მთავარი,სიახლეები

რა ღირს ბათუმში ვერტმფრენით გასეირნება

03.06.2018
რა ღირს ბათუმში ვერტმფრენით გასეირნება

3 ივნისს ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამ სეზონზე ტურისტებს ბათუმში არაერთი გასართობი ელოდებათ. კარგად ცნობილი იახტების, სკუტერების, საცურაო ბანანების, ველოსიპედების, ბულვარში სასეირნო ელექტრო მანქანებისა და კვადროციკლების გარდა, ბათუმში ჩამოსული დამსვენებელი შეძლებს ვერტმფრენითაც გაისეირნოს.

თუ ვერტმფრენით გასეირნებას გადაწყვეტთ, ამისთვის მინიმუმ 250 ლარი დაგჭირდებათ. სწორედ ამდენი ღირს ვერტმფრენით 3 წუთით ბათუმის სანაპირო ზოლის დათვალიერება, ახალი ბულვარის ბოლოდან რესტორან „სანრემომდე“ მონაკვეთში. ამ ფასად გასეირნება შეუძლია როგორც ერთ, ისე 5 ადამიანს ერთად.

ვერტმფრენით გასეირნების სერვისს ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ერთ-ერთი კანადური კომპანია სთავაზობს. ისინი მოქალაქეებს ამ ეტაპზე ორი ვერტმფრენით ემსახურებიან. ვერტმფრენი ახალ ბულვარში არსებულ პირსზე დგას დილიდან საღამოს 7 საათამდე. საღამოს 8 საათიდან კი ვერტმფრენებს ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე აჩერებენ.

კომპანიაში ამბობენ, რომ გასეირნებისთვის მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ, დეტალურ ინფორმაციას კი ადგილზე მიიღებენ.

ბათუმის სანაპიროზე ვერტმფრენით გასეირნება 3-4-6 და 10 წუთით არის შესაძლებელი. ფასებიც შესაბამისია, მაგალითად, 10 წუთით გასეირნება 850 ლარი დაგიჯდებათ, მიუხედავად იმისა ვერტმფრენში ერთი კაცი ჩაჯდება, ორი, თუ მაქსიმუმ ხუთი. კომპანიაში გვითხრეს, რომ უშუალოდ ბათუმის [ქალაქის] თავზე ფრენა აკრძალულია, თუმცა სანაპირო ზოლიდან მთელი ქალაქი ჩანს ზემოდან.

მსურველებს ვერტმფრენით სხვადასხვა ტურებსაც სთავაზობენ ბათუმიდან: ქობულეთი [ფრენა 20 წუთი, ბათუმი-ქობულეთი-ბათუმი], ქედა, ხულო, გოდერძი [60 წუთი], ბეშუმი, ბახმარო [60 წუთი], ქუთაისი, ზუგდიდი, მესტია [150 წუთი].

ფასები 700 აშშ დოლარიდან [ექვივალენტი ლარში, ქობულეთის ტური] იწყება და 5250 დოლარამდე ადის [ექვივალენტი ლარში, მესტიის ტური].

შვეულმფრენი ბათუმის პლაჟზე / 2.06.2018 /

შვეულმფრენი ბათუმის პლაჟზე / 2.06.2018 /

შვეულმფრენი ბათუმის პლაჟზე / 2.06.2018 /

შვეულმფრენი ბათუმის პლაჟზე / 2.06.2018 /

შვეულმფრენი ბათუმის პლაჟზე / 2.06.2018 /

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: