ბაგრატიონის ქუჩის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დილის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ მისამართზე:
ბაგრატიონის ქუჩა (ლერმონტოვის ქუჩიდან – მელიქიშვილის ქუჩამდე).
წყლის მიწოდება განახლდება აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე.
ამავე თემაზე:

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

 

პეტრას ციხეში საფეხმავლო ხიდს ააშენებენ

პეტრას ციხეში, შიდაციხის ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუქციის ლითონის საფეხმავლო ხიდი აშენდება. ხიდზე გადაადგილებას ეტლით მოსარგებლეებიც შეძლებენ.

პროექტის მიხედვით, „ლითონის კონსტრუქცია თავისი სიმყარიდან გამომდინარე არ უნდა აზიანებდეს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ისტორიულ ნაწილს. ამასთან, ხიდი არ უნდა აკნინებდეს ძეგლის ვიზუალს და თავისი მასშტაბით შესაბამისობაში უნდა იყოს ძეგლის გაბარიტებთან.“

ამონარიდი პროექტიდან

პეტრას ციხეში საფეხმავლო ხიდის მოწყობაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 39 ათასი ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.

ციხის ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა აშენდეს. სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს ხიდის პროექტიც.

ხიდი პეტრას ციხის ტერიტორიაზე/ფოტომონტაჟი და ვიზუალიზაცია:

ფოტო ტენდერიდან
ფოტო ტენდერიდან

პეტრას ციხე, რეაბილიტაციის გამო, ვიზიტორებისთვის 2019 წლის 12 აგვისტოდან 2021 წლის 18 მაისამდე დაკეტილი იყო.

ადმინისტრაციული შენობა/ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი/სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები – ამ ყველაფრის მოწყობაში აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტირებული ციხე ვიზიტორებისთვის ღიაა:

რეაბილიტირებული პეტრას ციხე [ფოტო]

 

ბათუმის გენგეგმას 2.1 მილიონად „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მოამზადებს

ბათუმის განაშენიანების გეგმის [გენგეგმა] მომზადებაზე კონკურსი ამჯერად შედგა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, გენგეგმის მომზადებაზე „სითი ინსტიტუტი საქართველო“ იმუშავებს. ორგანიზაციას 2 მილიონ 115 000 ლარს გადაუხდიან.

„სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წელსაა დაფუძნებული  ა(ა)იპ- ია. მას მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე ხელმძღვანელობენ.

ამ დროისთვის კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. 15 დღის ვადაში „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ შემსყიდველს საბანკო გარანტია უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ორგანიზაციას ხელშეკრულებას გაუფორმებენ.

კონკურსში სამი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ „ПРОАРХ“ АД-ი და შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“.

კონკურსით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი, რომელიც მომავალში ბათუმის გენგეგმის ძირითადი ნაწილი იქნება.

კონკურსის პირობები განსაკუთრებულ მოთხოვნებს აწესებს გამოცდილებასთან დაკავშირებით, პრეტენდენტებს უნდა წარადგინონ იმ პირების სახელები და გვარები,  რომლებიც ორგანიზაციასთან ერთად ბათუმის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტს მოამზადებენ. ასევე მათი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

გამარჯვებულ ორგანიზაციას ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს, „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ მოამზადა თბილისის განვითარების გენერალური გეგმაც.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ჯგუფში, რომლებიც გენგეგმაზე იმუშავებენ, არინ ყოფილი საჯარო მოხელეებიც.

რა უნდა ვქნათ, როცა პრემიერი კონსტიტუციის გაუქმებას ცდილობს? – ინტერვიუ HRW-ის ასოცირებულ დირექტორთან

„პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს რიტორიკა, რომელიც პოპულისტურია და არ ემსახურება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას,“ – მიიჩნევს გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი. მას ვკითხეთ, რა უნდა ქნას საზოგადოებამ, როცა პრემიერი ღიად აცხადებს, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციის შესაბამისად [უმრავლესობის მმართველობა უმცირესობების უფლების დაცვით], არამედ უმრავლესობის მოთხოვნებით.

  • ბატონო გიორგი, პრემიერი ამბობს, რომ „უმრავლესობის სახელით“ იმოქმედებს. ფაქტობრივად ის კონსტიტუციას აუქმებს. როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება? 

ეს, რა თქმა უნდა, არის კატასტროფა ქვეყნისთვის, როცა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რაც არის კონსტიტუციით გარანტირებული, შესაძლოა, უბრალოდ უმრავლესობის ნებაზე იყოს დამოკიდებული. ჩვენ ისტორიიდან ძალიან მძიმე მაგალითები გვახსოვს, როგორც ქვეყანას, ასევე მსოფლიოს, როდესაც უმრავლესობის ნებით იმართებოდა სახელმწიფოები.

პრემიერის ეს განცხადება იყო სრულიად პოპულისტური, რომელიც უფრო უმრავლესობის გულის მოგებას ისახავდა მიზნად. პრემიერის განმარტება, რომ დემოკრატია არის უმრავლესობის მმართველობა, არის არასწორი და არ ითვალისწინებს იმას, რომ ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი არის უმცირესობის უფლებების დაცვა და პატივისცემა.

ამ დროს ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს განცხადებები არის მიუღებელი, მიუღებელია ჩაგვრა. ხელისუფლება ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია, შემდეგ მძიმეს სვამს და ხშირად იყენებს კავშირს „მაგრამ“. ეს „მაგრამ “ არის მიუღებელი. ძალადობას და ჩაგვრას არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. ეს არის დაუშვებელი.

  • პრემიერის განცხადებებში თქვენ დაინახეთ პოპულიზმი, მაგრამ უმრავლესობას არ მოსწონს ძალადობა. რაზე იყო გათვლილი პრემიერის პოპულიზმი, თქვენი აზრით?

პრემიერი აპელირებს გრძნობებზე, რომელიც, მისი აზრით, უმრავლესობას გააჩნია. მან ხომ ბოდიშიც მოიხადა იმის გამო, რომ თითქოს აქციაზე პატრიარქის დაპატიმრებას ითხოვენ. პრემიერმა სცადა არა დეესკალაცია, არამედ მიზანმიმართულად სცადა დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აი, თითქოს პატრიარქის დაპატიმრებას ითხოვენ და მე მას ვიცავ, რელიგიას ვიცავო.

მეორეს მხრივ, პრემიერმა გამოიყენა ციფრები – 95 პროცენტი, რაც არაფერს ეფუძნება. ამით ღარიბაშვილმა გამოკვეთა თითქოს ის, რომ ის ამ 95 პროცენტის პრემიერია, მაგრამ რეალურად პრემიერი ხომ მთელი ქვეყნის პრემიერია. მან ყველას, ნებისმიერი ჯგუფის ინტერესები უნდა დაიცვას, რასაც დღეს პრემიერში ვერ ვხედავთ.

  • რამდენად მართებულია ამ ვითარებაში მოთხოვნა პრემიერის გადადგომაზე? 

ეს არის პოლიტიკური განაცხადი. ფაქტია, რომ პრემიერმა დაგმო ძალადობა, მაგრამ ეს მძიმეების დასმა და „მაგრამ“ გამოყენება შეუსაბამოა თანამდებობასთან, როცა პრემიერზე ვსაუბრობთ. შეუსაბამოა ასევე ტოლობის ნიშანი უმცირესობებსა და მოძალადე ჯგუფებს შორის, რომ მათაც აქვთ თურმე გამოხატვის თავისუფლება. ეს არ არის ჩემი ორგანიზაციის განაცხადი, მაგრამ ჩვენ მივუთითებთ იმ დარღვევებზე, რომელიც არსებობს. ფაქტია, რომ პრემიერის ყოველი განცხადება უფრო და უფრო პოპულისტური ხდება. ამ ყველაფრის პარალელურად კი, არ ხდება დროული და ეფექტური გამოძიება.

  • რატომ თვლით, რომ არ ხდება დროული გამოძიება? 

ვნახეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს რესურსი, მოეხდინა პრევენცია 5 ივლისის აქციაზე და შემდეგაც ეფექტურად გამოეძიებია, თუკი მას ამის პოლიტიკური ნება ექნებოდა. ხელისუფლებას ასევე ჰქონდა ვალდებულება გაერკვია, რამდენად ეფექტურად იმუშავა პოლიციამ, როგორ დაგეგმა მან უსაფრთხოების ღონისძიებები – ეს არის ვალებულებები ქვეყნის და პრემიერის, თუ ფიქრობ, რომ ქვეყნის პრემიერი ხარ.

მთავარი პრობლემა, რაც ჩანს გამოძიების პროცესში, არის ის, რომ არ აკავებენ თავად ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელ პირებს და ორგანიზატორებს, ვინც უშუალოდ აორგანიზებდა ძალადობრი აქციებს, მათ შორის, იყვნენ სასულიერო პირებიც. ძალადობისკენ მოწოდება არანაირად არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში.

ამ საქმეებში ასევე არ ხდება იმის გამოყოფა, რომ ეს დანაშაული ჩადენილია ჰომოფობიის ნიადაგზე, რაც დამამძიმებელი გარემოებაა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ახალისებს ძალადობას.

თქვენი აზრით, რა გზავნილის გარშემო უნდა გაერთიანდეს დღეს საზოგადოება? 

თანასწორობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავითავისოთ, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული.

„ლექSOSთვის“ – რეგიონული მაუწყებლები პროტესტის ნიშნად 15:00 საათზე სიგნალს წყვეტენ

დღეს 13 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოში რეგიონული მაუწყებლები პროტესტის ნიშნად 10 წუთით სიგნალს გათიშავენ.

ეკრანზე იქნება მხოლოდ წარწერა – „ლექSOSთვის“.

შეუერთდებიან თუ არა მაუწყებლების პროტესტებს ტელეკომპანია „იმედია“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი? – „ბათუმელები“ ინფორმაციის მიღების მიზნით „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ირაკლი ჩიხლაძეს დაუკავშირდა, თუმცა ის „ბათუმელებს“ ზარებს არ პასუხობს. მან არც ჩვენს ტექსტურ შეტყობინებას უპასუხა.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც ახალი ამბების საინფორმაციო საინფორმაციო სამსახურში გვითხრეს, ისინი მაუწყებლობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ და სიგნალი არ გაითიშება. „ჩვენთან კომუნიკაცია არავის არ ჰქონია, ამიტომ ჩვეულებრივად გავდივართ ეთერში“ – გვითხრეს საინფორმაციო სამსახურში.

დღეს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას კრძალავენ. ოპერატორი 5 ივლისს სასტიკად სცემეს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა. მას სახის არეში სერიოზული დაზიანებები ჰქონდა.

ჩვენ შეიძლება შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში – გამყრელიძე

„ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში“ – განაცხადა დღეს, 13 ივლისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

„… ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება.

კორონა ვირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“, –  განაცხადა გამყრელიძემ.

13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე თემაზე: 

კოვიდის 1862 ახალი შემთხვევა – 200-ზე მეტი ბავშვი კლინიკაშია

გაბუნია: „უახლოეს დღეებში შემოვა ფაიზერის ვაქცინა”

დღეს, 13 ივლისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი:

„დღეს ქვეყანაში არის უკვე მობილიზებული მილიონამდე დოზა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის, ორივე ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით.

ასევე, უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება იმისი, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუ კი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია, მაგრამ დღეს არსებული ყველა ის ვაქცინა, რომელიც გვაქვს – „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“ არის დადასტურებული ეფექტურობის და ახლა, თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს.

ამდენად მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აქტიური ჩართულობისთვის ვაქცინაციის პროგრამაში, რაც მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე განიხილება „ფაიზერით“ ვაქცინაციის ასაკის დაწევა 16 წლამდე.

„იცით, რომ ამერიკაში უკვე 12 წლის ზემოთ „ფაიზერის“ ვაქცინა ავტორიზებულია, როგორც კი მიღებს უფრო ფართო აღიარებას ჯანმოს მიერ ამ ტიპის ვაქცინაცია ბავშვების ჯგუფში, რა თქმა უნდა, ჩვენც ამას გავაკეთებთ, მაგრამ არა დღეს და ხვალ“.

კოვიდის 1862 ახალი შემთხვევა – 200-ზე მეტი ბავშვი კლინიკაშია

13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 117 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 11 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3705 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 728 მძიმე პაციენტია.

12 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.0% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.26%.

„გასული დღეების მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე“ – განაცხადა დღეს, 13 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

„თბილისში მობილიზებულია 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის დროს ფაქტობრივად იყო დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა კიდევ დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება“ – განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კოვიდის შემთხვევები იზრდება.

“გადადგეს ღარიბაშვილი” – ჟურნალისტების პროტესტი ბრიფინგზე მთავრობაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ტრადიციული ბრიფინგი დღეს, 13 ივლისს საპროტესტო აქციის  ფონზე დაიწყო.

მას შემდეგ რაც სატელევიზიო სიგნალი პირდაპირ ეთერში გავიდა, მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე მყოფი ჟურნალისტები ტრიბუნასთან მივიდნენ და საპროტესტო პლაკატები გაშალეს. კამერები დატოვეს ოპერატორებმაც და რამდენიმე წუთით მათაც ტრიბუნასთან დაიკავეს ადგილი.

„გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი“, „დაისაჯოს დამნაშავეები“ – ეწერა პლაკატებზე, რომელიც ჟურნალისტებმა გაშალეს.

„თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის #1 ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში და ის არის მოძალადე პრემიერ-მინისტრი. ის დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, დამნაშავეები, რასაკვირველია, უნდა დაისაჯონ“,- თქვა ტელეკომპანია “ფორმულას”ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ პირდაპირ ეთერში.

რამდენიმეწუთიანი პროტესტის შემდეგ ჟურნალისტები კუთვნილ ადგილს დაუბრუნდნენ და თამარ გაბუნიამ ბრიფინგის ჩატარება შეძლო.

—————————————————————-

ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

გარდაცვალებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ განიხილავს ნარკოტიკით ზედოზირების ვერსიასაც. ორი დღის განმავლობაში უწყებამ რამდენიმე ბრიფინგი გამართა და რამდენჯერმე ახსენა, რომ გარდაცვალებამდე ალექსანდრე ლაშქარავა ფონიჭალაში იმყოფებოდა

აჭარაში კოვიდის 98 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 13 ივლისი

13 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 187 ადამიანი მკურნალობს, მათგან 2 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 242 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაშია 847 ინფიცირებული

ბათუმში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, მანქანები იწვის

ბათუმში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ავტომანქანები იწვის. ცეცხლი მიკროავტობუსსა და მსუბუქ ავტომანქანას მოედო.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

შემთხვევა დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა. ერთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მარჯანიშვილის ქუჩაზე ავტომანქანები დაიწვა.

როგორ ამოვიცნოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები | ექიმის რჩევები

სქესობრივი გზით გადამდები [სგგ] ეწოდება იმ დაავადებებს, რომლებიც ერთი პირიდან მეორეს გადაეცემა ორალური, ანალური თუ ვაგინალური კონტაქტისას, თუმცა ზოგიერთი სგგ ინფექცია საყოფაცხოვრებო ნივთებითაც გადადის.

საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომას“ კონსულტანტი, ექიმი ზაზა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ სგგი-ის სიმპტომების აღმოჩენისთანავე საჭიროა ვიზიტი სპეციალისტთან, რადგან დაგვიანებული ან არაჯეროვანი მკურნალობისას დაავადება შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს და ზოგიერთ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეუქმნას რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.

MayoClinic: სგგდ ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დაინფიცირება შესაძლებელია იმ ადამიანებისგანაც, რომლებიც ჯანმრთელად გამოიყურებიან და შესაძლოა არც კი იციან, რომ ინფექციის მატარებლები არიან.

  • ბატონო ზაზა, რამდენად ხშირია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?

სგგი არის ისეთი ინფექციები, რომელთა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება უპირატესად სქესობრივი გზით. სგგი მთელ მსოფლიოში გავრცელებულია,  ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება მსოფლიო მასშტაბით.

კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს ბაქტერიული ინფექციები (მაგ. ქლამიდიოზი, გონორეა – იგივე ტრიპერი, ვენერული ლიმფოგრანულომატოზი, ურეთრიტი, არა-გონოკოკური სიფილისი და სხვა), არის ასევე ვირუსული ინფექციები, რომლებიც ვირუსებისგან არის გამოწვეული (მაგალითად: ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები B და C, გენიტალური ჰერპესი, აივ/შიდსი და სხვa) და ასევე არის პარაზიტალური ინფექციები, მაგალითად, ბოქვენის ტილი და ტრიქომონიაზი.

დღეისთვის სქესობრივი გზით დაახლოებით 30 ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი გადადის, მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი და სიფილისი. ოთხივე მათგანი განკურნებადია.

  • გადაცემის გზები როგორია?

გადაცემის გზებზე თუ ვისაუბრებთ, ყველა სახის სქესობრივი კონტაქტის დროს შეიძლება გადავიდეს ეს დაავადებები, ასევე დედიდან ნაყოფზე ორსულობის დროს, მშობიარობისას ან ძუძუთი კვების დროს. გარდა ამისა, შესაძლოა გადავიდეს სისხლთან კონტაქტის შედეგად. ზოგიერთი დაავადება შესაძლოა საყოფაცხოვრებო ურთიერთობითაც გადავიდეს.

  • როგორ უნდა ამოვიცნოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია?

სიმპტომები დაახლოებით ერთნაირია, რამდენიმე სიმპტომია, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება სგგდ-ის დროს:

შესაძლოა ტანზე აღენიშნებოდეს სიწითლე, ასევე გამონაყარი დაწყლულების ანუ წყლულის სახით;  შეიძლება იყოს ტკივილი ან ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოებში;  წვა შარდვის დროს;  უჩვეულო გამონადენი საშოდან ან სასქესო ასოდან, ხშირად შეიძლება ახლდეს სპეციფიკური სუნი; საზარდულის მიდამოში ლიმფური ჯირკვლების გადიდება.

სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა დროს. მაგალითად,  გონორეის (ტრიპერის) დროს, შეიძლება 2-3 დღეში დაიწყოს წვა და გამონადენი. იმავე დღეს არანაირი სიმპტომი არ ვლინდება.

  • რამდენად შესაძლებელია ინფექცია გადავიდეს ზღვიდან ან პლაჟიდან?

აუზში ან ზღვაში ცურვით სგგ ინფექციები არ გადადის, სიფილისის დროს შესაძლებელია გადადება სხვის მიერ გამოყენებული პირსახოცის ან სხვა ჰიგიენური საშუალებებით, ზღვაში ბანაობით  – არა.

  • როგორია პრევენცია?

პრევენციაა ერთგული, ჯანმრთელი პარტნიორის ყოლა; ნებისმიერი შემთხვევითი კავშირის დროს დამცავი საშუალების გამოყენება ანუ პრეზერვატივი, მაღალი სარისკო ქცევის ჯგუფების წარმომადგენლებისთვის რეგულარული ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა, რომ არ გადავიდეს ქრონიკულში. ფეხმძიმე ქალებში ხშირი ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების გატარება, რომ პრობლემა არ შეექმნას ნაყოფს.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მკურნალობის დაგვიანებას?

ადამიანები, სგგი-ს სიმპტომების აღმოჩენისას ძალიან ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. ისინი თვითმკურნალობის მიზნით იკეთებენ ერთ ან რამდენიმე ნემსს, რომელიც აჩერებს დაავადებას, მაგრამ ბოლომდე არ კურნავს მას და შემდეგ, გარკვეული ვადის განმავლობაში დაავადება კვლავ იჩენს ხოლმე თავს, მართალია, უფრო ნაკლები სიმპტომებით, მაგრამ მაინც ძალიან საყურადღებოა, რადგან ასეთი შემთხვევები უფრო საშიშია, გადადების პროცენტულობა უფრო მეტია ასეთ დროს.

შედეგად შეიძლება განვითარდეს შარდსასქესო გზების, თირკმლების, სათესლე ჯირკვლების და ა.შ. სხვა დაავადებები, რასაც მივყავართ  უშვილობამდე.

დღეს აივ ინფექცია/შიდსი არის ერთადერთი სგგი, რომელიც არ იკურნება, მაგრამ   მკურნალობის შედეგად გადადის მართვად ქრონიკულ მდგომარეობაში და არ წარმოადგენს ადამიანისთვის საშიშროებას.

თუ ადამიანი მკურნალობს აივ ინფექცია/შიდსზე, მან სიცოცხლის ბოლომდე უნდა იმკურნალოს. დაავადება გადადის ქრონიკულ  ფორმაში და სიცოცხლისთვის საშიში აღარ არის.

ამავე თემაზე:

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ზღვა

 

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დღეს, 12 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შს სამინისტროს პრესსამსახურში დაკავებულების სახელები და გვარები არ დაგვისახელეს, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით აქციაზე დააკავეს გიორგი კირთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე; სამოქალაქო აქტივისტი  ბაჩუკი ჩხეიძე და მისი შვილი თემურ ჩხეიძე, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა; ასევე, მოძრაობის – „შენთან ერთად“ წევრი ირაკლი ძიძიგური.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლს  წითელი საღებავი შეასხეს.

აქცია „ლექსოსთვის“ დღეს აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე ორგანიზაციამ დაგეგმა, თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან ამ დრომდე [20:40 სთ] გრძელდება. აქციაზე იმყოფებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ენმ-ის ფრაქციის წევრები ლევან ანთაძე და ელგუჯა ბაგრატიონი. ისინი მთავრობის სახლში შესვლას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შესვლას ითხოვენ, თუმცა პოლიცია მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

„ოპერატორის სისხლში გაქვთ ხელები“ – აქცია აჭარის მთავრობასთან | ფოტო

დღეს, 12 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები 5 ივლისს, აქციის მონაწილეები 5 ივლისის თბილისის ძალადობრივი აქციას და მის თანმდევ მოვლენებს აპროტესტებდნენ.

„ოპერატორის სისხლში გაქვთ ხელები“ – იძახდნენ აქციაზე. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობას წითელი საღებავი შეასხეს.  ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ძალადობას და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისებას აპროტესტებენ.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საზოგადოების ნაწილი ჟურნალისტებზე ზეწოლას აპროტესტებს.
საპროტესტო აქცია ბათუმში ძალადობის წინააღმდეგ. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საპროტესტო აქცია ძალადობის წინააღმდეგ ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საპროტესტო აქცია ძალადობის წინააღმდეგ ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საპროტესტო აქცია მთავრობის სახლთან.
საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

________________

  • რა მოხდა? 

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს.

აქციის დროს დაზარალდა ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც აღენიშნებოდა სახის ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

„მოციქულები ქრისტეს მედიაა, ქრისტეს ჟურნალისტები“ – დეკანოზის გამოსვლა საპროტესტო აქციაზე

დღეს, 12 ივლისს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დეკანოზი ზაზა თევზაძე გამოვიდა სიტყვით. დეკანოზი მართლმადიდებლური ეკლესიის იმ რამდენიმე სასულიერო პირს შორისაა, რომლებიც ემიჯნებიან ძალადობას.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელიც მოვალე ხართ ეს მძიმე რეალობა შეცვალოთ. ამას ჩვენს მაგივრად არავინ არ გააკეთებს. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენ არ გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, ჭეშმარიტებაზე, რისთვისაც ვართ გაჩენილები და მოწოდებულები“ – ასე მიმართა  დეკანოზმა ზაზა თევზაძემ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

მან 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა:

„ჟურნალისტებზე აღმართული ხელი, ეს არის ჩვენს ხალხზე აღმართული ხელი. რატომ? ისინია თვალი და ყური ჩვენი. ჩვენი ფანჯარა, ჩვენი ხედვის წერტილი, ამიტომ პატივი უნდა დავდოთ მათ, იმიტომ, რომ აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით. ყველაზე დიდი ანგარიშსწორება მათ მიმართ დაიწყეს.

ეს იყო არნახული აქტი, 53 ადამიანი, რომელიც გახდა აგრესიის მსხვერპლი და რომლის თვალებიც იყო სამიზნე, რომელიც არის სახე და სიმბოლო ცნობიერების.

მე მინდა მნიშვნელოვანი რამ ვთქვა, როგორც მოძღვარმა, როგორც ეკლესიის მასწავლებელმა. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე. ეს დღე არის მოციქულების დღე და მოციქულები არის ქრისტეს მედია, ქრისტეს ჟურნალისტები. იმათმა შეცვალეს სამყარო.  და ამ თვალსაზრისით, მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამიანებს შორის.

კარგად გავიგოთ, კარგად გავიაზროთ, კარგად შევიმეცნოთ, იმიტომ, რომ სამყარო როგორიც არის, ასეთი არ ყოფილა. კანიბალიზმიდან დღეს სხვა იდეალებს ვესწრაფვით.

ჩვენ გვჭირდება რწმენა. არ უნდა დავიბნეთ, უკან არ უნდა დავიხიოთ. იმიტომ, რომ უკან გზა არ არსებობს. მხოლოდ წინ, მხოლოდ წინ, მხოლოდ წინ, ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისაკენ,” – თქვა ზაზა თევზაძემ.

_____________________

  • რა მოხდა? 

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მათ შორის მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

აქციის დროს დაზარალდა ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც აღენიშნებოდა სახის ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

 

მედიის გარეშე დარჩენილი საზოგადოების მართვა მარტივია ხელისუფლებისთვის – ქორიძე

„ხელისუფლებას აღარ სურს, რომ მედია არსებობდეს, ინფორმაციით ამარაგებდეს და აძლიერებდეს საზოგადოებას. ეს უკვე იმის მანიშნებელია, რა უნდა ამ ხელისუფლებას“ – განაცხადა დღეს, 12 ივლისს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ.

„ხელისუფლებას ამ შემთხვევაში უნდა ერთადერთი რამ, ავტორიტარიზმი, მეტი არაფერი. მისი ამოცანაა საზოგადოებას პირველ რიგში გაუჩინოს უნდობლობა მედიის მიმართ, დაარწმუნოს ყველა ხილული თუ უხილავი მექანიზმებით, რომ ეს მედია არის მავნე, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მერე უთხრას – დაუპირისპირდი, არ მიიღო ეს მედია.

საზოგადოების რაღაც ნაწილი, დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება დაჰყვეს ხელისუფლების ამ შეთავაზებას, მერე რას ვიღებთ შედეგად? ვიღებთ შედეგად მარტივ რამეს – საზოგადოება რჩება პარტნიორის გარეშე.

უკაცრავად, მაგრამ არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც სასამართლო არ არის მოქალაქის პარტნიორი. მოქალაქის პარტნიორი არის მხოლოდ მედია. ამ პარტნიორის გარეშე ტოვებს საზოგადოებას ხელისუფლება.

ასეთი საზოგადოება რჩება სუსტი, ასეთი საზოგადოების მართვა არის ძალიან მარტივი ხელისუფლებისთვის და საზოგადოება შედეგად იღებს ავტორიტარიზმს.  მერე ძალიან ძნელია ამ ავტორიტარიზმს წინააღმდეგობა გაუწიო.

უბრალოდ დავფიქრდეთ იმაზე, რამდენად პრობლემური იქნება ჩვენი ცხოვრება მედიის გარეშე. ჩვენ აქეთკენ გვიბიძგებს ხელისუფლება“ – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

__________________________

  • რა მოხდა? 

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მათ შორის მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

აქციის დროს დაზარალდა ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც აღენიშნებოდა სახის ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

 

ბათუმში დაპირისპირებაა – დააკავეს აქციის მონაწილეეები [LIVE]

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებაა, წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაიწყო მას შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლს  წითელი საღებავი შეასხეს.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის არიან ბაჩუკი ჩხეიძე და გიორგი კირთაძე, აჭარის ენმ-ის ორგანიზაციის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

აქცია „ლექსოსთვის“ დღეს აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე ორგანიზაციამ დაგეგმა, თბილიში მიმდინარე აქციის პარალელურად.

აქციაზე მთავრობის სახლთან იმყოფებიან ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ენმ- ის ფრაქციის წევრები, ლევან ანთაძე და ელგუჯა ბაგრატიონი, ისინი მთავრობის სახლში შევლას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შესვლას ითხოვენ, თუმცა პოლიცია მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

 

საქართველოში გაავდრდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

ამინდის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ივლისს, დღის ბოლოდან 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელვა-ჭექა, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

 

შეშფოთებულები ვართ განსხვავებული აზრის ჩახშობით – მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 

„ჩვენ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, შეშფოთებულები ვართ ბოლო დღეებში საქართველოს დედაქალაქში განვითარებული მოვლენებით, რაც გამოიხატა განსხვავებული აზრის დევნითა და სასტიკი ჩახშობით. განსაკუთრებით გვაშინებს ის, რომ გამოვლენილი ძალადობის აღკვეთა ვერ მოხდა ხელისუფლების მიერ.

მიგვაჩნია, რომ ადამიანთა მიერ ხელისუფლებისადმი გადაცემული ძალაუფლების გამართლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი აღკვეთს ძალადობას და მოქალაქეებს დაიცავს ამისგან. ასეთი ფუნქციის შეუსრულებლობა ლეგიტიმაციის მიღმა აყენებს ნებისმიერ ხელისუფალს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს 12 ივლისს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

ამავე განცხადებაში ათეულის კლუბის წევრი პედაგოგები მოუწოდებენ ხელისუფლებას დაისაჯონ მოძალადეები და ამ ძალადობის დამკვეთი პირები.

„მოვითხოვთ, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა მხარის, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლო გადაცდომებსა თუ გულგრილობის შემთხვევებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

SMARTER-ი სრულად აღჭურავს NEXT GREEN-ის პროექტს ჭკვიანი სახლის სისტემებით

კომპანია სმარტერი და სამშენებლო კომპანია „ნექსთ გრუპი“ პარტნიორები გახდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც „ნექსთ გრუპის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი NEXT GREEN-ი სრულად აღიჭურვება ჭკვიანი სახლის სისტემებით.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში NEXT GREEN-ის მომავალ მობინადრეებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გააქირაონ საკუთარი ბინა და დაივიწყონ გასაღების არსებობა.

ამ ინოვაციური და ულტრათანამედროვე პროდუქტის დახმარებით NEXT GREEN-ის მობინადრეები შეძლებენ ისარგებლონ კარის გაღების 3 სხვადასხვა მეთოდით:

[checklist]

  • თითის ანაბეჭდით გაღება – ეს საშუალებას მისცემს მობინადრეებს, ყოველდღიურ რეჟიმში მოქნილად, მარტივად და კომფორტულად გააღონ კარი. შესაძლებელია თითოეულ ოჯახის წევრზე გაიწეროს დამოუკიდებელი თითის ანაბეჭდი, რაც შემდგომ საშუალებას მოგვცემს ვიხილოთ, თუ რომელ საათზე ოჯახის რომელი  წევრი ესტუმრა ბინას.
  • კოდით გაღება – ეს საშუალებას მისცემს მობინადრეებს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გააქირაონ ბინა. ამისათვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციაში სასურველი ვადით კოდის დაგენერირება და მისი გაგზავნა მქირავებელთან. გარდა ამისა, მობინადრეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კარის გაღების შესახებ, რაც მეტი დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.
  • ბარათით გაღება – მოგეხსენებათ აპარტოტელი საკმაოდ კომფორტული საცხოვრებელი ტიპის კომპლექსია, რომელიც ითვალისწინებს ბარათზე დაფუძნებულ საკლუბო სისტემას. მომხმარებლის კომფორტიდან გამომდინარე საკეტი დამატებით თავსებადია ბარათთანაც.

[/checklist]

კარის ჭკვიანი საკეტი, გარდა კომფორტისა, პასუხობს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. მას აქვს 6 სენსორი, რომლებიც არასასურველი სტუმრის დაფიქსირების შემთხვევაში იწყებენ განგაშს და დისტანციურად მობინადრეს უგზავნის ნოთიფიკაციას.

კომპანია „სმარტერი“ წარმოადგენს წამყვან კომპანიას შენობა-ნაგებობების ავტომატიზებისა და ჭვიანი სახლის სისტემების კუთხით. იგი ნაწილია სმარტერბიზნესჯგუფისა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ემსახურება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას ქართულ ბაზარზე.

კომპანია „სმარტერი“ წარმოადგენს ბრენდ Orvibo-ს ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში, რომელიც ლიდერია უკაბელო სისტემების კუთხით, განსაკუთრებით კი აჭარის რეგიონში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, კერძოდ კი, ჭკვიანი სახლის სისტემები, უკვე აუცილებელი ატრიბუტია თანამედროვე ტიპის დეველოპმენტისთვის, რომელიც საბოლოოდ მომხმარებელს სთავაზობს: ენერგოეფექტურ, უსაფრთხო და მეტად კომფორტულ გარემოს.

„ეს არის ჩუმი რევოლუცია ხელისუფლების მხრიდან“ – გიორგი მშვენიერაძე

„საზოგადოებას თუკი სურს დემოკრატიის დაცვა და ჩუმი რევოლუციის თავიდან აცილება, რომელსაც ახლა მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, საჭიროა მკაცრი, მაგრამ მშვიდობიანი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, იურისტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

მისი თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადება ცხადად გვაჩვენებს, თუ რა ტიპის მმართველობა მყარდება ქვეყანაში.

„ეს ანტიკონსტიტუციური მმართველობის მოდელია“ – ამბობს იურისტი.

გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოში ჩუმ რევოლუციას ხელისუფლება ახდენს, რომლის მიზანიც კანონზე მაღლა კონკრეტული მოქალაქეების ჯგუფის დაყენებაა. მმართველობის ამ ფორმაზე საუბრის დროს მას ახსენდება სხვა სიტყვაც -„ფაშიზმი“.

„პრემიერმა ღიად გვითხრა, რომ უფლებები არის ის, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს… სინამდვილეში ეს არის ჩუმი რევოლუცია და ეს ხდება არა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მშვიდობიანად იკრიბებიან ქუჩებში, არამედ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე.

რეალურად ხელისუფლება გვეუბნება, რომ ის ყალიბდება უმრავლესობაში მყოფი ჯგუფების ხელისუფლებად. სხვა ჯგუფები კი მეორეხარისხოვანია. ასეთ იდეოლოგიას სხვა სიტყვებით ფაშიზმი ჰქვია,“ – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

იურისტი შენიშნავს იმასაც, რომ პრემიერი უმრავლესობის სახელით მოიხსენიებს მოძალადე ჯგუფებს და ამით ცდილობს ძალადობის გამართლებას.

„არანაირი უმრავლესობა არ არსებობს, რომელიც იმ ძალადობას მხარს უჭერს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეების ღირებულებები არის ევროპული ტიპის, სხვადასხვა გამოკითხვაში მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ეს არ არის რაღაც გეოგრაფიული არჩევანი, ეს არის ღირებულებითი არჩევანი.

მოქალაქეებს სჭირდებათ მშვიდობა და დასავლური ღირებულებების სახელმწიფო, სადაც ადამიანებს აქვთ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, განათლების და ჯანდაცვის კარგი სისტემები…“, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ „ბათუმელებთან“.

ჟურნალისტის თქმით, მას პარლამენტარმა ხელი ჩაარტყა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს ცემაში ადანაშაულებს. ჟურნალისტის თქმით, დღეს, 12 ივლისს, დილით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების დროს დეპუტატმა მას ხელი ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

„ფერდში მკრა და მითხრა „წადი შე თხაო“, ორსაფეხურიან კიბეზე ვიდექი, აკო მინაშვილმა დამიჭირა, მაგრამ კარგად ჩამარტყა,“ – იხსენებს ჟურნალისტი.

დილას მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებმა ვასილ ჩიგოგიძე ერთ-ერთ კაფეში შესვლის დროს დაინახეს და მას კითხვები დაუსვეს. ვასილ ჩიგოგიძემ მათ შეკითხვებს არ უპასუხა და უარყო მთავარი არხის ჟურნალისტისთვის ხელის ჩარტყმა.

დეპუტატი ამჟამად პარლამენტის მიმდებარედ, ერთ-ერთ კაფეშია. კაფეს შესასვლელს ათზე მეტი პოლიციელი იცავს.

კაფესთან, რომელშიც ჩიგოგიძე იმყოფება, მივიდა ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილიც, თუმცა პოლიციამ ის კაფეში არ შეუშვა.

___

მთავარ ფოტოზე: კაფეს შესასვლელს პოლიცია იცავს

ხელისუფლებამ ჯვარი ექსტრემისტების იარაღად აქცია – ნაცვლიშვილი

პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს, 12 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც პარლამენტში ხდება, „ქართული ოცნების“ მხრიდან დეპუტატების მსჯელობა ეთიკის კოდექსზე და მსაჯულთა არჩევაზე უზენაეს სასამართლოში არის გროტესკი.

„დღეს პარლამენტში დაფხრიწეს, დაგლიჯეს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და რეგლამენტი, როდესაც სრულიად უკანონოდ, დეპუტატს შემიზღუდეს პარლამენტში შემოსვლის უფლებამოსილება. როცა ყველა წესი დაარღვიეს და ყველა წესის და კანონის დარღვევით თამაშობენ, რომ თითქოს უნდა მიყვნენ  დღის წესრიგს. ვერ მიყვებიან ამ დღის წესრიგს, რადგან ეს დღის წესრიგი არის სხვაგან დაწერილი და სამწუხაროდ მას ასრულებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისი განცხადებით, დღეს პარლამენტის დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უკვე მესამედ ჩამოიხსნა ევროკავშირის და საქართველოს დროშები.

„ახსნა იყო ის, რომ პროცედურა არ ითვალისწინებს დროშის ასე აღმართვასო. ამაზე ღია გზავნილი რა უნდა გააკეთოს მმართველმა პარტიამ, რომ მას ქვეყანა შეჰყავს რუსეთში, აშორებს იმ ისტორიულ ადგილს, სადაც ჩვენ შევედით სისხლის და ოფლის ფასად და რასაც იცავდნენ ამ ქვეყნის მამულიშვილები საკუთარი სისხლის ფასად.

ამ ხელისუფლებამ ყველა სიმბოლოს გადაუარა. მათ შორის გადაუარა ჯვარს, როდესაც ის აქცია ექსტრემისტების ხელში იარაღად. ჩვენ არ მივცემთ ამის უფლებას, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სიმბოლო, ჩვენი რელიგია, ჩვენი პარლამენტი და ამათ მოუწევთ წასვლა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ 5-6 ივლისს რუსთაველზე „დარბოდნენ არა ორკები, არამედ კობახიძე, მდინარაძე და ძმანი მისნი“.

დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ ასევე განაცხადა, რომ ისინი პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ მარტო ტოვებენ და ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

„შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება ჩვენი გადასახადებით“ – პეტიცია

საქართველოს მოქალაქეები პეტიციით მიმართავენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსების შეწყვეტას ითხოვენ.

„2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა, ტრაგიკული დასასრული აქვს, დაშავებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი და გარდაცვლილია ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.

ცნობილია, რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან ფინანსდება 25 მილიონით, ასევე ფლობს რამდენიმე ათეულ ბიზნესს, რომლებიც გათავისუფლებულები არიან სხვადასხვა გადასახადებისგან.

აღმოჩნდა, რომ საპატრიარქო, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდება ჩვენ წინააღმდეგ განაწყობს რადიკალურად განწყობილ მის მრევლს, რომლებიც სახიფათოები არიან ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის.

ჩვენ, ხელის მომწერები მოვითხოვთ, შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით,“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციას ამ დროისათვის 2600-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2002 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიამ ბიუჯეტიდან 276.5 მილიონი ლარი მიიღო, საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება კი, ჯამში, 64 კვ.კმ. ფართობს მოიცავს.

„ეს არის რუსული კურსი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას“ – ხაზარაძე

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. ოპოზიციამ განცხადება დღეს, 12 ივლისს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები არის დადასტურება იმის, რომ ღარიბაშვილი ქვეყნის კურსს ცვლის.

„ეს არის რუსული კურსი, რომელსაც ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩაწოდებით ახორციელებს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას, საზოგადოების დაშლას სხვადასხვა ინტერესებად.

ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ამ პროცესის შეჩერებას. ამ პროცესის შეჩერების ერთადერთი სამართლებრივი გზა არის პრემიერ-მინისტრის გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან.

ადამიანები თუ ვერ ამჩნევენ, თუ რა პოლიტიკა ხორციელდება ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თუ ვერ ამჩნევენ რა უბედურებაში, გაჭირვებაში შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა, თუ ეს ადამიანები ვერ ამჩნევენ როგორ შეიცვალა ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურებიან ოკუპანტის ინტერესებს.

ამიტომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ამ პროცესებზე პასუხისმგებლობის აღება. ისინი იქნებიან მარტო ამ პარლამენტში, რადგან ღარიბაშვილი და მისი მთავრობა მიაქანებს ჩვენს ქვეყანას უფსკრულისკენ“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, ნებისმიერი რიტორიკა და ნებისმიერი ბრალდება, რაც მესიჯბოქსად აქვს ხელისუფლებას გამოყენებული, ფუჭია.

„ეკლესიის გამოყენება, ლგბტ თემის გამოყენება და ასე შემდეგ არის ფუჭი, ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ კურსს, ვაპროტესტებთ შარლ მიშელის დოკუმენტის არშესრულებას, მოსამართლეების ასე სწრაფად დანიშვნის პროცესს, რომელიც მათ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადმოიბარეს და ჩააცემენტეს ამ ქვეყანაში.

დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ იმ უიმედობას, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააფუძნა ამ ქვეყანაში. ამიტომ, გამოსავალი არის ერთი, მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება. მანამდე „ქართული ოცნება“ იქნება მარტო,“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

„ღარიბაშვილის გამოსვლა არის დიქტატურის ანონსი“ – ზაალ ანდრონიკაშვილი

„სწორედ ამ დღეებში ხდება საქართველოს გაფორმება ავტორიტარულ რეჟიმად,“ – მიიჩნევს ზაალ ანდრონიკაშვილი, პუბლიცისტი, ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მას ვკითხეთ, თუ რა დაინახა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებში.

გარდა იმისა, რომ დღეს, 12 ივლისს, პრემიერმა შეთქმულების თეორია დააბრალა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს და პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვაც სახელმწიფომ ვერ შეძლო და პირიქით, ძალადობას შეუწყო ხელი, ღარიბაშვილმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ კანონის დაცვას არ აპირებს. პრემიერის თქმით, ხელისუფლება უმრავლესობის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებს.

„ღარიბაშვილი, საჭადრაკო ენით რომ ვილაპარაკოთ, არის ცუგ-ცვანგში. ის არის იძულებული თქვას, რასაც ამბობს, რადგანაც იმისი აღიარება, რომ ის პირდაპირ არის პასუხისმგებელი ლექსო ლაშქარავას მკვლელობაში და ძალადობის წახალისებაში 5 ივლისს ნიშნავს იმას, რომ ღარიბაშვილმა, როგორც მინიმუმ, უნდა დატოვოს თანამდებობა. ეს რომ არ თქვას, მას უწევს სრულიად წარმოუდგენელი შეთქმულების თეორიების მოგონება.

ის, რასაც ღარიბაშვილი აკეთებს, უკიდურესად სახიფათო იმიტომ არის, რომ სწორედ ამ დღეებში ხდება საქართველოს გაფორმება ავტორიტარულ რეჟიმად, რომელიც ზღუდავს თავისუფლებებს. ღარიბაშვილმა ეს თავისუფლება უკვე შეუზღუდა ლგბტქ თემს. მან თქვა, რომ დაუშვებელია უმცირესობა აკეთებდეს იმას, რაც არ უნდა (ჰიპოთეტურ) 95% უმრავლესობას, ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უქვემდებარებს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს წარმოსახვითი, მაგრამ არარეალური უმრავლესობის ნებას. ეს არის პირდაპირი ანონსი: დემოკრატია საქართველოში დამთავრდა,“ – გვითხრა ზაალ ანდრონიკაშვილმა.

პუბლიცისტისთვის საგულისხმო აღმოჩნდა პრემიერის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც მან კრიტიკულ მედიაზე ისაუბრა.

„ღარიბაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა მედიის თავისუფლება. ყველა ოპოზიციურ მედიას ის უწოდებს სააკაშვილის მიერ მართულს და ფაქტობრივად ამბობს, რომ მედიები მონაწილეობენ სახელმწიფო გადატრიალებაში. ეს ასევე ნიშნავს, რომ იქნება რეპრესიები მედიის წინააღმდეგ და ამ რეპრესიებს გაამართლებენ იმით, რომ ეს თავისუფალი მედია კი არაა, არამედ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე სუბიექტი. ესეც არის დემოკრატიის დასასრულის ანონსი,“ – აცხადებს პუბლიცისტი.

ზაალ ანდრონიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს პრემიერის მხრიდან სიტყვების „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ანტიეკლესიურის“ ერთდროულად გამოყენებაზეც:

„ეს ნიშნავს, რომ ღარიბაშვილი ეკლესიას და სახელმწიფოს არ მიჯნავს ერთმანეთისაგან და აღვივებს კონფლიქტს რელიგიურ ნიადაგზე, როგორც მან უკვე გააკეთა 5 ივლისის განცხადებაში. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაადგება არა მარტო დემოკრატიის სახელმწიფო ინსტრუმენტებით მოშთობის გზას, არამედ კვლავაც გამოიყენებს მოძალადე ჯგუფებს ოპოზიციური პარტიების, მედიების და მოქალაქეების წინააღმდეგ.

ღარიბაშვილის გამოსვლა არის დიქტატურის ანონსი. ვინც ეს ვერ გაიგო დღეს, ხვალ გააგებინებს, ან გომელაურის სუსი, ან მათი და საპატრიარქოს მიერ მართული მოძალადე ჯგუფები,“ – უთხრა ზაალ ანდრონიკაშვილმა „ბათუმელებს“.

„პრემიერი გახდა ძალიან საშიში, ეს არის ხელის აღება კონსტიტუციაზე“ – საია

„ეს არის ხელის აღება კონსტიტუციურ ვალდებულებებზე,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე. ღარიბაშვილმა 12 ივლისს თქვა, რომ უმრავლესობას უნდა დავემორჩილოთ.

„როცა 95 პროცენტი არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, ჩვენ ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საია-ს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს განაცხადი პირდაპირ აჩვენებს, როგორ ამბობს ხელისუფლება უარს კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებასა და სამართლიანი სახელმწიფოს იდეაზე.

ნიკა სიმონიშვილი

„კონსტიტუცია არ განასხვავებს ერთმანეთისგან მოსახლეობის პროცენტულ რაოდენობას. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უფლებებით სარგებლობის საშუალება, იმის მიუხედავად, ეს ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს.

პრემიერის ეს განცხადება არის საშიში და უკვე პრემიერიც გახდა ძალიან საშიში. ეს არის ხაზის გადასმა კონსტიტუციის ისეთ მნიშვნელოვან დებულებებზე, როგორიც არის თანასწორობის უფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ნებისმიერი ჩვენგანის უფლება, რომ თანასწორად ვსარგებლობდეთ ამ უფლებებით. არავითარი უმრავლესობა არ უნდა წყვეტდეს იმას, მე ჩემი უფლებით როგორ ვისარგებლებ,“ – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

იურისტი მიიჩნევს, რომ საფრთხის შემცველია პრემიერისგან უმრავლესობაზე მითითება. საია-ს თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს პრემიერის მიერ დასახელებულ 95 პროცენტზეც.

„ეს არის ციფრებით მანიპულაციაც. ვინ დათვალა, რომ 95 პროცენტია წინააღმდეგი?

ამით პრემიერს სურს იმის ჩვენება, რომ თითქოს ძალიან დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც წინააღმდეგობა ჰქონდათ პრაიდთან მიმართებით.

მსგავსი მანიპულირება შესაძლოა ისევ მოხდეს, მომავალში შესაძლოა საერთოდ არ მიეცეს ოპოზიციას რომელიმე აქციის ჩატარების უფლება და უმრავლესობაზე მითითება მოხდეს…

პრემიერი ამ განცხადებებით მიდის იდეისკენ, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს არა კანონით, არამედ უმრავლესობის გადაწყვეტილებებით, რაც, რა თქმა უნდა, სამართლიანი სახელმწიფოს იდეასთან შესაბამისი არ არის. ეს არის ყველაფერი, გარდა დემოკრატიული სისტემისა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ნიკა სიმონიშვილმა.

კუჭავა ხედავს ჟურნალისტების ტრაგიკულ მდგომარეობას, კობახიძე კი – მორალურ ფსკერს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტს მოუწევს აქტიურად ჩაერთოს ოპერატორის გარდაცვალების მიზეზის დადგენაში.

„მე ძალიან კარგად მესმის ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის. ჩვენ დეპუტატები ვართ, ვხედავთ, თუ რამხელა სიყვარული და მეგობრობაა მათ შორის და რამდენად ტრაგიკულ მდგომარეობაშია ფაქტობრივად ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, თავიანთი მეგობრის დაღუპვით. მე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ მათ მწუხარებას, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, მეგობრების მწუხარებას და ვუსამძიმრებ მათ. ეს არის  სამწუხარო ამბავი, რომელმაც აღაშფოთა ყველა.

ძალიან მნიშვნელოვანი არის და მათ შორის პარლამენტსაც მოუწევს აქტიურად ჩაერთოს იმაში, რომ რეალურად დადგინდეს ყველა მიზეზი. არ არის საუბარი მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარდეს. აუცილებელია, ჩაერთოს ყველა საერთაშორისო ექსპერტიც, თუ ამის საჭიროება იქნება და როგორც ვხედავთ, ამის საჭიროება იქნება იმისთვის, რომ ნდობა იყოს რეალური, შედეგები გახდეს ცნობილი ყველასთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც უმრავლესობამ, ასევე, ოპოზიციამ ყველა ის ბერკეტი გამოიყენოს პარლამენტში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივადევნოთ თვალ-ყური, რომ დადგინდეს სიმართლე – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტი ერთია, რომ არ უნდა გაჩნდეს არანაირი კითხვის ნიშანი, არ უნდა დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი, რომლებიც დღეს არსებობს და ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არის 5 ივლისს დაწყებული მოვლენების სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება.

„რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სამწუხაროდ, ბევრჯერ მოგვიწევს გამეორება, იმ შავი ლაქისა, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის სახით, რაც ჩვენ ვიხილეთ – ძალადობა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე – ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ და ჯგუფურად მოხდა მათზე ძალადობა. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერი არის კამერაზე ასახული, ვერავინ ვერ გაექცევა მართლმსაჯულებას. აუცილებელია, რომ ყველა ადამიანის იდენტიფიცირება მოხდეს და მათი მკაცრად დასჯა. რომ მსგავსი რამ მეორედ აღარც მოუვიდეს თავში აზრად არავის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს. ერი, ბერი – ყველა თანასწორია კანონის წინაშე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვისმენდით წახალისებებსაც კი ძალადობაზე, რომელიც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება და პასუხების გაცემა, არამედ ჩვენი მხრიდანაც, პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმალური უნდა გაკეთდეს და ამის სრული ბერკეტები გაგვაჩნია აქ ყველას, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ.

საჭიროა სრული მობილიზება და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ხვალ და ზეგ აღარ დაუშვებს, მსგავსი ფაქტები რომ განმეორდეს. საუბარია ძალადობაზე, საუბარია, იმ გაუცემელი კითხვების პასუხის გაცემაზე, რომელიც ამ პრევენციის საშუალებას მოგვცემს ხვალ.

დიახაც, პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც მინისტრი მოვა და გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს. მე ვთვლი, რომ მხოლოდ მხოლოდ კომიტეტი საკმარისი არ იქნება და ერთი რიგგარეშე სესია ჩატარდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. სადაც ჩვენ მოვუსმენთ მინისტრს. აუცილებელია მკაცრად პასუხის გაცემა ყველა იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ვიხილეთ და რომელიც აუცილებელია თუ გვინდა ხვალა ავაშენოთ მშვიდობიანი და უსაფრთხო ქვეყანა,” – თქვა კახა კუჭავამ.

___

ამავე თემაზე:

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, „ეს არის ნაცმოძრაობა, მისი მედიამენეჯერებით ეგრეთ წოდებული ჭუტა, ნოდარი, გვარამია, მათ მორალურ ფსკერს არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს“.

„მიზანი არის დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, ეკლესიას“ – კობახიძე 11 ივლისის აქციაზე

„მიზანი არის დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, ეკლესიას“ – კობახიძე 11 ივლისის აქციაზე

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციების უკან რადიკალური, ანტიქრისტიანული ჯგუფები დგანან.

„ეს არის ყველანაირი წითელი ხაზების გადაკვეთა, ისინი მიიღებენ პოლიტიკურ პასუხს ყველანაირ ამორალურ ქმედებაზე. გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე პოლიტიკური ქულების ჩაწერა, საქართველოში უნდა დაისაჯოს პოლიტიკურად უმკაცრესად. ამის საშუალება მომავალში არავის არ უნდა ჰქონდეს და არც უნდა გაიფიქრონ.

ჯერ გარდაცვლილ ბაჩალიაშვილზე თვეები იწერდნენ  ქულებს, შაქარაშვილის საქმეზე გახსოვთ რა ხდებოდა, ეხლა გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ცდილობენ ქულების ჩაწერას. ამაზე მეტი მორალური ფსკერი ხომ არ არსებობს.

ეს არის ნაცმოძრაობა, მისი მედიამენეჯერებით ეგრეთ წოდებული ჭუტა, ნოდარი, გვარამია, მათ მორალურ ფსკერს არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძე რადიკალებს უწოდებს საზოგადოების ნაწილს, რომელიც ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს. „ორგანიზატორები ამ გუშინდელი მიტინგის იყვნენ რადიკალური, ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერები, მიზანი არის დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, ეკლესიას“, – ამბობს კობახიძე.

კობახიძის თქმით, კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია.

„ეს არ არის მართლმადიდებლობა“ – მთავარეპისკოპოს იაკობს ქადაგება შეაწყვეტინეს

ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს ქადაგება შეაწყვეტინეს.

„შეიძლება ამდენი წელი ზიზღის პროპაგანდა იყოს?“ – ასე მიმართავდა მრევლს იაკობი, როცა ქადაგება შეაწყვეტინეს.

„თქვენ სად იყავით? ასეთი ქადაგებით შეიძლება რამეს მივაღწიოთ? ეს ქადაგება არ არის, ეს არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა, ეს არის ბიზნესი, ეს არის ადამიანების სულის ჩახშობა. რწმენა არის სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარული და მე ამას აქ ვერ ვხედავ.

…შპს-ეა ეს, შპს, მეტი არაფერი.

ყარს, მართლა ყარს საპატრიარქო და თქვენ არ გინდათ რომ გასუფთავდეს ამ სუნისგან? მართალი იყო დავით აღმაშენებელი.

53 ადამიანი არის ისეთი ნაცემი, რომ შეიძლება ვერ გადარჩეს, და ამაში თქვენი დამსახურებაა.

ქრისტიანობა სად არის?“ – ასე მიმართა ეკლესიაში მყოფმა ქალმა ამბიონზე მდგარ იაკობს.


__________________________

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მათ შორის მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ინგა გრიგოლია: „ტრიტრის“ ვეტყვი, თუ ხარ მაგარი ბიჭი ირაკლი, მოდი და დამიჭირე

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტები არიან შეკრებილნი, რომელთაც საშვების მიუხედავად დარბაზში არ უშვებენ. პარლამენტის წინაა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც შენობაში შეშვებას ითხოვს.

„მაინტერესებს, რატომ მოგვიწყვეს სპეცოპერაცია მედიას. გაგვცენ პასუხები. მიცვალებულს რომ ყველანაირ სიბინძურეს უგორებენ, ცდილობენ მის შეურაცხყოფას, სამარცხვინოები და ვის გაუბედა მუქარა მასხარა პრემიერმა, კომიკურმა პრემიერმა. დღეს ვის გაუბედა, მედიას დაემუქრა? სახელმწიფო არის ჩამოშლილი. ამ შენობაში არ დავბადებულვარ, თორემ აქ გავიზარდე. ახლა აქ ვდგევარ, საშვები არის დაშვებული, 21-ე საუკუნეში, ვითომ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს არ გვიშვებენ. გეგონება ტყვიამფრქვევებით ვიყოთ აქ შეიარაღებული. ჟურნალისტები, რომლებიც მართლა  დავბერდით… იმ ლოჟაში ვარ დაბერებული, სადაც მედია ზის ხოლმე. არც ერთი პარლამენტის დროს არ მომხდარა ეს, რომ ჩვენ არ შევეშვით.

დამაკავონ თუ უნდათ.

„ტრიტრის“ კიდევ ერთხელ ვეტყვი, თუ ხარ მაგარი ბიჭი ირაკლი, მოდი და დამიჭირე. აი, მოდი და დამიჭირე, იმიტომ, რომ შენ გემორჩილება ყველა. ან აიღე პასუხისმგებლობა, შენ ვის გაუბედე დღეს, რომ დაგვემუქრე. ვის გაუბედე, რომ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გვადანაშაულებ, როცა ჩვენ აქ გამოგვიყვანა ჩვენი კოლეგის ტრაგედიამ და თქვენ მიერ მოწყობილმა სპეცოპერაციამ. ირაკლი ღარიბაშვილი ნახავს როგორია მედიის ძალა.

გუშინ ვამბობდი, იმ ქვეყანაში დიანა ტრაპაიძე მიტინგზე რომ დადგება-მეთქი, ყველაფერი ჩამოშლილია. ამ ხელისუფლებამ ის მოახერხა, რომ ჩვენ მიტინგზე ვიყავით გამომსვლელები და ჩვენი რესპონდენტები ქვევით იდგნენ და გვისმენდნენ.

არც თქვენი მოგზავნილი შავრაზმელების გვეშინია, არც დაჭერის გვეშინია, ჩვენ გვაქვს უფლება შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ ვართ მედია. შეგვიშვით პარლამენტში,” – თქვა ინგა გრიგოლიამ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჟურნალისტები შევიდნენ – რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჟურნალისტები შევიდნენ. სხდომათა დარბაზში შესულებს შორის იყო ტელეკომპანია პირველის მფლობელი ვატო წერეთელი, თუმცა მანდატურის სამსახურმა ის სხდომათა დარბაზიდან მალევე გაიყვანა.

სხდომათა დარბაზში შესვლამდე ვატო წერეთელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას კითხვები ჰქონდა დეპუტატებთან.

„ამათ ეშინიათ მედიის. კითხვების… ჩემი კოლეგები არიან ქვემოთ ახლა. იქ არის 5 ივლისი. გვინდა ჩაგვხედონ თვალებში და გვიპასუხონ, რატომ ჟლიტავდნენ ჩვენს კოლეგებს. რატომ წევს ის ბიჭი დღეს საფლავში. მირანდა ბაღათურიას, 21 წლის გოგოს, რატომ ქოლავდნენ? რატომ გაწირეს ყველა? მინდა ჩამხედონ თვალებში და  გვიპასუხონ. ჩემი კოლეგები არიან ქვემოთ, იგივე ხდება იქ. უბრალოდ ეშინიათ ამ ხალხს. ნებისმიერ ქართული ოცნების წევრთან მაქვს კითხვა,“ – თქვა წერეთელმა.

ამ წუთებში პარლამენტში არ უშვებენ საშვის მქონე ჟურნალისტებსაც. პარლამენტის მანდატურებს კი ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გამოჰყავთ სხდომათა დარბაზიდან. პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი პოლიციას აქვს ბლოკირებული.

„საშვები გვაქვს, დაშვებულია, მაგრამ არ გვიშვებენ. ჩემი, სანაიას, ჟორჟოლიანის და გვარამიასი შეეშინდათ. ხუთი კაცის შეეშინდათ,“ – თქვა რადიო „თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ.

ამ დროისთვის [13:11] საქართველოს პარლამენტში ისევ დაძაბული სიტუაციაა.

„მარშრუტკის“ მძღოლები ბათუმში მგზავრობის 20 თეთრით გაძვირებას ითხოვენ – რას პასუხობს მერია

დღეს, 12 ივლისს, ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა. ისინი ამბობენ, რომ ყველაფრის გაძვირების ფონზე ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე არსებული ტარიფი – 50 თეთრი, დაბალია და მგზავრობის გაძვირებას 20 თეთრით ითხოვენ.

ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მძღოლების მოთხოვნა ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან გაფიცვით ეს საკითხი ვერ გადაწყდება.

„შევხვდი მძღოლებს. ასე არ ხდება, ყველაფერს თავისი წესი აქვს. სანებართვო პირობაში წერია, როცა გაფიცვას აპირებენ, სამი დღით ადრე უნდა მომართონ მუნიციპალიტეტის მერიას, რომ გაჩერებას აპირებენ.

რამდენიმე თვის წინ ჩვენ მთლიანად მოვუხსენით სანებართვო გადასახადი, ეს შეღავათი გავაკეთეთ. სხვა შეღავათის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია ამ ეტაპზე“, – გვითხრა ემზარ ქავჟარაძემ.

მისივე თქმით, გაჩერებულია ძირითადად ერთი სამარშრუტო ხაზი, №24 და რამდენიმე მძღოლი სხვა სამარშრუტო ხაზიდან.

„ფასს ადგენს საკრებულო, უნდა მიმართონ მერიას, განიხილოს საკითხი საკრებულომ, ან დაამტკიცებენ, ან არა“ – აღნიშნა ემზარ ქავჟარაძემ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბათუმში სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ტარიფის გაზრდას ითხოვენ. მსგავსი მოთხოვნით აქცია გაიმართა 2021 წლის მარტშიც.

 

ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება – წულუკიანი

დღეს, 12 ივლისს,  ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა: „ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება, თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, არ უნდა გეზიზღებოდეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი განცხადებით, როცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ შეიძლება იყოს სირთულეები, „რომ ორი ამ დონის, ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს უნდა იყოს ვინმეს მიერ შესმენილი, რომ ჩვენ არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა“, – ამბობს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანის თქმით, ლგბტ თემს ამ ქვეყანაში არავინ ერჩის, „თუმცა მათ აქვთ გამოწვევები, მათი უფლებების დაცვა საჭიროა, განსხვავებული ადამიანი ჩვენ არ უნდა გვძულდეს და ამისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ.

რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ თქვენი (ჟურნალისტების) ვალდებულებაა ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში ტემპერატურის დაგდებას და არ იძახოთ, რომ თურმე ოპერატორი მოკლა მთავრობამ“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს, სანამ „ღირსების მარში“ გაიმართებოდა, ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები წაახალისა მან განაცხადა, რომ „ჩვენ ტრადიციების ქვეყანა ვართ და ღირსების მარში არ გაიმართება“.

შეგახსენებთ, რომ TV პირველის ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას 5 ივლისს რუსთაველზე ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. ოპერატორს სახის არეში ჰქონდა მძიმე დაზიანებები, მას ოპერაციაც ჩაუტარდა. ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

დამნაშავეების დასჯის და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გუშინ საპროტესტო აქციები ბათუმსა და თბილისში გაიმართა.

გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება ამჯერად დეკემბრამდე გადაიდო

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გადაწია.

რეგლამენტი, რომელიც ასეთი მოწყობილობების უსაფრთხოების მიზნით იქნა შემუშავებული, 2021 წლის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.

ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა ჯერ ივლისამდე, შემდეგ კი სექტემბრამდე გადაწია. მთავრობის 8 ივლისის დადგენილებით კი ეს ვადა 2021 წლის 1-ელი დეკემბრისთვის გადაიდო.

ბიზნესი, რომელიც ასეთი მოწყობილობებით ვაჭრობს, აცხადებდა, რომ რეგლამენტის ამოქმედება სამმაგად და მეტად გააძვირებდა ბაზარზე პროდუქციის [უკვე შემოტანილი თუ ქსელში გატანილი შესაბამისი მოწყობილობების] ფასს.

ახალი დადგენილებით ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები აღარ გავრცელდება იმ მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე, რომელთა საქართველოში შემოტანა განხორციელდა 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე.

მთავრობის კიდევ ერთი ახალი დადგენილებით, ტექნიკური რეგლამენტის გარკვეული მოთხოვნები არ გავრცელდება „ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის პროდუქტზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის“.

ეს პროდუქტებია: საკვების მოსამზადებელი მოწყობილობები [გაზქურები], აირზე მომუშავე გამათბობლები, ცენტრალური ბოილერები, წყლის გამაცხელებლები, ავტომატური სავენტილაციო სანთურები აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობისთვის, ასევე აირზე მომუშავე საშრობი მანქანები, მაცივრები, სარეცხის მანქანები, აირზე მომუშავე კონდიციონერები.  

იმპორტიორი კი, რომელსაც ასეთი პროდუქტი გასაყიდად შემოაქვს, ტექნიკური რეგლამენტით, „ვალდებულია, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით“.

შემოსავლების სამსახური ასევე ვალდებულია, „საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.“.

ამავე თემაზე:

გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება სექტემბრამდე გადაიდო

„ოცნების ქალაქის“ დაგეგმარებაზე დოკუმენტებს სამინისტრო ხელახლა განიხილავს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისია დაეთანხმა დავების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კომისიის წინააღმდეგ ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა.

საჩივარი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის დეტალური გეგმის შემუშავებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხებოდა. საკონკურსო კომისიამ ამხანაგობა „მეგაპოლისს“ ამ კონკურსში დისკვალიფიკაცია მისცა.

სამინისტროს საკონკურსო კომისიამ უკვე გააუქმა მის მიერ ადრე მიღებული ოქმი და კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების დოკუმენტების შერჩევა-შეფასება ხელახლა დაიწყო. დავების საბჭომ დაავალა კომისიას, რომ შერჩევა-შეფასება „სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“ განახორციელოს.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობდნენ:
  • ამხანაგობა „მეგაპოლისი“
  • ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა – შპს „თბილქალაქპროექტი“, შპს „ჯდ სტუდიო“, შპს „არქ ქრიატიონი“ და ააიპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“
  • ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“
  • შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“

სწორედ ამ ოთხი პრეტენდენტის მიერ კონკურსში წარდგენილ განაცხადებს განიხილავს ხელახლა სამინისტროს საკონკურსო კომისია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი 2021 წლის 29 აპრილს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 844 ათასი ლარი.

კონკურსის პირობის მიხედვით, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე უნდა დაგეგმარდეს საცხოვრებელი კორპუსები; ასევე საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სარეკრეაციო ზონა და სხვა.

 

მთავარი ფოტო: „ოცნების ქალაქი“ / არსებული სიტუაცია / ფოტო ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საკონკურსო დოკუმენტიდან
Exit mobile version