მთავარი,სიახლეები

„ტურიზმი დგას გიდებზე და ტუროპერატორებზე, ტურიზმი არ არის მხოლოდ სასტუმრო“

24.04.2020 • 2561
„ტურიზმი დგას გიდებზე და ტუროპერატორებზე, ტურიზმი არ არის მხოლოდ სასტუმრო“

 

ანი ივანიშვილი, გიდი

___________________

„4 წელია და ცოტა მეტი ტურიზმში ვარ, ეს არც ბევრია, არც ცოტა, რადგან 4 წელი სრულებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ გასული 2019 წელი ყოფილიყო ჩემი საქმიანობის პიკი, როცა დღეში ხან 3 ან 4 ზარს ვიღებდი ტურებზე შემოთავაზებით, მე უარს ვამბობდი, რადგან მთელი სეზონი ჩემოდანი არ ამომილაგებია, თვეებით ადრე მიღებულ ტურებს ვატარებდი.

უფრო კარგად რომ აგიხსნათ, არსებობს ამ ქვეყანაში ბაზა, ცოცხალი ადამიანები, თან არც ისე ცოტა, საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტორატი, რომლებიც თითქმის ყველა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს ასწავლიან, უყვებიან საქართველოს შესახებ ყველანაირ ინფორმაციას. ეს მხოლოდ ისტორიული მშრალი ცნობები არ გეგონოთ, არაა!

ნებისმიერ დროს, მზად არიან გასცენ უამრავი პოზიტიური ინფორმაცია, მაშინაც კი, როცა თვით ტურისტის მოთხოვნით თბილისიდან ბათუმში მიდიხარ მაღალმთიანი აჭარის გავლით (4 საათი მხოლოდ off road) და 4-5 ობიექტზე ჩერდები, დილის 8-დან მანქანაში რომ ჩაჯდები და ღამის 11-ზე დანგრეული და არაადეკვატური რომ გადმოხვალ, არ კარგავ პოზიტიურ განწყობას მაშინაც კი, როცა, ჯუთას აღმართებს ცალ ფეხში ტკაცუნით აივლი, თან პირველი მიუძღვები, რომ არ შეგამჩნიონ, როგორ იტკინე წინა დღეს, გერგეთის აღმართებზე ფეხი, მაშინაც კი, როცა თუშეთისკენ მიდიხარ და გული ხელით გიჭირავს, ლოცულობ წვიმა არ მოვიდეს და ცალი ფეხი სამარეში რომ გიდგას; მაშინაც კი, როცა სადღაც მთებში მობოდიალეს მწყემსი შეგხვდება, რომელიც მგლებისგან შეჭმულ ძროხას ეძებს, როცა თვეების განმავლობაში გადიხარ ათასობით კილომეტრს, თუ ფეხით, ან თუნდაც მანქანით, ხარ ყოველდღიურად ავარიის რისკის ქვეშ, ერთხელ იმის მომსწრეც ხდები, თუ როგორ იღებს კალაშნიკოვს ვიღაც არაადეკვატური პიროვნება და უმიზნებს შენს ავტობუსს მხოლოდ იმიტომ, რომ ავტობუსმა არ გაატარა როცა უსწრებდა, რადგან უწყვეტი ხაზი იყო… ბევრი ასეთი ამბავი დამიგროვდა….

და ამ დროს, ამ ყველაფრის შემდეგ ხუმრობ, და არწმუნებ ტურისტს, რომ ნამდვილად ღირდა მისი ათასობით დოლარი, თუ ევრო, რომ გადაიხადა, და ჩამოვიდა საქართველოში, აქვე არწმუნებ მას, რომ უთხრან მის მეგობრებს, რომ გადაიხადონ ასევე ათასობით ევრო/დოლარი და ისინიც ჩამოვიდნენ. ისინი მოდიან მეგობრებით, ოჯახებით, ანუ კიდევ დამატებით რამდენიმე ათასი ევრო ან დოლარი.

ერთკვირიანი ტურის განმავლობაში, საშუალოდ აკავებ 5 სასტუმროს, 14 კვების ობიექტს, აყიდინებ სუვენირებს კერძო მეწარმეებს, ახდევინებ მუზეუმებში, დეგუსტაციებზე და ფასიან ობიექტებში შესვლის ფულს, ყველა ამ ობიექტიდან ფული სად მიდის? რა თქმა უნდა ბიუჯეტში.

ძალიან გულსატკენია, რომ ამდენჯერ ახსენეს ტურიზმი და ერთხელ არ უხსენებიათ გიდების უზარმაზარი შრომა, სამაგიეროდ ტურიზმი მხოლოდ სასტუმროები და სოფლის მეურნეობის პიარი ყოფილა.

სად ახსენეს ტუროსტული კომპანიები, ტუროპერატორები, რომლებიც ჩვეულებრივ „კერავენ“ თითოეულ ადამიანს, რომ აუცილებლად უნდა წამოვიდნენ საქართველოში? არსად. სად ან ვინ ახსენა გიდი, ან მძღოლი, რომელიც დილის 7-8 საათიდან ღამის 11-მდე დაუღალავად კუდის ქიცინით დასდევს ტურისტს, ან საავტომობილო მომსახურეობას უწევს, რომ ის ტურისტი კმაყოფილი წავიდეს და დადებითი შეფასება მოყვეს, დაწეროს საქართველოს შესახებ?

(პირადად ჩემი გიდობა რომ უნდოდათ იცით რამდენი ტურისტი ჩამოსულა ქვეყანაში? ძალიან ბევრი! ანუ რაღაც წვლილი მეც და ჩვენც მიგვიძღვის ხომ? )

დიდი მადლობა ასეთი “დაფასებისთვის”. უბრალოდ მადლობის გადახდაც კი კარგი ჟესტი იქნებოდა, თუნდაც ტურიზმის ადმინისტრაციისგან, თორემ 200 ან 300 ლარი არ გაგვამდიდრებს ჩვენ. ნეტავ შეგვეძლოს, რომ ჩვენი შრომით მოვიპოვებდეთ ამ თანხასაც.

რამდენი ადამიანი დარჩა საარსებო წყაროს გარეშე, ვერც კი წარმოიდგენთ.

ტურიზმი დგას ტუროპერატორებზე, გიდებზე და მძღოლებზე, ტურიზმი არ არის მხოლოდ სასტუმრო ან რესტორანი!“

____________________

წყარო: ფეისბუქი 

ფოტოზე: ანი ივანიშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: