მთავარი,სიახლეები

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პარიზში 148 გულშემატკივარი დააკავეს

24.08.2020
ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პარიზში 148 გულშემატკივარი დააკავეს

გუშინ, 23 აგვისტოს, ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბმა პსჟ-მ მიუნხენის ბაიერნთან 0:1 წააგო, პარიზში ფანებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია 148 ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ელისეს მინდვრებთან მდებარე ბარში, რომელიც მთლიანად სავსე იყო, მიუთითებდნენ ფეხბურთის ფანებს, გამოეყენებინათ პირბადე.

ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ნიღბის უგულებელყოფის შემთხვევაში შეკრებებისას შესაბამისი ზომები იქნებოდა გამოყენებული.

იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში არ იმართებოდა, ქუჩებში მაინც იყო მოსალოდნელი გულშემატკივართა სიმრავლე. დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად ელისეს მინდვრების მიმდებარედ პარიზის პოლიციის პრეფექტურამ თითქმის ისეთივე ძალისხმევა გასწია, როგორც ახალი წლის ღამეს: მობილიზებული იყო 3000 პოლიციელი, სამხედროები და 300 მეხანძრე.

ელისეს მინდვრების მიმდებარედ თამაშის დღეს, კვირას, 23 აგვისტოს დილიდანვე სავალდებულო იყო პირბადის ტარება, ფუნქციონირებდა კორონავირუსის საპროფილაქტიკო პუნქტები და უსასყიდლოდ დარიგდა დაახლოებით 20 000 პირბადე.

ელისეს მინდვრებთან ახლომდებარე პარკ დე პრენსის ირგვლივ, სადაც ფეხბურთის 5000-მდე გულშემატკივარი ადევნებდა თვალს მატჩს, თავდაპირველად ყველაფერი მშვიდად იყო, თუმცა მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, როგორც გამოცემა Le Figaro წერს, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სცადა პოლიციელებისთვის წაერთმია აღჭურვილობა, თავს დაესხნენ ასევე მათ ავტომობილებს.
სოციალურ ქსელ ტვიტერზე მოვლენების ამსახველი ვიდეომასალები ვრცელდება.

საფეხბურთო კლუბ პსჟ-ს წაგების შემდეგ გაბრაზებულმა გულშემატკივარმა მატჩის ბოლოს დაწვა ნაგვის ყუთები, ელისეს მინდვრებთან ახლოს დაწვეს რამდენიმე ავტომობილი, დაამტვრიეს მოაჯირები და ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ახალგაზრდების ჯგუფი მინის ბოთლებს და გამარჯვების აღსანიშნად მომზადებულ ფეიერვერკებს ესროდნენ პოლიციელებს.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და თავდაცვისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები გამოიყენა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: