ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია შუახნის ქალი კარანტინიდან, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენტრია, 17 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე.

12 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1058 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

დღეს ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმში კიდევ ერთი პაციენტის განკურნების შესახებ ადასტურებს ინფორმაციას. შესაბამისად, დღეს ბათუმში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 16 პაციენტი რჩება.

11 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 45 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1264 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1054 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

რა უნდა ქნათ, თუ სამუშაოდ თურქეთში წასასვლელად დადებითი პასუხი ვერ მიიღეთ

აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემებით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად სპეციალურ პროგრამაში სულ დარეგისტრირდა 423 მოქალაქე, რომელთაგან დადებითი პასუხი მიიღო 110-მა, დანარჩენს კი, დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დოკუმენტაციის დაზუსტებაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, შემუშავებულ იქნა ძირითადად სამი ალტერნატიული შეტყობინება, რომლითაც პირისათვის ცნობილი გახდება, თუ რა სახის ხარვეზია განცხადებაში და რის დაზუსტებას ითხოვს სამუშაო ჯგუფი:

[highlight color=”red”]sms ალტერნატივა 1[/highlight]: თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დასაზუსტებელია (არ ფიქსირდება პირადი N ან/და პერიოდი)

აღნიშნულ შეტყობინებას მიიღებენ ის ადამიანები, რომელთაც მიწვევაში არ უფიქსირდებათ პირადი ნომერი ან/და მიწვევის 3-თვიანი პერიოდი [ასეთი შეტყობინება უკვე მიიღო 128 მოქალაქემ];

[highlight color=”red”]sms ალტერნატივა 2[/highlight]: თქვენ მიერ წარმოდგენილია არასრული დოკუმენტაცია (წარმოსადგენია მოწვევა ან/და ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი)

ამ შეტყობინების ადრესატები არიან პირები, რომელთა განცხადებებს არ ახლავს მიწვევა ან/და ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი [ასეთი შეტყობინება უკვე მიიღო 26-მა მოქალაქემ];

[highlight color=”red”]sms ალტერნატივა 3[/highlight]: თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის N164 განკარგულების მოთხოვნებს

აღნიშნულ შეტყობინებას მიიღებენ პირები, რომელთაც ატვირთული აქვთ სულ სხვა დოკუმენტაცია, ან მათი მიწვევის თარიღი აღემატება სამ თვეს [ასეთი შეტყობინება უკვე მიიღო 158-მა მოქალაქემ].

შეტყობინება, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ მიიღო

მოქალაქეებს, რომლებსაც ამ სამი შეტყობინებიდან ერთ-ერთი მაინც მიუვიდა, დოკუმენტაციის დასაზუსტებლად და ხელახლა ასატვირთად, დრო შეზღუდული არ აქვთ. მათ შეუძლიათ განაახლონ დოკუმენტები და ხელახლა ატვირთონ იმავე პროგრამაში.

„როცა დოკუმენტაცია არ არის წესრიგში, ჩვენ უარყოფით პასუხს არავის ვაძლევთ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მათ აღარ ექნებათ დაზუსტებული დოკუმენტაციის ხელახლა ატვირთვის საშუალება. სამუშაო ჯგუფს დოკუმენტების განხილვისთვის, მართალია 7-დღიანი ვადა აქვს, მაგრამ რეგისტრირებული განცხადებების განხილვას ფაქტობრივად 48 საათში ვახერხებთ და შესაბამის შეტყობინებას ვუგზავნით განმცხადებელს“, – გვითხრა თემურ კახიძემ, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

თემურ კახიძემ „ბათუმელებთან“ ორი დღის წინ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის თანხმობა ანუ დადებითი პასუხი არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოქალაქე, ამ დადებითი პასუხის შემთხვევაში, აუცილებლად გადაკვეთს საზღვარს.

„ჩვენ ვსწავლობთ, აკმაყოფილებს თუ არა დარეგისტრირებული მოქალაქის მიერ ატვირთული დოკუმენტები პროგრამის კრიტერიუმებს. საზღვარზე კი, შესაბამისი უწყებები თავად წყვეტენ, აქვს ამ მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის უფლება თუ არა. შესაძლოა არსებობდეს დეპორტაციის საკითხი ან სხვა რაიმე დარღვევები კონკრეტული მოქალაქის მიმართ, ამიტომ ასეთი მოქალაქე შესაძლოა ქართულმა მხარემ არ გადაუშვას საზღვარზე ან თურქეთის მხარემ არ შეუშვას ქვეყანაში. ასეთ დროს მოქალაქე, რომელიც საზღვარს ვერ გადაკვეთს და უკან დააბრუნებენ, კარანტინს არ გაივლის“, – განაცხადა 9 აგვისტოს „ბათუმელებთან“ თემურ კახიძემ.

თურქეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. თემურ კახიძის განცხადებით, ამ მოქალაქეების კარანტინის ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი უნდა დარეგისტრირდეს სპეციალურ სისტემაში

დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციისთვის ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეგიძლიათ მიმართოთ ასევე სააგენტოს და მის განყოფილებებს შემდეგ მისამართებზე ან დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე:

  • ბათუმი: აჭარის დასაქმების სააგენტო. ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №70/72, ტელეფონი: (422) 24 78 84; მობ.: 577 278 703
  • ქობულეთი: აჭარის დასაქმების სააგენტოს ქობულეთის მუნიციპალური განყოფილება, დავით აღმაშენებლის ქუჩა №141, ტელეფონი: (426) 26 83 27; მობ.: 577 278 706
  • ხელვაჩაური: აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელვაჩაურის მუნიციპალური განყოფილება. დიდაჭარის ქუჩა №23, ტელეფონი: (422) 25 83 85; მობ.: 577 278 709
  • ქედა: აჭარის დასაქმების სააგენტოს ქედის მუნიციპალური განყოფილება. მერაბ კოსტავას ქუჩა №3. ტელეფონი: (425) 25 00 41; მობ.: 577 278 712
  • შუახევი: აჭარის დასაქმების სააგენტოს შუახევის მუნიციპალური განყოფილება, თამარ მეფის ქუჩა №30, ტელეფონი: (422) 25 83 85; მობ.: 577 278 709
  • ხულო: აჭარის დასაქმების სააგენტოს ხულოს მუნიციპალური განყოფილება. თამარ მეფის ქუჩა №12, ტელეფონი: (423) 27 00 70; მობ.: 577 278 716

ამავე თემაზე:

როგორ წავიდეთ თურქეთში სამუშაოდ – ნახეთ ვიდეოინსტრუქცია [ვიდეო]

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ქობულეთში ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტრომ ქობულეთში დააკავა მოქალაქე, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

შემთხვევა გუშინ, 10 აგვისტოს, ღამით მოხდა სოფელ გვარაში. პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე სამართალდარღვევის ფაქტზე იმყოფებოდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქემ. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მან ერთი პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა.

პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს დაჟეჟილობითა და ნაკვეთი ხასიათის ჭრილობით. ორივე მათგანმა გუშინვე დატოვა კლინიკა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.

რას ამბობს ჩიქოვანი კარბამიდის ტერმინალზე, ტროლების მართვაზე, ბათუმის გრგ-ს მიღებაზე

თითქმის ერთი თვეა, რაც ბათუმის არჩეული მერი, ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. ბათუმის მერის მოვალეობას აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ასრულებს.

„ბათუმელებმა“ არჩილ  ჩიქოვანს რამდენიმე კითხვა დაუსვა, ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე, კულტურულ მემკვიდრეობის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, ბათუმის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე და იმ ბრალდებებზე, რომლებიც მის მიმართ ისმის. ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ.

  • ბატონო არჩილ, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) გარეშე შენდება. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიიჩნევს, რომ  გზშ-ზე უარის თქმა არასწორი იყო და არ არის დაცული გარემოსდაცვითი წესები. თქვენ, როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ ხელახლა დადგეს დღის წესრიგში გზშ-ის მომზადება? იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა ბეირუთში. შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტიდან 50-60 მეტრში მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსები და უსაფრთხოების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ლიბანთან და ბეირუთთან დაკავშირებით ბათუმის მაგალითის მოყვანა არა რელევანტურია. დარგის სპეციალისტებმა შეაფასეს საკითხი და ამას აღარ ჩავყვები. რაც შეეხება გზშ-სთან დაკავშირებულ საკითხებს, თავის დროზე ნებართვა გაცემული იყო ყველა იმ დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა. ამავდროულად, უსაფრთხოების ნაწილში და იმ ნაწილში, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უსაფრთხო, ეს ტერმინალი და მათ შორის ამ გზით დამუშავება იმ მინერალური სასუქების, რაც იქ უნდა მოხდეს,  ეს არის ყველაზე უსაფრთხო, გაცილებით უსაფრთხო, როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასევე იქ დასაქმებული პირებისა და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის.

  • მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ ხელახლა დადგეს დღის წესრიგში გზშ-ის მომზადება?

იცით, რომ ეს საკითხი დარგობრივად არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივა, მაგრამ სამართლებრივად კიდევ ერთხელ ვამბობ, თავის დროზე, სავსებით სწორად, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად იქნა გაკეთებული. ამ საკითხთან დაკავშირებით იცით ალბათ, რომ მიმდინარეობს დავა სასამართლოში. ბუნებრივია, იქ შეჯერდება პოზიციები. კიდევ ერთხელ განვმეორდები, როდესაც ეს ნებართვა გაიცა, იყო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.

  • იცნობთ თუ არა გაეროს მიერ დაფინანსებულ კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმის რივიერაზე არათუ მრავალსართულიანი კომპლექსების, არამედ მსუბუქი ჩარევაც სახიფათოა?

ყველა მშენებლობასთან დაკავშირებით, იმ სანებართვო საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული, ვიცი, რომ სამართლებრივი საფუძვლები ყველგან იყო და შესაბამისად ის ნებართვები, რომელიც გაცემულია, არის რელევანტური. ამ კვლევასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან არ ვიცნობ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკას, ყველა დარგის მიხედვით, ჰყავს გარკვეული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომელზე დაყრდნობითაც იღებენ გადაწყვეტილებებს.

  • ბათუმის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი. თუ გაეცანით საზოგადოება „ბათომის“ რეკომენდაციებს და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ჩვენი ხაზიც არის კულტურული მემკვიდრეობის განუხრელი დაცვა. იცით, რომ მიმდინარეობს ძველ ბათუმში კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, მათ შორის, როგორც მუნიციპალური დაფინანსებით, ასევე ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით. ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ქალაქისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ვიტყოდი. აუცილებელი წინაპირობაა, რომ ქალაქი განვითარდეს და განვითარებასთან ერთად უნდა მოხდეს ძველი ავთენტური შენობა-ნაგებობებისა და ძეგლების რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა და ის თვალსაჩინოებები, რაც მათი სახით აქვს ქალაქს, არის ძალიან დიდი სიმდიდრე და ძალიან დიდი ატრაქცია.

  • თუ ფიქრობთ, რომ ბათუმის კულტურულ მემკვიდრეობას ემუქრება განადგურების საფრთხე? 

მე ვერ დაგეთანხმებით ამ შეფასებაში.

  • არა, შეფასებას არ ვაკეთებ, გეკითხებით…

არ მგონია… კიდევ ერთხელ ვამბობ, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვაზე, ისევე როგორც სხვა დარგებზე, მათ შორის ეკონომიკის განვითარებაზე, მათ შორის ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე, ძალიან დიდი ძალისხმევა იხარჯება. ძალიან დიდი ფინანსური რესურსია მობილიზებული როგორც საბიუჯეტო კუთხით, ასევე დონორი ორგანიზაციების მხრიდან და ყველა ადამიანს და ყველა იმ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო, რომელიც განუხრელად მოყვება ამ ხაზს, რაც არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი.

  • ბათუმს წლებია არ აქვს განაშენიანების გეგმა, ვერც ერთმა მერმა ან მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვერ შეძლო მისი მიღება. არანაირი დრო არ აღმოჩნდა საკმარისი არც ერთი მერისთვის ამ საკითხის გადასაჭრელად. თქვენ მეექვსე მერის მოვალეობის შემსრულებელი ხართ, რას აპირებთ?

გენგეგმასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ გარკვეული ტიპის სამუშაოები უკვე შესრულებული გვაქვს. გვაქვს გარკვეული ტიპის მონახაზები და ძალიან მოკლე პერიოდში მოხდება ტექნიკური დავალების შემუშავება, რის შემდეგაც გამოცხადდება გენგეგმაზე კონკურსი. ეს იქნება ძალიან გამჭვირვალე, ძალიან მაღალი დონის, კომპეტენტური და კვალიფიციური წრეებისგან დაკომპლექტებული და ჩართულობით გაკეთებული დოკუმენტი, რომელიც იქნება კონსტიტუცია ჩვენი ქალაქის და რომელიც ძალიან ბევრ იმ კითხვის ნიშნებს და იმ ვნებათაღელვას ჩაახშობს, რომელიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებითაა.

  • მიახლოებით შეგიძლიათ გვითხრათ თარიღი, როდის იქნება?

წლის ბოლომდე გამოცხადდება, მაგრამ იცით, ალბათ, რომ ეს იქნება მასშტაბური კვლევების და მასშტაბური სამუშაოების ჩატარების პერიოდი. რა დროსაც მოითხოვს ტექნიკური დავალების შესაბამისად ვიმოქმედებთ ამ დროის ჩარჩოებში.

  • კიდევ ერთი მწვავე საკითხი, რომელიც წინა მერებისგან გერგოთ მემკვიდრეობით და, შესაბამისად, მისი გადაჭრის შესაძლებლობაც გექნებათ, არის ბათუმში მეჩეთის მშენებლობა. ამ საკითხზე როგორია თქვენი პოზიცია? 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ხანგრძლივი პროცესი. იცით, რომ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის სასამართლოში. აქედან გამომდინარე ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა განუხრელად დავიცვათ კანონი, განუხრელად დავიცვათ სასამართლოს გადაწყვეტილებები. უნდა მივყვეთ სამართლებრივ პროცედურებს ერთმნიშვნელოვნად და უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

  • თქვენი, მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია როგორია?

ჩემი, როგორც მოქალაქის და ჩემი, როგორც მერის პოზიცია არის განუხრელად უნდა დავიცვათ კანონი და აღვასრულოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს სასამართლო.

  • ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა ამ საკითხზე და თქვა, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემა არის ბათუმის მერიის პრეროგატივა. ამ შემთხვევაში ბათუმის მერია როგორ მოიქცევა, გასცემს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას?

ბათუმის მერია ყველა შემთხვევაში მოიქცევა იმ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში, იმ არსებული მოცემულობების ფარგლებში, იმ განაშენიანების ფარგლებში, რაც აქვს ჩვენს ქალაქს. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ჩემთვისაც, ყველა მოქალაქისთვისაც, არის სავალდებულო იმ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა, რა ჩარჩოებშიც გვაქცევს ჩვენ კანონმდებელი და მათ შორის ყველა ის უწყება, სადაც სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღება ხდება.

  • უნდა გკითხოთ თქვენს წინა თანამდებობაზე. ამბობენ, რომ თქვენ, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის პოსტზე მუშაობისას, ხელმძღვანელობდით სამთავრობო ტროლების მობილიზაციას აჭარაში. როგორ ფიქრობთ, რატომ ისმის ეს ბრალდება კონკრეტულად თქვენი მისამართით?

მართალი გითხრათ, პირველად მესმის თქვენგან მსგავსი ტიპის ბრალდების შესახებ. ტროლებთან და მსგავსი ტიპის ფსევდო საქმეებთან და აქტივობებთან დაკავშირებით მე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეტყვით, რომ არ არის ეს არც ჩემი სტილი, არც ჩემში არ ზის, როგორც ადამიანში. ჩვენ ვმართავთ სოციალურ მედიასაც და ყველა იმ მიმართულებას სრული ჰარმონიით ჩვენს თანამოქალაქეებთან. ვერავინ ვერ იტყვის და ვერავინ ვერ დაგვწამებს ცილს იმაში, რაც არ არსებულია. არ გვჭირდება ჩვენ ტროლები. ჩვენ იმდენ საქმეს ვაკეთებთ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იმ მასშტაბის საქმეების გაკეთებას ვაპირებთ, რაც ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი და თვალხილული იქნება. აქედან გამომდინარე, რაღაც დამატებითი „წახალისებები“ არ დასჭირდება არც ჩვენს მუშაობას და არც სამთავრობო გუნდს.

  • ანუ ამბობთ, რომ არ იყავით დაკავშირებული სამთავრობო ტროლებთან?

არანაირად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, პირველად მესმის.

  • თქვენ გაქვთ ახლო კავშირი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, რომელიც თქვენი მეჯვარეა, მუშაობდით მის აპარატში. ახლა ხართ თვითმმართველი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი. იმის გათვალისწინებით, როგორ მოხვედით თანამდებობაზე, როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობას თუ დაიჯერებს ბათუმის მოსახლეობა. რომ თქვენ დამოუკიდებლად იღებთ გადაწყვეტილებებს და არა თორნიკე რიჟვაძესთან შეთანხმებით ან მისი დავალებით?

თქვენ გჯერათ ჩემი? არაერთგზის განვმარტე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი 16-წლიანი საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება და ის უნარები, რაც ამ წლების განმავლობაში დავაგროვე, მათ შორის ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით, მათ შორის ყველა იმ ინსტიტუციასთან ურთიერთობაში, რაც მნიშვნელოვანი იყო საქმის კეთებისათვის, მაძლევს მე იმის საფუძველს. რომ ვთქვა – ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ქალაქის ინტერესებიდან იქნა გამოსული, ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ამ ქალაქის განვითარებას ემსახურება, ვიქნები, აბსოლუტურად გამჭვირვალე, რაც ყველაზე მთავარია, ყველასათვის. რა თქმა უნდა, იმ კანონმდებლობის და მათ შორის თვითმმართველობის კანონმდებლობის განუხრელი დამცველი და გარანტორი, ჩემთვის და ჩემი ყველა კოლეგისათვის, თანამშრომლისათვის. ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისათვის.

  • ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს თუ აბრუნებთ სამსახურში?

ბატონი ჯაბა არის ძალიან წარმატებული ადამიანი. ამ ადამიანთან მიმართებაში, მის გადაწყვეტილებაში ადამიანები არიან თავისუფალი, როგორც ბატონი ჯაბა, ასევე ყველა ის ადამიანი, ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ბატონ ჯაბასთან მიმართებაში მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, სამთავრობო გუნდს აქვს თავისი მოსაზრებები. ის არის ჩვენი გუნდის  წევრი, ის არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი და ის აუცილებლად წაადგება, როგორც ქალაქს, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკას და ქვეყანას.

  • ანუ აბრუნებთ?

რა პოზიციაზე გნებავთ, რომ დავაბრუნო? არ არის დასამალი და პირდაპირ გეტყვით, რომ მე ბატონ ჯაბასთან მაქვს პირადი ურთიერთობა და მეც მათ შორის მექნება შეთავაზებები, იმ ბევრ ადამიანთან ერთად, ვისთანაც მას უმუშავია და ვისგანაც, როგორც მე ვიცი, გარკვეული ტიპის შეთავაზებები აქვს მას. მისი გადასაწყვეტია, სად გააგრძელებს მუშაობას, საჯარო თუ კერძო უწყებაში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ბატონი ჯაბას მსგავსი ადამიანებისათვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა.

  • თუ იცით სად დასაქმდა ყოფილი მერი, ლაშა კომახიძე?

ბატონ ლაშასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ვფლობ.

  • ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ – რამდენით შემცირდება შემოსავლები?

ბიუჯეტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტი დამტკიცდა გასულ კვირაში და ჩვენ კაპიტალური ტრანსფერის სახით მივიღებთ 10 მილიონ 300 ათას ლარს. ეს პარამეტრები შეთანხმებულია. შემოსავლების ნაწილში გვაქვს კლებები, ასევე სასესხო ვალდებულებების გადავადებით ჩვენ შევძელით, რომ ის ყველა პროექტი, რომელიც ქალაქისათვის და ქალაქის ინფრასტრუქტურისათვის არის მნიშვნელოვანი, განხორციელდება და პლუს გვექნება დამატებითი ახალი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.

სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარეში – პროკურატურა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა. საუბარია „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანის მგზავრებზე.

ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ დღეს, 11 აგვისტოს განაცხადა.

„2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს. ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, თბილისში დაბრუნებისთანავე, ვახტანგ ჩიქოვანი დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, „მერსედესის“ მარკის და საკუთარი „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით.

„მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტერიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ. დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომაქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი“, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ინფორმაციით, პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისკენ, თუმცა ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, „ტოიოტა ქამრი“ გამოემართა თბილისის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, გამოძიების ინფორმაციით, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად  გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

„მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში.

ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ“, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ვერსიით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი; ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა, ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა“, – ამობს პროკურატურა.

პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება – დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

კომპლექსური საექსპერტო კვლევები გრძელდება.

ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი – ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ“, – აცხადებს პროკურატურა.

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომელთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.

შაქარაშვილის ოჯახი „ტოიოტა ქამრის“ ყველა მგზავრის, სულ 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

300 ლარი კომპენსაციის ჩარიცხვა სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება – სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მიმღებად სულ დარეგისტრირდა 251 690 თვითდასაქმებული. ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია კი, უკვე გადარიცხულია 171 801 პირზე; ჯამში გადარიცხულია 51 540 300 ლარი.

„რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია მაისის თვეში ჩაერიცხა 72 853 პირს – 14 570 600 ლარი, ივნისის თვეში 152 946 პირს – 30 589 200 ლარი, ივლისის თვეში 117 895 პირს – 23 551 900 ლარი. სულ ჯამში გადარიცხულია 68 711 700 ლარი.

თანხა ეტაპობრივად ირიცხება. “ – აცხადებს დასაქმების სააგენტო.

საქართველოში, ასევე თურქეთში თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია – 300 ლარი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად – 31 ივლისს დასრულდა. საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, 6 აგვისტოს განაცხადა, რომ კომპენსაციას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომლებიც პროგრამაში დარეგისტრირდნენ, თუმცა, მათი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამის კრიტერიუმებს.

„ყველა თვითდასაქმებულს, ვინც მიმართა მთავრობას დახმარებისთვის, დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარება. ყველანაირი შეფერხების გარეშე მათ ეს თანხა სექტემბრამდე დაერიცხებათ“, – განაცხადა გახარიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობას ოფიციალური რაიმე დოკუმენტი ამ დრომდე [11 აგვისტო] არ გამოუქვეყნებია, თუმცა, როგორც „ბათუმელებს“  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში უთხრეს, „კომპენსაციას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომლებიც პროგრამაში დარეგისტრირდა. თანხის ჩარიცხვა კი, სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება“.

ამავე თემაზე:

როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა თურქეთიდან – დეტალური წესები

 

გამოიცანით ბავშვობის საყვარელი წიგნები ერთი ფრაზით

გმირები, რომლებმაც ჩვენი ბავშვობა განსაზღვრეს, ისევ ჩვენთან არიან და გვეხმარებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, სასოწარკვეთისას, დაბნეულობის და დეპრესიის დროს. ვინ იცის, უკვე ზრდასრულობაში რამდენი ადამიანი უხსნია სასოწარკვეთისგან პეპის თუნდაც ერთ ფრაზას: ,,სისულელეა, როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია”.

ვინ იცის, რამდენჯერ წასულხართ უგემრიელესი ნამცხვრებით სავსე საკონდიტროში და მსუყე ტორტის ნაჭრის შემდეგ ბიჭუნას უკვდავი შეძახილი გაგხსენებიათ: „დამიჯერე კარლსონ, ბედნიერება ნამცხვრებში არ არის!”. არადა, ხანდახან არის. და ხანდახან შეშფოთებული კარლსონებივით ვართ ადამიანები, გაოცებული თვალებით რომ კითხულობს – „შენ რა შეიშალე? მაშ, რაშია?”.
შეავსეთ ტესტი და ამოიცანით ბავშვობის საყვარელი წიგნი ერთი ფრაზით.

ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

კომაროვის სკოლის შესახებ საქართველოში ალბათ ყველა მშობელს გაუგია. ეს სკოლა-პანსიონი თბილისში მდებარეობს და ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაღრმავებულ სწავლებაზე.

„ბათუმელებისთვის თბილისში, კომაროვის სკოლაში ჩაბარება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ეთერ ბერიძე, მშობელი.

კომაროვის სკოლაში მოსწავლეებს მე-7 კლასიდან გამოცდების საშუალებით იღებენ. თუ მოსწავლე რეგიონიდანაა, მან სკოლის პანსიონში უნდა იცხოვროს. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ეთერ ბერიძე.

„პრობლემას ორი მხარე აქვს. ეს ასაკი ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ამ დროს ბავშვის ოჯახიდან მთლიანად მოწყვეტამ და სხვა ქალაქში გადასვლამ შეიძლება ბევრი სირთულე გამოიწვიოს.

რეგიონებიდან ჩარიცხული ბავშვები საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ, მაგრამ თბილისში ცხოვრება მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, მათ შორის, ბავშვის სანახავად უქმეებზე, რაღაც პერიოდულობით ბათუმიდან თბილისში წასვლა და იქ დარჩენა“, – ამბობს ეთერ ბერიძე.

ეს პრობლემები აჭარაში მცხოვრებ ბავშვებსა და მათ ოჯახებს მალე აღარ ექნებათ. კომპანია „დაგი“ ბათუმში კომაროვის სკოლას აშენებს.

სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ფარგლებში  100 მოსწავლისთვის საცხოვრებელი კამპუსიც აშენდება.  

პროექტის ღირებულება 11 584 935  ლარია. საგანმანათლებლო დაწესებულება სვიშევსკის ქუჩა N1-ში შენდება და ჯამში მისი ფართობი 7700 კვადრატული მეტრია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. კომაროვის სკოლა მხოლოდ თბილისშია და ბათუმში აშენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალი თაობის განვითარებაში, რადგან ყველას არ შეეძლო თბილისში სასწავლებლად გადასვლა,“ – ამბობს თამუნა ჩხეტია, „დაგის“ წარმომადგენელი.

მისი თქმით, „დაგის“ სკოლების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რადგან იქ ბავშვებმა უნდა ისწავლონ. 

„მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია. მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე  ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზები. ეს არის თანამედროვე სტანდარტების სკოლა, სადაც ყველა პირობა იქნება სწავლისთვის,“ – აღნიშნავს თამუნა ჩხეტია.

ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობა  საქართველოს განათლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ტერიტორია [ორი ნაკვეთი], სადაც „კომაროვის სკოლა“ შენდება, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში მდებარეობს. 

სკოლა ნიკეს შესანიშნავი მედალოსანი ხუთეული

პირველი კლასიდან  წარმატებულნი, თავგადასავლებისა  და  მოგზაურობის  მოყვარულნი, კომუნიკაბულურნი, ლიდერის  თვისებებით დაჯილდოებულნი… ახალგაზრდები, რომლებიც  ამ დღემდე სკოლის, საგნის მაწავლებლების    ძალისხმევით, რუდუნებით,  თანადგომითა  და  ყურადღებით მოვიდნენ.

სკოლის  ეგიდით  კრეატიული და  ინოვაციური კონკურსების  მონაწილენი, ოლიმპიადებში გამოწრთობილნი, ინტელექტუალური თამაშების  მოყვარულნი,  Quidditch, HMC project, FLEX, Klaipėda- გამოვლილნი, საუკეთესო კაპიტნის, მოსწავლისა თუ მონაწილის  წოდებით  შეფასებულნი, ინგლისის, ამერიკისა  და  ლიეტუვას  მიზნობრივ სასწავლო პროგრამაში  აპრობირებულნი.

ჩამონათვალში  მოკლე, თან მნიშვნელოვანი შტრიხებია  მათი ბიოგრაფიიდან, 12-წლიანი შემოქმედებითი ცხოვრებიდან, რომელსაც უკვალოდ  არ  ჩაუვლია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  უმაღლესი ქულებით მათ კიდევ  ერთხელ დაამტკიცეს  ნიკელობა.

მაშ, გზა  დავულოცოთ  2020 წლის  კურსდამთავრებულთ; გამორჩეული  თაობის  შესანიშნავ ხუთეულს; ოქროს მედალოსნებს: ბადრი ბერიძეს, ლანა თურმანიძეს, ნიცა კონცელიძეს, მაგდა მეგრელაძესა და მარიამ რამიშვილს.

ბათუმში ერთი პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან

ბოლო 24 საათში ბათუმში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენტრია, 17 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით.

11 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 44 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1264 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1054 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ბათუმში 14 აგვისტომდე იწვიმებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში და აჭარის მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

11 აგვისტოს  21 საათიდან 12 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია, მოსალოდნელია 4-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 13-14 აგვისტოს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

მახინჯაურში ავარიით დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ბავშვი მეორე დღეა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფება, იგი მართვით სუნთქვაზეა.

მახინჯაურში  მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ  „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს.

დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი – მათ შორის არასრულწლოვანი.

დაკავებულია მძღოლი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

________________

ფოტო: pexels.com

დადასტურდა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა, განიკურნა 44 პაციენტი

11 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 44 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 14 ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყაროა გაჩიანის კლასტერი, 9 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 შემთხვევა კი იმპორტირებულია, მათგან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1264 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1054 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 6930 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263.

____________

ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა„ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

„დინამო“ ბათუმი ევროპალიგაზე ისრაელის კლუბს – “ჰაპოელ ბეერ-შევას” დაუპირისპირდება

დღეს, 10 აგვისტოს, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები გახდა ცნობილი. უეფას მიერ ჩატარებული წილისყრის შედეგად „დინამო“ ბათუმი “ჰაპოელ ბეერ-შევას” დაუპირისპირდება. “ჰაპოელ ბეერ-შევა” ისრაელის ხუთგზის ჩემპიონია. „ჰაპოელ ბეერ-შევა“ ისრაელის ბოლო ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა გუნდმა ქვეყნის თასი მოიგო, რამაც მას ევროპალიგისკენ გზა გაუხსნა.

თამაში ისრაელში 27 აგვისტოს  გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო მატჩები ცარიელ სტადიონზე, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ევროპალიგაზე სულ სამი ქართული გუნდი – „დინამო“ ბათუმი, თბილისის „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“ ითამაშებს.

თბილისის საბურთალო კვიპროსის „აპოლონ ლიმასოლის“ დაუპირისპირდება. თბილისის „ლოკომოტივი“ კი რუმინეთის ვიცე-ჩემპიონ „ უნივერსიტატია კრაიოვას“ შეხვდება.

„დინამო“ ბათუმი და თბილისის „საბურთალო“ გასვლით მატჩებს გამართავენ, თბილისის „ლოკომოტივი“ კი მეტოქეს შინ უმასპინძლებს.

ბათუმში ფესტივალისთვის ახალგაზრდობის ცენტრი 90 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

აჭარის განათლების სამინისტროსთან არსებული სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 12 აგვისტოს ბათუმში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენციისა და კულტურული ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. ცენტრმა უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს 90 ათასამდე ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობის მისაღებად.

„ღონისძიების პირველ ნაწილში, კონფერენციაზე, გათვალისწინებულია ახალგაზრდობის სფეროს მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული 5-წლიანი სტრატეგიის განხილვა, რომელსაც დაესწრებიან მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, გაეროს ელჩი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ღონისძიების მეორე ნაწილი ითვალისწინებს რეგიონის მასშტაბით მცხოვრები 14-29 წლის ჩათვლით ახალგაზრდების ჩართულობას გასართობ-შემეცნებით აქტივობებში, რომელიც შემუშავებულ იქნება გაეროს 2020 წლის თემატიკის გათვალისწინებით – ახალგაზრდების ჩართულობა გლობალურ აქტივობებში. ღონისძიება გაიმართება ახალი ბულვარის ტერიტორიაზე [16 ჰექტარზე] არსებულ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მიმდინარე რეგულაციების სრული დაცვით,“ – აღნიშნულია ცენტრის მიერ სააგენტოში გაგზავნილ განაცხადში.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, „დამატებით, ფესტივალის მიმდინარეობისას გათვალისწინებულია ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსების კონცერტი, ახალგაზრდა მეწარმეებისა და სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება, აგრეთვე ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაციის მიზნით მათი შემოქმედების წარმოჩენა.

„საქართველომ COVID-19 შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად, ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მთელი რიგი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კუთხით, რის გამოც ვერ მოხერხდა ღონისძიების „ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე“ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დაწყება დაგეგმილ ვადებში“, – აღნიშნულია ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის განაცხადში.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი 12 აგვისტოს საღამოს 8 საათზე ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარედ დაიწყება.

_____________________________

ფოტო ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ფეისბუქგვერდიდან

რა შემთხვევაში აპატიებენ ინვესტორს პირგასამტეხლოს აჭარაში – ახალი წესი

აჭარის მთავრობამ შეიმუშავა ახალი წესი, რომლითაც ინვესტორებს პანდემიის გამო გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს. ამ წესით, ინვესტორს შესაძლოა არ გადაახდევინონ პირგასამტეხლო, თუ გარკვეული ვალდებულებები ვერ შეასრულა პანდემიის გამო, მისცენ მას დამატებითი ვადა ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე, გადაუვადონ საპრივატიზაციო თანხის გადახდის ვადა, ან გაათავისუფლონ გარკვეული თვეების საიჯარო ქირის გადახდისგან.

ახალი წესით სარგებლობისთვის ინვესტორებმა შესაბამისი განცხადებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიმართონ. საბოლოო გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობა მიიღებს, რის საფუძველზეც შევა ცვლილებები შესაბამის ხელშეკრულებებში.

ახალი წესის მოქმედება ვრცელდება როგორც ფიზიკურ პირებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ასევე იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი რეზიდენტობისა.

ახალი წესის მიხედვით:

ინვესტორებს, რომლებსაც აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების ვადა [გარდა საპრივატიზებო და სარგებლობის [იჯარის] საფასურის გადახდის ვალდებულებისა] წარმოეშვათ ან წარმოეშობათ 2020 წლის 1-ლი მარტიდან, მიეცემათ დამატებითი 6 თვე და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

ამასთან, ამ შეღავათით რომ ისარგებლონ, ინვესტორებმა აუცილებლად უნდა უზრუნველყონ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებაც.

დამატებითი 6 თვის ვადის ათვლა, პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების შემთხვევაში, დაიწყება 2020 წლის 1-ელი მარტიდან და 2020 წლის 1-ლი ივლისიდან – იმ ინვესტორების მიმართ, რომლებსაც ეს ვალდებულება წარმოეშობათ 2020 წლის პირველ ივლისამდე; რაც შეეხება  ინვესტორებს, ვისაც ასეთი ვალდებულების შესრულების ვადა წარმოეშობა 2020 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ, დამატებითი ვადის ათვლა მათთვის დაიწყება ვალდებულების წარმოშობის დღიდან.

იმ ინვესტორებს კი, რომლებსაც 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2020 წლის 30 სექტემბრამდე წარმოეშობათ საპრივატიზებო ან/და სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება და მიმართავენ სამინისტროს, მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადასახდელად 2020 წლის 20 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოსაგან.

ამასთან, ინვესტორები გათავისუფლდებიან 2020 წლის 1-ელი მარტიდან 31 მაისის ჩათვლით სარგებლობის [იჯარის] საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ინვესტორის მიერ მითითებულ ვადაში სარგებლობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შემთხვევაში, ის გათავისუფლდება სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გადახდილი თანხის ოდენობით, საშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში.

„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებ­ლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი“ აჭარის მთავრობამ 2020 წლის 31 ივლისს დაამტკიცა და ის 6 აგვისტოს შევიდა ძალაში.

[toggle title=”ახალი წესის სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებ­ლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი“, თანახმად დანართისა.

2. ინვესტორებს, რომლებსაც სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების (გარდა საპრივატიზებო/ სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა) შესრულების ვადა წარმოეშვათ/წარმოეშობათ 2020 წლის 1 მარტიდან და 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით და უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას წინამდებარე წესის შესაბამისად, სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის თანხმობით, მიეცემათ დამატებთი 6 (ექვსი) თვის ვადა (დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების შემთხვევაში – 2020 წლის 1 მარტიდან და 2020 წლის 1 ივლისიდან – იმ ინვესტორების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, ვისაც ვალდებულების შესრულების ვადა წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვალდებულების წარმოშობის დღიდან) და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან. ამასთან, ინვესტორებს არ წარმოეშობათ ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და სამინისტროს მიერ არ იქნება გამოთხოვილი მათ მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

3. ინვესტორებს, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 30 სექტემბრამდე წარმოეშობათ საპრივატიზებო ან/და სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება და 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადასახდელად 2020 წლის 20 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოსაგან. ამასთან, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ინვესტორები გათავისუფლდებიან 2020 წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ინვესტორის მიერ მითითებულ ვადაში სარგებლობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შემთხვევაში, ინვესტორი გათავისუფლდება სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გადახდილი თანხის ოდენობით, საშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში.

4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის მიზნით ამ დადგენილების ამოქმედებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაწყებული წარმოება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და გრძელდება წინამდებარე დადგენილების შესაბამისად.

დანართი:

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის
პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მყიდველის, სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღები პირების მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) თაობაზე განცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პირობებსა და პროცედურებს.

მუხლი 2. უფლებამოსილების განხორციელების მიზანი და პრინციპები
წინამდებარე წესით განსაზღვრული პროცედურები უნდა განხორციელდეს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა პრინციპების დაცვით.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქონება –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება;

ბ) მთავრობის თავმჯდომარე –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

გ) მთავრობა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

დ) სამინისტრო – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;

ე) ეკონომიკური განვითარების საბჭო – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების საბჭო;

ვ) ინვესტორი – ქონების მყიდველი, სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღები, რომელსაც სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს შესაბამისი ვალდებულებები;

ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – საქართველოს რეზიდენტი ბანკის, სხვა საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის (გარანტის) მიერ სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით ნაკისრი წერილობითი ვალდებულება, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად უპირობოდ გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 4. წესის მოქმედება
1. წესის მოქმედება ვრცელდება იმ ინვესტორების მიმართ, რომლებსაც სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი აქვთ შესაბამისი ვალდებულებები და მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
2. წესის მოქმედება ვრცელდება როგორც ფიზიკურ პირებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ასევე იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი რეზიდენტობისა.

3. წესის მოქმედება, ამავე წესით განსაზღვრული ვადების დაცვით ვრცელდება იმ ინვესტორების მიმართაც, რომლებსაც წესის ძალაში შესვლამდე გააჩნდათ შეუსრულებელი ვალდებულებები სამინისტროს წინაშე და ამ წესის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად არ წარმოუდგენიათ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან/და წარმოადგინეს საბანკო გარანტია ამ წესის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვადების დარღვევით.

4. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ინვესტორს შესრულებული აქვს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შესასრულებელი აქვს მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

5. ამ წესის შესაბამისად საპრივატიზებო ან/და სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო არ ექვემდებარება გათავისუფლებას ან/და საპრივატიზებო ან/და სარგებლობის საფასურის გადასახდელად დამატებითი ვადის მიცემას პირგასამტეხლოს დაკისრების გარეშე და ინვესტორი ვალდებულია გადაიხადოს აღნიშნული პირგასამტეხლო სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

მუხლი 5. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, საბანკო გარანტიის ოდენობა და მოქმედების ვადები
1. სამინისტრო პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს ინვესტორის განცხადების საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
2. განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ განცხადების ხელმოწერის შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. განცხადებასთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, შესაბამისი განცხადების წარმოდგენის დღისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს 2%, მაგრამ არანაკლებ 10 000 და არაუმეტეს 200 000 ლარისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია მხოლოდ ვალდებულებების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრა ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეცვლა, ქონების საპრივატიზებო საფასურის (მაგრამ არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის) 5%, მაგრამ არანაკლებ 10 000 და არაუმეტეს 200 000 ლარისა.

4. ინვესტორი ვალდებულია (მათ შორის ის ინვესტორები, რომლებსაც ამ წესის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად არ წარმოუდგენიათ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია) სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტია. განსაზღვრულ ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ინვესტორის დასაბუთებული შუამდგომლობის გათვალისწინებით, სამინისტრო უფლებამოსილია გონივრული ვადით გააგრძელოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა.

5. თუ ინვესტორის მიერ წარმოდგენილ განცხადებას თან არ ერთვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან სხვა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, სამინისტრო ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით.

6. ინვესტორებს, რომლებიც ამ წესის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი აქტების ან/და ამ წესის შესაბამისად გათავისუფლდნენ (მათ შორის პირობით გათავისუფლება) ოქმით/ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან ან/და შეეცვალათ ვალდებულებები და მიეცათ დამატებითი ვადები (პირგასამტეხლოს გარეშე) და განმეორებით მიმართავენ სამინისტროს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) მოთხოვნით, მათ მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უპირობოდ ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წარმოსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი (მათ შორის პროცენტულ გამოხატულებაში) ორმაგდება (არაუმეტეს 400000 ლარისა) და ყოველი შემდეგი მომართვისას უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა ხორციელდება იმავე პრინციპით/ოდენობით.

7. ინვესტორებმა, რომლებსაც საპრივატიზებო პირობად ჰქონდათ (აქვთ/ექნებათ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და მოითხოვენ პრივატიზებულ /სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ ხელშეკრულების პირობების შეცვლას/დამატებითი ვადის მიცემას (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებას უნდა უზრუნველყონ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი ვადით გაგრძელება. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი მისთვის შეთანხმების აქტის საფუძველზე ერთჯერადად განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და მოითხოვს პრივატიზებულ/სარგებლობაში/ მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლას/დამატებით ვადის მიცემას (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებას, სამინისტრო გამოიხმობს არსებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას ამ მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, რის შემდეგაც ინვესტორი ვალდებულია წარმოადგინოს/შეავსოს ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში არსებული საბანკო გარანტია უპირობოდ ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

8. თუ ინვესტორის მიერ მოთხოვნილია ერთდროულად ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლა/დამატებითი ვადის მიცემა (პირგასამტეხლოს გარეშე) და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა დათვლილი უნდა იქნეს დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობიდან, ხოლო თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობიდან წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა ნაკლებია ქონების საპრივატიზებო საფასურის (მაგრამ არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა) შესაბამისად წარმოსადგენ საბანკო გარანტიის ოდენობაზე, მაშინ საბანკო გარანტიის ოდენობა დათვლილი უნდა იქნეს უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან (მაგრამ არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა).

9. ამ წესის შესაბამისად წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ ორი თვით უნდა აღემატებოდეს ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას, გარდა პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულებების შემთხვევებისა, ხოლო მხოლოდ პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს გაცემიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

მუხლი 6. პასუხისმგებლობა
1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის ან/და ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია, დაიწყოს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის პროცედურები.
2. ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა (მათ შორის ამ წესის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა) უპირობოდ ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, მიუხედავად დაკისრებული პირაგსამტეხლოს ოდენობისა, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ემსახურება არამხოლოდ პირგასამტეხლოს ანაზღაურებას, არამედ ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების პირობების შეცვლას და ამ ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლო აღემატება უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით განსაზღვრულ თანხას, დასაკისრებელი პირგასამტეხლო შემცირდება გამოთხოვილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისად.

3. ამ წესის შესაბამისად ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების საკითხის ხელახლა (განმეორებით) განხილვის მიზნით ინვესტორმა სამინისტროს დამატებით უნდა წარუდგინოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოცულობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

4. ამ მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს დამრღვევს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

მუხლი 7. განცხადების განხილვის პროცედურა და გადაწყვეტილების მიღება
1. წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას ადასტურებს სამინისტრო.
2. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში სამინისტრო წარმოდგენილ დოკუმენტაციას განსახილველად წარუდგენს ეკონომიკური განვითარების საბჭოს.

3. ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ საკითხზე დადებითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში სამინისტრო ამზადებს მთავრობის თავმჯდომარის/მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელთა გამოცემის შემდგომ სამინისტრო ახორციელებს აღნიშნული აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

4. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ საკითხზე დადებითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში.

5. სამინისტრო უფლებამოსილია გასცეს თანხმობა ინვესტორს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის შემცირებაზე, თუ მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა აღემატება ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადებს.

[/toggle]

 

ახალი წესის მოქმედება, ამავე წესით განსაზღვრული ვადების დაცვით, ვრცელდება იმ ინვესტორების მიმართაც, რომლებსაც წესის ძალაში შესვლამდე გააჩნდათ შეუსრულებელი ვალდებულებები სამინისტროს წინაშე და ამ წესის ძალაში შესვლამდე არ წარუდგენიათ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან/და წარადგინეს საბანკო გარანტია, ამ წესის ძალაში შესვლამდე დადგენილი ვადების დარღვევით.

 

ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში

7-21 აგვისტოს ჩათვლით ბათუმში ამერიკული სტეიკების ფესტივალი ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცეულის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ნამდვილი ამერიკული შავი ანგუსისა და ვაგიუს პრემიუმ ხარისხის სტეიკები. 

ფესტივალი ამერიკული ორგანიზაციების – USMEF-ის, TBC-ისა და NCBA-ს მხარდაჭერით ხორციელდება მაღაზია „გასტრონომთან“ ერთად, სადაც ფესტივალის გარეშეც შეგიძლიათ აღნიშნული სტეიკების შეძენა.

ფესტვალში ჩართულია სასტუმროების „ლე მერიდიენისა“ და „შერატონის“-ის რესტორნები, სადაც ამერიკული სტეიკის ყოველი შეკვეთისას სტუმრებს საჩუქრად ჭიქა წითელი ღვინო გადაეცემათ. 

ამერიკული სტეიკის ფესტივალს წინ უძღოდა მასტერკლასი, რომელიც ბათუმის წამყვანი რესტორნების შეფ-მზარეულებს ჩაუტარდათ და გაეცნოთ ამერიკული სტეიკის უპირატესობები, მისი განსაკუთრებულობა და სწორად მომზადების წესები.

ამერიკული საქონლის ხორცი ექსპორტისა და წარმოების კუთხით მსოფლიოს პირველ სამეულში შედის. ამერიკის შეერთებულ შტატებში მესაქონლეობა მაღალ დონეზეა განვითარებული და ხორცის წარმოების ყველა ეტაპი მკაცრად კონტროლდება. საქონლის დაბადებიდან მის დაკვალემდე და შემდგომ ხორცის გასაყიდად გაშვებამდე – ყველა საფეხურზე დაცულია იყოს მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი სტანდარტები, იმისათვის, რომ ფერმერს ხორცის რეალიზაციის უფლება მიეცეს.

ფესტივალის ფარგლებს გარეთ, აღნიშნული სტეიკების შეძენა თბილისში, მაღაზია „გასტრონომში“ ყოველთვისაა შესაძლებელი.

დღის ბოლოს მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 აგვისტოს დღის ბოლოდან 14 აგვისტომდე ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

სვანეთში გადაადგილება შეიზღუდა – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა იზღუდება. საავტომობილო მოძრაობას პოლიცია გააკონტროლებს. იზღუდება გადაადგილება დაბა მესტიასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორისაც.

დაბა მესტიასა და ლენჯერში მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა და დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება.

შეზღუდვების დაწესების მიზეზია კორონავირუსიით ინფიცირების 16 შემთხვევა სვანეთში.

 

ინფიცირებულთა რიცხვი 20 მილიონს უახლოვდება, ბრაზილიაში 100 ათასი ადამიანი გარდაიცვალა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 10 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 20 მილიონს უახლოვდება. დღეის მონაცემებით მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 19 876 302 შემთხვევა.

ბრაზილიაში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 100 ათასს აღემატება, დღეის მონაცემებით ამ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 101 049 ადამიანი. კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ, სადაც კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა 162 938 ადამიანი.

იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 731 570 ადამიანი,  განიკურნა – 12 127 599.

_________________

ფოტოზე: ბრაზილია, კოპაკაბანას სანაპირო, აქციაზე აქტივისტი ასობით ჯვრით მიანიშნებს იმ შეცდომაზე, რაც ბრაზილიის ხელისუფლებამ დაუშვა კორონავირუსთან ბრძოლაში. ქვეყნის პრეზიდენტმა, ბოლონარუმ, თავიდან განაცხადა, რომ კორონავირუსი უბრალოდ გრიპი იყო. ფოტო: ევროპის პრესპოტო სააგენტო. EPA/ANTONIO LACERDA

„ბასკოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია უკვე „ორბის“ საკუთრებაა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობა და მიმდებარე ტერიტორია დღეიდან, 10 აგვისტოდან, შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაა.

13 540 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი და ჯამში 3000 კვ/მ-მდე შენობა-ნაგებობები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიან აუქციონზე 2020 წლის 23 ივლისს 19,5 მილიონ ლარად გაყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება სამინისტროსა და „ორბი ჯგუფი ბათუმს“ შორის კი, 2020 წლის 4 აგვისტოს გაფორმდა.

ერთ-ერთი მთავარი პირობით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში „ორბმა“ ამ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური [არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო] კომპლექსი უნდა აამოქმედოს, რაშიც არანაკლებ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

„ორბს“ უფლება აქვს, ყოფილი „ბასკოს“ შენობა აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით დაანგრიოს. მანამდე კი, შენობა, სადაც დღეს ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლა ფუნქციონირებს, „ორბმა“ ამავე სკოლას უფასოდ უნდა დაუთმოს.

[3 წლის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ „ბასკოს“ შენობა არ დაინგრეოდა.]

ყოფილი „ბასკოს“ შენობას მას შემდეგ დაანგრევენ, რაც ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტულ კომპლექს ან/და ყინულის სახლის მიმდებარედ არსებულ სპორტის სასახლეს ექსპლუატაციაში მიიღებენ, შესაბამისად აღჭურავენ და ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას გადასცემენ სარგებლობაში.

ნასყიდობის ხელშეკრულების სხვა დეტალები ნახეთ ბმულზე:

ბათუმის სასპორტო სკოლა თავისი ტერიტორიით 19,5 მილიონად გაიყიდა – მყიდველია „ორბი“

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქობულეთში დაკარგული კაცი იპოვეს

ოთხდღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, ქობულეთში, სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს.

„შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანშიშესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული,“ – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვას სათავის  ტერიტორიაზე, ტყის მასივში იპოვეს. კაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა – ავტოავარია მახინჯაურში

მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლამდე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფება, იგი მართვით სუნთქვაზეა.

„ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. თბილისში გადაყვანის საკითხი არ განიხილება“, – გვითხრეს ჰოსპიტალში.

მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ორი ბავშვი, და-ძმა იმყოფება ჰოსპიტალში, ემერჯენსის განყოფილებაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მახინჯაურში გვიან ღამით მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს.

დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი – მათ შორის არასრულწლოვანი.

დაკავებულია მძღოლი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

_________

ფოტოზე: ავტოავარია მახინჯაურში. შემთხვევის ადგილი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 29 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 12-13 აგვისტოს, ზოგან წვიმაა მოსალოდნელი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

დადასტურდა კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა

10 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 10 პაციენტი.

10 აგვისტოს მონაცემებით, დღეს 261 პაციენტი მკურნალობს საქართველოს კოვიდცენტრებში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1250 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 6930 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263.

_____________

ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ბათუმში – 10 აგვისტოს მონაცემი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბათუმში კორონავირუსის  2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პირი კარანტინში იმყოფებოდა.

ორივე ინფიცირებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათგან ერთ-ერთი სამკურნალოდ გადაიყვანეს თბილისში, მეორეს მალე გადაიყვანენ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

StopCov.ge-ს 10 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, გარდაიცვალა  – 17.

მახინჯაურში ავტომანქანა 7 პირს დაეჯახა, დაიღუპა ოჯახის 3 წევრი

მახინჯაურში წუხელ გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს.

დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი – ბებია, რძალი და შვილიშვილი.

დაშავებულებს შორის 4 ბავშვია, მათ შორის ერთ-ერთი, 13 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებიც გარდაცვლილი ქალის შვილიშვილები არიან.

დაღუპულები გადაყვანილნი არიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ხოლო დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებით, ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში.

დაკავებულია მძღოლი. წინასწარი ინფორმაციით, ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად ავტომანქანა ამოტრიალდა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში, დღეს, 9 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ავტომანქანა ამოტრიალდა.

თვითმხილველების თქმით, ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა: „ყველა გადარჩა“.

„ბათუმელები“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ „სამედიცინო დახმარება არავის დასჭირვებია“.

ავარია ბათუმში / 9.08.2020
ავარია ბათუმში / 9.08.2020

უცხოელს, რომელმაც ვერ დატოვა საქართველო, შეუძლია ქვეყანაში 31 დეკემბრამდე დარჩეს – პანდემია

უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოში და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე, თუ მისი საქართველოში ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

[checklist]

  • თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
  • თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
  • თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
  • თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.

[/checklist]

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 28 იანვრის განკარგულებაში, 5 აგვისტოს შეიტანა.

აღნიშნული გარემოებების გამო უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადა რამდენჯერმე გადავადდა. მთავრობის წინა განკარგულებით ეს ვადა 2020 წლის 31 ივლისამდე იყო განსაზღვრული.

—–

შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ბრძანებით კი, უცხოელს – საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად – მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკავებენ, „თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა“.

ამ თემაზე:

უცხოელს, რომელმაც საქართველო ვერ დატოვა, ქვეყანაში ყოფნის უფლება 31 ივლისამდე აქვს – კორონავირუსი

ორშაბათიდან ბათუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 21 საათიდან 10 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; დღის მეორე ნახევრიდან კი – ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 11-12 აგვისტოს, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ხედი ფერიის მთიდან / 2020 წელი / ფოტო: „ბათუმელები“

66 ათასი ლარი დროშებისა და ალმების შესაძენად – ბათუმის მერიის ტენდერი

ბათუმისთვის დროშების შესაძენად (მონტაჟითა და დემონტაჟით), მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 66 457 ლარია.

დროშებისა და ალმების მიწოდება და შესაბამისი მომსახურება ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა უზრუნველყოს.

მომსახურება სატენდერო პირობებით:

  • ალმების ტარებით (ზომა 0,9 სმ) დამზადება ატლასის ნაჭრით, ზომა 0,7X0,5 მ-ზე. მოხდება სადღესასწაულო დღეებში გამოფენა, შემდგომი დემონტაჟი;
  • სტანდარტული სახელმწიფო დროშები შეიკერება ატლასის ნაჭრისაგან ზომით 1,5X1,0 მ-ზე სამაგრი საყურეებით. მოხდება ფლაგშტოკებზე მონტაჟი, ღონისძიებების დამთავრების შემდეგ დემონტაჟი და დასაწყობება ქ. ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N257;
  • წრიულების მრგვალი სადგარებისათვის (დროშის ტარის ზომა: 3,4 სმ) არასტანდარტული სახელმწიფო დროშები შეიკერება ატლასის ნაჭრისაგან ზომით (2,0X1,0) მ-ზე. მოხდება შეკერილი დროშების არსებული ლითონის ტარებზე დაყენება და ადგილებზე გამოფენა. მოხდება ღონისძიებების დამთავრების შემდეგ დემონტაჟი და დასაწყობება;
  • დიდი ზომის სახელმწიფო დროშები შეიკერება ნავმისადგომთან არსებული მაღლივი ფლაგშტოკებისათვის ატლასის ნაჭრისაგან ზომით 9,0X6,0მ-ზე. მოხდება ადგილზე მონტაჟი მთელი წლის განმავლობაში;
  • გაუთვალისწინებელ შემთხვევებში (დღესასწაულები, საზეიმო ღონისძიებები და ა.შ.) მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ხელშეკრულების ფასის ფარგლებში შემსყიდველის დაკვეთიდან არაუმეტეს 24-48 საათის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და ანალოგიური სახის დამატებითი სამუშაოები, არაუმეტეს 6 შემთხვევისა.

სააგენტო სულ 3 255 ცალ სხვადასხვა ზომის დროშას და ალამს შეისყიდის:

ტენდერი მერიის სააგენტომ 2020 წლის 7 აგვისტოს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი, 26 აგვისტოს დასრულდება.

—-

შემოსავლების შემცირების გამო აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ბათუმში, ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო; ბევრი პროექტი კი წელს ვერ დასრულდება. პანდემიის გამო შემოსავლების კუთხით ბათუმის ბიუჯეტი მილიონობით ლარს კარგავს, თუმცა ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ბათუმის მერიას საკრებულოში ამ დრომდე არ გადაუგზავნია.

ამ თემაზე:

როდის გაანათებენ გონიოს ბულვარს და დადგამენ სკამებს – მერიაში ფულს ეძებენ

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობაზე დროშები დაშვებულია / 08.08.2020 წელი /

ხვალ დილიდან წყლის მიწოდება შეწყდება ხიმშიაშვილის ქუჩა N1-ში – „ბათუმის წყალი“

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N1-ში, ორშაბათს, 10 აგვისტოს, დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება სარემონტო სამუშაოების გამო. ინფორმაციას შპს „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“, – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციაში.

შერიფ ხიმშიაშვილის N1-ში მდებარე კორპუსი / 8.08.2020

თურქეთში სამუშაოდ უკვე გადადიან, თანხმობა 101-მა მოქალაქემ მიიღო – სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 აგვისტოს მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე თანხმობა ანუ დადებითი პასუხი უკვე 101-მა პირმა მიიღო, რომლებიც შესაბამის პროგრამაში დარეგისტრირდნენ. სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკაში დღეს უკვე გადავიდა.

„თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების ნებართვის მიმღებ პირებს გამგზავრების თანხმობის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინენებები განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ უკვე დაეგზავნა. განმცხადებელს, რომელიც რეგისტრირდება, პასუხი უმოკლეს ვადაში, არაუგვიანეს შვიდ დღეში ეცნობება“, – აცხადებენ სამინისტროში.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ კახიძის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ თანხმობა ანუ დადებითი პასუხი არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოქალაქე, ამ დადებითი პასუხის შემთხვევაში, აუცილებლად გადაკვეთს საზღვარს.

„ჩვენ ვსწავლობთ, აკმაყოფილებს თუ არა დარეგისტრირებული მოქალაქის მიერ ატვირთული დოკუმენტები პროგრამის კრიტერიუმებს. საზღვარზე კი, შესაბამისი უწყებები თავად წყვეტენ, აქვს ამ მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის უფლება თუ არა. შესაძლოა არსებობდეს დეპორტაციის საკითხი ან სხვა რაიმე დარღვევები კონკრეტული მოქალაქის მიმართ, ამიტომ ასეთი მოქალაქე შესაძლოა ქართულმა მხარემ არ გადაუშვას საზღვარზე ან თურქეთის მხარემ არ შეუშვას ქვეყანაში. ასეთ დროს მოქალაქე, რომელიც საზღვარს ვერ გადაკვეთს და უკან დააბრუნებენ, კარანტინს არ გაივლის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თემურ კახიძე.

თემურ კახიძის ინფორმაციით, 9 აგვისტოს მონაცემებით, შესაბამის პროგრამაში სულ 360 მოქალაქე დარეგისტრირდა. დადებითი პასუხი მიიღო 101-მა, დანარჩენს კი დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დოკუმენტაციის დაზუსტებაზე: „დოკუმენტების დაზუსტებაზე შეტყობინება ისეთ პირებსაც გავუგზავნეთ, რომლებსაც თურქეთიდან მოსაწვევის ნაცვლად სხვა დოკუმენტი ან თავისი CV ჰქონდა ატვირთული“.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე განმარტავს, რომ „საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ“.

თურქეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. თემურ კახიძის განცხადებით, ამ მოქალაქეების კარანტინის ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი რეგისტრირდება სპეციალურ სისტემაში [დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე]

თურქეთში გადასვლის ნებართვის მისაღებად კი [რეგისტრაციისათვის] პირმა თან უნდა იქონიოს:

  • თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური პირის ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა;
  • მიწვევაში უნდა იყოს მითითებული მიწვეული საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მიწვევის პერიოდი – სამი თვე;
  • მიწვევის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
  • აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი.

გაითვალისწინეთ, ერთი მობილურის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის რეგისტრაცია.

როგორ მივიღოთ მიწვევა თურქეთიდან და როგორ დავრეგისტრირდეთ თურქეთში დროებით მომუშავე პირთა ბაზაში? – გადადით ბმულზე და ნახეთ ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ დარეგისტრირებაში:

როგორ წავიდეთ თურქეთში სამუშაოდ – ნახეთ ვიდეოინსტრუქცია [ვიდეო]

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციისთვის ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეგიძლიათ მიმართოთ ასევე სააგენტოს და მის განყოფილებებს შემდეგ მისამართებზე:

  • ბათუმი: აჭარის დასაქმების სააგენტო. ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №70/72, ტელეფონი: (422) 24 78 84;
  • ქობულეთი: აჭარის დასაქმების სააგენტოს ქობულეთის მუნიციპალური განყოფილება, დავით აღმაშენებლის ქუჩა №141, ტელეფონი: (426) 26 83 27;
  • ხელვაჩაური: აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელვაჩაურის მუნიციპალური განყოფილება. დიდაჭარის ქუჩა №23, ტელეფონი: (422) 25 83 85;
  • ქედა: აჭარის დასაქმების სააგენტოს ქედის მუნიციპალური განყოფილება. მერაბ კოსტავას ქუჩა №3. ტელეფონი: (425) 25 00 41;
  • შუახევი: აჭარის დასაქმების სააგენტოს შუახევის მუნიციპალური განყოფილება, თამარ მეფის ქუჩა №30, ტელეფონი: (422) 25 83 85;
  • ხულო: აჭარის დასაქმების სააგენტოს ხულოს მუნიციპალური განყოფილება. თამარ მეფის ქუჩა №12, ტელეფონი: (423) 27 00 70.

 

მთავარი ფოტო: თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი მოქალაქე სარფის საბაჟოზე /9.08.2020 / ფოტო: აჭარის ჯანდაცვა

კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა და 1 გამოჯანმრთელებული ბათუმში – 9 აგვისტოს მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსი საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა.

9 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობას აგრძელებს 18 პაციენტი.

საქართველოს მასშტაბით კი, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1225 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1000 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინში იმყოფება 7 068 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 9 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია.

 

რამდენად რეალურია ოჯახიდან 9 შვილის იძულებით წაყვანის ამბავი

დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია, თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას აჭარაში, სოფელ თხილნარში მცხოვრები 9 ბავშვის შესახებ, რომ თითქოს ბავშვები სოციალურმა სამსახურმა, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ინფორმაცია, როგორც ახლა მომხდარი ფაქტი ისე ვრცელდება და მას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი აზიარებს.

ლორთქიფანიძე წერს, რომ ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რუსეთშიც და მას სწორედ იქედან გამოეხმაურენ. „ეს წუთია, პეტერბურგიდან დამიკავშირდა ჩვენი თანამემამულე, ბატონი ილია ძოწენიძე და მთხოვა, საჯაროდ განმეცხადებინა, რომ მას აქვს სურვილი, ყოველმხრივი კომპლექსური დახმარება აღმოუჩინოს ფ.-ის მრავალშვილიან ოჯახს“, – წერს ის ფეისბუქში.

როგორც „ბათუმელებმა“ არაერთ ინფორმირებულ პირთან და სამსახურთან გაარკვია, თხილნარში  მართლაც ცხოვრობდა ოჯახი ცხრა არასრულწლოვანი ბავშვით, თუმცა ბავშვები არა ახლა, არამედ ერთი წელია, რაც მინდომით აღზრდაში იმყოფებიან.

რატომ გადაიყვანეს ბავშვები მინდობით აღზრდაში? – ვკითხეთ ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელს სოფელ თხილნარში თამაზ წულუკიძეს. მისი თქმით, ბავშვები არასათანადო პირობების გამო გადაიყვანა სოციალურმა სამსახურმა.

„ამ ოჯახს მერიამ ქალაქში ბინა უყიდა, თუმცა სამი წლის წინ ეს ბინა სოფლის სახლში გადაცვალეს და აქ დასახლდნენ. გამგეობამ უყიდა ძროხაც, ჰქონდათ ყოველთვიური დახმარებაც და ბავშვების თანხასაც იღებდნენ… მე ვფიქრობ, რომ სოციალური სამსახური სწორად მოიქცა“, – ამბობს წულუკიძე.

მისი თქმით, მშობლები სოცმუშაკს ყოველ ჯერზე ჰპირდებოდნენ, რომ ბავშვებს სათანადოდ მოუვლიდნენ, თუმცა მდგომარეობა იგივე რჩებოდა.

წულუკიძის თქმით, ბავშვების მამა მშენებლობაზე მუშაობდა ქალაქში, დედა კი ბავშვებთან სახლში იყო.

საკმარისი იყო ამ ოჯახისთვის გამოყოფილი შემწეობა ცხრა ბავშვის უზრუნველსაყოფად? – ვკითხეთ თამაზ  წულუკიძეს. მან თქვა, რომ – კი. „ბევრმა დამირეკა დღეს, სოციალურ ქსელში აჟიოტაჟია ატეხილიო. ჩემი აზრით, ამ ოჯახს ყურადღება არ მოკლებია“, – ამბობს წულუკიძე.

„ბათუმელები“ თხილნარის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, გულნაზ კარანაძესაც ესაუბრა, რომელიც ადასტურებს ბავშვების მინდობით აღზდაში გადაყვანას.

„ჩვენს სკოლაში მხოლოდ 5 ბავშვი დადიოდა. აქედან ოთხი ბავშვი იყო სპეციალური საჭიროების მქონე. გაცდენით იშვიათად აცდენდნენ. სპეცმოსწავლეები იყვნენ და დამატებით ვმუშაობდით ბავშვებთან“, – გვითხრა დირექტორმა.

დირექტორის თქმით, „სოცმუშაკს, რომელიც ხშირად დადიოდა ოჯახში, ბავშვები არასათანადო გარემოში ხვდებოდა“.

როგორც დირექტორი ამბობს, ბავშვები მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იყვნენ პირველ სკოლაში და ერთი წელია სხვა სოფელში გადაიყვანეს. „გასულ წელს, აგვისტოში მოხდა მობილობა და როგორც ვიცი, არც მშობლები იყვნენ ბავშვების მინდობით გადაცემის წინააღმდეგი“, – გვითხრა გულნაზ კარანაძემ.

დირექტორის თქმით, 5 ბავშვი ერთ ოჯახში ცხოვრობს, 4 კი ერთად  – მეორე ოჯახში.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ცენტრის უფროსს ცისანა ჩიკვაიძეს. მისი თქმით, ოჯახიდან ბავშვების გაყვანის ძირითადი მიზეზი ბავშვების უგულებელყოფა იყო. „მიტოვებული ჰყავდათ“, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.

„ორი შვილი სახელმწიფო ზრუნვაში ჰყავდა და სწორედ ჩვენ დავუბრუნეთ და რატომ ვიქნებით დაინტერესებული ბავშვების ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანით? 2009 წლიდან მუშაობს სოციალური მუშაკი ამ ოჯახთან. აჭარაში არც ერთ ოჯახს არ უსარგებლია სახელმწიფოს იმდენი სერვისით, რაც ამ ოჯახმა ისარგებლა.

ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ოჯახი გაძლიერებულიყო, რადგან ორი ბავშვი იყო რეინტეგრაციის კომპონენტში ჩართული და მახინჯაურის ბავშვთა სახლიდან გამოვიყვანეთ, ოჯახის გაძლიერებაზე გვქონდა მხოლოდ ორიენტაცია. იქნება ეს განათლება, ჯანმრთელობა, როგორც მშობლის, ასევე ბავშვების და ათი წელია ამაზე ვმუშაობდით. ბოლოს მაინც დადგა ეს საშიშროება, ანუ გამოუვალი მდგომარეობა, ვინაიდან ბავშვების მიტოვების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა“, – ამბობს ცისანა ჩიკვაიძე.

მისი თქმით, სამი წლის წინ ბათუმის მერიამ ამ ოჯახს ხიმშიაშვილის ქუჩაზე (მაკდონალდსის გვერდით) საჩუქრად გადასცა 120 კვადრატული ბინა და 72 ათასი ლარი ჩაურიცხა ანგარიშზე ბინის კეთილმოწყობისთვის. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ოჯახმა ეს ბინა თხილნარში, ისეთ სახლში გადაცვალა, „სადაც ყველაფერი გასაკეთებელი იყო“. „როგორ ფიქრობთ, ამოდენა თანხა და ბინა იმ სოფელზე გადაიცვლებოდა?“ – ამბობს ჩიკვაიძე.

მისი თქმით, გარდა აღნიშნული დახმარებებისა, ოჯახს ყოველ შეძენილ ბავშვზე ეძლეოდა კვების ვაუჩერი ერთი წლით და 2 ათასი ლარი წელიწადში ორჯერ.

„ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას და ბავშვებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ შემწეობასაც. გაკეთდა ქველმოქმედება და ერთი ბავშვი დადიოდა კერძო ბაღში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“ დაეხმარა და არაერთხელ მიუტანა საკვები, ავეჯი, ტექნიკა. კომპიუტერიც უყიდეს უფროს ბავშვს“, – ამბობს ჩიკვაიძე.

მისი თქმით, ბავშვებს არ აქვთ შშმ სტატუსი, არამედ აკადემიური ჩამორჩენა აქვთ და სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ მათ ინდივიდუალური სამუშაო გეგმა.

ცისანა ჩიკვაიძის თქმით, ბავშვები დღეისთვის გვერდიგვერდ ოჯახებში ცხოვრობენ და ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ. „ასევე, მშობლებს უფლება აქვთ მოინახულონ ბავშვები და გაიყვანონ კიდეც“.

ბავშვების მინდობით აღზრდაში გადასვლის შემდეგ მშობლებს შეუწყდათ ყველა სახის სოციალური დახმარება. „სერვისებს იღებენ მხოლოდ ბავშვები“ – ამბობს ჩიკვაიძე. მისი  თქმით, სოციალური სამსახური მიმართულია იქეთკენ, რომ ბიოლოგიური ოჯახი გაძლიერდეს და ბავშვი იზრდებოდეს მშობლებთან. თუმცა, არის გამოუვალი  შემთხვევებიც. „ამ შემთხვევაშიც ორივე მშობელმა კარგად იცის, რატომ გამოვიდნენ ეს ბავშვები ოჯახიდან“, – გვითხრა ცისანა ჩიკვაიძემ.

ჩვენ დავუკავშირდით ბავშვების დედას, მ.ფ-ს და ვკითხეთ, თუ რა იყო ბავშვების ოჯახიდან გაყვანის მიზეზი. „მიზეზად მეუბნებიან, რომ ტუალეტი და აბანო არ მქონდა მოწესრიგებული, „კუხნა“ არ მქონდა და მოუვლელი იყვნენ ბავშვები. სხვა არ ვიცი“, – გვეუბნება ქალი.

დედას ვკითხეთ, თუ რატომ გადაცვალეს ქალაქის ბინა კეთილმოუწყობელ სახლში ან რატომ ვერ გაარემონტეს სახლი იმ თანხით, რომელიც მერიამ გამოუყო. ქალი ამბობს, რომ რემონტისთვის საჭირო თანხა საკმარისი არ იყო: „31 ათასი ლარი მოგვცეს რემონტისთვის, მაგრამ სველი წერტილების მოწესრიგებას კი არა საერთოდ არაფერს არ ეყო. ამ ფულით ვიყიდე სარეცხი მანქანა, მაცივარი, საწოლები“.

დედის თქმით, ოჯახს ბევრი უწყება და ადამიანი ეხმარებოდა, თუმცა არც ეს დახმარება და არც სოციალური შემწეობა საკმარისი არ იყო. ქალი ამბობს, რომ ქმართან ერთად ახლა დასუფთავების სამსახურში მუშაობს და დილით 5 საათზე გადიან სახლიდან. მას ვკითხეთ, თუკი დაუბრუნებენ შვილებს, ვისთან დარჩებიან არასრულწლოვანი ბავშვები. დედა ამბობს, რომ ბინას იქირავებს „ან რამეს იზამს“.

დედის თქმით, ამჟამად მისი შვილები მშვიდ გარემოში ცხოვრობენ და აქამდე მათ გამოყვანასაც ახერხებდა, თუმცა სამუშაოს დაწყების შემდეგ ეჭვობს, რომ ხშირად მიკითხვას ვეღარ მოახერხებს.

___________________________________

მთავარი ფოტო: მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების სახლიდან/„ბათუმელების“ არქივი.

Exit mobile version