბილიტაციო მიმართულებით.

გარდა სამედიცინო მიმართულებისა, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი ბენეფიციარებს სთავაზობს შემდეგ სარეაბილიტაციო სერვისებს:

სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;
• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;
• ბენეფიციართა თვითდასაქმება – საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;
• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;
• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
• იურიდიული დახმარება.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

რატომ შეწყვიტა სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 750 ათასი ლარი იყო, სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სავარაუდო ღირებულება და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი ხელახლა გამოცხადებული ტენდერით არ შეცვლილა.

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმ პროექტის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომელიც სააგენტოს დაკვეთით ააიპ „ქართულმა სახლმა“ 2017 წელს მოამზადა. სატენდერო კომისიის ერთ-ერთ ოქმში კი აღნიშნულია, რომ სამუშაოების ჩატარებაზე ნებართვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერაა გაცემული.

ამ თემაზე: რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

წინა ტენდერის გამო სააგენტოს ორმა კერძო კომპანიამ დავების საბჭოში უჩივლა. ერთ-ერთი კომპანია „ალგი აუდიტი“ აცხადებდა, რომ სააგენტოს სატენდერო კომისიის მოთხოვნა, პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, იყო არაპროპორციული, კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული.

„გაუგებარია რა მიზანს ემსახურება 2014 წლიდან კონკრეტულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილების მოთხოვნა… იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი დღეისათვის აკმაყოფილებს ხუთმილიონიანი გამოცდილების მოთხოვნას და მას ჰყავს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მქონე პერსონალი, მაშინ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოები მის მიერ განხორციელდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თუ ბოლო 15 წლის განმავლობაში. შესაბამისად [აღნიშნული] მოთხოვნა არის არაპროპორციული, კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული,“ – აღნიშნული იყო „ალგი აუდიტის“ საჩივარში.

ამ თემაზე: პეტრას ციხეზე გამოცხადებული ტენდერის გამო სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლეს

მეორე კომპანია, რომელმაც სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსი“ იყო. ეს კომპანია საჩივარში მიუთითებდა, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის, „ალიგატორი 1“-ის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას, თუმცა „შემსყიდველის მიერ არ იქნა ყურადღება გამახვილებული აღნიშნულ გარემოებაზე“.

მომჩივანი კომპანია მიუთითებდა, რომ პრეტენდენტმა [ალიგატორი 1“-მა] წარმოადგინა ხელშეკრულება, რომლითაც ნაკისრი სამუშაოები 2019 წლის პირველი იანვრისთვის შესრულებული არ ჰქონდა, შესაბამისად, გამოცდილებაში ვერ ჩაეთვლებოდა.

[შპს „ალიგატორი 1“ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობას სააგენტოს 1 400 001 ლარად სთავაზობდა].

დავების საბჭომ ორთავე კომპანიის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი საერთოდ შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა. კომისიის ერთ-ერთ ოქმში ტენდერის შეწყვეტის მიზეზად „სატენდერო პირობების დაზუსტებაა“ დასახელებული.

ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში, ძირითადად, პრეტენდენტის გამოცდილების მოთხოვნებშია ცვლილება.

თუ ტენდერში მონაწილეს არანაკლებ 5 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოების გამოცდილება 2014 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში უნდა ჰქონოდა, ახალ ტენდერში ეს პერიოდი გაზრდილია 2019 წლის 19 აპრილამდე [ტენდერის ხელახლა გამოცხადების თარიღამდე].

2019 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2019 წლის 19 აპრილამდეა გაზრდილი ასევე პრეტენდენტის მიერ არანაკლებ 1 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების დასრულებული სამშენებლო სამუშაოების გამოცდილებაც, უშუალოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში.

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულების ვადა არ შეცვლილა. სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2020 წლის პირველ სექტემბრამდე.

სააგენტოს პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზეც ჰქონდა ცალკე ტენდერი გამოცხადებული, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა. სატენდერო თანხა 11 800 ლარი იყო. ხელახალი ტენდერი ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად სააგენტოს ჯერ არ გამოუცხადებია.

 

ბათუმში ხუთი სახლის სახურავის შესაცვლელად ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ხუთი მრავალბინიანი სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 302 502 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. პრეტენდენტების წინადადებების მიღება 2019 წლის 12 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება.

ამჯერად დაგეგმილია ბათუმში, გორგილაძის ქ. №78-ში, ოძელაშვილის ქ. №11-ა-ში, თამარის დასახლებაში – საცხოვრებელი სახლი №4, ნიჟარაძის ქ №21-სა და ჭავჭავაძის ქ. N113-ში მდებარე მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია. სახლები წითელი ან მწვანე თუნუქით გადაიხურება.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი 60 თვეა.

N11 მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა დღეს ბათუმში უფასოა

დღეს, 29 აპრილს, 07:00-დან 23:00 საათამდე, N11 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, N11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, სოხუმის, შავშეთისა და ს. მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე.

გუშინ, 28 აპრილს, ბათუმობასთან დაკავშირებით, ბათუმის ყველა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში უფასო იყო.

„არა ჩაბეტონებას“-აქცია ბათუმში ისტორიული ზონის დამტკიცების მოთხოვნით

დღეს, 28 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა, აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბათუმის ისტორიულ ზონაში მაღლივი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ და ითხოვენ ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებას.

მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით: „ბეტონის ჯუნგლები“, „ცემენტქალაქობა“, „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, „ისტორიული ზონა“, „რას ვზეიმობთ“, „ბეტონყმობა“.

აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან ტრანსპარანტებით ბათუმის ბულვარში გადაინაცვლეს, სადაც ამ წუთებში ბათუმობასთან დაკავშირებული ღონისძიებები იმართება.

ახალგაზრდების აქციას გამოეხმაურა მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც „წიგნის კუთხეში“ შეკრებილი ადამიანებისთვის ლექციას მართავდა.

აქცია ბათუმში ისტორიული ზონის დამტკიცების მოთხოვნით / 28.04.2018 /ლელა დუმბაძის ფოტოები.
აქცია ბათუმში ისტორიული ზონის დამტკიცების მოთხოვნით / 28.04.2018 /
აქცია ბათუმში ისტორიული ზონის დამტკიცების მოთხოვნით / 28.04.2018 /
აქცია ბათუმში ისტორიული ზონის დამტკიცების მოთხოვნით / 28.04.2018 /
აქცია ბათუმში ისტორიული ზონის დამტკიცების მოთხოვნით / 28.04.2018 /
Exit mobile version