ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციები ყადაღას არ ექვემდებარება – ახალი დადგენილება

24.08.2020 • 2170
სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციები ყადაღას არ ექვემდებარება – ახალი დადგენილება

მთავრობის ახალი დადგენილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია ყადაღას არ ექვემდებარება. საუბარია პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე გაცემულ/გასაცემ 200 და 300-ლარიან დახმარებებზე, ასევე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე [200 ლარი]. ამ კომპენსაციებზე არც ინკასო ვრცელდება.

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ცვლილება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში 2020 წლის 21 აგვისტოს შეიტანა.

პროგრამას დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტები:

[checklist]

  • „დაევალოთ ყადაღისგან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ/ პასუხისმგებელ სუბიექტებს [აღსრულების ეროვნული ბიურო და კერძო აღმასრულებელი] ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების [კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)] მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის  უზრუნველყოფა“ [აღნიშნული „ვ“ პუნქტით ყადაღას არ ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება – ავტ.].
  • „დაევალოს შემოსავლების სამსახურს, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების [კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)] ფარგლებში არ გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები [საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალება/ყადაღა].“
  • „ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას [„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად] და  საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც დასაქმების სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსთვის/ პირისათვის სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.“.
  • ანალოგიური შინაარსის პუნქტი დაემატა ასევე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს: „ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი) არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.“.

[/checklist]

მთავრობის დადგენილება 2020 წლის 21 აგვისტოდან შევიდა ძალაში.

ამასთან, „პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის დანიშვნა არ იწვევს ამ პროგრამის ამოქმედებამდე კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით დანიშნული სხვა ფულადი და არაფულადი სოციალური დახმარებ(ებ)ის მიღების შეწყვეტას ან/და ამ საფუძვლებით სოციალური დახმარებ(ებ)ის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, მათი დანიშვნის უფლების შეზღუდვას“.

ასევე, „ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაცია არ გაითვალისწინება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.“

საქართველოში, ასევე თურქეთში თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია – 300 ლარი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად – 31 ივლისს დასრულდა. საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, 6 აგვისტოს განაცხადა, რომ კომპენსაციას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომლებიც პროგრამაში დარეგისტრირდნენ, თუმცა მათი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამის კრიტერიუმებს.

მშობლებს, 0-დან 18 წლამდე ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად კი, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე შეუძლიათ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: