სიახლეები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ზღვა

01.08.2015 • 6422
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ზღვა

 

 

 

ხშირად ამბობენ, რომ დაინფიცირების წყარო დაბინძურებული ზღვის წყალიც შეიძლება იყოს, თუმცა მეან-გინეკოლოგ ლოლიტა მურადაშვილის განმარტებით, სგგი-ები ზღვის წყლით არ გადადის. ასევე ძალიან მცირეა ინფექციების გადადების რისკი საცურაო აუზებიდან.

 

„თუ აუზის ქლორირების ყველა სანიტარულ წესს ზუსტად იცავენ, წყლიდან ინფექციით დაავადების საშიშროება არ არსებობს, მაგრამ თუ ქლორი ნაკლებია ან საერთოდ დაავიწყდათ მისი გამოყენება, მაშინ აუზის თბილი წყალი ყველა ინფექციას შეინახავს. რაც შეეხება ზღვის წყალს, იგი არ წარმოადგენს ინფექციების გავრცელების წყაროს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზღვის წყლის უნიკალური შემადგენლობა უფრო კურნავს ადამიანს, ვიდრე აავადებს“, – ამბობს ექიმი, თუმცა განმარტავს, რომ ზოგიერთი სგგი-თ (მაგალითად, ტრიხამონი, კლებსიელა, სოკოვანი დაავადებები და სხვა) ადამიანი შესაძლოა ინფიცირებულის აბაზანის გამოყენებითაც დაინფიცირდეს.

 

მეან-გინეკოლოგი ლალი ზაქარაია ამბობს, რომ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობაზე. „ეს შეიძლება იყოს როგორც საშვილოსნოს ყელის და საშოს დაზიანება, ისე ინფექციის გავრცელება აღმავალი გზით, რაც იწვევს როგორც მენჯის ღრუს ინფექციებსა და შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებებს, ისე უნაყოფობას ქალებსა და მამაკაცებში“, – ამბობს ის. მაგალითად, ისეთი სგგი-ები, როგორიც გონორეა (ტრიპერი) და ქლამიდოზია, მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების, ორსულობის გართულებისა და უნაყოფობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნევა.

 

ჯანმოს ინფორმაციით, სგგი-ს გადადებამ დედიდან ნაყოფზე შესაძლოა მკვდარშობადობა ან ახალშობილის გარდაცვალება, ასევე სეფსისი, პნევმონია და თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს. მათივე ცნობით, სიფილისი ორსულობის დროს ყოველწლიურად, დაახლოებით, 305 000 ნაყოფისა და ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი ხდება. პაპილომა ვირუსის გამო კი ყოველწლიურად 530 000 ქალი ავადდება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რომელთაგან 275 000 შემთხვევა გარდაცვალებით სრულდება. მათივე ცნობით, ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია გონორეა (ტრიპერი), ქლამიდიოზი, სიფილისი, ტრიქომონაზი, გენიტალიური ჰერპესი, გენიტალიური პაპილომები, აივ ინფექცია/შიდსი, B და C ჰეპატიტები.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2010 წელს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების 7 326 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 8,2% სიფილისის, 10% გონორეის, 23% ქლამიდიოზის, ხოლო 59% ტრიქომონიაზის შემთხვევებზე მოდის.

 

ლალი ზაქარაია ამბობს, რომ სქესობრივი გზით გადამდები ყველა ინფექცია სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, თუმცა არსებობს სგგი-ების ზოგადი სიმპტომატიკა: გამონადენი სასქესო ორგანოებიდან; წვა და ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში (როგორც გარეთა, ისე საშოში); დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს და მძიმე შემთხვევებში სისხლიანი გამონადენი.

 

ექიმის თქმით, ქრონიკული სგგი-ს ფორმა შესაძლოა საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. „სამწუხაროდ, საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის მქონე მე-16 შტამი, რომელიც კიბოს გამომწვევია. ის არანაირ სიმპტომატიკას არ ავლენს, ამიტომ პაციენტმა სამ წელიწადში ერთხელ პაპ ტესტი და კოლპოსკოპია უნდა ჩაიტაროს“, – ამბობს ლალი ზაქარაია.

 

ხშირად სგგი-თ დაინფიცირებული ადამიანები ამ თემის ირგვლივ არსებული სტიგმის გამო თავს არიდებენ ექიმთან ვიზიტს, რასაც ექიმების თქმით, მომავალში მძიმე გართულებები მოჰყვება. საქმე ის არის, რომ ეს ინფექციები თავისით არ ინკურნება და დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მძიმდება პაციენტის მდგომარეობა. „სამწუხაროდ, პაციენტები იქამდე არ მიმართავენ ექიმს, სანამ ძალიან ცუდ მდგომარეობამდე არ მივა მათი საქმე. ხშირად ეწევიან თვითმკურნალობას, ეს კი მწვავე პროცესის ქრონიკულში გადასვლას იწვევს, შედეგად უფრო მძიმე გართულებებს ვიღებთ“, – ამბობს გინეკოლოგი.

 

ექიმის განმარტებით, დროულსა და სწორ დიაგნოსტიკას პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთ დროს, მაგალითად, პაპილომა ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 99% იკურნება.

 

სწორი და მუდმივი გამოყენების შემთხვევაში პრეზერვატივი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია სგგი-სგან თავის დასაცავად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტებისგან თავის არიდება.

 

ექიმების რეკომენდაციით, ინფექციის დადგენის შემთხვევაში, საჭიროა ერთდროულად ორივე პარტნიორის მკურნალობის დაწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: