5 ახალი შემთხვევა სოფელ ლეღვაში – ინფიცირებულია 2 ბავშვი

ახლახან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხუთივე მათგანი ეგრეთ წოდებულ ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. ქობულეთის კლასტერში ინფიცირებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.

აქამდე ლეღვაში კიდევ 2 შემთხვევა იყო დადასტურებული.

ინფიცირებულებს შორის ორი ბავშვია. ერთი ბავშვი ერთწლამდეა და მას დედასთან ერთად გადაიყვანენ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ დედა-შვილს, პირველადი მონაცემებით, მსუბუქი რესპირაციული ჩივილები აქვთ.

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, დღეს 26 პირი იყო მოთავსებული.

დღეს, 20:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 266 პირი იყო ინფიცირებული. 20:30 საათის მდგომარეობით, ინფიცირებულთა რაოდენობა 272-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 67, გარდაიცვალა -3 პირი.

მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარს გადაუხდის – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარი გადაეცემათ მთავრობისგან.

ამის შესახებ ინფორმაცია სავალუტო ფონდის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. IMF-ი ხაზს უსვამს, რომ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს, თუმცა როგორც ცნობილია, ასეთი გეგმის შესახებ საქართველოს მთავრობას ჯერ არაფერი განუცხადებია. „ნეტგაზეთი“ მთავრობას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განცხადებას ხვალ გააკეთებენ.

IMF-ის ვებგვერდზე კი წერია, რომ სუბსიდია მათ შეეხებათ, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და შეწყვიტეს კრიზისის გამო. თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ბუნდოვანია, როგორ მოხვდებიან ამ სქემაში თვითდასაქმებულები. ამავე ინფორმაციის თანახმად, სუბსიდიას მიიღებენ ის ბიზნესებიც, რომლებიც თანამშრომლებს შეინარჩუნებენ.

“ასევე, მთავრობა სუბსიდირებას გაუწევს 9 ძირითადი პროდუქტის იმპორტს (ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო, წიწიბურა). გარდა ამისა, შექმნის აღნიშნული სურსათის მარაგს, რომლის ღირებულებაც 50 მილიონი ლარი იქნება. მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემის შექმნას, რათა ხელი შეუწყოს COVID-19-ის პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენას”, – წერია IMF-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, IMF-ს ჩამოთვლილი აქვს ის ღონისძიებები, რომლებიც მთავრობამ უკვე განახორციელა ან დააანონსა, მათ შორის, გარკვეული გადასახადების დროებით შეჩერება ბიზნესის ნაწილისთვის, კომუნალური გადასახადების სუბსიდია მათთვის, ვინც 200 კილოვატზე ელექტროერნგიასა და 200 კუბურ მეტრ გაზზე მეტს არ მოიხმარს და ა.შ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში ასევე მოხსენიებულია ის ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ და ამ დრომდე გაატარა, როგორიცაა: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, გარკვეული რეგიონების საკარანტინო სივრცეებად გამოცხადება და მათი ჩაკეტვა, ასევე, სასწავლო პროცესის შეჩერება და საზღვრების ჩაკეტვა.

სოციალური დისტანციის დარღვევისა და 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო 16 მოქალაქე დააჯარიმეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 104 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 16 მოქალაქე დააჯარიმეს.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 4 ფიზიკური პირი, ხოლო თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 9 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

შს სამინისტროს პრესრელიზში არ არის აღნიშნულა, დააჯარიმეს თუ არა ვინმე ეკლესიაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური დისტანციის დარღვევისა და 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო. „ბათუმელები“ ინფორმაციის დასაზუსტებლად შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ეს არ დაგვიკონკრეტეს და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გვირჩიეს.

გუშინ, 12 მარტს, ბზობის დღესასწაულზე, არაერთი ფოტო გავრცელდა, რომელიც ასახავდა ეკლესიებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური დისტანციის დარღვევისა და სამზე მეტი პირის შეკრების ფაქტს.

მთავრობის დადგენილების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ ატარებს რელიგიურ რიტუალებს და მორწმუნეები კვლავ იკრიბებიან ტაძრებში. აქამდე ცნობილი არ გამხდარა ეკლესიებში 3-ზე მეტი პირის შეკრებისთვის ვინმეს დაჯარიმების შესახებ.

დღეს, 13 მარტს, უკრაინის შს მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის პოლიციამ სამი სასულიერო პირი დააჯარიმა ეკლესიაში ხალხმრავლობის გამო და 12 საქმე განიხილება.

„უპასუხისმგებლობას და ადამიანის ჯანმრთელობისადმი უპატივცემულობას ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს… ჩვენ სინდისის თავისუფლება გვაქვს… მაგრამ იქონიეთ სინდისი!“  – განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.

თურქეთის საკონსულომ ღარიბებისთვის ხელვაჩაურს სურსათი გადასცა

თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, ბათუმში თურქეთის საკონსულომ თურქი ბიზნესმენების მხარდაჭერით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ღარიბების დასახმარებლად საკვები გადასცა.

„Covid 19-თან ბრძოლაში თურქული ბიზნესსამყაროს მიერ ქართველი ერის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქციაში სამშენებლო კომპანია Polat-Yol-იც ჩაერთო. კომპანია Polat-Yol-ის მიერ მომზადებული 900 სასურსათო ყუთი დარიგების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს გადაეცა.

აღნიშნული სასურსათო ყუთებისა და ჩვენი ბიზნესმენების მხარდაჭერით შეძენილი 15 ტონა ფქვილის შეჭირვებული ოჯახებისათვის დარიგება დაიწყო. ჩვენს ბიზნესმენებს კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ქართველი ერისადმი გამოხატული სოლიდარობისათვის“, – აღნიშნულია ბათუმში თურქეთის საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15 ტონა ფქვილი ღარიბებისთვის ხელვაჩაურში

______

მთავარი ფოტო: თურქეთის საკონსულო ბათუმში

ბათუმში 26 პაციენტს მკურნალობენ ახალ კორონავირუსზე

დღეს, 13 აპრილს, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს საკარანტინო ზონიდან.

ბოლო მონაცემებით [13 აპრილი, 18:30 სთ] ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, სულ 26 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. მათგან ორი პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

„ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ორივე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და ორივე პაციენტი 70 წელს გადაცილებულია. 17 პაციენტს აღენიშნება პნევმონია და მიმდინარეობს მკურნალობა, დანარჩენი 7 პაციენტის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქია,“- ამბობს ლევან ანთაძე, კლინიკა „მედალფას“ რეგიონული მენეჯერი.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში 26 თებერვალს შესული პაციენტი შესაძლოა რამდენიმე დღეში ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნას.

„სავარაუდოდ გვექნება გაუმჯობესება, რადგან დინამიკა გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, ვნახოთ. რაც შეეხება სრულად გამოჯანმრთელებას, ორ პაციენტში ვირუსი აღარ არის, ორმაგი კვლევით დადასტურდა უკვე, თუმცა რჩება მცირე პნევმონიები, რაც კორონავირუსით გამოწვეული ნარჩენი მოვლენებია, ამიტომ ჯერჯერობით გაწერიდან თავს ვიკავებთ და პაციენტებს მკურნალობას გავუხანგრძლივებთ,“ – ამბობს ლევან ანთაძე.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 266 შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 67 პაციენტი.

სამინისტრო ქობულეთში ინფიცირებულთა მატებას ვარაუდობს – დადგენილია 350 კონტაქტი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ქობულეთის კლასტერიდან დღეს ჯერჯერობით არ დადასტურებულა ახალი შემთხვევა, თუმცა მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ამ კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება:

„რამდენიმე პაციენტთან მიმართებაში ველოდებით დადასტურებას, იმიტომ, რომ ეს გახლავთ უკვე მეთვალყურეობაზე, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები რამდენიმე ოჯახიდან, მათთან წამოვიდა უკვე რესპირაციული ჩივილები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შეიძლება დაუდასტურდეთ დაავადება,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მას შემდეგ, რაც ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადასტურდა კიდევ 20 შემთხვევა. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შორის, ოჯახის წევრებსა და მეზობლებს და მათთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.

„ჩვენ მოვიძიეთ კონტაქტები და კონტაქტის კონტაქტები. დაახლოებით 350 კონტაქტზეა საუბარი,  რომელთაგანაც 170 პირი უკვე არის გატესტილი და სწორედ ამ 170-დან გვაქვს ჩვენ ეს 20 დადასტურებული შემთხვევა. ეტაპობრივად მიმდინარეობს ყველა კონტაქტირებული პირის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ყველასთან მიმართებაში გვექნება ჩვენ ზუსტი პასუხი,“ – აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ქობულეთში, ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული შეზღუდვების პერიოდში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და ეპიდემიოლოგიური ანამნეზის შეგროვება, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს რესპირაციული დაავადების ეპიზოდი. ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ თუ ასეთი პირები გამოვლინდებიან, სამინისტრო მათ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს.

გუშინ, 12 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში სპეციალური, საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

ამავე თემაზე: 

„საკვებს ვინ შემოგვიტანს? როგორ დავბრუდეთ?“ – კითხვები ქობულეთის ჩაკეტილი სოფლებიდან

ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეცრეისით გადმოასვენებენ

დღეს, 13 აპრილს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ერაყში, კერძოდ ერბილში, გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეციალური რეისით გადმოასვენებენ.

„აჭარის მთავრობასთან ერთად კოორდინაციაში ვმუშაობთ და მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ განხორციელდება სპეცრეისი, გამომდინარე იქედან, რომ სახმელეთო გზით გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ სახმელეთო საზღვრები, საქართველოს გარდაცვლილ მოქალაქეს სპეცრეისით გადმოასვენებენ,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, სპეცრეისითვე დაბრუნდებიან გარდაცვლილის ახლობლები და ნათესავები, რომლებიც ამ დროისთვის ვერ ახერხებენ ერაყიდან სამშობლოში დაბრუნებას.

საქართველოს მოქალაქე ერაყში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, გულის შეტევით.

აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობს – კოვიდ 19

აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს, სადაც უნდა აისახოს ის ფინანსები, რაც აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაიხარჯა ან დაიხარჯება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ცალკე ფონდის შექმნას არ გეგმავს და COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებებისთვის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დაზოგილი თანხა [წარმომადგენლობითი და სამივლინებო თანხები, როგორც მთავრობის აპარატის, ასევე სამინისტროების], დარჩება ამ საგანგებო ბიუჯეტში.

ამ მიზნით დაგეგმილია გარკვეული პროექტების დაფინანსების შემცირებაც.

თავდაპირველად მთავრობაში განაცხადეს, რომ 1 მილიონი ლარის თავმოყრას გეგმავდნენ, თუმცა, ბიუჯეტში ცვლილებით, ეს თანხა გაცილებით მეტი იქნება.

აჭარის მთავრობაში და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დეტალები [რა ღონისძიებებში და რამდენი დაიხარჯება] მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა საგანგებო ბიუჯეტის პროექტი დაზუსტდება და მას რეგიონის მთავრობა განიხილავს.

„მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებები გადაეგზავნება აჭარის უმაღლეს საბჭოს და იქაც მოხდება განხილვა, თუმცა შემჭიდროვებულ ვადებში. საგანგებო ბიუჯეტს სწორედ უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს“, – გვითხრეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

მთავრობის ინფორმაციით, საგანგებო ბიუჯეტში აკუმულირებული თანხა ძირითადად მოხმარდება ჯანდაცვის სფეროს, ასევე სოფლის მეურნეობას [მარაგების შექმნის კუთხით].

აჭარის სარეზერვო ფონდიდან, რომელსაც განკარგავს მთავრობის თავმჯდომარე, 367 332 ლარი დაიხარჯა იმ პროდუქტების შესაძენად, რომელიც რეგიონში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს დაურიგდა.

ამ ფონდში ბიუჯეტი 2020 წელს 3 მილიონი ლარია.

ამ თემაზე:

რა შედის სასურსათო კალათაში, რომელსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს გადასცემენ

რატომ ვერ იღებენ პაციენტებს „ახალ რესპუბლიკურში“

„…სავენტილაციო სისტემის მუშაობის რეჟიმის შეცვლა გახდა საჭირო. მესამე დღეა მიმდინარეობს ნაკადების მიმართულების შეცვლა, რომ არ იმოძრაოს ამ ჰაერმა სხვა პალატებში, აქაური ჰაერი სხვაგან არ მოხვდეს,“ – ასე განმარტავს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, სოლომონ ფუტკარაძე მიზეზს, რის გამოც აქ პაციენტები არ მიუღიათ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ნაწილი covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 9 აპრილს გახსნეს. მაშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა თქვეს, რომ შენობა პაციენტების მისაღებად მზადაა.

სოლომონ ფუტკარაძის თქმით, სამედიცინო-კლინიკური კუთხით ყველაფერი მზადაა, მაგრამ საჭირო გახდა დამატებითი მოწყობილობების მონტაჟი სავენტილაციო სისტემაში. რესპუბლიკურის დირექტორი ამბობს, რომ დღეს ეს სამუშაოები უკვე სრულდება და, სავარაუდოდ, ამ ხარჯებს, რაც სავენტილაციო სისტემის შეცვლისთვის გახდა საჭირო, შპს „სტადიონი“ დაფარავს. ეს სახელმწიფო შპს მართავს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს.

„…დეტალური ინფორმაცია მე არ მაქვს. ახალი რესპუბლიკური ცალკე იურიდიული პირია და ის არ არის ძველის სამართალმემკვიდრე. დირექტორად მე მოვიაზრები, მაგრამ ჯერ დანიშნული არ ვარ,“ – გვითხრა სოლომონ ფუტაკარაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ხვალ, 14 აპრილიდან, მიიღებენ პაციენტებს კლინიკის ახალ შენობაში. საუბარია „ცხელების ცენტრზე“ – მაგრამ, თუკი პაციენტს covid 19 დაუდასტურდება, მას კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანენ.

„შესაძლებელია, დატოვონ ჩვენთანაც, თუკი იქ ადგილი აღარ იქნება… ამ ეტაპზე „მედალფაში“ გადაიყვანენ. ჩვენთან მედიკოსები უკვე მზად არიან პაციენტის მისაღებად, ლაბორატორიაც მოწესრიგებულია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სოლომონ ფუტკარაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის თანხა ამ დრომდე არ არის გამოყოფილი ბიუჯეტში. ახალი კლინიკის ერთი ნაწილი ბიზნესორგანიზაციებმა, როგორც აჭარის მთავრობა ამბობს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოაწყვეს, covid 19-ით დაინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ. რა თანხა დახარჯეს ბიზნესმენებმა „რესპუბლიკურის“ კონკრეტული განყოფილების მოსაწყობად? – კითხვაზე აჭარის მთავრობის პრესცენტრში ვერ გვიპასუხეს, აქ მხოლოდ კომპანიების ჩამონათვალი მოგვაწოდეს: „ორბი ჯგუფი“, „ალიანს ჯგუფი“, შპს „გზა“, „ანაგი“, „ნოვა“, „გურუ ჰოლდინგი“, „გრინ რიზორთი“, „მეტრო სითი“, „რეკან გრუპ ჯორჯია“, „ემსი ქონსთრაქშენ“, „რეალ პალასი“, ,,დიეს გრუპი”, „აჭარის წყალი ჯორჯია“, შპს „ფიგოილი“, „გორგია“, „მოდუსი“, „თურსა“, ,,სახლი ხეივანში”, შპს „ახალი ხედვა“, ლევან შერვაშიძე.

რამდენი თანხა დაიხარჯა რესპუბლიკურის ახალი შენობის მოსაწყობად – ეს არც რესპუბლიკურის დირექტორმა იცის ან ამ ინფორმაციის გამხელა არ სურს.

„არ მაქვს მე ეს ინფორმაცია და არც მაინტერესებს… როგორც გითხარით, ეს არის ახალი კლინიკა, რომლის დირექტორიც მე არ ვარ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოლომონ ფუტკარაძემ.

გერმანიაში Covid19-ით ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი განიკურნა

გერმანიის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში covid-19-ით ინფიცირებულების ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მონაცემებზე დაყრდნობით მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიაში [12 აპრილის შუაღამის მდგომარეობით] კორონავირუსისგან 64 300 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი განიკურნა ვირუსისგან.

მხოლოდ 11 აპრილს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4000-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას, 12 აპრილის შუაღამის მონაცემებით, კორონავირუსით გერმანიაში 123 016 ადამიანი იყო ინფიცირებული. წინა დღესთან შედარებით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 537-ით იყო მომატებული.

იმავე პერიოდში გერმანიაში ვირუსით 2 799 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი 11 აპრილს 126-ით გაიზარდა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის [აშშ, ბალტიმორი] მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 185 ქვეყანაში 1 851 531 ადამიანს დაუდასტურდა, მათან 114 290 ადამიანი კი ვირუსმა იმსხვერპლა [12 აპრილის შუაღამის მონაცემები].

________________

ფოტო: ევროპის პრესფოტოსააგენტო. EPA/CLEMENS BILAN

სკოლის მანდატურები საკარანტინო ზონებში იმუშავებენ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მანდატურები საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეჩერებულია და საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სასწავლო პროცესის განახლებამდე, მანდატურები სახელმწიფოს დაეხმარებიან და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენი მანდატური დასაქმდება საკარანტინო ზონებში და რამდენი იქნება მანდატურების ანაზღაურება, იმდენივე რასაც სკოლაში იღებენ თუ განსხვავებული, მანდატურის სამსახურში გვითხრეს, რომ  აღნიშნული ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ და პასუხს ათი დღის განმავლობაში მოგვაწვდიან.

ჯანმოს რეკომენდაციები რელიგიური შეკრებების დროს – COVID 19

კოვიდ 19-ის ვირუსის გავრცელებისა და ვირუსის ფონზე სიკვდილიანობის მზარდი სტატისტიკის გამო, მთელ მსოფლიოში ფიზიკური დისტანცირებისა და იზოლაციის რეკომენდაციაა გაცემული. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც კომენდანტის საათთან ერთად აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესიებში ხალხმრავალი ღვთისმსახურება გრძელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ქმნის გაიდლაინებსა და საყოველთაო რეკომენდაციებს მსოფლიოში პირველი კორონავირუსული პანდემიის დასამარცხებლად, რეკომენდაციებს ავრცელებს სასულიერო პირებისა და რელიგიური თემებისთვის.

ჯანმო, პირველ რიგში, რელიგიური შეკრებების ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაიცვან ეროვნული თუ ადგილობრივი მთავრობების მიერ გაცემული რეკომენდაციები. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეკრება დაიშვება (საქართველოს შემთხვევაში მთავრობის დადგენილებით დაწესებული საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა იქნება), სასულიერო პირებმა და მრევლმა, მათივე და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, უნდა მიიღონ უსაფრთხოების მკაცრი ზომები: თუ ამის გაკეთება ვერ ხერხდება, მაშინ შეკრება უნდა გადაიდოს.

ჯანმოს რეკომენდაციაა, რომ შეკრების ადგილთან უსაფრთხოების ზომები მოქალაქეებისთვის იყოს წერილობითი და ილუსტრირებული ფორმით გამოქვეყნებული.

“გამოიყენონ ყველა საშუალება, რომ რელიგიური შეკრება ჩატარდეს ონლაინ. თუ ეს არ ხერხდება, შემოკლდეს შეკრების ხანგრძლივობა მინიმუმამდე. ადამიანებს შორის დისტანცია იყოს მინიმუმ 1 მეტრი, შენობაში კი უნდა იყოს კარგი ვენტილაცია, უმჯობესია ასეთი შეკრება ღია სივრცეში. ადამიანების ნაკადი უნდა კონტროლდებოდეს უწყვეტად, რომ არ დაირღვეს დისტანცია”, – წერს ჯანმო. – “უმჯობესია რელიგიურმა ლიდერებმა ჩაატარონ რამდენიმე მსახურება რამდენიმე დამსწრეთი, ვიდრე ერთი შეკრება ბევრი დამსწრეთი”.

მსახურების დამსწრეები არ უნდა შეეხონ – ბევრი რელიგიური ტრადიცია მოიცავს მორწმუნეთა შორის ფიზიკურ კონტაქტს. ასეთ დროს შესაძლოა კოვიდ 19-ით დაინფიცირებული ადამიანის რესპირატორული წვეთი ინფიცირებული ხელიდან სხვაზე გადავიდეს. ამიტომ ჯანმო მოუწოდებს სასულიერო პირებს, მოიფიქრონ ასეთი წესების ადაპტირებული ვერსიები: – „მოიფიქრეთ თემის წევრებისთვის ერთმანეთთან მისალმებისა და მილოცვის ახალი გზები, რაც შეამცირებს კოვიდ19-ის გადაცემას… მაგალითად, შეცვალეთ ჩახუტება, კოცნა და ხელის ჩამორთმევა, ღიმილითა და თავის დაკვრით…“

ხელი შეუშალეთ მლოცველების მიერ რელიგიურ და სხვა ნივთებზე შეხებასა და კოცნას – ღვთისმსახურებისა და ლოცვის დროს, ხატებსა და სხვა წმინდა სიმბოლოებს ეხებიან და კოცნიან; ვირუსი, რომელიც იწვევს კოვიდ 19-ს, შესაძლოა დარჩეს ასეთ ზედაპირებზე საათობით ან დღეების განმავლობაში. ჯანმო მოუწოდებს რელიგიურ ლიდერებსა და სასულიერო პირებს, რომ დაეხმარონ მრევლს ასეთ ობიექტებს უსაფრთხოდ მიაგონ პატივი. მაგალითად, ჯანმო წერს, რომ ზოგიერთმა სასულიერო პირმა, მრევლს ურჩია შეხების ნაცვლად, თავი დახარონ წმინდა ნაწილებისა და ხატების წინაშე; მიიღონ დალოცვა 1 მეტრის დისტანციით და მოერიდონ ისეთი ფორმით ზიარებას, რომელიც საერთო ჭურჭლის გამოყენებას გულისხმობს; რეკომენდაციებში ასევე წერია, რომ სასურველია ეკლესიამ ინდივიდუალურად შეფუთოს რელიგიური/ცერემონიალური საკვები (მაგალითად სეფისკვერი), ყველას საზიარო ჭურჭლიდან რომ არ მოუწიოს მისი აღება; დაიცვან ნაკურთხი წყლის ჭურჭელი, რომ მასში არ მოხვდეს ადამიანების თითები.

ასევე ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს ხშირი დეზინფიცირება ისეთი ადგილებისა, რომელსაც ხშრად ეხებიან ადამიანები, მაგალითად, კარის სახელურები, კიბეები და ა.შ.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა ჯანმოს ოფიციალურ ბრიფინგებზე ბევრჯერ ახსენა, რომ სასულიერო პირებს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვთ და შეუძლიათ დიდი როლი შეასრულონ პანდემიასთან ბრძოლაში. ჯანმოს რეკომენდაციებში ერთი ნაწილი ეხება ეკლესიის მიერ სხვების დახმარებასაც, მაგალითად, მრევლის წევრებმა სასულიერო პირებთან ერთად შეიძლება გამონახონ გზები, თუ როგორ დაეხმარონ ერთმანეთს, პირადი უსაფრთხოების დაცვით (შეამოწმონ ხანდაზმულები, დაურეკონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა საჭიროების მქონე მეზობლებს და შესთავაზონ მაღაზიიდან პროდუქტების მოტანა და ა.შ.) – “სასულიერო პირებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ რესურსების გაზიარებას, მათთვის ვისაც არსებული ვითარების გამო არ აქვს სახსრები, რომ ირჩინოს საკუთარი თავი და არჩინოს ოჯახი”.

სასულიერო პირებს ჯანმო ასევე მოუწოდებს, აქტიურად იქადაგონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რადგან სოციალური დისტანცირების დროს ასეთი დანაშაულების რისკი მზარდია.

სასულიერო პირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი, რაც ჯანმოს რეკომენდაციებშია ხაზგასმული, საგანმანათლებლო ფუნქციაა – მრევლი შეიძლება უფრო ენდოს და დაიცვას სასულიერო პირების მითითებები კოვიდ 19-ის პრევენციისთვის, ვიდრე მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მითითებები: “სასულიერო პირებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, საზოგადოების შეცდომაში შემყვან, დეზინფორმაციისა და ჭორების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ასეთი ინფორმაცია ვრცელდება ძალიან სწრაფად და შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ხალხს; ქადაგებები და მესიჯები შეიძლება დაეყრდნოს ჯანმოსა და ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ მიწოდებულ ფაქტობრივ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება თანხვედრაში იყოს მათი რწმენის დოქტრინა/სწავლებასთან და შესაბამისი რელიგიური ტრადიციების პრაქტიკასთან”.

უპასუხისმგებლობას არაფერი აქვს საერთო ღმერთთან – უკრაინის შს მინისტრი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინის პოლიციამ სამი სასულიერო პირი დააჯარიმა ეკლესიაში ხალხმრავლობის გამო და 12 საქმე განიხილება.

„უპასუხისმგებლობას და ადამიანის ჯანმრთელობისადმი უპატივცემულობას ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს. …ჩვენ სინდისის თავისუფლება გვაქვს… მაგრამ იქონიეთ სინდისი!“  – წერს უკრაინის შს მინისტრი.

სასულიერო პირების დაჯარიმებაზე და, ასევე, მინისტრის ციტატას უკრაინის შს სამინისტროც ავრცელებს. აქვე აღნიშნულია, რომ კარანტინის დაწყების შემდეგ უკრაინის შსს-მ 4 ათასი ადმინისტრაციული ოქმი შეადგინა.

უკრაინაში 18 მარტიდან შეიზღუდა შიდა მიმოსვლა. დაკეტილია ქვეყნის საზღვრები, მუშაობა შეაჩერა მეტროპოლიტენმა, კაფე-ბარებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და ა.შ.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 3102 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 93 ადამიანი.

როგორ ჩავრთოთ უსინათლო პირები საგანმანათლებლო ღონისძიებებში – ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი

________________________________

არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიება [ტრენინგი, საჯარო ლექცია, მრგვალი მაგიდა, დისკუსია, კონფერენცია, მოდელირება, დებატების შეჯიბრი, ბანაკი] უსინათლო მონაწილისთვის მისაწვდომი რომ იყოს:

ღონისძიების ორგანიზატორს სააპლიკაციო/სარეგისტრაციო ფორმაში შეუძლია მიუთითოს, რომ ღონისძიება ინკლუზიური და ღიაა შშმ პირებისთვის და შეიტანოს კითხვა, აქვს თუ არა მონაწილეობის მსურველს რამე სპეციალური საჭიროება (წასაკითხი მასალის ვორდის ფორმატში გამოგზავნა, სუბტიტრებიანი ფილმის სუბტიტრების წაკითხვა და მისთ). თუკი შშმ მონაწილეობის მსურველს აგრძნობინებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო პროექტში მონაწილეობაზე უარს არ ეტყვით, ის უფრო მონდომებით გაგაცნობთ თავის საჭიროებებს და ეს თქვენ წინასწარ მოგცემთ შესაძლებლობას, გადააწყოთ და დაგეგმოთ ღონისძიება ისე, რომ ის მაქსიმალურად იყოს ჩართული. ეს შეგიძლიათ იმ კითხვაშიც განუმარტოთ, ანუ ამ კითხვის მიზანი.

უსინათლო მონაწილის პროექტში არსებობის შესახებ უნდა შეატყობინოთ ტრენერს/ფასილიტატორს,  ღონისძიების უშუალო განმახორციელებელს რაც შეიძლება, ადრე. ეს მას დაეხმარება, დაგეგმოს და უსინათლოს/მცირემხედველის საჭიროებები გაითვალისწინოს გასაცნობ-ყინულის გამლღობ აქტივობებში/თამაშებში, სასწავლო მასალებისა და პრეზენტაციების მომზადებისას.

სასურველია, ტრენერი წინასწარ დაუკავშირდეს უსინათლო მონაწილეს და ჩაეკითხოს, როგორ შეიძლება ღონისძიება მისთვის მისაწვდომი გახადოს.

სასურველია, ტრენერმა მონაწილესთან ამგვარ გასაუბრებამდე გადახედოს თავის პროგრამას. მან გასაუბრებამდე უნდა ნახოს სავარაუდოდ რომელი აქტივობები შეიძლება პრობლემური იყოს უსინათლო/მცირემხედველი მონაწილისთვის. მაგალითად, თუ თავიდან იგეგმებოდა ხატვის ვორკშოპი, ტრენერმა შეიძლება ის სხვა აქტივობით ჩაანაცვლოს ან შესთავაზოს მონაწილეებს არჩევანი, დახატონ ან წარმოიდგინონ. ასევე შეიძლება, ტრენერი დაფიქრდეს უსინათლოსთვის ხატვის სწავლებაზე, თუმცა ეს დიდ დროს მოითხოვს და თუ პროექტით არ არის ბევრი დრო გათვალისწინებული, უსინათლო/მცირემხედველი შესაძლოა, გარიყული დარჩეს. თუ ტრენერი წინასწარ მომზადებული გაესაუბრება მონაწილეს, მას შეეძლება პირდაპირ ჰკითხოს, ესა და ეს აქტივობები მაქვს გათვალისწინებული და როგორ შეგვიძლია ისინი შენთვის მისაწვდომი გავხადოთ? სხვა შემთხვევაში მონაწილემ შეიძლება ვერ დაუსახელოს კონკრეტული საჭიროებები ან თქვას რამე წინა გამოცდილებებიდან.

უცხოენოვანი ფილმი უნდა იყოს გახმოვანებული თარგმანით [აქაც საჭიროა მონაწილესთან გასაუბრება. იქნებ, მან იცის ის ენა, რომელზედაც ფილმია გადაღებული და არ სჭირდება თარგმანი]. თუკი ფილმს სუბტიტრები ახლავს, ადგილზე მათი წაკითხვა სრულყოფილად ხშირად ვერ ხერხდება. ადამიანი ხმამაღლა უფრო ნელა კითხულობს, ვიდრე – გულში, ტექსტი კი ხშირად სწრაფად იცვლება. თანაც ზოგჯერ მარტო სუბტიტრების წაკითხვა საკმარისი არაა. ასეთი ფილმის ტრანსკრიპტს წინასწარ თუ მისცემთ ან წაუკითხავთ, უკეთესი იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში ფილმის ჩვენებისას ვიღაცამ უნდა შეძლოს მოუყვეს ხოლმე უსინათლოს, თუ რა ხდება ეკრანზე [უამრავი მოქმედება უსიტყვოა]. აუდიოდესკრიფციით საკმაოდ ცოტა ფილმი არსებობს. უსინათლოს შეიძლება ჰქონდეს კითხვები, ახლა ვინ საუბრობს ან რა ხდება. სასურველია, რომ ჩვენების დროს მას დაუჯდეს ტრენერი ან მისი თანაშემწე.

ღონისძიებამდე სასურველია, ტრენერი გაეცნოს უსინათლოსთან კომუნიკაციისას გასათვალისწინებელ ძირითად პრინციპებს და ისინი გააცნოს პროექტის დანარჩენ მონაწილეებს [მაგ. ის, რომ მისალმებისას უსინათლოს უნდა უთხრას, ვინაა, რადგან შეიძლება ვერ იცნოს და მისთ]. შესაძლოა, თავად უსინათლო მონაწილეს შეუთანხმდეთ, გამოუყოთ რამდენიმე წუთი, რომ მან ისაუბროს ამ საჭიროებებსა და სპეციფიკებზე.

ისეთი გასაცნობი აქტივობების დროს, რომლებიც მოითხოვს სივრცეში თავისუფლად გადაადგილებას და ხალხის შემთხვევითობის პრინციპით გაცნობას, ჯობია, რომ ტრენერი ან მისი თანაშემწე გაჰყვეს უსინათლოს, მან დაბნეულად და დაკარგულად რომ არ იგრძნოს თავი. ტრენერ–მეგზური ამ შემთხვევაში ეხმარება მონაწილეს, მოძებნოს ადამიანები, უთხრას, ვის წინ დგანან ახლა, მიაქცევინოს იმ სხვა მონაწილის ყურადღება, რომ უსინათლოს მასთან სურს საუბარი/თანამშრომლობა.

განსატვირთ აქტივობებში, რომლებიც სისწრაფეს მოითხოვს, ჯობია, რომ მხედველ მონაწილეებს თვალები ახვეული ჰქონდეთ, რათა უსინათლოც თანაბარ პირობებში იყოს.

თუ ენერჯაიზერი მოიცავს მოძრაობების შესრულებას, ამ მოძრაობათა ვიზუალურ დემონსტრაციასთან ერთად აუცილებლად ახსენით ისინი სიტყვებით. ასევე უთხარით უსინათლოს, სწორად აკეთებს ის თუ არა. საჭიროების შემთხვევაში მასთან უნდა მიხვიდეთ და აჩვენოთ ხელით.

როდესაც აკეთებთ პრეზენტაციას, აცნობთ მონაწილეებს მონაცემებს, სტატისტიკას, დიაგრამებს და საერთოდ ნებისმიერ რამეს, ეცადეთ, სიტყვიერად რაც შეიძლება, დეტალურად ახსნათ და თქვათ ის მონაცემები, რომლებიც ეკრანზე გაქვთ გამოტანილი.

თუკი ხსნით საჯარო გამოსვლისას ჟესტიკულაციის საკითხს, სხეულის და ხელების როგორი მოძრაობაა მისაღები და როგორი – მიუღებელი, ისევ ვიზუალურად ჩვენებასთან ერთად სიტყვებითაც ახსენით. სთხოვეთ უსინათლო მონაწილეს შეხების ნებართვა და შეგიძლიათ აჩვენოთ კიდეც, გაამოძრავოთ მისი ხელები.

ტრენინგის დაწყებამდე კარგი იქნებოდა, უსინათლოს რომ აჩვენოთ სივრცე. იქნებ, მას სურს ხელჯოხის გამოყენებით თვითონ გადაადგილდეს ღონისძიების სივრცეში, თავისით გადიოდეს საპირფარეშოში, საკვებ შესვენებაზე და ა.შ. მიეცით მას ამის საშუალება და მოუწოდეთ მონაწილეებსაც, ძალით ის არ ატარონ, არ დააძალონ დახმარება, თუკი უსინათლოს თავისით სურს გადაადგილება, წყლის ქულერიდან დასხმა და მისთ.

ეცადეთ, რომ სატრენინგო სივრცე გაათავისუფლოთ ზედმეტი და მსხვრევადი ნივთებისგან. ეცადეთ, სკამების და სხვა ნივთების განლაგება ყოველწუთიერად არ ცვალოთ. დეკორატიული ბარიერები და წინაღობები, ყვავილებიანი ქოთნები, წყლის დისპენსერები/ქულერები, დინამიკები არ უნდა იდოს ოთახის შუაში. თუ ოთახში არის სვეტები ან სახურავია უსწორმასწორო, გააფრთხილეთ უსინათლო ამის შესახებ და აჩვენეთ, სად შეიძლება დაეჯახოს.

ჰკითხეთ უსინათლოს, რა ფორმატით ურჩევნია სატრენინგო მასალების მიღება (ბრაილით თუ ელექტრონულად).

რამე ისეთი დავალების მიცემისას, რომელსაც უსინათლო სხვის დახმარების გარეშე ვერ შეასრულებს, ავტომატურად ნუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე მონაწილე თავისი ინიციატივით დაუწყვილდება მას. სთხოვეთ რომელიმე მონაწილეს ან თუკი დავალება ინდივიდუალურად უნდა შესრულდეს, თქვენ გაუწიეთ ასისტირება.

თუ უსინათლო მონაწილეს ახლავს მეგობარი, ეს არ ნიშნავს, რომ ის მუდმივად უსინათლოსთან 1 სამუშაო ჯგუფში უნდა ხვდებოდეს. შეგიძლიათ, ისინი მოკლე ვადით მაინც სხვადასხვა ჯგუფში გადაანაწილოთ, რათა უსინათლოს ჰქონდეს სხვა ადამიანთა გაცნობისა და დამეგობრების საშუალება. ამით მისი მეგობარიც დაისვენებს და განიტვირთება.

აქვე: დიალოგი მონაწილესთან აუცილებელია მუდმივად, არამხოლოდ ტრენინგის დაწყებამდე, არამედ მისი მსვლელობისასაც, მაგალითად, ყოველი დღის ბოლოს მას უნდა ჰკითხოთ, რომ შეეძლოს, რამეს ხომ არ შეცვლიდა? გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ყველას განსხვავებული საჭიროებები და შესაძლებლობები აქვს.

აუცილებელია, ტრენერმა იცოდეს არა ზოგადად ის, რომ შშმ მონაწილე ეყოლება, არამედ რა კონკრეტული შეზღუდვა აქვს მას. ყრუსთვის მისაწვდომი აქტივობა ან სწავლების მეთოდი შეიძლება მიუწვდომელი იყოს უსინათლოსთვის. რაც უსინათლოსთვისაა მისაწვდომი, შესაძლოა, არ იყოს ასეთი ეტლით მოსარგებლისთვის.

ევროპის საბჭოს აქვს მასალები, სადაც აღწერილია ინკლუზიური ენერჯაიზერები სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

აჭარაში 66 პირის კვლევის შედეგს ელიან COVID19-ზე

აჭარაში COVID 19-ზე 66 პირს იკვლევენ. ანალიზის შედეგები დღეს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქობულეთშია. ახალი კორონავირუსით ინფიცირების 20 შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, რის გამოც ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში [სულ შვიდ სოფელში] კარანტინი გამოცხადდა.

მთლიანობაში, დღეს, 13 აპრილის დილის მონაცემებით [11 სთ], კორონავირუსის 266 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 67 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 453 ადამიანი, კარანტინში კი 4 872 ადამიანია მოთავსებული.

უახლოესი დღეები ბათუმში უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 13-14 აპრილს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 5-10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით: 3-8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 15 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 16 აპრილს კი –  დროგამოშვებით წვიმა.

_________________

ფოტო: „ბათუმელები“

დაგვიანებული ტელეგაკვეთილები ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 13 აპრილს, ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები დაიწყება.

„სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილი იქნება ყველა კლასის მოსწავლისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილები ჩატარდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი – განათლება“ ეთერით მოსწავლეებისთვის 30 მარტიდან გადაიცემა. ეთნიკური უმცირესობებისთვის კი გაკვეთილები ნახევარი თვის დაგვიანებით დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: ტელესკოლა/განათლების სამინისტრო

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 9-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 13 აპრილის დილის მონაცემებით 9-ით გაიზადა და სულ არის 266. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 67, ხოლო გარდაცვლილი – 3.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4872 პირი, ხოლო 453  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერის მოგებას 7 კომპანია ცდილობს

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები უკვე გაიხსნა და შემდეგ ეტაპზე ამ წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება.

ახალი ტენდერი 2 ნაწილად გამოცხადდა. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო  5 კმ-იან მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მონაკვეთზე სატენდერო წინადადებები 2020 წლის 11 მაისს გაიხსნება.

პროექტის ფარგლებში, ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 47 კილომეტრი სიგრძის გზას და 7 ხიდს, დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

„ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება,“ – აცხადებს დეპარტამენტი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს [„ტოდინს“] შორის ხელშეკრულებები ხულო-ზარზმის გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა.

პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

110,2 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც  არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდებოდა, მშენებელ კომპანიას 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა. თუმცა, 2020 წლის თებერვალში დეპარტამენტმა „ტოდინთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყვიტა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „ტოდინს“ „ასეული მილიონის ოდენობით თანხასაც“ ედავება იმ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე იყო გაფორმებული.

რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას, გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „კომპანიას ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, თუმცა კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით.“

დეპარტამენტის ინფორმაციით, „ტოდინთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, გამოთხოვილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

ამ თემაზე:

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან 110-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – დეპარტამენტი

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ხულოში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სვიშევსკისა და ვოლსკის ქუჩებზე წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდა

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ჭონქაძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებული მილის (დიამეტრი 166მმ.)  აღდგენითი სამუშაოები ტარდება. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, სვიშევსკისა და ვოლსკის ქუჩის აბონენტებს წყლის მიწოდება ღამის 12:00 საათზე აღუდგებათ.

“ბათუმის წყალი” აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით – გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით”.

„საკვებს ვინ შემოგვიტანს? როგორ დავბრუდეთ?“ – კითხვები ქობულეთის ჩაკეტილი სოფლებიდან

„საკვებს ვინ შემოგვიტანს სოფლის მაღაზიაში?“ „ვინც ამ სოფლის მცხოვრებია, როგორ დაბრუნდება, როცა სხვა ბლოკ-პოსტებიც უნდა გამოიაროს?“ „ფული რომ განაღდებული არ გვაქვს და მაღაზიაში ბარათით ვერაფერს ვიყიდით, რა უნდა ვქნათ?“ –  კითხულობენ სოფელ ლეღვას მცხოვრებლები. ლეღვა ქობულეთში ერთ-ერთი სოფელია, სადაც დღეს, 12 აპრილს, საკარანტინე ზონა გამოცხადდა. ლეღვაში დაახლოებით 1000 ოჯახი ცხოვრობს.

„…ბლოკ-პოსტი უკვე მოაწყეს, იქ 20-30 სამხედრო და პოლიციელია ერთად. ვიყავი ჩასული. მანქანები, რაც გამოჩნდნენ, ყველა უკან დააბრუნეს, ხალხი შეშინებულია, არავინ აღარ ჩნდება გარეთ…“ – გვიყვება ქობულეთის სოფელ ლეღვაში მცხოვრები ნიგო ცეზარიშვილი. მისი თქმით, სოფელში უკვე ექიმებიც გამოჩნდნენ და ისინი თერმოსკრინინგს ატარებენ. ნიგოს უთხრეს, რომ ექიმები ყველა ოჯახში მივლენ.

ნიგო ცეზარიშვილი რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც კარანტინის ზონად გამოცხადებამ მოიტანა.

„მაგალითად, ადამიანებს, რომლებიც ლეღვაში ცხოვრობენ, შეუძლიათ სოფელში დაბრუნება, მაგრამ როგორ? აქ მოსვლამდე გვარას და მუხაესტატებს ბლოკ-პოსტები უნდა გამოიარო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოგეხსენებათ, არ მოძრაობს. ტაქსით თუ წამოვა, როგორ მოვა ბლოკ-პოსტამდე?“ – კითხულობს ნიგო ცეზარიშვილი.

მეორე პრობლემა, რაც დღეს სოფელ ლეღვას ცენტრში მდებარე მაღაზიებს დაეტყო, საკვები პროდუქტია. ადამიანები შიშობენ, რომ საკვები შესაძლოა აღარ შევიდეს და მაღაზიებთან რიგი გაჩნდა.

„აქ სულ ორი მაღაზიაა და კიდევ ერთი ჯიხური…“ – გვიყვება ლეღვას ერთ-ერთი მარკეტის მოვაჭრე, ნაირა ზოიძე,“ – „დღეს მეკითხებოდნენ, ხვალ პური იქნება? საკვებზე კითხულობენ. მე ვერაფერს ვპასუხობ. არ ვიცი, იქნება თუ არა. არ ვიცი, დისტრიბუტორს შემოუშვებენ თუ არა ჩემს მაღაზიამდე… მე აქ დაახლოებით 4-5 დღის საკმარისი პროდუქტი მაქვს, ყველაფერი დახლებზეა და მაცივარში, საწყობში არაფერს ვინახავთ… ყოველდღე დაახლოებით 1500 ლარის პროდუქტს ვიტოვებ დისტრიბუტორისგან“, – გვითხრა მან.

„პრობლემა არის ისიც, რომ ვერც ერთ მაღაზიაში ბარათით ვერ გადაიხდი, სოფელში არც ბანკომატია, რომ ფული გაანაღდო და არც ფეიბოქსი, რომ სესხი დაფარო,“ – დასძენს ნიგო ცეზარიშვილი.

ლეღველები საუბრობენ იმაზეც, რომ სოფლის მაღაზიებში ყველაფერი არ იყიდება, რაც მათ სჭირდებათ, მაგალითად, ქატო საქონლისთვის, რომელსაც აქამდე ოზურგეთში ყიდულობდნენ.

მისვლა-მოსვლა ისედაც აღარ იყო და ახლა სულ აღარა, ყველა სახლში ვართ,“ – ამბობს ლეღვაში მცხოვრები სერგო ართმელაძე. ის მიიჩნევს, რომ კარანტინის გამოცხადება დროული და საჭირო იყო. სერგო ექიმების სტუმრობას ელის – ამ სოფლის ექიმი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქობულეთის ბრიგადაშიც მუშაობდა  და ახლა მასაც ამოწმებენ კორონავირუსზე.

„… მაგას გარდა, ჩვენს სოფელში 81 წლის ქალს დაუდგინეს დაავადება – ეს და გვარაში მცხოვრები ქალი ერთ პალატაში იყვნენო, ასე ვიცი მე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სერგო ართმელაძემ.

მიეწოდება თუ არა სოფლებს, სადაც კარანტინი გამოცხადდა, საკვები და შესაძლებელია თუ არა სურსათის მაღაზიების საკვები პროდუქტებით მომარაგება? – ამ კითხვით მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ საკითხი ადგილობრივმა მერიამ უნდა მოაგვაროს და საკვების შეტანა მაღაზიამდე არ უნდა იყოს პრობლემა.

რა ფორმით მოხდება საკვები პროდუქტების მიწოდება კონკრეტულ სოფლებამდე, სადაც მიმოსვლა შეზღუდულია – ქობულეთის მერიიდან ამ დრომდე განმარტება არ მიგვიღია.

საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე დღეს გამოცემული დადგენილების მიხედვით ამბობს, რომ საკვებით მომარაგებაზე სახელმწიფო ორგანოები არიან პასუხისმგებელი.

„მსგავსი პრობლემების შექმნის შემთხვევაში, რეაგირება უნდა მოახდინონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა. ამ ორგანოებს მიეცათ შესაძლებლობა, დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც საკარანტინე ზონად გამოცხადებულ სოფლებში დაბრუნება სურთ – იურისტი პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ „ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ პირს მიეცემა ერთჯერადი საშვი, რომლითაც შეძლებს შესვლას და საცხოვრებელ სოფლამდე მისვლას“.

იურისტის თქმით, თუკი ადამიანს საკუთარი ავტომანქანა არ აქვს, ტაქსით გადაადგილებისთვის საშვი მას შსს-ს წარმომადგენლებმა უნდა მისცენ ბლოკ-პოსტზე.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყონ ასეთი მგზავრის გადაყვანა,“ – დასძინა იურისტმა „ბათუმელებთან“.

საკვები პროდუქტის მაღაზია სოფელ ლეღვაში, ნიგო ცეზარიშვილის ფოტო, 12 აპრილი, 2020 წელი.

 

სოფელი ლეღვა, 12 აპრილი, 2020 წელი, ნიგო ცეზარიშვილის ფოტო

მთავარი ფოტო: ბლოკ-პოსტი სოფელ ლეღვასთან, ქობულეთი. ნიგო ცეზარიშვილის ფოტო

ბათუმის პროტესტანტულმა ეკლესიამ აღდგომის მსახურება მრევლის გარეშე ჩაატარა

დღეს, 12 აპრილს, ქრისტიანების დიდი ნაწილი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ზეიმობს. 12 აპრილს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს, რაც კრძალავს სამზე მეტი ადამიანის შეკრებას საჯარო სივრცეში.

ამის გამო ევანგელური ეკლესიები ღვთისმსახურებებს ერთ თვეზე მეტია შეცვლილი ფორმატით ატარებენ. ეკლესიებში ძირითადად სასულიერო პირები იკრიბებიან, მრევლი კი მსახურებას ონლაინში ადევნებს თვალს.

„პროტესტანტი ქრისტიანები ვითვალისწინებთ არსებულ ეპიდემიურ სიტუაციას საქართველოში და მრევლს მოვუწოდებთ აღასრულონ კანონი, დარჩნენ სახლში, გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიის პასტორი, ვარლამ რამიშვილი.

აღნიშნულ ეკლესიაში დღეს სააღდგომო წირვა გაიმართა, თუმცა წირვას ეკლესიის წევრები არ ესწრებოდნენ, ისინი სააღდგომო მსახურებას ეკლესიის ფეისბუკგვერდზე ადევნებდნენ თვალს, სადაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სააღდგომო ლიტურგია.

„სააღდგომო წირვაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, ვინც უშუალოდ წირვის აღსრულებასთან იყო დაკავშირებული. ღვთისმსახურება გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში მრევლის დისტანციური თანდასწრებით. მსახურებისას შესრულდა ლოცვა, საღვთო წერილის კითხვა, მრწამსის აღსარება, უფლისადმი ძღვენის მირთმევა, ქადაგება და გალობა“, – ამბობს ვარლამ რამიშვილი.

საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს ემორჩილება საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიაც. ისინიც, ისევე როგორც სხვა ეკლესიები, თითქმის ერთი თვეა რაც მსახურებებს მრევლისგან დისტანციურად ატარებენ. დღეს ბაპტისტებმა ბზობა აღნიშნეს, მომავალ კვირას კი აღდგომის წირვას ჩაატარებენ, მრევლს კი შსაძლებლობა ექნება მსახურებას ინტერნეტში მიადევნოს თვალი.

როგორც ამ ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ გვითხრა, ეკლესია ღიაა მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

„მრევლი გვიერთდება ინტერნეტით. ასე ჩავატარეთ ბზობის მსახურება, ასე ჩავატარებთ დიდი ხუთშაბათის, წითელი პარასკევისა და აღდგომის წირვებს. ტაძარში ვართ მხოლოდ ღვთისმსახურები“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

ევანგელური ეკლესიებისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ეკლესიები დღეს სავსე იყო მრევლით.

რუსუდან გოცირიძის შეფასებით, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლების დაუდევრობა და ხელისუფლების უსუსურობა. „სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. როცა ადამიანებს ეუბნები, რომ ტაძარში არმოსვლა ღმერთის ღალატიაო და მერე დასძენ – „შენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევიო“, ეს არის ადამიანების გაწირვა და მეტი არაფერი“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

დღეს მრევლის გარეშე ჩაატარა წირვა რომის პაპმაც. ფრანცისკემ მოუწოდა კათოლიკე მორწმუნეებს, სახლში ილოცონ და არ მივიდნენ ეკლესიებში ვირუსის საფრთხის გამო. ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში გვეუბნებიან, რომ ისინი პაპის მოწოდების შესაბამისად, მსახურებებს შეცვლილი ფორმატით ატარებენ.

„ძირითადად სასულიერო პირები ვესწრებოდით მსახურებას. შევცვალეთ ზიარების წესიც“, – ამბობს თენგიზ პარმაქსიზიშვილი, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მსახური.

კომენდანტის საათის გამო წელს პირველად, კათოლიკურმა ეკლესიამ უარი თქვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან რიტუალზე – სააღდგომო კოცონზე, რომელიც აღდგომის ღამეს ინთებოდა ეკლესიის ეზოში.

ქობულეთის კლინიკის სანიტარს COVID 19 დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმ ორ პირს შორის, ვისაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთ-ერთი ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარია.

გუშინ დადასტურდა, რომ სწორედ ამ საავადმყოფოში დაინფიცირდა ხანდაზმული ქალი კორონავირუსით, რომელიც კლინიკაში სხვა ჩივილებით იყო მოთავსებული. ამის შესახებ ქალის ოჯახის წევრებმა განაცხადეს. ქობულეთის სამედიცინო კლინიკაში შიდა გადაცემის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ცნობით, კლინიკაში არსებულ ვითარებას სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და შესაბამის დასკვნას უახლოეს დღეებში გადაუგზავნიან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს.

ქობულეთის სამედიცინო კლინიკის პერსონალი – 20 პირი უკვე გამოიკვლიეს კორონავირუსზე. მათგან არც ერთს არ დაუდასტურდა ინფექცია.

ამ კლინიკის კიდევ 38 თანამშრომელთაგან ერთი ჯგუფი კარანტინშია, ნაწილი კი თვითიზოლაციაში რჩება.

ქობულეთის სამედიცინო კლინიკა უკვე დაკეტილია.

დღეის მდგომარეობით, ეგრეთ წოდებული ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულია 20 პირის ინფიცირება.

დღეს, 12 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფელი ჩაკეტეს. სოფლებში მისასვლელ გზებს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აკონტროლებენ.

ქორეპისკოპოსი იაკობი: აღდგომის დღესასწაულის განრიგში არაფერი შეიცვლება

დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ აღდგომის დღესასწაულის განრიგში არაფერი შეიცვლება. პატრიარქი აღდგომის ღამეს, 19 აპრილს, სამებაში შეხვდება. სააღდგომო ლიტურგიის განრიგი წელსაც ისეთია, როგორც გასულ წელს – ლიტურგია დაიწყება ღამის 10 საათზე, 11 საათზე სამებაში მივა ილია მეორე.

ქორეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ეკლესია სწორად მოიქცა, როცა განრიგში არაფერი შეცვალა:

„შემოსული რომ იყო შაჰ აბაზი, ია-ვარდებით მოფენილი ჰქონდათ გზა? მე გეტყვით, რომ აუცილებლად ჩატარდება სააღდგომო ისა… კი მაგრამის გარეშე ჩატარდება. როგორ ჩატარდება, მაგას ვნახავთ. ხელისუფლებასთან ერთად შევძლებთ იმას, რომ ჩავატაროთ ისე, როგორც ტარდება. უნდა დაგვაცადონ, რომ აქ წესრიგზე ვიზრუნოთ, აქ იქნება თუ სხვა ტაძრებში იქნება. ასევე გეტყვით, ჩვენ არ ვიცავთ იზოლაციის წესებს? აბა, შეხედეთ, უკვე რამდენი ხანი გავიდა, 6 კვირაზე მეტი გავიდა, რაც ყველაფერი დაწყებულია და ძალიან რომ უნდათ ხოლმე კლასტერი ეკლესიიდან იყოს, თუ ვინმეს გადადებია აქედან?

ჩვენი ეკლესია აკეთებს ძალიან სწორად ღვთისმსახურებებს რომ არ ცვლის. არავის არ ვუძახით მოდითო, მაგრამ ხალხი თვითონ მობრძანდება, ხომ ხედავთ? და რომ მოვა ადამიანი, მე არ მიმაჩნია… ღვთისმსახური ვინც არ უნდა იყოს, ხალხის მოსაწონად ლაპარაკობდეს. შეიძლება ძნელია ამის ლაპარაკი, მაგრამ თუ მოვიდა კაცი, უნდა მიიღო.

მე ვფიქრობ, რადგან ეს პანდემია არის განსაცდელი… რისხვა სხვა რა არის… ვიაზროვნოთ, რისხვა სხვა რა არის? ეს არის მოწეული ჩვენზე რისხვა არასწორი ცხოვრებისთვის“.

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს, 12 აპრილს, გააკეთა სამებასთან.

კორონავირუსზე, როგორც ცოდვების გამო მოვლენილ სასჯელზე, იქადაგა პატრიარქის თანამოსაყდრემაც. მეუფე შიოს თქმით, „…ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად“. თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის შეფასებით, „თუკი მივყვებით მეუფე შიოს დათქმას, რატომ არ არის, მაგალითად, კორონავირუსის გავრცელება შედეგი კორუფციისა ან, მაგალითად, ფუფუნების და ვერცხლისმოყვარეობის მიმართ ზედმეტი მიდრეკილების? იქნებ უსამართლობის გამო გვსჯის უფალი? იმ ძველ წინასწარმეტყველებებში, ყველაზე ხშირად სწორედ უსამართლობაზეა აქცენტი გაკეთებული და არა სოდომზე. თუ ეს ეკლესიის პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რატომ არ აკეთებს აქცენტს უსამართლობაზეც, რომელიც ასევე აწუხებთ ადამიანებს?“

აღდგომას მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს აღნიშნავს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თითქმის ყველა ქვეყნის ეკლესიამ, მათ შორის, მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ხელისუფლებასთან კონსულტაციით გადაწყვიტა, რომ ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატაროს.

12 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 252 პირს აქვს დადასტურებული.

____

ამავე თემაზე:

„თანამოსაყდრის ქადაგება შესაძლოა, გახდეს ძალადობის შთაგონების წყარო“ – თეოლოგი

covid 19-ით დაავადებულთა რაოდენობა ქობულეთში 20-მდე გაიზარდა – 2 ახალი შემთხვევა 

ქობულეთში კიდევ ორ პირს დაუდასტურდა covid 19. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქობულეთში სულ 20 პირს აქვს დადასტურებული covid 19, რამდენიმე პირის ანალიზის პასუხს კი, დღის ბოლოსთვის ელოდებიან. ეს ადამიანები, რომლებსაც ანალიზი აუღეს, თვითიზოლაციაში რჩებიან.

ბათუმში covid 19 დღეს, 12 აპრილს, კიდევ ერთ პირს დაუდასტურეს – ის აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც ამ დრომდე კარანტინში იყო. ის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს.

„ამ ეტაპზე ჩემთან სულ 24 პაციენტია… არასრულწლოვანი, რომელიც გუშინ შემოიყვანეს, გადაყვანილია თბილისში დედასთან ერთად, დედასაც დადასტურებული ჰქონდა ვირუსი,“ – გვითხრა ლევან ანთაძემ, „მედალფას“ რეგიონულმა დირექტორმა.

დღის ბოლოსთვის ბათუმში კიდევ 15 ადამიანის ანალიზის პასუხს ელიან. ისინი ამ დროისთვის ცხელების ცენტრში არიან მოთავსებულები. ზოგიერთი მათგანი ცხელების ცენტრში კარანტინიდან გადაიყვანეს, ნაწილი – თვითდინებით შევიდა.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა – 252, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 63, გარდაცვლილია – 3; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 929, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ქობულეთის შვიდ სოფელთან მისასვლელი გზები პოლიციამ უკვე ჩაკეტა

„ქობულეთის იმ სოფლებიდან, სადაც საკარანტინე ზონა გამოცხადდა, ადამიანები ვეღარ გამოვლენ, მათ შორის, ისინი, რომლებიც სტუმრად არიან… ამ სოფლებში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ სოფლების რეგისტრირებული მცხოვრებლები არიან,“ – გვითხრეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზზე.

მთავრობის დადგენილება, რომლითაც სპეციალური რეჟიმის პირობები განისაზღვრება, ამ დროისთვის არ დევს საკანონმდებლო მაცნეზე. 144-ზე გვიპასუხეს, რომ დადგენილება დღის განმავლობაში აიტვირთება.

ამ დროისთვის უცნობია, როდემდე გაგრძელდება სპეციალური რეჟიმი ქობულეთის 7 სოფელში: გვარა, ქვედა კონდიდი, მუხაესტატე, წყავროკა, ლეღვა, სკურა და ცხრაფონა. შვიდივე სოფელში დაახლოებით 8 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მთავრობის სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დაწყებულია პროაქტიული თერმოსკრინინგი და ყველა მოსახლე შემოწმდება.

სხვა სოფლებიდან მოქალაქეები ამ 7 სოფლის გავლით ვერ გამოვლენ, მათ ალტერნატიული გზებით უნდა ისარგებლონ. მაგალითად, სოფელ ალამბრიდან ქობულეთში ვერ ჩამოხვალთ მუხაესტატეს გავლით, მაგრამ ჩამოხვალთ – ხუცუბნის გამოვლით.

ეგრეთ წოდებულ ქობულეთის კლასტერში უკვე ინფიცირებულია 17 პირი.

12 აპრილის დილის მონაცემებით კი, საქართველოში სულ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა – 252, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 63, გარდაცვლილია – 3; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4929, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მთავარი ფოტო: პოლიციამ სოფელ მუხაესტატესთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. გურამ მურვანიძის ფოტო. 

 

ქობულეთის 7 სოფელში 8 ათასამდე პირს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ – კოვიდ19

საქართველოს მთავრობის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 7 სოფელი დაიკეტა: გვარა, ქვედა კონდიდი, მუხაესტატე, წყავროკა, ლეღვა, სკურა და ცხრაფონა. ამ სოფლებში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა.

შვიდივე სოფელში დაახლოებით 8 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მთავრობის სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დაწყებულია პროაქტიული თერმოსკრინინგი და ყველა მოსახლე შემოწმდება.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის [12;30 სთ] მიმდინარეობს აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში შესასვლელი გზების ჩაკეტვა.

ამასთან, გაკონტროლდება სოფლებს შორის არსებული ყველა გასასვლელი, მათ შორის იმ სოფლებთან დამაკავშირებელი გზებიც, სადაც არ არის შემოღებული მკაცრი რეჟიმი. ასეთი გასასვლელების რაოდენობა კი, დაახლოებით 50-მდეა.

ეგრეთ წოდებულ ქობულეთის კლასტერში უკვე ინფიცირებულია 17 პირი.

12 აპრილის დილის მონაცემებით კი, საქართველოში სულ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა – 252, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 63, გარდაცვლილია – 3; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4929, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

სოფელი გვარა / ფოტო: ქობულეთის მერია

 

პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 94 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 მოქალაქე დააჯარიმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

გარდა ამისა, პოლიციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით:

[crosslist]

  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 60 მოქალაქე დააჯარიმა.
  • ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 19 პირი დააჯარიმეს.

[/crosslist]

 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა – ქობულეთის სოფლები დაიკეტა

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მთავრობის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: 

„საქართველოში უკვე არის 252 დადასტურებული შემთხვევა კოვიდინფიცირების. ამასთან, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება.

ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და ასევე თავდაცვის ძალები, ჩვენ ისევე როგორც სხვა მკაცრი საკარანტინო პირობებში მოქალაქეებს გარეთ, სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა საჭიროებენ პროდუქცის ან მედიკამენტის შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას. მათ ექნებათ საშუალება განახორციელონ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი.

ეგრეთ წოდებულ ქობულეთის კლასტერში უკვე ინფიცირებულია 17 პირი.

ქობულეთის კლასტერიდან კიდევ 6 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა 

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ კიდევ 6 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის, ერთ-ერთი 10 წლამდე ბავშვია. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ახლახან [20:30] განაცხადა.

„დაგვემატა 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ექვსივე გახლავთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევა, ესენი არიან ის კონტაქტირებული პირები, რომლებიც აქამდე იმყოფებოდნენ ჩვენი ზედამხედველობის და მეთვალყურეობის ქვეშ. 6 შემთხვევიდან ერთი გახლავთ არასრულწლოვანი. ექვსივეს ტრანსპორტირება ხდება ამ ეტაპზე კლინიკა „მედალფაში“, სადაც სულ სავარაუდოდ გვეყოლება 24 პაციენტი, მათ შორის, შესაძლოა ორის ტრანსპორტირება მოხდეს თბილისში… დაინფიცირებული ადამიანებიდან ერთი უკვე განკურნებულია,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არასრულწლოვანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მსუბუქი რესპირატორული სიმპტომები აქვს. სხვა პაციენტების მდგომაროება კი დამაკმაყოფილებელია.

ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ქობულეთში, სადაც ახალი შემთხვევები დაფიქსირდა საკარანტინე ზონად არ გამოცხადდება, თუმცა გაგრძელდება აქტიური ეპიდზედამხედველობა, განსაკუთრებით კი, იმ სამ სოფელში, სადაც დაინფიცირება დადასტურდა.

„ჩვენ ჩავატარეთ 100-მდე ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ეპიდმოკვლევა გაგრძელდება და ყველა სავარაუდო კონტაქტი იქნება მოძიებული… რაც შეეხება ქობულეთს, ახლა გავდივართ საორგანიზაციო საკითხებს. ვფიქრობთ, რომ იქ ჩატარდეს აქტიური თერმოსკრინინგი და მოგროვდეს ანამნეზი, ზოგადად საკარანტინე სივრცის გამოცხადებას მასშტაბურად არ ვგეგმავთ,“ – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს ქობულეთის კლინიკაში შიდა გადაცემას, რაც მისი შეფასებით, არ უნდა მომხდარიყო.

„საბოლოო ინფორმაცია არ გვაქვს, პირველადი ინფორმაციის თანახმად, არის საავადმყოფოს შიდა ინფექცია დადასტურებული, თუმცა დეტალიზებული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს… ეს არის საავადმყოფოს  შიდა სივრცეში დაფიქსირებული, რაც არ უნდა დაფიქსირებულიყო… ამ ეტაპზე ბრალეულობაზე არ ვსაუბრობთ, ვინაიდან არა აქვს ამ ყველაფერს საბოლოო სახე. საავადმყოფოს შიდა გადაცემა არ უნდა გვქონდეს,“ – დასძინა ნინო ნიჟარაძემ დღეს, 11 აპრილს.

ქობულეთში კლინიკა უკვე დაკეტილია.

გუშინ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 44 პირისგან აიღეს მთლიანობაში ნიმუშები ეპიდემიოლოგებმა. მათგან 39 პირთან პასუხი იყო უარყოფითი.

ერთ-ერთი ინფიცირებულის, 81 წლის ქალის ოჯახში აცხადებენ, რომ მათი ოჯახის წევრი კორონავირუსით ქობულეთის სამედიცინო კლინიკაში ექიმების შეცდომის შედეგად დაინფიცირდა, სადაც ქალი სხვა ჩივილებით მკურნალობდა.

კლინიკა „მედალფაში“ დღეს დილით 19 პირი იყო კორონავირუსით მოთავსებული. კლინიკაში ამბობენ, რომ მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, სავარაუდოდ, სამი პირი კი უახლოეს დღეებში განიკურნება და გაეწერება საავადმყოფოდან.

11 აპრილის მონაცემებით, აჭარაში მთლიანობაში კორონავირუსით დაინფიცირების 21 დადასტურებული შემთხვევა იყო, მათ შორის ქობულეთის კლასტერზე, რომელიც სოფელ გვარას უკავშირდება, 11 პირი მოდიოდა. დღეს ამ კლასტერში ინფიცირებულთა რაოდენობა 17-მდე, აჭარაში კი 27-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ქვეყნაში ამ დროისთვის [16:00] 242 პირია ინფიცირებული, მათგან განიკურნა 57, გარდაიცვალა – 3, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 370.

როგორ ჩამოაშორეს მორიგი „არასასურველი კადრი“ აჭარა ტვ-ის საინფორმაციოს

„ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ვამბობდით, რომ მიმდინარეობდა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ეს სურვილი ჩანდა თავიდანვე. გვეუბნებოდნენ, რომ ვიგონებდით რაღაცებს, ფაქტები სახეზეა – ახლა უკვე ერთადერთი პლატფორმა, რომელიც დამოუკიდებლად ქმნიდა კონტენტს, გამოშიგნეს…“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი. მას ტელევიზიის დირექტორმა ამ კონკრეტული სამსახურის შეცვლილი დებულება გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, ონლაინსამსახური ახალ ამბებს ვეღარ გაავრცელებს და ამისთვის ცალკე რედაქტორი იმუშავებს.

ნინო ხაჟომია, რომელიც სოფო ჟღენტის ინფორმაციით, ახალი ამბების ონლაინრეჟიმში გავრცელებაზე იზრუნებს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთ რედაქტორად 24 თებერვალს დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში მან ეს თანამდებობა დატოვა. სოფო ჟღენტი ონლაინსამსახურის დებულების შეცვლას მიიჩნევს „რეორგანიზაციას რეორგანიზაციის გარეშე“ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„გამომიგზავნეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ნინო ხაჟომია სთხოვდა დირექტორს, აეყვანათ ახალი ამბების სამსახურში ონლაინრედაქტორის პოზიციაზე. რადგან ასეთი პოზიცია მაუწყებელში აქამდე არ არსებობდა, სტრუქტურის მიხედვით კი, ონლაინსამსახურის რედაქტორი ჩემს სამსახურში შედიოდა, დავუკავშირდი დირექტორის თანაშემწეს, ნათია გოგიჩაიშვილს. მითხრა, რომ ასეთი პოზიცია გაჩნდა, რადგან  საინფორმაციო სამსახურის ახალი დებულება შეიქმნა. მან ასევე მითხრა, რომ ონლაინსამსახურის დებულებაში შევიდა “მცირედი” ცვლილებები.

ბუნებრივია, ვიკითხე, როგორ შეცვალეს ჩემი სამსახურის დებულება ჩემ გარეშე, რაზეც ნათია გოგიჩაიშვილმა მიპასუხა, რომ ეს დირექტორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. მხოლოდ მეორე დღეს გადმომიგზავნეს დებულება, სადაც აღმოვაჩინე, რომ ამ “მცირედი” ცვლილებებით ჩემს სამსახურს მთლიანად ჩამოერთვა ახალი ამბების წარმოების ფუნქცია და მხოლოდ გადაცემებისა და შექმნილი პროდუქტების სოციალური მენეჯერის ფუნქცია დარჩა. ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს არ დაგვკავშირებია არავინ,“ – ამბობს სოფო ჟღენტი აჭარის ტელევიზიასთან.

სოფო ჟღენტი ამბობს, რომ ტელევიზიის დირექტორმა ამ გზით აარიდა თავი რეორგანიზაციას, რომელსაც მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან ოთხის თანხმობა სჭირდებოდა.

„მიზანი იყო ის, რომ მე არ ვყოფილიყავი ახალი ამბების შემქმნელი და დამიტოვეს სოცმენეჯერის ფუნქციები, თუმცა ხელშეკრულება ჯერ შეცვლილი არ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი,“ – დასძენს სოფო ჟღენტი.

აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსის შეფასებით, აჭარის ტელევიზიას უკვე დაეტყო სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რომლის დამოუკიდებლობას აქამდე კონკრეტული ადამიანები უზრუნველყოფდნენ და რომლებიც ტელევიზიის მენეჯმენტმა ეტაპობრივად ჩამოიშორა.

„ეს საინფორმაციო პოლიტიკა, რაც იყო დაბალანსებული და აღიარებული მეტ-ნაკლებად ამ პოლარიზებულ გარემოში, იცვლება და საითკენ იცვლება, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება. ბოლო კვირას საინფორმაციოს 8 საათის გამოშვებაში ერთმანეთს თორნიკე რიჟვაძე და დავით გაბაიძე ენაცვლებიან და საუბრობენ იმაზე, როგორ ჩარიცხავენ ხელფასის ნაწილს ფონდში…“ – აღნიშნა სოფო ჟღენტმა „ბათუმელებთან“.

მანამდე აჭარის ტელევიზიის დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე ქუთაისის ბიუროში გაამწესა, რედაქტორი – მაია მერკვილაძეს, რომელსაც იგი საჯაროდ საუკეთესოდ მიიჩნევდა, არარსებული გადაცემა ჩააბარა. ტელევიზიის დირექტორმა სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის პრაქტიკული მხარდაჭერით საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა თეონა ბაკურიძე, რომელსაც მთავარი საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა, მის ნაცვლად კი დანიშნეს აჭარის გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი. საინფორმაციოს ჩამოაშორეს ამ სამსახურის უფროსი – შორენა ღლონტი, ასევე ნათია ზოიძე, რომელიც დირექტორის მოადგილე იყო და დირექტორმა მხოლოდ ანგარიშების წერის ფუნქცია დაუტოვა და რედაქტორი ნათია შავაძე.

პანდემიის მიზეზით გააჩერეს კრიტიკული გადაცემა „ჰეშთეგი“.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს მალე ახალი უფროსი ეყოლება – გამოცხადებულ კონკურსში განცხადება მხოლოდ ვახო ხუზმიაშვილმა შეიტანა, რომელიც ცოტა ხნის წინ დანიშნეს ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ და ერთ-ერთი გადაცემის წამყვანად. მას ტელევიზიის მიერ დაკომპლექტებული კომისია უახლოეს დღეებში გაესაუბრება.

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლოს უკვე მიმართეს. სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაცია, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“  აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

ამ თემაზე:

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

 

 

 

 

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია 1.48 მლნ ევროს ღარიბებისთვის ხარჯავს – Covid 19

რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში პანდემიისგან დაზარალებულ, მოწყვლად ჯგუფებს ეხმარება.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ცნობით, რუმინეთის პატრიარქის, დანიელის მიმართვის შემდეგ, რუმინეთის ეკლესიის სასულიერო პირებმა და მოხალისეებმა გააძლიერეს ზრუნვა სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ პანდემიისგან.

მატერიალური დახმარება განკუთვნილია ღარიბებისა და მოხუცებისთვის, ავადმყოფებისა და შშმ პირებისთვის, რომლებიც დროებით იმყოფებიან იზოლაციაში ან კარანტინში. ასევე, რუმინეთის ეკლესია ეხმარება რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას. ეკლესიის დახმარება გამოიხატება საკვების, ჰიგიენური საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დარიგებაში.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ცნობით, პანდემიის შედეგად მძიმედ დაზარალებულთა დასახმარებლად რუმინეთის ეკლესიამ უკვე გაიღო 1 480 000 ევრო [7 153 671 ლეი].

რუმინეთის საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქმა დანიელმა, ასევე ეპისკოპოსებმა და სასულიერო პირებმა, თანხა გაიღეს საკუთარი ხელფასებიდან, რომ რამდენიმე კლინიკისთვის, მოხალისეებისა და სოციალური მუშაკებისთვის აღჭურვილობა ეყიდათ კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

საპატრიარქოს ცნობით, ერთ-ერთმა არქიეპისკოპოსმა ადგილობრივი ხელისუფლება დაარწმუნა, რომ ეკლესიის გარემონტებისთვის განკუთვნილი 300 000 ევრო ორ ადგილობრივ სახელმწიფო საავადმყოფოში გადამისამართებულიყო.

პანდემიის გამოცხადებიდან მოკლე ხანში რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა მოუწოდა მრევლს, „გამოცდისა და ტანჯვის ეს პერიოდი“ გადაელახათ ლოცვითა და კეთილი საქმით.

„ვილოცოთ ყველა ავადმყოფისთვის, მათი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის, ვილოცოთ ექიმებისთვის და ყველასთვის, ვინც ხალხს ეხმარება“, – განაცხადა პატრიარქმა დანიელმა.

რუმინეთის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.

11 აპრილის მონაცემებით, რუმინეთში კორონავირუსის 5 990 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 282 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 758.

მარტის ბოლოს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, ხელისუფლებასთან კონსულტაციით გადაწყვიტა, რომ ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატაროს.

ამავე თემაზე: 

საბერძნეთში ეკლესიამ 300 ათასი ევროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა სახელმწიფოს

 

შეიძლება თუ არა საკვებით გადაეცეს კორონავირუსი? – რას ამბობენ სპეციალისტები

სოციალური დისტანცირების, ხელების ხშირი დაბანის, ზედაპირების დეზინფექციის ინსტრუქციები მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა, მაგრამ სახლში მოტანილი პროდუქტის გასუფთავების ინსტრუქცია ყველას სხვადასხვა აქვს.

უსაფრთხოა თუ არა ხილ-ბოსტნეულის უბრალოდ გამდინარე წყლით გარეცხვა? – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისევე როგორც ევროპის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების საზოგადოება იუწყებიან, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის, რომ საკვები შეიძლება იყოს ამ ვირუსის გადაცემის წყარო.

BfR [გერმანიის  რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტი]: ამ დრომდე არ არის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი, რომ SARS-CoV-2 ის ინფიცირება საკვების გამოყენებით მომხდარიყოს, მათ შორის, გაყინული საკვების. დაიცავით ჰიგიენის ზოგადი წესები საჭმლის მომზადებისას.

თუმცა საკვები პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ ჯანმოსთან თანამშრომლობით მომზადებულ ერთ-ერთ მიმოხილვაში (1998) ვკითხულობთ, რომ უმი ხილი და ბოსტნეული შეიძლება გახდეს ინფექციის გადამცემი:

„მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები არ მრავლდება საკვებში, უმი ხილი და ბოსტნეული შეიძლება ინფექციის გადამტანი იყოს… ნებისმიერი საკვები, რომელიც ხელში ეკავა ინფიცირებულ ადამიანს, შესაძლოა იყოს დაბინძურებული და ინფექციის გადამტანი“.

  • საჭმლის მომზადებისას ვირუსი კვდება

„ერთი კარგი რამ არის ცნობილი SARS-CoV-2-ის შესახებ, ის რომ ეს „გარსიანი“ ვირუსია და ასეთი ვირუსი მგრძნობიარეა სიცხისადმი, გამოხარშვისადმი, გაშრობისა და ანტისეპტიკებისადმი. მისი მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე ზოგიერთი სხვა ვირუსისა. ასე,რომ ბოსტნეულისა თუ საჭმლის გაცხელება ახდენს ვირუსის დეაქტივაციას“.

BfR: გარსიანი ვირუსები, რომლებშიც გენეტიკური მასა შეფუთულია ცხიმის ფენით (ლიპიდური ფენით), მგრძნობიარედ რეაგირებენ იმ ნივთიერებებზე, რომლებიც ცხიმს შლიან, მაგალითად, ალკოჰოლზე ან ზედაპირულად აქტიურ აგენტებზე, რომლებსაც შეიცავს საპნები და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები.

ექიმი ვირკი, მაიოს კლინიკის ინფექციონისტი მინესოტადან, ამბობს, რომ საკვებ პროდუქტებზე ვირუსი მხოლოდ 1-3 დღეს ძლებს.

ამავდროულად, ექიმი ვირკი ამბობს, რომ უმი ხილ-ბოსტნეულის შემთხვევაში, როცა ამ პროდუქტის გათლა/გარჩევის საშუალება არ აქვს, საპნიანი წყლით რეცხავს მათ:

„მე პრობლემა მაქვს გაურეცხავი ხილ-ბოსტნეულის ჭამასთან, მაშინაც კი, როცა კოვიდ-19 არ არის გავრცელებული. მე გულმოდგინედ ვრეცხავ მათ… ახლაც ასე მოვიქცევი. რისკი მცირეა, მაგრამ არ იცი, იქნებ ინფიცირებულს ეჭირა“, – ამბობს ექიმი ვირკი.

ექიმი ვირკი,  მინესოტას შტატში, მაიოს კლინიკის ინფექციონისტი ამბობს, რომ ხილს, რომლის გარჩევა/გათლასაც ახერხებთ, მაგალითად, ბანანს, არ სჭირდება გარეცხვა. მაგრამ ის გირჩევთ, დაიბანოთ ხელები გარჩევამდე და გარჩევის შემდეგ, სანამ ხილის იმ ნაწილს შეეხებით, რომელსაც ჭამთ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები პანდემიის დროს საკვების უსაფრთხოებასთან მიმართებაში საპნიანი წყლის გამოყენებას არ მოიცავს. FDA [ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია] წერს, რომ ხილისა და ბოსტნეულის საპნიანი წყლით გარეცხვა არ არის რეკომენდებული.

ჯანმოს რეკომენდაციის თანახმად კი, უნდა მოერიდოთ უმი ან თერმულად დაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გამოყენებას.

ქართველი მეცნიერი კანადიდან: შესაძლოა, შემოდგომაზე გვქონდეს covid 19-ის ვაქცინა

„შექმნილი ვაქცინა უკვე გადის პრეკლინიკურ ფაზას, ეს არის ცხოველებზე დატესტვა… გააჩნია რა პასუხებს მივიღებთ და შემდეგ გადავალთ ადამიანების გამოცდაზე, რასაც ჰქვია კლინიკური ფაზა…. ამ პროცესს დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება,“ – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბუნების შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორმა, კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერმა გიორგი ბაბუაძემ. ის ერთ-ერთი მეცნიერია მათ შორის, რომლებიც covid -19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობენ.

კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის შემოწმება მსოფლიოს რამდენიმე სამეცნიერო დაწესებულებაში მიმდინარეობს, მათ შორის, კანადის უნივერსიტეტში, სადაც გიორგი ბაბუაძე მუშაობს. მსოფლიოს ოთხ სამედიცინო კლინიკაში კი ვაქცინა უკვე იტესტება კონკრეტულ ადამიანებზე, ანუ დაწყებულია კლინიკური ფაზა. ორი ასეთი სამედიცინო კლინიკა ჩინეთშია, ორი – შეერთებულ შტატებში.

კანადაში მყოფი ქართველი მეცნიერის, გიორგი ბაბუაძის თქმით, ვაქცინის შემოწმების ეტაპები ახლა დაჩქარებულია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანადის მთავრობასთან ფორმალური პროცედურების შესამცირებლად და გამორიცხული არაა, რომ ვაქცინის გამოყენება ამ წლის შემოდგომაზეც დაიწყონ.

„ეს არის სულ სამი ფაზა. მეოთხე ეტაპი ჩვენ შესაძლოა საერთოდ გამოვტოვოთ, რადგანაც პანდემიაა და არსებობს ასეთი ინტერესი… როგორც კი დადებენ ოფიციალური სამსახურები დასკვნებს, ვაქცინა შესაძლოა ჩაეშვას მოხმარებაში… ამ ვაქცინაზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით სამი წლის წინ. კორონავირუსის ვაქცინა ჩვენ შევქმენით დაახლოებით ორ თვეში, შემდეგი ეტაპები კი დაკავშირებულია დროსთან და ძალიან დიდ თანხასთან. ეს არის თანხა, რომელსაც მოითხოვს ექსპერიმენტული პროცედურები,“ – თქვა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გიორგი ბაბუაძემ.

ქართველი მეცნიერის თქმით, კანადაში ამ ეტაპზე ვაქცინა თაგვებზე იტესტება. მან ასევე დაადასტურა მეცნიერთა შეხედულება იმაზე, რომ covid-19 ცხოველებისგან წამოსული ვირუსია და მისი გავრცელების თავდაპირველი წყარო ღამურა იყო. გიორგი ბაბუაძე ვირუსის გავრცელებას ჩინეთში, ვუჰანის ცხოველთა ბაზრობას უკავშირებს.

„ეს არის ცხოველებისგან წამოსული. ღამურადან არის ნამდვილად გადასული. ვუჰანის ბაზრობა არის განუკითხაობა, მაგ ბაზრობიდან წამოვიდა თავის დროზე ფრინველის გრიპიც. განუკითხაობა რატომ – უზარმაზარი რაოდენობის ცხოველები ჰყავთ ერთად მოთავსებული, სადაც თავისუფლად შეიძლება განიცადოს ვირუსმა მუტაცია და გადავიდეს ერთი ცხოველიდან მეორეზე,“ – აღნიშნა გიორგი ბაბუაძემ.

_________________

ფოტოზე: გიორგი ბაბუაძე. ფოტო: პირველი არხი

 

კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 59 მოქალაქე დააჯარიმეს

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 10 აპრილს საღამოს 9 საათიდან დღეს დილის 6-მდე კიდევ 59 მოქალაქე დააჯარიმეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის შზღუდვების დარღვევის 139 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 55 მოქალაქე დააჯარიმეს.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 19 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

Exit mobile version