მთავარი,სიახლეები

გიდების ნაწილმა 300-ლარიანი დახმარება ვერ მიიღო, ისინი მთავრობის პასუხს ელიან

27.05.2020 • 1970
გიდების ნაწილმა 300-ლარიანი დახმარება ვერ მიიღო, ისინი მთავრობის პასუხს ელიან

ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე 2020 წლის 1-ელი ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა პირებმა, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს და შემოსავალი შეუწყდათ. გიდების ასოციაციები და ტურიზმთან დაკავშირებული დიდი ფეისბუქჯგუფების წარმომადგენლები ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრებს მართავდნენ, რომ ამ დახმარების მიღების შესაძლებლობა გიდებსაც ჰქონოდათ, თუმცა როგორც სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დარციმელია ამბობს, გიდების მხოლოდ ნაწილს მიუვიდა აპლიკაციის შევსების შემდეგ დასტური დახმარებაზე, ნაწილს კი უარი ეთქვა, თუმცა რატომ – გაურკვეველია. გიდების ასოციაციები ახლა ტურიზმის დეპარტამენტის შუამდგომლობით, ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს ელიან, რა მოხდა: გიდების ნაწილმა რეგისტრაციის შევსებისას დაუშვა შეცდომა და ამიტომ ვერ მიიღო ერთჯერადი, 300 ლარიანი დახმარება, თუ რაიმე პრინციპით მოხდა გიდების დაყოფა.

  • თავდაპირველად ითხოვდით ეკონომიკის სამინისტროსგან ე.წ. 1200-ლარიან დახმარებას, ახლა კი 300-ლარიანი, ერთჯერად დახმარებაა მხოლოდ შემოთავაზებაში. რით ახსნა ეს ეკონომიკის სამინისტრომ? 

დიახ, ჩვენი მოთხოვნა იყო 1200 ლარიანი დახმარება გადანაწილებული 6 თვეზე, ყოველთვიური 200 ლარით, თუმცა როგორც იურისტებმა აგვიხსნეს, ამ კრიტერიუმში ვერ მოვხვდით და ერთჯერად, 300-ლარიანი დახმარებაზეც პრობლემა ექმნება გიდების ნაწილს. ველოდებით პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ გავიგოთ, რა არის უარის მიზეზი.

  • გაქვთ ზუსტი სტატისტიკა, რამდენ გიდს ჩაერიცხა ერთჯერადი სახელმწიფო დახმარება და რამდენმა მიიღო უარი?

ზოგს ჯერ საერთოდ არ შეუვსია ეს სააპლიკაციო ფორმა, ჯერ სრულ მონაცემებს ვერ გეტყვით. ნაწილმა მიიღო, ნაწილმა – ვერა. ინფორმაციის მუდმივად მიღება-განახლების რეჟიმში ვართ. უცნაური არის ის, რომ არიან გიდები, რომლებსაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებოდათ ჩარიცხვა და მაინც ვერ მიიღეს სახელმწიფო დახმარება და არიან გიდები, რომლებსაც 2020-ის პირველ კვარტალში არ დარიცხვიათ ხელფასი საერთოდ და დაერიცხათ ბოლოს 2019-ში, მაგრამ მაინც მიიღეს დახმარებაზე დადებითი პასუხი; არიან გიდები, რომლებიც გადასახადების გადამხდელებად ფიქსირდებიან და დაკარგეს შემოსავალი, მაგრამ მათ ვერ მიიღეს სახელმწიფო დახმარება და არიან გიდები – ფიზიკური პირები, რომელთა ნაცვლადაც კომპანია იხდის საპენსიო ფონდშიც და საშემოსავლოსაც, მაგრამ მათ, ასევე, ვერ მიიღეს დახმარება. ამის მიზეზის გარკვევის პროცესში ვართ ახლა – შეცდომა იყო აპლიკაციის შევსებისას, თუ მართლაც უარი ეთქვა გიდების ნაწილს.

  • ითხოვდით, ასევე, სესხების ივნისის შემდეგაც გადავადებას გიდებისთვის, თუმცა მთავრობის განცხადებით, ივნისის შემდეგ საბანკო ვალდებულებების კიდევ სამი თვით გადავადება მათ შეეძლებათ, ვისაც სახელმწიფო დახმარების მიმღებად და შესაბამისად, დაზარალებულად ცნობს.

დიახ, ეს ჩვენთვის პრობლემაა, რადგან გიდების ნაწილს ერთჯერად დახმარებაზე უარი ეთქვა. თუ ეს მოცემულობა არ შეიცვალა, ბანკიც არ ცნობს გიდებს დაზარალებულად და სესხის გადახდას ივნისის ბოლოდან მოსთხოვს მათ, რაც წარმოუდგენელია. ერთჯერად დახმარებაზე მეტად გიდებს სწორედ ბანკებთან შუამდგომლობა ესაჭიროებათ. ივნისში ვერავინ ვერაფერს გადაიხდის: აგვისტოზე ადრე, რაც მე ვიცი, არავის აქვს ტურები ჩანიშნული. ესეც ისეთი ტურები, რაც იმ შემთხვევაში იქნება ძალაში, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა გლობალურად და რამე არ გართულდა. თანაც ჩვენ არ ვიცით ეს ტურისტთა ჯგუფების რა რაოდენობა იქნება და საერთოდაც, დასაქმდება თუ არა გიდების უმრავლესობა. როგორც მოსალოდნელია, ტურისტების რაოდენობა წელს გაცილებით ნაკლები იქნება.

  • ივნისის შემდეგ კიდევ 3 თვით საბანკო ვალდებულებების გადავადების შემთხვევაში შეძლებდნენ გიდები გადასახადების დაფარვას?

მთავრობასთან მოლაპარაკებისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გიდები, ძირითადად, ზაფხულის სეზონზე გამოიმუშავებენ თანხას, ზამთარი მათთვის მკვდარი პერიოდია და სესხების გადავადების ოპტიმალური პერიოდი 2021 წლის მარტში უნდა ყოფილიყო, თუმცა თუ ეს ვერ ხერხდება, უკიდურეს შემთხვევაში უნდა გაუზარდონ სესხის გადახდის დრო გიდებს ბანკებმა და შესაბამისად, შემცირდება ყოველთვიური გადასახადი, რომ მათ გადახდა შეძლონ.

  • რა კითხვებზე ელოდებით კიდევ პასუხს მთავრობისგან და რას გეგმავთ იმ შემთხვევაში თუ გიდების ნაწილი ვერ მიიღებს დახმარებას?

ველით ინსტრუქციებს სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ, რომ ვიცოდეთ როგორ მოვამზადოთ გიდები და ჩვენი ტურისტული ჯგუფებიც. თუმცა, როგორც გითხარით, ივლისის დასაწყისიდან ფრენების აღდგენა ივლისიდანვე აქტიური ტურიზმის ამოქმედებას არ ნიშნავს და ტურები ძირითადად აგვისტოდან აქვთ გიდებს. თუ გიდების ნაწილს არ დაერიცხა დახმარება, სხვაგვარად ვიმოქმედებთ. ჯერ ეს გეგმა არ გვაქვს. ჩვენ თავიდან გვქონდა მოლაპარაკება, რომ დახმარებას საჭიროებდა ყველა გიდი: სეტიფიცირებული, არასერტიფიცირებული, ფიზიკურ პირად დარეგისტრირებული, ვინც სეზონურად იღებს ხელფასს და ასევე, მეწარმედ დარეგისტრირებულიც: ვინც თავად იხდის გადასახადებს. დიფერენცირება დახმარების გაცემისას არ უნდა მომხდარიყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: