მთავარი,სიახლეები

უხარისხო ტუალეტი და 600 ლარი ქრთამი – ქობულეთის მერის წარმომადგენლების საქმე

11.11.2019 • 2080
უხარისხო ტუალეტი და 600 ლარი ქრთამი – ქობულეთის მერის წარმომადგენლების საქმე

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ქობულეთში დაკავებულ სამ საჯარო მოხელეს. გირაოთი მხოლოდ ავთანდილ ნემსიწვერიძე გაათავისუფლეს, რის მიზეზადაც მოსამართლემ ბრალდებულის ასაკი [68 წელი] და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 11 ნოემბერს გაიმართა.

“300 ხელმოწერა გვაქვს სოფლიდან. ისინი ადასტურებენ, რომ მათი სოფლის გამგებელი კეთილსინდისიერია,” – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ადვოკატმა ილია წულუკიძემ. იგი ქობულეთში 8 ნოემბერს დაკავებული საჯარო მოხელეებიდან ერთ-ერთის – გიგა ცეცხლაძის ინტერესებს იცავს.

გიგა ცეცხლაძე ქობულეთის მერის წარმომადგენლად მუშაობდა სოფელ ხალაში. მას გამოძიება ქრთამის – 600 ლარის აღებას ედავება. პროკურატურის ვერსიით, სოფლის გამგებელმა ჩაქვისთავში საპირფარეშოს “ნაკლები მასალებით და მოცულობით” აშენებაზე დახუჭა თვალი.

გიგა ცეცხლაძესთან ერთად გამოძიებამ 8 ნოემბერს ქობულეთში კიდევ სამი საჯარო მოხელე დააკავა.

“ჩვენ პარლამენტარი მოვიყვანეთ თავდებად,” – განაგრძო ადვოკატმა ილია წულუკიძემ და მოსამართლეს ხელით მიუთითა დარბაზის იმ ნაწილისკენ, სადაც საქართველოს პარლამენტის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი – კობა ნაკაიძე იჯდა. მან მოსამართლეს თავდებობაზე თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.

“აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძეცაა თანახმა თავდებობაზე. ის დღეს აქ არ არის,” – დასძინა ილია წულუკიძემ.

პროკურატურის ვერსიით, ოთხივე ბრალდებულის შემთხვევაში, სამუშაოები სოფლად “The independent bussines group”- ს უნდა შეესრულებია ტენდერის პირობების შესაბამისად. ოთხივე შემთხვევაში ამ კომპანიის წარმომადგენელი – ბადრი ჭიპაშვილი ფიგურირებს, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფლის რწმუნებულებმა ფული მოსთხოვეს, ხოლო ერთ-ერთ მათგანს ფული გადასცა და თან ფარულად ვიდეოც გადაუღო.

“ამ ბადრი ჭიპაშვილმა საკუთარი თაღლითობის დაფარვის მიზნით დაადანაშაულა საჯარო მოხელეები,” – აღნიშნა ადვოკატმა ილია წულუკიძემ.

იგივე მოსაზრება სხვა ადვოკატებმაც გაიზიარეს. მაგალითად, მზექალა ზოიძე მიიჩნევს, რომ ეს “დადგმული სცენა” იყო და ქრთამის ამღები რომ ყოფილიყო საჯარო მოხელე, ” სახლი გასარემონტებელი არ ექნებოდა”.

მზექალა ზოიძე გენადი ბერიძის ინტერესებს იცავს, რომელიც მერის წარმომადგენელი სოფელ საჩინოში იყო. გამოძიების ვერსიით, მან კომპანიის წარმომადგენელს – ბადრი ჭიპაშვილს ქრთამის, 500 ლარის სანაცვლოდ საკუთარი სახლის ეზოში ბეტონის დასხმა მოსთხოვა.

ამ შემთხვევაში დავის საგანი სალექციო დარბაზია, რომლის სრულყოფილი რეაბილიტაცია სოფელ ქვედა აჭყვაში არ განხორციელებულა. ამ სოფლის რწმუნებულიც გენადი ბერიძე იყო.

“კადრებიდან ჩანს, როგორ უხეშად აბამს დანაშაულში გენადი ბერიძეს. ამ ბადრიმ  ფაქტობრივად სარემონტო სამუშაოებზე კი არა, ამათ დაკავებაზე იმუშავა,” – დაამატა ადვოკატმა მზექალა ზოიძემ.

დუმილის უფლება შეინარჩუნა არჩილ მართალიშვილმაც. იგი მერის რწმუნებული სოფელ ქაქუთში იყო. ამ შემთხვევაშიც დავის საგანი საზოგადოებრივი ტუალეტია, რომლის მშენებლობასაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული “უმიზეზოდ იწუნებდა”, შემდეგ კი, ქრთამი – 500 ლარი მოითხოვა.

გამოძიების მტკიცებით, მერიის წარმომადგენლები ინსპექტორების ჯგუფში იყვნენ და როცა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე “ეკონომია გაკეთდა”, ამის შემდეგ ბრალდებულებს მიღება-ჩაბარების აქტებზე აღარ უნდა მოეწერათ ხელი.

“ეს ბრალი დაუსაბუთებელი და უკანონოა,” – მიმართა ადვოკატმა დავით საფარიძემ მოსამართლეს. მას არ დაუკონკრეტებია, რა არის უკანონო.

გამოძიების ვერსიით, ყველაზე მეტი ქრთამის სახით – 1000 ლარი ავთანდილ ნემსიწვერიძეს აუღია. იგი ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტია. საქმეში დევს ნემსიწვერიძისგან თანხის აღების ამსახველი ვიდეო კადრებიც.

“სადმე ისმის ამ ჩანაწერში მიღება-ჩაბარება, ან დაპირება, რომ ხელს მოუწერს? – არ ისმის. მან ფული მისცა, როგორც კაცმა კაცს. კაცი ვარ და პატივს გცემო,” – თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. იგი ავთანდილ ნემსიწვერიძის ინტერესებს იცავს.

ამ ადვოკატმა აქცენტი მთავარ მოწმეზე გააკეთა, ანუ კომპანიის წარმომადგენელ ბადრი ჭიპაშვილზე, რომელიც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არ ამბობს, რომ ნემსიწვერიძემ მას ფული მოსთხოვა.

“აქ წერია, რომ პირიქით, მან შესთავაზა 1000 ლარი, რაზეც ნემსიწვერიძე დამთანხმდაო… პროკურატურამ მიზანმიმართულად დაამახინჯა ეს ფაქტი, რომ საზოგადოებრივი განწყობა შექმნას,” – აღნიშნა რამინ პაპიძემ.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც ადვოკატმა ისაუბრა, ავთანდილ ნემსიწვერიძის თანამდებობაა.

“პროკურორმა აქ გააჟღერა, რომ ავთანდილ ნემსიწვერიძე მერიის კონტროლის და ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ეს სიცრუეა. აი, დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ ავთანდილ ნემსიწვერიძე მხოლოდ ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა,” – მომართა მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ და ის ოფიციალური დოკუმენტი ამოიღო საქმიდან, რომლის მიხედვითაც კონტროლის ჯგუფს ქობულეთის მერის მოადგილე – ლევან ზოიძე ხელმძღვანელობდა.

ლევან ზოიძე ან ქობულეთის მერიის სხვა მაღალჩინოსნები დღევანდელ პროცესს არ დასწრებიან.

რატომ გადაწყვიტა პარლამენტის წევრმა – კობა ნაკაიძემ ბრალდებულების მხარდაჭერა და ერთ-ერთი მათგანისთვის თავდებობაც?

“მე მჯერა მათი უდანაშაულობის… ვიცნობ მრავალი წელია,” – უთხრა “ბათუმელებს” პარლამენტის წევრმა, კობა ნაკაიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე. მან ასევე დაგვიდასტურა ის, რომ ბრალდებული, ვისაც იგი თავდებად დაუდგა, პოლიტიკური აქტივისტი იყო “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

რატომ არ დადგა იმ კომპანიის პასუხისმგებლობა, რომელმაც ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები სრულყოფილად ვერ შეასრულა? – ჩვენს ამ შეკითხვას სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ მოკლედ უპასუხა: “გამოძიება გრძელდება”.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: