ბათუმი,მთავარი,სიახლეები

168 ათასი ლარი შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის

29.04.2019
168 ათასი ლარი შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის

30 აპრილს შეწყდება წინადადებების მიღება ტენდერში, რომლითაც შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი უნდა შეირჩეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 27 აპრილს დაიწყო. სატენდერო თანხა 168 985 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაუწიოს შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს.

ამ მილსადენის მშენებლობა კი იმ ტენდერზეა დამოკიდებული, რომელიც სამინისტრომ გამოაცხადა და სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის 8 მაისს დაიწყება.

ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება მოიცავს სამუშაოების ხარისხის სისტემატურ კონტროლს. კონტროლს დაქვემდებარებული ძირითადი პოზიციებია: მიწის, გაზსადენის სამონტაჟო და გეოდეზიური სამუშაოები. ტექნიკური ზედამხედველობა ყოველდღიურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს.

ტენდერის პირობების მიხედვით, ტექნიკური ზედამხედველი უხარისხოდ შესრულებული და შეუსრულებელი სამუშაოების მიღების, აგრეთვე, საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის არაკვალიფიციურად წარმოების შემთხვევაში პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზედამხედველი პასუხისმგებელია დამკვეთისთვის წარდგენილ ტექნიკურ ანგარიშებში [რაპორტებში], აგრეთვე, სამონტაჟო სამუშაოების შესრულების შუალედურ ან/და საბოლოო აქტებში მითითებულ მონაცემების სისწორეზე; ასევე, სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმების, მათთან დაკავშირებული სამუშაოთა აქტების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის სისწორეზე.

——–

შუახევი-ხულოს ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისთვის 33 797 000 ლარია [სავარაუდო თანხა] გათვალისწინებული. გაზსადენის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში [ანუ 2021 წელს] უნდა დასრულდეს. პროექტით გაზსადენი, ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე, მთლიანად ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალს მიუყვება.

შუახევი [ხიჭაურის დასახლება]- ხულოს [გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი, ზანკები] საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო [სახელშეკრულებო] თანხა ეტაპობრივად დაიფარება აჭარის 2019-1920-1921 წლების ბიუჯეტებიდან.

ამ გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის მიმდინარე, 2019 წლის ბიუჯეტში, 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამ თემაზე:

შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი 33,7 მილიონი ლარით გამოცხადდა

მთავარი ფოტო: ბათუმი-ქედის [ხიჭაურის] გაზსადენი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: