მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

თანამედროვე რუსული სახელმწიფოს ოთხი ნიშანსვეტი: შეიცვლებიან ისინი?

24.08.2020 • 1567
თანამედროვე რუსული სახელმწიფოს ოთხი ნიშანსვეტი: შეიცვლებიან ისინი?

ავტორი: დავით დარჩიაშვილი, აგვისტო 2020

ყოველივე 2005-2007 წლებში გამოკრისტალდა, თუმცა ზოგიერთი რუსი მკვლევარი რუსეთში ლევიათანის დაბრუნებას საბოლოოდ მაინც 2014 წელს უკავშირებს.[1] ჩვენ, საქართველოში სხვაგვარად ვგრძნობთ – ელცინის და პუტინის ეპოქათა გამიჯვნაც გვიჭირს. მაგრამ თუ ტექსტებს ავიღებთ ათვლის წერტილად, მე მაინც 2005 წლიდან დავიწყებდი თანამედროვე რუსული საგარეო/საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბებულ ოთხ ნიშანსვეტზე საუბარს. ესენია: რეალპოლიტიკა, „გრძელი სახელმწიფო“, ევრაზიანელობა და კრიმინალურობა. მივყვეთ თანამიმდევრულად.

ჯერ იყო და ვლადიმერ პუტინმა სსრკ-ს დანგრევა გეოპოლიტიკურ კატასტროფად მონათლა, შემდეგ მიუნხენის კონფერენციაზე დაზაფრა ნატოელები. სხვათა შორის, პუტინის „მიუნიხ სფიჩ’-ში ის არაა მთავარი, რომ მან ამა თუ იმ საერთაშორისო კონფლიქტისადმი ამერიკული მიდგომა გააკრიტიკა – ამას ნატოელი მოკავშირენიც დღენიადაგ აკეთებდნენ. არსებითი პუტინის წუხილია, რომ დემოკრატიის გავრცელების დასავლური დღის წესრიგის გამო никто не может спрятаться за международным правом как за каменной стеной.[2] არა, პუტინი არ ამბობდა, „კედლის“ მიღმა ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა; რომ მისთვის დემოკრატია მიუღებელია და უმცირესობათა უფლებების პატივისცემა – რაღაც გაუგონარი. მაგრამ როგორც ციტირებული გამოსვლის ზერელე კონტენტ-ანალიზითაც ჩანს, მისთვის აშშ, ინდოეთი, ირანი და, პირველ რიგში, რუსეთი, რეალპოლიტიკის ბილიარდის ბურთებია, რომელთა ტრაექტორიაში არავინ უნდა ჩაერიოს. რა ხდება მათ შიგნით, ეს, არსებითად, არავისი საქმე არ არის, რამეთუ არ არსებობს ადამიანის უფლებებზე საერთაშორისო ზრუნვა ერთი „ბურთის“ მიერ მეორეს „კალათში ჩაგდების“ გარეშე.

რაც შეეხება პატარა, ახლადგამოჩეკილ ბურთებს, ანუ პოსტკომუნისტურ ეროვნულ სახელმწიფოებს, მიუნხენში მყოფი პუტინი ვერაფერს და არაფერს იტყოდა მათი დემოკრატიული არჩევანის საწინააღმდეგოდ. აკი მან ისიც თქვა, რომ რუსეთმაც მრავალპარტიულობა აირჩია. მაგრამ, საერთაშორისო ურთიერთობების რეალისტურ-ნეორეალისტური თეორიები, რომელნიც სამყაროს ბილიარდის მაგიდად წარმოიდგენს, ქვეყნებს კი ბურთებად, პუტინისათვის მხოლოდ სნუკერსის ვარიანტშია მისაღები – ბილიარდის ბურთებს სხვადასხვა ფერი და კოეფიციენტი უნდა ჰქონდეთ და კალათში არასწორი ბურთი არ უნდა ჩააგდო. ხოდა მისთვის ყველა ქვეყანა-ბურთი, რომელიც რუსეთის ირგვლივაა, არასწორია – იმ გაგებით, რომ არავინ და არაფერმა, დიდი რუსული ბურთის უკითხავად, შიგნიდან თუ გარედან, მას ხელი (თუ „ბილიარდის ჯოხი“) არ უნდა ახლოს.

როგორც უპასუხა პუტინმა მიუნხენში გაჟღერებულ რეპლიკას – ახალ პოსტკომუნისტურ ქვეყნებს უნდათ ნატოში და ვინ და რატომ უნდა აუკრძალოსო –   расширение тем более военной инфраструктуры и приближение ее к нашим границам и демократический выбор отдельных государств между собой никак не связаны. И я бы попросил эти два понятия не путать.[3]

მაგრამ დავანებოთ თავი ბილიარდის ანალოგებს, სანამ საფლავში მორგენტაუ და კენეტ ვოლცი გადატრიალებულან: თუნდაც იმიტომ, რომ არა მგონია, პუტინს მათი კონცეფციები დაემუშავებინა. უფრო პირიქითაა – პუტინები არიან ვოლცისა და ვოლციანელთა დაკვირვების და განზოგადების ობიექტები. რაც შეეხება ოფიციალური რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის იდეოლოგემებს, როგორადაც ისინი თავად კრემლში იწარმოება, ასეთად, 2006 წლიდან „სუვერენული დემოკრატია“ წარმოჩინდა. 2019 წლისათვის კი – პუტინის არსებითად უვადო მმართველობის  მხარდამჭერი პლებისციტის წინმსწრებად – აღნიშნული კონცეფტი „გრძელი სახელმწიფოსა“ და „ღრმა ხალხის“ იდეოლოგემებით დაკონკრეტდა.

თავიდან ეს იყო შედარებით მორცხვი რეფრენი თუ ახსნა რუსული ტრადიციული ტერმინისა „Держава“, რომელიც ეტიმოლოგიურად მეფეთა ცერემონიალურ სფერო/ვაშლთანაა დაკავშირებული, შინაარსობრივად კი სახელმწიფოს ტოტალურობასთან. ანგაჟირებულ იდეოლოგთა შორის ადგილი დაიმკვიდრა სურკოვმა, პუტინის ადმინისტრაციის მუდამ ახალგაზრდა ჩინოსანმა. თავდაპირველად იგი ნაციონალისტური ახალგაზრდული მოძრაობა „Наши-ს“ წევრებს უხსნიდა, რომ სუვერენული დემოკრატია ისაა, რომლის შიდა საქმეებში ეუთო თუ სოროსი ვერ ჩაერევა. 2019 წელს კი სწორედ მან აუწყა სამყაროს, რომ პუტინი, ვითარცა ივანე მესამე, ახალი რუსული სახელმწიფოს დამფუძნებელია. ესაა „გრძელი სახელმწიფო“. მასში ბევრი ნაკლოვანებაა, იგი სამხედრო-პოლიციურია, მაგრამ არაა დასავლური ლიბერალური დემოკრატიებსავით თვალთმაქცი. საინტერესოა, რომ ამერიკისა თუ ევროპის დემოკრატიათა ფასადურობის საჩვენებლად, სადაც система сдержек и противовесов – динамическое равновесие низости, баланс жадности, гармония плутовства,[4] იგი, არსებითად, დასავლურსავე მემარცხენე-პოსტმოდერნისტულ დისკურსს იყენებდა, რომლის თანახმად დემოკრატიული ინსტიტუტები, ისევე როგორც საბაზრო ეკონომიკის მექანიზმები, მასების მანიპულაციის საშუალებებია. სამაგიეროდ, რუსეთი პატიოსანია, რამეთუ ნაკლიც და ღირსებაც შეუნიღბავია მასში:  Самые брутальные конструкции его (რუსული ძერჟავის დ.დ.) силового каркаса идут прямо по фасаду, не прикрытые какими-либо архитектурными излишествами. Бюрократия, даже когда хитрит, делает это не слишком тщательно, как бы исходя из того, что «все равно все всё понимают».[5]

ანუ, ამტკიცებს სურკოვი, რუსეთში არ არსებობს „ღრმა სახელმწიფო“ – ფინანსისტთა და სამხედროთა კორპორაცია, რომელიც დემოკრატიის საფარქვეშ მართავს ქვეყნებს. რუსეთში სახელმწიფო ზედაპირზეა, არ თვალთმაქცობს – იგია ნაციონალისტური „Держава“ და მას პუტინი მართავს. სამაგიეროდ, სურკოვისთვის, რომლის განათლება რუს მისტიკოსთა, ფრანგ პოსტ-მოდერნისტთა და ჰოლივუდის სერიალის „ბანქოს სახლის“ შორის გაიხლართა, არსებობს რუსი „ღრმა ხალხი“, რომელიც ელიტას მიწასთან აახლოვებს და რომელიც მარტო პირველ პირს ენდობა. В гордости ли никогда никем не покоренного народа тут дело, в желании ли спрямить пути правде либо в чем-то ином, трудно сказать, но это факт, и факт не новый.[6] მისტიკაა? ალბათ კი, მაგრამ ამ სტატიაში მაინც არ ჩანს, რა მენტალურ თუ კულტურულ მახასიათებლებს ფლობს ეს „ღრმა ხალხი“, ეთნორუსია იგი, თუ სხვაგვარი ნაზავი? ეს კითხვა აქტუალური უნდა იყოს სურკოვისთვისაც, რომელიც მამით ჩეჩენია.

აპელირება Держава-ზე, რომელსაც „ღრმა ხალხი“ ქმნის და შემდეგ ლიდერშია განივთებული, ძალზე წააგავს საუკუნის დამდეგის ფაშისტურ იდეოლოგიებს, რომელშიც ორი საწყისია – ნაციონალიზმი და ტოტალიტარიზმი, ანუ სახელმწიფოს პირველადობა, ინდივიდის გათქვეფა რაღაც საერთო სოციალურ-პოლიტიკურში და მისი მსახურება. ასეთი მიდგომა ამართლებს ლიდერისა თუ ადმინისტრაციული მანქანის ძალადობას პიროვნებაზე – მის ერთ მთავარ იდეურ მიზეზადაც ხდება.

პოსტკომუნისტურ სივრცეში ეს არაა მხოლოდ რუსეთისათვის დამახასიათებელი მოვლენა. რასაც ამ დღეებში ბელორუსში ვხედავთ, როგორც იქცევა ლუკაშენკო, თუ როგორც ექცევიან მისი ტონტონ-მაკუტები დემონსტრანტებს, სწორედ ამგვარ იდეოლოგიაში პოვებს სათავეს. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ლუკაშენკოს (მისი და არა ნებისმიერი სახის) ბელარუსი სწორედ რუსული პოლიტიკურ-იდეოლოგიური მემკვიდრეობის ნაწილია.

ბელორუსის ხსენება კარგი ხიდია რუსული საგარეო და საშინაო პოლიტიკების მესამე იდეურ საყრდენზე – ევრაზიელობაზე გადასასვლელად. რუს ერზე მსჯელობისას, სურკოვი არ ახსენებს ევრაზიელობის იდეას. ამისათვის მას ან კომპეტენცია არ ყოფნის, ან სხვა რუსი იდეოლოგის, დუგინის არანაკლებ მისტიკურ საუფლოში შეჭრას ერიდება. საერთოდ, რუსული ოფიციოზისათვის ეს სიტყვათაწყობა უცხო არაა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორმირება-პროპაგანდირება ამის დასტურია. მაგრამ ЕврАзЭс ოფიციალურ ტექსტებში შეიძლება ეკონომიკურ იმპერიალიზმად დავინახოთ, ან ზემოთნახსენები რეალპოლიტიკის გაგრძელებად. ევრაზიელობა კი – 20-ე საუკუნის 20-იანი წლების რუსი ემიგრანტებიდან დუგინამდე – სამყაროს ემოციური ხატებაა, რომელშიც ადამიანთა დიდი ჯგუფების მოტივაცია და თვითიდენტიფიკაცია კონტინენტების სპეციფიკით განპირობებული კულტურულ-სამეურნეო მახასიათებლებიდანაა ამოზრდილი და სათანადო პოლიტიკურ მოწყობას ითხოვს.

მსგავსი წიაღსვლები რუსეთში და ზოგჯერ მის მიღმაც თაობების განმავლობაში არსებობდა. როგორც თეოლოგი კახა კურტანიძე თავის ჯერ გამოუქვეყნებელ სტატიაში რიგ ავტორებზე დაყრდნობით გვიხსნის, დასავლური ფილოსოფიიდან რუსი მოაზროვნეების დიდი ნაწილი მონისტურ მსოფლაღქმას ირჩევდა, რაც ყველანაირი მოვლენების ერთ საფუძვლამდე დაყვანას გულისხმობდა. კურტანიძის მიერ მოხმობილი Aileen Kelly-ს ყურადსაღები აზრით „ამგვარ რწმენას, უფრო სწორედ რწმენის უკიდურეს ფორმას, რომელიც იწვევს დეჰუმანიზირებულ ხედვას ადამიანზე, როგორც მხოლოდ აბსტრაქტული ისტორიული იდეის ინსტრუმენტზე, მოაქვს კრიმინალური პოლიტიკური პრაქტიკა“.[7]

და აქ ჩნდება რუსული თვითაღქმის და თვითგამოხატვის ბოლო, მეოთხე სვეტი: კრიმინალი. ინტერნეტ სივრცეში საკმარისზე მეტია მასალა იმის თაობაზე, თუ როგორი ინტენსიური კრიმინალური კავშირებით იყო ზურგგამაგრებული რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი 90-იანი წლების დასაწყისიდან, კერძოდ, სანტ-პეტერბურგის მერიაში მუშაობის დროს. საუბარია პეტერბურგელი ბანდიტების, ფულის გერმანელი „მრეცხავებისა“ და რუსეთის სამოხელეო აპარატის ალიანსზე.[8] მერე, როცა პუტინი პრეზიდენტი გახდა, კრიმინალური წარსულის ჩაფარცხვა დაიწყო. ზოგიერთი ძველი პარტნიორი ციხეში აღმოჩნდა, ზოგიც – იმ ქვეყნად.

მაგრამ იყვნენ უფრო იღბლიანებიც, იმდროინდელ ბიზნეს-კრიმინალურ საქმეებში ჩართული სმირნოვი, ჩემიზოვი, ძმები როტენბერგები, სეჩინი, ზოლოტოვი… მათი ნაწილი პუტინის ბიზნესელიტის წევრად გადაიქცა, ზოგიც, პარალელურად ან გამორჩეულად, მაღალჩინოსნად. ასეთებია სეჩინი და ზოლოტოვი. ორივემ პეტერბურგის მერიასა თუ მის სიახლოვეს აიდგა ფეხი. ახლა ერთი სახელმწიფო კომპანია როსნეფტს შეფობს, მეორე გენერალია და ახლადშექმნილი როსგვარდიის სარდალი.

კრიმინალური წარსული ძნელად ქრება, ისევე, როგორც კგბ-ში ნამსახურეობა. მაგრამ ასეც რომ არ იყოს და პუტინიდან სეჩინამდე – ყველა განწმენდილად წარმოვიდგინოთ, ვიკილიქსის მასალებიც კმარა იმის დასანახად, რომ თანამედროვე კრემლი პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად ორგანიზებული დამნაშავეობის ქსელებს იყენებს. ერთ-ერთი კონფიდენციალური ცნობის თანახმად, რუსული მაფიის საქმეთა გამომძიებელი ესპანელი სამართალდამცავი თავის ანგარიშში წერდა, რომ მოსკოვის სტრატეგიაა კრიმინალთა ქსელების გამოყენება, როდესაც მთავრობას არ შეუძლია იმოქმედოს, რადგან მთავრობაა.[9]

რუსი ჟურნალისტი, „ლენსოვეტად“ წოდებული პეტერბურგის მაშინდელი საქალაქო საბჭოს წევრი ნიკოლაი ანდრუშენკო იხსენებს, რომ 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროინდელ გულახდილ საუბარში პუტინს აღმოხდა, ფულის კეთების დროაო.[10] ფული მისმა უახლოესმა გარემოცვამ მართლაც უკიდეგანოდ აკეთა და ბოროტი ენები ამბობენ, რომ მათ ანგარიშებზე არსებული მილიარდები პუტინისაცაა. ამ ფულის საწყისიც კრიმინალური იყო და დასასრულიც, პუტინის შემთხვევაში მაინც, რომლის რეალური ქონება აღურიცხავი და დაუბეგრავია. თუ ესაა მთავარი, მაშინ წინა სამი ნიშანსვეტი – გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური წიაღსვლები – მოწყვლადია პირად ინტერესთან შედარებით. თუმცა, კაცმა არ იცის – ადამიანს თვითგანცდისათვის იდეოლოგიაც ესაჭიროება და იგი ისეთია რუსეთში, როგორადაც აღწერა ვცადე.

მაგრამ არის სხვა რუსეთიც – მოგვწონს ამაზე საუბარი საქართველოში, თუ არა. დემოკრატია, ადამიანის უფლებები მთლად ლიტონი სიტყვები იქ არასოდეს ყოფილა. მედასავლეთეობა/западничество ასევე რუსული სპორტი იყო გერცენიდან ნემცოვამდე. ტრაგედია ისაა, რომ დღემდე გერცენებს დევნიან, ნემცოვებს კლავენ. იმედს ვიტოვებ, რამე ოდესმე შეიცვლება.

___

ფოტო დავით დარჩიაშვილის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: