მთავარი,სიახლეები

როცა სახლებში ჩაკეტილ ღარიბებთან საკვები მიგაქვს – წითელი ჯვრის მოხალისეების 2 თვე

28.05.2020 • 1423
როცა სახლებში ჩაკეტილ ღარიბებთან საკვები მიგაქვს – წითელი ჯვრის მოხალისეების 2 თვე

კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა ათასობით მოქალაქე ფულისა და საკვების გარეშე დარჩა, წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა ბათუმში ამ ადამიანების დახმარების ორგანიზება დაიწყეს. 500-მდე მოხალისე ორი თვის მანძილზე ჯამში 8 ათასამდე ოჯახს დაეხმარა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და მის მოხალისეებს პანდემიის დროს არცერთი წამით არ შეუწყვეტიათ მუშაობა.

პასუხობდნენ მოქალაქეების ზარებს ცხელ ხაზზე, იდგნენ დიდი სუპერმარკეტების შესასვლელებში და მოქალაქეებს მოუწოდებდნენ დახმარებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც პროდუქტის საყიდელი თანხა არ ჰქონდა. დადიოდნენ სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა და მიჰქონდათ პროდუქტები სოციალურად  გაჭირვებულებთან.

ორი თვის მანძილზე წითელი ჯვრის აჭარის ორგანიზაციაში 500-მდე მოხალისე იყო ჩართული.  მხოლოდ წითელი ჯვარი დაახლოებით 8 000 ოჯახს დაეხმარა. ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად  კი დაახლოებით 20 000 სასურსათო კალათის შეფუთვაში მიიღეს მონაწილეობა.

მოხალისეები სასურსათო კალათებს ამოწმებენ

სოფო გაბაიძეც წითელი ჯვრის მოხალისეა. ის ამავდროულად იყო ცხელი ხაზის ოპერატორი. დღის მანძილზე ათობით ზარს პასუხობდა, მოქალაქეების თხოვნებს იწერდა და შემდეგ მათთან წითელი ჯვრის მოხალისეებს საკვები მიჰქონდათ.

„ფსიქოლოგიურად რთული იყო ამდენი ამბის მოსმენა. რთულია, როცა ადამიანი გირეკავს და გეუბნება, რომ საკვები არ აქვს. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ფეხით გავდიოდით ათობით კილომეტრს სახლიდან დიდ სუპერმარკეტებამდე, საღამოს უკან სახლისკენ.  მაგრამ როცა გახარებული ადამიანის თვალებს ხედავ, ვისი გახარებაც შენი შრომით შეძელი, ყველაფერი გავიწყდება,“ – ამბობს სოფო.

მარტსა და აპრილში, როცა მოქალაქეთა უმეტესობა კარანტინში იყო და სახლიდან არ გადიოდა, წითელი ჯვრის მოხალისეები დღეში უამრავ ადამიანს ხვდებოდნენ.

„შიში მქონდა, მაგრამ ეს შიში სხვა ადამიანების დახმარების სურვილმა დამაძლევინა,“ – ამბობს ნინი მსახურაძე, წითელი ჯვრის მოხალისე და აგრძელებს: „რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალთან ვიყავით, რომელიც მარტო ცხოვრობდა, მძიმე სოციალურ პირობებში. მის სახლთან მისასვლელი გზაც კი არ იყო. დიდი ძალისხმევის გაღება დაგვჭირდა, სასურსათო კალათები რომ მიგვეტანა მისთვის. ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, როცა დაგვინახა, რომ მისთვის საკვები მიგვქონდა. ისე გაუხარდა, ისე გაებადრა სახე, ისე გამოცოცხლდა, ამ ემოციისთვის ღირდა პირადად ჩემთვის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ“.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების აჭარის ორგანიზაციაში ხუთასამდე მოხალისეა გაწევრიანებული. მათ შორის არიან უცხოელებიც.

„გვყავს ინდოელი სტუდენტები მოხალისეებად. კენიიდან და ერაყიდან მოხალისეები, რომლებიც თავის დროზე ერაყში ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს. ადამიანებმა ქართულიც კი არ იციან და ჩვენთან ერთად ეხმარებიან ქართველ მოხუცებს. ყოველდღე ზრუნავდნენ ჩვენთან ერთად. კორონასთან ბრძოლას არ ჰქონდა საზღვრები. მადლობა ყველა იმ მოხალისეს, ვინც ჩვენთან ერთად იშრომა ეს თვეები,“ – ამბობს გიორგი ბოლქვაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების პროექტის ,,მზად ვართ რეაგირებისთვის” კოორდინატორი.

მოხალისეები, რომლებიც 8 ათას ოჯახს დაეხმარნენ

კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა ათასობით მოქალაქე ფულისა და საკვების გარეშე დარჩა, წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა ამ ადამიანების დახმარების ორგანიზება დაიწყეს.500-მდე მოხალისე ორი თვის მანძილზე ჯამში 8 ათასამდე ოჯახს დაეხმარა.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 27 მაისი, 2020

გადაბეჭდვის წესი


ასევე: