კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ძველი სახლის ახალი ელფერი [ფოტო]

24.08.2020 • 2978
ძველი სახლის ახალი ელფერი [ფოტო]

ბათუმში რეაბილიტირებული ისტორიული სახლები დაგარწმუნებთ, რომ მცდარია წარმოდგენა – „ძველ სახლებს არაფერი ეშველება და გამოსავალი მხოლოდ მათი დანგრევაა“. ბევრი უიმედო მესაკუთრეც კი, რომელიც უკვე რეაბილიტირებულ სახლში ცხოვრობს ან ხელოსნებს, რომლებიც მისი სახლის რეაბილიტაციას ეს-ესაა ასრულებენ, დეტალებზე ეკინკლავება და სახლის სილამაზით იწონებს თავს. ახლა მათი უმეტესობა იმაზე დარდობს, რომ „ირგვლივ მაღალსართულიანები წამოასკუპეს“.

რეაბილიტირებული სახლების გარშემო, ძველ სახლებში მცხოვრები ოჯახები უკვე იმის გარკვევას ცდილობენ, როგორ მოახერხონ, რომ საკუთარი სახლებიც მოხვდნენ როგორმე რეაბილიტაციის პროგრამაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება ბათუმში, დემეტრე თავდადებულის #35-ში. ეს სახლი რეაბილიტაციის დაწყებამდე სავალალო მდგომარეობაში იყო და არავის წარმოედგინა, რომ მისი აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა. აქ მცხოვრებლებთან მოსალაპარაკებლად, სახლის დანგრევის სურვილით, რამდენიმე ინვესტორიც კი იყო მისული.

სახლის სარეაბილიტაციო პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება, ფასადი უკვე აღდგენილია.

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის #35

დემეტრე თავდადებულის #35-ში მდებარე ორსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აგებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 765 ათას 297 ლარი იხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გასული წლის თებერვალში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 944 809 ლარი იყო.

დემეტრე თავდადებულის #35-ში მცხოვრები დები, მანანა და მადონა ბოლქვაძეები ამაყობენ, რომ სახლის შენარჩუნება შეძლეს.

შუშაბანდი ისე იყო დაზიანებული, რომ სახლის ამ ნაწილში შესვლა ეშინოდათ, რისი აღდგენაც მოხერხდა. რაც ვერ აღადგინეს, მსგავსი მასალით ჩაანაცვლეს.

დემეტრე თავდადებულის #35 – მთავარი სადარბაზოს შესასვლელი, რეაბილიტირებული კარი

ამ სახლში ოთახების უმეტესობაში ჭერი თაბაშირის ფიგურებითაა მორთული

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის #35 – მთავარი სადარბაზო ქუჩის მხრიდან, სახლს აქვს ასევე შესასვლელი ეზოს მხრიდან

გადაბეჭდვის წესი