კორონავირუსით კიდევ 16 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 998 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1 892.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8855, ხოლო PCR ტესტით – 7 412.

საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 530 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 3 302, ხოლო კოვიდ-სასტუმროში მკურნალობს 444 პაციენტი.

23 იანვრის დილის მდგომარეობით, stopcov.ge-ს სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 252 972, ხოლო კორონავირუსისგან 3038 პირი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა სულ 240 629 პაციენტი.

23 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ბათუმის რესპუბლიკურში 1 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ თემაზე:

ვაქცინაციის გეგმა: ვინ, როდის და სად აიცრება კორონავირუსზე საქართველოში

აჭარაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 23 იანვარი

23 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ბათუმის რესპუბლიკურში 1 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 87 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია – 34 166 პაციენტი; კლინიკა დატოვა 18-მა პაციენტმა.

აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) 2 პაციენტი.

აჭარის კლინიკებში მკურნალობს – 254 პაციენტი; კოვიდ სასტუმროში – 159, ონლაინ კლინიკაში – 468.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1 892.

საქართველოში დამტკიცებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრას:

ევროპარლამენტის 21 წევრი სხვადასხვა პარტიიდან და ქვეყნიდან, ევროკავშირის სტრუქტურების  მაღალჩინოსნებს ერთობლივი ღია წერილით მიმართავს და სთხოვს, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს ვაქცინაციის პროცესში დაეხმაროს:

„აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია“ – განაცხადა 22 იანვარს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. აქედან გამომდინარე აჭარაში 1-ლი თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება.

კონკრეტულად რა შეზღუდვები უქმდება და რა რჩება აჭარასა და მთლიანად ქვეყანაში, ნახეთ ამ ბმულზე:

1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

კიბერდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, „1996 წელს დაბადებული, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე – შ.ს. დააკავეს. მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.“

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ინტერნეტბანკის ვებგვერდის მსგავსი, ყალბი – ე.წ. ფიშერული გვერდი შექმნა, რომლის ბმული ამავე ბანკის მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა და აღნიშნული მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემებს მისი შეცდომაში შეყვანის გზით დაეუფლა. შ.ს.-მ უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ბანკის მომხმარებლის ინტერნეტბანკის პროფილში და მისი საბანკო ანგარიშიდან 9500 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადმოირიცხა. ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის ნაწილი – 6084 ლარი ბანკომატის მეშვეობით გაანაღდა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ს. თბილისში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები და საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო“ – აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვებასა და უკანონოდ გამოყენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

არ ვეთანხმები, მაგრამ მხარი დავუჭირე – ვინ დათანხმდა ბულვარში 16 სართულის აშენებას

„ბულვარში მშენებლობის ნებართვის გაცემა თავიდანვე შეცდომა იყო“ – ასე აფასებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრი ერმილე მესხია „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობას ბათუმის ბულვარში. თუმცა პროექტში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის ნაცვლად 16-სართულიანი შენობა აშენდება და სასტუმროს ფუნქციაც ექნება, მან გუშინ, 21 იანვარს, მხარი დაუჭირა.

ერმილე მესხია იმ საბჭოშია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ან ამ სტატუსის მქონე ტერიტორიაზე დაგეგმილ სამუშაოებზე ნებართვას განიხილავს და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორს დადებით ან უარყოფით რეკომენდაციას აძლევს. საბჭოს წევრები საკუთარ პოზიციას სხდომაზე აფიქსირებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სააგენტოს დირექტორი იღებს.

საბჭო რვაწევრიანია და 21 იანვარს მხოლოდ სამი წევრი იყო წინააღმდეგი ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ პროექტის სიმაღლე 16 სართულამდე გაზრდილიყო. საბჭოს ხუთმა წევრმა კი თანხმობა დააფიქსირა.

ყოფილი ბალნეოლოგიური კლინიკის ადგილზე ახალი ოთხსართულიანი ცენტრის [სამი მიწისქვეშა სართულით] მშენებლობის 2018 წლის ნებართვა და იმ დროისთვის შეთანხმებულ პროეტში ცვლილებაზე ხელოვნებათმცოდნის დასკვნა დაასახელა ერმილე მესხიამ საკუთარი გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად და იქვე დააფიქსირა, რომ მაშინ შეცდომა დაუშვეს:

„დიახ, მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ ბულვარში გაჩნდეს ახალი ნაგებობები, ბულვარი უნდა შენარჩუნდეს. შეცდომა საბჭომ დაუშვა წლების წინ, როცა დადებითი რეკომენდაცია გასცა იქ მშენებლობის დაწყებაზე. მე რომ ვყოფილიყავი იმ საბჭოში, მხარს არ დავუჭერდი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ აშენების ნებართვა გაცემულია წლების წინ, ესაა ჩემი გადაწყვეტილების პირველი არგუმენტი. მეორე არის არქიტექტორების და ხელოვნებათმცოდნეების დასკვნა პროექტზე.“

ერმილე მესხია

კითხვაზე, შეცდომად შეფასებული პროექტის სიმაღლის გაზრდაზე თანხმობა ამ შეცდომას კიდევ უფრო ხომ არ დაამძიმებს? – ერმილე მესხია პასუხობს, რომ შესაძლოა ასეც იყოს:

„მაგრამ პროექტის ავტორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ისეთი კონცეფცია წარმოადგინეს, რომ ჩვენ ეს მივიღეთ. მე კვალიფიციური დასაბუთება მოვისმინე“.

ამ ყველაფერთან ერთად, როგორც ერმილე მესხია ამბობს, იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ ბულვარის, როგორც ძეგლის დასაცავად, სააგენტოს ძეგლების საბჭოს, მის თოთოეულ წევრს თავისი წილი პასუხიმგებლობა აქვს.

პროექტში ცვლილებას მხარი დაუჭირა არიტექტორმა ზვიად ბუჭულაძემაც. ის ამბობს, რომ ზოგადად ბულვარში განაშენიანების წინააღმდეგია და თუ მშენებლობა უკვე დაწყებულია დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს რამდენი სართული აშენდება:

„ოთხსართულიანი იქნება თუ ათსართულიანი, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაშინ საერთოდ არ უნდა აეშენებინათ. შერატონი რომ ხუთსართულიანი ყოფილიყო, რაიმე განსხვავება იქნებოდა? –  თუ უნდა აშენდეს, შესაძლოა ზოგიერთ სივრცეს მაღალი  შენობა უფრო მოუხდეს, ვიდრე დაბალი. თუ ორ და სამ სართულიან სახლებს შორის ჩადგამ ათსართულიანს, გასაგებია, რომ მიუღებელია, მაგრამ იმ სივრცეში მაღლივი კორპუსის გაჩენა შესაძლებელია. საერთოდ თუ არ გაჩნდება – ეს უკვე სხვა საკითხია.“

ზვიად ბურჭულაძე

წლების წინ ბულვარის დასაცავად გამართულ აქციებში მონაწილეობდა ამჟამად ძეგლების საბჭოს წევრი კაკო ძნელაძეც. ის ბულვარში დაგეგმილ სამშენებლო პროეტებს ეწინააღმდეგებოდა, აქციებზე სიტყვითაც გამოდიოდა, აცხადებდა, რომ ბულვარმა ძველი იერსახე უნდა შეინარჩუნოს, გადაწყვეტილებებს უწუნებდა მაშინდელ ხელისუფლებას და აკრიტიკებდა.

კაკო ძნელაძე დღეს თავად არის ხელისუფლების წარმომადგენელი და ამბობს, რომ პატარა ქალაქის იდეოლოგიაში არ უნდა ჩავიკეტოთ:

„მოდი ნუ ჩავიკეტებით ერთი პატარა ქალაქის, ბათუმის იდეოლოგიაში, ამას ცუდი გაგებით ვამბობ, მე კარგ გაგებაზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ აქ არის უკვე ერთმანეთის ლანძღვა. ცოტა გარეთაც გავიხედოთ, უამრავ მაგალითს მოგიყვანთ დიდ და პატარა ქალაქებში ასეთი არქიტექტურული დომინანტის დაშვების და გამართლების, რაზეც შემდგომში ბევრი უსაუბრიათ, რომ მოსწონთ… მე მხარი დაუჭერე იმ პროექტის გაგრძელებას, რომელიც იქნება ამბასადორის კაფეს არქიტერქტურის გაგრძელება, როგორც მე ვხედავ სუბიექტურად, ეს იქნება ერთი  მთლიანი დომინირებული მაღალი ხარისხის არქიტეტურა ბათუმში, ჩემი მხრიდან ლობირება გამორიცხულია, ამას გულწრფელად ვამბობ.“

კაკო ძნელაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ ადგილას მდებარე ძველი შენობა წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში დროს გაიყიდა: „და ამას თავისი წერტილის დასმა ესაჭიროება, მაგრამ გემოვნებით.“

კაკო ძნელაძე ამბობს იმასაც, რომ „ამბასადორისთვის“ თანხმობა სხვებისთვის მაგალითის მიმცემი ვერ გახდება: „ეს ბოლოა და ბულვარს არავითარი სხვა საშიშროება არ ემუქრება“.

კაკო ძნელაძე

პროექტს მხარი დაუჭირა ასევე საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გეოლოგმა ტარიელ ტუსკიამ. იგი ამბობს, რომ იქ გრუნტი კარგია, გეოლოგიური თვალსაზრისით პროექტი უსაფრთხოა და მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს:

„ეს ტერიტორია თითქმის მთლიანად დაფარულია მაღლივი კორპუსებით, მე ასე ვიცი, რომ ბულვარის გარე ტერიტორიაა და ჟღენტის ექვსი ნომერია, ქუჩის მისამართი აქვს, გარდა ამისა რაც უფრო მეტი ლამაზი და სრულყოფილი შენობა ექნება ბათუმს, ისედაც ლამაზია და კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ჩემი შეხედულებით, ეს შენობა მაგ უბანს, სადაც ოთხი მაღლივი შენობაა, დიდ პრობლემას ვერ შეუქმნის.“

„ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა  საბჭოს თავმჯდომარის ვიქტორია ბერიძის ჩაწერა, მან არ გვიპასუხა.

პროექტში ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს ორგანიზაცია „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა, ამავე ორგანიზაციის წევრმა შოთა გუჯაბიძემ და  ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილმა.

ნინო ინაიშვილისა და შოთა გუჯაბიძის არგუმენტები, თუ რატომ არ უჭერენ ისინი მხარს „ამბასადორის“ პროექტში ცვლილებას, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

რაც შეეხება სოფიო ჭანიშვილს, მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „ თავს შევიკავებ ამჯერად“ – გვითხრა მან.

საგულისხმოა, რომ საბჭოში  სოფიო ჭანიშვილის, როგორც ხელოვნებათმცოდნის მოსაზრება გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მას აქვს შესაბამისი განათლება, თუმცა როგორც ჩანს, ამავე საბჭოს წევრები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, კომპანია „ამბასადორ ბათუმის“ მიერ წარდგენილი დასკვნების ავტორ ხელოვნებათმცოდნეს უფრო დიდ ნდობას უცხადებენ,  ვიდრე საკუთარ კოლეგას.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სოფიო ჭანიშვილი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომელი იყო და ის მიიწვიეს, როგორც კომპეტენტური ხელოვნებათმცოდნე.

„ამბასადორ ბათუმის“ დაკვეთით დასკვნა მოამზადა ხელოვნებათმცოდნეებმა გიორგი პატაშურმა და ვალერი კალანდაძემ.

„SOS! ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია“ – ხვალ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

შაბათს, 23 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია გაიმართება. ბათუმელები ბათუმის ბულვარის დასაცავად აპირებენ შეკრებას.

21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა ერთ-ერთ კომპანიას ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება მისცა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები თუ გავლენიანი ფინანსური ჯგუფები ცდილობენ ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთის მითვისებას ან შესყიდვას, ბულვარი სამშენებლო პოლიგონად რომ გადააქციონ. ასე იყო 2011 წელს, როდესაც ვითომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების მოტივით ბულვარში მრავალსართულიანი მშენებლობა მძლავრი პროტესტის მიუხედავად წამოიწყეს.

მაშინ მოქალაქეები დამარცხდნენ – ვიდეო თუ ფოტომასალის მტკიცებულებების მიუხედავად სასამართლომაც კი თქვა, რომ ბულვარში ხეები არ იჩეხებოდა.

დღეს ამ შენობაში სასტუმროა.

ბულვარში მორიგი ჩარევის სურვილი ხელისუფლებას 2015 წელს ჰქონდა, როდესაც ბულვარის მესამე ხეივნის გაუქმება და აქ სასეირნო ზოლში სავაჭრო ობიექტების განთავსება გადაწყვიტა.

მძლავრი პროტესტის შედეგად მოქალაქეებმა ამ შემთხვევაში გაიმარჯვეს – ხელისუფლებამ თავის განზრახვაზე უარი თქვა.

ამჯერად სასტუმროს აშენება ბულვარში, ბალნეოლოგიური ცენტრითა და პარკინგით, „ამბასადორი ბათუმს“ სურს. კომპანიამ გასულ ანუ საარჩევნო წელს სცადა აქ 15-სართულიან მშენებლობაზე ნებართვის მოპოვება. მას უარი უთხრეს.

სამაგიეროდ 2021 წელს, პირველივე სამუშაო კვირას, ამ კომპანიას მისცეს ბულვარში უკვე 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება… და ბათუმელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, ასე თანდათან ხდება ცალკეული ადამიანის კერძო საკუთრება.

ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, დაცულია კანონით. მის დაცვაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. თუმცა, ნებართვა 16-სართულიანი სასტუმროს აშენებაზე სწორედ ამ ორგანიზაციამ გასცა. მისმა ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა გუშინ განაცხადა, რომ ის თანახმაა ბულვარში აშენდეს 16 სართულის სიმაღლის შენობა.

ბულვარის დამცველები თვლიან, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა თუ სხვა გავლენიანი ბიზნესმენებისგან ბათუმის ბულვარი ამჯერადაც თავად უნდა დაიცვან.

ბათუმის ბულვარში სასტუმროს აშენებას რუსეთის მოქალაქეები აპირებენ. შპს „ამბასადორი ბათუმის“ 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

„ბათუმელები კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შეჩერდეს ისტორიული ბულვარის ნგრევა და ჩაბეტონება. 23 იანვარს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ბათუმის ბულვარში კოლონადებთან!“ – წერენ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან შეიკრიბებიან.

ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური საქართველოში დაბრუნებას ითხოვს – სააგენტო

ომანში, სატვირთო გემზე მყოფი 15 მეზღვაური საქართველოში დაბრუნებას ითხოვს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გვითხრეს, გემის გაჩერების მიზეზი გემთმფლობელსა და ტვირთის მესაკუთრეს შორის დავაა, რის გამოც გემი ორი თვეა ომანშია გაჩერებული. მეზღვაურებს პასპორტები ჩამორთმეული აქვთ და გემიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

როგორც სააგენტოში გვითხრეს, მათ ფაქტის შესახებ მეზღვაურებმა 19 იანვარს აცნობეს და დახმარება ითხოვეს.

„ვმუშაობთ ყველა მხარესთან, როგორც მეზღვაურებთან, ასევე გემისა და ტვირთის მფლობელთან და მის აგენტთან ომანში. სხვადასხვა წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მეზღვაურები ამ ეტაპზე არიან ნორმალურ პირობებში და უხდიან ხელფასსაც“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, „პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩოც, რომელმაც უკვე მიმართა ომანის მხარეს ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციასთან დაკავშირებით. საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, რაც მოითხოვს გარკვეულ პერიოდს, მეზღვაურები შეუფერხებლად დაბრუნდებიან ქვეყანაში“.

ვინ მიიღებს კომპენსაციას და როდის აგვისტოს ომზე ევროსასამართლოში საქმის მოგების შემდეგ

ევროსასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობაზე, რომელიც რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველო – რუსეთის ომზე საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ, 21 იანვარს გამოაცხადა.

კომპენსაციის ნაწილში ევროპულმა სასამართლომ ერთწლიანი ვადა მისცა საქართველოს და რუსეთს. ამ პერიოდში მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე უნდა შეთანხმდნენ, რასაც აგვისტოს ომში დაზარალებულები მიიღებენ.

„თუკი ვერ შეთანხმდებიან მხარეები, ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის სასამართლო კომპენსაციაზეც,“ – განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, ნინო ჯომარჯიძე. ის რუსეთთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეს იხსენებს, როცა 2006 წელს ქართველების რუსეთიდან დეპორტაციის გამო გაამტყუნეს რუსეთი. მაშინ კომპენსაციაზე შეუთანხმებლობის გამო, 2016 წელს, ევროსასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

„რუსეთს ეს თანხა საქართველოსთვის ამ დრომდე არ გადაუხდია, თუმცა გადაიხადა ინდივიდუალური კომპენსაციები ინდივიდუალური საქმეების მიხედვით. ზოგიერთი დაზარალებულის შემთხვევაში იყო 2 ათასი ევრო. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოაძევეს რუსეთიდან. 15 ათას ევრომდე გადაუხადეს იმ ადამიანებს, ვის მიმართაც წამების და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა დადასტურდა,“ – გვითხრა ნინო ჯომარჯიძემ.

იურისტი განმარტავს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, მათ შორის, კომპენსაციის მიღების ნაწილში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს. ამ დრომდე ევროსაბჭო მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან კომპენსაციის საქართველოსთვის გადახდაზე 2006 წლის დეპორტაციის საქმეზე და მკაცრი სანქციების მექანიზმები არ ამოქმედებულა.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ომს – გუშინ ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორისი საქმე იყო. ინდივიდუალური საჩივრები კი, ევროსასამართლოს ჯერ არ განუხილავს. იურისტები ვარაუდობენ, რომ როგორც ეს დეპორტაციის საქმეზე მოხდა, ამ შემთხვევაშიც ევროსასამართლოს დამატებით 2 წელი დასჭირდება.

„ევროსასამართლომ სახელმწიფოთაშორის საქმეზე 33 მოწმე დაკითხა, მათ შორის, რამდენიმე იყო ისეთი, ვის უფლებებსაც საია იცავს… დიდი ალბათობით, ინდივიდუალურ საქმეებზეც იგივე დარღვევები დადგინდება, თუმცა პროცედურის მიხედვით, სასამართლო ითხოვს წერილობით განმარტებებს,“ – ამბობს საია-ს იურისტი, ნინო ჯომარჯიძე. საია-ს აგვისტოს ომზე ევროსასამართლოსთვის 53 საჩივრით აქვს მიმართული და ის 350-ზე მეტ პირს ეხება.

ათობით ინდივიდუალური საჩივრით აქვთ მიმართული ევროსასამართლოსთვის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც: „ადამიანის უფლებების ცენტრი,“ „უფლებები საქართველო“ და „ადამიანის უფლებების პრიორიტეტები“.

ამ სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოამზადეს მტკიცებულებები აგვისტოს ომის საქმეზე და ეს სახელმწიფომაც გამოიყენა სახელმწიფოთაშორის საქმეში, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება ევროსასამართლომ უკვე გამოაცხადა.

___

https://netgazeti.ge/news/513234/

პირველი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეები ამუშავდება

პირველი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეები ამუშავდება. შეზღუდვების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ დღეს, 22 იანვარს, გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პირველი თებერვლიდან საქართველოს ხუთ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ასევე გაიხსნება სავაჭრო ობიექტები, ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი და განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებში. შეზღუდვები ძალაში დარჩება შაბათ-კვირას.

 

„ჩვენ ვიცით რა არის სიცივე, მოდა არ გვანაღვლებს“ – სენატორი სანდერსი თავის ხელთათმანზე

79 წლის სენატორი, ბერნი სანდერსი, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა ჭრელი, თბილი ხელთათმანის გამო, რომელიც სენატორს ინაუგურაციაზე ეკეთა.

სენატორი სანდერსი, რომელიც მუშათა კლასის დამცველად მიიჩნევს თავს და უოლ-სტრიტის გავლენების ზრდასა და რასობრივ დისკრიმინაციას ეწინააღმდეგება, ბაიდენის ინაუგურაციაზე ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოცხადდა – ქურთუკით და თბილი ხელთათმანით.

„ვერმონტში ჩვენ თბილად გვაცვია. ჩვენ ვიცით რა არის სიცივე და დიდად არ გვანაღვლებს მოდა. ჩვენ გვინდა თბილად ვიყოთ,“ – განაცხადა CBS-ის ეთერში ბერნი სანდერსმა, როცა ჟურნალისტმა მას ხელთათმანის შესახებ დაუსვა კითხვა. 

სანდერსის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტო ინტერნეტში ათასობით მემეს შთაგონების წყარო გახდა. მალევე გახდა ცნობილი, რომ სენატორს ჭრელი ხელთათმანი სკოლის მასწავლებელმა, 42 წლის ჯენ ელისმა მოუქსოვა ვირჯინიას შტატიდან.

ჯენ ელისი პირადად არ იცნობს სანდერსს, მან ხელთათმანი ხუთი წლის წინ, 2016 წელს გაუგზავნა ბერნი სანდერსს, როცა სანდერსმა წააგო „დემოკრატების“ პრაიმერი ჰილარი კლინტონთან. ქალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას მაშინ სურდა სენატორის განწყობის ამაღლება, ამიტომაც გაუგზავნა საჩუქარი.

„მე მისი ფანი ვარ, ყოველთვის მას ვუჭერდი მხარს. ვეთანხმები მის პოლიტიკას. როგორც პედაგოგს, საზოგადოების ყველა ფენასთან მაქვს ურთიერთობა და ვხედავ, როგორ სჭირდებათ ადამიანებს მეტი მხარდაჭერა“ – ამბობს ქალი.

ჯენ ელისი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სენატორის ხელთათმანი მან მოქსოვა, რამდენიმე საათში ელექტრონულ ფოსტაზე 6000-მდე წერილი მიიღო ხელთათმანის ყიდვის მსურველებისგან.

2020 წლის არჩევნების წინ, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრაიმერში, ჯო ბაიდენის კონკურენტი იყო. იგი შესაძლოა „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილიყო, თუმცა პრაიმერში გამარჯვება ბაიდენს ერგო.

სანდერსის მემე

სანდერსის მემე
სანდერსის მემე
სანდერსის მემე
სანდერსის მემე

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა პირველი თებერვლიდან არ აღდგება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების, ასევე სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 1-ლი თებერვლიდან არ აღდგება.

დღეს, 22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან  მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა განახლდება, თუმცა ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე.

„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 1-ლი თებერვლიდან აღდგება მხოლოდ ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში. რაც შეეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს, ამ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის.

ამასთან, თებერვლიდან, შაბათ-კვირას, ყველა ის შეზღუდვა, რაც დღეს მოქმედებს, ძალაში რჩება.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება პირველი მარტიდან იგეგმება. თუმცა ეს ეხება მხოლოდ თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. სხვა ქალაქებში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლებში სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება.

„ქორწილები ისევ არ გაიმართება,“ – აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა.

 

[toggle title=”შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა სრულად ნახეთ აქ:“]

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, „უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 22 იანვრის სხდომაზე შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა.

კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება:

1-ლი თებერვლიდან:

1. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება

· მუნიციპალური ტრანსპორტის,
· სკოლების,
· მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა.

2. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში

· 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
· სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

3. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან;

4. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

5. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.

6. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

ამასთან,

1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

· გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათისა და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.

· ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის, სათხილამურო კურორტებზე.

· ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.

· აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

· შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

· ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები – პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.

· ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

· კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;

· ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

· დღეიდან ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე – www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.

· სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას.

15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“.

[/toggle]

 

ამავე თემაზე:

1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

კომენდანტის საათი ძალაში რჩება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება. დღეს, 22 იანვარს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. პირველი თებერვლიდან ბათუმში სავაჭრო ობიექტები გაიხსნება, ასევე კაფეების ღია ნაწილი და ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. პირველი თებერვლიდან განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებშიც. შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას.

შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, კომენდანტის საათის გაუქმება კოვიდსტატისტიკაზეა დამოკიდებული.

კომენდანტის საათი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს.

აჭარის სკოლებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდება

დღეს, 22 იანვარს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, აჭარაში სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება.

„დღეის მდგომარეობით 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ.

დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება კი დაგეგმილი გვაქვს პირველი მარტიდან,“- განაცხადა ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ“.

სამ ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა სკოლებში პირველი მარტიდან განახლდება.

ბათუმის სკოლის შენობებში სწავლა გასული წლის მარტის შემდეგ არ განახლებულა.

___

სკოლის შენობებში სწავლა პირველი მარტიდან განახლდება – მთავრობა

ქორწილები ისევ არ იქნება

„ქორწილები ისევ არ გაიმართება,“ – აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია ციქიტიშვილმა, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მაია ცქიტიშვილმა კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე, სავაჭრო ობიექტების გახსნასა და კაფეების ღია ნაწილის ამუშავებაზე. შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას.

დღეს, 22 იანვარს, მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება ქორწილებს და სხვა ტიპის ღონისძიებებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება ნებადართული ქორწილის გადახდა.

შაბათ-კვირას შეზღუდვები ძალაში რჩება

შაბათ-კვირას შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

დღეს, 22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის მართვის კუთხით ახალი გადაწყვეტილებები მიიღო: 7 ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, ასევე გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და კაფეების ღია ნაწილი.

___

1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

სკოლის შენობებში სწავლა პირველი მარტიდან განახლდება – მთავრობა

დღეს, 22 იანვარს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება პირველი მარტიდან იგეგმება. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. სხვა ქალაქებში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლებში სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება.

„აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება საშულებას გვაძლებს რომ სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან განვაახლოთ. თუმცა თბილისში, ქუთაისა და რუსთავში სასწავლო პროცესი პირველ მარტს განახლდება.

ასევე, საბავშვო ბაღებში და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის განახლდება დაგეგმილი გვაქვს პირველი მარტიდან“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5 დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისსა და ბათუმში, სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რადგან ამ ქალაქებში ყველაზე მაღალი იყო კორონავირუსის შემთხვევები.

ცქიტიშვილის განცხადებით, სკოლების გახსნის პარალელურად სახელმწიფო კვირაში ერთხელ, უზრუნველყოფს მასწავლებლების სისტემურ ტესტირებას კორონავირუსზე.

1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან  მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა განახლდება.

„ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, პირველი თებერვლიდან უკვე შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

თუმცა მუშაობას ვერ განაახლებენ საქორწილო დარბაზები.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, არ გაუქმდება კომენდანტის საათი.

___

საქართველოს მთავრობამ აქამდეც დაანონსა შეზღუდვების შერბილება – იანვრის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 18 იანვრიდან აღდგებოდა, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დღემდე აკრძალულია.

საიამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოს მიმართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

საია მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას მოითხოვს.

საიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია „ბათომმა“  საიას დახმარებით შეიტანეს.

„დღეიდან დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლოში მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად, მოთხოვნილია გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება“ – აცხადებს საია.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2019 წლის 20 აგვისტოს ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში – იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე პროექტში მითითებულ 9.7 ჰა ტერიტორიაზე, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება არაერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. ამ საკითხზე დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2019 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობის „სილქ თაუერის“ და ლაგუნას არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა, რაზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა,“ – აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის შეფასებული პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, სახეზეა იმ ტიპის დარღვევები, რაც მშენებლობის ნებართვის ბათილობის საფუძველი უნდა გახდეს.

__________________________

ამავე თემაზე:

საკრებულომ რივიერას გეგმა დაამტკიცა – ბათუმის საკრებულოს დარბაზის შესასვლელში პოლიცია დგას

24 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში

22 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა  14 827 კვლევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  238 737-მდე.

ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 022 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა
  • აჭარაში – 52
  • იმერეთში – 107
  • ქვემო ქართლში – 44
  • შიდა ქართლში – 51
  • გურიაში – 12
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 73
  • კახეთში – 47
  • მცხეთა-მთიანეთში – 18
  • სამცხე-ჯავახეთში -24
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 10 189 ადამიანი. აქედან 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 733 მძიმე პაციენტია.

1 პირი C და D კატეგორიის შესაბამისი კურსის დამადასტურებელი ყალბი მოწმობის გასაღებაზე დააკავეს

ბათუმში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  „ბრალდებულმა, რომელიც იყო ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, თანხის სანაცვლოდ დაამზადა და გაასაღა ავტოსკოლის „C“  და „D“ კატეგორიის  ყალბი მოწმობები, თითქოსდა მოქალაქეს გავლილი ჰქონდა სატვირთო მანქანის და ავტობუსის მართვის შესაბამისი კურსები“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით დაავადების 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მართვით სუნთქვაზეა სამი პაციენტი, ხოლო კლინიკებში მკურნალობს 250 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში მკურნალობს – 175, ონლაინკლინიკებში კი – 479,

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი.

„ეს არის კორუფცია“ – საბჭოს წევრი ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენებაზე 

„როგორც ჩანს, რაღაცები დალაგდა იქ და რიჟვაძემ უკან დაიხია. ახვლედიანი რიჟვაძის წინ მორბენალი კვიცი არ არის. გახსოვთ, მან თქვა, რომ წინააღმდეგ იყო“, – ასე აფასებს შოთა გუჯაბიძე „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარში 16-სართულიანი [დამატებით 3 მიწისქვეშა სართულით] სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე დათანხმებას. ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს წევრია და ეწინააღმდეგება ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბის გაზრდას. სწორედ ამბასადორის პროექტს დაეთანხმა დღეს სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი.

უნდა გაიზარდოს თუ არა „ამბასადორ ბათუმის“ პროექტის მასშტაბი ბულვარში – რიჟვაძე უარზეა

საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნინო ინაიშვილი კი კორუფციაზე მიანიშნებს. არც ის ეთანხმება „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბების გაზრდას:

„არქიტექტურაზე მსჯელობა არ არის… შუაგულ ბულვარში, ცენტრალურ ნაწილში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გამცემზე რა უნდა იფიქრო, თუ არა კორუფცია. ეს ეხება საბჭოს ყველა წევრს, ვინც თანხმობა განაცხადა. სხვა რა უნდა იფიქრო. სხვა არაფერი რჩება. მაქვს ერთადერთი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის კორუფციული გარიგება. აბა, რა უნდა ასეთ დროს ადამიანს, თუ არა რაიმე გამორჩენა.“

ამ პროექტთან მიმართებაში ეჭვები კორუფციაზე სხვა დროსაც გაჩნდა, კონკრეტულად კი მაშინ, როდესაც ტელეარხ 25-ის ოპერატორმა ბათუმის საკრებულოს ტელეფონში ბათუმის მერის სმს შეტყობინება გადაიღო:

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“

შოთა გუჯაბიძემ აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ მომზადების პროცესშია ბულვარის გენგემა, რისთვისაც ბიუჯეტიდან თანხა იხარჯება. გენგეგმა კი გააჩენს შესაძლებლობას, რომ ბულვარში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და სარეკრეაციო სივრცეა, ინვესტორების მიერ უხეში ჩარევის შესაძლებლობა დაიბლოკოს. შოთა გუჯაბიძის აზრით, „არავისი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, რა შეიძლება აშენდეს იქ და რა არა: ეს ყველაფერი გენგეგმამ, დამტკიცებულმა დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს“.

სხდომა, სადაც „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბის გაზრდის საკითხი დადებითად გადაწყვიტეს, პანდემიის პირობების გამო ონლაინ ჩატარდა:

„ეს იყო წინასწარ გათვლილი და უნიჭოდ დადგმული პროცესი ზუმში, სადაც საზოგადოების ჩართულობა ვერ იქნებოდა“, – აცხადებს შოთა გუჯაბიძე. მისივე თქმით, პროექტის ვიზუალური მასალა მას სხდომის დაწყებამდე არ უნახავს. საეჭვო იყო ისიც, რომ წარდგენლი რენდერები საბჭოს წევრებს  სხდომამდე არ გაუგზავნეს.

„აგზავნიან ხოლმე სხვა დროს, ამჯერად, რომ არ გამომეთხოვა, არც მაჩვენებდნენ, რა ხდებოდა, რაზე უნდა მოგვეწერა ხელი. როგორც წესი, წინასწარ აგზავნიან ზუმში. დაწყებული იყო საბჭოს სხდომა, როცა მოვითხოვე პრეზენტაცია გამომიგზავნეთ-მეთქი, თავიდანვე საეჭვო იყო ყველაფერი, დაიწყეს იქ  შეფასებები, რომ ეს შედევრია, ერმილე მესხია და კაკო  ძნელაძე [საბჭოს წევრები – ავტ] იყო თანახმა. ეს არის მშენებლობა, რომელსაც აშკარად მხარს უჭერს სააგენტო, ისედაც აქვს ამ კომპანიას ბევრი დარღვევა, რაზეც რეაგირება არ აქვს სააგენტოს და ირიბად ხელს უწყობს. ეს არის დანაშაული და საბჭოს თავმჯდომარესაც ვუთხარი პირდაპირ, რომ ის ამით დანაშაული ჩადის.“

ნინო ინაიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ სასამართლოში გაასაჩივრებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რაც ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ მიერ 16-სართულიანი სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობაზე თანხმობას გულისხმობს: „გავასაჩივრებთ, რადგან ეს არის სერიოზული პრობლემა.  სისტემური პრობლემა კი, ზოგადად, საბჭოს დაკომპლექტების წესია.“

ძეგლების საბჭოში 8 წევრი მუშაობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საბჭოს 8 წევრიდან ამბასადორის პროექტს მხარი არ დაუჭირეს სოფო ჭანიშვილმა, ნინო ინაიშვილმა და შოთა გუჯაბიძემ.

___

შპს „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან – კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

ამავე თემაზე: აჭარის კულტურული მემკვდერობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის პოზიცია

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

აგვისტოს ომი – რა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ

2021 წლის 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე.

საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების დარღვევას ედავებოდა.

რა დაადგინა სასამართლომ

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 17-მოსამართლიანმა კოლეგიამ დაადგინა:

  1. 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის;
  2. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ცეცხლის შეწყვეტის (12 აგვისტოს) შემდეგ განვითარებული მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში;
  3. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) მუხლებისა და პირველი მუხლის პირველი პროტოკოლით გათვალისწინებული უფლებების (საკუთრების უფლების) დარღვევის პრაქტიკას;
  4. ერთხმად, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთოსურმა ძალებმა დააკავეს ცხინვალში დაახლოებით 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში პირველი მუხლის მიზნებიდან გამომდინარე;
  5. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წამების აკრძალვა) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — საქართველოს 160-მდე დაკავებული მოქალაქის მდგომარეობისა და მათდამი ჩადენილი ღირსების შემლახავი აქტების სახით, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია და ჩაითვალა, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა;
  6. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების შერჩევით დაკავებასთან 2008 წლის აგვისტოში;
  7. ერთხმად, რომ ცხინვალში 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული ქართველი პატიმრები ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში, პირველი მუხლის მიზნებისათვის;
  8. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წამების აკრძალვა) ადმინისტრაციულ დარღვევას — წამების მსხვერპლნიც ქართველი პატიმრები იყვნენ;
  9. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში მოექცნენ;
  10. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-4 პროტოკოლის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (გადაადგილების თავისუფლების) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ;
  11. ერთხმად, რომ არ დადგინდა პირველი პროტოკოლის მე-2 მუხლის (განათლების უფლების) დარღვევა;
  12. ერთხმად, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება, რომ ადეკვატურად და ეფექტურად გამოეძიებინა არა მხოლოდ ის მოვლენები, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ (12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ) მოხდა, არამედ ცეცხლის აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) მომხდარი ფაქტებიც;
  13. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი;
  14. ერთხმად, რომ არ იყოს საჭიროება, სასამართლოს ცალკე შეესწავლა აპლიკანტი მთავრობის (საქართველოს) საჩივარი მე-13 მუხლის დარღვევის შესახებ სხვა მუხლებთან მიმართებაში;
    1. [მე-13 მუხლი სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას იძლევა ყველასთვის, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, — მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა]
  15. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ რესპონდენტმა სახელმწიფომ (რუსეთმა) არ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;
    1. [38-ე მუხლი ამბობს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით].
  16. ერთხმად, რომ ჯერჯერობით ვერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული 41-ე მუხლთან დაკავშირებით (ეს მუხლი გულისხმობს სამართლიან დაკმაყოფილებას).

რას ნიშნავს გადაწყვეტილება?

საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციას ბრალს სდებდა კონვენციის არაერთი მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის ადმინისტრაციულ [სისტემურ] პრაქტიკაში.

მუხლები, რისი დარღვევაც სასამართლომ დაადგინა — სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, საკუთრების უფლება, პირადი ცხოვრება, გადაადგილების — სტატიის ზედა ნაწილში უკვე განვიხილეთ.

საინტერესო ის არის, რომ სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია, გაემიჯნა 8-12 აგვისტოს, ანუ ცეცხლის აქტიურ ფაზაში განვითარებული მოვლენები იმ მოვლენებისგან, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი (12 აგვისტოდან) პერიოდში განვითარდა.

სწორედ ამას ეხება გადაწყვეტილების პირველივე პუნქტი: სასამართლომ 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის [კონვენციის პირველი მუხლი ამბობს, რომ მხარეები დაიცავენ ყველას უფლებებსა და თავისუფლებებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში]. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს ეს მოთხოვნა დაუშვებლად ცნო.

თუმცა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „ეფექტურ კონტროლს“ ახორციელებდა (ანუ ფაქტობრივად აკონტროლებდა) სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ბუფერულ ზონაზე 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე — მანამ, სანამ რუსული ჯარები გავიდოდნენ. ამასთანვე, ამის შემდეგ პერიოდში, ძლიერი რუსული სამხედრო წარმომადგენლობა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე საფუძველს იძლეოდა სასამართლოს დაედგინა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე რუსეთის ფაქტობრივი კონტროლი გაგრძელდა.

შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებიდან, ანუ 12 აგვისტოდან, განვითარებული მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისათვის.

განმარტებით ნაწილში სასამართლო ასევე წერს, რომ საერთაშორისო კონფლიქტში სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობასას შეუძლებელია საუბარი [სამხრეთ ოსეთზე] „ეფექტურ კონტროლზე“:

„ის რეალობა, რომელშიც შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს და მეტოქე სამხედრო ძალები ქაოსის ფონზე იბრძვიან კონკრეტულ არეალზე კონტროლის დასამყარებლად, გულისხმობს, რომ ამ არეალზე არ არსებობს კონტროლი. ეს მიემართება ამ [2008 წლის აგვისტოს ომის] შემთხვევასაც, რადგან ბრძოლის დიდმა ნაწილმა ჩაიარა იმ არეალებში, რაც მანამდე ქართული კონტროლის ქვეშ იყო“.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ ერთხმად დაადგინა —  8-17 აგვისტოს პერიოდში ცხინვალში დაკავებული ქართველი პატიმრები ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში; ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხინვალის ძალებმა დააკავეს დაახლოებით 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, ასევე ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში.

„ვინ დაიწყო ომი“?

სასამართლოს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია და არც იყო ამ დავის საგანი. ფაქტების აღწერაში კი წერია, რომ „2008 წლის ომი მოჰყვა ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაძაბულობის ხანგრძლივ პერიოდს, პროვოკაციებსა და ინციდენტებს“.

აღწერით ნაწილში ასევე ნათქვამია: „ღამით, 7-დან 8 აგვისტოსკენ გარდამავალ პერიოდში, ქართულმა ძალებმა საარტილერიო შეტევა დაიწყეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ დედაქალაქ ცხინვალზე. 2008 წლის 8 აგვისტოდან რუსეთის სახმელეთო ძალები შეიჭრნენ საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით და შევიდნენ მეზობელ რეგიონებში“, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სადავო ტერიტორიები არ ყოფილა და საქართველოს კონტროლი ვრცელდებოდა.

_______________

ფოტოზე: რუსეთის მიერ გორის დაბომბვა, 2008 წლის 9 აგვისტო. ფოტო: ზურაბ ქურციკიძე/EPA

ფულბრაიტის პროგრამა საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის აშშ-ში

საჯარო სკოლის სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებისთვის ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების  პროგრამა გამოცხადდა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პედაგოგი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

შერჩეულ პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ  ყოველკვირეულ სემინარებში, პრეზენტაციებსა და დისკუსიებში, რომელიც გაიმართება მასპინძელ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებისა და მოწვეული საგანმანათლებლო ექსპერტების ხელმძღვანელობით.

2021-2022 Fulbright TEA Program-ი ითვალისწინებს აკადემიურ სემინარებს, რომლებიც ორიენტირებულია სწავლების ახალ მეთოდოლოგიაზე, ბავშვზე ორიენტირებულ სწავლებაზე, შინაარსზე დაფუძნებულ ინსტრუქციებზე, გაკვეთილის დაგეგმვასა და სასწავლო ტექნოლოგიების ტრენინგებზე და ასე შემდეგ.

პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის მიერ. პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალები და აპლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

ბათუმის კოვიდკლინიკაში მედპერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკა BAU-ს სამედიცინო პერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია. საუბარია ხელფასის 50 პროცენტზე, რომელიც დანამატის სახით ბიუჯეტიდან უნდა მიეღო კოვიდკლინიკებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს. დაპირება ჯანდაცვის მინისტრმა გასული წლის ოქტომბერში გასცა, დანამატები ნოემბრიდან უნდა გაცემულიყო, თუმცა იგი კოვიდკლინიკებში ძირითადად დეკემბრის ბოლოს დარიგდა.

„სხვაგან დანამატები დარიგდა, როგორც ვიცით, ჩვენ არაფერი აგვიღია… გვითხრეს, რომ ჩამორიცხულია თანხა, მაგრამ ვერ გვაძლევენ. არც ნოემბრის და არც დეკემბრის ხელფასზე დანამატი არ მიგვიღია,“ – გვითხრა BAU-ში დასაქმებულმა ექთანმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა კოვიდკლინიკას უკვე ჩაურიცხეს ნოემბრისა და დეკემბრის დანამატი. „კლინიკის ადმინისტრაციაში უნდა მოიკითხონ, რატომ არ გაიცა, ჩვენ ჩარიცხული გვაქვს,“ – გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში.

კლინიკა BAU-ს პრესცენტრში სამუშაო დღის ბოლოს განმარტეს, რომ ნოემბრის დანამატი მართლაც უკვე ჩარიცხული აქვს კლინიკას, მაგრამ მას იანვრის ბოლოს გასცემენ იანვრის ხელფასებთან ერთად.

BAU-ს პრესცენტრის განმარტებით, ნოემბრის დანამატებისთვის თანხა კლინიკას იანვრის დასაწყისში ჩაერიცხა, დეკემბრის დანამატი კი ჯერ ჩამორიცხული არ არის. კლინიკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ნოემბრის და დეკემბრის დანამატებსაც სამედიცინო პერსონალი იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მიიღებს.

„ბათუმელებმა“ ბათუმის სხვა კლინიკებშიც სცადა ინფორმაციის გადამოწმება დანამატების გაცემაზე. „მედცენტრსა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ გვიპასუხეს, რომ ნოემბრისა და დეკემბრის დანამატები გასული წლის ბოლოს გასცეს.

„ნებართვას ვაძლევ“ – ზაურ ახვლედიანი თანახმაა ბულვარში 16-სართულიანი პროექტის მშენებლობაზე

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას გეგმავს, ამას დაემატება სამი სართული მიწის ქვეშ, რასაც პროექტი ითვალისწინებს. ახალი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ დღეს განიხილა.

ცვლილების შეთანხმების შემდეგ შენობა გარკვეულწილად ფუნქციასაც იცვლის, შეთანხმებული იყო ოთხსართულიანი [დამატებით სამი მიწისქვეშა  სართულით] ბალნეოლოგიური გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა, ახლა კი მას სასტუმროს ფუნქციაც ექნება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი ამბობს, რომ მას პროექტი მოსწონს და ნებართვის გაცემა გადაწყვეტილი აქვს. ბათუმის ბულვარი ძეგლია და, შესაბამისად, თუ ძეგლების საბჭო არ გასცემს ნებართვას, აქ მშენებლობა აკრძალულია.

შპს „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან – კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

  • ბატონო ზაურ, ვიცით, რომ საბჭომ პროექტი უკვე განიხილა. როგორია პირადად თქვენი პოზიცია ბულვარში 16 სართულის მშენებლობასთან დაკავშირებით?

საბჭოს პოზიცია თუ გაინტერესებთ, საბჭომ მოიწონა ახალი პროექტი.

2019 წელს, როდესაც ვუთხარით უარი „ამბასადორის“ 15-სართულიან პროექტს, ის არ იყო ბულვართან შესაბამისობაში და მასზე შესაბამისი განცხადებებიც გავაკეთეთ. საბჭომ თქვა, რომ აშენდება ის, რაზედაც იყო ნებართვა გაცემული, თუმცა პროექტანტმა შემოიტანა ახალი [პროექტი], რომელიც ითვალისწინებს 15 სართულს და მე-16 არის ტექნიკური ნაწილი, დაშენდება იმ ოთხ სართულზე, რაზედაც იყო  გაცემული ნებართვა 2018 წელს.

გახსოვთ ალბათ, რომ იყო ორსართულიანი შენობა და გაიცა ოთხი სართულის მშენებლობის ნებართვა. თუმცა გახსოვთ ალბათ ყველას, რომ ეს ითვალისწინებდა სამ მიწისქვეშა სართულს. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ პროექტი იყო ოთხსართულიანი, არ არის სწორი. მათ შორის ქალბატონ ნინო ინაიშვილსაც [საბჭოს წევრი, რომელიც ბულვარში მაღლივ მშენებლობას არ ეთანხმება -ავტ.] ჰქონდა თანხმობა იმ  პროექტზე.

შორს რომ არ წავიდე, ახალი კონცეფცია და ახალი პროექტი არის საპარკე არქიტექტურა, ჰაეროვანი და დახვეწილი სიმსუბუქის, ფერის, ვიზუალის და ასე შემდეგ. არის იმ ტიპის, როგორიც იქ აშენდა ორანჟერეა, იმ ტიპის არქიტექტურას იმეორებს სასტუმროც, იქნება ბალნეოლოგიური კლინიკა.

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე პირადად პროექტი მომწონს, ასევე – საბჭოს უმრავლესობას.

საბჭოს იმ წევრების პოზიცია, რომლებიც შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, თავიანთი ფეისბუქგვერდით თუ საბჭოს ოქმებშიც იმავეს აფიქსირებენ, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია – მე ვეყრდნობი კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნეების და არქიტექტორების დასკვნებს, ვიდრე იმ ადამიანების დასკვნებს, რომლებიც ყოველთვის, იქნება ეს დაშენება-მიშენება თუ უბრალოდ რესტავრაცია, ყოველთვის აფიქსირებენ, რომ ეს არის ხელყოფა და დანაშაული, მაგრამ არ მიუმართავთ მათ არასდროს პროკურატურისთვის.

  • თქვენი იცით საზოგადოების რეაქცია ბულვარში მშენებლობაზე.

მეც ვაპროტესტებდი, როცა საზაფხულო თეატრის ადგილზე შუშის კუბის მშენებლობა უნდოდა წინა მთავრობას… ვაპროტესტებდი ანბანის კოშკს, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო, არაჩვეულებრივად გამოიყურება. გეთანხმებით, ბულვარის ნაწილში, რომ შუა ბულვარში არ უნდა აშენდეს, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდეთ, ეს არ არის შუა ბულვარი, ეს არის ჟღენტის 6 ნომერი, სადაც შენობა იდგა სრულიად უსახური და ამორტიზებული. ის არ წარმოადგენდა ძეგლს, თუმცა ძეგლის საკადასტროში არსებობდა. ახალი ცენტრი, რომელიც აშენდება, არ იქნება მხოლოდ საბაღე ლანდშაფტზე მორგებული, ეს იქნება ძეგლთან ასოცირებული ინვესტიცია.

ეს არის საკმაოდ გამოცდილი არქიტექტორების მიერ წარმოდგენილი პროექტი. ჩემდა სამწუხაროდ, საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც ბევრი რაღაც ჰგონიათ ხელყოფა, დანაშაული და ასე ვთქვათ საბოტაჟით არიან დაკავებული, ყველა დირექტორის დროს ისინი იყვნენ საბჭოს წევრები. არის ოქმები, სადაც საბჭოს რვა წევრი წერს თანხმობას და ერთი – რომ ეს ხელყოფაა. როგორ შეიძლება პროექტს ვაფასებდეთ საკუთარი გემოვნებით? – თქვენ როცა მეუბნებით, რომ ბათუმის ბულვარში არ უნდა აშენდეს, მიუხედავად იმისა რა პროექტია… დღევანდელ სხდომაზე შოთა გუჯაბიძეს [საბჭოს წევრი -ავტ.] საერთოდ არც კი შეუხედავს პროექტისთვის… თუ დანაშაულია არსებობს ინსტანციები და მიმართოს.

  • თქვენ გეკითხებით საზოგადოების რეაქციაზე, თქვენ კი საუბრობთ საბჭოს ორი წევრის დამოკიდებულებაზე, რომლებიც არ ეთანხმებიან თქვენს გადაწყვეტილებას.

მეც ვარ საზოგადოების წევრი და ჩემი ოჯახიც.

  • მაშინ რატომ საუბრობთ საბჭოს ორ წევრზე – თქვენც ხომ გახსოვთ ასევე ხალხმრავალი აქციები ბათუმში ბულვარის დასაცავად.

ზერელედ ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ არ ვიცით რა პროექტია. როგორია კაფე ორანჟერია, რომელიც უკვე აშენდა, რატომ მოგვწონს ახლა, რომ აშენდა, არ მოგვწონს? ეწინააღმდეგებოდა ბევრი მაგ კაფეს, მახსოვს რესტორან „ბერნის“ მიმართაც [ჩეხოვის სახლი] საზოგადოების დამოკიდებულება, აშენდა და ყველა იქ დადის.

  • ბატონო ზაურ, გეკითხებით არა ვიზუალზე, არამედ იმაზე, კანონით დასაშვებია თუ არა მშენებლობა ბულვარში?

მე ჩემი პოზიცია გითხარით, ჩემი პოზიცია ეს არის, დანარჩენი შეაფასოს საზოგადოებამ და სხვა უწყებებმა თუკი იქნება საჩივარი. თქვენ მორალურ ნაწილზე მესაუბრებით. კი ბატონო იყო პროტესტი, რა ვქნათ – აი რა?

  • გესაუბრებით არა მორალზე, არამედ კანონზე… ცოტა ხნის წინ იყო საუბარი ბულვარის კონსერვაციაზე, ამაზე მთავრობის წევრებიც საუბრობდნენ, გენგეგმა მზადდება და ასე შემდეგ. ამაზე რას ფიქრობთ?

ჩემთვისაც ამაღელვებელია ის, რომ შუა ბულვარში არ უნდა იყოს მშენებლობა, მაგრამ აქ მშენებლობა უკვე დაწყებული იყო და ახალ მშენებლობაზე ჩვენ ნებართვა არ გაგვიცია, ეს არის ჟღენტის ქუჩა და მიმაჩნია, რომ ჩემი გადაწყვეტილება არის სწორი. ვინც ფიქრობს, რომ არ არის სწორი, შეუძლია მიჩივლოს: პროექტი შესწავლილი მაქვს, კარგად გავაკეთე ანალიზი, ვინ არიან ხელოვნებათმცოდნეები, ვინ არიან არქიტექტორები, გადაწყვეტილება ჩემი უკვე არის, გიდასტურებთ რომ ვაძლევ ნებართვას.

  • თორნიკე რიჟვაძე ამბობდა, რომ მისთვის, როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია ამ მასშტაბის მშენებლობა ბულვარში.

გადაწყვეტილება, რასაც ჩემი მრჩეველთა საბჭო იღებს… არის ჩემი გადასაწყვეტი. ბატონ თავმჯდომარეს და სხვებს შეუძლიათ შეაფასონ, რამდენად მართალი ვიყავი. მე მასთან კომუნიკაცია ამ საკითხზე არ მქონია. საუბრის დასაწყისშივე ვიცოდი, რომ ამ შეკითხვას დამისვამდით. ის პროექტი, რაც წარმოდგენილი იყო 2019 წლის დეკემბერში, იყო მიუღებელი ბულვარში და ითქვა უარი.

  • ბატონო ზაურ, მას პროექტი არ შეუფასებია. მან თქვა, რომ ბულვარში დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბია მისთვის მიუღებელი.

მე ნუ შემიყვანთ ახლა ციტატებში, ვინ რა თქვა. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და მადლობა.

___

ამავე თემაზე:

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

2020 წელი კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო | WMO

მსოფლიოს ხუთი მთავარი მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2020 წელი კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე თბილ წლად მიიჩნიეს და ამ მხრივ მას კონკურენციას მხოლოდ 2016 წელი უწევს.

ხუთივე ორგანიზაციის დაკვირვებით, 2011-2020 წლები მეტეოროლოგიური ორგანიზაციების მიერ დაკვირვების ისტორიის მანძილზე ყველაზე თბილი ათწლეული იყო, რამაც აჩვენა კლიმატის ცვლილების ტენდენცია. ამ პერიოდში ყველაზე თბილი იყო 2016, 2019 და 2020 წლები. 2020 წელს მსოფლიოში საშუალო ტემპერატურა 14,9° C  იყო, რაც 1,2 (± 0,1)°C -ით მეტია, ვიდრე იყო ტემპერატურა 1900-1950 წლებში.

გლობალური დათბობის ტენდენცია კარგად ჩანს ორგანიზაცია  „კოპერნიკის“ გრაფიკაზე, სადაც ტემპერატურის ცვლილება წლების მიხედვითაა მოცემული.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზიის – WMO-ს ვებგვერდიდან.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, 21-ე საუკუნის მთავარი ამოცანა ადამიანებისთვის ახალ გარემოპირობებთან შეგუება იქნება, რადგან ამ ტემპით მომდევნო ასწლეულის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურა 3-5 გრადუსით გაიზრდება.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია WMO-ს გენერალური მდივნის, პროფესორ პიტერ ტალასის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ადამიანის გავლენა ბუნებაზე უკვე იმდენად ძლიერია, როგორც თავად ბუნების ძალა და გავლენა ადამიანზე. მისივე თქმით, ატმოსფეროში სათბური გაზების კონცენტრაცია უკვე რეკორდულ ზღვარზეა.

გამუდმებული სიცხე, ტყის ხანძრები, არქტიკის ყინულოვანი საფარის შემცირება და ატლანტიკის ქარიშხლების რეკორდული სეზონი – მეტეოროლოგები ცხელი 2020 წლის შედეგებს სწორედ წლის განმავლობაში განვითარებულ ამ მოვლენებში ხედავენ.

თუმცა ტემპერატურა კლიმატის ცვლილების მხოლოდ ერთ-ერთი ინდიკატორია. ასევე მნიშვნელოვანი ინდიკატორებია: სათბური გაზების კონცენტრაცია ატმოსფეროში, ოკეანის სითბო, ზღვების გლობალური დონე, ყინულის მასა, ზღვის ყინულის განფენილობა და ექსტრემალური მოვლენები.

2021 წლის მარტში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციები წარადგენენ ტემპერატურის გარდა კლიმატის ცვლილებების დანარჩენი ინდიკატორების შესახებ კვლევებსა და დაკვირვებებს. ტენდენციის გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ 2021 წელი 2020 წელზე კიდევ უფრო ცხელი იქნება.

სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდას ივნისში ჩააბარებენ – სამინისტრო

პრაქტიკოს სპეციალურ  მასწავლებლებს უფლება ეძლევათ საგნობრივი კომპეტენცია 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაადასტურონ – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება. როგორც პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის, ისე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდის ჩატარება ივნისში, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე იგეგმება.

როგორც სამინისტრო აცხადებს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და შრომის ანაზღაურებასთან ერთად, საგნის მასწავლებლის მსგავსად, მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი.

„რაც შეეხება გამოცდების ჩატარების ზუსტ თარიღს, იგი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციაზე,“- აცხადებს სამინისტრო.

პრაქტიკოს მასწავლებელთა და პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა სტატუსის მოპოვების მიზნით გამოცდის ჩატარება  2020 წლის ნოემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა გამოცდა არ ჩატარდა, რის მიზეზადაც სამინისტრო არსებულ ეპიდვითარებას ასახელებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 1800 სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებელია.

ფიტნესკლუბი, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს, დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს

„ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი დაუმორჩილებლობის აქტი ჩავიდინოთ, ჩვენ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ არ ვართ მონები,“ – ამბობს გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „რეფორმერის“ დამფუძნებელი. ის შაბათს, 3 საათზე, აქციის მოწყობას ჩაკეტილი ფიტნესკლუბის წინ გეგმავს ლოზუნგით – „დასრულდეს მონობა“.

ეს ის ფიტნესკლუბია, სადაც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილნენ და დაჯარიმების მიუხედავად მუშაობა განაგრძეს. ფიტნესკლუბი „რეფორმერი“ სამართალდამცველებმა დახურეს, ატრაქციონები დალუქეს, ხოლო შიგ მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შენობიდან ძალით გამოიყვანეს. 28 ნოემბერს, მაშინ, როცა ეს მოვლენები განვითარდა, ზურაბ ჯაფარიძე ამბობდა, რომ მან კლუბი იქირავა და მის მფლობელობაში სამართალდამცველებს შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

გიორგი ფუტკარაძე არ აკონკრეტებს, რა ფორმით გამოხატავს დაუმორჩილებლობას შაბათის აქციაზე და გაიხსნება თუ არა ფიტნესკლუბი.

„ჯერ შევიკრიბოთ და გეგმებს შემდეგ გავაჟღერებთ, ეს იქნება დარბაზის გახსნა თუ სხვა ამბავი, ვნახოთ… რეალურად შესაძლებელია დისტანციურად ამ აქციაში ჩართვა, საკუთარი კლუბების, კაფეების თუ მაღაზიების წინ გამოვიდნენ და საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ. რაც უფრო მეტი ადამიანი გააკეთებს ამას, მით უფრო მალე მოხსნის ხელისუფლება შეზღუდვებს. თუ არავინ გამოხატავს პროტესტს, გამოდის, რომ ეგუებიან… ჩვენ საჯაროდ მივმართეთ სხვებს და ამ დრომდე არავინ გამოგვხმაურებია ფიზიკური პირების გარდა, რომლებიც აქციაზე მოვლენ,“ – გვითხრა გიორგი ფუტკარაძემ.

ფიტნესკლუბი „რეფორმერი“ 10 ათასი ლარით დააჯარიმეს ნოემბერში, თუმცა გიორგი ფუტკარაძე ამბობს, რომ ჯარიმა არ გადაუხდია და არც აპირებს. ჯარიმის შესახებ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი ფიტნესკლუბს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

გიორგი ფუტკარაძის თქმით, ამ დრომდე არც ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება.

„მეც დამკითხეს და ზურა ჯაფარიძეც, მაგრამ შემდეგ არაფერი მომხდარა… კარანტინის წესების დაუმორჩილებლობაზე დაიწყეს გამოძიება,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ გიორგი ფუტკარაძემ.

ამბასადორს ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენება უნდა – უცნობია რას გადაწყვეტს სააგენტო 

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში დაწყებული მშენებლობის 16 სართულამდე გაზრდის ნებართვას ითხოვს. კომპანიას მხოლოდ ოთხსართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა აქვს, სადაც სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა განათავსოს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა. მისი გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ბულვარში მაღალსართულიან მშენებლობას საბჭოს ყველა წევრი არ ეწინააღმდეგება.

შეთანხმებული პროექტის სიმაღლის გაზრდაზე სააგენტომ კომპანიას ერთხელ უკვე უთხრა უარი, მაშინ ნებართვას პროექტის 15 სართულამდე გაზრდისთვის ითხოვდნენ. ამ პროექტის განხილვას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ დაუშვებელია მსგავსი სიმაღლის შენობა ბათუმის ბულვარში აშენდეს.

შპს „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან – კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

___

ამავე თემაზე: ბათუმის მერის სმს-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

ყოფილი პარლამენტარი ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის რესპუბლიკურში მენეჯერად დანიშნეს

„მე ვეძებდი სამუშაოს, კოლეგები ვართ და საერთო ენა ვნახეთ,“ – ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი ნუკრი ბეჟანიძე, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გახდა. აქამდე ამ პოზიციაზე ექიმი გია კიკაბიძე მუშაობდა. ახალ რესპუბლიკურში მხოლოდ კოვიდპაციენტებს მკურნალობენ.

ნუკრი ბეჟანიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ საკუთარი თავი რესპუბლიკურის მენეჯერს – სოლომონ ფუტკარაძეს თავად შესთავაზა. ყოფილი პარლამენტარი ამბობს, რომ გია კიკაბიძემ თანამდებობა კოლეგიალობის გამო დაუთმო.

„ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვნახეთ საერთო ენა, როგორ გგონიათ აბა? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ?… გადაწყვეტილება დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ მიიღო… გია კიკაბიძე ნორმალურად მუშაობდა, მუშაობს და იმუშავებს კიდეც…“ – გვითხრა ნუკრი ბეჟანიძემ. მან ვერ დაგვიკონკრეტა, რა პოზიცია ექნება გია კიკაბიძეს მას შემდეგ, როცა ძველი რესპუბლიკურის შემადგენლობა რესპუბლიკურის ახალ შენობაში გადავა.

სად მიდის გია კიკაბიძე, რომელიც პანდემიის პიკის დროს რესპუბლიკურის კოვიდცენტრს მართავდა? – ის ძველ რესპუბლიკურს დაუბრუნდა და ისევ კლინიკური მენეჯერია.

„გია კიკაბიძეს ახალ კორპუსშიც ექნება თავისი პოსტი. ჯერ ვერ გეტყვით, რა იქნება ეს, მაგრამ მას გარკვეული თანამდებობა ექნება,“ – დასძინა ნუკრი ბეჟანიძემ „ბათუმელებთან“.

გია კიკაბიძე ირწმუნება, რომ ყოფილი პარლამენტარისთვის პოსტის დათმობით თავადაც კმაყოფილია.

„ჩემი სურვილი იყო ეს, ძველ რესპუბლიკურში მირჩევნია მუშაობა… აქ ახლა ორი სხვადასხვა სუბიექტია – ძველი და ახალი. ორივეგან ვერ ვიქნებოდი კლინიკური მენეჯერი, მაინც აქეთ ვამჯობინე…“ – გვითხრა გია კიკაბიძემ. მისი თქმითაც, ჯერ უცნობია, რა თანამდებობა შეხვდება ახალ რესპუბლიკურში მას შემდეგ, როცა პანდემია ჩაივლის და ძველი რესპუბლიკური აღარ იქნება.

ნუკრი ბეჟანიძე სამსახურში ჯერ არ მისულა, თუმცა ამბობს, რომ „ახალი რესპუბლიკურის ნორმალურად ფუნქციონერებისთვის“ უკვე მუშაობს.

ნუკრი ბეჟანიძე წინა [მეცხრე] მოწვევის პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი იყო „ქართული ოცნებიდან“.

კომპანიის დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ გასული წლის დეკემბერში „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ „როცა ძველ საავადმყოფოში არსებული სერვისები გადმოვა ახალში და აქ გააგრძელებს მუშაობას, დაიწყება ძველი საავადმყოფოს [შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“] ლიკვიდაცია“.

____

ამავე თემაზე, ნახეთ როდის გაუქმდება ძველი რესპუბლიკური

რატომ არ ჩართეს „ბათუმის რესპუბლიკური“ ახალ სამედიცინო ჰოლდინგში – განმარტება

საფრანგეთში სტუდენტები აქციებზე სასწავლებლების გახსნას ითხოვენ

საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში სტუდენტები სასწავლო დაწესებულებების გახსნის მოთხოვნით გამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე.

20 იანვარს ასობით სტუდენტი პარიზში მარშით გაემართა განათლების სამინისტროსკენ პლაკატით – „ჩვენ არ ვიქნებით მსხვერპლად შეწირული თაობა“.

ფრანგი სტუდენტების უმრავლესობა კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურად სწავლობს. სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლების ხარისხი დაეცა, გაიზარდა სუიციდის შემთხვევები და სტუდენტების ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდა.

საფრანგეთში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 25 იანვარს განახლდება, თუმცა მხოლოდ პირველკურსელებისთვის და შემცირებულ ჯგუფებში.

სტუდენტები აცხადებენ, რომ სწავლის განახლების შემთხვევაში ისინი სანიტარულ წესებს დაიცავენ.

სტუდენტთა მანიფესტაციები საფრანგეთის დიდ ქალაქებში სტუდენტური ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა. დემონსტრაციებამდე მოქმედებდა დიდი დიდი კამპანია სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #etudiantsfantomes, რამაც ათასობით სტუდენტი გააერთიანა.

კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის პირობებში საფრანგეთში 2020 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაკეტილია უმაღლესი სასწავლებლები, კოლეჯები, უნივერსიტეტები. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სტუდენტების დიდი ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ ბევრ მათგანს უწევს ბინის ქირის გადახდა პარიზში, რაც არ არის იაფი და სტუდენტური სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო ისინი ვეღარ ახერხებენ ქირის გადახდას.

უახლოეს მომავალში სტუდენტთა პრობლემებზე სასაუბროდ და სამომავლო გეგმების განსახილველად მაკრონის გამოსვლა იგეგმება პარიზის სეკლეს უნივერსტეტში.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/IAN LANGSDON

უსინათლო მამის ბრძოლა მეორეკლასელი შვილის განათლებისთვის | VIDEO

პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულმა კრიზისმა ყველაზე მეტად ის ადამიანები დააზარალა, ვისაც აქამდეც უჭირდათ. განსაკუთრებით დამძიმდა ცხოვრება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც, სახელმწიფოს გაუმართავი სოციალური პოლიტიკის გამო, სხვადასხვა შეზღუდვებით ცხოვრობდნენ.

ალექსი წეველიძე ქობულეთის დაბა ოჩხამურში ცოლთან და მეორეკლასელ შვილთან ერთად ცხოვრობს, იგი უსინათლოა და წლებია არასამთავრობო სექტორში მუშაობს.

ალექსი არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ დამფუძნებელია და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებების დასაცავად და მათთვის საჭირო სერვისებზე მუშაობს, ასევე, ტვ 12-ის ეთერში უძღვებოდა ამავე თემატიკის ყოველკვირეულ გადაცემას – „შენ შეგიძლია მეტი“. 

ალექსი წეველიძე

ალექსი პანდემიამდე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში, საამისოდ იგი თითქმის ყოველ დღე ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა, ალექსი ბათუმში სიარულს ვეღარ ახერხებს.

ალექსის ოჯახის ძირითადი შემოსავალი უსინათლობის პენსია და მეგობრების მხარდაჭერაა:

„მე არასამთავრობო სექტორში ვარ, ეს უბიუჯეტო ორგანიზაციაა და მისი მუშაობა ძირითადად პროექტების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი ონლაინრეჟიმშია გადასული, ჩვენი აქტივობა ვერ მიდის ისე, როგორც საჭიროა.

გადაცემას რაც შეეხება, ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, ფაქტობრივად კვირაში ერთხელაც მიჭირს ჩასვლა ბათუმში, ვეღარ ვმოძრაობ, ვეღარ დავდივარ სამსახურში. ტაქსით გადაადგილება კი, რა ძვირი სიამოვნებაა, ყველამ კარგად იცის და საამისო შემოსავალიც უნდა გქონდეს, რომ ასეთი ტრანსპორტით იმოძრაო. 

პანდემიის პერიოდში ჩვენი შემოსავლის წყარო დარჩა რაც მაქვს მე – მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სარგო სახელმწიფოსგან, ანუ პენსია და მეგობრების მხარდაჭერა. შემოსავალი… სამსახური აღარ არის, ინდმეწარმე ვიყავი, მინი კაფე გვქონდა და ისიც გაჩერდა. ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება მივიღეთ და დამთავრდა“, – ჰყვება ალექსი. 

  • განათლებაზე ხელმისაწვდომობა – პანდემიამდე და მერე

ალექსის შვილი, ლუკა, მეორე კლასშია. მას მხედველობის დაქვეითება აქვს და იმისთვის, რომ წერა-კითხვა გამართულად ისწავლოს, დამხმარე ხელსაწყოები ესაჭიროება.

ლუკას მამა, ალექსი ამბობს, რომ სხვადასხვა დამხმარე საშუალება ლუკას აქამდეც რამდენჯერმე მიუტანეს, თუმცა ზოგი მათგანი გაუმართავი აღმოჩნდა, ზოგი კი არასწორად არის შერჩეული და ლუკას საჭიროებას არ ერგება.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ამ პანდემიის შედეგებში ვხედავ, ის არის, რომ ლუკასთანა საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გაჩნდა დიდი ხვრელი განათლების მხარდაჭერაში. აშკარად ჩანს, რომ სხვადასხვა საჭიროების მქონე ბევრი ბავშვი დარჩება განათლების მიღმა“.

ლუკა ამბობს, რომ CCTV-ით, პორტატული გამადიდებელი მოწყობილობით მუშაობა რთულია, რადგან უჭირს დაახლოებით 300-გრამიანი გამადიდებლის გამოყენება წერისა და ხატვას დროს. ასევე, ლუკა იძულებულია კითხვის პროცესში, როცა ნაწერს თითს აყოლებს, სახე მაქსიმალურად ახლოს მიიტანოს წიგნთან.

ალექსი წეველიძე ამბობს, რომ ამ ჩვევის გამო ლუკას ხერხემლის პრობლემებიც უყალიბდება – იგი მხრებში საგრძნობლად მოიხარა.

მონიტორთან ლუკას თვალები მალევე ეღლება, ოთახშიც შესაბამისი განათებაა საჭირო, ამიტომ გაკვეთილების მსვლელობისა და შემდეგ მეცადინეობის დროს ლუკას დედა ეხმარება.

„როცა მშობელი ეჯაჭვება ბავშვს, მუშაობისთვის მას დრო აღარ რჩება, შემოსავლები კი იცით, როგორც შემცირდა, ალბათ ისევ მკვეთრად შშმ პირების ექვსთვიან პენსიას დამინიშნავენ იანვრიდან”, – ამბობს ალექსი წეველიძე.

ლუკა წეველიძე

ალექსი წეველიძე მიიჩნევს, რომ ინკლუზიურ განათლებაში ხარვეზები განათლების სისტემაში კომპლექსური მიდგომის არარსებობის ბრალია:

„ლუკას საჭიროების შესახებ, ჯერ კიდევ ლუკას ბაღში ყოფნისას უნდა მისვლოდა ინფორმაცია რესურსცენტრს და იქიდანვე უნდა დაწყებულიყო ლუკასთვის საჭირო ინვენტარის მომზადება… არავის არაფერს ვაბრალებ, წერილებს გაჩვენებთ, რამდენ ინსტანციას მივმართე, ეს არის მთელი ბიუროკრატიული მექანიზმი…” 

ვიდეოკომენტარი ➡️

„გაფიქრებაც არ მინდა, რა მოხდება, თუ დაგვიანდა ლუკასთვის დროულად ხელშეწყობა სწავლაში.

მე არ დავიხევ უკან, მაქსიმუმ ახალი სემესტრის დადგომისთანავე ლუკასთვის ეს უნდა მოწესრიგდეს, თორემ ჩამოიშლება ბავშვის აზროვნება, ეს მოქმედებს მის ფსიქიკაზე, განათლების ხარისხზე და ლუკას აკადემიური მოსწრების, რაც მულტიდისციპლინარულმა გუნდმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კარგად იციან, დაკარგვას არ ვაპირებ. მაქსიმუმს გავაკეთებ, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, რომ ლუკა და ლუკასთანა ბავშვები არ დაიჩაგონ“.

ლუკა და ალექსი

როგორც ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი, ლევან ვერულიძე ამბობს, განათლების სამინისტროსგან ლუკასთვის საჭირო თანამედროვე მოწყობილობას იანვრის ბოლოს ელიან. „სამინისტრო შეიძენს ხუთ ცალ აპარატურას. ერთი იქნება ლუკა წეველიძისთვის, ოთხი კი სარეზერვო. ეს აპარატურა იქნება სკოლის ბალანსზე.

„ბათუმელებს“ განათლების სამინისტროდანაც უპასუხეს. აქ გვითხრეს, რომ აპარატურის შეძენის პროცესში არიან, რომელიც დაახლოებით იანვრის ბოლოს ჩამოვა. „იქამდე კი თბილისის 202-ე სპეცსკოლიდან ჩამოვიდა აპარატურა დროებითი სარგებლობისთვის, ახალი აპარატურის ჩამოსვლამდე ბავშვი სასწავლო პროცესს რომ არ ჩამორჩეს“ – გვითხრეს სამინისტროში.

პროდუქციაზე უსაფრთხოების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება

სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნით, პეტიცია ვრცელდება. ინფორმაცია momxmarebeli.ge-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში სამომხმარებლო ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები დადგენილი არ არის და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი.

„უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნაწარმი, როგორებიცაა ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა. საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, მომავალი თაობების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში უზრუნველყოს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენა და უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დაწესება, ევროკავშირის მოდელის ანალოგიურად“, – ნათქვამია პეტიციაში.

ტექსტში ასევე ვკითხულობთ: „მართალია, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული გეგმები მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ მათი განხორციელება ძალზე ნელი ტემპებით მიმდინარეობს და შედეგების პროგნოზირება რთულია. ამასთანავე, ეს გეგმები არ გულისხმობს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლს“.

ხელმოწერების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 21 თებერვალი.

როგორც momxmarebeli.ge წერს, მინიმუმ 300 ხელმოწერის დაფიქსირების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებული იქნება პეტიცია განიხილოს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამომხმარებლო პროდუქციისგან შეიძლება მომდინარეობდეს ფიზიკური, ელექტრული, ბიოლოგიური, ქიმიური და რადიოაქტიური საფრთხეები. „ამ პროდუქტებმა შეიძლება არა მხოლოდ ერთბაშად დააზიანოს ადამიანი, არამედ თანდათანობით, სისტემატური მოხმარების დროს იმოქმედოს ჯანმრთელობაზე და ისეთი სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა სიმსივნე და გენების გადაგვარება, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების დაზიანება და სხვა“.

სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მსოფლიო ბევრ ქვეყანაშია დანერგილი, მათ შორის ევროკავშირში. ევროკავშირის ქვეყნების მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად თავსდება ევროკომისიის ოფიციალურ საიტზე „საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემა“.

საქართველოს ბაზრიდან აღებული ზოგიერთი პროდუქციის შემოწმების შედეგები კი განთავსებულია საიტზე momxmarebeli.ge.

ბათუმში ხვალიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, საღამოს, ბათუმში და აჭარის ტერიტორიაზე გამოიდარებს.

21 იანვრის 21 საათიდან 22 იანვრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ხვალ, 21 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 23-24 იანვარს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, უახლოეს დღეებში ბათუმში ჰაერის ტემპერატურა შესამჩნევად მოიმატებს და +15 გრადუსს მიაღწევს.

____________

ფოტო: „ბათუმელები“

კოვიდის 1137 ახალი შემთხვევა, 11 პაციენტი გარდაიცვალა | დღევანდელი მონაცემები

21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 17 019 ტესტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 11  პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 179 პირი. 

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 477
  • აჭარა – 64
  • იმერეთი – 164
  • ქვემო ქართლი – 65
  • შიდა ქართლი – 85
  • გურია – 13
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 118
  • კახეთი – 95
  • მცხეთა-მთიანეთი – 27
  • სამცხე-ჯავახეთი – 18
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11

ამჟამად ქვეყანაში ინფიცირებულია 9 946 ადამიანი. 3 478  პირი მკურნალობს საავადმყოფოში,  5 934  – საცხოვრებელ ბინაზე.

დღეისათვის საქართველოში კოვიდინფიცირებული 735  მძიმე პაციენტია. 

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 20 813 ადამიანი.

აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 21 იანვარი

21 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში გამოჯანმრთელდა 153 პაციენტი, კლინიკა დატოვა 24-მა პაციენტმა, ხოლო მართვით სუნთქვაზეა 3 პაციენტი.

ამ ეტაპზე აჭარის კლინიკებში მკურნალობს 248 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 206.

 

Exit mobile version