როცა სახლებში ჩაკეტილ ღარიბებთან საკვები მიგაქვს – წითელი ჯვრის მოხალისეების 2 თვე

კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა ათასობით მოქალაქე ფულისა და საკვების გარეშე დარჩა, წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა ბათუმში ამ ადამიანების დახმარების ორგანიზება დაიწყეს. 500-მდე მოხალისე ორი თვის მანძილზე ჯამში 8 ათასამდე ოჯახს დაეხმარა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და მის მოხალისეებს პანდემიის დროს არცერთი წამით არ შეუწყვეტიათ მუშაობა.

პასუხობდნენ მოქალაქეების ზარებს ცხელ ხაზზე, იდგნენ დიდი სუპერმარკეტების შესასვლელებში და მოქალაქეებს მოუწოდებდნენ დახმარებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც პროდუქტის საყიდელი თანხა არ ჰქონდა. დადიოდნენ სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა და მიჰქონდათ პროდუქტები სოციალურად  გაჭირვებულებთან.

ორი თვის მანძილზე წითელი ჯვრის აჭარის ორგანიზაციაში 500-მდე მოხალისე იყო ჩართული.  მხოლოდ წითელი ჯვარი დაახლოებით 8 000 ოჯახს დაეხმარა. ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად  კი დაახლოებით 20 000 სასურსათო კალათის შეფუთვაში მიიღეს მონაწილეობა.

მოხალისეები სასურსათო კალათებს ამოწმებენ

სოფო გაბაიძეც წითელი ჯვრის მოხალისეა. ის ამავდროულად იყო ცხელი ხაზის ოპერატორი. დღის მანძილზე ათობით ზარს პასუხობდა, მოქალაქეების თხოვნებს იწერდა და შემდეგ მათთან წითელი ჯვრის მოხალისეებს საკვები მიჰქონდათ.

„ფსიქოლოგიურად რთული იყო ამდენი ამბის მოსმენა. რთულია, როცა ადამიანი გირეკავს და გეუბნება, რომ საკვები არ აქვს. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ფეხით გავდიოდით ათობით კილომეტრს სახლიდან დიდ სუპერმარკეტებამდე, საღამოს უკან სახლისკენ.  მაგრამ როცა გახარებული ადამიანის თვალებს ხედავ, ვისი გახარებაც შენი შრომით შეძელი, ყველაფერი გავიწყდება,“ – ამბობს სოფო.

მარტსა და აპრილში, როცა მოქალაქეთა უმეტესობა კარანტინში იყო და სახლიდან არ გადიოდა, წითელი ჯვრის მოხალისეები დღეში უამრავ ადამიანს ხვდებოდნენ.

„შიში მქონდა, მაგრამ ეს შიში სხვა ადამიანების დახმარების სურვილმა დამაძლევინა,“ – ამბობს ნინი მსახურაძე, წითელი ჯვრის მოხალისე და აგრძელებს: „რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალთან ვიყავით, რომელიც მარტო ცხოვრობდა, მძიმე სოციალურ პირობებში. მის სახლთან მისასვლელი გზაც კი არ იყო. დიდი ძალისხმევის გაღება დაგვჭირდა, სასურსათო კალათები რომ მიგვეტანა მისთვის. ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, როცა დაგვინახა, რომ მისთვის საკვები მიგვქონდა. ისე გაუხარდა, ისე გაებადრა სახე, ისე გამოცოცხლდა, ამ ემოციისთვის ღირდა პირადად ჩემთვის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ“.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების აჭარის ორგანიზაციაში ხუთასამდე მოხალისეა გაწევრიანებული. მათ შორის არიან უცხოელებიც.

„გვყავს ინდოელი სტუდენტები მოხალისეებად. კენიიდან და ერაყიდან მოხალისეები, რომლებიც თავის დროზე ერაყში ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს. ადამიანებმა ქართულიც კი არ იციან და ჩვენთან ერთად ეხმარებიან ქართველ მოხუცებს. ყოველდღე ზრუნავდნენ ჩვენთან ერთად. კორონასთან ბრძოლას არ ჰქონდა საზღვრები. მადლობა ყველა იმ მოხალისეს, ვინც ჩვენთან ერთად იშრომა ეს თვეები,“ – ამბობს გიორგი ბოლქვაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების პროექტის ,,მზად ვართ რეაგირებისთვის” კოორდინატორი.

აშშ-ში 100 ათასს აჭარბებს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა

28 მაისის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 1 699 933 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა – 100 442 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 391 508.

კორონავირუსისგან ყველაზე მეტად ნიუ იორკის და ნიუ ჯერსის შტატები დაზარალდა. მხოლოდ ნიუ იორკის შტატში 29 484 ადამიანია გარდაცვლილი Covid-19-ისგან, ნიუ ჯერსიში – 11 339.

დღეის მონაცემებით, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული აშშ-ში, ბრაზილიასა და რუსეთში.

პირბადის გარეშე ტრანსპორტში ვერ ახვალთ – მგზავრობის წესები ბათუმში

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები მუშაობას 29 მაისიდან განაახლებენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით მუნიციპალურ ტრანსპორტში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აკრძალულია კონდიციონერების გამოყენება და ავტობუსების ფანჯრები ღია უნდა უნდა იყოს მოძრაობისას, რათა მოხდეს ვენტილაცია და განიავება.

რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმა და მძღოლებმა:

[crosslist]

  • ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება.
  • აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება.
  • ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში.
  • მიკროავტობუსებში აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება და ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.
  • მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარით.
  • დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება მუნიციპალური ავტობუსების სალონებში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერების შევსება.
  • მძღოლის კაბინა შემოსაზღვრული იქნება შესაბამისი ლენტით.
  • ის ლოკაცია, სადაც მძღოლებს უწევთ სამსახურში გასვლის წინ შესაბამისი აღრიცხვის გავლა, ყოველდღიურად დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით, ხოლო მძღოლებს სამსახურში გასვლამდე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ პირბადეები.
  • ჯიპიეს სისტემის მეშვეობით მოხდება ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაციის მიღება.
  • ავტობუსების მუშაობის პროცესში პერიოდულად გაჟღერდება მოწოდება სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით.
  • როგორც მუნიციპალურ ავტობუსებს, ასევე, მიკროავტობუსებს ყოველდღიურად ჩაუტარდება შესაბამისი დეზინფექცია. საზოადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის კონტროლს მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.

[/crosslist]

მუნიციპალური ტრანსპორტი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბათუმში, 31 მარტიდან არ მუშაობს.

მოძრაობის აკრძალვამდე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები სპეციალური ხსნარით მუშავდებოდა, ავტობუსებში დაამონტაჟეს სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ასასვლელ კარებს არ აღებდნენ, მძღოლის ადგილიდან დაახლოებით 2 მეტრი მანძილით კი წითელი ლენტები იყო გაბმული.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობას, ის 8 ივნისიდან აღდგება.

ამ თემაზე:

ხვალიდან ბათუმში მიკროვატობუსების მოძრაობაც აღდგება – ლაშა კომახიძე

„პერსილისა“ და „არიელის“ გაყალბებისთვის აჭარაში ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, რომელიც თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის იმპორტს, საქონლის რეალიზაციის გაადვილებისა და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახდენდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების – „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 10 კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული 1 386 ერთეული „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები“.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

 

ხვალიდან ბათუმში მიკროვატობუსების მოძრაობაც აღდგება – ლაშა კომახიძე

29 მაისიდან ბათუმში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მიაწოდა ჟურნალისტებს.

მერის თქმით, ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტით სარგებლობისას აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. აკრძალულია კონდიციონერების გამოყენება და ავტოსაშუალებებმა უნდა იმოძრაონ ღია ფანჯრებით, რათა მოხდეს ვენტილაცია და განიავება.

“არის  მთელი რიგი პირობები, რომელიც უნდა იყოს დაცული  როგორც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, ასევე გადამყვანი ორგანიზაციების და ავტოსაშუალებების მფლობელების მხრიდან, ვინაიდან შევძლოთ მაქსიმალურად იმ ეფექტის შენარჩუნება, რაც გვაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში. აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის ყოფნა, ასევე აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა. ეს ეხება ამ ეტაპზე მიკროავტობუსებს და არ ეხება ავტობუსებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მგზავრები მუნიციპალურ ავტობუსებში იქნება მიჯრით,” – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მერის განცხადებით, მძღოლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სადეზინფექციო ხსნარით.

„ეს განსაკუთრებით ეხება მიკროავტობუსებს, ვინაიდან არამხოლოდ მძღოლების მოხმარებისთვის არის ეს განკუთვნილი, არამედ მგზავრების მოთხოვნაში უნდა შეძლონ მიწოდება ასეთი ხსნარების, რათა მგზავრებმა შეძლონ ხელის დამუშავება. რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, იქ განთავსებულია სადეზინფექციო დისპენსერები და მგზავრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ისინი,“ – თქვა ლაშა კომახიძემ.

ლაშა კომახიძემ მგზავრთა გადამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს და ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორს დაავალა, რომ ტრანსპორტით მგზავრობისას დასაცავი წესების ჩამონათვალი როგორც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, ისე გაჩერებებზე გამოაკრან.

მერის თქმით, აუცილებელია როგორც ავტობუსებს, ისე მიკროავტობუსებს ყოველდღე ჩაუტარდეს დეზინფექცია. ასევე, მძღოლებმა ყოველდღიურად უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი და ეს სპეციალურ ჟურნალში აღირიცხოს.

წესების დაცვის შესრულებაზე მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.

როგორ „მიულოცა“ დამოუკიდებლობის დღე რუსეთმა საქართველოს

გუშინ, 26 მაისს, რუსეთმა შეშფოთება გამოხატა –  ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება და კიდევ: „ვაშინგტონი არ ხნის, რითია დაკავებული რუსეთის საზღვართან ახლოსო“. გუშინ, 26 მაისი იყო – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო სხვადასხვა ფორმით ულოცავდა ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენას, რუსეთმა დამოუკიდებლობის „მოლოცვა“ საქართველოსთვის ამ ფორმით გადაწყვიტა.

„…გვითხრა, აი, ეს არის თქვენი სახელმწიფო, ვირუსების გამავრცელებელი, პრობლემების შემქმნელი, მსოფლიო კატასტროფების გამომწვევი და ახლა რას ზეიმობთ, რა გაქვთ საზეიმოო, ეს გვითხრა,“ – ასე გაიგო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განაცხადი. უფრო სწორედ ის, თუ რას გაუსვა ხაზი რუსეთმა ამით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ლუგარის ლაბორატორიას თბილისში ვიზიტის თაობაზე ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. რუსეთი ლაბორატორიის ყველა განყოფილებაში ითხოვს დაშვებას.

მორიგი ცრუ ბრალდებები“ – ეს შეფასება ჰქონდა დღეს, 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როცა მან ოფიციალური საპასუხო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ საქართველო რუს ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში კვლავ ეპატიჟება, თუმცა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, ანუ რუსი მეცნიერები ლაბორატორიის მუშაობას მარტო ვერ დააკვირდებიან.

„26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო იღებდა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მილოცვებს, გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით….“ – აღნიშნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რის მიღწევას ცდილობს ამჯერად რუსეთი, როცა ლუგარის ლაბორატორიაზე ავრცელებს დეზინფორმაციას? ლაბორატორიაზე, რომლის მიმართ კორონავირუსის პანდემიის დროს კითხვები და ეჭვები კრემლთან დაახლოებულ პირებსაც კი გაუქრათ საქართველოში?

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ რუსეთს „მორიგი შეტევა“ ამჯერად არ გამოუვიდა, რადგან გათვლა საქართველოს ხელისუფლებაზე იყო, რომელიც შესაძლოა დასთანხმებოდა რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში მარტო შეშვებას.

„რუსეთს გათვლა ჰქონდა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება იტყოდა თანხმობას. თუკი რუსი სპეციალისტების ლაბორატორიაში შეშვებაზე დათანხმდებოდა ხელისუფლება, ამით პირდაპირ დადასტურდებოდა ის, რაც დოკუმენტში ეწერა, ანუ ერთგვარად დავადასტურებდით ეჭვების საფუძვლიანობას… ეს, შესაძლოა, ლავროვს პირდაპირ არ ეთქვა, მაგრამ სხვა იტყოდა, თუ პრობლემა არ იყო, რატომ შეგვიშვესო.

მეორე მიზანს მიაღწევდნენ იმ შემთხვევაში, თუკი რუსი სპეციალისტები ლაბორატორიაში მარტო შევიდოდნენ. რა თქმა უნდა, ეს იძლევა სხვადასხვაგვარი ფანტაზიის საშუალებას: რა იპოვეს, აღმოაჩინეს, დაადგინეს… რუსეთს საბედნიეროდ არ მიეცა საშუალება დეზინფორმაციული შემოტევა გაეგრძელებინა. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური პასუხი გასცა რუსეთს,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი.

ლუგარის ლაბორატორიაში რომ თითქოს „ადამიანებზე ატარებდნენ ცდებს“, ან „ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ“ და „ამერიკა იყენებს საქართველოს“ – ეს და სხვა მსგავსი მითები თქვენც გეხსომებათ წინა წლებიდან. შესაძლოა, ზოგიერთი მითის თქვენც გჯეროდათ. საქართველოში ეწყობოდა კონფერენციებიც, სადაც ლუგარის ლაბორატორიის უსაფრთხოების შესახებ მსჯელობდნენ. 2018 წელს აფხაზურმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკების დისკუსიაზეც წამოჭრა ლუგარის ლაბორატორიის საკითხი. მეტიც, რუსი მაღალჩინოსნების შემდეგ ამ ლაბორატორიაზე პირდაპირი შეტევა მიიტანა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტი მაშინ ამბობდა, რომ „მიმდინარე კვლევები უკავშირდება გენეტიკის სფეროში უკანასკნელ მიღწევებს და შეეხო ფაქტს, რომ მუშავდება ისეთი პრეპარატები, რომელთაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ადამიანებზე მათი ნაციონალური კუთვნილების შესაბამისად“.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ბრალდებები თითქოს შეწყდა. მისი ეფექტურობა კი დაინახეს იმ ადამიანებმაც კი ქვეყნის შიგნით, ვინც ხშირ შემთხვევაში მის გაუქმებას ითხოვდა. ახლა მათი პოზიცია ასე შეიცვალა: „ჩვენ მხოლოდ კითხვები გვქონდა, ახლა ეჭვი აღარ გვეპარებაო“.

„ლუგარის ცენტრი იგებს ომს რუსეთის პროპაგანდასთან, თუმცა მზად უნდა ვიყოთ ახალი მითებისთვის“, – ამას თინა ხიდაშელი ნეტგაზეთთან 26 მარტს ამბობდა. ზუსტად ორი თვის შემდეგ მორიგი „ახალი მითი“ მივიღეთ.

„კი, ბატონო, ლუგარის ლაბორატორია დაგეხმარათ დაავადების იდენტიფიცირებაში, მაგრამ ეს ხომ არ გამორიცხავს იმას, რომ თავად ეს ლაბორატორია ყოფილიყო წყარო? ის, რომ ლაბორატორია გეხმარება ანალიზების ჩატარებაში, ეს ხომ არ გამორიცხავს იმას, რომ თავად იყო პრობლემის მატარებელი?“ – კითხულობს დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

„რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში,“ – უთხრა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ,  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ადრე, როცა საქართველოში ლუგარის ლაბორატორია არ იყო, სხვადასხვა ინფექციაზე მონაცემს რუსეთში აგზავნიდნენ. „თეთრი შური იცით, რა არის?“ – ჰკითხა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

რუსეთის „მორიგ შემოტევას“ დღეს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც:

„შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მომდინარე დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ცენტრზე, რომელმაც სასიცოცხლო როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში ახალ კორონავირუსთან“.

____

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა საქართველოში დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო-ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” საფუძველზე.

შეთანხმების ფარგლებში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა დღემდე შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას. პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უახლესი შენობა სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/309182/

Nasa-ს კოსმონავტები SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით მიფრინავენ – პირდაპირი ეთერი

დღეს Nasa და SpaceX-ი პირველ კომერციულ ამერიკულ კოსმოსურ ხომალდს აშშ-ს დროით 4:33-ზე გაუშვებს კოსმოსში [თბილისის დროით 28 მაისის 00:00 საათზე].

ასტრონავტების, რობერტ ბენკენისა და დუგლას ჰერლის კოსმოსში მოგზაურობას  Nasa და Space X-ი პირდაპირი ეთერით აჩვენებენ: რაკეტის დედამიწიდან აფრენის მომენტიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაფრენამდე.

Nasa-ს ასტრონავტები დუგლას ჰერლი და რობერტ ბენკენი დღეს კოსმოსში გაფრინდებიან

კოსმოსური ხომალდი SpaceX Crew Dragon-ი, SpaceX Falco  9 ფლორიდიდან, კენედის სახელობის ისტორიული კოსმოსური ცენტრიდან აფრინდება და აშშ-ს დროით 28 მაისის 11:39-ზე იქნება დანიშნულების ადგილზე, კოსმოსურ სადგურზე.

ეს იქნება SpaceX-ის საცდელი ფრენა NАSА-ს კომერციული ეკიპაჟის პროგრამის ფარგლებში, რომელმაც რაკეტა Falcon 9-ის, კოსმოსური ხომალდის Crew Dragon-ის აფრენა-დაფრენის, ორბიტაზე მუშაობის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მახასიათებლები უნდა აჩვენოს.

საცდელი ფრენის წარმატებული შედეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება SpaceX-ის ეკიპაჟის ტრანსპორტირების სისტემის სერთიფიცირებისთვის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება რეგულარული ფრენები.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ 9 წლის განმავლობაში ამერიკის კონტინენტიდან კოსმოსში დღეს პირველად გაფრინდებიან.

განახლება:

Nasa და SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის ფრენა ცუდი ამინდის გამო გადაიდო 30 ან 31 მაისისთვის. მომდევნო ფრენის თარიღი უახლოეს მომავალში დაზუსტდება.


ხომალდ SpaceX Crew Dragon, SpaceX Falcon 9-ის მოგზაურობის პირდაპირი ეთერის ინგლისურ ენაზე სანახავად გადადით აქ, პირდაპირი ეთერის რუსულ ენაზე სანახავად კი გადადით აქ.

ავარია ბათუმში – ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა

ავარია მოხდა დღეს, 27 მაისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

ერთმანეთს ტაქსი და მოტოციკლეტი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია შუა ხნის მამაკაცი, რომელიც სასწრაფომ გულ-მკერდის არეში ტრავმით გადაიყვანა კლინიკაში.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

რატომ გაიმართა აქცია ბათუმში – დაკავებულების ახლობლების და შს სამინისტროს ვერსიები

დღეს, 27 მაისს, ბათუმში ხალხმრავალი აქცია გაიმართა, ჯერ აჭარის მთავრობის წინ, შემდეგ კი ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, სადაც აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. აქციაზე დღეს 30 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

დღეს, აქციაზე დაკავებული პირების ფეხსაცმელები. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

აქციის მიზეზი ორი დაკავებულია – ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე, სპორტსმენები. აქციის მონაწილეები მათი ოჯახის წევრები და ახლობლები არიან, ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ოფიციალური, შს სამინისტროს ვერსიით, ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს 7 მაისს ბათუმში. ისინი ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

ამავე საქმეზე შსს-მ 4 პირს წარუდგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით.

დღეს, ხმაურიანი აქციის შემდეგ, რასაც 30 პირის დაკავება მოჰყვა, შს სამინისტრომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა კადრები, ჩხუბი კაცებს შორის, სადაც ჩანს სავარაუდოდ, კონფლიქტის დასაწყისი, შემდეგ კი ორ პირს [ელდარ ანთაძეს და რეზო წულუკიძეს] სცემს ათზე მეტი ადამიანი.

ინციდენტის სხვა ვერსიაზე ჰყვებოდნენ დღეს აქციის წევრები.

ერთ-ერთი დაკავებულის,  რეზო წულუკიძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ხალხს ეხმარებოდა, ფქვილს ურიგებდა ადამიანებს და ამის გამო დაიჭირეს.

ასევე, აქციის მონაწილეების ერთ-ერთი ვერსიით, ელდარ  ანთაძესა და რეზო წულუკიძეს ყოფით ნადაგზე კონფლიქტი მოუხდათ სხვა პირებთან. პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მხარეები გაათავისუფლეს. ფაქტიდან 3 დღის შემდეგ კი მათთან მივიდნენ ქურდული სამყაროს წევრები საქმის გასარჩევად, რა დროსაც ორივე მათგანი დანით დაჭრეს. აქციის მონაწილეების თქმით, ორივე მათგანი საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ.

აქცია აჭარის მთვრობასთან

აქცია ბათუმში უკვე დაიშალა. ერთ-ერთი დაკავებულის, რეზო წულუკიძის დედამ, ნათელა წულუკიძემ მედიასთან განაცხადა, რომ დაელოდებიან, გაათავისუფლებენ თუ არა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს ხვალ და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ გაგრძელდება აქცია. დღეს აქციაზე დააკავეს ბრალდებული რეზო წულუკიძის მამა, და და ძმა.

შსს: ბათუმში აქციაზე დაკავებულია 30 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია ბრალდებულების – ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის კონფლიქტი სხვა პირებთან. სწორედ ამ ორი ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო დღეს დილიდან საპროტესტო აქცია ბათუმში.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ ახლახანს გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 27 მაისს, ორი ბრალდებულის – ელდარ ანთაძის და რეზო წულუკიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, მათი გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ ელდარ ანთაძესა და რეზო წულუკიძეს ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი ჰქონდათ სხვა პირებთან. პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მხარეები გაათავისუფლეს. ფაქტიდან 3 დღის შემდეგ კი, მათთან მივიდნენ ქურდული სამყაროს წევრები საქმის გასარჩევად, რა დროსაც ორივე მათგანი დანით დაჭრეს. აქციის მონაწილეების თქმით, დაჭრილი ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი მათ ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აქციის მონაწილეების თქმით, ბრალდებულებს ასევე სცემა 20-მდე კაცმა, თუმცა მათგან პატიმრობაში არც ერთი არ იმყოფება.

პოლიციის ინფორმაციით, დღევანდელი აქციის მონაწილეები მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას და პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 27 მაისს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე [სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა] და 166-ე  [წვრილმანი ხულიგნობა] მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 30 პირი დააკავა.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მამაც.

___

ამავე თემაზე:

აქცია აჭარის მთავრობასთან 2 დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით

გიდების ნაწილმა 300-ლარიანი დახმარება ვერ მიიღო, ისინი მთავრობის პასუხს ელიან

ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე 2020 წლის 1-ელი ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა პირებმა, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს და შემოსავალი შეუწყდათ. გიდების ასოციაციები და ტურიზმთან დაკავშირებული დიდი ფეისბუქჯგუფების წარმომადგენლები ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრებს მართავდნენ, რომ ამ დახმარების მიღების შესაძლებლობა გიდებსაც ჰქონოდათ, თუმცა როგორც სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დარციმელია ამბობს, გიდების მხოლოდ ნაწილს მიუვიდა აპლიკაციის შევსების შემდეგ დასტური დახმარებაზე, ნაწილს კი უარი ეთქვა, თუმცა რატომ – გაურკვეველია. გიდების ასოციაციები ახლა ტურიზმის დეპარტამენტის შუამდგომლობით, ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს ელიან, რა მოხდა: გიდების ნაწილმა რეგისტრაციის შევსებისას დაუშვა შეცდომა და ამიტომ ვერ მიიღო ერთჯერადი, 300 ლარიანი დახმარება, თუ რაიმე პრინციპით მოხდა გიდების დაყოფა.

  • თავდაპირველად ითხოვდით ეკონომიკის სამინისტროსგან ე.წ. 1200-ლარიან დახმარებას, ახლა კი 300-ლარიანი, ერთჯერად დახმარებაა მხოლოდ შემოთავაზებაში. რით ახსნა ეს ეკონომიკის სამინისტრომ? 

დიახ, ჩვენი მოთხოვნა იყო 1200 ლარიანი დახმარება გადანაწილებული 6 თვეზე, ყოველთვიური 200 ლარით, თუმცა როგორც იურისტებმა აგვიხსნეს, ამ კრიტერიუმში ვერ მოვხვდით და ერთჯერად, 300-ლარიანი დახმარებაზეც პრობლემა ექმნება გიდების ნაწილს. ველოდებით პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ გავიგოთ, რა არის უარის მიზეზი.

  • გაქვთ ზუსტი სტატისტიკა, რამდენ გიდს ჩაერიცხა ერთჯერადი სახელმწიფო დახმარება და რამდენმა მიიღო უარი?

ზოგს ჯერ საერთოდ არ შეუვსია ეს სააპლიკაციო ფორმა, ჯერ სრულ მონაცემებს ვერ გეტყვით. ნაწილმა მიიღო, ნაწილმა – ვერა. ინფორმაციის მუდმივად მიღება-განახლების რეჟიმში ვართ. უცნაური არის ის, რომ არიან გიდები, რომლებსაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებოდათ ჩარიცხვა და მაინც ვერ მიიღეს სახელმწიფო დახმარება და არიან გიდები, რომლებსაც 2020-ის პირველ კვარტალში არ დარიცხვიათ ხელფასი საერთოდ და დაერიცხათ ბოლოს 2019-ში, მაგრამ მაინც მიიღეს დახმარებაზე დადებითი პასუხი; არიან გიდები, რომლებიც გადასახადების გადამხდელებად ფიქსირდებიან და დაკარგეს შემოსავალი, მაგრამ მათ ვერ მიიღეს სახელმწიფო დახმარება და არიან გიდები – ფიზიკური პირები, რომელთა ნაცვლადაც კომპანია იხდის საპენსიო ფონდშიც და საშემოსავლოსაც, მაგრამ მათ, ასევე, ვერ მიიღეს დახმარება. ამის მიზეზის გარკვევის პროცესში ვართ ახლა – შეცდომა იყო აპლიკაციის შევსებისას, თუ მართლაც უარი ეთქვა გიდების ნაწილს.

  • ითხოვდით, ასევე, სესხების ივნისის შემდეგაც გადავადებას გიდებისთვის, თუმცა მთავრობის განცხადებით, ივნისის შემდეგ საბანკო ვალდებულებების კიდევ სამი თვით გადავადება მათ შეეძლებათ, ვისაც სახელმწიფო დახმარების მიმღებად და შესაბამისად, დაზარალებულად ცნობს.

დიახ, ეს ჩვენთვის პრობლემაა, რადგან გიდების ნაწილს ერთჯერად დახმარებაზე უარი ეთქვა. თუ ეს მოცემულობა არ შეიცვალა, ბანკიც არ ცნობს გიდებს დაზარალებულად და სესხის გადახდას ივნისის ბოლოდან მოსთხოვს მათ, რაც წარმოუდგენელია. ერთჯერად დახმარებაზე მეტად გიდებს სწორედ ბანკებთან შუამდგომლობა ესაჭიროებათ. ივნისში ვერავინ ვერაფერს გადაიხდის: აგვისტოზე ადრე, რაც მე ვიცი, არავის აქვს ტურები ჩანიშნული. ესეც ისეთი ტურები, რაც იმ შემთხვევაში იქნება ძალაში, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა გლობალურად და რამე არ გართულდა. თანაც ჩვენ არ ვიცით ეს ტურისტთა ჯგუფების რა რაოდენობა იქნება და საერთოდაც, დასაქმდება თუ არა გიდების უმრავლესობა. როგორც მოსალოდნელია, ტურისტების რაოდენობა წელს გაცილებით ნაკლები იქნება.

  • ივნისის შემდეგ კიდევ 3 თვით საბანკო ვალდებულებების გადავადების შემთხვევაში შეძლებდნენ გიდები გადასახადების დაფარვას?

მთავრობასთან მოლაპარაკებისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გიდები, ძირითადად, ზაფხულის სეზონზე გამოიმუშავებენ თანხას, ზამთარი მათთვის მკვდარი პერიოდია და სესხების გადავადების ოპტიმალური პერიოდი 2021 წლის მარტში უნდა ყოფილიყო, თუმცა თუ ეს ვერ ხერხდება, უკიდურეს შემთხვევაში უნდა გაუზარდონ სესხის გადახდის დრო გიდებს ბანკებმა და შესაბამისად, შემცირდება ყოველთვიური გადასახადი, რომ მათ გადახდა შეძლონ.

  • რა კითხვებზე ელოდებით კიდევ პასუხს მთავრობისგან და რას გეგმავთ იმ შემთხვევაში თუ გიდების ნაწილი ვერ მიიღებს დახმარებას?

ველით ინსტრუქციებს სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ, რომ ვიცოდეთ როგორ მოვამზადოთ გიდები და ჩვენი ტურისტული ჯგუფებიც. თუმცა, როგორც გითხარით, ივლისის დასაწყისიდან ფრენების აღდგენა ივლისიდანვე აქტიური ტურიზმის ამოქმედებას არ ნიშნავს და ტურები ძირითადად აგვისტოდან აქვთ გიდებს. თუ გიდების ნაწილს არ დაერიცხა დახმარება, სხვაგვარად ვიმოქმედებთ. ჯერ ეს გეგმა არ გვაქვს. ჩვენ თავიდან გვქონდა მოლაპარაკება, რომ დახმარებას საჭიროებდა ყველა გიდი: სეტიფიცირებული, არასერტიფიცირებული, ფიზიკურ პირად დარეგისტრირებული, ვინც სეზონურად იღებს ხელფასს და ასევე, მეწარმედ დარეგისტრირებულიც: ვინც თავად იხდის გადასახადებს. დიფერენცირება დახმარების გაცემისას არ უნდა მომხდარიყო.

ბათუმში აქციაზე 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს – შსს რაოდენობას არ აზუსტებს

დღეს, 27 მაისს, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილე 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები ცოტა ხნის წინ, აჭარის მთავრობასთან იყვნენ შეკრებილი და ორი დაკავებული პირის – ელდარ ანთაძისა და და რეზო წულუკიძის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მათ ორთვიანი, წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საპროტესტო აქციაზე სწორედ წინასწარპატიმრობაში მყოფი პირების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ერთ-ერთი მათგანის მამაც.

აქციის მონაწილეები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა, როგორც მთავრობაში განუცხადეს, რიჟვაძე ადგილზე არ იმყოფებოდა, ამიტომ აქციის 3 მონაწილეს, მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც მათ ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, აქციაზე 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამ ეტაპისთვის შსს-ში დაკავებულთა რაოდენობას არ აზუსტებენ. როგორც აქციაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, აღნიშნული პირები, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებული.

ერთ-ერთი დაკავებულის დის თქმით, მათ წლებია დევნიან, „გაკვეთილს რომ დაიწყებ და თავიდან დაიწყებ, ისე იწყება ყოველთვის“.

ამავე თემაზე:

 

აქცია აჭარის მთავრობასთან 2 დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით

არ გამოუკვლევიათ „ბახვი 2″-ის გავლენა 10 სოფელსა და კურორტ ბახმაროზე – EMC-ი სასამართლოში ჩივის

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 22 მაისს მიმართა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი რა გავლენას მოახდენს ჰესი ოზურგეთში არსებულ სოფლებსა და მოსახლეობაზე, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად:

„ორგანიზაცია ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის – ბახვი 2-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.

„გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მიიღო. გზშ-ის ანგარიშით დგინდება, რომ 36 მგვ-იანი სიმძლავრის დადგმული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე.

პროექტი ითვალისწინებს არარეგულირებადიდერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. “ბახვი 2″ ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტები განთავსდება მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, “ბახვი 3″ ჰესის სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის. პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ბახმარო, მდებარეობს 6570 მეტრში, ჰესის ძალური კვანძიდან (ჰესის შენობა) უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფ. უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფ. ვაკიჯვარი 3375 მეტრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პროექტით გათვალისწინებულისა, ჰესის მშენებლობა ასევე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ვანისქედიოქროსქედიუკანავაფამფალეთიბახვი, მთისპირი და მშვიდობაური – სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება. პროექტის განმახორციელებელი შპს “ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის” მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს “ბახვი 2″-ია“.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოცემული და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი; არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის კუმულატიური ეფექტი, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემაზე, ასევე, იმ სოფლებსა და მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც მდინარე ჩაედინება.

გარდა ამისა, არსებითად პრობლემურად დგას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობის საკითხი, რამდენადაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობითი პროცესის გარეშე განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს“.

აქცია აჭარის მთავრობასთან 2 დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით

აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ორი დაკავებული პირის – ელდარ ანთაძის და რეზო წულუკიძის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულებს ბრალი მტკიცებულებების არქონის მიუხედავად წარუდგინეს.

„გვინდა შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებს, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ. ჩემი ძმის გათავისუფლებას ვითხოვ, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჩემი ძმა არ არის დამნაშავე“, – ამბობს დაკავებული რეზო წულუკიძის და, დარინა წულუკიძე, რომელიც აქციაზე იმყოფება.

დაკავებული რეზო წულუკიძის და ამბობს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა

აქციის მონაწილეების თქმით, ელდარ ანთაძესა და რეზო წულუკიძეს ხულიგნობის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაახლოებით ერთი თვის წინ შეუფარდა. თუმცა, როგორც დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, ისინი უდანაშაულოები არიან და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

ამის მიუხედავად დაკავებულები სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სასამართლოს ეზოშიც გააპროტესტეს აღკვეთი პატიმრობის შეფარდების დღესვე.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობასთან

აქცია ამ წუთებშიც [17:20] გრძელდება. აქციის 3 მონაწილეს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ხვდებიან.

ონლაინტოტალიზატორის ანგარიშიდან 1010 ლარი მომპარეს – მოქალაქე

ბათუმში მცხოვრები მოქალაქე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ონლაინტოტალიზატორის ანგარიშიდან 1010 ლარი მოჰპარეს. საუბარია საკრედიტო და სახელფასო ბარათებზე, რომლებიც მას ონლაინტოტალიზატორის ანგარიშზე ჰქონდა დაფიქსირებული.

„ვიღაც შევიდა კრისტალბეთის ჩემს ანგარიშზე, გატეხა თუ პაროლი იცოდა, ვერ მივხვდი, ჩემს აქაუნთზე ჩანდა ჩემი ორი ბარათი (საკრედიტო და სახელფასო), რადგან ადრე გადარიცხვები მქონდა გაკეთებული.  სახელფასო ბარათიდან 10 ლარი წამოიღო, შემდეგ სცადა მეტი, მაგრამ არ იყო ანგარიშზე იმდენი თანხა და უარი მოვიდა სმს-ზე, შემდეგ საკრედიტო ბარათიდან წაიღო 500 ლარი ორჯერ, მესამეჯერ კიდევ დიდი თანხა მოითხოვა და უარი მიუვიდა”, – ჰყვება მოქალაქე.

იგი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკრედიტო ბარათი 1800-ლარიანი იყო:

„ეს ბარათი მიმაგრებული მქონდა ონლაინტოტალიზატორზე, რადგან სულ რამდენჯერმე გადავრიცხე იქაურ აქაუნთზე და დაფიქსირებული იყო. როცა შევიდა კრისტალბეთის აქაუნთზე და ნახა ეს ბარათები, რაც შეეძლო გადაირიცხა, “გარტყმით” წერდა ციფრებს, უდასტურდებოდა რაოდენობა და მიჰქონდა… ეს რომ ვნახე, ბანკში დავრეკე და დამიბლოკეს ბარათი, 800 ლარი დამრჩა – 1000 ითამაშა. VTB ბანკში, როგორც აღმოჩნდა, ბარათის დაზღვევის ვადა გასულია, მაგრამ პასუხს ველოდები მაინც”.

მოქალაქის თქმით, ონლაინტოტალიზატორის ანგარიშზე სხვისი კომპიუტერიდან არასოდეს შესულა.

მოქალაქე ჰყვება, რომ კრისტალბეთის ონლაინჩატში პრობლემის შესახებ მიწერისას დაბლოკეს, თუმცა ცხელ ხაზზე უპასუხეს და უთხრეს, რომ ინფორმაციას, თუ ვისთან წააგო ან სად გადაირიცხა მისი ანგარიშიდან თანხა, მხოლოდ გამოძიებას მიაწვდიან. „ეს თანხა, როგორც ჩანს, ვიღაცასთან ითამაშა ჩემი სახელით და წააგო, ალბათ შეთანხმებულად, რომ იმ ვიღაცას გაეტანა თანხა, ეს ყველაფერი რამდენიმე წუთში მოასწრო”, – ამბობს მოქალაქე.

პოლიციაში განცხადება კიბერდანაშაულთან დაკავშირებით გუშინ შევიდა. შს სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს.

ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება, როგორ დავიცვათ თავი COVID19-სგან? – რეკომენდაციები

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება, რის გამოც ორგანიზაციის ჯანდაცვისა და კლიმატის ექსპერტთა ქსელი იუწყება, რომ საჭიროა კარგად მომზადება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების უსაფრთხოება ცხელ ამინდში, COVID19-ის გავრცელების რისკის მომატების გარეშე.

„2020 წელი დაკვირვების ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება. ცხელი ამინდი ცალკეულ ადამიანებსა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს – ქვეყნები ცხელი ამინდისა და სიცხის ტალღების გარდა უნდა მოემზადონ COVID19- ის მართვისთვის,“ –  აცხადებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია. 

„საჭირო იქნება ადაპტირებული სტრატეგია. მაგალითად, აქამდე არსებული ისეთი ზომები სიცხესთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად, როგორიცაა: ცხელი სახლების დატოვება უფრო გრილი, კონდინციონერიანი საჯარო სივრცეებისთვის, სახლში ვიზიტები იმ ადამიანებთან, ვისაც გადაადგილება უჭირს და მზის დაკვრის ნიშნებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება – შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებსა და პროტოკოლებთან, რომლებიც COVID19-ის გადაცემის შემცირებისკენაა მიმართული,” – წერს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია.

ძლიერი სიცხე უარყოფითად მოქმედებს ბევრი ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით იტანჯებიან ხანდაზმული პირები, ჩვილები, ადამიანები, რომლებსაც უწევთ მუშაობა გარეთ (ღია სივრცეში) და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები. სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დაღლილობა და მზის დაკვრა. ასევე, შეიძლება გაამძაფროს არსებული, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებები, თირკმლების დაავადება ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის რეკომენდაციებია:

  • თავი გქონდეთ სიგრილეში – ძლიერი სიცხის დროს მნიშვნელოვანია არ დაუშვათ პირველ რიგში თავის (და ტანის) გადახურება.
  • მოერიდეთ სიცხეს – დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში შეეცადეთ არ გახვიდეთ გარეთ და ნუ დაკავდებით საქმეებით, რომლებიც დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს. იყავით ჩრდილში; ნუ დატოვებთ ბავშვებსა და ცხოველებს მანქანაში; გაატარეთ დღის განმავლობაში 2-3 საათი გრილ ადგილას, ისე, რომ სხვა ადამიანებისგან მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია არ დაირღვეს.
  • არ დაუშვათ ორგანიზმის გაუწყლოება და გადახურება – ატარეთ მსუბუქი და თავისუფალი ტანსაცმელი, დაიგეთ თხელი თეთრეული, ხშირად მიიღეთ გრილი შხაპი და რეგულარულად დალიეთ წყალი, მაგრამ არ დაატკბოთ სითხე, არ მიიღოთ ალკოჰოლი ან კოფეინის შემცველი სითხეები.
  • COVID19 – შეეცადეთ არ გახვიდეთ მზეზე ან ჰაერზე, თუ ტემპერატურა 25˚С-ზე მეტია, რადგანაც არავის დაუმტკიცებია, რომ მზე და სიცხე COVID19-ის პრევენციას ახდენს ან არჩენს მას, ხოლო მზის დაკვრის მიღების ან გადახურების გამო სხვადასხვა გართულების რისკი ამ დროს მაღალია. COVID19-ით ინფიცირება შესაძლებელია მზიანი ამინდის მიუხედავად, ასე რომ უმჯობესია სწორად დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები; რეგულარულად დაიბანეთ ხელები, დაახველეთ მხოლოდ მოხრილ იდაყვში ან ხელსახოცში და შეეცადეთ არ შეეხოთ სახეს, პირსა და თვალებს.
  • შეინარჩუნეთ სიგრილე სახლში – საცხოვრებელი ღამით გაანიავეთ. იმისთვის, რომ სახლი დაიცვათ ზედმეტი სიცხისგან, დღის განმავლობაში ჩამოაფარეთ ფარდები ან ჟალუზები და გამორთეთ რაც შეიძლება ბევრი ელექტრომოწყობილობა.

„ჰაერის კონდინციონერმა და ვენტილაციის სისტემებმა, რომლებიც გამართულად მუშაობენ, არ უნდა გაზარდონ ვირუსის გავრცელების რისკი, თუმცა, ვენტილატორების გამოყენება ჰაერის ცირკულირებისთვის კოლექტიურ ადგილებში უნდა ავირიდოთ თავიდან, როცა ამ სივრცეში რამდენიმე ადამიანი იმყოფება.

უნდა გაიზარდოს ოთახის/სახლის განიავების დრო, რათა შემცირდეს ვირუსის წვეთოვანი გზით გავრცელების რისკები.

ადამიანებმა უნდა გააგრძელონ ფიზიკური დისტანციისა და ჰიგიენასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა. ძლიერ სიცხეში კონდინციონერის ტემპერატურა დაყენეთ 24-27 გრადუსს შორის.

თუ ვენტილატორების გამოყენება გარდაუვალია, გაზარდეთ გარე ჰაერის ნაკადის შემოსვლა ოთახში“ – აღნიშნულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის რეკომენდაციებში.

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა

ავარიის შედეგად ადამიანი დაიღუპა დღეს, 27 მაისს, ბათუმში.

ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზარტკეცილზე მოხდა. ქვეითს მანქანა შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ ექიმების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილია 26 წლამდე ახალგაზრდა კაცი, რომელიც გზაზე გადადიოდა თანხის გადასახურდავებლად. თვითმხილველების თქმით, მას მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა შეეჯახა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვე ნაწილით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია ბათუმში – „დაიწყება მასობრივი შიმშილობა“

დღეს, 27 მაისს, ბათუმის მერიის წინ მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის ყველა მონაწილე ქალია. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი კოვიდ 19-ის პანდემიამდე თურქეთში იყვნენ დასაქმებული, საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ კი, უმუშევარი დარჩნენ.

თვითდასაქმებული ქალების აქცია ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ვმუშაობდი ხოფაში, სახაჭაპურეში და კორონავირუსის გამო ვეღარ ვმუშაობ. მარტის შემდეგ უმუშევარი ვარ. სახელმწიფო ითხოვს დასაქმების საბუთს და ამის დამტკიცებას მე ვერ მოვახერხებ, რადგან თურქული მხარე ამ საბუთს ვერ მომცემს. არასრულწლოვანი შვილი და მოხუცი მამა მყავს, რითი უნდა ვარჩინო ისინი“, – ამბობს მზია მჟავანაძე.

მისი თქმით, პანდემიის დროს მას მთელი დანაზოგი ამოეწურა და ახლა შემოსავლის გარეშეა.

მადონა შაინიძეც თურქეთში, ქემალფაშაში მაღაზიაში მუშაობდა. „საზღვარი 15 მარტიდან ჩაიკეტა და მას შემდეგ ვზივარ სახლში. ამ ხნის განმავლობაში არავის მოვუკითხივართ, თუ რითი ვარსებობდით. რაღაცით ხომ უნდა დაგვეხმაროს სახელმწიფო“, – ამბობს ის.

თვითდასაქმებული ქალების აქცია ბათუმის მერიის წინ.

„აღარ გვაქვს საარსებო წყარო, ვერც უცხო ქვეყანას მოვთხოვთ დასაქმების საბუთს და ვერც დავავალდებულებთ. წლების მანძილზე გვაძლევენ მუშაობის საშუალებას და ამისთვისაც მადლობელი ვართ ჩვენ თურქეთის. ახლა საბუთი მოვითხოვოთ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ კაპიკები გადმოგვიგდოს?“ – ამბობს ციალა თებიძე, რომელიც თურქეთში, მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება მადლიერი უნდა იყოს თუნდაც იმისთვის, რომ ათასობით საქართველოს მოქალაქე თურქეთში იყო დასაქმებული და ქვეყნისთვის ფინანსურ წყაროს წარმოადგენდნენ.

თვითდასაქმებულები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„სოფელშიც არ მაქვს სახლი, რომ წავიდე, ვცხოვრობ ნაქირავებში, 3 თვის თანხა გადაუხდელი მაქვს, რა ვქნა, შემოსავალი აღარ მაქვს. დაგვეხმაროს სახელმწიფო, როგორც სხვა თვითდასაქმებულებს ეხმარება. დავწერე განცხადება მერის სახელზე, ბენზეს გამგეობაშიც, მაგრამ „განვიხილავთ, შეგატყობინებთ“ -ზე მეტი პასუხი არ მიმიღია“, – ამბობს ჯილდა ვარდოსანიძე.

„ყოველდღე ვკვეთდი საზღვარს, ეს არ არის საბუთი. ამოიღონ ამონაწერი და ისედაც მიხვდებიან, რომ იქ ვმუშაობდით. 12 წელია ასე ვარსებობთ. თუ არ დაგვეხმარება სახელმწიფო, მასობრივი შიმშილი დაიწყება“, – ამბობს აკოფოვა მარინა.

საქართველო-თურქეთის საზღვარი ოფიციალურად 15 მარტს ჩაიკეტა. თურქეთ-საქართველოს საზღვარს პანდემიამდე ასობით ქალი კვეთა ყოველდღიურად, ისინი მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქის მაღაზიებსა და მომსახურების სფეროში მუშაობდნენ, ასევე, სეზონზე ჩაის კრეფდნენ.

თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი – შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ გაიხსნა

ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი – შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია.

საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან.

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეების ე.წ Melt Blown უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოში პირველი პროდუქციის წარმოება იწყება სახელწოდებით – „Faceguard“, რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს.

„არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ წარმოებული პირბადეები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ბათუმში 299 პირის კვლევის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია

27 მაისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 299 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1100 პირი.
27 მაისის მონაცემებით [12:40], საქართველოში სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 735 შემთხვევა. მათგან გარდაიცვალა 12 ადამიანი, უკვე გამოჯანმრთელდა – 557.

როდის შეძლებთ კაფესა და რესტორანში წასვლას

დღეს, 27 მაისს, ცნობილი გახდა, როდის გაიხსნება საქართველოში რესტორნები და კაფე-ბარები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა.

ერთ კვირაში, პირველი  ივნისიდან, საქართველოში გაიხსნება ღია სივრცეში მდებარე რესტორნები, ანუ შეძლებთ ეწვიოთ იმ კაფეებსა და რესტორნებს, რომლებსაც მაგიდები ღია სივრცეში, ქუჩაში, ტერასაზე ან ბაღში აქვთ განლაგებული.

8 ივნისიდან კი საქართველოში გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა წესები, შეზღუდვები იმოქმედებს კაფე-ბარებისა და რესტორნების შემთხვევაში, თუმცა არსებობს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები კვების დაწესებულებებში. ამ რეკომენდაციების თანახმად, ერთ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 მომხმარებელი, მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა, ხოლო მომხმარებელთა შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა ნაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია.

იქნება თუ არა შეზლონგები პლაჟზე – ზღვაზე ბანაობა დისტანციის დაცვით

რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს პლაჟზე კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

განსხვავებული სეზონისთვის ემზადება ბათუმის ბულვარიც. დამსვენებლები ვალდებული იქნებიან პლაჟზე ორ მეტრამდე სოციალური დისტანცია დაიცვან და გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები.

ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტურად ყველაფერი აქვთ მზად და ელოდებიან ჯანდაცვის სამინისტროდან რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც აუქციონებს გამოაცხადებენ.

„საპლაჟო აქსესუარებზე და სხვა კომერციულ მომსახურებებზე, რაზედაც ჩვენ აუქციონებს ვაცხადებთ ყოველწლიურად, შეთანხმება სჭირდება და აუქციონის პირობებში უნდა ჩავდოთ ეს რეგულაციები. რაც შეეხება სოციალურ დისტანციას 2 მეტრამდე, ეს ყველა შემთხვევაში იქნება ვალდებულება. ასევე, სადეზინფექციო და სხვა საშუალებების გამოყენება“, – გვითხრა ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ.

დირექტორის თქმით, „სანაყინეებთან დაკავშირებით ნაკლებად, მაგრამ რეგულაციები იქნება ღია კაფეებთან მიმართებაში, ასევე, ჯერ არ ვიცით იქნება თუ არა ღამის კლუბები ბულვარში ან როდის უნდა გაიხსნას; ასევე გადასაწყვეტია იყოს თუ არა საერთოდ შეზლონგები, ალბათ იქნება, თუმცა უნდა გვქონდეს რეგულაცია, როგორ ჩაუტარდეს დეზინფექცია და სხვა. მაგალითად, ამ დრომდე არ არის ნებართვა სპორტულ აქტივობებზეც “.

ბათუმის ბულვარმა პლაჟზე განთავსებულ გასახდელებზე არსებული ტენტის საფარის ალუმინის პანელით (ალიკაბონდით) შეცვლაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დასრულდეს. 10 გასახდელი და საშხაპეები ბულვარის საკუთრებაშია.

ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, რეგულაციებში ალბათ იქნება ისიც, რომ გასახდელებში, საშხაპეებთან განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.

აუქციონების პირობებში, რომლებიც ბულვარში სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოცხადდება, შეტანილი იქნება ის რეგულაციები, რასაც ბულვარის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროსგან ელის.

„ამ რეგულაციების გათვალისწინებით დადგინდება ფასებიც. შესაძლოა იყოს გარკვეული შეღავათები. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ და რეგულაციების მიღებიდან მალევე გამოვაცხადებთ აუქციონებს“, – გვითხრა ირაკლი ჯინჭარაძემ.

„ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს“ – გახარია

„ფაქტობრივად, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს“ – განაცხადა დღეს, 27 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მან ამ განცხადების გასამყარებლად რამდენიმე ფაქტი დაასახელა.

„პირველი – ინფიცირების ახალი შემთხვევები ძირითადად მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ადასტურებს იმას, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება.

მეორე – ინფიცირების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ ჩვენთვის უკვე ცნობილი კლასტერებიდან.

მესამე რისკის ჯგუფი ეს გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომელზეც აქტიურად მუშაობს საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და აქ კონტროლი არის გამკაცრებული.

რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს,“ – განაცხადა პრემიერმა.

მან დღეს დააანონსა ეკონომიკის სწრაფი ამოქმედების გეგმა, რომლის თანახმადაც, 29 მაისიდან საქართველოში მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, 8 ივნისიდან კი აღდგება საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. მგზავრმა უნდა ატაროს პირბადე.

ასევე, პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები, 8 ივნისიდან კი გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში და გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება.

გახარიას განცხადებით, ეკონომიკის აჩქარების საფუძველია ის, რომ ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და, აგრეთვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი არის მცირე და ამავდროულად შემცირებულია რისკები.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია“ და „ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად“, ამიტომაც აუცილებელია უსაფრთხოების ისეთი ნორმების დაცვა, როგორიცაა: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მაისის 21 საათიდან 28 მაისის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ,

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20-25 გრადუსი
  • ღამით: 13-18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18-23 გრადუსი 
  • ღამით: 5-10 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა: +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 29 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან და 30 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

8 ივნისს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 8 ივნისს საქართველოში აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება, მანამდე კი, 29 მაისს, საქართველოში მუშაობას განაახლებს ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი.

ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება პირბადით.

ასევე, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში და გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება.

 

29 მაისიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე აკრძალვა იხსნება

29 მაისიდან საქართველოში საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მათ შორის მეტროს – ამის შესახებ დღეს, 27 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიამ განაცხადა, რომ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

მისივე განცხადებით, პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, გაიხსნება სასტუმროები რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

წერილი მომაკვდინებელი შიმშილობიდან – „მინდოდა, შენთვის საკუთარი თავი გამეცნო“

აითაჩ იუნსალი, თურქი ადვოკატი

აითაჩ იუნსალი არის თურქი ადვოკატი, რომელიც საპყრობილეში იმყოფება და მომაკვდინებელი შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ის დღეს უკვე 64-ე დღეა შიმშილობს. ციხეში მყოფმა ადვოკატმა  წერილით საზოგადოებას მიმართა. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“გიგზავნი ამ წერილს.

არაფერს ვამატებ

გარდა ჩემი გულისა”

ნაზიმ ჰიქმეთი

“მოგესალმებით,

როგორ გიკითხოთ? მინდოდა ჩემ თავზე მომეთხრო. ვფიქრობ, დაგაინტერესებთ იმ ადვოკატის ამბავი, რომელიც ახლა შიმშილობს. ეს წერილი მოგიყვებათ იმის შესახებ, თუ როგორ გავხდი ადვოკატი, რომელიც სიკვდილის გზას ადგას. თუმცა ეს ამბავი, უმთავრესად, ჩვენი, ყველას ისტორიაა.

მე ვარ ერთადერთი შვილი ანატოლიელი საჯარო მოხელეების ოჯახიდან.

დედაჩემი წარმოშობით დენზილის პროვინციის ქალაქ აჯიფაიამიდანაა, მამაჩემი კი – ადანას ქოზანიდან. თუმცა მე დავიბადე ანთაქიაში (ცენტრალური-სამხრეთ თურქეთი, სირიის საზღვართან), ჩემი ბებიაქალი არაბი იყო. მე ვარ მოსამართლე დედის შვილი. ასე რომ ბავშვობიდან მომიხდა გავცნობოდი სასამართლო სისტემას, ადამიანის უფლებებს, კანონსა და სამართალს.

ამასთან, ბავშვობიდანვე მომიხდა უსამართლობის გაცნობიერებაც. ამ ასაკიდანვე აისახა ჩემზე კლასებს შორის განსხვავება. მამაჩემი სატყეო ინჟინერი იყო. არაერთხელ დავრჩენილვართ სატყეოს კუთვნილ თავშესაფარში.

ანთაქიაში ცხოვრების ძალიან ადრეული წლები გავატარე, მაგრამ ხალხის ცხოვრების თავისებურებები მაინც გადაიშალა ჩემ თვალწინ. დროდადრო ახალგაზრდა გოგონა, სახელად ზელიჰა მოდიოდა ჩვენს სახლში, რათა დედაჩემს დახმარებოდა და ფული ეშოვა. ის იყო ღარიბი ნუსაირი (რელიგიური მიმართულება სირიაში, იგივე ალავიზმი) ოჯახის შვილი.

ის საუბრობდა თურქულად მშვენიერი არაბული აქცენტით. ზელიჰა, რომელსაც ცხოვრების არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, სწავლობდა ყველაფერს ჩემთან ერთად. მე ვიყავი ზელიჰას სიღარიბის შემსწრე, როცა ვხედავდი, როგორ ატარებდა ის დედაჩემის ძველ ტანსაცმელს.

იმავე შენობაში, სადაც ჩვენ ვრჩებოდით, ცხოვრობდა მეტყევეს ვაჟი, სახელად მუსტაფა. ის ჩემი ასაკის იყო, თუმცა ჩემსავით არ ცხოვრობდა. მე არ შემეძლო გარეთ ჩემს ნებაზე მევლო, როცა მუსტაფა სულ ქუჩაში იყო; მე მქონდა ველოსიპედი, მუსტაფა კი ქვიან გზებზე ფეხშიშველი დარბოდა; ჩემგან განსხვავებით მუსტაფა უმეტესად მშიერი იყო. ცხოვრებაში პირველად შევესწარი  ქვებზე ფეხშიშველა მორბენალ 4-5 წლის მშიერ ბავშვს, რამაც მიმაჩვია მისთვის რეგულარულად გამეზიარებინა ჩემთვის მოხარშული კვერცხი.

ჩვენი შემდეგი სამოსახლო ბაირამიჩი (დასავლეთ თურქეთი) იყო, მცირე მომხიბლავი დასახლება ჩანაქქალეში. ბაირამიჩი საცხოვრებლად იდეალური ადგილი იყო. ანთაქიას მსგავსად ეს დასახლებაც ანატოლიის სიმდიდრეს წარმოადგენდა. აქ ბოშა და თურქი ხალხი ერთად ცხოვრობდა. აქაც შევხვდი გოგოს, რომელიც ჩემზე ზრუნავდა, სახლს ალაგებდა და დედაჩემს საქმეებში ეხმარებოდა, მისი სახელი ამ შემთხვევაში იყო ბერნა და ის იყო არა ნუსაირიტი, არამედ ბოშა. თუმცა იგივე სიღარიბითა და სამუშაოთი.

ამავე პერიოდში გამოჩნდა ისმაილი, თურქი სუნიტური ოჯახის ვაჟი, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი. სხვა მეგობრებიც მყავდა, რომლებსაც ხშირად ვნახულობდი. მუშები მუშაობდნენ სატყეო კომპანიაში და შესვენებისას თავშესაფრის გვერდით წვავდნენ “ნაგავ თევზს”, ასე შეარქვა ჩანაქქალეს მოსახლეობამ სარდინიებს, რომელსაც გაწმენდის გარეშე წვავდნენ.

როგორც კი ვიყნოსავდი შემწვარი თევზის სუნს, მათ ირგვლივ ისე დავდიოდი, როგორც კატა საყასბოს წინ. ამას, რა თქმა უნდა, ამჩნევდნენ და მათთან საჭმელად მეძახდნენ. ასე გავხდი დროთა განმავლობაში მწვადის ამ მოკრძალებული წვეულების წევრი. მათგან კი ვისწავლე ბუნებრიობა, გულწრფელობა და სითბოს გამოხატვა.

ჩანაქქალეს შემდეგ უშაქში (ჩანაქქალეს აღმოსავლეთით) გადავედით, აქვე შევედი სკოლაშიც. დაწყებით სკოლაში პირადად გამოვცადე ის დისკრიმიანცია, რაც ბიუროკრატიაში ჩაბმული მუშების ოჯახებს მიემართებოდა.

ჩემი საუკეთესო მეგობარი იავუზი კონიელი მუშის შვილი იყო. მოსწავლეების უმეტესობა მუშებისა და ფერმერების შვილები იყვნენ. ჩვენ თითქოს მათნაირები ვიყავით, მაგრამ ერთმანეთს არ ვგავდით.

მე ასევე მყავდა მეგობარი მეჰმეთი, რომელიც სხვა კლასში სწავლობდა. მისი წინსაფარი დახვრეტილი იყო, მისი საყელური გოგონების საყელურს ჰგავდა. იმის გამო, რომ მშობლებს არ შეეძლოთ მისთვის ჯიბის ფულის მიცემა, ის შესვენებაზე ფუნთუშასაც კი ვერ ყიდულობდა.

ამის შემდეგ სახლში მისული ავტირდი და დედას ვკითხე “რატომ, რატომ არის ის ისეთი?”- იმიტომ, რომ ამის შესახებ არაფერი ეწერა ომერ სეიფეთინის ზღაპრების წიგნში, რომელსაც დედა მიკითხავდა. დედა ეცადა აეხსნა და მირჩია: “შეგიძლია აირანი და ფუნთუშა უყიდო მას”.

ერთ დღეს ჩვენს სკოლაში შემაწუხებელმა ბავშვმა მეჰმეთის დამცირება და შეურაცხყოფა დაიწყო. ამ ამბავმა გამაგიჟა, ის ბიჭი მიწაზე დავაგდე და ვურტყამდი, მეჰმეთის გამო სამაგიერო მინდოდა გადამეხადა. არ ვჩერდებოდი, მინდოდა მთელი რისხვა დამეცალა. ძლივს გამომაცალეს ხელიდან.

შემდეგ მასწავლებელმა მთელი კლასის წინაშე დამაყენა და მკითხა, თუ რატომ გავაკეთე ეს. მე ვუპასუხე, რომ მეჰმეთი ჩემი ძმა იყო. მასწავლებელმა იცოდა, რომ ძმა არ მყავდა და გაოცებული შემომყურებდა. იმდენად გავჯიუტდი, რომ დედაჩემსაც კი დაურეკა იმის გასარკვევად, მართლა მყავდა თუ არა ძმა.

შემდეგ იზმირში წავედით და იქ დავრჩი მანამ, სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი. კლასობრივი განსხვავება იქ იმაზე შესამჩნევი იყო, ვიდრე წარმომედგინა. დამამთავრებელი სკოლა, რომელშიც დავდიოდი, ძალიან რთული ადგილი იყო.

სკოლაში იყვნენ ბავშვები მდიდარი ოჯახებიდან, მაგრამ ეს იყო ძირითადად ადგილი, სადაც ღარიბი ბავშვები სწავლობდნენ. აქ ყოფნის დროს ჩემი საუკეთესო მეგობრები მეზობლად მცხოვრები ბავშვები იყვნენ. ჩვენ დიდ დროს ვატარებდით ერთმანეთთან, სახლებში. მუშებთან, უბრალო ხალხთან თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. გაოცებული ვიყავი მდიდართა შორის მკაცრი, პრიმიტიულად ინდივიდუალური პრეტენზიებით, რასაც ბევრჯერ შევესწარი სკოლაში ყოფნისას.

მე გავიზარდე თურქ, სუნიტურ ოჯახში. ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით მამის მხრიდან, განიცდიდა ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) გავლენას. ბაბუაჩემი კი (დედის მხრიდან) სულეიმან დემირელის (თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი) გულშემატკივარი იყო. იმის მიუხედავად, რომ არ ვიყავი პოლიტიკური პიროვნება, ამ რეალობის გარდა სხვაზე არაფერი ვიცოდი. მაგრამ დამამთავრებელ კლასებში სწავლისას შემემთხვა რაღაც, რამაც კითხვები გამიჩინა.

იქ მყავდა კლასელი იუსუფი, რომელიც იყო წარმოშობით ქურთი ქალაქ მარდინიდან. ჩვენმა ისტორიის მასწავლებელმა ერთხელ სთხოვა მას წამომდგარიყო – “მითხარი იუსუფ, არაბი ხარ, ქურთი თუ თურქი?”. როცა იუსუფმა უპასუხა, რომ ქურთი იყო, მასწავლებელმა უთხრა – “შენ ჩაშალე ჩემი გაკვეთილი!”.

მე შოკში ვიყავი. “რა იყო ეს?”. ეს იყო ის წამი, როცა მე ჩემი ქვეყნის რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. მე დავინახე ის რეალობა, რაც ჩემს მეგობრებს აიძულებდა საერთო საცხოვრებელში დარჩენას, ფეხით კილომეტრების გავლას სკოლამდე, რადგანაც ფული არ ქონდათ. მე დავინახე ის რეალობა, რაც აიძულებდა ოჯახებს მცირედი შემოსავლით თვიდან თვემდე თავი გაეტანა, მხოლოდ ბრინჯი და მაკარონი ეჭამა.

როცა ანკარაში უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე გადავედი სასწავლებლად, აღმოჩნდა, რომ კურსელების უმეტესობა მდიდარი ოჯახების შვილები იყვნენ, რეალური ცხოვრებისეული გამოცდილებებით. მათი ცხოვრების სტილი, პრიორიტეტები და პრობლემები განსხვავებული იყო.

მე არ ვიყავი ბედნიერი, თავს არც კომფორტულად ვგრძნობდი. მიჩვეული ვიყავი ღია, გულწრფელ, გულთბილ ურთიერთობებს, როცა იცი, როდის გაიცინო ან როდის დაუდგე გვერდით იმას, ვისაც უჭირს. მე ვეძებდი ზელიჰას, მუსტაფას, ბერნას, ისმაილს, მეჰმეთს, იავუზს, იუსუფს და ვიგრძენი უცებ, როგორ გაქრნენ ისინი ჩემი ცხოვრებიდან.

შემდეგი აღმოვჩნდი სახალხო იურისტთა ბიუროში (HHB) და გავაცნობიერე, რომ ისინი აბსოლუტურად ყველგან არიან. ისინი ჩაკარგულები არიან მილიონობით ადამიანს შორის. მე ისინი თავიდან ვიპოვე. ვიპოვე მაშინ, როცა ვმონაწილეობდი პროფკავშირების გაფიცვებისა და ჯანსელ მალათიალის საქმეში.

მე ვიპოვე ისინი ქაზოვას მუშებს შორის, ქინიქლის მაღაროს მუშებს შორის. მე ვიპოვე ისინი დიდემში, ჩემს ძვირფას ცოლში, რომელიც ასევე ადვოკატია სახალხო იურისტთა ბიუროში.

მას შემდეგ, რაც თავიდან აღმოვაჩინე, მათ არასდროს აღარ მივატოვებ.

რომ დავიცვა ის ქალები, რომლებსაც შვილები დაუობლდათ სომას (2014 წელს სომას ქვანახშირის მაღაროში მოხდა კატასტროფა, რამაც 301 ადამიანი იმსხვერპლა) შემდეგ. მშობლები, რომლებსაც ფეხსაცმელიც არ ჰქონდათ და რომელთა შვილებიც ერმენექის (დასავლეთ ანატოლია) მაღაროში ჩაიმარხნენ, დავიცვა მსგავსად ჩემი სკოლელი მეჰმეთისა, ბერქინ ელვანი, ჰასან ფერით გედიქი, დელიქ დოღანი, სილა აბალაი (სხვადასხვა მიზეზით დახოცილი ადამიანები). მე ვერასდროს დავტოვებ ამ მეჰმეთებს დაუცველად.

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ის წლები იყო, რომელიც ჩემი ხალხის დაცვას მოვახმარე. იმ დროს, როცა ვიბრძოდი ხალხისა და ცხოვრებისთვის, სწორედ მაშინ მივხვდი, რა იყო ხალხი და ცხოვრება სინამდვილეში. ბავშვობაში ცხოვრება ზელიჰამ, მუსტაფამ, მეჰმეთმა და მუშებმა მასწავლეს. სახალხო იურისტთა ბიუროში კი ცხოვრება დავინახე თავისი რეალური გაგებით.

ქინიქლისა და ქაზოვას მუშებმა, ჯანსელ მალათიალიმ, თიურქან ალბაირაქმა (გაფიცული მუშები), პატიმართა მხარდამჭერმა ჯგუფმა (TAYAD), რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ყველას, თავისუფალმა პატიმრებმა, რევოლუციონერებმა, ჩემმა ურიცხვმა კლიენტებმა, ჩემმა უსაყვარლესმა ცოლმა, დიდემმა მასწავლეს, როგორია ნამდვილი ცხოვრება. მათ გამოა, რომ კეთილსინდისიერება, სოლიდარობა, გაზიარება, სიყვარული და ნდობა ძვლებში მაქვს გამჯდარი, მათ გამო უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ “მიცხოვრია”.

ახლა ისინი მაიძულებენ, რომ ამ ყველაფერს თავი დავანებო. მათი თქმით, მე არ შემიძლია დავიცვა მშრომელი ხალხი, სოფლის მოსახლეობა, ანატოლიის ხალხი. მათი თქმით, მე აღარ შემიძლია ვიყო ადვოკატი სახალხო იურისტთა ბიუროში. მათი თქმით, მე ვეღარ ვნახავ დიდემს მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ისინი ცდილობენ ჩამომაშორონ ხალხს, ქვეყანას, სიყვარულს, პროფესიას.

მაგრამ სიტუაცია არც ისე მარტივია, რომ დანებდე, თქვა – “მორჩა, გასაკეთებელი აღარაფერია.” მე არასდროს დავთმობ ჩემს ხალხს, ანატოლიას, მათ, ვინც ცხოვრებას მასწავლიდა, ვისი ძალისხმევითაც შევდექი ადამიანად. მოვკვდები, მაგრამ არ დავთმობ.

ეს არის ჩემი ცხოვრების ისტორია. მუსტაფა [ქოჩაქი] დღესაც არსებობს. მეჰმეთი, რომელსაც ფუნთუშას ყიდვაც არ შეეძლო იბრაჰიმ გიოქჩექად იქცა, რომელიც დაიღუპა ისე, რომ 30 კილოს იწონიდა.

მე ბავშვობიდან მათი ოჯახის ნაწილი ვიყავი და ვიყავი მათი ადვოკატიც იმ დროიდან. მე შეიძლება მოვკვდე, მაგრამ არასდროს შევწყვეტ მათ დაცვას! ”

______

მომაკვდინებელი შიმშილობა თურქეთში ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში, ამჯერად შიმშილობენ პატიმრობაში მყოფი ორი ადვოკატი – აითაჩ იუნსალი და ებრუ თიმთიქი.

გასულ ორ თვეში თურქეთში სამი ადამიანი ემსხვერპლა საპროტესტო შიმშილს, მათ შორის მუსიკალური კოლექტივის Grup Yorum-ის წევრები ჰელინ ბოლექი და იბრაჰიმ გიოქჩექი. ასევე სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით 297-დღიან შიმშილობას შეეწირა მუსტაფა ქოჩაქიც. მას  ერთი მხრივ ედავებოდნენ “თანამონაწილეობას ადამიანის მკვლელობაში მისი საზოგადოებრივი საქმიანობის გამო”, მეორე მხრივ კი “თურქეთის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობას”.

რა მოხდა?

2017 წელს „პროგრესულ იურისტთა ასოციაციასა“ და „სახალხო იურისტთა ბიუროს“ რამდენიმე იურისტი პოლიციამ დააპატიმრა, მათ შორის იყვნენ აითაჩი იუნსალი და ებრუ თიმთიქი.

მათ ბრალად დასდეს “ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა” და ამ “ორგანიზაციის მართვა”. 18 იურისტს ჯამში 159 წელი და 2 თვე მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ 6-თვიანი “წევრობის” გამო თიმთიქს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, როცა იმავე ბრალდებით იუნსალს 10 წელი და 6 თვე შეუფარდეს.

მათი სასჯელი სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა. ახლა დავა ზემდგომ ინსტანციაში გრძელდება.

_____

მთავარი ფოტო: აითაჩ იუნსალი [მარცხნივ], რომელიც 64-ე დღეა შიმშილობს და ებრუ თიმთიქი [მარჯვნივ], რომელიც 95-ე დღეა შიმშილობს. თურქული მედიის ცნობით, თიმთიქი ახლა 46 კილოგრამს იწონის.

ტექსტის თარგმანი: მარიამ მუთიძე

რას სთავაზობს მედცენტრის უროლოგიის განყოფილება პაციენტებს

ჰოსპიტალ „მედცენტრის“უროლოგიის დეპარტამენტი ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ეფექტური მკურნალობისა და ოპერაციული ჩარევების საშუალებას იძლევა.

„მედცენტრის“ უროლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობენ შემდეგ დაავადებებს:

  • საშარდე გზების ინფექციები
  • ანთებითი დაავადებები (როგორიცაა: პროსტატიტი, ცისტიტი, ურეთრიტი და ა.შ);
  • შარდის ურგენტული შეუკავებლობა

რაც შეეხება ოპერაციულ მომსახურებას, ტარდება:

  • მცირეინვაზიური ლაპარასკოპიული მკურნალობა ონკოუროლოგიური დაავადებების დროს
  • შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა ლაზერით
  • ღია ქირურგიული მეთოდით მკურნალობა
  • მასშტაბური ონკოლოგიური ოპერაციები შარდის ბუშტის, პროსტატისა და თირკმლის კიბოს გამო
  • პროსტატის კიბოს შორსწასული ფორმების ქირურგიული მკურნალობა (რადიკალური პროსტატექტომია გაფართოებული ლიმფადენომექტომიით);
  • ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა
  • პროსტატის ოპერაციები ნერვშემნახველი მეთოდით (პოტენციისა და შარდის შეკავების უნარის შენარჩუნებით)
  • ლაპარასკოპიული ოპერაციები საშარდე ორგანოებსა და პროსტატაზე.

მედცენტრის უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, როსტომ ხალვაში გავრცელებულ დაავადებების, სკრინინგის მნიშვნელობისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრობს.

„მედცენტრის“ უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, როსტომ ხალვაში

ყველაზე ხშირად გავრცელებული უროლოგიური დაავადებები

უროლოგიური მიმართულება „მედცენტრში“ ქირურგიული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურაა. განყოფილებას სამი უროლოგი ემსახურება. „მედცენტრის“  უროლოგიური მიმართულება სრულ უროლოგიურ სერვისს  სთავაზობს პაციენტებს.

ახლახან პირველად ჩაატარა ბათუმში თბილისიდან ჩამოსულმა ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფმა თირკმლის ტრანსპლანტაცია „მედცენტრში“.

ყველაზე ხშირად „მედცენტრს“ ურგენტული უროლოგიის შემთხვევებით მიმართავენ: საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებები, შარდკენჭოვანი დაავადებები – შარდკენჭოვან დაავადებებს 200-ზე მეტი სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს.

ასაკის მიუხედავად, როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, ხშირად აქვთ შარდის შეკავების პრობლემა, რაზეც ღიად არ საუბრობენ. სოციალური თვალსაზრისით კი ეს პრობლემა დეზადაპტაციას იწვევს. შარდის შეუკავებლობა მსოფლიო მონაცემებით ქალების 40%-ს აწუხებს. რიგ შემთხვევებში ოპერაციული ჩარევაც კი ხდება საჭირო.

პროსტატის კიბოს დროული დიაგნოსტირება უმნიშვნელოვანესია

„მედცენტრში“ მოქმედებს პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა, იგივე პროსტატსპეციფიკური ანტიგენი. პროსტატის კიბოს დროული დიაგნოსტიკისთვის სკრინინგს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ევროპისა და ამერიკის უროლოგთა ასოციაციების რეკომენდაციით, 50 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა პროსტატსპეციფიკური ანტიგენი წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა ჩააბაროს და მიიღოს უროლოგის კონსულტაცია. ჩივილების შემდეგ ექიმისთვის მიმართვა სამწუხაროდ დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ პრევენციულ ღონისძიებებში ჩართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კლინიკა „მედცენტრიდან“ პერიოდულად სპეციალური ტრანსპორტით გადაადგილდება საპრევენციო მობილური ჯგუფი, რომელიც არამხოლოდ აჭარის მაღალმთიანეთში, გურიაშიც ჩადის და სრულიად უფასოდ ატარებს პირველად გამოკვლევებს, ტარდება კონსულტაციები. საეჭვო ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი, იწყება ღრმა კვლევები.

აჭარაში რეგისტრირებული 50-დან 70 წლამდე პირებისთვის პროსტატის გამოკვლევა უფასოა 

PSA ტესტი პროსტატის კიბოს განვითარების რისკის მართვის მეთოდია, რომლითაც განისაზღვრება სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე. PSA-ს დონის მკვეთრი მომატება შეიძლება მიანიშნებდეს პროსტატის კიბოს არსებობის მაღალ რისკზე, თუმცა ეს მატება სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.

მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ:

  • გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით ღამით)
  • გაძნელებული შარდვა ან შარდვის გახანგრძლივება
  • ტკივილი შარდვის დროს

ამ სიმპტომების არსებობა, ხშირად, არ ნიშნავს, რომ კიბო გაქვთ. თუმცა პროსტატის კიბო ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რომ არ გამოგეპაროთ, მნიშვნელოვანია დროულად ჩაიტაროთ გამოკვლევა (PSA ტესტი), ასეთ შემთხვევაში, წარმატებული მკურნალობა შესაძლებელია.

აჭარის რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. ამ პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვა. პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოდ წელიწადში ერთხელ ტარდება.

უახლესი აპარატურით აღჭურვილი უროლოგიის განყოფილება „მედცენტრში“

კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც ხელსაყრელია სხვადასხვა უროლოგიური პათოლოგიის გამოსაკვლევად, დასადგენად და სამკურნალოდ.

უროლოგიური პრობლემების დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდი „მედცენტრში“ ეფუძნება ევროპის უროლოგთა ასოციაციის რეკომენდაციებს – გაიდლაინებს.

განყოფილებას აქვს თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატი, სპეციალური ინტრაკავალური გადამწოდით, რომელიც საშუალებას იძლევა ღრუში გამოიკვლიონ მცირე მენჯის წინ მდებარე ჯირკვალი – როცა შარდის ბუშტის რაღაც მონაკვეთია შესასწავლი, ეს ნაწილი ხშირად მუცლის წინა კედლიდან არ ჩანს.

მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი ზუსტი დიაგნოზის დასმის და დიფერენცირების საშუალებას იძლევა.

შარდის ბუშტს სპეციალური, უროლოგიური სადიაგნოსტიკო აპარატით -ფიბროცისტოსკოპით ათვალიერებენ. მისი საშუალებით დათვალიერების პროცესი სრულიად უმტკივნეულოა. ადრე კი ეს მანიპულაცია მეტალის ინსტრუმენტით ხდებოდა და საკმაოდ დიდი დისკომფორტი იყო პაციენტისთვის.

„მედცენტრი“ პირველი კლინიკაა საქართველოში, სადაც 2018 წლიდან იყენებენ 4K ფორმატის ენდოსკოპიურ დანადგარს, რაც შეუცვლელი საშუალებაა ონკოლოგიური ოპერაციების დროს. დანადგარი იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას და ქირურგს უადვილებს განასხვავოს ერთმანეთისგან პათოლოგიური და ნორმალური პროცესები.

„მედცენტრში“ უროლოგიური დაავადებების მკურნალობა და ოპერაციები საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში ფინანსდება თანაგადახდის პრინციპით.

როგორც კლინიკის უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, როსტომ ხალვაში ამბობს, პაციენტები ძალიან ხშირად მიმართავენ უროლოგებს აჭარაში და მისი დაკვირვებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულების ექიმებთან ვიზიტის კულტურა საგრძნობლად გაიზარდა.

ინდოეთში ჩარჩენილი საქართველოს 15 მოქალაქე 27 მაისს ჩამოფრინდება

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ ინდოეთიდან დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, 27 მაისს ჩამოფრინდებიან საქართველოში დელი-თბილისი-დელის ავიარეისით – ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფრენას ავიაკომპანია Air India შეასრულებს და აქართველოს 15 მოქალაქე დაბრუნდება ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში ჩამოფრინდება ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც.

ხელფასებში 44,3 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან გასულ წელს

აუდიტის მიხედვით, გასულ წელს, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისთვის სულ გაიხარჯა 44 366 300 ლარი, რაც 1 206 100 ლარით მეტია, ვიდრე 2018 წელს. აუდიტის თქმით, „აჭარის მთავრობის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი განმარტება სახელფასო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით“.

„მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ ხელფასის ხარჯების ზრდა სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული, მათ შორის, 2019 წელს შეიქმნა სსიპ – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, რომლის ჯამურმა სახელფასო ხარჯებმა შეადგინა 200 ათას 800 ლარი“, – აცხადებს აუდიტი.

„კანონმდებლობის ცვლილების, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობისა და თანამდებობრივი სარგოს ზრდის გამო, 2018 წელთან შედარებით:

  • აჭარის მთავრობის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურების ხარჯები გაზრდილია 109.9 ათასი ლარით;
  • ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში – 102.6 ათასი ლარით;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში – 94.6 ათასი ლარით.“ – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში.

2019 წელს ხელფასებისთვის სულ გახარჯული 44,3 მილიონი ლარიდან, „შრომის ანაზღაურებამ“ შეადგინა 35,9 მილიონი ლარი [113.4 ათასი ლარით ნაკლები, 2018 წლის მაჩვენებელზე], ხოლო „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებამ“ – 8,4 მილიონი ლარი (რაც 1,3 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს].

აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ვალდებულების კლებაზე გაწეულმა დანახარჯებმა 2 166 200 ლარი შეადგინა. ეს ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლის 99.7%-ია და 850.6 ათასი ლარით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე.

თუმცა, „წინა წელთან შედარებით ზრდა გამოწვეულია იმით, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ – აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის ძირი თანხა – 200 ათასი ევრო წინსწრებით გადაიხადა“.

„აქვე აღსანიშნავია, რომ შესაბამისმა უწყებებმა დროულად ვერ მოახერხეს პროექტის დაწყება და, შესაბამისად, სესხის ათვისება, რის გამოც 2010-2018 წლებში გაწეულ იქნა 172.4 ათასი ევროს არაეფექტიანი ხარჯი, მათ შორის, მხოლოდ სესხის აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის ხარჯმა 126.8 ათასი ევრო შეადგინა.

ამ პირობებში, 2019 წელს განხორციელდა სესხის წინსწრებით გადახდა, რაც მოპოვებული ინფორმაციის ანალიზით, ძირითადად განხორციელდა იმ მიზნით, რომ წარმოჩენილიყო ბიუჯეტის ათვისების მაღალი მაჩვენებელი“, – აცხადებს აუდიტი.

სამინისტრომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა შეაჩერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გასაცემად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა.

კორპორაცია ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“, ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში სამინისტროს 2020 წლის 14 მაისს წარუდგინა. ამ ანგარიშიდან ირკვევა, რომ დაგეგმილია ფოთის პორტის ჩრდილოეთისკენ გაფართოება [იმ ტერიტორიაზე, სადაც კორპორაცია ფლობს 100 ჰა მიწის ფართობს].

ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები სამინისტროს 2020 წლის 11 ივნისამდე უნდა მიეღო. ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების მიზეზად კი სამინისტრო ასახელებს იმას, რომ კორპორაციის საქმიანობაზე 2009 წელს გაცემულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოიცავს ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმდინარე საქმიანობას, ხოლო 2019 წლის 14 თებერვალს, აღნიშნულ პროექტზე – გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, შესაბამისად:

„ვინაიდან სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით წარმოდგენილია ფოთის საზღვაო ნავსადგურის არსებული საქმიანობის გაფართოების პროექტი, ხოლო კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმდინარე საქმიანობაზე ფლობს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია არსებული საქმიანობის გაფართოების შესახებ ახალი პროექტი სამინისტროში წარმოადგინოს, როგორც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლა ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლა, მათ შორის, წარმადობის გაზრდა“ – აღნიშნულია სამინისტროდან კორპორაციაში 25 მაისს გაგზავნილ წერილში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი აწერს ხელს.

წერილის მიხედვით, „სამინისტრო სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს აღნიშნული შენიშვნის შესაბამისად კორექტირებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ“.

ამასთან, განახლებული განცხადება დაგეგმილი საქმიანობის გარდა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ფოთის საზღვაო ნავსადგურის არსებული საქმიანობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესახებ.

სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორპორაცია [APM Terminals Poti] საზღვაო ნავსადგურს ფლობს 2011 წლიდან, თუმცა, ტვირთბრუნვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ამ დრომდე გატარებული ღონისძიებები მაინც ვერ უზრუნველყოფს საკონტეინერო ტვირთების მზარდი ნაკადების შეუფერხებელ მომსახურებას, რის გამოც APM Terminals Poti-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ნავსადგურის გაფართოების თაობაზე.

„ახალი ნავსადგურის მოწყობის აუცილებლობა გამოწვეულია იმითაც, რომ არსებული ნავსადგურის ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით დიდი საკონტეინერო გემების მიღება ვერ ხერხდება და ფოთის ნავსადგურისათვის განკუთვნილი ტვირთების მცირე გემებზე გადატვირთვა ხდება ხმელთაშუა ზღვის ღრმაწყლიან პორტებში. აღნიშნული მნიშვნელოვნად ზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს და დროს. ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, ტვირთების გამტარიანობის ზრდასთან ერთად, გაიზრდება ფოთის ნავსადგურის კონკურენტუნარიანობა შავი ზღვის სხვა პორტებთან შედარებით“, – კორპორაციის ანგარიშიდან.

ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

პარალელურად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვდა ნებართვას, რათა 1,2 მლნ ლარად საერთაშორისო იურიდიული კომპანია დაიქირაოს, რომელიც ფოთის პორტის ახალ ტერმინალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩაერთვება.

ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული კომპანიის დაქირავებაზე თანხმობა, შესყიდვების სააგენტომ 21 მაისს მისცა.

ამ თემაზე ვრცლად:

https://netgazeti.ge/news/453846/

მთავარი ფოტო: ფოთის პორტი / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

7 მიზეზი, რატომაც არ ვართ დამოუკიდებელი – თამთა მიქელაძე

„დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. ჩვენი დამოუკიდებლობა დღეს პირველი რესპუბლიკის იდეალებით და ოცნებებით არის ნასაზრდოები, რომელიც სამართლიანობის, სოლიდარობის, თავისუფლების იდეებზე იდგა და ქართული სოციალ-დემოკრატიის უნიკალურ გამოცდილებას დაეფუძნა,“ – წერს სოციალ;ურ ქსელ ფეისბუქში თამთა მიქელაძე,  „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ინფორმაცია დღეს, 26 მაისს ამ ორგანიზაციამ გაავრცელა იმის შესახებ, თუ რატომ არ ვართ დამოუკიდებლები. ამ ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენს დამოუკიდებლობას პოლიტიკური პოტენციალი დაკარგული აქვს. ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები პოლიტიკურად, რადგან ხალხის ნება და რეალური საჭიროებები და ინტერესები განდევნილია პოლიტიკის სფეროდან;

ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები ეკონომიკურად, რადგან ეკონომიკური ძალაუფლება ჩვენი ყვლეფისა და რესურსების, გარემოს, საჯარო სივრცეების განადგურებით მიიღწევა და ეს პროცესი სრულად არის გაყვანილი დემოკრატიული კონტროლის გარეთ;

ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები სოციალურად, რადგან ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბე და მზარდი ეკონომიკური უთანასწორობაა, ჩვენი ყოველდღიური გადარჩენა კი მძიმე და ღირსების შემლახავი შრომით არის შესაძლებელი.

ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები გეოპოლიტიკურად, რადგან ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და რუსეთს ეს შიდა პოლიტიკაში ინტერვენციის პირდაპირ გზას უხსნის. დევნილები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ გარშემო მცხოვრები ადამიანები კი უკიდურესი სიღარიბის, გარიყულობისა და იმედგაცრუების წინაშე დგანან.

ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები კულტურულად, რადგან ჩვენ კულტურა, რომელიც ცივილიზაციების დიალოგზე, ჰიბრიდულობაზე და მრავალფეროვნებაზე იდგა სტერილური და ცარიელი გახდა. ამ სიცარიელეს ზოგჯერ გლობალური კულტურული ფორმების განმეორებით ვავსებთ.

ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები მორალურად, რადგან ბაზრის ეთიკამ, რომელიც ასაგნებს ყველაფერს – შრომას, ბუნებას, ადამიანს, დროს და შოვინიზმის მძიმე ფორმებმა სოლიდარობის იდეალები და პრაქტიკა დაგვისუსტა.

ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები ინტელექტუალურად, რადგან ცოდნის წარმოების პროცესი აკადემიებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სუსტია და ის ჩვენს ისტორიაზე, კონტექსტზე დაფუძნებული ცოდნის შექმნის შესაძლებლობას გვართმევს.

დღეს ჩვენ გიზიარებთ ამ პესიმიზმს არა უიმედობისთვის, არამედ ჩვენი ყოფის კრიტიკული გაცნობიერებისთვის, რომელიც ყოველთვის ახალ პერსპექტივას, ძალას და მომავლის ჭვრეტას აჩენს. მომავლის, რომელიც თავისუფლების, თანასწორობის და სამართლიანობის იდეალებს დაეფუძნება და სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ ჯგუფებს შორის დემოკრატიული დიალოგის, თვითორგანიზების და სოლიდარობის რეალური პრაქტიკით მიიღწევა,“ – წერს თამთა მიქელაძე.

წულუკიანმა განსაზღვრა, ვის შეუძლია დაესწროს წყვილის ქორწინების რეგისტრაციას 

ქორწინების სახლები სარიტუალო მომსახურებას ეტაპობრივად განაახლებენ, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. ვინაიდან 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, იმ პირების ჩამონათვალი განსაზღვრა [მაქსიმუმ 9 კაცით], რომლებიც დასაქორწინებელ პირებთან ერთად შესაძლოა დაესწრონ ხელის მოწერის რიტუალს.

მინისტრის ბრძანებით, საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოგრაფი. აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვაც.

აღნიშნული სააგენტო ამ დრომდე ქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და ადგილზე მომსახურების (შენობის გარეთ მომსახურების) გარეშე.

„სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.“ – წერია მინისტრის ახალ ბრძანებაში.

ამავე ბრძანებით, ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 31 მაისიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება სხვა ქორწინების სახლებს, „ბათუმელებს“ სააგენტოში უთხრეს, რომ სხვა სახლებიც ამ წესის მიხედვით, ეტაპობრივად განაახლებენ მუშაობას.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მომსახურების დროებითი წესები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით 23 მაისიდან განისაზღვრა და ის 2020 წლის 15 ივლისამდე იმოქმედებს.

ბრძანების მიხედვით, სააგენტოს სერვისები ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის მეშვეობით, რაც, თავის მხრივ, ხორციელდება წინასწარ დაჯავშნის გზით პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით.

ქვეყანაში  კვლავ შეზღუდულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან [მათ შორის  ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.]:

https://netgazeti.ge/news/454992/

აქცია აჭარის ტელევიზიასთან დირექტორის გადადგომის მოთხოვნით

აჭარის ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს თანამდებობის დატოვებისკენ დღეს, 26 მაისს, საზოგადოებრივი მოძრაობის – „მე მიყვარს ბათუმი“ წევრებმა მოუწოდეს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ გიორგი კოხრეიძე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს დევნის.

„გიორგი კოხრეიძისთვის დირექტორად არჩევისთანავე მიუღებელი აღმოჩდნენ თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ და თავიანთი შეხედულებები გააჩნდათ. მან კომუნიკაციის დაწყებისთანავე თანამშრომლებს მიუთითა, რომ მათ ,,მორჯულებას“ და ,,ადგილზე მოსმას“ აპირებდა, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობდა, რომ დაისჯებოდა  მისგან განსხვავებული აზრის მქონე ყველა თანამშრომელი, თუ არ დაემორჩილებოდა ახალი დირექტორის სარედაქციო პოლიტიკას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნამდე გამოირჩეოდა ობიექტურობითა და კრიტიკული შეკითხვებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რაზეც მეტყველებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და სხვა ლიდერების ისეთი განცხადებები თუ მიმართვები საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მისი ჟურნალისტების მიმართ, როგორიცაა: „თქვენ რუსთავი 2-ის ფილიალი ხართ“, „დაოკდით“, „თქვენი საქციელი უზრდელობაა“, „გიჩივლებთ და შეგიჩერებთ აკრედიტაციას“, „მოგიწოდებთ, გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას“…“ – აღნიშნულია მოძრაობის „მე მიყვარს ბათუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ტელევიზიიდან დაუსაბუთებელი საფუძვლებით ათავისუფლებენ ჟურნალისტებს, რის გამოც დირექტორის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს სრულად:

„მინდა გულთბილად მივულოცო საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდზე ყოფნით ამაყობს, რადგან ჩვენ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები ვართ.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დაბადებას პირველი რესპუბლიკისა, რომელიც 100-ზე მეტი წლის წინ ევროპის ერებმა აღიარეს. მიუხედავათ იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოკლეხნიანი აღმოჩნდა, ქართველმა ხალხმა იმ სამი წლის განმავლობაში საოცარი ნაბიჯები გადადგა. მიზანდასახულმა და აქტიურმა პოლიტიკურმა კლასმა პროგრესული კონსტიტუცია მიიღო, რომელმაც, მრავალი თვალსაზრისით გაუსწრო დროს და დემოკრატიულ იდეალებსა და თანასწორობას ემყარებოდა. უზარმაზარმა საბჭოთა ძალამ ბოლო მოუღო მის არსებობას, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა შემდგომი 70 წლის განმავლობაშიც ცოცხლობდა.

საკუთარი ქვეყნის ისტორიის გახსენება და შეხსენება იმისა, რომ ხშირად, თავისუფლება საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოდის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალი თაობისთვის, რომელმაც არ იცის, თუ რას ნიშნავს, ცხოვრობდე არადამოუკიდებელ საქართველოში. წარსული მიღწევები დიდ ძალას აძლევს საქართველოს სახელმწიფოს კონსოლიდაციის და მოდერნიზების გზაზე, რომელსაც იგი ადგას და ევროპაში კუთვნილ ადგილს იბრუნებს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. სწორედ ასეთ მყარ საფუძველზე დგას ჩვენი მეგობრობა, რითაც საერთო გამოწვევებს ვუმკლავდებით. დღევანდელ რთულ დროს ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და აჩვენეს, თუ რას გულისხმობს ეს მეგობრობა.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ საქარველოს დამოუკიდებლობის დღეს!“

1918 წლის 26 მაისს თბილისში პირველი რესპულიკის ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1921 წლის 25 თებერვალს ქვეყანა საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო – ოკუპაცია გრძელდებოდა 70 წლის განმავლობაში. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა შეძლო 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე. 1993 წელს 9 აპრილი გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აღინიშნება.

ვინ და რისთვის გადაუხადა მადლობა 10 ათას პედაგოგს

ბოლო რამდენიმე დღეა პედაგოგების ჯგუფები ფეისბუქში ერთმანეთს წარმატებას ულოცავენ და სერტიფიკატის ფოტოებს აზიარებენ, სადაც წერია, რომ სერტიფიკატი მათ გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებისთვის გადაეცათ. ზოგიერთმა პედაგოგმა მიიჩნია, რომ სერტიფიკატი მასწავლებლებს განათლების სამინისტრომ დაურიგა, მათ კი არ შეხვდათ, რის გამოც უკმაყოფილება გამოხატეს. ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით კი, „TV- სკოლის მასობრივი სერტიფიცირება იყო ორი მნიშვნელოვანი საკითხის დემონსტრირება: თვითკმაყოფილება და საზოგადოებისთვის მტკიცება, რომ მასწავლებელიც ღირებულ საქმეს ემსახურება“. მისი აზრით, კოლეგებს აღიარების დეფიციტი აქვთ.

ვინ აღიარა პედაგოგების დისტანციური შრომა და რა დატვირთვა აქვს რეალურად ამ სერტიფიკატს? თემაზე „ბათუმელები“ პლატფორმა TV school.ge-ს გენერალურ დირექტორს, ირაკლი ჯინჯიხაძეს ესაუბრა. სერტიფიკატების გაცემა სწორედ ამ ორგანიზაციის იდეაა.

  • ბატონო ირაკლი, რამდენი პედაგოგია ჩართული TV school.ge-ში და რამდენმა მიიღო სერტიფიკატი?

ათი ათასზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო ჩვენი სერტიფიკატი. ეს იყო მადლიერების გამომხატველი ჟესტი, რადგან მასწავლებლები ძალიან სტრესულ გარემოში იმყოფებოდნენ ამ პერიოდში და სერტიფიკატის გადაცემით მათ დავუფასეთ გაწეული შრომა. სერტიფიკატების გარდა ჩვენი პლატფორმით მასწავლებლებს ბევრი პრობლემა მოვუგვარეთ.

  • მაგალითად, რა პრობლემა?

ონლაინპლატფორმა TVschool.ge მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად შექმნან ან გამოიყენონ უკვე შექმნილი დავალებები მოსწავლეებისთვის და მიიღონ უკუკავშირიც.

  • სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით აქვს რაიმე უპირატესობა TV school.ge-ს?

უპირატესობა არის სიმარტივე და ის, რომ ჩვენ გვაქვს მზა დავალებები კლასების და საგნების მიხედვით, მათ შორის, სპორტსა და მუსიკაშიც. ნებისმიერ კლასში ნებისმიერ თემაზე მასწავლებელს შეუძლია ჩვენთან დავალება იპოვოს და არ დახარჯოს დიდი ადამიანური რესურსი მოსწავლისთვის დავალებების შედგენისთვის.

  • თქვენ ამბობთ, რომ გამზადებული დავალებები ხვდებათ მასწავლებლებს. მასწავლებლის შრომა რაში გამოიხატება, თუკი ყველაფერი მითითებულია?

მასწავლებლის ფუნქციაა საჭირო თემა აირჩიოს და მას შემდეგ, რაც მოსწავლე დავალებას შეასრულებს, ჩვენ თემის თითოეულ კითხვაზე გამზადებული გვაქვს ახსნა-განმარტებებიც, ანუ მასწავლებელს აღარ უწევს დამატებითი ძალისხმევის გაღება იმაზე, განმარტოს როგორ უნდა ამოიხსნას, ვთქვათ, ამოცანა ან გაკეთდეს რომელიმე დავალება. ამიტომ, როცა მასწავლებელი გადაწყვეტს, რომ გამოიყენოს ესა თუ ის დავალება, ახსნა-განმარტებების ველიც გამოუჩნდება.

გათვლა იყო ის, რომ სასწავლო პროცესი მასწავლებლისთვის გამარტივებულიყო, რადგან მათ ყოველდღიურად ისედაც უწევთ მოსწავლეებისთვის დავალებების შექმნა და რასაც აქამდე აკეთებდა კალმით და ფურცლით, ახლა გააკეთებს ონლაინ ან ისარგებლებს გამზადებული დავალებებით.

სტატისტიკურად რომ შევხედოთ, ამ ყველაფერში მასწავლებელი კვირაში დაახლოებით 7-10 საათს ხარჯავს, ამ პლატფორმის გამოყენების შემთხვევაში კი, სადღაც 30 წუთი ეხარჯება. გამოდის, მასწავლებელი 10 საათს ზოგავს კვირაში დავალებებისთვის. მაშინ, როცა ეს დრო შეუძლია გამოიყენოს სხვა რამეში, მაგალითად, ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობისთვის, განსხვავებული სასწავლო აქტივობების დაგეგმისთვის და ა.შ.

ირაკლი ჯინჯიხაძე, ტვ-სკოლის გენერალური დირექტორი
  • რას განსაზღვრავს თქვენს პლატფორმაზე არსებული დავალებები, მოსწავლის კონკრეტულ ცოდნას თუ უბრალოდ, განმავითარებელი შეფასებისთვისაა განსაზღვრული?

ამ ფორმატში შედგენილი დავალება განსაზღვრავს, იცის თუ არა მოსწავლემ კონკრეტული თემა. ასევე, შეიძლება იყოს ღია დავალებები, ტესტური დავალებები და ა.შ. გარდა ამისა, სამინისტრომ ორიენტაცია აიღო, რომ კომპლექსური დავალებებითაც შეფასდეს მოსწავლე. ამიტომ, ჩვენ მალე დავამატებთ პლატფორმას კომპლექსურ დავალებებსაც და ჩვეულებრივი, სტანდარტული დავალებების გარდა ამაზეც ექნებათ წვდომა მასწავლებლებს.

  •  როგორ ავრცელებთ ინფორმაციას მასწავლებლებში TV school.ge – შესახებ?

ჩვენ ყველა სკოლას და რესურსცენტრს მივაწოდეთ ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაცია. დარეგისტრირდება თუ არა პედაგოგი, ეს მისი გადასაწყვეტია. გარდა ამისა, გვაქვს კომუნიკაცია ფეისბუქგვერდზე და რეგულარულად ვაქვეყნებთ სიახლეებს. მასწავლებლების დიდი ნაწილი, ვინც დარეგისტრირდა, აქტიურად იყენებს ამ პლატფორმას, ზოგი უფრო პასიურად.  ჩვენ სერტიფიკატები გადავეცით ყველა იმ მასწავლებელს, ვისაც გარკვეული აქტივობა ჰქონდა ამ პლატფორმაზე დისტანციური სწავლების პერიოდში.

  • ეს პროექტი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ცალკე პროექტია თუ „ტელესკოლის“ ნაწილია?

არა, ეს არის ცალკე, დამოუკიდებელი პროდუქტი და არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მსგავსი პლატფორმა საქართველოში აქამდე არ არსებობდა. ჩვენი ჯგუფი 2012 წლიდან საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს და ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება გვაქვს. ამ პროექტზე მუშაობა 2019 წელს დავიწყეთ და საქართველოს ტექნოლოგიური პარკის  გრანტიც მოვიპოვეთ,  ამავე პროექტით გავიმარჯვეთ ნიდერლანდური სტარტაპ აქსელერატორის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც 10 საუკეთესო კომპანიას შორის მოვხვდით.

Exit mobile version