მთავარი,სიახლეები

რას ამბობს ჩიქოვანი კარბამიდის ტერმინალზე, ტროლების მართვაზე, ბათუმის გრგ-ს მიღებაზე

11.08.2020 • 4103
რას ამბობს ჩიქოვანი კარბამიდის ტერმინალზე, ტროლების მართვაზე, ბათუმის გრგ-ს მიღებაზე

თითქმის ერთი თვეა, რაც ბათუმის არჩეული მერი, ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. ბათუმის მერის მოვალეობას აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ასრულებს.

„ბათუმელებმა“ არჩილ  ჩიქოვანს რამდენიმე კითხვა დაუსვა, ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე, კულტურულ მემკვიდრეობის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, ბათუმის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე და იმ ბრალდებებზე, რომლებიც მის მიმართ ისმის. ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ.

  • ბატონო არჩილ, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) გარეშე შენდება. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიიჩნევს, რომ  გზშ-ზე უარის თქმა არასწორი იყო და არ არის დაცული გარემოსდაცვითი წესები. თქვენ, როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ ხელახლა დადგეს დღის წესრიგში გზშ-ის მომზადება? იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა ბეირუთში. შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტიდან 50-60 მეტრში მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსები და უსაფრთხოების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ლიბანთან და ბეირუთთან დაკავშირებით ბათუმის მაგალითის მოყვანა არა რელევანტურია. დარგის სპეციალისტებმა შეაფასეს საკითხი და ამას აღარ ჩავყვები. რაც შეეხება გზშ-სთან დაკავშირებულ საკითხებს, თავის დროზე ნებართვა გაცემული იყო ყველა იმ დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა. ამავდროულად, უსაფრთხოების ნაწილში და იმ ნაწილში, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უსაფრთხო, ეს ტერმინალი და მათ შორის ამ გზით დამუშავება იმ მინერალური სასუქების, რაც იქ უნდა მოხდეს,  ეს არის ყველაზე უსაფრთხო, გაცილებით უსაფრთხო, როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასევე იქ დასაქმებული პირებისა და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის.

  • მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ ხელახლა დადგეს დღის წესრიგში გზშ-ის მომზადება?

იცით, რომ ეს საკითხი დარგობრივად არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივა, მაგრამ სამართლებრივად კიდევ ერთხელ ვამბობ, თავის დროზე, სავსებით სწორად, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად იქნა გაკეთებული. ამ საკითხთან დაკავშირებით იცით ალბათ, რომ მიმდინარეობს დავა სასამართლოში. ბუნებრივია, იქ შეჯერდება პოზიციები. კიდევ ერთხელ განვმეორდები, როდესაც ეს ნებართვა გაიცა, იყო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.

  • იცნობთ თუ არა გაეროს მიერ დაფინანსებულ კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმის რივიერაზე არათუ მრავალსართულიანი კომპლექსების, არამედ მსუბუქი ჩარევაც სახიფათოა?

ყველა მშენებლობასთან დაკავშირებით, იმ სანებართვო საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული, ვიცი, რომ სამართლებრივი საფუძვლები ყველგან იყო და შესაბამისად ის ნებართვები, რომელიც გაცემულია, არის რელევანტური. ამ კვლევასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან არ ვიცნობ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკას, ყველა დარგის მიხედვით, ჰყავს გარკვეული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომელზე დაყრდნობითაც იღებენ გადაწყვეტილებებს.

  • ბათუმის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი. თუ გაეცანით საზოგადოება „ბათომის“ რეკომენდაციებს და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ჩვენი ხაზიც არის კულტურული მემკვიდრეობის განუხრელი დაცვა. იცით, რომ მიმდინარეობს ძველ ბათუმში კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, მათ შორის, როგორც მუნიციპალური დაფინანსებით, ასევე ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით. ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ქალაქისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ვიტყოდი. აუცილებელი წინაპირობაა, რომ ქალაქი განვითარდეს და განვითარებასთან ერთად უნდა მოხდეს ძველი ავთენტური შენობა-ნაგებობებისა და ძეგლების რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა და ის თვალსაჩინოებები, რაც მათი სახით აქვს ქალაქს, არის ძალიან დიდი სიმდიდრე და ძალიან დიდი ატრაქცია.

  • თუ ფიქრობთ, რომ ბათუმის კულტურულ მემკვიდრეობას ემუქრება განადგურების საფრთხე? 

მე ვერ დაგეთანხმებით ამ შეფასებაში.

  • არა, შეფასებას არ ვაკეთებ, გეკითხებით…

არ მგონია… კიდევ ერთხელ ვამბობ, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვაზე, ისევე როგორც სხვა დარგებზე, მათ შორის ეკონომიკის განვითარებაზე, მათ შორის ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე, ძალიან დიდი ძალისხმევა იხარჯება. ძალიან დიდი ფინანსური რესურსია მობილიზებული როგორც საბიუჯეტო კუთხით, ასევე დონორი ორგანიზაციების მხრიდან და ყველა ადამიანს და ყველა იმ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო, რომელიც განუხრელად მოყვება ამ ხაზს, რაც არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი.

  • ბათუმს წლებია არ აქვს განაშენიანების გეგმა, ვერც ერთმა მერმა ან მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვერ შეძლო მისი მიღება. არანაირი დრო არ აღმოჩნდა საკმარისი არც ერთი მერისთვის ამ საკითხის გადასაჭრელად. თქვენ მეექვსე მერის მოვალეობის შემსრულებელი ხართ, რას აპირებთ?

გენგეგმასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ გარკვეული ტიპის სამუშაოები უკვე შესრულებული გვაქვს. გვაქვს გარკვეული ტიპის მონახაზები და ძალიან მოკლე პერიოდში მოხდება ტექნიკური დავალების შემუშავება, რის შემდეგაც გამოცხადდება გენგეგმაზე კონკურსი. ეს იქნება ძალიან გამჭვირვალე, ძალიან მაღალი დონის, კომპეტენტური და კვალიფიციური წრეებისგან დაკომპლექტებული და ჩართულობით გაკეთებული დოკუმენტი, რომელიც იქნება კონსტიტუცია ჩვენი ქალაქის და რომელიც ძალიან ბევრ იმ კითხვის ნიშნებს და იმ ვნებათაღელვას ჩაახშობს, რომელიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებითაა.

  • მიახლოებით შეგიძლიათ გვითხრათ თარიღი, როდის იქნება?

წლის ბოლომდე გამოცხადდება, მაგრამ იცით, ალბათ, რომ ეს იქნება მასშტაბური კვლევების და მასშტაბური სამუშაოების ჩატარების პერიოდი. რა დროსაც მოითხოვს ტექნიკური დავალების შესაბამისად ვიმოქმედებთ ამ დროის ჩარჩოებში.

  • კიდევ ერთი მწვავე საკითხი, რომელიც წინა მერებისგან გერგოთ მემკვიდრეობით და, შესაბამისად, მისი გადაჭრის შესაძლებლობაც გექნებათ, არის ბათუმში მეჩეთის მშენებლობა. ამ საკითხზე როგორია თქვენი პოზიცია? 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ხანგრძლივი პროცესი. იცით, რომ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის სასამართლოში. აქედან გამომდინარე ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა განუხრელად დავიცვათ კანონი, განუხრელად დავიცვათ სასამართლოს გადაწყვეტილებები. უნდა მივყვეთ სამართლებრივ პროცედურებს ერთმნიშვნელოვნად და უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

  • თქვენი, მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია როგორია?

ჩემი, როგორც მოქალაქის და ჩემი, როგორც მერის პოზიცია არის განუხრელად უნდა დავიცვათ კანონი და აღვასრულოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს სასამართლო.

  • ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა ამ საკითხზე და თქვა, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემა არის ბათუმის მერიის პრეროგატივა. ამ შემთხვევაში ბათუმის მერია როგორ მოიქცევა, გასცემს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას?

ბათუმის მერია ყველა შემთხვევაში მოიქცევა იმ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში, იმ არსებული მოცემულობების ფარგლებში, იმ განაშენიანების ფარგლებში, რაც აქვს ჩვენს ქალაქს. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ჩემთვისაც, ყველა მოქალაქისთვისაც, არის სავალდებულო იმ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა, რა ჩარჩოებშიც გვაქცევს ჩვენ კანონმდებელი და მათ შორის ყველა ის უწყება, სადაც სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღება ხდება.

  • უნდა გკითხოთ თქვენს წინა თანამდებობაზე. ამბობენ, რომ თქვენ, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის პოსტზე მუშაობისას, ხელმძღვანელობდით სამთავრობო ტროლების მობილიზაციას აჭარაში. როგორ ფიქრობთ, რატომ ისმის ეს ბრალდება კონკრეტულად თქვენი მისამართით?

მართალი გითხრათ, პირველად მესმის თქვენგან მსგავსი ტიპის ბრალდების შესახებ. ტროლებთან და მსგავსი ტიპის ფსევდო საქმეებთან და აქტივობებთან დაკავშირებით მე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეტყვით, რომ არ არის ეს არც ჩემი სტილი, არც ჩემში არ ზის, როგორც ადამიანში. ჩვენ ვმართავთ სოციალურ მედიასაც და ყველა იმ მიმართულებას სრული ჰარმონიით ჩვენს თანამოქალაქეებთან. ვერავინ ვერ იტყვის და ვერავინ ვერ დაგვწამებს ცილს იმაში, რაც არ არსებულია. არ გვჭირდება ჩვენ ტროლები. ჩვენ იმდენ საქმეს ვაკეთებთ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იმ მასშტაბის საქმეების გაკეთებას ვაპირებთ, რაც ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი და თვალხილული იქნება. აქედან გამომდინარე, რაღაც დამატებითი „წახალისებები“ არ დასჭირდება არც ჩვენს მუშაობას და არც სამთავრობო გუნდს.

  • ანუ ამბობთ, რომ არ იყავით დაკავშირებული სამთავრობო ტროლებთან?

არანაირად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, პირველად მესმის.

  • თქვენ გაქვთ ახლო კავშირი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, რომელიც თქვენი მეჯვარეა, მუშაობდით მის აპარატში. ახლა ხართ თვითმმართველი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი. იმის გათვალისწინებით, როგორ მოხვედით თანამდებობაზე, როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობას თუ დაიჯერებს ბათუმის მოსახლეობა. რომ თქვენ დამოუკიდებლად იღებთ გადაწყვეტილებებს და არა თორნიკე რიჟვაძესთან შეთანხმებით ან მისი დავალებით?

თქვენ გჯერათ ჩემი? არაერთგზის განვმარტე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი 16-წლიანი საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება და ის უნარები, რაც ამ წლების განმავლობაში დავაგროვე, მათ შორის ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით, მათ შორის ყველა იმ ინსტიტუციასთან ურთიერთობაში, რაც მნიშვნელოვანი იყო საქმის კეთებისათვის, მაძლევს მე იმის საფუძველს. რომ ვთქვა – ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ქალაქის ინტერესებიდან იქნა გამოსული, ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ამ ქალაქის განვითარებას ემსახურება, ვიქნები, აბსოლუტურად გამჭვირვალე, რაც ყველაზე მთავარია, ყველასათვის. რა თქმა უნდა, იმ კანონმდებლობის და მათ შორის თვითმმართველობის კანონმდებლობის განუხრელი დამცველი და გარანტორი, ჩემთვის და ჩემი ყველა კოლეგისათვის, თანამშრომლისათვის. ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისათვის.

  • ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს თუ აბრუნებთ სამსახურში?

ბატონი ჯაბა არის ძალიან წარმატებული ადამიანი. ამ ადამიანთან მიმართებაში, მის გადაწყვეტილებაში ადამიანები არიან თავისუფალი, როგორც ბატონი ჯაბა, ასევე ყველა ის ადამიანი, ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ბატონ ჯაბასთან მიმართებაში მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, სამთავრობო გუნდს აქვს თავისი მოსაზრებები. ის არის ჩვენი გუნდის  წევრი, ის არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი და ის აუცილებლად წაადგება, როგორც ქალაქს, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკას და ქვეყანას.

  • ანუ აბრუნებთ?

რა პოზიციაზე გნებავთ, რომ დავაბრუნო? არ არის დასამალი და პირდაპირ გეტყვით, რომ მე ბატონ ჯაბასთან მაქვს პირადი ურთიერთობა და მეც მათ შორის მექნება შეთავაზებები, იმ ბევრ ადამიანთან ერთად, ვისთანაც მას უმუშავია და ვისგანაც, როგორც მე ვიცი, გარკვეული ტიპის შეთავაზებები აქვს მას. მისი გადასაწყვეტია, სად გააგრძელებს მუშაობას, საჯარო თუ კერძო უწყებაში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ბატონი ჯაბას მსგავსი ადამიანებისათვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა.

  • თუ იცით სად დასაქმდა ყოფილი მერი, ლაშა კომახიძე?

ბატონ ლაშასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ვფლობ.

  • ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ – რამდენით შემცირდება შემოსავლები?

ბიუჯეტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტი დამტკიცდა გასულ კვირაში და ჩვენ კაპიტალური ტრანსფერის სახით მივიღებთ 10 მილიონ 300 ათას ლარს. ეს პარამეტრები შეთანხმებულია. შემოსავლების ნაწილში გვაქვს კლებები, ასევე სასესხო ვალდებულებების გადავადებით ჩვენ შევძელით, რომ ის ყველა პროექტი, რომელიც ქალაქისათვის და ქალაქის ინფრასტრუქტურისათვის არის მნიშვნელოვანი, განხორციელდება და პლუს გვექნება დამატებითი ახალი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: