ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ნადირობისას მოსაკრებლის ქვითრის ქონა სავალდებულო აღარაა

23.08.2020 • 2506
ნადირობისას მოსაკრებლის ქვითრის ქონა სავალდებულო აღარაა

გადამფრენ ფრინველებზე მონადირეებს ყოველი ნადირობის დროს მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დედნის ქონის ვალდებულება აღარ აქვთ.

ახალი წესით, მონადირე ვალდებულია ნადირობამდე გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი, თუმცა, მხოლოდ გადახდიდან შვიდი დღის [გადახდის დღის ჩათვლით] განმავლობაში ნადირობის შემთხვევაშია ვალდებულია თან იქონიოს გადახდის დოკუმენტი მატერიალური ფორმით [ქვითრის დედანი], ან იგივე დოკუმენტი ელექტრონული ფორმითაც. გადახდიდან 7 დღის შემდეგ კი, მონადირე არ არის ვალდებული იქონიოს ქვითარი ნადირობის დროს.

ადრე არსებული წესით, მონადირეს გადახდის ქვითრის დედანი აუცილებლად თან უნდა ჰქონოდა.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, მონადირემ ნადირობისას ის ყოველთვის თან უნდა იქონიოს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ახალი ბრძანებით შეიცვალა მოსაკრებლის გადახდის ქვითრის, ასე ვთქვათ, მოქმედების ვადაც. თუ მოსაკრებელს მონადირე იხდიდა ამა თუ იმ წელში, მას ამ ქვითრით შეეძლო ენადირა იმავე წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.

ახალი ბრძანებით კი, მონადირეს, რომელიც იხდის მოსაკრებელს, შეუძლია გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე ინადიროს, თუმცა, თუ მოსაკრებელი წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) აქვს გადახდილი, მას შეუძლია ინადიროს მხოლოდ გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში.

ანუ, თუ მოსაკრებელი მონადირეს 2020 წლის იანვარ-თებერვალში ჰქონდა გადახდილი, მან რომ 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის პირველ მარტამდე პერიოდში ინადიროს, ეს მოსაკრებელი ხელახლა უნდა გადაიხადოს.

ნადირობის მოსაკრებელი 10 ლარია.

ნადირობის სეზონი წელს 22 აგვისტოს გაიხსნა:

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: