საკონტეინერო გადაზიდვები 34 %-ით გაიზარდა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის 10 თვის განმავლობაში 64 000 კონტეინერი (TEU)  გაატარა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეს მონაცემები 34 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და  გაორმაგებულია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით. 

საქართველოს რკინიგზის მიერ  მიმდინარე წელს გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობა, ნედლი ნავთობის გარეშე,  8, 57 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტია.  

თუ კი  გასულ წლებში საქართველოს რკინიგზით უმეტესწილად ნედლეული – ნავთობი, მადნები, ხორბალი თუ სხვა საქონელი გადაიზიდებოდა, დღვანდელი მონაცემებით, მზარდია დამუშავებული პროდუქციის კონტეინერებით გადაზიდვა. 2019 წლის ცალკეული თვეების მიხედვით, რკინიგზას ყველაზე მაღალი დატვირთვა ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც მთლიანად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1 მილიონ ტონას გადააჭარბა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი  825 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 

ბსუ-ს მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა.

დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა ბსუ-ში ერთსაფეხურიანია და ამ პროგრამაზე ძირითადად საერთაშორისო სტუდენტები სწავლობენ.

„პროგრამა აქამდეც მოქმედებდა, საჭირო იყო ხელახალი აკრედიტაცია და საკმაოდ დიდი მიღწევაა, რომ დიდი კონკურენციის ფონზე მოგვენიჭა აკრედიტაცია მომავალი 7 წლის განმავლობაში,“ – ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბერიძე.

დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლა ექვსწლიანია, ამჟამად ბსუ-ში ამ პროგრამაზე 625 სტუდენტი სწავლობს.

უხარისხო ტუალეტი და 600 ლარი ქრთამი – ქობულეთის მერის წარმომადგენლების საქმე

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ქობულეთში დაკავებულ სამ საჯარო მოხელეს. გირაოთი მხოლოდ ავთანდილ ნემსიწვერიძე გაათავისუფლეს, რის მიზეზადაც მოსამართლემ ბრალდებულის ასაკი [68 წელი] და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 11 ნოემბერს გაიმართა.

“300 ხელმოწერა გვაქვს სოფლიდან. ისინი ადასტურებენ, რომ მათი სოფლის გამგებელი კეთილსინდისიერია,” – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ადვოკატმა ილია წულუკიძემ. იგი ქობულეთში 8 ნოემბერს დაკავებული საჯარო მოხელეებიდან ერთ-ერთის – გიგა ცეცხლაძის ინტერესებს იცავს.

გიგა ცეცხლაძე ქობულეთის მერის წარმომადგენლად მუშაობდა სოფელ ხალაში. მას გამოძიება ქრთამის – 600 ლარის აღებას ედავება. პროკურატურის ვერსიით, სოფლის გამგებელმა ჩაქვისთავში საპირფარეშოს “ნაკლები მასალებით და მოცულობით” აშენებაზე დახუჭა თვალი.

გიგა ცეცხლაძესთან ერთად გამოძიებამ 8 ნოემბერს ქობულეთში კიდევ სამი საჯარო მოხელე დააკავა.

“ჩვენ პარლამენტარი მოვიყვანეთ თავდებად,” – განაგრძო ადვოკატმა ილია წულუკიძემ და მოსამართლეს ხელით მიუთითა დარბაზის იმ ნაწილისკენ, სადაც საქართველოს პარლამენტის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი – კობა ნაკაიძე იჯდა. მან მოსამართლეს თავდებობაზე თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.

“აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძეცაა თანახმა თავდებობაზე. ის დღეს აქ არ არის,” – დასძინა ილია წულუკიძემ.

პროკურატურის ვერსიით, ოთხივე ბრალდებულის შემთხვევაში, სამუშაოები სოფლად “The independent bussines group”- ს უნდა შეესრულებია ტენდერის პირობების შესაბამისად. ოთხივე შემთხვევაში ამ კომპანიის წარმომადგენელი – ბადრი ჭიპაშვილი ფიგურირებს, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფლის რწმუნებულებმა ფული მოსთხოვეს, ხოლო ერთ-ერთ მათგანს ფული გადასცა და თან ფარულად ვიდეოც გადაუღო.

“ამ ბადრი ჭიპაშვილმა საკუთარი თაღლითობის დაფარვის მიზნით დაადანაშაულა საჯარო მოხელეები,” – აღნიშნა ადვოკატმა ილია წულუკიძემ.

იგივე მოსაზრება სხვა ადვოკატებმაც გაიზიარეს. მაგალითად, მზექალა ზოიძე მიიჩნევს, რომ ეს “დადგმული სცენა” იყო და ქრთამის ამღები რომ ყოფილიყო საჯარო მოხელე, ” სახლი გასარემონტებელი არ ექნებოდა”.

მზექალა ზოიძე გენადი ბერიძის ინტერესებს იცავს, რომელიც მერის წარმომადგენელი სოფელ საჩინოში იყო. გამოძიების ვერსიით, მან კომპანიის წარმომადგენელს – ბადრი ჭიპაშვილს ქრთამის, 500 ლარის სანაცვლოდ საკუთარი სახლის ეზოში ბეტონის დასხმა მოსთხოვა.

ამ შემთხვევაში დავის საგანი სალექციო დარბაზია, რომლის სრულყოფილი რეაბილიტაცია სოფელ ქვედა აჭყვაში არ განხორციელებულა. ამ სოფლის რწმუნებულიც გენადი ბერიძე იყო.

“კადრებიდან ჩანს, როგორ უხეშად აბამს დანაშაულში გენადი ბერიძეს. ამ ბადრიმ  ფაქტობრივად სარემონტო სამუშაოებზე კი არა, ამათ დაკავებაზე იმუშავა,” – დაამატა ადვოკატმა მზექალა ზოიძემ.

დუმილის უფლება შეინარჩუნა არჩილ მართალიშვილმაც. იგი მერის რწმუნებული სოფელ ქაქუთში იყო. ამ შემთხვევაშიც დავის საგანი საზოგადოებრივი ტუალეტია, რომლის მშენებლობასაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული “უმიზეზოდ იწუნებდა”, შემდეგ კი, ქრთამი – 500 ლარი მოითხოვა.

გამოძიების მტკიცებით, მერიის წარმომადგენლები ინსპექტორების ჯგუფში იყვნენ და როცა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე “ეკონომია გაკეთდა”, ამის შემდეგ ბრალდებულებს მიღება-ჩაბარების აქტებზე აღარ უნდა მოეწერათ ხელი.

“ეს ბრალი დაუსაბუთებელი და უკანონოა,” – მიმართა ადვოკატმა დავით საფარიძემ მოსამართლეს. მას არ დაუკონკრეტებია, რა არის უკანონო.

გამოძიების ვერსიით, ყველაზე მეტი ქრთამის სახით – 1000 ლარი ავთანდილ ნემსიწვერიძეს აუღია. იგი ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტია. საქმეში დევს ნემსიწვერიძისგან თანხის აღების ამსახველი ვიდეო კადრებიც.

“სადმე ისმის ამ ჩანაწერში მიღება-ჩაბარება, ან დაპირება, რომ ხელს მოუწერს? – არ ისმის. მან ფული მისცა, როგორც კაცმა კაცს. კაცი ვარ და პატივს გცემო,” – თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. იგი ავთანდილ ნემსიწვერიძის ინტერესებს იცავს.

ამ ადვოკატმა აქცენტი მთავარ მოწმეზე გააკეთა, ანუ კომპანიის წარმომადგენელ ბადრი ჭიპაშვილზე, რომელიც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არ ამბობს, რომ ნემსიწვერიძემ მას ფული მოსთხოვა.

“აქ წერია, რომ პირიქით, მან შესთავაზა 1000 ლარი, რაზეც ნემსიწვერიძე დამთანხმდაო… პროკურატურამ მიზანმიმართულად დაამახინჯა ეს ფაქტი, რომ საზოგადოებრივი განწყობა შექმნას,” – აღნიშნა რამინ პაპიძემ.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც ადვოკატმა ისაუბრა, ავთანდილ ნემსიწვერიძის თანამდებობაა.

“პროკურორმა აქ გააჟღერა, რომ ავთანდილ ნემსიწვერიძე მერიის კონტროლის და ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ეს სიცრუეა. აი, დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ ავთანდილ ნემსიწვერიძე მხოლოდ ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა,” – მომართა მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ და ის ოფიციალური დოკუმენტი ამოიღო საქმიდან, რომლის მიხედვითაც კონტროლის ჯგუფს ქობულეთის მერის მოადგილე – ლევან ზოიძე ხელმძღვანელობდა.

ლევან ზოიძე ან ქობულეთის მერიის სხვა მაღალჩინოსნები დღევანდელ პროცესს არ დასწრებიან.

რატომ გადაწყვიტა პარლამენტის წევრმა – კობა ნაკაიძემ ბრალდებულების მხარდაჭერა და ერთ-ერთი მათგანისთვის თავდებობაც?

“მე მჯერა მათი უდანაშაულობის… ვიცნობ მრავალი წელია,” – უთხრა “ბათუმელებს” პარლამენტის წევრმა, კობა ნაკაიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე. მან ასევე დაგვიდასტურა ის, რომ ბრალდებული, ვისაც იგი თავდებად დაუდგა, პოლიტიკური აქტივისტი იყო “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

რატომ არ დადგა იმ კომპანიის პასუხისმგებლობა, რომელმაც ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები სრულყოფილად ვერ შეასრულა? – ჩვენს ამ შეკითხვას სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ მოკლედ უპასუხა: “გამოძიება გრძელდება”.

 

 

 

 

 

ბათუმმა 1 მილიონზე მეტი ლარი დაკარგა პირსის უკანონოდ გამოყენების გამო – აუდიტი

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე საზღვაო პირსის და მიწის ნაკვეთი ქალაქის მერიამ აუქციონზე გაიტანა, თუმცა, სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, მერიამ აუქციონზე გამარჯვებულთან ხელშეკრულება ვერ გააფორმა. მიზეზი აუდიტის მიხედვით იყო ის, რომ ბათუმის მერიამ ვერ უზრუნველყო ტერიტორიის უკანონოდ სარგებლობის აღკვეთა.

„ქონების უნებართვოდ გამოყენების აღსაკვეთად სამინისტროსა და მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების უმოქმედობის შედეგად, ბიუჯეტმა, საერთო ჯამში, არანაკლებ 1 221 625 ლარის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა, რაც შესაძლოა არამართლზომიერი ქმედების რისკებს შეიცავდეს“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით:

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხიმშიაშვილის ქუჩა N13-ის მოპირდაპირე, 271 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 444 კვ.მ ნაგებობის − საზღვაო პირსის იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემისათვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა შპს „სანტორინომ“. აუქციონის შედეგების შესაბამისად, 36 000 ლარის საწყისი საიჯარო ღირებულების ქონების წლიური საიჯარო გადასახადი 1 126 000 ლარით განისაზღვრა.

საქმეში არსებული მასალებისა და მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულების შესაბამისად ირკვევა, რომ ზემოთ აღნიშნული ნაგებობით [პირსით] უნებართოდ სარგებლობდა  შპს „ეიაიეს გრუპი“ და ამავე ტერიტორიაზე, ფიზიკური პირის მიერ ასევე უნებართვოდ განთავსებული იყო კვების ობიექტი.

ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე მერიამ ვერ უზრუნველყო ტერიტორიის უკანონოდ სარგებლობის აღკვეთა, რაც გახდა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი.

„მერიამ 2018 წლის 6 აგვისტოს შპს „ეიაიეს გრუპისგან“, ხოლო 2018 წლის 8 ოქტომბერს ფიზიკური პირისგან მოითხოვა 2017 წლიდან თვითნებურად დაკავებული
ტერიტორიის გამოთავისუფლება და საიჯარო თანხების გადახდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებული მოთხოვნები იურიდიულ პირს – ორი თვის დაგვიანებით, ხოლო ფიზიკურ პირს – რვა თვის დაგვიანებით, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში ჩაბარდა. ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალტეტის ქონების უნებართვოდ გამოყენება გრძელდებოდა და აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, საიჯარო გადასახადის სახით მერიის მიერ დაკისრებული თანხებიც არ არის გადახდილი. შედეგად, ბიუჯეტმა არანაკლებ 1 126 000 ლარის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა“ – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციით, ბათუმის მერიამ უნდა შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სათანადო მონიტორინგის საფუძველზე დროულად გამოავლენს ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების თვითნებურად გამოყენების ფაქტებს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

„ამასთანავე, მერიამ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ, ხიმშიაშვილის ქუჩა N13-ის მოპირდაპირედ, 271 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 444 კვ.მ ნაგებობის – საზღვაო პირსის უნებართვოდ გამოყენების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება,“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიში 2019 წლის 8 ნოემბერს გამოაქვეყნა.

დღეს არსებული სიტუაციით – ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა N13-ის მოპირდაპირედ არსებული ნაკვეთი და ნაგებობა [პირსი], ბათუმის მერიას, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, 5-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული ფიზიკურ პირზე, რომელთანაც ხელშეკრულება 2019 წლის 13 მაისსაა გაფორმებული.

მთავარი ფოტო: ვერტმფრენი ბათუმის პირსზე / 2018 წლის ივნისი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

რა ღირს ბათუმში ვერტმფრენით გასეირნება

აჭარისა და ბათუმის ქონების ფასი მთავრობამ სავარაუდოდ შეამცირა და იაფად გაყიდა – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში, აუდიტის დასკვნით, არ არის უზრუნველყოფილი ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება.

„გარდა ამისა, ექსპერტის მიერ დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების უსაფუძვლოდ შემცირებისა და აუქციონზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, რიგ შემთხვევბში შესაძლოა საბაზრო ფასზე ნაკლები თანხით განხორციელდა. ამასთანავე, საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შემცირების საკითხთან მიმართებით, ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას“, – აცხადებს აუდიტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით:

[checklist]

  • „სამინისტროსა და მერიაში, ქონების მართლზომიერ გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქონების თვითნებურად გამოყენების ფაქტების დროულ გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, რაც უარყოფითად აისახება საბიუჯეტო სახსრების მობილიზების შედეგებზე. ამასთანავე, 2008-2012 წლებში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, მყიდველების მიერ, სამინისტროს თანხმობით ქონება დაიტვირთა იპოთეკით და დაყადაღდა, რამაც სახელშეკრულებო ვალდებულებების არასათანადო მონიტორინგის პირობებში ავტონომიური რესპუბლიკის ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვა განაპირობა.
  • აჭარისა და ბათუმის ქონებების პრივატიზებისას, აუქციონები გამოცხადდა კონკრეტული დაინტერესებული მხარის მიერ შემოთავაზებული წინადადების ანალოგიური პირობებით, რის გამოც შეიზღუდა კონკურენცია. მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს და შესაძლოა უარყოფით გავლენას ახდენდეს ბიუჯეტის შემოსავლებზე.
  • სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო მინიტორინგს, რაც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არადროული და არასათანადო კონტროლის დაწესებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ აუდიტორულ დასკვნებში ფიქტიური მონაცემების დაფიქსირებაში გამოიხატება. შედეგად, ვერ ხერხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტების სრული და დროული გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება.
  • სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში ბუღალტრულად არ არის აღრიცხული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო. 2018 წელს, აჭარის ქონების განკარგვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, დარიცხული საჯარიმო სანქციის აღდგენის ნაცვლად, განხორციელდა პირგასამტეხლოს ჩამოწერა. ამასთანავე, ფიქსირდება აუცილებლობის დასაბუთების გარეშე პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების ფაქტები.
  • სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი ფორმით განკარგვისას, საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, შემცირებულია მიწის სარგებლობის წლიური საბაზრო ღირებულება. რიგ შემთხვევებში არასრულყოფილად ხორციელდება ინვესტორი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, ვალდებულებათა განსაზღვრის რიგი შემთხვევები არ პასუხობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრინციპებს. ამასთანავე, არის შემთხვევები, როცა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტები არ არის შეთანხმებული ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან. შედეგად, დიდია ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევები, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის ეკონომიკური განვითარების მდგომარეობაზე.
  • 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით, ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების გათვალისწინებით დაფიქსირდა საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხები, რომლებიც ბუღალტრულად არ არის აღრიცხული. აღნიშნული კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი გამოყენების ან/და საიჯარო გადასახადის გადაუხდელობის შესაძლებლობას.

[/checklist]

აღნიშნული დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით აუდიტის მიერ გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, რაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ბათუმის მერიამ უნდა გაითვალისწინოს.

ამ თემაზე:

ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი 

სახიფათო საღებავი დაფქულ წიწაკაში – სურსათის სააგენტო საგანგებო ზომებს იღებს

სურსათის სააგენტომ იმპორტირებულ წითელ წიწაკაში (დაფქული, დამსხვრეული) სუდანის ჯგუფის არასასურსათო საღებავების დიდი რაოდენობის აღმოჩენის გამო, საგანგებო ზომების შესახებ გამოაცხადა. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ვასილ ბასილაძის ბრძანების თანახმად, საქართველოში იმპორტირებული წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) თითოეულ პარტიას, თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით.

ბრძანება არ ეხება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან წიწაკის იმპორტს.

ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქონელს არ ახლავს დოკუმენტი, რომლითაც ლაბორატორიულად დასტურდება, რომ წითელი წიწაკა არ შეიცავს სუდანის ჯგუფის საღებავებს,  საქონელი დაექვემდებარება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან განადგურებას; ან საბაჟო კონტროლის ზონაში, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სპეციალისტის მიერ, ნიმუშების აღებას, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, საქონლის მფლობელის ხარჯით, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე გამოსაკვლევად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდება წიწაკაში სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობა, პროდუქცია დაექვემდებარება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან განადგურებას.

ბრძანების თანახმად, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის საჭირო საგანგებო ზომები გამოყენებული იქნება იმ დრომდე, ვიდრე საქართველოში არსებული რომელიმე ლაბორატორია არ აითვისებს სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების გამოკვლევის აკრედიტებულ მეთოდებს, მაგრამ ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 1 წლისა.

ბრძანებას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წითელი წიწაკის ნიმუშების სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე შემოწმების შედეგები, რომლის თანახმადაც შემოწმებული 10 ნიმუშიდან 9-ში აღნიშნული საღებავები აღმოჩნდა.

სუდანის ჯგუფის არასასურსათო საღებავები სერიოზულ რისკს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას.

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“.

 

კურორტ გოდერძიზე 27,3 მილიონი ლარის პროექტები შეფერხებულია – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის დადასტურება წარმოებდა აკრედიტირებული აუდიტორების დასკვნების საფუძველზე, თუმცა აუდიტის განცხადებით დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში, დასკვნებში ფაქტობრივი მონაცემები ფიქსირდება.

„კურორტ გოდერძიზე“ გაფორმებული 19 ხელშეკრულებიდან, 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 7 შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობები არ სრულდება, რაც 27 300 000 ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტების შეფერხებას განაპირობებს“ – აცხადებს აუდიტი.

რაც შეეხება აუდიტორების დასკვნებში ფიქტიურ მონაცემებს, აუდიტს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს:

[crosslist]

  • შპს „ეიჩ გრუპთან“, 2016 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება − 2018 წლის 13 აგვისტომდე საცხოვრებელი კომპლექსის ცხრა სართულის მზიდი და არამზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულების შესახებ, აუდიტორული დასკვნის შესაბამისად შესრულებულია, თუმცა დათვალიერების შედეგად 2019 წლის 6 მაისის მდგომარეობით, მზიდი და არამზიდი კონსტრუქციები არ არის აშენებული ხუთ სართულზე.
  • შპს „კარგოსთან“ 2014 წლის 19 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება − 2018 წლის 1 ივლისამდე, საქართველოს 12 მოქალაქის დასაქმების, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანის და არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ, აუდიტორული დასკვნის შესაბამისად შესრულებულია. თუმცა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წერილით ირკვევა, რომ არქიტექტურული პროექტის დარღვევის გამო, შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის და ასეთ პირობებში ფუნქციონირებდა.

[/crosslist]

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის შემოწმების მიზნით, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა კურორტ „გოდერძზე“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები:

„სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2016-2018 წლებში კურორტ გოდერძის განვითარების მიზნით, განხორციელდა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 90 880 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 300 კვ.მ შენობა-ნაგებობის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. საერთო მონაცემების მიხედვით, პრივატიზების საფასურმა 1 022 028 ლარი შეადგინა. ჩატარებული სამუშაოების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გაფორმებული 19 ხელშეკრულებიდან, 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 7 შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობები არ სრულდება, რაც 27 300 000 ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტების შეფერხებას განაპირობებს“, – აცხადებს აუდიტი.

შეუსრულებელი ხელშეკრულებების შესახებ [აუდიტის ანგარიშიდან]:

აუდიტის მიხედვით, ცხრილში მოყვანილი ხელშეკრულებებიდან 3 შემთხვევაში, ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, აუდიტორული დასკვნები არ არის წარმოდგენილი, ხოლო ერთ შემთხვევაში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, კერძოდ:

„შპს „ჯი ეს პი გრუპთან“ 2017 წლის 5 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით შედგენილ აუდიტორულ დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, კომპანიას შესრულებული აქვს მშენებლობის დაწყების ვალდებულება, თუმცა დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ვალდებულება 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობითაც არ არის შესრულებული“.

„აღსანიშნავია, რომ სამინისტროში დანერგილი კონტროლის მექანიზმი, დამოუკიდებელი აუდიტორების ჩართულობას ითვალისწინებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგშიც, რომელიც სპეციალურ ცოდნას არ მოითხოვს და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ ადვილად განხორციელებადია [ნასყიდობის ღირებულების გადახდა, მშენებლობის დაწყება, ნულოვანი ნიშნულის დასრულება, აშენებული სართულების რაოდენობა და ა.შ.]. აღნიშნული შესაძლოა პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას და კერძო სუბიექტის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებებზე მიანიშნებდეს“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის დასკვნით: „სამინისტროში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგს, რაც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არადროული და არასათანადო კონტროლის დაწესებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ აუდიტორულ დასკვნებში ფიქტიური მონაცემების დაფიქსირებაში გამოიხატება“.

აუდიტის რეკომენდაციით „სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგონ ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ დროული და ზუსტი ინფორმაციის მიღებითა და შესაბამისი რეაგირებებით უზრუნველყოფს საინვესტიციო პროექტების დადგენილ ვადაში წარმატებით განხორციელებას. ამასთანავე, სამინისტრომ დეტალურად შეისწავლოს დამოუკიდებელი აუდიტორების დასკვნებში არსებული შეუსაბამობის შემთხვევები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“.

 

მთავარი ფოტო: კურორტი გოდერძი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ფილმი – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ინტერნეტში გავრცელდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელდა ფილმი – „და ჩვენ ვიცეკვეთ“. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის თანახმად, ფილმის გავრცელება დაუშვებელია. ფილმის ინტერნეტსივრცეში გავრცელების გამო ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა. მოქალაქეების თქმით, მათ ფილმის ნახვა ინტერნეტში უკვე შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უნდა მივმართოთ, იმის გასარკვევად დაიწყო თუ არა გამოძიება. ამ უწყების პრესცენტრში კი აღნიშნეს, რომ კინოგაერთიანებამ მათ მიმართა, მაგრამ მასალები ჩაბარება კანცელარიამ ვერ შეძლო იმის გამო, რომ დღეს კვირაა – არასამუშაო დღე.

მაყურებლებს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროდიუსერმა, ქეთი დანელიამ „ფეისბუკში“ მიმართა:

„მოგმართავთ ფილმის გულშემატკივრებსა და მაყურებლებს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია, რომელიც არის მოპოვებული ავტორიზაციის გარეშე და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა საქმე და პასუხისმგებლობაში მიეცემიან ის პირები, ვინც არაავტორიზებულად ავრცელებენ ფილმს.

ეს არის არა მარტო დანაშაული, არამედ მნიშვნელოვანად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას, მათ შორის, ამცირებს წარმატების შანსს ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის” დაჯილდოებაზე.

გთხოვთ, ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის არაავტორიზებულ გავრცელებას და დაგვიჭირეთ მხარი უმნიშვნელოვანეს, წინასაოსკარე კამპანიის პერიოდში. დიდ მადლობას გიხდით, ბოლო პერიოდში, ფილმის მიმართ გამოხატული აქტიური თანადგომისთვის და ახლაც მოგიწოდებთ, დაგვიდგეთ გვერდით!“ – წერს „ფეისბუქში“ ქეთი დანელია.

რეჟისორ ლევა აკინის ფილმს – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ უკვე მესამე დღეა აჩვენებენ ბათუმისა და თბილისის კინოთეატრებში. ფილმის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ რადიკალურ ჯგუფებს, თუმცა ფილმის პრემიერა 8 და 9 ნოემბერს გაიმართა. ფილმის ჩვენება გრძელდება დღეს, 10 ნოემბერსაც.

პლაჟზე ქალის ძარცვისთვის არასრულწლოვანი გაასამართლეს

ძარცვის გამო მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არასრუწლოვან ბიჭს – ლაშა ო.-ს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. იმის გამო, რომ მსჯავრდებული არასრულწლოვანია, მას სასჯელი პირობით გამოსაცდელი ვადით დაუწესეს.

შემთხვევა წელს, ზაფხულში მოხდა – ღამის 11 საათზე, ახალ ბულვარში, ლაშა ო.-მ, გამოძიებისთვის დაუდგენელ კიდევ ერთ პირთან ერთად, პლაჟზე მყოფ ქალს ხელჩანთა წაართვა. ჩანთაში 2670 ლარი იყო და პირადი ნივთები. ბრალდებულმა სასამართლოში დანაშაული აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა ის მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინა.

 

 

ბათუმსა და აჭარის მთებში ორშაბათიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბრის 21 საათიდან 11 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 5-10 გრ, დღისით 17-22 გრ სითბო,
  • მთიან რაიონებში ღამით 2-7 გრ, დღისით 13-18 გრ. სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ, უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 12 და 13 ნოემბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით “აპოლოსთან” ერთი პირი დააკავა

ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოს” წინ მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. მას პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავება. დაკავებული მოქალაქეებს, რომლებიც ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” სანახავად მიდიოდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

აქციის მონაწილეებმა მათი თანამოაზრის დაკავება გააპროტესტეს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს.

“თუ გინებისთვის ხალხს აპატიმრებთ, ყველანი დაგვაკავეთ,”-მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვატო ნებურიშვილმა დეპარტამენტის ხელმძღვანელს კონსტანტინე ანანიაშვილს.

“ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მაყურებელს, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ზომები,”- უთხრა მათ ანანიაშვილმა.

ამ დროისთვის [9 ნოემბერი; 20:57 საათი] კინოთეატრ “აპოლოს” წინ სიმშვიდეა. ფილმის ჩვენება 22:00 საათზეა დაგეგმილი.

კოტე ანანიაშვილი: აქციის ორგანიზატორებს მოვუწოდებ წესრიგის დაცვისკენ – ვითარება აპოლოსთან

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა, რომელიც ამ წუთებში კინოთეატრ „აპოლოსთან“ იმყოფება, მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებისთვის. დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმის აპოლოში აჩვენებენ რეჟისორ ლევან აკინის ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

კოტე ანანიაშვილის თქმით, „საპოლიციო ძალები კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე  განლაგებული არიან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მართლწესრიგის დაცვისაკენ. ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში კანონის ფარგლებში იქნება რეაგირება“.

ისე როგორც გუშინ, აპოლოსთან დღესაც მობილიზებულია პოლიცია.

ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით, გუშინ, 8 ნოემბერს, თბილისში სხვადასხვა ადგილას და ბათუმში აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა. 8 ნოემბერს გამართული აქციების დროს 10-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, აქედან ერთს – სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.

ოფიციალური მონაცემებით, თბილისსა და ბათუმში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის მუხლებით სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს დღესაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ბათუმის „აპოლოსთან“ დაკავებულებიდან ორს შენიშვნა მისცეს, ერთი – 1000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის „აპოლოსთან“ საპროტესტო აქციაზე გუშინ საღამოს დაკავებული პირების საქმეები უკვე განიხილეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე კობა გოცირიძემ ორ პირს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ერთს კი, ჯარიმის – 1000 ლარის გადახდა დააკისრა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩიელობლობის ედავებოდნენ.

გუშინ, 8 ნოემბერს კინოთეატრ „აპოლოსთან“ სამი პირი დააკავეს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება იმართებოდა. კინოთეატრში შემსვლელი მაყურებლებს აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით თბილისში სულ 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

როცა ჯანმრთელობის ცნობას ფორმალურად გასცემენ – რას აპროტესტებენ ბსუ-ს სტუდენტები 

„ჯანმრთელობის ცნობა ისე მომცეს, რომ საერთოდ არაფერი შეუმოწმებიათ, არც უკითხავთ, როგორ ვარ,“ – ამბობს სტუდენტი ბექა ბერიძე. მან ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ ცნობა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ, 8 ნოემბერს მიიღო. მან გასაუბრება ფარულად ჩაიწერა კიდეც, საიდანაც ირკვევა, რომ ექიმი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს არ სვამს. ჩვენ არ ვასახელებთ ამ კლინიკას, რადგან „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა ბევრ სხვა კლინიკაში ხდება, თუმცა ამ კუთხით მომუშავე ყველა კლინიკის გადამოწმება, თუნდაც აჭარის მასშტაბით, ამ დროისთვის ვერ მოვახერხეთ.

ჯანმრთელობის ცნობა რომ ფორმალურად გაიცემა, ადასტურებენ ბექას თანაკურსელებიც. ისინი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდენობის სპეციალობაზე სწავლობენ. ერთ-ერთი საგნის – „დემოკრატია და საზოგადოება“ გავლის დროს სტუდენტებს სამოქალაქო ცნობიერებაზე ორიენტირებული აქტივობის განხორციელება მოსთხოვეს. სტუდენტების ამ ჯგუფმა კი, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის ზოგადი ცნობების ფორმალურად გაცემის გაპროტესტება გადაწყვიტა. ისინი ესაუბრნენ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის შეუმოწმებლად აქვთ აღებული ცნობები, ან საერთოდ – კლინიკაში მიუსვლელად.

სტუდენტმა ბექა ბერიძემ ექიმთან საკუთარი ვიზიტი იმ კლინიკაში ჩაწერა, სადაც სტუდენტების ინფორმაციით, ჯანმრთელობის ცნობის გაცემა „ყველაზე იაფად და სწრაფად“ ხდება.

„მივედი ჩვეულებრივად რეგისტრატურაში და გამომართვეს ცნობის საფასური – 15 ლარი, იქვე მომცეს ცარიელი ანკეტა, რომელიც ექიმს უნდა შეევსო,“ – გვიყვება ბექა ბერიძე. – „შემდეგ შევედი ექიმთან, რომელმაც ცარიელი ანკეტა, იქვე სტანდარტულად შევსებულ ანკეტაში გამიცვალა. ანკეტაში წერია, რომ ჯანმრთელი ვარ და აღწერილია მოკლე, ზოგადი დახასიათება. ამ ექიმმა მხოლოდ პირადობის მოწმობა მომთხოვა, მონაცემები წინასწარ შევსებულ ანკეტაში გადაიტანა და მხოლოდ ის მკითხა, რისთვის მჭირდებოდა ცნობა“.

ბექა ბერიძე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მომენტზე: „ამ ცნობის მიხედვით, ექიმი, რომელმაც შემამოწმა, ჩემი ოჯახის ექიმია, მაგრამ ის ჩემი ექიმი ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე ზედა აჭყვაში ვცხოვრობ, ცნობა კი, ბათუმში ავიღე. ესეც კანონის დარღვევაა“.

ჯანმრთელობის ცნობა რამდენიმე თვის წინ დასჭირდა სტუდენტ ლია ბერიძესაც, ვიდრე იგი მართვის მოწმობას აიღებდა.

„მეც გასინჯვის გარეშე მომცეს ცნობა, არც მხედველობა შეუმოწმებიათ, არც ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც წესით სავალდებულოა… ეს არის განსაკუთრებული საფრთხე – მართვის მოწმობას იღებენ ადამიანები ისე, რომ ამას არავინ ამოწმებს,“ – გვითხრა ლია ბერიძემ.

სტუდენტი დავით დავითაძე კი თვლის, რომ, პირველ რიგში, საზოგადოების აზრი უნდა შეიცვალოს.

„ადამიანები უკვე შეეჩვიენ იმას, რომ ეს მოწმობა ფორმალურად გაიცემა… ჩვენ ვეღარ ვაცნობიერებთ საფრთხეს, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. ვერ ვიაზრებთ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის შეუმოწმებლობის გამო შესაძლოა სხვისი ჯანმრთელობა დავაზიანოთ და ვიმსხვერპლოთ. ანალოგიურად გაიცემა ცნობები მათთვის, მაგალითად, ვინც იარაღის ტარებას უფლებას ითხოვს,“ – უთხრა დავით დავითაძემ „ბათუმელებს“.

სტუდენტებმა ამ თემაზე მუშაობის დროს ბათუმში იპოვეს ადამიანებიც, რომლებიც ჯანმრთელობის ცნობას კლინიკაში მიუსვლელადაც იღებენ.

„ჩვენთან ასეა, ერთი თანამშრომელი შეაგროვებს პასპორტებს, თანხას, მიდის კლინიკაში და მოაქვს ცნობები. ჩვენი სამსახური 6 თვეში ერთხელ გვთხოვს ჯანმრთელობის ცნობას,“ – ამბობს ნათია ბ., რომელიც ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს. მისი თქმით, იგი ჯანმრთელობის ცნობას წლების წინ ერთ-ერთ პოლიკლინიკაში იღებდა, სადაც რეალურად ამოწმებდნენ, თუმცა შემდეგ მომსახურება 10 ლარიდან 30 ლარამდე გაძვირდა და მზარეულებს იმ კლინიკაში გადაუწყვეტიათ ცნობის აღება, სადაც იაფი ტარიფი შეინარჩუნეს.

„ბათუმელები“ იმ კლინიკის დირექტორს დაუკავშირდა, სადაც სტუდენტმა ბექა ბერიძემ გუშინ, 8 ნოემბერს აიღო ჯანმრთელობის ცნობა შემოწმების გარეშე.

„გამორიცხულია, როგორ შეიძლება მაგის ფორმალურად გაცემა… ოთხი ექიმი ამოწმებს, თვალზეც მოწმდება, თუკი პაციენტი იტყვის, რომ პრობლემა აქვს,“ – გვითხრა კლინიკის დირექტორმა. მას ვუთხარით, რომ კონკრეტული ადამიანებისგან გვაქვს ინფორმაცია და მტკიცებულებაც არსებობს, რაც ადასტურებს ცნობების ფორმალურად გაცემას.

„ტელეფონზე სალაპარაკოდ არ მცალია. მოდით ჩემთან, მანახეთ ჩანაწერი და შემდეგ ვისაუბროთ…“ – დაგვემშვიდობა კლინიკის დირექტორი.

რა გზას უნდა დაადგე აჭარაში შემოდგომაზე

აჭარა ყველა სეზონზე სთავაზობს ვიზიტორებს მრავალფეროვანი დასვენების საშუალებას, ზღვის, მთისა და დაბლობის ლანდშაფტებს. მრავალფეროვნებაზე თუ მიდგა საქმე, მაჭახელას ეროვნული პარკი ცალკე უნდა გამოვყოთ, როგორც ტერიტორია თავისთავადი მრავალგვარობით.

მაჭახელას ეროვნული პარკი იმ 34 ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ე.წ. ცხელი წერტილია. ასეთ ადგილებში შემონახულია ენდემური და რელიქტური ფლორისა და ფაუნის სახეობები, რომელიც სწორედ აქაური კლიმატის გამო გადაურჩა გამყინვარების პერიოდს.

მაჭახელას ეროვნული პარკი

პარკის ტერიტორიის 95% გაუვალი ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული, აქ 500-1000 მ-მდე წაბლი, 1000-1500-მდე კი წიფელა დომინირებს. ტყეში ასევე იშვიათ ჯიშებსაც შეხვდებით, პონტოს შქერი,  კოლხური სურო, კავკასიური მოცვი და სხვა. ჯამში მაჭახელას ეროვნულ პარკში გავრცელებული მცენარეთა სახეობა 548 აღემატება.

სულ ახლახანს მაჭახელას ეროვნულ პარკს ახალი ბილიკი შეემატა. ქოქოლეთისა და ტყუპი ჩანჩქერის ბილიკების შემდეგ ახლა ვიზიტორებს შეუძლიათ ბილიკზე დაგეგმონ ლაშქრობა.

ხედი მთავარანგელოზის მთიდან

ბილიკი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა “შავი ზღვის ეკოაკადემიისა” და პოლონური პარტნიორის “მდგრადი ეკო განვითარების ფონდთან” თანამშრომლობით მოეწყო.

“ილიას მარანი”

თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსდა ასევე რამდენიმე საოჯახო სასტუმროსა და მარნის მოწყობა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მათ შორის ერთ-ერთი X-XII საუკუნისაა. ამავე მარნის ეზოშივეა ახალი მოქმედი მარანიც, სადაც უკვე დაიწურა და დუღდება მაჭარი.

ეთნო ეზო

ბილიკზე მოწყობილია საპიკნიკე და საკარვე ადგილები, ასევე ეკო-საგანმანათლებლო სივრცე, სადაც წაბლის ხეების ჩრდილში შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას პარკში გავრცელებული ფლორისა და ფაუნის თავისებურებებზე.

ბათუმის ხედი მთავარანგელოზის მთის ბილიკის ბოლოს

როგორ მივიდეთ მთავარანგელოზის მთასთან?

სამანქანე მარშრუტი (5კმ) იწყება სოფელ სინდიეთიდან და მთავრდება სოფლის ბოლო მოსახლის ეზოსთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკი (4,1 კმ) მიემართება მთავარანგელოზის მთის მიმართულებით. ბილიკი გზად გაივლის წიფლისა და წაბლნარი ტყის მასივებს, მთის ნაკადულებსა და წყაროებს, ძველ ნამოსახლარებს, მოხვდება მურყნის ხეივანში და გადის მთავარანგელოზის მთასთან, რომლის მწვერვალიდანაც იშლება ქალაქი ბათუმის, მაჭახელას ეროვნული პარკისა და მდინარე ჭოროხის ხეობის ულამაზესი ხედები. მთავარანგელოზის მთამდე სამი გზა ადის: სოფელი სინდიეთიდან, აჭარის აღმართიდან და მახუნცეთიდან.

მრავალფეროვანი ბუნების მიღმა მაჭახელას ხეობა ადამიანებითაცაა გამორჩეული. აქ დასვენება და დროის გატარება მათი დაუღალავი შრომისა და სტუმართმოყვარეობის ფონზე ხდება ჯადოსნური და დაუვიწყარი. მათ გამოა, რომ ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ეროვნული პარკი უკვე ბევრი ვიზიტორისთვის იქცა საყვარელ ადგილად.

შემოდგომის აჭარა გელით ახალ-ახალი მარშრუტებითა და თვალწარმტაცი ხედებით.

მოქალაქე: პროკურორთან შეხვედრას ვითხოვდი, დაცვის პოლიციამ შენობიდან გამომათრია

„პროკურორთან შეხვედრას ვითხოვდი და მისაღებში ველოდები. მოვიდა დაცვის პოლიცია და შენობის დატოვება მომთხოვა. ვერ მითხრეს, რატომ უნდა დამეტოვებინა იუსტიციის სახლის მისაღები, სადაც ნებისმიერ პირს შეუძლია შესვლა. დაცვის პოლიციელებმა ძალით გამომიყვანეს, მათრიეს,“ – ამბობს მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე. ის გუშინ, 8 ნოემბერს ბათუმის იუსტიციის სახლში მივიდა და აჭარის მთავარ პროკურორთან, ნათია სონღულაშვილთან ითხოვდა შეხვედრას.

მერაბ ღოღობერიძემ იუსტიციის სახლიდან ფეისბუკლაივი ჩართო, სადაც ჩანს, რომ მას კონკრეტული ადამიანები დამორჩილებისკენ და ფეხზე წამოდგომისკენ მოუწოდებენ, ფიზიკურად ეხებიან, მოქალაქე კი მათ მიმართავს, რომ ფეხი სტკივა და თავი დაანებონ.

„მე რამდენიმე საათი ვიყავი მისაღებში. შემდეგ გამოჩნდა პროკურორი ნათია სონღულაშვილი და, როგორც ჩანს, მან მოითხოვა, მე დამეტოვებია მისაღები. დაცვის პოლიციის დაახლოებით შვიდმა თანამშრომელმა მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალით გამომიყვანეს შენობიდან და პოლიციის მანქანაში ჩამსვეს. მითხრეს, რომ დამაკავეს. ვიდრე ტელეფონს ჩამომართვამდნენ, 112-ზე დავრეკე… მერე მითხრეს, რომ დაკავებული არ ვიყავი და რეფერალურ ჰოსპიტალში მიმიყვანეს, ექიმმა დაჟეჟილობის დიაგნოზი დამისვა,“ – გვითხრა მერაბ ღოღობერიძემ.

ინციდენტით სახელმწიფო ინსპექტორი დაინტერესდა, რომელმაც მერაბ ღოღობერიძე უკვე სახლში გამოკითხა. მოკვლევის შემდეგ ამ უწყებამ გაარკვია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ბათუმის იუსტიციის სახლში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გამოცხადდა შეტყობინების ავტორთან გასაუბრების მიზნით. შეტყობინების ავტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთან გასაუბრებისას არ დაადასტურა სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ვინაიდან შეტყობინების ავტორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება არ დაიწყო,“ – მოგვწერეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან.

ეს უწყება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მიერ ჩადენილი ცალკეული ძალადობრივი დანაშაულს იძიებს.

დაინახა თუ არა ინსპექტორმა სამართალდარღვევა დაცვის პოლიციელების ქმედებაში? – ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას უნდა მივმართოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, დაიწყო თუ არა მოკვლევა ამ საქმეზე.

მერაბ ღოღობერიძეს აჭარის მთავარ პროკურორთან სამ საკითხზე სურდა შეხვედრა: პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის მუქარა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ღოღობერიძისთვის პროკურატურას დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია; „11-12 მარტის მოვლენები“, რის გამოც პროკურატურა მას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებოდა. სასამართლომ მერაბ ღოღობერიძე „ჯგუფური მოქმედების ორგანიზების“ მუხლით გაასამართლა. 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარბეული აქციის გამოუძიებლობა. მაშინ მერაბ ღოღობერიძე გაურკვეველი საფუძვლით დააკავეს.

შუახევში, სოფელ ნიგაზეულში სახლი იწვის

შუახევში, სოფელ ნიგაზეულში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისას ოჯახის მხარდაჭერა გადამწყვეტია

საპატიმროშივე მზადება თავისუფლებისთვის, დასაქმების ხელმისაწვდომი სამედიცინო და იურიდიული სერვისები – ეს იმ კომპონენტების არასრული ჩამონათვალია, რაც ყოფილ პატიმრებს უპირობოდ სჭირდებათ გათავისუფლების შემდეგ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისთვის, საზოგადოებაში დასაბრუნებლად.

ზემოთჩამოთვლილი სერვისების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია ყოფილი პატიმრებისთვის იზოლაციისშემდგომ პერიოდში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხარდაჭერა. მეტიც, ამგვარი მხარდაჭერის არარსებობის დროს მხოლოდ სახელმწიფოსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შეთავაზებული ინსტრუმენტები უფუნქციო ხდება.

როგორც ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ სოციალური მუშაკი, ნესტან კახაძე ამბობს, პროგრამის მოქმედების თითქმის ორი წლის განმავლობაში, იმ პატიმრებს შორის, ვისთანაც მას მოუხდა მუშაობა უმრავლესობა ოჯახმა მიიღო, თუმცა იყვნენ ისეთი ბენეფიციარებიც, რომლებსაც გატავისუფლების შემდეგ საკუთრება გასხვისებული დახვდათ და ღამის თავშესაფრის ძიება უწევდათ.

„პატიმართა გაძლიერების პროექტმა“ აჩვენა, რომ ის ბენეფიციარები, რომლებსაც ოჯახისგან მხარდაჭერა და თანადგომა აქვთ გაცილებით სწრაფად რეაბილიტირდებიან, ვიდრე ოჯახისგან უგულებელყოფილი ყოფილი პატიმრები.

,,როცა ჩვენთან ყოფილი პატიმარი მოდის და ვიგებთ, რომ მას ოჯახის მხარდაჭერა არ აქვს ვცდილობთ კავშირი გვქონდეს არამხოლოდ ჩვენს ბენეფიციართან, არამედ მის ნათესავებთან, ოჯახის წევრებთანაც, რომ დავარწმუნოთ ისინი საკუთარი როლის მნიშვნელობაში. არასრულწლოვანი სასჯელმოხდილების შემთხვევაში მაგალითად გარემოცვას ხშირად გონია, რომ ისინი კრიმინალები არიან და გამოსწორება შეუძლებელია. ოჯახის მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისას გადამწყვეტია“ – ამბობს ნესტან კახაძე.

მისივე თქმით ზრდასრული ყოფილი პატიმრების შემთხვევაში ახლო ნათესავებიც კი: ბებია, ბაბუა, ბიცოლა, მამიდა – მათ ვერ იღებენ და რეაბილიტაციაში მნიშვნელოვან როლს ვერ ასრულებენ. ყოფილი პატიმრების მხარდამჭერები ამ დროს ძირითადად მშობლები ან მეუღლეები და შვილები არიან.

ნესტან კახაძე ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის" სოციალური მუშაკი

,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ბენეფიციარებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს სთავაზობენ, იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პატიმარი პასიურია და მის ოჯახში მოიძებნება წევრი, ვისაც დასაქმებაში სჭირდება ხელშეწყობა, საჭიროებს სამედიცინო მხარდაჭერას ან საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარებზე სურს დასწრება, მსგავს შემთხვევაში აქცენტი კეთდება ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრების გაძლიერებაზე, რაც ცხადია აისახება სასჯელმოხდილზეც, მათი ცხოვრების ხარისხზე.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

„აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დასრულდა

„აპოლოში“ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დასრულდა. მაყურებელს გარეთ აქციის მონაწილეები აღარ დახვედრია. „აპოლოს“ შენობასთან მხოლოდ პოლიციელები არიან, რომლებიც ტერიტორიას ნელ-ნელა ტოვებენ.

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე დღეს, 8 ნოემბერს, სამი პირი დააკავეს. პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო.

ბათუმში, კინოთეატრთან, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ, ფილმის ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

ფილმის დაწყებამდე კინოთეატრ „აპოლოში“ შემსვლელებს პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს. ისმოდა მცირე აფეთქების ხმა.

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის „აპოლოში“ და თბილისის რამდენიმე კინოთეატრში გაიმართა პრემიერა რეჟისორ ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში.

ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

„აპოლოში“ ფილმის ჩვენება 9 ნოემბერსაც გაიმართება.

 

მთავარი ფოტო: ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ „აპოლოსთან“/ 8.11.2019 / ფოტო: ჯაბა ანანიძე

 

ბათუმში “აპოლოსთან” მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავება.

საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო.

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის „აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება იმართება. კინოთეატრში შემსვლელებს აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს.

ამ წუთებში [23:00] ფილმის ჩვენების პარალელურად მიმდინარეობს აქცია. „აპოლოსთან“ მობილიზებულია პოლიცია.

ბათუმში „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციის 2 მონაწილე პოლიციაში გადაიყვანეს

 

ბათუმში „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციის 2 მონაწილე პოლიციაში გადაიყვანეს

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციის მონაწილე ორი პირი სამართალდამცველებმა პოლიციაში გადაიყვანეს. „ბათუმელებს“ ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა უთხრა. ამ დროისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ეს პირები.

ბათუმის „აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. კინოთეატრში შემსვლელებს აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს.

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის „აპოლოში“ და თბილისის რამდენიმე კინოთეატრში იმართება პრემიერა რეჟისორ ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია კინოთეატრ „აპოლოსთან“. ლელა დუმბაძე/ბათუმელები

 

ბათუმის „აპოლოში“ ფილმის ჩვენება დაიწყო

ბათუმის „აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დაიწყო. კინოთეატრთან ისევ რჩებიან ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ფილმის დაწყებამდე კინოთეატრ „აპოლოში“ შემსვლელებს პიროტექნიკა ესროლეს. ისმოდა მცირე აფეთქების ხმა.

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის „აპოლოში“ და თბილისის რამდენიმე კინოთეატრში იმართება პრემიერა რეჟისორ ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში.

ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

 

მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია ბათუმის „აპოლოსთან,“ მანანა ქველიაშვილის ფოტო

კინოთეატრში შემსვლელებს პიროტექნიკა ესროლეს – ბათუმის აპოლო

კინოთეატრ „აპოლოში“ შემსვლელებს სავარაუდოდ პიროტექნიკა ესროლეს. ისმოდა მცირე აფეთქების ხმა.

ამ დროისთვის [21:35] „აპოლოსთან“ ხმაურია . აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენებაზე მისული მაყურებლების მისამართით კვერცხებსაც ისვრიან.

დღეს ბათუმის „აპოლოში“ და თბილისის რამდენიმე კინოთეატრში რეჟისორ ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – პრემიერა იმართება

ფილმის ჩაშლას აგრესიული ჯგუფები ცდილობენ.

აჭარის პოლიციის უფროსი: ჩვენ დავიცავთ თითოეულ მოქალაქეს

2:0 – ბათუმის დინამომ ბოლნისის სიონს მოუგო

ბათუმში გამართულ ეროვნული ლიგის  34-ე მატჩი ბათუმის დინამოსა და ბოლნისის სიონს შორის, დინამოს გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:0.

პირველი გოლი პირველი ტაიმის 24-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში, თამაშის 48-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა ნავალოვსკის პასი გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმის “დინამოს” 67 ქულა აქვს და  სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა.

აჭარის პოლიციის უფროსი: ჩვენ დავიცავთ თითოეულ მოქალაქეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა, რომელიც ამ წუთებში კინოთეატრ „აპოლოსთან“ იმყოფება, ახლახანს [20:32] ჟურნალისტებთან საგანგებო განმარტება გააკეთა. პოლიციის უფროსის თქმით, ისინი უზრუნველყოფენ თითოეული იმ მოქალაქის უსაფრთხოების დაცვას, ვინც კინოთეატრში ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სანახავად მივა.

აპოლოსთან შეკრებილები არიან რადიკალური ჯგუფებიც, რომლებიც ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად იქცევიან.

დღეს ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ იმართება ფილმის პრემიერა „და ჩვენ ვიცეკვეთ“. რადიკალური ჯგუფები, როგორც თბილისში, ისე ბათუმში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებას ჩაშლიან. თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ მობილიზებულები არიან რადიკალური ჯგუფები. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც, რის შემდეგაც პოლიციამ 11 პირი დააკავა.

არიან დაშავებულებიც.

„ამირანში“ ფილმის ჩვენება მიმიდინარეობს.

ბათუმში ფილმის ჩვენება დღეს 22:00 საათზე დაიწყება. ფილმს აჩვენებენ 9 და 10 ნოემბერსაც.

აპოლოსთან დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილიც აპოლოსთან იმყოფება

ქობულეთში მერიის 4 მოხელის დაკავება დადასტურდა

ქობულეთში, სამ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები და მერიის ერთი თანამშრომელი დღეს, 8 ნოემბერს, ფინასნთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ამ უწყებაში არ აზუსტებენ, რა სამართლებრივი საფუძვლით დააკავეს მოხელეები.

„დაკავებულია ოთხი პირი აჭარის რეგიონში. ვიდრე არ დასრულდება გარკვეული პროცედურები, ვერ გავასაჯაროვებთ დეტალებს,“ – გვითხრეს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში.

რა იგულისხმება „პროცედურებში“ თუკი ადამიანებს სახელმწიფომ ბრალი უკვე წაუყენა? – პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ ამასაც ვერ გვეტყვიან.

სატელეფონო ზარს არ პასუხობს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, ასევე მისი მოადგილეები.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთში დააკავეს: ხალას რწმუნებული გიგა ცეცხლაძე, საჩინოს რწმუნებული – გენადი ბერიძე და ქაქუთის რწმუნებული – არჩილ მართალიშვილი, ასევე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი – ავთანდილ ნემსიწვერიძე. წყაროს ინფორმაციით, ბრალდებულებს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. საქმე ეხება იმ პროექტს რომელიც ამ სოფლებში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას ითვალისწინებს.

ჭვანის ხეობის ფოლკლორი ბათუმში

ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა ჭვანის ხეობის ფოლკლორულ საღამოს „ჭვანა – ერთი ხეობის ფოლკლორი“ უმასპინძლა. გამოფენა-კონცერტზე 1930-იან, 1950-იან და 1970-იან წლებში ჭვანის მუსიკალურ ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდა. ღონისძიება ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაციით გაიხსნა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინა ზოიძემ, საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმა გააცნო, რაც ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

მუსიკალური ცენტრის ფოიეში გამოფენილია ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები.

დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე გამოავლინეს და დააჯილდოვეს საპატიო ჭვანელები:

„საპატიო ჭვანელის ტიტული ჭვანის ანსამბლის ხელმძღვანელ ტარიელ ბოლქვაძეს გადაეცა, რომელმაც ანსამბლისთვის 10 000-ლარიანი დაფინანსება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო. საპატიო შუახეველის ტიტული კი ნოდარ ქათამაძემ მიიღო. საღამო  „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო  მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარდა“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა ჭვანის ხეობის ფოლკლორულ საღამოს გუშინ, 7 ნოემბერს უმასპინძლა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“… კინოთეატრ აპოლოსთან [ფოტო]

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ უკვე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. გამოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებიც ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. კინოს ჩვენება დღეს, საღამოს ათზეა დაგეგმილი. ფილმს აჩვენებენ 9 და 10 ნოემბერსაც. სამივე სეანსზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

„პოლიცია დაიცავს ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, მაქსიმალურად დაცული იყოს მართლწესრიგი. ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში იქნება ადეკვატური რეაგირება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კოტე ანანიაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.

ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ რადიკალური ჯგუფები, რასაც ორგანიზებას უწევს „ქართულ მარში“ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ფილმის ჩვენების ცალკეული პირები აპროტესტებენ ბათუმშიც.

„ჩვენ მშვიდობიანი ფორმით გავაპროტესტებთ ფილმის ჩვენებას. პროტესტი გამოიწვია იმ თემატიკამ, რომლითაც არის ეს ფილმი გადაწყვეტილი – ეს არის ტრადიციული, ერის საკუთრება თემატიკა. ეს არის ეროვნული ცეკვა, სამოსი, ეს ერს ეკუთვნის და არა კონკრეტულ ადამიანებს,“ – აცხადებს ვატო ნებუნიშვილი. ეს ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გააპროტესტებს. ვატო ნებუნიშვილის თქმით, ის არც ერთ მოძრაობას ან ორგნიზაციას არ წარმოადგენს და მასთან ერთად აქციაზე სხვებიც მივლენ.

კინოთეატრ „აპოლოსთან“ დაახლოებით 100 პოლიციელია მობილიზებული

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიართემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე.

აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილიც „აპოლოსთან“ იმყოფება
კინოთეატრ „აპოლოს“ შესასვლელში დადგმულია დეტექტორები. აქამდე მსგავსი დაცვა კინოთეატრს არ ჰქონია
„აპოლოში“ ფილმის ჩვენებისთვის მზად არიან

„აპოლოსთან“ დაახლოებით 100 პოლიციელი იმყოფება

პოლიციელები „აპოლოსთან“

1905 წელს აშენებული სახლი ბულვართან, რომელშიც წვიმს

ბათუმში, თავდადებულის #1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჟონავს. მოიშალა ჭერი, კედლები, ამორტიზებულია სადარბაზოს შესასვლელი კარი. ამ სახლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აცნობიერებენ ძეგლის მნიშვნელობას და არ ითხოვენ მკვეთრ ჩარევას, ისინი ბათუმის მერიისგან ელიან სახურავის შეკეთებას.

„გამოგვიცვალონ სადარბაზოს კარი, რადგან სპეციფიკური კარია და ძვირია, ჩვენ ვერ გავწვდებით. შიდა ინტერიერს მივხედავთ ჩვენი სახსრებით, რა თქმა უნდა, სააგენტოსთან შეთანხმებით“, – ამბობს აქ მცხოვრები თამარ ქრილოვია.

ბათუმი, თავდადებულის #1

 

ორი ქუჩის გასაყარზე მდგარი ეს სახლი 1905 წელს აშენდა, თავიდან  ერთსართულიანი ყოფილა, მოგვიანებით, სავარაუდოდ 1930-იან წლებში, სახლს მეორე სართული დააშენეს. სპეციალისტების შეფასებით, „დაშენება კორექტულად არის გაკეთებული“ და იგი პირველი სართულის ფასადების დანაწევრების სქემას იმეორებს: „მის შედეგად სახლი უკეთ მოერგო ქუჩის საერთო მასშტაბს.“

მცირე მასშტაბის მიუხედავად, შენობას არსებითი როლი აქვს სანაპირო ბულვარისა და მის გასწვრივ მდებარე სკვერის მიმდებარე განაშენიანების სახის შექმნაში. ამგვარი მდებარეობა უზრუნველყოფს შენობის კარგ ხილვადობასა და ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობას.

შენობა XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლის კარგი ნიმუშია – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია და მას ხელყოფისგან კანონი იცავს.

აქ მცხოვრებლები კი სახლის ბუნებრივი მოვლენებისგან დაცვას ითხოვენ: „ბათუმის ძლიერ წვიმას სახურავი უკვე ვეღარ უძლებს“.

ამ სახლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ლალი ხმალაძემ სადარბაზოს კარის რეაბილიტაციის პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართა, სააგენტომ პროექტი შეითანხმა.

სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის დოკუმენტი კარის რეაბილიტაციაზე

კარის რეაბილიტაციისთვის აქ მცხოვრებლები მერიის პროგრამაში ითხოვდნენ ჩართვას, რომელიც ბათუმში სადარბაზოების კარის თანამონაწილეობით შეცვლას ითვალისწინებდა, თუმცა უარი მიიღეს. მოქალაქეების თქმით, სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის დოკუმენტი მათ მერიაში მიიტანეს და წესის სრული დაცვით ჩააბარეს.

ისინი მერიისგან ელიან დახმარებას სახურავის შესაკეთებლადაც.

ანაიდა ალხაზაშვილი გვაჩვენებს ოთახის ჭერს, რომელიც მაშინ ჩამოინგრა, როცა ამ ოთახში ოჯახის წევრებს ეძინათ

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში კი საპირისპიროს აცხადებენ: თუ თავდადებულის #1-ში მცხოვრებთ კარის რეაბილიტაციაზე სააგენტოს თანხმობა აქვთ, ის უნდა წარუდგინონ მერიას. „შემდეგ ამ საკითხს განიხილავენ და, სავარაუდოდ, პროგრამაში ჩავსვამთ კიდეც. რაც შეეხება სახურავს, ვერ განვიხილავთ, რადგან შენობა ძეგლია.“

რაც შეეხება სახურავის გამოცვლის საკითხს, სახურავის გამოცვლაზე თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა გასცეს, ამავე სააგენტომ უნდა გამოაცხადოს ტენდერი რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზეც.

 

მარიხუანა, ჰაშიში, ჰეროინი, კოკაინი – ქვეყანაში 4 წელში 2 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს

2015-2018 წლებში საქართველოში უკანონო ბრუნვიდან 2 ტონაზე მეტი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და 40 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებებია ამოღებული.

ეს სტატისტიკა ასახულია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომლითაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 55 000 ე.წ. ინექციური ნარკოტიკების [პრობლემური] მომხმარებელია.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 2015-2018 წლებში უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია:

[crosslist]

  • მარიხუანა და ჰაშიში – 279,8 კილოგრამი,
  • კანაფი [მცენარე] – 1,56 ტონა,
  • ჰეროინი – 111,6 კილოგრამი,
  • ბუპრენორფინი – 40 199 აბი,
  • კოკაინი – 28,7 კილოგრამი,
  • კოდეინი – 7,54 კილოგრამი,
  • მორფინი – 172,7 გრამი,
  • სხვა ნარკოტიკები – 109,4 კილოგრამი.

[/crosslist]

ასევე ამოღებულია:

[crosslist]

  • ფსიქოტროპული ნივთიერებები – 27,3 კილოგრამი;
  • ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები – 10,4 კილოგრამი.

[/crosslist]

შსს-ს მონაცემები [ექსპერტიზის შედეგად დადგენილი სუფთა წონები] / წყარო: მთავრობის განკარგულება
ამავე წლებში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების დამზადებასთან, წარმოებასთან, გასაღებასთან და საზღვარზე გადატანასთან დაკავშირებული დანაშაულების 3 020 სავარაუდო ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც 332 პირი იქნა მსჯავრდებული.

მთავრობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს განხორციელდა მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია, ხოლო 2018 წლიდან 5 გრამამდე მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება გახდა ნებადართული, თუმცა „ნარკოტიკებზე მოთხოვნის დონეზე ამ ცვლილებების გავლენა ჯერჯერობით უცნობია“.

„მიმდინარეობს მუშაობა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნაზე, რომელიც ნარკოტიკების უკანონო მოხმარების და ბრუნვის მონიტორინგს განახორციელებს… საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა რისკ-ფაქტორია ნარკოტიკების საერთაშორისო ტრანზიტის კუთხით. 2014 წლიდან მოქმედებს ნარკოტრანზიტის პრევენციის ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში შემომავალი ტვირთების და გადამზიდავი კომპანიების მონიტორინგს ახორციელებს ნარკოტიკების ტრეფიკინგის ნიშნების აღმოსაჩენად… საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს ფოთის პორტში ამოღებულ იქნა ავღანეთში ჰეროინის წარმოებისთვის განკუთვნილი 15 ტონა პრეკურსორი [ძმარმჟავას ანჰიდრიდი]“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამ თემაზე:

რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს

 

პროკურატურამ მუხრან ვახტანგაძე მოქალაქის გინების და მუქარის საქმეზე გამოკითხა

„მიმდინარეობს გამოძიება. მუხრან ვახტანგაძე გამოკითხულია,“ – გვითხრეს პროკურატურაში „მოქალაქის ცემის და გინების საქმეზე“. მოქალაქე მერაბ ღოღობერიძის თქმით, მას 25 ოქტომბერს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ ტელეფონზე დაურეკა, აგინა და დაემუქრა.

მერაბ ღოღობერიძემ პროკურატურას მიმართა დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღია. მერაბ ღოღობერიძემ ფეისბუქლაივში ჩართო სატელეფონო საუბარი დეპუტატთან, რომელიც მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ იგინებოდა უშვერი სიტყვებითა და ქუჩური ტერმინოლოგიით.

გამოძიება 26 ოქტომბერს მუქარის მუხლით დაიწყო.

შსს აცხადებს, რომ სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ იქნება მკაცრი

ცოტა ხნის წინ შს სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი გამართა. უწყების გზავნილი იყო, რომ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მიმართ სამინისტრო იქნება მკაცრი.

სამინისტრო ასევე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მისთვის პრიორიტეტულია გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

საქმე იმაშია, რომ დღეს ბათუმსა და თბილისის კინოთეატრებში იგეგმება რეჟისორ ლევან აკინის ფილმის ჩვენება – „და ჩვენ ვიცეკვეთ“. ექსტრემალური ჯგუფები აცხადებენ, რომ ჩაშლიან ფილმების ჩვენებას.

სამინისტროს დღევანდელი განცხადება სწორედ ამ ფილმის ჩვენებას უკავშირდება. აქვე გთავაზობთ უწყების განცხადების სრულ ვერსიას:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ქვეყანაში უსაფრთხო და ტოლერანტული გარემოს შექმნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნისა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი და სამართლიანი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის პარალელურად, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“.

რატომ ვერ შეარჩია ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკები – მინისტრის მოადგილის განმარტება

ბათუმში სოცმუშაკის 6 ვაკანსიაა. ამ ვაკანსიების შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში ჯანდაცვის სამინისტრომ ვერავინ შეარჩია. ვაკანსიების რაოდენობა ამ სისტემაში გაფიცვების შემდეგ გაიზარდა, როცა რამდენიმე სოცმუშაკმა სამსახური დატოვა. სამინისტრო ხელახალი კონკურსის გამოცხადებამდე სოცმუშაკების „ტრეფიკინგის ფონდში“ გადაყვანას აპირებს.

„რომ ვერ აიყვანეს ახალი თანამშრომლები, ადასტურებს იმას, რომ რთული სამუშაო პირობებია და სოცმუშაკობა არავის სურს,“ – ამბობენ სოციალური მუშაკები, რომლებიც საყოველთაო გაფიცვების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდნენ. სოციალურად დაუცველ თუ ძალადობის მსხვერპლ ადამიანებთან, ბავშვებთან ამ ეტაპზე ბათუმში 13-ს ნაცვლად სულ 7 სოცმუშაკი მუშაობს. ერთ-ერთი მოთხოვნა, რის გამოც ისინი გაიფიცნენ, საქმეების სიმრავლე იყო – დაახლოებით 50 საქმე თითო სოცმუშაკს და „ზრუნვა ცარიელი ხელებით“, ანუ შესაბამისი სახელმწიფო სერვისების არქონა.

გაფიცვის შემდეგ ბათუმში სოცმუშაკის პოზიცია კონკრეტულად სამმა ადამიანმა დატოვა. სოცმუშაკების თქმით, მათ რეალობაში ახლა ის შეიცვალა, რომ სამსახურიდან წასული მუშაკების საქმეებიც მათ გადაუნაწილეს.

„დაახლოებით 15-20 საქმით მეტი საქმე აქვთ ახლა. ჩვენ ველოდებით რეორგანიზაციის დასრულებას, გვპირდებიან სოციალური სერვისების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებასაც. ჩვენ ველოდებით გასაუბრებას სამინისტროში…“ – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა სოცმუშაკმა, ნინო ცეცხლაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია ჯერ არ დაწყებულა. აქ დაგვიდასტურეს ის, რომ სამინისტრო საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს, რომელიც ჯერ პარლამენტში შეტანილი არ არის, თუმცა მისი მიღების შემთხვევაში, სოცმუშაკები „ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდში“ გადავლენ სამუშაოდ. ეს ფონდიც ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ამ დრომდე სოცმუშაკები სახელმწიფო მზრუნველობის და მეურვეობის დეპარტამენტში მუშაობენ, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ექვემდებარება. სააგენტოც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია.

„დაგეგმილია „ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ფონდის“ მანდატის გაზრდა, რადგან მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის და ამ ფონდის ფუნქციები იდენტურია… ეს სსიპ-ი ორიენტირებული იქნება სოციალური მუშაკების მხარდაჭერაზე, ასევე სოციალური სერვისების გაძლიერებაზე, მათ შორის, რეგიონებში“, – გვითხრა თამილა ბარკალაიამ, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

კონკრეტიკაზე მინისტრის მოადგილე ჯერ არ საუბრობს. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა.

რას გულისხმობს „სოცმუშაკების მხარდაჭერა“ და „სერვისების გაძლიერება“? – თამილა ბარკალაიამ აქცენტი სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობასა და მათ პროფესიულ გადამზადებაზე გააკეთა. მან აღნიშნა ისიც, რომ სოცმუშაკის შრომის ანაზღაურება მომავალი წლიდან 1200 ლარამდე გაიზრდება.

რატომ ვერ შეარჩია სამინისტრომ ახალი სოცმუშაკები იმ ვაკანსიებზე, რომლებიც, მაგალითად, ბათუმში არსებობს? – მინისტრის მოადგილის მტკიცებით, სოცმუშაკობის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ ისინი „მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდნენ“.

„ყველა ის ვაკანსიაზე, რომელიც არსებობს დღეს, ხელახლა გამოცხადდება კონკურსი ამ გაერთიანების შემდეგ… გადაიხედება მოთხოვნები, რაც იყო გაწერილი ამ ვაკანსიებზე. ვაკანსიები დაიდება და აქტიურად დავიწყებთ შესაბამისი კადრების მოძიებას,“ – უთხრა თამილა ბარკალაიამ „ბათუმელებს“.

„ანუ მოთხოვნებს შეარბილებთ?“ – ვკითხეთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს.

„არა, კი არა შევარბილებთ, დავაკორექტირებთ,“ – გვიპასუხა მან.

თამილა ბარკალაია

თამილა ბარკალაია განმარტავს, რომ კანონი ჯერ კიდევ იძლევა შესაძლებლობას სოცმუშაკად იმუშაოს „მონათესავე პროფესიის“ ადამიანმა შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ და ამ ვაკანსიებზეც საკონკურსო მოთხოვნები შეიცვლება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჩვენ ასევე ვკითხეთ ფსიქოლოგიური სერვისის არქონაზე, მაგალითად, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. „ბათუმელები“ 2 ნოემბერს წერდა გოგოზე, რომელიც 8 წლის ასაკში გახდა ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფო კი, მას ფსიქოლოგთან რეაბილიტაციის კურსს ვერ სთავაზობს.

„უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური სერვისების სტანდარტი. განიხილება ასეთი სერვისების შექმნა ან დაკონტრაქტება. ჩვენ ვაპირებთ ფსიქოლოგების დამატებას, თუმცა სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, შესაძლებელი იქნება ამ სერვისების შესყიდვა,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ „ბათუმელებთან“.

მთავარი ფოტო: ბათუმელი სოციალური მუშაკების გაფიცვა, 2019 წლის მარტი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

9 ნოემბერს „მედალფა“ ბათუმში მოქალაქეებს უფასოდ გასინჯავენ

ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ ინფორმაციით, ხვალ 9 ნოემბერს, ბათუმში „ავერსის კლინიკა“ აწყობს უფასო გასინჯვების აქციას მოსახლეობისთვის. აქციის ფარგლებში ბათუმში ჩამოდიან კლინიკის შემდეგი სპეციალობის წამყვანი ექიმები: კარდიოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი, ენდოკრინული ქირურგი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი.

„ბარიატრიულ და პლასტიკურ ქირურგებთან აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 032 2 500 700“, – წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე კლინიკის ინფორმაციით, „მედალფას ბათუმის კლინიკაში“ ნოემბრის თვეში გამოცხადებულია 25%-იანი ფასდაკლება ყველა ტიპის ამბულატორიულ სერვისზე, რაც ეხება როგორც ექიმებთან კონსულტაციებს, ასევე ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს: კომპიუტერული ტომოგრაფია, ციფრული რენტგენი, ექოსკოპია, გასტროფიბროსკოპია, კოლონოსკოპია და სხვა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის სოციალური აქციები უკავშირდება ჰოსპიტალური ქსელის მფლობელი კომპანიის -„ავერსის“ 25 წლის იუბილეს.

ჩინეთში ,,შუა დერეფნის“ განვითარების შესაძლებლობები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ვიზიტით ჩინეთში იმყოფება,  ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს, ლი სიაოპენგს შეხვდა. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე. მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო კავშირების, მათ შორის ,,ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის განვითარების საკითხებს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებულია სარკინიგზო – მულტიმოდალური გადაზიდვების შემდგომი განვითარებითა და  ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის (Middle Corridor) გავლით რეგულარული ბლოკ – მატარებლების ინტენსივობის გაზრდით. ამ მხრივ ლიანიუნგანგის პორტიდან სტამბულის მიმართულებით რეგულარული მატარებლის მიმოსვლის დაწყება, შუა დერეფნის განვითარების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია. 

იმ ღონისძიებებზე საუბრისას, რაც შუა დერეფნის პოპულარიზაციის მიმართულებით ხორციელდება, ყურადღება გამახვილდა უკრაინასთან პირდაპირი საკონტეინერო გემის მიმოსვლის დაწყებაზე, რაც საქართველოს რკინიგზის ინიციატივით განხორციელდა ისევე როგორც კონსტანცასა (რუმინეთი)  და ბათუმის პორტებს შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის დაწყება.  

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობების გაზრდაზე აქტიურად იმუშავებს.

10 წელი ვიყავი პატიმარი, მაგრამ ვიცოდი, გათავისუფლების შემდეგ რას გავაკეთებდი

საპატიმროში გიორგი აზნაუროვმა თითქმის ათი წელი გაატარა. თავისუფლების მრავალწლიანი აღკვეთის შემდეგ, ძირითადად, გარემოსთან ადაპტაცია ძალიან უჭირთ, თუმცა გიორგი ამ მხრივ გამონაკლისია. როგორც გვეუბნება, მისი წინაპრები დურგლები იყვნენ და გათავისუფლების შემდეგ თავადაც ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. საკუთარ სახლში ხის სახელდახელო საამქრო მოაწყო, მართალია, ოზურგეთში, სადაც ის ცხოვრობს ხის ავეჯს იშვიათად ყიდულობენ, მაგრამ როგორც თავად ამბობს, „როგორღაც ერგება ბაზარს“.

,,გათავისუფლების შემდეგ ბევრი რამ ვცადე. მოცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვაც, მაგრამ თბილისში ოთხჯერ ჩავედი და ჩამოვედი, უამრავი ხარჯი მქონდა. შევამოწმებინე ნიადაგიც – მოცვისთვის იდეალური აღმოჩნდა. თუმცა როგორც თქვენთან არავინ მოსულა და არ მოუცია ნერგები, ისე არ მოუცია ჩემთვისაც არავის არაფერი. არც ტრენინგები ჩამტარებია, მოცვისთვის როგორ მომევლო და გამეხარებინა“, – ყვება გიორგი.

მერე „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ შესახებ შეიტყო და ,,გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“ მიმართა. აქ მას ხის სახელოსნოსთვის საჭირო ხელსაწყო შეუძინეს, მერე საამქრო გააფართოვა, სახლიდან სხვაგან გადაიტანა და ,,დემოკრატიის ინსტიტუტისგან“ ხელსაწყოების შესაძენად განმეორებითაც დააფინანსეს.

,,სამსახურის ძიებისას გათავისუფლების შემდეგ ვიგრძენი – ყოფილ პატიმრებს საზოგადოების ძირითადი ნაწილი საეჭვოდ და არასრულფასოვნად თვლის. მე ალბათ იმიტომ გამიმართლა, რომ ყველაფერი ,,წამოვიღე“ ციხიდან, რაც შეიძლებოდა: ბევრს ვკითხულობდი, ვვარჯიშობდი, სარეაბილიტაციო პროგრამებშიც ჩავერთე და არ მოვეშვი, თითქმის ათი წელი ვიყავი პატიმარი, მაგრამ ვიცოდი, გათავისუფლების მერე რას გავაკეთებდი.

2013 წლიდან საპატიმროში უკვე იგრძნობოდა, რომ პატიმრების გათავისუფლების შემდგომ ცხოვრებაზეც დაიწყო შედარებით სისტემამ ფიქრი“, – ამბობს გიორგი აზნაუროვი.

ოჯახში მხოლოდ თვითონაა დასაქმებული, პენსიონერი დედა, მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. 6 ჰექტარ მიწას, როგორც თავად ამბობს, ოზურგეთში ვერ იყენებს.

„ექვსიდან ერთ ჰექტარზე თხილი მაქვს გაშენებული, მაგრამ ვერ ვსარგებლობ, მოგება ამისგან აღარ გვაქვს ფაროსანას შემოტევის შემდეგ. ფაროსანას რაოდენობა შემცირდა, ახლა რაღაც სხვა დაავადება გაუჩნდა და მოსავალი ვერ მივიღე ისე, რომ მოგება მქონოდა. ტყუილად შრომა გამომდის. სოფლებში არც სპეციალისტები არიან, აზრი რომ ჰკითხო, რას როგორ უწამლო“, – გვიყვება ყოფილი პატიმარი.

გიორგი აზნაუროვის მსგავსად „დემოკრატიის ინსტიტუტის“ „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ორი წლის განმავლობაში არაერთი ბენეფიციარი ჩაერთო, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ისინი სხვადასხვა სერვისით სარგებლობენ, მათ შორის იურიდიული, სამედიცინო მხარდაჭერით, დასაქმების ხელშემწყობი პროგრამებითა და შემეცნებით-კულტურული ღონისძიებებით.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

Exit mobile version