მთავარი,სიახლეები

კარანტინი ეხება იმ უცხოელ ვიზიტორს, ვინც საქართველოდან სხვა ქვეყანაში დისტანციურად მუშაობს

23.08.2020
კარანტინი ეხება იმ უცხოელ ვიზიტორს, ვინც საქართველოდან სხვა ქვეყანაში დისტანციურად მუშაობს

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას.

აღნიშნულმა პირებმა საქართველოში შემოსვლის მიზნით უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა სპეციალურ ელექტონულ პროგრამაში. პირები საქართველოს  ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.

ასეთი ერთობლივი ბრძანება ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ზემოთ აღნიშნული სამინისტროები, ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მხარეს.

მთავრობის 21 აგვისტოს დადგენილებით, აღნიშნული ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ადმინისტრირებას განახორციელებენ ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

ამავე დადგენილებით, ის უცხოელი, რომელიც მიიღებს ნებართვას და საქართველოში შემოვა, დისტანციურად სხვა ქვეყანაში საქმიანობის მიზნით:

„ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი, ხოლო 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ  საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება;

ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.“

ელექტრონულ განაცხადს ავსებენ ასევე ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ბიზნესსაქმიანობისთვის/საქმიანი ვიზიტით ჩამოდიან, თუმცა ისინი საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან.

ამ თემაზე ვრცლად:

საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: