ტექნიკური შეცდომა საგამოცდო ტესტში – სპორტის მასწავლებლებს 1 ქულას დაუწერენ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდაში მონაწილე მასწავლებლობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  2020 წლის ტესტის 38-ე დავალების მესამე პუნქტის შეფასების სქემაში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო ყველა გამოსაცდელს ამ დავალებაში ავტომატურად ექნება შეფასება – 1 ქულა.
ცვლილება გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, სისტემაში უკვე ასახულია. ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, ხელახლა გადაამოწმონ შედეგები ვებგვერდზე: online.naec.ge.

ძველი სახლის ახალი ელფერი [ფოტო]

ბათუმში რეაბილიტირებული ისტორიული სახლები დაგარწმუნებთ, რომ მცდარია წარმოდგენა – „ძველ სახლებს არაფერი ეშველება და გამოსავალი მხოლოდ მათი დანგრევაა“. ბევრი უიმედო მესაკუთრეც კი, რომელიც უკვე რეაბილიტირებულ სახლში ცხოვრობს ან ხელოსნებს, რომლებიც მისი სახლის რეაბილიტაციას ეს-ესაა ასრულებენ, დეტალებზე ეკინკლავება და სახლის სილამაზით იწონებს თავს. ახლა მათი უმეტესობა იმაზე დარდობს, რომ „ირგვლივ მაღალსართულიანები წამოასკუპეს“.

რეაბილიტირებული სახლების გარშემო, ძველ სახლებში მცხოვრები ოჯახები უკვე იმის გარკვევას ცდილობენ, როგორ მოახერხონ, რომ საკუთარი სახლებიც მოხვდნენ როგორმე რეაბილიტაციის პროგრამაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება ბათუმში, დემეტრე თავდადებულის #35-ში. ეს სახლი რეაბილიტაციის დაწყებამდე სავალალო მდგომარეობაში იყო და არავის წარმოედგინა, რომ მისი აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა. აქ მცხოვრებლებთან მოსალაპარაკებლად, სახლის დანგრევის სურვილით, რამდენიმე ინვესტორიც კი იყო მისული.

სახლის სარეაბილიტაციო პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება, ფასადი უკვე აღდგენილია.

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის #35

დემეტრე თავდადებულის #35-ში მდებარე ორსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აგებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 765 ათას 297 ლარი იხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გასული წლის თებერვალში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 944 809 ლარი იყო.

დემეტრე თავდადებულის #35-ში მცხოვრები დები, მანანა და მადონა ბოლქვაძეები ამაყობენ, რომ სახლის შენარჩუნება შეძლეს.
შუშაბანდი ისე იყო დაზიანებული, რომ სახლის ამ ნაწილში შესვლა ეშინოდათ, რისი აღდგენაც მოხერხდა. რაც ვერ აღადგინეს, მსგავსი მასალით ჩაანაცვლეს.
დემეტრე თავდადებულის #35 – მთავარი სადარბაზოს შესასვლელი, რეაბილიტირებული კარი
ამ სახლში ოთახების უმეტესობაში ჭერი თაბაშირის ფიგურებითაა მორთული
ბათუმი, დემეტრე თავდადებულის #35 – მთავარი სადარბაზო ქუჩის მხრიდან, სახლს აქვს ასევე შესასვლელი ეზოს მხრიდან

თურქეთში სამუშაო მისაწვევი 150-200 აშშ დოლარის სანაცვლოდ

თურქეთში სამუშაოდ ან სტუმრად მიწვევის შესახებ დოკუმენტის მისაღებად მოქალაქეებს სხვადასხვა ჯგუფი 150-200 დოლარის გადახდის სანაცვლოდ დახმარებას სთავაზობს.  მოქალაქეების თქმით, რომლებსაც ასეთი დახმარება დასჭირდათ, მათ განუმარტეს, რომ  ამ თანხას ნოტარიუსი ითხოვს.

საუბარია ოფიციალურ მიწვევაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქემ თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად დამსაქმებლისგან უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საზღვრის გადაკვეთას ვერ მოახერხებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 აგვისტოდან საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთა დაშვებულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური პირის ან კომპანიის მიერ გაცემულ, თურქეთშივე ნოტარიულად დამოწმებულ სამთვიან მიწვევას. მიწვევაში დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. მიწვევის  მიზეზად შესაძლებელია იყოს მითითებული როგორც დასაქმება, ასევე სტუმრად მიწვევაც.

სწორედ ასეთი მოსაწვევის მისაღებად დახმარებას მოქალაქეებს ძირითადად ფეისბუქით სთავაზობენ, შექმნილია სპეციალური გვერდები, სადაც მოსაწვევის მიღებასთან დაკავშირებული დეტალები თანხმდება.  აქ გამოქვეყნებული სტატუსების მიხედვით არინ ისეთებიც, რომლებსაც შესაბამისი დახმარება უკვე მიუღიათ, რისთთვისაც შუამავლებს ემადლიერებიან კიდეც.

ჩვენ ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს დავუკავშირდით – „ემიგრანტები სტამბოლიდან“ , რომელსაც თავისი „იუთუბის“ არხიც აქვს. ამ ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნუგზარ მერკვილაძის ინფორმაციით, მომსახურებას ძირითადად იმ მოქალაქეებს სთავაზობენ, ვისაც თურქეთში სამუშაოდ წასვლა უნდა, მაგრამ იქ სამუშაო ჯერ არ აქვს, ან მათი დამსაქმებელი შესაბამისი დოკუმენტების გამოგზავნას ვერ ახერხებს.

„ჩვენ მივდივართ, ვეძებთ სამუშაოს, გვაქვს მოლაპარაკებები თურქეთის მოქალაქეებთან, პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომ საჭირო დოკუმენტებს მოვამზადებთ, რომელსაც ხელი უნდა მოაწერონ. ვარწმუნებთ, რომ ეს აუცილებლად საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე ჩამოვიდეს აქ სამუშაოდ. გვიკავშირდებიან ისეთებიც, რომლებიც ადრე მუშაობდნენ აქ, მაგრამ იმავე ოჯახებში აღარ უნდათ დაბრუნება. ჩვენ მათთვის სხვა სამუშაოს ან სხვა ოჯახებს ვეძებთ, სადაც უკეთესი პირობები ექნებათ. ამ ყველაფერის ფასი 1200 ლირაა და აქედან 130 ლირა ნოტარიუსის მომსახურების საფასურია. გვაქვს სხვა ხარჯებიც“, – გვითხრა ნუგზარ მერკვილაძემ.

მისივე თქმით, არის ისეთი შემთხვევები, როცა დამსაქმებელს უჭირს დოკუმენტების მომზადება: „რომელი იყო სახელი და რომელი გვარი ვერ გაარჩია ერთმა დამსაქმებელმა, რომ მონაცემები შეევსო, ჩვენ ამ ყველაფერში ვეხმარებით. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მხოლოდ ნოტარიუსის თანხა დავარიცხინეთ, სხვა დახმარება უფასოდ გავუწიეთ, რადგან მათ ჰყავთ თავიანთი დამსაქმებელი“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კიდევ რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც ასევე ფეისბუქში ღიად არიან წარმოდგენილნი. ზოგიერთმა მათგანმა „ბათუმელებთან“ საუბარი საერთოდ არ ისურვა. არიან ისეთებიც, ვინც პირად საუბარში გვითხრა, რომ „ასეთი ოფისები დიდი ხანია არსებობს, ჩვენ ვეხმარებით აქ ჩამოსულ მოქალაქეებს, რომ სასურველი სამსახური იპოვონ. ამაში ახალი არაფერია“.

თურქეთში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის მაქსიმალური ფასი თურქეთში 150 ლირაა. 150 ლირა დღეის მდგომარეობით დაახლოებით 20 დოლარია.

2020 წლამდე მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ გადასვლას მარტივად ახერხებდნენ. მართალია, ზუსტად არ აქვს სახელმწიფოს დათვლილი, რამდენი ოჯახი შოულობდა სარჩოს თურქეთში დასაქმების გზით, მაგრამ არაოფიციალური მონაცემით, მათი რიცხვი 200 ათასსაც კი აღწევს წელიწადში. ბევრი მათგანისთვის დაუძლეველი ბარიერი გახდა თურქეთიდან მისაწვევის მიღება და შემდეგ ვებგვერდზე დარეგისტრირება, რის შესახებაც ასობით შეტყობინებას იღებს „ბათუმელებიც“.

და მაინც, მიწვევის გამოსაგზავნად არსებობს ორი გზა – დედნის საქართველოში გამოგზავნა შეიძლება ფოსტით ან პირადი კონტაქტების საშუალებით. ფოსტით გამოგზავნის ღირებულება არის 25 ლირა, დაახლოებით 4 დოლარი. პანდემიამდე საფოსტო მომსახურებას 3-5 დღე სჭირდებოდა. ახლა ეს ვადები ორ კვირამდეა გაზრდილი.

ასევე, დამსაქმებელს შეუძლია გამოაგზავნოს მიწვევა ელექტრონული ფოსტით.

მიწვევის ფორმა არის განთავსებული moh.gov.ge-ზე, როგორც თურქული, ასევე ქართული ვარიანტები.

თურქეთიდან ელექტრონულად გამოგზავნილი მისაწვევის [2 გვერდის] თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება საქართველოში, ჯამში 30-50 ლარი ღირს. ერთ-ერთმა თარჯიმანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დოკუმენტის თარგმნას და ნოტარიულად დამოწმებას დაახლოებით 1 საათი სჭირდება. ნოტარიულად დამტკიცებული დოკუმენტები – მიწვევა თურქულ ენაზე, მისი ქართული თარგმანი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურად შექმნილ საიტზე.

შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505 [მასთან დაკავშირებას 20-30 წუთი მაინც სჭირდება] ან უნდა მიმართონ აჭარის დასაქმების სააგენტოს ოფისში, მისამართზე: ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა 70/72 .

სამუშაო საათებში კი, შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0422 24 78 83

და ბოლოს, კონკრეტულმა პირებმა რეგისტრაციაში დახმარება გარკვეული თანხის სანაცვლოდ, 200- ლარიანი დახმარების მისაღებად, არასრულწლოვნების მშობლებსაც შესთავაზეს. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ისაუბრა. მან ამ ფაქტს კრიმინალი უწოდა.

განცხადება გააკეთა პრემიერმა გიორგი გახარიამაც:

“ხანდახან სამწუხარო მოვლენებს ვხვდებით. გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლისგანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკური სარგებელი მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება. აქ პირველ რიგში იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს და შესაბამისი უწყებები მიხედავენ”, – განაცხადა გახარიამ 20 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე.

 

როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა თურქეთიდან – დეტალური წესები

 

კორონავირუსით მე-18 მოქალაქე გარდაიცვალა – 24 აგვისტო

stopcov.ge-ის მიერ ახლახან განახლებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ინფიცირებულია 1 421 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 1 137.

კარანტინში იმყოფება 7 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 255 მოქალაქე რჩება.

საელჩო თურქეთში სამუშაოდ წასულებსა და წასვლის მსურველებს აფრთხილებს

თურქეთში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა საყურადღებოდ თურქეთის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო თურქეთში შესვლის დროებითი წესი [სამთვიანი მოწვევის საფუძველზე], თურქეთის საელჩო ახსენებს თურქეთში დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ უნდა დაიცვან თურქეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებიც.

ამ წესების მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი ისარგებლონ სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების წესით, უნდა დარეგისტრირდნენ თურქეთის რესპუბლიკის ოჯახის, შრომისა და სოციალური სამსახურის სამინისტროს ვებგვერდზე „YUMI-NET“-ის პროგრამაში.

ეს, ბუნებრივია, ეხება საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ წამსვლელებსაც.

მოქალაქეებმა პროგრამაში უნდა შეავსონ მოთხოვნილი ინფორმაცია (პასპორტში/პასპორტთან გათანაბრებულ დოკუმენტში ან პირადობის მოწმობაში მითითებული პირადი ინფორმაცია ან უცხო ქვეყნის პირადი ნომერი; თურქეთში ვიზით/ვიზის გარეშე მყოფებმა – თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის თარიღი; თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე პირებმა კი – ნებართვის გაცემისა და ამოწურვის თარიღები).

[toggle title=”თურქეთის საელჩოს განცხადება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ“]

საქართველოს მთავრობის #164 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2020 წლის 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, დასაქმდნენ თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე. საქართველოს უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროებითი დასაქმებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთში დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი, ნოტარიულად დამტკიცებული სამთვიანი მიწვევა, სადაც აღნიშნული იქნება დასაქმებულის პირადი მონაცემები.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს რეგულაცია არეგულირებს საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ წასვლის წესს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან თურქეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებიც.

2017 წლიდან მოქმედებს პროგრამა „YUMI-NET“-ი. იგი შექმნილია შავი ზღვის რეგიონის 6 რაიონში (სამსუნი, ორდუ, ტრაპიზონი, რიზე, გირესუნი, ართვინი) ჩაისა და თხილის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დამატებითი სამუშაო ძალის მოზიდვის მიზნით „საერთაშორისო სამუშაო ძალის შესახებ #6735 კანონის“ 13-ე მუხლის შესაბამისად. პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მაქსიმუმ 90-დღიანი ვადით ათავისუფლებს სამუშაო ნებართვისაგან.

უცხოელები,  რომლებსაც აქვთ სურვილი ისარგებლონ სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების წესით, უნდა დარეგისტრირდნენ თურქეთის რესპუბლიკის ოჯახის, შრომისა და სოციალური სამსახურის სამინისტროს ვებგვერდზე „YUMI-NET“-ის პროგრამაში (https://yuminet.ailevecalisma.gov.tr) და შეავსონ მოთხოვნილი ინფორმაცია (პასპორტში/პასპორტთან გათანაბრებულ დოკუმენტში ან პირადობის მოწმობაში მითითებული პირადი ინფორმაცია ან უცხო ქვეყნის პირადი ნომერი; თურქეთში ვიზით/ვიზის გარეშე მყოფებმა – თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის თარიღი; თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე პირებმა – ნებართვის გაცემისა და ამოწურვის თარიღები).

აღნიშნულ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულმა უცხოეთის მოქალაქეებმა სამუშაო ადგილის მიხედვით უნდა მიმართონ ადგილობრივ მმართველ უწყებას და წარადგინონ: ელსისტემის მიერ მათთვის მინიჭებული პირადი ნომერი, თურქეთის საზღვრის კვეთის თარიღი ან ბინადრობის უფლების გაცემისა და ამოწურვის თარიღები, რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრაციის დოკუმენტი და სხვა მოთხოვნილი საბუთები (ვიზით/უვიზოდ თურქეთში მყოფებმა – პასპორტი/პასპორტთან გათანაბრებული დოკუმენტი; თურქეთის ტერიტორიაზე პირადობით შესულმა პირებმა – პირადობა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიერ გაცემული საზღვრის კვეთის დოკუმენტი; თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელმა პირებმა – პასპორტი/პასპორტთან გათანაბრებული დოკუმენტი ან ბინადრობის უფლება).

ამგვარად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სურთ თურქეთში ჩაისა და თხილის სამუშაოებზე დასაქმება, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ ინტერნეტით: „YUMI-NET“-ის ელექტრონულ პროგრამაში, ხოლო შემდგომ მიმართონ სამუშაო ადგილის მიხედვით ადგილობრივ მმართველ უწყებას და იქ გაიარონ რეგისტრაცია.

სეზონური სამუშაოების გარდა სხვა სფროში დასაქმების მსურველებმა უნდა აიღონ სამუშაო ნებართვა.

[/toggle]

 

„YUMI-NET“-ის ელექტრონულ პროგრამაში შესასვლელად გადადით ამ ბმულზე.

მოქალაქემ მონაცემების შეყვანის შემდეგ უნდა ამობეჭდოს შევსებული განაცხადი და ის პასპორტთან ერთად უნდა წარადგინოს იმ რეგიონის გამგეობაში, სადაც მუშაობას აპირებს.

აღნიშნული კანონი 2017 წლიდან მოქმედებს და ის ვრცელდება თურქეთის სახელმწიფოს ექვს ოლქზე – სამსუნი, ორდუ, გირესუნი, ტრაბზონი, რიზე და ართვინი. ამ ოლქებში ლეგალურად შეიძლება მუშაობა, თუ აიღებთ დოკუმენტს, რომელიც სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველ უცხოელებს ათავისუფლებს „მუშაობის ნებართვის დოკუმენტისგან“.

დოკუმენტის მიღება უფასოდ და დამოუკიდებლად შეიძლება.

დეტალურად იხილეთ ბმულზე:

ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ

 

სეზონური სამუშაო თურქეთში – როგორ დავსაქმდეთ ლეგალურად

Covid 19-ით მსოფლიოში 23 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 809 349

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი, 24 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში ჯამში კორონავირუსის 23 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 809 349 ადამიანი. ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი აშშ-შია, სადაც დაინფიცირდა 6 მილიონი და გარდაიცვალა 176  808 ადამიანი.

აშშ-ს გარდა მაღალი მაჩვენებლით ქვეყნების ხუთეულშია ბრაზილია, [3 605 783]; ინდოეთი [3 106 348]; რუსეთი [959 016] და სამხრეთ აფრიკა [609 773]. სიკვდილიანობის თვალსაზრისით მსოფლიო ხუთეულია: აშშ [176 809]; ბრაზილია [114 744]; მექსიკა [60 480]; ინდოეთი [57 542] და გაერთიანებული სამეფო [41 515 ].

დღევანდელი, 24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1421 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1137 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 17 ინფიცირებული.

6 თვეში 185 ათასით ნაკლები მოქალაქე წავიდა უცხოეთში, ვიდრე შარშან

2020 წლის იანვარ-ივნისში [პანდემიამდე და პანდემიის დროს], ქვეყნიდან 163 100 საქართველოს მოქალაქე გავიდა უცხოეთში, მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში 348 600 ადამიანმა იმოგზაურა საზღვარგარეთ. შესაბამისად, უცხოეთში ვიზიტორთა რაოდენობა წელს, გასულ წელთან შედარებით, 185 500-ით შემცირდა.

პენდემიის პერიოდში კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა – 2020 წლის აპრილი-ივნისში [მეორე კვარტალი] ქვეყნიდან საზღვარგარეთ მხოლოდ 12 200 საქართველოს მოქალაქე გავიდა. მაშინ, როცა 2019 წლის აპრილ-ივნისში 187 000-მა მოქალაქემ იმოგზაურა უცხოეთში [15 წლის და ზევით ასაკის]. შესაბამისად, წელს 15-ჯერ ნაკლები ადამიანი წავიდა სამოგზაუროდ საქართველოდან გასული წლის აპრილი-ივნისის პერიოდთან შედარებით.

მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საქართველოში უცხოელების შემოსვლას – საქსტატის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, 2020 წლის პირველ ნახევარში 666 800-ით შემცირდა ქვეყანაში უცხოელების ვიზიტი.

2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 076 500 უცხოელი შემოვიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, მხოლოდ 409 700 [აქედან აპრილ-ივნისში ანუ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოში მხოლოდ 36 200 უცხოელი შემოვიდა].

გურიაში ჩხავერის კულტურის აღდგენა თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება

ჩხავერი გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის, გამორჩეულ ღვინოს აყენებენ. გურიის რეგიონის გარდა ჩხავერი მოჰყავთ აჭარაშიც და იმერეთშიც. ბოლო წლებში საქართველოში კვლავ დაიწყო გადაშენების პირამდე მისული ჩხავერის კულტურის აღდგენა.

რევაზ ანთაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჩოხატაურში მამაპაპისეულ მიწაზე ჩხავერის მოყვანის ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა. მან თიბისის მხარდაჭერით 3500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე 700 ძირი ჩხავერი დარგო.

„ჩხავერი განსაკუთრებული ყურძენია და განსაკუთრებულ მოვლასაც მოითხოვს. ამ ადგილას ჩემს წინაპრებს ადრე ჰქონიათ ჩხავერი, ვაპირებ, რომ  თანდათან 1 ჰა-მდე გავზარდო ჩხავერის ვენახები. ამას გარდა, ჩვენს მხარეში გავრცელებული სხვა იშვიათი ჯიშების მოყვანასაც ვგეგმავ, ისეთის როგორებიცაა – ჯანი და სხილათობანი,“ – ამბობს რევაზ ანთაძე.

ფერმერი პირველ მოსავალს 3 წელიწადში ელოდება. პირველ ეტაპზე რევაზ ანთაძე 5-დან 10 ტონამდე ღვინის წარმოებას გეგმავს. ჩხავერისგან დამზადებული ღვინო განსაკუთრებული ხარისხისაა. ღვინო ხასიათდება ღია ვარდისფერი შეფერილობით, ნაზი და ჰარმონიურია და გამოირჩევა ალკოჰოლისა და სიმჟავის ბალანსით. ყურძნის ამ ჯიშს იყენებენ ცქრიალა ღვინის დასაყენებლადაც. ბოთლში ჩამოსხმამდე მას 2 წლის მანძილზე ქვევრში ინახავენ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პარიზში 148 გულშემატკივარი დააკავეს

გუშინ, 23 აგვისტოს, ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბმა პსჟ-მ მიუნხენის ბაიერნთან 0:1 წააგო, პარიზში ფანებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია 148 ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ელისეს მინდვრებთან მდებარე ბარში, რომელიც მთლიანად სავსე იყო, მიუთითებდნენ ფეხბურთის ფანებს, გამოეყენებინათ პირბადე.

ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ნიღბის უგულებელყოფის შემთხვევაში შეკრებებისას შესაბამისი ზომები იქნებოდა გამოყენებული.

იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში არ იმართებოდა, ქუჩებში მაინც იყო მოსალოდნელი გულშემატკივართა სიმრავლე. დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად ელისეს მინდვრების მიმდებარედ პარიზის პოლიციის პრეფექტურამ თითქმის ისეთივე ძალისხმევა გასწია, როგორც ახალი წლის ღამეს: მობილიზებული იყო 3000 პოლიციელი, სამხედროები და 300 მეხანძრე.

ელისეს მინდვრების მიმდებარედ თამაშის დღეს, კვირას, 23 აგვისტოს დილიდანვე სავალდებულო იყო პირბადის ტარება, ფუნქციონირებდა კორონავირუსის საპროფილაქტიკო პუნქტები და უსასყიდლოდ დარიგდა დაახლოებით 20 000 პირბადე.

ელისეს მინდვრებთან ახლომდებარე პარკ დე პრენსის ირგვლივ, სადაც ფეხბურთის 5000-მდე გულშემატკივარი ადევნებდა თვალს მატჩს, თავდაპირველად ყველაფერი მშვიდად იყო, თუმცა მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, როგორც გამოცემა Le Figaro წერს, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სცადა პოლიციელებისთვის წაერთმია აღჭურვილობა, თავს დაესხნენ ასევე მათ ავტომობილებს.
სოციალურ ქსელ ტვიტერზე მოვლენების ამსახველი ვიდეომასალები ვრცელდება.

საფეხბურთო კლუბ პსჟ-ს წაგების შემდეგ გაბრაზებულმა გულშემატკივარმა მატჩის ბოლოს დაწვა ნაგვის ყუთები, ელისეს მინდვრებთან ახლოს დაწვეს რამდენიმე ავტომობილი, დაამტვრიეს მოაჯირები და ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ახალგაზრდების ჯგუფი მინის ბოთლებს და გამარჯვების აღსანიშნად მომზადებულ ფეიერვერკებს ესროდნენ პოლიციელებს.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და თავდაცვისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები გამოიყენა.

სარფიდან ტრაილერებით უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლი შემოიტანეს – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა 19-20 აგვისტოს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქეების, ქ.მ.-ს, ს.კ.სა და ე.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ჯამში, 5 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით თითოეულს ფულადი ჯარიმა – ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა

შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა და პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა სახალხო დამცველმა „აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე“. ტელევიზიიდან გიორგი კოხრეიძის მენეჯმენტის პირობებში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების ან რედაქციიდან ჩამოცილების საქმეები სასამართლოში უკვე განიხილება.

„სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მიერ თეონა თურმანიძისთვის დისციპლინური სანქციის დაკისრება, მალხაზ რეხვიაშვილის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება და სოფიო ჟღენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სახის ცალმხრივი ცვლილება განხორციელდა შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. ამავდროულად, თეონა თურმანიძის მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრების გამო. ასევე, თეონა ხარაბაძის მიმართ ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის გამო…“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში, რომელიც ნინო ლომჯარიამ დღეს, 24 აგვისტოს გამოსცა.

მაგალითად, ახალი ამბების წამყვანი – თეონა თურმანიძე ტელევიზიას ფეისბუქკომენტარების გამო ჩამოაცილეს. სახალხო დამცველის წერილში ეს ფეისბუქსტატუსებიც მოხვდა, მათ შორის, 2020 წლის 10 აპრილის სტატუსი.

„პანდემია ეხება ყველას და ყველაფერს აჭარის ტელევიზიის გარდა. ქართული ოცნება ხდება აქ.. დირექტორის მოადგილე ახლა საინფორმაციოს უფროსი ხდება. ჟანრი კომედიური დრამა,“ – წერდა ჟურნალისტი თეონა თურმანიძე.

სახალხო დამცველს საკუთარი პოზიცია მიაწოდა აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, რომელმაც განმარტა, რომ ჟურნალისტის კონკრეტულ საქმიანობაზე დაშვების შეზღუდვა უკავშირდებოდა მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებს, მათ შორის, მაუწყებლის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ და საზოგადოებისთვის მოწოდებას, მოეთხოვათ მაუწყებლის გაუქმება. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ თეონა თურმანიძესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დარღვევად ფეისბუქსტატუსები მიიჩნია და ის ერთადერთი თანამშრომელი აღმოჩნდა ტელევიზიაში, რომელსაც „დისციპლინური გადაცდომის გამო კონკრეტულ საქმიანობაზე დაშვება შეეზღუდა“.

„თეონა თურმანიძემ საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია მაუწყებლის მხრიდან მისი საქმიანობის მარეგულირებელ პრინციპებთან შესაბამისობისა და არსებულ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც, გამოხატვის თავისუფლების ზემოთ განხილული სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად, ჟურნალისტის მხრიდან საჯარო კრიტიკის, როგორც გამოხატვის დაცული ფორმის ფარგლებში ექცევა. ამასთან, სწორედ ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაფიქსირებული მოსაზრებები დაედო საფუძვლად თეონა თურმანიძის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენებას და სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვების შეზღუდვას, მიეთითა რა, რომ ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ ანგარიშზე 2020 წლის 10 და 11 აპრილს გამოქვეყნებული განცხადებები/სტატუსები მიმართული იყო მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ.

ამდენად, მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის უფლებებში ჩარევას გამოხატვის თავისუფლებით დაცული აზრის გამო, რაც დისკრიმინაციისგან დაცულ ნიშანს – სხვა შეხედულებას უკავშირდება,“ – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

ფეისბუქში სტატუსების გამოქვეყნების გამო ასევე სხვა თანამშრომელი – „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელი, მალხაზ რეხვიაშვილი გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაუშვა.

თეონა თურმანიძის ეთერიდან ჩამოშორების შემდეგ, მალხაზ რეხვიაშვილი წერდა სტატუსებს ფეისბუქში, მათ შორის, ამას:

„…ან დაწყებითი განათლება არ აქვს მენეჯმენტს, ან ფეხებზე კიდიათ სამართალი, იციან რა, რომ სასამართლოში საქმე გაიწელება და კორონავირუსის გამო საზოგადოება ყურადღებას ამ ქმედებებს ახლა ვერ მიაქცევს. სარგებლობენ მოკლედ. მიდით, მოასწარით. გადაივლის პანდემია და მოიცლის ხალხი. ვის როდის შერჩენია მედიის კონტროლი, რომ თქვენ შეგრჩეთ?“ – წერდა მალხაზ რეხვიაშვილი.

„…იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ მალხაზ რეხვიაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, სახალხო დამცველი ვერ გაიზიარებს ზემოთ წარმოდგენილ მსჯელობას, რადგან მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მხოლოდ მაუწყებლის მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს განსაზღვრავს. რადგან ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი, ისევე, როგორც მის მიერ სხვა სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ პროგრამას, გაუგებარია, როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი აღნიშნულმა ქმედებებმა აჭარის ტელევიზიას კანონის აღსრულებაში და ამდენად, დააკარგვინოს განმცხადებელთან თანამშრომლობის ინტერესი…

რამდენადაც მალხაზ რეხვიაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული სადავო სტატუსის გამო არ არსებობდა მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, დაუშვებელია, ჟურნალისტის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის – სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება ჩაითვალოს გამართლებულ ღონისძიებად, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის წერილში.

სახალხო დამცველმა შეისწავლა სოფო ჟღენტის საქმეც. ის აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსია, თუმცა ტელევიზიაში დებულების შეცვლის შემდეგ, იგი საინფორმაციო სამსახურს მთლიანად ჩამოაშორეს.

სახალხო დამცველმა დისკრიმინაციად შეაფასა ასევე ჟურნალისტ თეონა ხარაბაძის შემთხვევაც – ეს ის ჟურნალისტია, რომელსაც უთხრეს, რომ ქუთაისში უნდა წასულიყო და იქ ემუშავა ისე, რომ სამუშაო პირობები არ ჰქონდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ თეონა ხარაბაძე აჭარის ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტი იყო 2020 წლის 25 მარტამდე, დღეს კი, მისი სამუშაო ქუთაისში მიმდინარე ერთეული შემთხვევების შესახებ წერილობითი მასალების დისტანციურად მომზადებაა. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თეონა ხარაბაძესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მხოლოდ ქუთაისის ახალი ამბების გაშუქებას.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შრომით ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერის ფორმალურად გამოყენებით თეონა ხარაბაძეს ერთმევა შესაძლებლობა, განახორციელოს ის სამუშაო, რომელიც აირჩია და რომელიც ორგანულადაა დაკავშირებული მისი, როგორც ჟურნალისტის უნარ-ჩვევების გამოვლენასთან. შრომითსამართლებრივი ურთიერთობებისთვის ფორმალური საფუძვლების გამოყენება დისკრიმინაციული მოტივების დასაფარად უცხო არ არის,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარია თავის წერილში წერს იმაზეც, რომ სოფო ჟღენტის და მალხაზ რეხვიაშვილის მიმართ დისკრიმინაციის დადგენის კუთხით სახალხო დამცველმა საქმისწარმობა შეაჩერა, რადგან მათ საქმეებს სასამართლო განიხილავს.

სახალხო დამცველის აჭარის ტელევიზიის დირექტორს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს, მათ შორის:

„ბათილად ცნოთ 2020 წლის 21 აპრილის №02-09/62 ბრძანება, რომლითაც თეონა თურმანიძის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სანქცია და დროებით შეეზღუდა სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვება; ბათილად ცნოთ 2020 წლის 11 მაისის №02-05/56 ბრძანება, რომლითაც მალხაზ რეხვიაშვილი გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან, ამასთან, იმსჯელოთ განმცხადებლის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მისი ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის და შესაბამისი განაცდურის ანაზღაურების (საჭიროების შემთხვევაში) ან მათთვის სათანადო კომპენსაციის გადახდის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს უფლებადარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას… ბათილად ცნოთ 2020 წლის 23 მარტის N02-26/865 კორესპონდენციაში ასახული გადაწყვეტილება, რომლითაც თეონა ხარაბაძეს ეცნობა, რეპორტიორის მოვალეობები განეხორციელებინა ქალაქ ქუთაისში და უზრუნველყოთ თეონა ხარაბაძე შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობით; მომავალში თავი შეიკავოთ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა წარმართოთ თანასწორობის პრინციპის დაცვით,“, – წერს სახალხო დამცველი.

___

ფოტო: ბათუმელების არქივი, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების აქცია

თანამედროვე რუსული სახელმწიფოს ოთხი ნიშანსვეტი: შეიცვლებიან ისინი?

ავტორი: დავით დარჩიაშვილი, აგვისტო 2020

ყოველივე 2005-2007 წლებში გამოკრისტალდა, თუმცა ზოგიერთი რუსი მკვლევარი რუსეთში ლევიათანის დაბრუნებას საბოლოოდ მაინც 2014 წელს უკავშირებს.[1] ჩვენ, საქართველოში სხვაგვარად ვგრძნობთ – ელცინის და პუტინის ეპოქათა გამიჯვნაც გვიჭირს. მაგრამ თუ ტექსტებს ავიღებთ ათვლის წერტილად, მე მაინც 2005 წლიდან დავიწყებდი თანამედროვე რუსული საგარეო/საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბებულ ოთხ ნიშანსვეტზე საუბარს. ესენია: რეალპოლიტიკა, „გრძელი სახელმწიფო“, ევრაზიანელობა და კრიმინალურობა. მივყვეთ თანამიმდევრულად.

ჯერ იყო და ვლადიმერ პუტინმა სსრკ-ს დანგრევა გეოპოლიტიკურ კატასტროფად მონათლა, შემდეგ მიუნხენის კონფერენციაზე დაზაფრა ნატოელები. სხვათა შორის, პუტინის „მიუნიხ სფიჩ’-ში ის არაა მთავარი, რომ მან ამა თუ იმ საერთაშორისო კონფლიქტისადმი ამერიკული მიდგომა გააკრიტიკა – ამას ნატოელი მოკავშირენიც დღენიადაგ აკეთებდნენ. არსებითი პუტინის წუხილია, რომ დემოკრატიის გავრცელების დასავლური დღის წესრიგის გამო никто не может спрятаться за международным правом как за каменной стеной.[2] არა, პუტინი არ ამბობდა, „კედლის“ მიღმა ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა; რომ მისთვის დემოკრატია მიუღებელია და უმცირესობათა უფლებების პატივისცემა – რაღაც გაუგონარი. მაგრამ როგორც ციტირებული გამოსვლის ზერელე კონტენტ-ანალიზითაც ჩანს, მისთვის აშშ, ინდოეთი, ირანი და, პირველ რიგში, რუსეთი, რეალპოლიტიკის ბილიარდის ბურთებია, რომელთა ტრაექტორიაში არავინ უნდა ჩაერიოს. რა ხდება მათ შიგნით, ეს, არსებითად, არავისი საქმე არ არის, რამეთუ არ არსებობს ადამიანის უფლებებზე საერთაშორისო ზრუნვა ერთი „ბურთის“ მიერ მეორეს „კალათში ჩაგდების“ გარეშე.

რაც შეეხება პატარა, ახლადგამოჩეკილ ბურთებს, ანუ პოსტკომუნისტურ ეროვნულ სახელმწიფოებს, მიუნხენში მყოფი პუტინი ვერაფერს და არაფერს იტყოდა მათი დემოკრატიული არჩევანის საწინააღმდეგოდ. აკი მან ისიც თქვა, რომ რუსეთმაც მრავალპარტიულობა აირჩია. მაგრამ, საერთაშორისო ურთიერთობების რეალისტურ-ნეორეალისტური თეორიები, რომელნიც სამყაროს ბილიარდის მაგიდად წარმოიდგენს, ქვეყნებს კი ბურთებად, პუტინისათვის მხოლოდ სნუკერსის ვარიანტშია მისაღები – ბილიარდის ბურთებს სხვადასხვა ფერი და კოეფიციენტი უნდა ჰქონდეთ და კალათში არასწორი ბურთი არ უნდა ჩააგდო. ხოდა მისთვის ყველა ქვეყანა-ბურთი, რომელიც რუსეთის ირგვლივაა, არასწორია – იმ გაგებით, რომ არავინ და არაფერმა, დიდი რუსული ბურთის უკითხავად, შიგნიდან თუ გარედან, მას ხელი (თუ „ბილიარდის ჯოხი“) არ უნდა ახლოს.

როგორც უპასუხა პუტინმა მიუნხენში გაჟღერებულ რეპლიკას – ახალ პოსტკომუნისტურ ქვეყნებს უნდათ ნატოში და ვინ და რატომ უნდა აუკრძალოსო –   расширение тем более военной инфраструктуры и приближение ее к нашим границам и демократический выбор отдельных государств между собой никак не связаны. И я бы попросил эти два понятия не путать.[3]

მაგრამ დავანებოთ თავი ბილიარდის ანალოგებს, სანამ საფლავში მორგენტაუ და კენეტ ვოლცი გადატრიალებულან: თუნდაც იმიტომ, რომ არა მგონია, პუტინს მათი კონცეფციები დაემუშავებინა. უფრო პირიქითაა – პუტინები არიან ვოლცისა და ვოლციანელთა დაკვირვების და განზოგადების ობიექტები. რაც შეეხება ოფიციალური რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის იდეოლოგემებს, როგორადაც ისინი თავად კრემლში იწარმოება, ასეთად, 2006 წლიდან „სუვერენული დემოკრატია“ წარმოჩინდა. 2019 წლისათვის კი – პუტინის არსებითად უვადო მმართველობის  მხარდამჭერი პლებისციტის წინმსწრებად – აღნიშნული კონცეფტი „გრძელი სახელმწიფოსა“ და „ღრმა ხალხის“ იდეოლოგემებით დაკონკრეტდა.

თავიდან ეს იყო შედარებით მორცხვი რეფრენი თუ ახსნა რუსული ტრადიციული ტერმინისა „Держава“, რომელიც ეტიმოლოგიურად მეფეთა ცერემონიალურ სფერო/ვაშლთანაა დაკავშირებული, შინაარსობრივად კი სახელმწიფოს ტოტალურობასთან. ანგაჟირებულ იდეოლოგთა შორის ადგილი დაიმკვიდრა სურკოვმა, პუტინის ადმინისტრაციის მუდამ ახალგაზრდა ჩინოსანმა. თავდაპირველად იგი ნაციონალისტური ახალგაზრდული მოძრაობა „Наши-ს“ წევრებს უხსნიდა, რომ სუვერენული დემოკრატია ისაა, რომლის შიდა საქმეებში ეუთო თუ სოროსი ვერ ჩაერევა. 2019 წელს კი სწორედ მან აუწყა სამყაროს, რომ პუტინი, ვითარცა ივანე მესამე, ახალი რუსული სახელმწიფოს დამფუძნებელია. ესაა „გრძელი სახელმწიფო“. მასში ბევრი ნაკლოვანებაა, იგი სამხედრო-პოლიციურია, მაგრამ არაა დასავლური ლიბერალური დემოკრატიებსავით თვალთმაქცი. საინტერესოა, რომ ამერიკისა თუ ევროპის დემოკრატიათა ფასადურობის საჩვენებლად, სადაც система сдержек и противовесов – динамическое равновесие низости, баланс жадности, гармония плутовства,[4] იგი, არსებითად, დასავლურსავე მემარცხენე-პოსტმოდერნისტულ დისკურსს იყენებდა, რომლის თანახმად დემოკრატიული ინსტიტუტები, ისევე როგორც საბაზრო ეკონომიკის მექანიზმები, მასების მანიპულაციის საშუალებებია. სამაგიეროდ, რუსეთი პატიოსანია, რამეთუ ნაკლიც და ღირსებაც შეუნიღბავია მასში:  Самые брутальные конструкции его (რუსული ძერჟავის დ.დ.) силового каркаса идут прямо по фасаду, не прикрытые какими-либо архитектурными излишествами. Бюрократия, даже когда хитрит, делает это не слишком тщательно, как бы исходя из того, что «все равно все всё понимают».[5]

ანუ, ამტკიცებს სურკოვი, რუსეთში არ არსებობს „ღრმა სახელმწიფო“ – ფინანსისტთა და სამხედროთა კორპორაცია, რომელიც დემოკრატიის საფარქვეშ მართავს ქვეყნებს. რუსეთში სახელმწიფო ზედაპირზეა, არ თვალთმაქცობს – იგია ნაციონალისტური „Держава“ და მას პუტინი მართავს. სამაგიეროდ, სურკოვისთვის, რომლის განათლება რუს მისტიკოსთა, ფრანგ პოსტ-მოდერნისტთა და ჰოლივუდის სერიალის „ბანქოს სახლის“ შორის გაიხლართა, არსებობს რუსი „ღრმა ხალხი“, რომელიც ელიტას მიწასთან აახლოვებს და რომელიც მარტო პირველ პირს ენდობა. В гордости ли никогда никем не покоренного народа тут дело, в желании ли спрямить пути правде либо в чем-то ином, трудно сказать, но это факт, и факт не новый.[6] მისტიკაა? ალბათ კი, მაგრამ ამ სტატიაში მაინც არ ჩანს, რა მენტალურ თუ კულტურულ მახასიათებლებს ფლობს ეს „ღრმა ხალხი“, ეთნორუსია იგი, თუ სხვაგვარი ნაზავი? ეს კითხვა აქტუალური უნდა იყოს სურკოვისთვისაც, რომელიც მამით ჩეჩენია.

აპელირება Держава-ზე, რომელსაც „ღრმა ხალხი“ ქმნის და შემდეგ ლიდერშია განივთებული, ძალზე წააგავს საუკუნის დამდეგის ფაშისტურ იდეოლოგიებს, რომელშიც ორი საწყისია – ნაციონალიზმი და ტოტალიტარიზმი, ანუ სახელმწიფოს პირველადობა, ინდივიდის გათქვეფა რაღაც საერთო სოციალურ-პოლიტიკურში და მისი მსახურება. ასეთი მიდგომა ამართლებს ლიდერისა თუ ადმინისტრაციული მანქანის ძალადობას პიროვნებაზე – მის ერთ მთავარ იდეურ მიზეზადაც ხდება.

პოსტკომუნისტურ სივრცეში ეს არაა მხოლოდ რუსეთისათვის დამახასიათებელი მოვლენა. რასაც ამ დღეებში ბელორუსში ვხედავთ, როგორც იქცევა ლუკაშენკო, თუ როგორც ექცევიან მისი ტონტონ-მაკუტები დემონსტრანტებს, სწორედ ამგვარ იდეოლოგიაში პოვებს სათავეს. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ლუკაშენკოს (მისი და არა ნებისმიერი სახის) ბელარუსი სწორედ რუსული პოლიტიკურ-იდეოლოგიური მემკვიდრეობის ნაწილია.

ბელორუსის ხსენება კარგი ხიდია რუსული საგარეო და საშინაო პოლიტიკების მესამე იდეურ საყრდენზე – ევრაზიელობაზე გადასასვლელად. რუს ერზე მსჯელობისას, სურკოვი არ ახსენებს ევრაზიელობის იდეას. ამისათვის მას ან კომპეტენცია არ ყოფნის, ან სხვა რუსი იდეოლოგის, დუგინის არანაკლებ მისტიკურ საუფლოში შეჭრას ერიდება. საერთოდ, რუსული ოფიციოზისათვის ეს სიტყვათაწყობა უცხო არაა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორმირება-პროპაგანდირება ამის დასტურია. მაგრამ ЕврАзЭс ოფიციალურ ტექსტებში შეიძლება ეკონომიკურ იმპერიალიზმად დავინახოთ, ან ზემოთნახსენები რეალპოლიტიკის გაგრძელებად. ევრაზიელობა კი – 20-ე საუკუნის 20-იანი წლების რუსი ემიგრანტებიდან დუგინამდე – სამყაროს ემოციური ხატებაა, რომელშიც ადამიანთა დიდი ჯგუფების მოტივაცია და თვითიდენტიფიკაცია კონტინენტების სპეციფიკით განპირობებული კულტურულ-სამეურნეო მახასიათებლებიდანაა ამოზრდილი და სათანადო პოლიტიკურ მოწყობას ითხოვს.

მსგავსი წიაღსვლები რუსეთში და ზოგჯერ მის მიღმაც თაობების განმავლობაში არსებობდა. როგორც თეოლოგი კახა კურტანიძე თავის ჯერ გამოუქვეყნებელ სტატიაში რიგ ავტორებზე დაყრდნობით გვიხსნის, დასავლური ფილოსოფიიდან რუსი მოაზროვნეების დიდი ნაწილი მონისტურ მსოფლაღქმას ირჩევდა, რაც ყველანაირი მოვლენების ერთ საფუძვლამდე დაყვანას გულისხმობდა. კურტანიძის მიერ მოხმობილი Aileen Kelly-ს ყურადსაღები აზრით „ამგვარ რწმენას, უფრო სწორედ რწმენის უკიდურეს ფორმას, რომელიც იწვევს დეჰუმანიზირებულ ხედვას ადამიანზე, როგორც მხოლოდ აბსტრაქტული ისტორიული იდეის ინსტრუმენტზე, მოაქვს კრიმინალური პოლიტიკური პრაქტიკა“.[7]

და აქ ჩნდება რუსული თვითაღქმის და თვითგამოხატვის ბოლო, მეოთხე სვეტი: კრიმინალი. ინტერნეტ სივრცეში საკმარისზე მეტია მასალა იმის თაობაზე, თუ როგორი ინტენსიური კრიმინალური კავშირებით იყო ზურგგამაგრებული რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი 90-იანი წლების დასაწყისიდან, კერძოდ, სანტ-პეტერბურგის მერიაში მუშაობის დროს. საუბარია პეტერბურგელი ბანდიტების, ფულის გერმანელი „მრეცხავებისა“ და რუსეთის სამოხელეო აპარატის ალიანსზე.[8] მერე, როცა პუტინი პრეზიდენტი გახდა, კრიმინალური წარსულის ჩაფარცხვა დაიწყო. ზოგიერთი ძველი პარტნიორი ციხეში აღმოჩნდა, ზოგიც – იმ ქვეყნად.

მაგრამ იყვნენ უფრო იღბლიანებიც, იმდროინდელ ბიზნეს-კრიმინალურ საქმეებში ჩართული სმირნოვი, ჩემიზოვი, ძმები როტენბერგები, სეჩინი, ზოლოტოვი… მათი ნაწილი პუტინის ბიზნესელიტის წევრად გადაიქცა, ზოგიც, პარალელურად ან გამორჩეულად, მაღალჩინოსნად. ასეთებია სეჩინი და ზოლოტოვი. ორივემ პეტერბურგის მერიასა თუ მის სიახლოვეს აიდგა ფეხი. ახლა ერთი სახელმწიფო კომპანია როსნეფტს შეფობს, მეორე გენერალია და ახლადშექმნილი როსგვარდიის სარდალი.

კრიმინალური წარსული ძნელად ქრება, ისევე, როგორც კგბ-ში ნამსახურეობა. მაგრამ ასეც რომ არ იყოს და პუტინიდან სეჩინამდე – ყველა განწმენდილად წარმოვიდგინოთ, ვიკილიქსის მასალებიც კმარა იმის დასანახად, რომ თანამედროვე კრემლი პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად ორგანიზებული დამნაშავეობის ქსელებს იყენებს. ერთ-ერთი კონფიდენციალური ცნობის თანახმად, რუსული მაფიის საქმეთა გამომძიებელი ესპანელი სამართალდამცავი თავის ანგარიშში წერდა, რომ მოსკოვის სტრატეგიაა კრიმინალთა ქსელების გამოყენება, როდესაც მთავრობას არ შეუძლია იმოქმედოს, რადგან მთავრობაა.[9]

რუსი ჟურნალისტი, „ლენსოვეტად“ წოდებული პეტერბურგის მაშინდელი საქალაქო საბჭოს წევრი ნიკოლაი ანდრუშენკო იხსენებს, რომ 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროინდელ გულახდილ საუბარში პუტინს აღმოხდა, ფულის კეთების დროაო.[10] ფული მისმა უახლოესმა გარემოცვამ მართლაც უკიდეგანოდ აკეთა და ბოროტი ენები ამბობენ, რომ მათ ანგარიშებზე არსებული მილიარდები პუტინისაცაა. ამ ფულის საწყისიც კრიმინალური იყო და დასასრულიც, პუტინის შემთხვევაში მაინც, რომლის რეალური ქონება აღურიცხავი და დაუბეგრავია. თუ ესაა მთავარი, მაშინ წინა სამი ნიშანსვეტი – გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური წიაღსვლები – მოწყვლადია პირად ინტერესთან შედარებით. თუმცა, კაცმა არ იცის – ადამიანს თვითგანცდისათვის იდეოლოგიაც ესაჭიროება და იგი ისეთია რუსეთში, როგორადაც აღწერა ვცადე.

მაგრამ არის სხვა რუსეთიც – მოგვწონს ამაზე საუბარი საქართველოში, თუ არა. დემოკრატია, ადამიანის უფლებები მთლად ლიტონი სიტყვები იქ არასოდეს ყოფილა. მედასავლეთეობა/западничество ასევე რუსული სპორტი იყო გერცენიდან ნემცოვამდე. ტრაგედია ისაა, რომ დღემდე გერცენებს დევნიან, ნემცოვებს კლავენ. იმედს ვიტოვებ, რამე ოდესმე შეიცვლება.

___

ფოტო დავით დარჩიაშვილის ფეისბუქგვერდიდან

[toggle title=”სქოლიო”]1] Медведев Сергей, Парк Крымского Периода,

[2] Выступление и дискуссия на Мюнхенской конференции по вопросам политики безопасности, 10 Февраля, 2007 года https://kremlin.ru/events/president/transcripts/24034

[3] იქვე

[4] Сурков В. Долгое Государство Путина, Независимая Газета, 11.02.2019 https://www.ng.ru/ideas/2019-02-11/5_7503_surkov.html

[5] იქვე

[6] Сурков В. Долгое Государство Путина, Независимая Газета, 11.02.2019 https://www.ng.ru/ideas/2019-02-11/5_7503_surkov.html

[7] კახა კურტანიძე, ევრაზიის კონცეფტის შემადგენლობისათვის“, აგვისტო, 2020

[8] იხ. მაგალითად დოკუმენტური ფილმი Путин и Тамбовская ОПГ https://www.youtube.com/watch?v=Z4dN7j3NlKM მასში პუტინის კრიმინალურ კავშირებზე საუბარი ცნობილ საგამოძიებო ჟურნალისტს, ვლადიმერ ივანიძისა და სხვა ავტორიტეტულ წყაროებს ეყრდნობა.

[9] Hardling, Luke, Wikileaks Cables: Russian Government Using Mafia for its Dirty Work, www.guardian.co.uk/world/2010/dec/01/wikileaks-cable-spain-russian-mafia

[10] Радио Свобода, Владимир Путин: Деньги надо делать, 31 июля 2015 г. https://www.svoboda.org/a/27163054.html[/toggle]

სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციები ყადაღას არ ექვემდებარება – ახალი დადგენილება

მთავრობის ახალი დადგენილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია ყადაღას არ ექვემდებარება. საუბარია პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე გაცემულ/გასაცემ 200 და 300-ლარიან დახმარებებზე, ასევე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე [200 ლარი]. ამ კომპენსაციებზე არც ინკასო ვრცელდება.

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ცვლილება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში 2020 წლის 21 აგვისტოს შეიტანა.

პროგრამას დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტები:

[checklist]

  • „დაევალოთ ყადაღისგან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ/ პასუხისმგებელ სუბიექტებს [აღსრულების ეროვნული ბიურო და კერძო აღმასრულებელი] ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების [კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)] მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის  უზრუნველყოფა“ [აღნიშნული „ვ“ პუნქტით ყადაღას არ ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება – ავტ.].
  • „დაევალოს შემოსავლების სამსახურს, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების [კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)] ფარგლებში არ გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები [საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალება/ყადაღა].“
  • „ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას [„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად] და  საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც დასაქმების სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსთვის/ პირისათვის სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.“.
  • ანალოგიური შინაარსის პუნქტი დაემატა ასევე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს: „ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი) არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.“.

[/checklist]

მთავრობის დადგენილება 2020 წლის 21 აგვისტოდან შევიდა ძალაში.

ამასთან, „პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის დანიშვნა არ იწვევს ამ პროგრამის ამოქმედებამდე კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით დანიშნული სხვა ფულადი და არაფულადი სოციალური დახმარებ(ებ)ის მიღების შეწყვეტას ან/და ამ საფუძვლებით სოციალური დახმარებ(ებ)ის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, მათი დანიშვნის უფლების შეზღუდვას“.

ასევე, „ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაცია არ გაითვალისწინება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.“

საქართველოში, ასევე თურქეთში თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია – 300 ლარი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად – 31 ივლისს დასრულდა. საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, 6 აგვისტოს განაცხადა, რომ კომპენსაციას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომლებიც პროგრამაში დარეგისტრირდნენ, თუმცა მათი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამის კრიტერიუმებს.

მშობლებს, 0-დან 18 წლამდე ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად კი, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე შეუძლიათ.

 

ბათუმში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს 21 საათიდან 25 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

სამშაბათს, 25 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი,
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო;

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი,
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო.

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსი; ტალღის სიმაღლე კი, 7-12 დმ (2-3 ბალი) იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 26 და 27 აგვისტოს, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

 

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა ბათუმში – 24 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევების წყაროები დადასტურებულია – სამი პირი კარანტინში იმყოფებოდა, ერთი კი, ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტი იყო. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს covid 19-ზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, 24 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 1421 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 1137, გარდაიცვალა – 17, კარანტინშია – 7005 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

17 გარდაცვლილი – ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი შატილის გზაზე

შს სამინისტროს ინფორმაციით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. 

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 12 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა შს სამინისტრომ ინფორმაცია გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ განაახლა.

___________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

ბათუმში ხინიკაძის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, ხინიკაძის 7 ნომერში მდებარე ორსართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

ბათუმის მერიის რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერმა, მამუკა ცხვარაძემ გვითხრა, რომ შემთხვევის ადგილიდან ერთ-ერთი აქ მცხოვრები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა.

„თავად ამბობდა არ ვარ დაშავებულიო, მაგრამ შეიძლება ვერ იგრძნოს ადამიანმა ამ დროს ტკივილი და გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა“,  – გვითხრა მამუკა ცხვარაძემ.

მისივე თქმით, ჩამოინგრა ორსართულიანი სახლის ამოშენებული აივანი.

ხინიკაძის 7-ში სამი ოჯახი ცხოვრობს, მათ მერია დროებით სასტუმროში გადაიყვანს.

„კომისია შეისწავლის რა შეიძლება და მანამდე გადავიყვანთ ჯერ სასტუმროში, შემდეგ ბინას ვიქირავებთ და დანარჩენი გაირკვევა საკითხის შესწავლის შემდეგ“, – გვითხრა მამუკა ცხვარაძემ.

__________

ფოტოზე: სახლი ხინიკაძის ქუჩაზე

 

მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, გარდაცვლილია12 მოქალაქე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსთან ახლოს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შს სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტეროტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის, გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება. 

„ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ“, – აცხადებს შს სამინისტრო. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დაზიანებული სახლები და გზები – თურქეთი წყალდიდობის შემდეგ [ფოტო]

23 აგვისტოს თურქეთში, გირსუნის პროვინციაში, წვიმას წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა.

ბოლო ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი – ჟანდარმი, ხოლო 11 პირი დაკარგულად ითვლება. წყალდიდობამ და მეწყრულმა პროცესებმა დააზიანა სახლები და ქუჩები.

წყალდიდობა თურქეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.EPA/
ANADOLU AGENCY
წყალდიდობა თურქეთში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.EPA/
ANADOLU AGENCY

 

ბათუმიდან გასასვლელ გზაზე ეტაპობრივად დაიწყო ავტომანქანების გადაადგილება – მერია

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმიდან გასასვლელ გზაზე, სადაც დღეს, 23 აგვისტოს, მოძრაობა შეფერხებული იყო, ეტაპობრივად დაიწყო ტრანსპორტის გადაადგილება.

რაც შეეხება ბათუმში, ჩაქვის მხრიდან შემოსასვლელ გზას, მერიის ცნობით, ამ გზაზე მსუბუქი ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდება.

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა, ამ დრომდე ქალაქში შეფერხებული იყო მოძრაობა.

_________

ძლიერი წვიმა ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

 

სახელმწიფო გრანტი მასწავლებლების მომზადების პროგრამაზე 2020-2021 წლისთვის

2020-2021 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების მოსამზადებლად წელს სახელმწიფო 1 964 250 ლარს დახარჯავს. წინა სასწავლო წლისთვის ანალოგიური გრანტის მოცულობა 1 845 000 ლარი იყო.

პროგრამა/საგანი და გრანტის მაქსიმალური ოდენობა:

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა განსაზღვრონ არა უმეტეს ამ ცხრილში მოცემული გრანტის ოდენობის შესაბამისად.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა მთავრობამ 21 აგვისტოს დაამტკიცა.

„თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წელს პროგრამულ დაფინანსებას, ამ კუთხით 10 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ჯამში 12 723 750 ლარს მიიღებს:

რომელ პროგრამებზე დაუფინანსებენ სტუდენტებს სწავლას სრულად – მინისტრის ბრძანება

კარანტინი ეხება იმ უცხოელ ვიზიტორს, ვინც საქართველოდან სხვა ქვეყანაში დისტანციურად მუშაობს

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას.

აღნიშნულმა პირებმა საქართველოში შემოსვლის მიზნით უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა სპეციალურ ელექტონულ პროგრამაში. პირები საქართველოს  ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.

ასეთი ერთობლივი ბრძანება ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ზემოთ აღნიშნული სამინისტროები, ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მხარეს.

მთავრობის 21 აგვისტოს დადგენილებით, აღნიშნული ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ადმინისტრირებას განახორციელებენ ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

ამავე დადგენილებით, ის უცხოელი, რომელიც მიიღებს ნებართვას და საქართველოში შემოვა, დისტანციურად სხვა ქვეყანაში საქმიანობის მიზნით:

„ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი, ხოლო 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ  საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება;

ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.“

ელექტრონულ განაცხადს ავსებენ ასევე ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ბიზნესსაქმიანობისთვის/საქმიანი ვიზიტით ჩამოდიან, თუმცა ისინი საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან.

ამ თემაზე ვრცლად:

საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა

 

ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა – არავინ დაშავებულა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის ყოფილ მეურნეობაში მცხოვრებ ირაკლი კახიძის საცხოვრებელ სახლს დღეს, 23 აგვისტოს, მეხი დაეცა. ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად კახიძის ოჯახის წევრები არ დაშავებულან.“

სოფელ ხელვაჩაურში კი (ზანაქიძეების დასახლებაში) უხვი ნალექის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა მოქალაქე ბადრი გურგენიძის საცხოვრებელ სახლთან. ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე გასულია ხელვაჩაურის სახანძრო -სამაშველო ეკიპაჟი.

დღეს დილიდან ბათუმსა და აჭარის სანაპირო ზოლში გადაუღებლად წვიმს.

მუნიციპალიტეტებიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის [16:10 სთ] უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.

________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ძლიერი წვიმა ბათუმში – დაიტბორა რამდენიმე ქუჩა

ნადირობისას მოსაკრებლის ქვითრის ქონა სავალდებულო აღარაა

გადამფრენ ფრინველებზე მონადირეებს ყოველი ნადირობის დროს მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დედნის ქონის ვალდებულება აღარ აქვთ.

ახალი წესით, მონადირე ვალდებულია ნადირობამდე გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი, თუმცა, მხოლოდ გადახდიდან შვიდი დღის [გადახდის დღის ჩათვლით] განმავლობაში ნადირობის შემთხვევაშია ვალდებულია თან იქონიოს გადახდის დოკუმენტი მატერიალური ფორმით [ქვითრის დედანი], ან იგივე დოკუმენტი ელექტრონული ფორმითაც. გადახდიდან 7 დღის შემდეგ კი, მონადირე არ არის ვალდებული იქონიოს ქვითარი ნადირობის დროს.

ადრე არსებული წესით, მონადირეს გადახდის ქვითრის დედანი აუცილებლად თან უნდა ჰქონოდა.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, მონადირემ ნადირობისას ის ყოველთვის თან უნდა იქონიოს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ახალი ბრძანებით შეიცვალა მოსაკრებლის გადახდის ქვითრის, ასე ვთქვათ, მოქმედების ვადაც. თუ მოსაკრებელს მონადირე იხდიდა ამა თუ იმ წელში, მას ამ ქვითრით შეეძლო ენადირა იმავე წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.

ახალი ბრძანებით კი, მონადირეს, რომელიც იხდის მოსაკრებელს, შეუძლია გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე ინადიროს, თუმცა, თუ მოსაკრებელი წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) აქვს გადახდილი, მას შეუძლია ინადიროს მხოლოდ გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში.

ანუ, თუ მოსაკრებელი მონადირეს 2020 წლის იანვარ-თებერვალში ჰქონდა გადახდილი, მან რომ 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის პირველ მარტამდე პერიოდში ინადიროს, ეს მოსაკრებელი ხელახლა უნდა გადაიხადოს.

ნადირობის მოსაკრებელი 10 ლარია.

ნადირობის სეზონი წელს 22 აგვისტოს გაიხსნა:

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

წყალდიდობის გამო თურქეთში 4 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულია 11 პირი – მედია

თურქული მედიის ცნობით, ძლიერ წვიმას თურქეთში, გირსუნის პროვინციაში წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების თანახმად, რომელსაც თურქული მედია ავრცელებს, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი – ჟანდარმი, ხოლო 11 პირი დაკარგულად ითვლება.

ამჟამად თურქეთის 118 სოფლისკენ გზა დაკეტილია.

ძლიერი წვიმა თურქეთის შავი ზღვის პროვინციებში გუშინ, 22 აგვისტოს დაიწყო.

___________

ფოტო: aa.com.tr

 

ავტობუსები ბათუმში აბაშიძის გამზირზე – წვიმის გამო სახანძროში 44 ზარი შევიდა

ძლიერი წვიმის გამო დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ქალაქში ამ წუთებშიც [13:15სთ.] გადაუღებლად წვიმს.

წყალდიდობის გამო რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში ვერ გადაადგილდება. ავტობუსები პრობლემურ ადგილებს გვერდს პარალელური ქუჩებით უვლიან.

ბათუმი. 23.08.2020

ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 13:00 საათის მდგომარეობით მათთან 44 ზარი შევიდა. „ყველა გამოძახებაზე ვრეაგირებთ, თუმცა თუ წვიმამ არ გადაიღო, პრობლემები ალბათ მოიმატებს. ძირითადად პრობლემურია ურეხის დასახლება. დატბორილია გზები, ეზოები და ზოგან სარდაფები.“ – გვითხრეს სახანძროში.

ქალაქში „მობილიზებულია ბათუმის წყლის სპეციალური ტექნიკა, სანიაღვრე ქსელის ჯგუფები და ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები“ – აცხადებენ „ბათუმის წყალში“.

სინოპტიკოსების პროგნოზით ბათუმში ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს.

_________________

ამ თემაზე:

ძლიერი წვიმა ბათუმში – დაიტბორა რამდენიმე ქუჩა

ძლიერი წვიმა ბათუმში – დაიტბორა რამდენიმე ქუჩა

ბათუმში ძლიერი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, განსაკუთრებული პრობლემა უხვი ნალექის გამო შეიქმნა ლერმონტოვის, სელიმ ხიმშიაშვილის, შავშეთის ქუჩებზე და გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში.

ძლიერი წვიმა ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

„სანიაღვრე არხები წინასწარ იყო გაწმენდილი და გახსნილი, მაგრამ იმ რაოდენობით ნალექი მოვიდა, რომ შეუძლებელი იყო ჭებს გაეტარებინა. მობილიზებულია ბათუმის წყლის სპეციალური ტექნიკა, სანიაღვრე ქსელის ჯგუფები და ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები. ჭების თავზე დაგროვილმა ნაგავმა რომ არ შექმნას გამტარუნარიანობის მხრივ პრობლემა, ვასუფთავებთ.  24 საათის განმავლობაში ჯგუფები მობილიზებული გვეყოლება იმ ადგილებში, სადაც პრობლემაა“ – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

ორი დღეა ბათუმში ძლიერად წვიმს. „ბათუმის წყლის“ ცნობით, სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გახსნილია.

__________

ძლიერი წვიმა ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა

23 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1411 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1132  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 6848 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

დააკავეს ძიძა, რომელიც 2 წლის ბავშვზე ძალადობდა – შს სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა – შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორშაბათიდან ბათუმში შედარებით გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, კვირას, 23 აგვისტოს ბათუმში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ელჭექით. 23 აგვისტოს 21 საათიდან 24 აგვისტოს 21 საათამდე კი, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, ღამით ზოგან ძლიერი, ელჭექი.

ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ღამით დროგამოშვებით ზოგან 17-22მ/წმ-ში.

ორშაბათს, 24 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 –25 გრადუსი,
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო;

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი,
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო.

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსი; ტალღის სიმაღლე: 15-20 დმ (4-5 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 25 და 26 აგვისტოს, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი / ფოტო ბათუმელების „არქივიდან“

 

აჭარაში კორონავირუსი 3 მძღოლს დაუდასტურდა – 23 აგვისტოს მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 915 ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პირს. სამივე საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ერთი მათგანი საქართველოს, ხოლო ორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

ქართველი მძღოლი მკურნალობისთვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში გადავიდა, ხოლო თურქეთის ერთმა მოქალაქემ თავისი სურვილით საქართველო უკვე დატოვა და მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს, მეორე მძღოლი კი ტრანსპორტირების პროცესშია.

23 აგვისტოს დილის 11:00 საათის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში სულ, კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა:

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა

„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე იქნება. პროფესიით ეკონომისტი ტიტე აროშიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრია 2018 წლიდან. მას აქვს როგორც საჯარო სტრუქტურებში, ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა წლებში ის ბათუმის მერიაშიც მუშაობდა. მინისტრის პოსტზე ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დანიშნა.

ქობულეთში „ოცნება“ უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრს, ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარეს, ცოტნე ანანიძეს წარადგენს. ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში ის „ოცნების“ საარჩევნო სიით შევიდა, მანამდე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

ხულოს, შუახევისა, ქედის და ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატი კი შუახევის მოქმედი მერი, ფრიდონ ფუტკარაძე იქნება. ყოფილი პოლიციელი ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის არჩეული მერია, მანამდე ის – 2017 წლიდან მერად არჩევამდე, იყო ჯერ შს სამინიტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსი.

ინფორმაცია კანდიდატების შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა.

ქობულეთის მერია გმობს ფალავანდიშვილის მიერ „სექსუალური განათლების“ გრაფიტის დაზიანებას

რა რეაგირებას მოახდენს ქობულეთის მერია ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე გურამ ფალავანდიშვილის მიერ გრაფიტის დაზიანებაზე? – ამ კითხვის პასუხად ქობულეთის მერიაში განმარტეს, რომ ფაქტს შეისწავლიან შენობის მესაკუთრესთან ერთად. ამის გარდა, მერიაში განაცხადეს, რომ გმობენ გურამ ფალავანდიშვილის საქციელს – ეგრეთ წოდებული „სექსუალური განათლების“ გრაფიტის დაზიანებას.

გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში გრაფიტის დაზიანების პროცესი თანმხლებ პირთან ერთად გადაიღო, სადაც მერს პედოფილი უწოდა. ის ამბობს, რომ ამ გრაფიტის განთავსებაზე ნებართვის გამცემი მერი საცემია.

მერიის განმარტებაში, რომელიც წერილობით მოგვაწოდეს, ნათქვამია: „მიმდინარე წელს ორგანიზაცია „GrlsWave”-ის მიერ მერიაში შემოვიდა წერილი, სადაც ორგანიზაციის წევრები განმარტავდნენ, რომ ახორციელებდნენ პროექტს – „შეიმეცნე“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ისინი ენერგო-პრო ჯორჯიას ქვესადგურების მოხატვას გეგმავდნენ. ორგანიზაციამ წარმოადგინა ესკიზები და ნებართვა ენერგო-პრო ჯორჯიასგან.

აღვნიშნავთ, რომ ფაქტის შესწავლა [გრაფიტის დაზიანება] მოხდება ენერგო-პრო ჯორჯიასთან ერთად. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვგმობთ მსგავს საქციელს. ჩვენს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.“

ამ თემაზე:

ქობულეთის მერს ცემით ემუქრება კაცი, რომელმაც „სექსუალური განათლების“ გრაფიტი დააზიანა

ქობულეთის მერს ცემით ემუქრება კაცი, რომელმაც „სექსუალური განათლების“ გრაფიტი დააზიანა

“სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული. ეს არის კომპლექსი, რომელშიც შედის ღირებულებები, უფლებები, სამედიცინო საკითხები, უსაფრთხოება, ემოციები”, – გრაფიტი ამ შინაარსის წარწერით ქობულეთში გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა. გურამ ფალავანდიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც  სხვადასხვა ძალადობრივ აქციებში ხშირად მონაწილეობს.

გრაფიტი ამ თემაზე ქობულეთში, ასევე ბათუმში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სექსუალური განათლების შესახებ „ქალთა ფონდისა“ და „GrlzWave“-ის საერთო პროექტის, „შეიმეცნეს“ ფარგლებში მომზადდა. პროექტის მიზანი სექსუალური განათლებისა და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

გურამ ფალავანდიშვილმა გრაფიტის დაზიანების პროცესი თანმხლებთან ერთად გადაიღო, სადაც მერს პედოფილი უწოდა. ის ამბობს, რომ ამ გრაფიტის განთავსებაზე ნებართვის გამცემი მერი საცემია.

„ეს ქალაქის მერის პრობლემაა, გარყვნილებაში ყოფნა და საზოგადოების გაფუჭება, ეს არის სამარცხვინო. ეს ქალაქის მერი უნდა გადადგეს თავის ბინძურ უფროსებთან ერთად და ბინძურ პარტიასთან ერთად.

მე წავშალე და დამაჯარიმონ და მაგათ დავაჯარიმებთ თავიანთ კაბინეტებში, ეგ უნდა იჯდეს ციხეში, ამის დამწერი არის პედოფილი, ვინც სკოლაში სექსს ასწავლის, გინდ მერი იყოს კოლგოტკებიანი და გინდ განათლების მინისტრი, არი პედოფილი. და შენ თუ აჭარელი კაცი ხარ, შენ ხარ პედოფილი, ვინც ამას წერ ქალაქის მერია… ამას შენს შვილებს უვრცელებ ძმაო, ქობულეთელი კაცი ხარ, კაი საცემი ხარ. “

პროექტის ავტორის ორგანიზაცია „GrlzWave“- ის თანადამფუძნებლის, თეკლა თევდორაშვილის თქმით, ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. ამ დროისთვის ორგანიზაცია უკვე შეეხმიანა ნებართვის გამცემს – ქობულეთის მერიას და ისინი ერთად შეჯერდებიან, თუ როგორ მსვლელობას მისცემენ ვანდალიზმს:

„ეს გრაფიტები, რომლის მიზანიც არის ქალთა რეპროპდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, განვათავსეთ ივნისის ბოლოს. ეს იყო შეთანხმებული, შენობის მფლობელთან – „ენერგო პრო ჯორჯიასთან“, შესაბამისად მერიასთანაც. გრაფიტის მოსამზადებლად დაიხარჯა რესურსი, როგორც ორგანიზაციის, ასევე მხატვრის და პროექტში ჩართული სხვა ადამიანების. ეს არის სხვისი ქონების დაზიანება. რამდენადაც ვიცი, შესაძლოა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ჯერ არ მიგვიმართია სამართალდამცავი უწყებისთვის, გვქონდა მხოლოდ მერიასთან კომუნიკაცია და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ზომებს“.

ორგანიზაცია GrlzWave“-ის მიერ შესრულებული გრაფიტი ბათუმში

გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები პერიოდულად  მართავენ ძალადობრივ აქციებს, სადაც ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ მოწოდებებს აჟღერებენ. მას აქვს შექმნილი ე.წ. ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, რომელიც სკოლაში რელიგიის გაკვეთილების დაბრუნებას და სექსუალურ განათლებაზე საუბრის აკრძალვას მოითხოვს.

“ის თანხას არ ითხოვდა” – ადვოკატი ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაზე

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ვახტან ტაბიძეს. ის 19 წლის სტუდენტია და ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. სასამართლო პროცესი დღეს, 22 აგვისტოს გაიმართა.

საუბარია 19 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე – ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე არსებული სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავს დაესხნენ. დაზარალებულმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას თავს დაესხა ერთი კაცი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა. მან გვითხრა, რომ თავში ჩაარტყეს აგური, ან რკინის საგანი.

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა ვერსია, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულმა სავალუტო ჯიხურის მფლობელს სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა ქვა, მაგრამ მან დაზარალებულის მხრიდან აქტიური წინააღმდეგობის გაწევის გამო, ფულის წაღება ვერ შეძლო.

20 აგვისტოს შსს-მ ამ საქმეზე ვახტანგ ტაბიძე დააკავა. ბრალდებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შვილია. „მე თვითონ მივიყვანე. თუ დამნაშავეა, უნდა იჯდეს ციხეში. ჩემი შვილია, იმის შვილია, მე არ ვიცი. კანონის წინაშე ყველა ერთნაირი ვართ“, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ.

ბესიკ ტაბიძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. პროცესს ბრალდებულის ახლობლები ესწრებოდნენ, მაგრამ მათ მედიასთან საუბარი არ ისურვეს.

“გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენ კარგი არაფერი გელით…” – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და განმარტა, რომ ყაჩაღობის მუხლი სასჯელის სახით მხოლოდ თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე.

პროკურორმა აკაკი მოქერიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ დანაშაული ხალხმრავალ ადგილას, დღისით ჩაიდინეს. ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ კი ყურადღება ბრალდებულის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე გაამახვილა, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტზე, რომელიც სამართალდამცველებს გუშინ ჩაუტარებიათ.

“მას თანხა არ მოუთხოვია სავალუტო ჯიხურში… როცა ადამიანი საყაჩაღოდ მიდის, ის აგურის ნატეხით არ წავა. ელემენტარულად სათამაშო პისტოლეტი 5-10 ლარი ღირს. ეს გასარკვევია, რა მოტივით შევიდა ის სავალუტო ჯიხურში,” – აღნიშნა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

ადვოკატმა მოსამართლეს ბრალდებულის გათავისუფლება 5 ათასი ლარის სანაცვლოდ სთხოვა.

თავად ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე დუმილი არჩია. ამ დრომდე დუმილს არჩევს ადვოკატიც, რომელსაც სასამართლო პროცესის შემდეგ ვკითხეთ, რა მოტივაციაზე საუბრობდა ის მოსამართლესთან.

ადვოკატი ამ საქმეში მხოლოდ ყაჩაღობის მოტივს გამორიცხავს.

“სამწუხაროა, რომ 19 წლის ასაკში ასეთი ქმედების ჩადენას გედავებათ გამოძიება…” – აღნიშნა მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღების დროს. მან ადვოკატს უთხრა, რომ ბრალდებულის ინიციატივით პოლიციაში გამოცხადება კარგია, მაგრამ გამოძიებას ამ დრომდე არ ამოუღია, მაგალითად, მაისური, რომელიც იმ დღეს ბრალდებულს ეცვა.

“არსებობს მტკიცებულებების შესაძლო მიჩქმალვის საფრთხე,” – დასძინა მოსამართლემ.

შსს: თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ბათუმში ხუთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული და სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინიტროს განმარტებით გამოძიებით დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებულმა გ.გ-მ, კ.ს- სთან და გ.გ -სთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, 1983 წელს დაბადებულ ო.კ – ს, თბილისში, მისსავე დროებით საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ცივი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ო.კ.-ს და ა.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ქობულეთში ჩაიყვანეს.

ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ო.კ. გადასვეს გ.ქ.-ს მფლობელობაში არსებულ ავტომობილში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც აღნიშნული ავტომობილი სამართალდამცველებმა შეაჩერეს. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი – გ.გ., კ.ს., გ.ქ. და გ.გ. ადგილზე, ხოლო ა.მ. რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა ორივე ავტომობილი, ასევე დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Exit mobile version