ხელვაჩაურში თიხისგან დამზადებული წყლის მილები იპოვეს – „შესაძლოა ეს იყო მეჩეთის სისტემა“

ხელვაჩაურში, სოფელ ვაშალომიძეებში, თიხისგან დამზადებული, წყლის ძველი მილები იპოვეს.

„მიწას ტრაქტორი თხრიდა და ამ დროს გამოჩნდა წყლის მილები. ეტყობოდა, რომ ძველი მილები იყო და სპეციალისტებს დავურეკეთ,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, წყლის ძველი მილები მის ეზოში აღმოჩნდა.

„პირველადი დათვალიერებით, თიხის შემადგენლობით და ფაქტურის მიხედვით, ეს უნდა იყოს სავარაუდოდ მე-18, მე-19 საუკუნის, ან მე-20 საუკუნის 20-იანი წლების თიხის მილები. ეს არის წყალგაყვანილობის ძველი სისტემა, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ვაშალომიძეების ძველ მეჩეთს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ლაშა ალსანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიური და არქიტექტურული კომპლექსების არქეოლოგიის და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსმა. მან ადგილზე დაათვალიერა თიხის მილები და მის გადატანას გონიო-აფსაროსის მუზეუმის ფონდში აპირებს, სადაც მილებს არქეოლოგები შეისწავლიან.

„ჩვენ შევაგროვეთ წყლის მილის სამი ფრაგმენტი, ნაწილი ისევ ამოსაღებია. მსგავსი ფაქტურის და სიძველის მილები სიახლე არ არის, მაგრამ, ბუნებრივია, საინტერესოა, რადგან ამ სოფელში ეს პირველი შემთხვევაა,“ – გვითხრა ლაშა ასლანიშვილმა.

თიხის ძველი მილები ხელვაჩაურში, სოფელ ვარშალომიძეებში აღმოაჩინეს

 

„ეს ტყუილია“ – ახლობელი სკოლის დირექტორის აცრით გარდაცვალებაზე

დღეს, 24 ივლისს ფეისბუქში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კასპის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი აცრის გაკეთებიდან 5 საათში გარდაიცვალა, გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ეს ტყუილია.-

მათი თქმით, დირექტორი კორონავირუსზე 6 ივლისს აიცრა და არა დღეს.

„სამწუხაროა, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მას მეორე დოზა უწევდა 27 ივლისს. ვაქცინა აქ არაფერ შუაშია,“ – გვითხრეს გარდაცვლილი დირექტორის ახლობლებმა.

 

„ბეშუმის გზაზე მანქანებს გადაადგილება უჭირთ“ – მოქალაქე ხულოდან

„გზა ტალახითაა სავსე, მანქანებს გადაადგილება უჭირთ და ბუქსირით ამოჰყავთ ზოგიერთი მანქანა, ეს გზა გააფართოვეს და ამ დროს სანიაღვრე არხები დაშალეს, გზაზე არავინ მუშაობს, რომ წყალმა გზა არ გააფუჭოს…“, – ამბობს ხულოში, სოფელ რიყეთში მცხოვრები გიგლა ანთაძე.

მოქალაქის თქმით, გზაზე გავლა წვიმის დროს მას შემდეგ გართულდა, როცა ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მოქალაქე ამბობს, რომ გზა ჩაკეტილი არაა, მაგრამ სოფელ პასაძეებიდან გოდერძის უღელტეხილამდე ავტომანქანით გადაადგილება რთულია. ამ გზის გავლის გარეშე კი, კურორტ ბეშუმში ვერ მოხვდებით.

„კარგია, რომ გზა კეთდება, მაგრამ ვიდრე მშენებლობა დასრულდება, აქ ხომ უნდა მუშაობდეს ვინმე? ახლა ზაფხული სეზონი ბეშუმში და გზაზე ეს სიტუაციაა. აქციაც გავმართეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – გვითხრა გიგლა ანთაძემ.

„შეფერხება იყო უამინდობის გამო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე. მოქალაქისგან განსხვავებით ხულოს მერი აცხადებს, რომ ადგილზე დილიდან მუშაობს ტექნიკა და ავტომანქანებს გადაადგილების პრობლემა უკვე აღარ აქვთ.

„გუშინ იყო ცუდი ამინდი და ეს იყო გაუთვალისწინებელი შეფერხება. მოძრაობა ჩვეულებრივად არის, შესაძლოა იყოს შეფერხება, გააჩნია სატრანსპორტო საშუალებას,“ – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.

 

საავტომობილო გზა ხულოში, სოფელი რიყეთი, გიგლა ანთაძის ფოტო

აჭარაში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 24 ივლისი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 24 ივლისს  ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 2617 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 869 პირი. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 665 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა – 236, იმერეთი – 220, ქვემო ქართლი – 153შიდა ქართლი – 123, გურია – 31სამეგრელო – ზემო სვანეთი – 111, კახეთი – 152მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ღარიბაშვილის 8 ტყუილი

18 ივლისს ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ ტვიტერზე დაწერა: „ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს“.

„ბათუმელები“ დღეს გთავაზობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო 5 თვეში შექმნილ „საკუთარ ფაქტებს“ – მინიმუმ 8 ისეთი ტყუილს, რაც ქვეყნის პრემიერმა თქვა და რომლის გადამოწმებაც ადვილად შეიძლება.

  • ტყუილი 1

ღარიბაშვილმა ერთ-ერთი ბოლო ტყუილი დღეს, 23 ივლისს უთხრა ჟურნალისტებს. 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა: „ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა“.

5 ივლისს მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს და 53 ჟურნალისტი დაშავდა. მოგვიანებით ერთ-ერთი ნაცემი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ამ დრომდე დაკავებულია 28 პირი, თუმცა მათ შორის არ არის არც ერთი სასულიერო პირი და არც სხვა ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენელი, ვინც ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი იყო.

22 ივლისს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. შესაბამისად, გაგრძელდება მოძალადეების დაკავებაც.

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა – რატომ არ ისჯებიან ძალადობის ორგანიზატორები?

  • ტყუილი 2

„თქვენ გახსოვთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით: 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი. სამწუხაროდ, მე არ მომისმენია არასოდეს არც აშშ-ის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელ სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა და არ არის სამართლიანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ივლისს.

ტყუილია, რომ აშშ და ევროკავშირი ენმ-ის სასამართლოს არ აკრიტიკებდნენ. სინამდვილეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი საქართველოში და დღეს უკვე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბასი ამბობდა:

„საქართველოში კვლავ იწვევს წუხილს ის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ პატიმრებისა და დაკავებულების მიმართ ცუდი მოპყრობის დაა სტანდარტების სახიფათოდ შეუსაბამო პირობების შესახებ ზოგიერთ ციხეში. კვლავ რჩება ნაკლოვანებები კანონის უზენაესობის სფეროში, მათ შორის, აღინიშნება წუხილი სასამართლო ხელისუფლების მიერ თანასწორობის პრინციპის საფუძველზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვასთან დაკავშირებით“.

ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც 2011 წლის მოვლენებს მოიცავს, წერია:

„საქართველოში სახელმწიფო მმართველობა კვლავაც გამოირჩევა აღმასრულებელი ხელისუფლების დომინანტური პოზიციით, სუსტი საპარლამენტო კონტროლით და სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი დამოუკიდებლობით. მიუხედავად სასამართლო სფეროში რამდენიმე მიმართულებით მიღწეული აშკარა პროგრესისა, ზოგიერთი პრობლემა კვლავ რჩება, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა… მთავარი პრობლემა უკავშირდება პროკურორის ძლიერ პოზიციას და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობას“.

  • ტყუილი 3

„პროპაგანდისტულ „პრაიდს“ 95% ეწინააღმდეგება, იძულებული ვართ დავემორჩილოთ“ – განაცხადა 12 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილი. მას არ დაუზუსტებია, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ „მოსახლეობის 95%“ პრაიდის წინააღმდეგია.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს. როცა მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში“.

სინამდვილეში, ქვეყანაში არ არსებობს არავითარი კვლევა, არც არასამთავრობო და არც სამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული, რომლითაც გაირკვევა ადამიანების რამდენი პროცენტი ეწინააღმდეგება პრაიდს.

  • ტყუილი 4

„აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას ხელისუფლების მიერ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ამას ვიმეორებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 12 ივლისს. პრემიერმა ამ სიტყვებით შეაფასა 11 ივლისს გამართული აქცია, სადაც 5 ივლისის ჟურნალისტებზე დევნის გამოძიება მოითხოვეს.

სინამდვილეში, 11 ივლისის აქციის ორგანიზატორებს მსგავსი მოთხოვნა არ ჰქონიათ და ეს არც აქციაზე უთქვამთ.

  • ტყუილი 5

საქართველოში დისკრიმინაცია არ ხდება – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 ივლისს. „დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება განსხვავებული აზრისა და განსხვავებული ცხოვრების წესის დისკრიმინაცია. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ და კონსტიტუციის ფარგლებში და ეს ასეც იქნება“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სინამდვილეში კი, საქართველოში სწორედ განსხვავებულობის გამო ადამიანები მოუკლავთ კიდეც. სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში არაერთი დისკრიმინაციის შესახებ წერს და არამხოლოდ რომელიმე უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციაზე, არამედ ქალთა მიმართ, შშმ პირების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე.

სახალხო დამცველი წერს იმაზეც, რომ „სამწუხაროდ, თანამდებობის თუ სხვა საჯარო პირების მხრიდან დისკრიმინაციული გამონათქვამების შემთხვევები მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც არაერთხელ დაფიქსირდა“. მაგალითად, ივლისი თვეში სასამართლომ თქვა, რომ ბათუმის მერია დისკრიმინაციულად ეპყრობა მუსლიმ თემს.

  • ტყუილი 6

ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ „ღირსების მარშის“ უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით, თუმცა მას არც ამის შესახებ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული მტკიცებულება.

„სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით… სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და სწორედ მათი მიზანია დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა. რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ჩვენ არ დავუშვებთ“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს.

„მცდარია მისი [ღარიბაშვილის] სპეკულაციური მტკიცება, რომ ქვიარ თემი არის კულტურულად და პოლიტიკურად ერთგვაროვანი ჯგუფი, რომლის უკან დგას ოპოზიციური პარტიები…“ – ასე უპასუხეს ლგბტქი სათემო ორგანიზაციებმა 13 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილს.

  • ტყუილი 7

ირაკლი ღარიბაშვილმა 22 თებერვალს თქვა, რომ ენმ-ის ოფისში შეკრებილთა 80%-ს გამსახურდიას დამხობაში მონაწილეობდა. ეს ის პერიოდია, როცა პრემიერი გიორგი გახარია არ დაეთანხმა უმრავლესობის გადაწყვეტილებას ნიკა მელიას დაკავებაზე და გადადგა.

ხელახლა გაპრემიერებული ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „იმ შულავერის კომიტეტში, რომლებიც იკრიბებიან ნაცმოძრაობის ოფისში, თუ გადახედავთ მათ ბიოგრაფიას, 80%-ს აქვს მიღებული იმ პუტჩში, იმ გადატრიალებაში მონაწილეობა, რომელიც 90-იან წლებში მათ ჩაიდინეს“.

პრემიერს არ დაუზუსტებია, რის საფუძველზე დაასახელა „80 პროცენტი“, მას ამის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ენმ-ს ოფისში თავმოყრილ ადამიანებს შორის ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვინც ასაკის გამო ვერ მიიღებდა პუტჩში მონაწილეობას.

  • ტყუილი 8

22 თებერვალს, პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა გაპარტახდა.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მსოფლიო ბანკის მონაცემებით (1995-2019)

იწყება საბავშვო ბაღების, სკოლების, სოციალური სახლების და ცხოველთა თავშესაფარის მშენებლობა

დღეს აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ბათუმის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა და 204 800 000 ლარი შეადგინა. დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბათუმში 81 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება. ნაერთი ბიუჯეტი 237 მლნ ლარს შეადგენს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმი დინამიურად და მრავალმხრივ ვითარდება და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს განვითარება ყოფილიყო შეუქცევადი.

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

„ბათუმი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ქალაქი ვითარდება ძალიან დინამიურად, მრავალმხრივ როგორც ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, ინფრასტრუქტურის სპორტის მიმართულებით და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს განვითარება ყოფილიყო შეუქცევადი და ყველაფერი კეთდება, რომ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ბათუმს და ბათუმელებს ჰქონდეთ კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა, დასაქმება, სოციალური პირობების გაუმჯობესება და მეტი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე.

გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ წლის განმავლობაში განვახორციელოთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მუნიციპალიტეტთან ერთად და ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე საგზაო, საგანმანათლებლო და საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის დაფინანსება, რომელიც ჯამში 17 მილიონ ლარამდეა. საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 43 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ბათუმში იწყება ახალი სარეკრეაციო სივრცეების მშენებლობა, მათ შორის მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი, ახალი იპოდრომი და სარეკრეაციო სივრცე.

სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ქალაქის სწორი განვითარების მნიშვნელობაზე, სივრცით დაგეგმვასა და ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე.

,,მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ ქალაქის სწორი განვითარება, მისი სივრცითი დაგეგმვა, როგორც მოგეხსენებათ დასკვნით ეტაპზეა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა. მალე მოხდება ამ გეგმის დამტკიცება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოგვცემს საშუალებას, რომ როგორც ბულვარი, ასევე მთლიანად ეს სარეკრეაციო სივრცე განვითარდეს თანმიმდევრულად ყოველგვარი ქაოტური განაშენიანების გარეშე. დაწყებულია მუშაობა ბათუმის განაშენიანების გეგმაზე. ეს პროცესიც აუცილებლად იქნება მიყვანილი ბოლომდე. ასევე ბათუმელებისთვის და სტუმრებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურა და 43 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი ამ მიმართულებით. განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების მშენებლობა, როგორიც გახლავთ ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქცია, გოგოლის ქუჩა, ასევე ცალკე აღვნიშნავ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი დიდი გამოწვევა. ასევე ავტოპარკის, ავტობუსების განახლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და წელს, ჩვენ დავამატებთ 40 ახალ ავტობუსს და მომავალი წლისთვის სრულად განახლდება ბათუმის ავტოპარკი. ამისთვის გვესაჭიროება ჯამში დამატებით 60 ავტობუსი“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა, რაც გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო, მიმდინარეობს და ძალიან მალე დაიწყება წყალარინების სისტემის მოწყობა და წლის ბოლოსთვის, პირველი ფაზა იქნება დასრულებული. განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება, ბათუმში მოეწყობა ახალი მწვანე დერეფანი გმირთა ხეივანში, რომელიც ტურისტებისთვის და ბათუმელებისთვის იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი.

„ბათუმში ხორციელდება 80-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი და პანდემიის პირობებში არცერთი შეჩერებულა. არ დაკარგულა სამუშაო ადგილები. ჯამში მათი საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 2 მილიარდ ლარს. განათლების მიმართულებით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. იწყება ახალი სკოლების მშენებლობა და მიმდინარეობს 9 სკოლის რეაბილიტაცია. ბათუმის მუნიციპალიტეტი გეგმავს 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, რომელიც იყო ბათუმელებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა წლების განმავლობაში“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თითოეული წიგნი საკუთარ თავგადასავალს გიყვება | მაკა ლაშხია

ავტორი: მაკა ლაშხია, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით

როცა ფიქრებს თავს ვერ ვუყრი და სიტყვები გამირბიან, ხარანაულის ამბა ბესარიონს მოვიხმობ წარმოსახვაში. ბოგანოს, რომელსაც ფეხთ გზა ეცვა, მიდიოდა და მილაპარაკობდა თავისთვის, ჩუმად, უსიტყვოდ, მაგრამ ყველას გასაგონად. 

ამბასთვის ცხოვრება მარტოობაა, მარტოობა დიდი ბედნიერებაა, რადგან ამ დროს შეგიძლია „შენი თავით იუქმო“. დიდი დრო გაქვს საკუთარი თავი განუწყვეტლივ აღმოაჩინო, საკუთარ თავს ელაპარაკო, ეკამათო, უარყო. მხოლოდ მარტოობისას შეგიძლია საკუთარი თავის ფლობა; მხოლოდ მარტოობის დროს შეგიძლია შენს თავს გაუმხილო, რომ „საკუთარი თავის ფლობა ცვალებადობაა და სხვა არაფერი“. 

ამბასთვის ცხოვრება ფიქრია, ფიქრი საკუთარ თავსა და იმაზე, რაც საკუთარი თავი არაა. საფიქრალს ბევრი სიტყვა ჭირდება, უზომოდ ბევრი. სათქმელი ორი-სამი სიტყვითაც ითქმის. ადამიანმა საფიქრალი ერთ დიდ სკივრში უნდა ჩაყარო, მოაგროვო, გაუფრთხილდე, რომ რომელიმე არ დაგეკარგოს, არ ამოგიფრინდეს სკივრიდან. და როცა მას გააღებ და ფრაგმენტულად, დაუკავშირებლად, შორი-შორს ჩაყრილ ფიქრებს თვალს გაუსწორებ, დაინახავ, რომ უთვალავ ნატეხ ფიქრებს შორის არ არსებობს ისეთი ორი, რომელსაც ერთმანეთთან დააკავშირებ. თითოეულს თავისი ისტორია აქვს, თითოეული თავის თავგადასავალს ჰყვება. 

ამბასთვის ცხოვრება თავგადასავალია, ფიქრების, წარმოსახვის, ოცნებების, მიზნების, იმედგაცრუების თავგადასავალი. ნატეხებად, ფრაგმენტებად ქცეული ცხოვრების გულწრფელი თავგადასავალი, რომელიც სავსეა შემთხვევითი წამოცდენებით და ენაზე მომდგარი სიტყვებით, სიხარულით და ტკივილით, მწარე სიმართლით და ყოველ ჯერზე საკუთარი მეს აღმოჩენით. 

სულს ამოხეთქვა და ლაპარაკი უნდა. თითოეული წიგნი თავისი სკივრიდან ფიქრის ნატეხს ამოიღებს და ალაპარაკებს, „თითქოს მარტო პირის გაღება კმარა, თითქოს მოდის სიტყვები საფქვავით, შენს ნებაზე, ან შენი ნების საწინააღმდეგოდ“.

თითოეული წიგნი საკუთარ თავგადასავალს ჰყვება გულწრფელად, მარტივად, სიხარულით. გიყვება არა იმას, რასაც ცხოვრობ, არამედ იმას, რასაც წარმოისახავ. თითოეული წიგნი დაგაფიქრებს, რომ „უცნობი კაცი მუდამ უფრო მეტია, ვიდრე თვითონ შეუძლია წარმოიდგინოს.“ და შენ, მოხიბლული ამ აღმოჩენებით, უფრო მეტ ბესარიონს ეძებ, იმ პრიალაჯოხიან ბოგანოს, რომელიც მიდის და მილაპარაკობს, რომ „გულწრფელობა შენივე მარტოობის მომასწავებელია“.

მეგობრებთან ერთად დიდი სიხარულით ვერთვები საინტერესო კამპანიაში, რომლის მიზანია მაღალმთიანი აჭარის 60-ზე მეტი სოფლის სკოლისა თუ ბიბლიოთეკისთვის მხატვრული და სპეციალური ლიტერატურის საჩუქრად მიწოდებაა. 

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

„ეს სენსიტიური საკითხია“ – არჩილ ჩიქოვანი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ბათუმის მერიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე წამოწყებული დავა. რატომ არ სურს დროულად აღმოფხვრას დისკრიმინაცია, როგორც ეს ორმა სასამართლომ დაადგინა. რა არგუმენტები აქვს მერიას? – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს ვკითხეთ.

სასამართლოს ორი გადაწყვეტილების მიუხედავად, არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ მერიაში არ არის დისკრიმინაციის ადგილი. ის ირწმუნება, რომ გასაჩივრებას კანონი ავალდებულებს – „მიზეზი სამართლებრივია“. მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვერ დაგვიკონკრეტა, რატომ არის აუცილებელი ეს საქმე სამივე ინსტანციის სასამართლომ განიხილოს.

„ეს არის წლების წინ წარმოშობილი დავა, რომელსაც აქვს სამართლებრივი საფუძველი. ბუნებრივია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სამართლებრივ ჭრილშია განსახილველი, ვინაიდან დავა არ არის დასრულებული სასამართლოში. ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საკითხი ინსტანციების შესაბამისად საჩივრდება, ესეც რიგითი ტექნიკური საკითხია.

ბათუმის მერია არ არის ის ადგილი, სადაც არის დისკრიმინაცია, ჩვენ ვართ მრავალეროვანი და მრავალფეროვანი საზოგადოების წარმომადგენლები, პატივს ვცემთ აღმსარებლობის თავისუფლებას, რომელიც კონსტიტუციით დაცული უფლებაა. მნიშვნელოვანია სამართლებრივ რეჟიმში გადაწყდეს  ყველაფერი, ვინაიდან მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება ან სასამართლო პრაქტიკა ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია.

საქართველოს სასამართლო სიტემა სამი ინსტანციისგან შედგება, ნებისმიერი საკითხი, ეს იქნება სამშენებლო თუ სხვა რიგი საკითხები, რომელსაც ბათუმის მერია სამართლებრივ ნაწილში აწარმოებს. არგუმენტირებასთან დაკავშირებით სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი და შესაბამისი პირები გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განმარტებას“, – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა.

მერის მოვალეობის შემსრულებელს ვკითხეთ, პირადად რას ფიქრობს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე, რაზეც გვიპასუხა, რომ საკუთარ მოსაზრებას იქამდე არ გვეტყვის, ვიდრე სამართლებრივი დავა არ დასრულდება.

„ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და ეხება კონსტიტუციით დაცულ უფლებას. აქედან გამომდინარე სუბიექტურად ვინ რას გრძნობს ეს არ არის მნიშვნელოვანი.“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათუმის მერიამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

___

ბათუმში ახალი მეჩეთის საქმეზე დავის საგანია ზონალურ შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის პირველ სტადიაზე უარის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის აქტების კანონიერება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბრის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით, უკანონოდ ცნო აღნიშნული აქტები და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები მათი გაუქმებისა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის შესახებ.

ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მერიის სადავო აქტებში მითითებული უარის საფუძვლები არ იყო სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რის გამოც ისინი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ სამშენებლო კანონმდებლობას. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბათუმის მერიას უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, მათ შორის,ბათუმის მერიას არ ჰქონდა ნამსჯელი საკულტო ნაგებობის, როგორც მუსლიმი მრევლის სოციალური საჭიროებისა და მოთხოვნის შესახებ.

ბათუმის მერია აგრძელებს მუსლიმების უფლებების დარღვევას – მეჩეთის მშენებლობის საქმე

6 რესტორანი ბათუმში, სადაც თევზისა და ზღვის პროდუქტების უგემრიელეს კერძებს ამზადებენ

თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტებისგან მომზადებული კერძები, გარდა იმისა, რომ D ვიტამინის წყაროა, სპეციფიკური, მსუბუქი და სასიამოვნო გემოვნური თვისებებითაც ხასიათდება. ზაფხული და ზღვის სეზონი შემწვარი თევზის სურნელის გარეშე წარმოუდგენელია.

ჩვენ გირჩევთ ექვს რესტორანს ბათუმში, სადაც თევზის, რვაფეხას, მიდიების, კალმარის, კრევეტებისა და ზღვის სხვა პროდუქტებისგან უგემრიელეს კერძებს ამზადებენ.

 

„ოქროს თევზი“/Gold Fish

ამ რესტორანში პირველად თუ მიხვალთ და მზარეულს ჰკითხავთ, რა აქვთ ყველაზე გემრიელი და პიკანტური, ის გეტყვით, რომ ეს არის ზღვის პროდუქტების კრემსუპი, რომელსაც ზღვის კოქტეილიც ჰქვია. ერთხელ თუ მიირთმევთ ზღვის კოქტეილს, „ოქროს თევზში“ აუცილებლად დაბრუნდებით მეორედ.

ზღვის კოქტეილი კალმარის, რვაფეხას, მიდიებისა და კრევეტების მიქსია.

აქვე წვავენ მაყალზე ვეფხვისებრ კრევეტებს, რაც სალათით მოაქვთ და ორაგულის ნაზად შემწვარ სტეიკს.

„ოქროს თევზის” შემწვარი მიდიები ნივრით, მწვანილითა და სანელებლებით

თევზს ძალიან უხდება სხვადასხვა სოუსი.

რესტორანში განსაკუთრებით გემრიელად ამზადებენ შემწვარ დორადოს ისპანახის სოუსითა და მის უდიდებულესობა ზუთხის მწვადს ისპანახის, მოცარელასა და რესტორნის ექსკლუზიური წითელი სოუსით.

როგორც აქ გვეუბნებიან, „ოქროს თევზში“ შავი ზღვის ყველა სეზონური თევზი შეგიძლიათ შეუკვეთოთ, ასევე სხვადასხვაგვარად მომზადებული მიდიები, კალმარი, კრევეტები თუ რვაფეხა.

„გრანდ გრილი“/ Grand Grill

რესტორანი „გრანდ გრილი“ არდაგანის ტბას გადაჰყურებს.

თევზის კერძებისგან აქ ყველაზე დასამახსოვრებელი საფირმო კერძი „გრანდ გრილია“.

ეს არის მარილით დაფარული დიდი თევზი, რომელიც მარილშივე იწვება. თევზი მოაქვთ გაქვავებულ, ცხელ მარილში, რომელიც სტუმრის თვალწინ ტყდება.

ასე მომზადებულ თევზს განსაკუთრებული გემო აქვს. როგორც რესტორანში გვეუბნებიან, ამ საფირმო კერძს სტუმრები ხშირად დაბადების დღის ტორტის ნაცვლადაც კი უკვეთავენ ხოლმე.

ისე კი „გრანდ გრილი“ გრილსა და ნაკვერჩხალზე მომზადებული თევზისა და ხორცის რესტორანია.

„გრანდ გრილის” სამეფო კრევეტები

„გრანდ გრილში“ შეგიძლიათ შეუკვეთოთ მიდიები ღვინის, ნაღებისა და ბოსტნეულის სოუსით, ჩაშუშული, ან ყველთან ერთად. აქვე ამზადებენ ესპანურ პაელას: ეს არის მოშუშული ბრინჯი კრევეტებით, კალმარით, მიდიებით, შეზავებული ნივრითა და ზაფრანით.

სწრაფად წასახემსებლად აქ შემოგთავაზებენ თევზის ჰამბურგერის მენიუსაც შავი ზღვის ნებისმიერი სეზონური თევზით.

„გრანდ გრილში“ მსუბუქი სადილისთვის აქვთ ზღვის პროდუქტების წვნიანიც. კრევეტებს ამზადებენ გრილზეც და ხარშავენ ცივად, მოაქვთ როგორც აპეტაიზერი: ზეითუნის ზეთით, ლიმონითა და სანელებლებით.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი კერძების, რისი შეკვეთაც „გრანდ გრილშია“ შესაძლებელი.

„გრილ თაუნი“/ Grill Town

„გრილ თაუნი“ ბათუმის ცენტრშია, რუსთაველის ქუჩაზე. ძირითადი კერძები გრილზე მომზადებული ხორცეულით კეთდება, თუმცა საუკეთესოდ ამზადებენ ზღვის პროდუქტებსაც. მაგალითად სპაგეტის რვაფეხათი, კრევეტებით, კალმარით, მიდიებით, პარმეზანითა და ნივრით.

შეგიძლიათ მოითხოვოთ ზღვის პროდუქტების ცეზარიც. ცალკე მზადდება გამორჩეულად ნოყიერი ცეზარი შებოლილი ორაგულით.

ორაგულს „გრილ თაუნში“ ავოკადოს მწვანე სოუსითაც მოგართმევენ. აქ ორაგულის სტეიკი აქვთ ხიზილალასა და ნაღების სოუსშიც.

„გრილ თაუნის” გრილზე შემწვარი დორადო

„გრილ თაუნში“ ზღვის პროდუქტების პიცა, წვნიანი და სალათებიც მზადდება.

აუცილებლად ცალკე უნდა აღინიშნოს კლიარში მომზადებული კალმარის გემო. კლიარი სხვადასხვა ინგრედიენტისგან მომზადებული სპეციალური ცომია, რაშიც კრევეტებს ავლებენ და ასე წვავენ. შედეგად კრევეტები პირდაპირ არ ეხება ცეცხლს და უნარჩუნდება ნაზი კონსისტენცია.

ბათუმში თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების რესტორნებს თუ შეეხება თემა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეთევზეთა უბანი, ე.წ. „მელკიმორია“, საიდანაც დილაადრიან ნავებით და ბადეებით გადიან ზღვაში თევზის საჭერად. აქვეა მეთევზეთა ფარდულები და თევზის მთავარი ბაზრობა ბათუმში, სადაც უამრავი სხვადასხვა სახეობის ახალდაჭერილი თევზის შეძენაა შესაძლებელი.

ბათუმის თევზის ბაზარი, მელკიმორია

ბაზრობაზე შეგიძლიათ იქვე გაასუფთავებინოთ და შეაწვევინოთ ნაყიდი თევზი თუ შინ წაღება გსურთ.

იქვეა გამწკრივებული თევზის რესტორნებიც, სადაც თქვენსავე ნაყიდ თევზს შეგიწვავენ. აქ შეგიძლიათ ქალაქიდან შემოირბინოთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად და ასეთ რესტორნებს თავისი ხიბლი აქვს, ახალი, უგემრიელესი თევზეული და დიდი ულუფები.

„ბალაგანი“/Balagan

ბათუმში ვისაც თევზი და ზღვის პროდუქტები უყვარს, ყველამ იცის, სად არის რესტორანი „ბალაგანი“ თევზის ბაზართან, მელკიმორიაზე. ახალი თევზეული და ზღვის პროდუქტები და მთავარი აქცენტი ქართულ გემოებზე „ბალაგანის“ უპირატესობაა.

აქ შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი თევზეული და გრილზე მომზადებული ბოსტნეული, ქართულ-ევროპულად მომზადებული მიდიების ჩაშუშული, მიდიები ღვინოში, კრევეტები გრილზე ან ტაფაზე და აუცილებლად დააგემოვნეთ ქინძმარი, „ბალაგანის“ საფირმო სოუსი. 

ფოტო: „ბალაგანი“

„ბალაგანში“, ისევე როგორც თევზის სხვა რესტორნებსა და კაფე-ბარებში, ბარაბული [რომელსაც ბათუმში ძირითადად „ბარაბულკას“ ეძახიან], ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თევზია. თუმცა არჩევანი თქვენზეა, „ბალაგანში“ ყველაფერი გემრიელია და, როგორც აქ ამბობენ, „სახლური“.

„ლურჯი ტალღა“/Blue Wave

ერთ-ერთი ასეთი რესტორანია „ლურჯი ტალღა“ „მელკიმორიაზე“. აქ ყოველთვის უამრავი ხალხი ირევა, რესტორანს სტუმრობენ თევზის მოყვარული ტურისტებიც და ადგილობრივებიც.

აქ აქვთ სეზონის შესაბამისად შავი ზღვის ყველა თევზი, რასაც ფოლგაში შემწვარს სთავაზობენ სტუმრებს. კალმახს ნიგვზით დაგიმზადებენ, ზუთხსა და ორაგულს – გრილზე ან ბაჟეში.

„ლურჯი ტალღის” კრევეტები ლიმონით

აქ მოსული სტუმრები ხშირად უკვეთავენ მიდიების უგემრიელეს ფლავსა და დიდ, შემწვარ, ჯავშნიან კრევეტებს. თუ ოდნავ გრილა ან მოღრუბლულია, ძალიან მოგეწონებათ „ლურჯ ტალღაში“ მომზადებული სამეფო ან მიდიებისა და კრევეტებისგან მომზადებული უხა.

„ლურჯი ტალღაში“ უგემრიელეს კერძებს შემოგთავაზებენ და რაც მთავარია, ხედი რესტორანს ზღვაზე აქვს.

„ზღვის ვარსკვლავი “/Sea Star

„ზღვის ვარსკვლავი“ მელკიმორიაზე ზღვაზე გადამდგარი რესტორანია. სივრცე ღია ცის ქვეშაა მოწყობილი. იქვე წვავენ დორადოს, სიბასს, ორაგულსა და კალმახს გრილზე, თევზი შეგიძლიათ ფოლგაშიც შეაწვევინოთ.

ზაფხულის სეზონზე ახლა რესტორანში „ბარაბულკა“, სტავრიდა და კეფალიცაა, სხვადასხვა მეთოდით შემწვარი. კრევეტებს, გარდა იმისა, რომ ცივადაც ხარშავენ, აქ კარაქში შემწვარსაც შემოგთავაზებენ, დააგემოვნებთ მოხარშულ კიბორჩხალებს და უხას ორაგულით, ან კალმახით.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი „ზღვის ვარსკვლავში“ 5, 8, 10 და 15 სტუმრისთვის განკუთვნილი თევზის ასორტია.

„ზღვის ვარსკვლავში” გრილზე შემწვარი თევზი

შეუძლებელია ცხოვრობდე, ან ისვენებდე ზღვისპირა ქალაქში და სანაპიროსთან ახლოს ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძების გასინჯვა შენთვის ჩვეულ, საყვარელ რიტუალად არ იქცეს. ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული თევზის რესტორნების ექვსეული ამ სასიამოვნო რიტუალის შექმნაში აუცილებლად დაგეხმარებათ. რიტუალის, რომელსაც, რა თქმა უნდა, თან უნდა  სდევდეს თეთრი, მშრალი ღვინო.

რა თქმა უნდა, ეს ბათუმში მდებარე თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორნების სრული ჩამონათვალი არ არის. ბათუმში კიდევ ბევრი კარგი რესტორანი და ტავერნაა, სადაც უგემრიელესად მომზადებულ თევზს მოგართმევენ.

არჩევანი თქვენზეა!

დავა 2-მილიონიანი გენგეგმის შესყიდვაზე – კომპანია ბათუმის მერიას უჩივის

ბათუმის განაშენიანების გეგმის [გენგემა] დოკუმენტთან დაკავშირებულ ტენდერს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო შეისწავლის. კონკურსში მონაწილე კომპანიამ ბათუმის მერიას უჩივლა.

შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“ საკონკურსო კომისიას ტენდენციურ მიდგომაში ადანაშაულებს და კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

საუბარია 2-მილიონიან შესყიდვაზე, რომლითაც ბათუმის მერია სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტს ყიდულობს. ეს დოკუმენტი ბათუმის გენგეგმის ძირითადი ნაწილი იქნება.

კონკურსში მონაწილე კომპანია შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“  შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ მის კონკურენტ – ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“, რომელიც მერიამ გამარჯვებულად გამოაცხადა, დაგეგმარების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარდგენილი ჰყავს არქიტექტორი ზვიად ბურჭულაძე.

ორგანიზაციის მიერ საკონკურსო კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ზვიად ბურჭულაძეს საკონკურსო დავალებით მოთხოვნილი რეკომენდაცია ნუგზარ ძნელაძემ მისცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა. ნუგზარ ძნელაძე ამავდროულად საკონკურსო კომისიის წევრია [მერიის იმ კომისიის წევრი, რომელმაც სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტის მომზადებისთვის კომპანია შეარჩია].

მომჩივანი კომპანიის აზრით, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი და შესყიდვების შესახებ კანონის დარღვევა. კერძოდ კი, ირღვევა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობებს ადგენს.

მომჩივანი კომპანია მიიჩნევს, რომ სატენდერო კომისიის წევრის მიერ კონკურსანტი კომპანიის წარმომადგენელზე რეკომენდაციის გაცემა, რომლითაც მან მოახერხა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება, „ინტერესთა შეუთავსებლობის მკაფიო მაგალითია.“

„საქმეში წარმოდგენილი ცნობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სატენდერო კომისიის წევრი პირდაპირ არის დაინტერესებული კონკურსანტი კომპანიის წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების, რაც აჩენს ზემოთ დასახელებულ ეჭვებს და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული ოქმის არაკანონიერად ცნობის საფუძველს“, – წერს შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“  შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს.

მომჩივანი კომპანია ასევე წერს, რომ რეკომენდაციის გამცემი სატენდერო კომისიის წევრი ვალდებული იყო კანონის მოთხოვნის შესაბამისად აღარ ემუშავა კომისიაში.

დამატებით უნდა ითქვას, რომ ზვიად ბურჭულაძე გარკვეული ვადით ხელშეკრულებით მუშაობდა ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. გარდა ამისა, ის არის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური და ძეგლების საბჭოს წევრი.

ზონალურ საბჭოში შედიან ასევე საკონკურსო კომისიის წევრი ნუგზარ ძნელაძე და  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მირიან მეტრეველი [მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი.]

ნუგზარ ძნელაძემ გვითხრა, რომ ზვიად ბურჭულაძეს რეკომენდაცია გაუწია, როგორც არქიტექტორს და არა ბათუმის გრგ-ზე სამუშაოდ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ინტერესთა კონფლიქტს, როცა კონკურსანტმა მის მერ გაცემული რეკომენდაცია წარუდგინა, ხოლო მას კომისია არ დაუტოვებია, როგორც ამას კანონი ითხოვს, ნუგზარ ძნელაძემ გვითხრა, რომ „ეს საკითხი სხდომაზე არ წამოწეულა“. მისივე თქმით, რამდენიმე სპეციალისტს რეკომენდაციას კონკურენტ ჯგუფშიც გაუწევდა.

გარდა ამისა, საკონკურსო დავალების მიხედვით, არქიტექტორ-ურბანისტის პოზიციაზე შეთავაზებულ კანდიდატურას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში ურბანისტიკის განხრით და 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება ამ სფეროს კვლევებში.

შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“ საჩივარში წერს ასევე, რომ ურბანისტის პოზიციაზე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარდგენილი ჰყავს ნიკოლოზ შავიშვილი. კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მას არ აქვს მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში ურბანისტიკის განხრით. წარდგენილი მასალით მას არც 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება უდასტურდება აღნიშნული სფეროს კვლევებში.

საკონკურსო პირობების მიხედვით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების რომელიმე პუნქტის შეუსრულებლობა დისკვალიფიკაციის უპირობო საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ამავე ორგანიზაციის მიერ საინჟინრო ინფრასტრუქტურის სპეციალისტის კანდიდატურაზე შეთავაზებულ სპეციალისტს, გიორგი ნადარეიშვილს საკონკურსო დავალებით მოთხოვნილი რეკომენდაცია წარმოდგენილი აქვს კონკურსში მონაწილე კომპანიის ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთი კონტრაქტორი ორგანიზაციისგან – შპს „გამა კონსალტინგისგან.“

[კონტრაქტორი ორგანიზაციების წარდგენა საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი პირობა იყო].

მომჩივანი მიიჩნევს, რომ ვინაიდან რეკომენდაცია გაცემულია დაინტერესებული პირის მიერ, საკონკურსო კომისიას „სულ მცირე უნდა მოეთხოვა ახალი რეკომენდაციის წარდგენა.“

ამავე კომპანიის რეკომენდაცია აქვს ლევან ზაზაძესაც, როგორც ეკოსისტემების მართვის სპეციალისტის კანდიდატურას.

შპს „გამა კონსალტინგი“ სახელმწიფო უწყებების ტენდერებს ხშირად იგებს და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.

შპს „ნიუ სითი დეველოფმენთის“ ინფორმაციით, საკონკურსო დავალებით მოთხოვნილი მაგისტრის ხარისხი ლანდშაფტის განვითარებაში არ უდასტურდება ასევე ლანდშაფტის არქიტექტორ-დიზაინერის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს, ჟან-ბატისტ პეტერს.

კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს სთხოვს, გააუქმოს ბათუმის მერიის საკონკურსო სხდომის ოქმი, რომლითაც გამარჯვებული გამოავლინეს და დისკვალიფიკაცია მიეცეს ააიპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს.“

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიის საჩივარი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგან კომისია კანონის შესაბამისად მოქმედებდა.

გააგრძელებს თუ არა დავას შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“ სასამართლოში, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს დავების საბჭო მერიის პოზიციას გაიზიარებს? – კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე არ გვაქვს. „ბათუმელები“ დავის განხილვის პროცესს დააკვირდება და ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.

___

ამავე თემაზე:

ბათუმის გენგეგმას 2.1 მილიონად „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მოამზადებს

 

რატომ ვმუშაობ 13 წლიდან

ავტორი: სანდრა ხალვაში, 17 წლის

რამდენი წელი გავიდა იცით? 4 წელი. მაშინ 13 წლის ვიყავი და პირველად წავედი თურქეთში სამუშაოდ, მშობლებთან ერთად.

წლების განმავლობაში ჩემი მშობლები ყოველ ზაფხულს დადიოდნენ თურქეთში. ერთი თვე ვატარებდი მათ გარეშე.

დიდი ხვეწნის შემდეგ ძლივს დავითანხმე მშობლები, რომ იმ წელს მეც უნდა წავსულიყავი. მაინტერესებდა როგორი იყო მუშაობა და საკუთარი ფული მინდოდა. არაფერი მეთაკილებოდა.

დღემდე მახსოვს ის ოჯახი თურქეთში, სადაც ვმუშაობდი. ქართველები იყვნენ, შვილები არა, მაგრამ მშობლები საუბრობდნენ დამტვრეული ქართულით.

ეს ჩემი პირველი, 35-დღიანი სამუშაო იყო თხილის პლანტაციაში.

აგვისტოს პაპანაქება სიცხეში, ნიავიც არ ქროდა, სიცხისგან მიწას ალმური ასდიოდა, თავჩარგული ვმუშაობდით თხილის პლანტაციაში. ყველაზე რთული პირველ საათამდე იყო მუშაობა, დღის ამ ნაწილში დრო ძალიან იწელებოდა, შუადღის ერთსაათიანი დასვენების შემდეგ კი – შედარებით ჩქარა გადიოდა.

იქ მყოფ ქართველებს ერთმანეთის არსებობა გვაძლიერებდა. ერთმანეთს შეძახილებით ვამხნევებდით და უკან დარჩენილებს გზას ვუსუფთავებდით, რომ მალე ამოსულიყვნენ.

ჩემი თანატოლებიც მუშაობდნენ, სკოლის დაწყების წინ ფულს აგროვებდნენ; მუშაობდნენ მოხუცები, რომლებიც შვილის ვალების დასაფარად იყვნენ წამოსული და ახალგაზრდა ქალებიც, რომლებიც ამ ფულით მთელ ოჯახს არჩენდნენ.

საღამოს 6-ის მერე, სახლში როცა მივიდოდით და მოვწესრიგდებოდით, ისევ ერთად შევიკრიბებოდით, ვცეკვავდით, ვმღეროდით, საინტერესო ისტორიებს და სასაცილო თავგადასავლებს ვიხსენებდით.

მაშინ მივხვდი საკუთარი ოჯახის ფასს, მივხვდი, რომ სინამდვილეში საწუწუნო არაფერი მქონდა.

იმაშიც გამიმართლა, რომ კარგ, თბილ ოჯახში ვმუშაობდით. ერთხელ, როცა თავის საშინელი ტკივილის გამო სამუშაოდ ვერ გავედი, საყვედური არავის უთქვამს, თავისი ძმის სახლში დამტოვეს და იმ დღის ფულიც არ დაუქვითავთ.

როცა დავბრუნდი, არ დამიმალავს სად ვიყავი, არც თანაკლასელებთან შემრცხვა ჩემი თავგადასავლების მოყოლა. შემიძლია დავიფიცო, მე უფრო დასამახსოვრებელი 35 დღე გავატარე იქ, ვიდრე ჩემმა თანატოლებმა დასვენების დროს.

ჩემი პირველი ტელეფონიც ჩემი შრომით მიღებული ფულით ვიყიდე – samsung galaxy J1 mini prime.  ყველაზე ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ფულით მოვახერხე მისი შეძენა და არ ვიყავი მშობლებზე დამოკიდებული.

ყველაზე მეტად სწორედ ეს მიხაროდა, არასდროს მსიამოვნებდა სხვისი გამომუშავებული ფულის დახარჯვა.

მშობლები არასდროს მიშლიდნენ მუშაობას, თუ საქმე ჩემს ძალებს არ აღემატებოდა.

იმ წლის შემდეგ ყოველ ზაფხულს ვმუშაობ. ვიყავი მიმტანის დამხმარე, მიმტანი, გამყიდველი საცხობში…

როცა კორონავირუსი გამოჩნდა, არც მაშინ შემეძლო გაჩერება და მარკეტინგულ ქსელში დავიწყე მუშაობა. 7 თვის განმავლობაში ვიმუშავე, როცა ტრანსპორტიც კი არ იყო, ფეხით ჩავდიოდი ორთაბათუმიდან ქალაქში, რომ ამანათები გამეგზავნა თავიანთი პატრონებისთვის.

არ ვმუშაობ იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს უჭირს. ჩემი ორივე მშობელი მუშაობს და გაჭირვებას ადგილი არ ჰქონია. კი, იყო რაღაცები, რაც მინდოდა, მაგრამ მინდოდა მეყიდა ჩემი და არა მშობლების ფულით.

რისი შეძენაც დღემდე ვერ მოვახერხე, ეს ველოსიპედია. თუმცა მთავარია, რომ მიზანი არსებობს და ველოსიპედსაც ვიყიდი.

ვმუშაობ იმიტომ, რომ არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა, არ შემეძლო მეყურებინა მშობლებისთვის ხელებში, როცა ვიცოდი, რა წვალებით მოდიოდა ფული.

როცა წვალობ, მუშაობ, ათასი სირთულის გადალახვა გიწევს, მაშინ ფულს ტყუილად უკვე ვეღარ ხარჯავ, მის ყადრს ხვდები.

ჩემი სამუშაო გამოცდილება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რთული, მაგრამ დასამახსოვრებელი, ბევრი ადამიანი გავიცანი და არცერთ წუთს არ ვნანობ.

ბევრ რამეზე ვოცნებობ, მაგრამ ყველაზე მეტად საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის ნახვა მინდა, მერე საზღვარგარეთ წასვლა და იქაური ადათ-წესების გაცნობაც. თუმცა მანამდე ერთწლიანი რთული ეტაპი მექნება. მომავალი აბიტურიენტი ვარ, ჩემი მომავალი პროფესია უნდა ავირჩიო.

მინდა მასწავლებელი გავხდე და ჩემი პირველი გაკვეთილი ჩემი თავგადასავლებით დავიწყო, ბავშვებს საკუთარი თავის სიყვარული, თავდაჯერება ვასწავლო, ვუთხრა მათ, რომ მუშაობა არასდროს არ არის სირცხვილი და არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი თავისთვის მუშაობ თუ ოჯახის დასახმარებლად. ეს ყველაზე დიდი გამოცდილებაა, რაც გეხმარება, გჯეროდეს საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების.

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

მშენებლობისა და რემონტის 5 ძირითადი ეტაპი

5 მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება რემონტის პროცესში

დღეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მშენებლობა და რემონტის პროცესი გაუვლია, გეტყვით, რომ მასალების სწორად შერჩევა არის ის საკვანძო მომენტი, რომელიც მთელ ამ საქმიანობას ან სწრაფად დაასრულებს, ან საგრძნობლად დახევს უკან. მასალების რაოდენობა, ხარისხი და, რაც მთავარია, მათი ერთმანეთთან შეთავსებადობა – ამ ყველაფრის გათვალისწინებაში რიგით მომხმარებელს პროფესიონალის დახმარება სჭირდება.

ამ პროცესში გამოვყოფთ 5 ძირითად ეტაპს, ესაა: დათბუნება, კედლების სათანადოდ მომზადება, ღებვა, წებოს მომზადება და კერამიკული ფილების გაკვრა.

დათბუნება

 

ხმისა და თბოსაიზოლაციო მასალები დღითიდღე უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ეს გასაკვირი არცაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა უფროდაუფრო მეტი ადამიანი ეცნობა ეკოლოგიისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ინფორმაციას. გარდა იმისა, რომ თბოიზოლაციით აშენებული შენობებში ეფექტურად მცირდება ბუნებრივი რესურსების მოხმარება, ეს მაშინვე აისახება მომხმარებლის მიერ გადახდილ გადასახადებზეც: დაზოგილი ბუნებრივი რესურსი იქნება ეს ელექტროენერგია თუ ბუნებრივი აირი, გაცილებით უფრო ეკონომიურია.

დღესდღეობით საქართველოში მომხმარებელს შეუძლია ნახოს ქვაბამბის, მინაბამბისა და სხვა მასალებისაგან ნაწარმოები თბოსაიზოლაციო მასალები, რომლებიც, ერთი მხრივ, მსუბუქი და ადვილად გამოსაყენებელია, მეორე მხრივ კი, დიდხანს ინარჩუნებს სითბოსა თუ სიგრილეს წლის ცხელ და ცივ სეზონებზე.

თბოსაიზოლაციო ბრენდებს შორის ერთ-ერთი პოპულარული Izocam-ის ბრენდია, რომელიც სამართლიანად ითვლება ლიდერად იზოლაციის სფეროში. ბრენდის პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 46-ზე მეტ ქვეყანაში ხდება.

კედლების მომზადება

 

კედლების მომზადებაში ვგულისხმობთ ამოშენებული ბლოკის კედლის გასწორებასა და ფითხს, რითაც მას ვამზადებთ უკვე კოსმეტიკური რემონტისთვის. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მასალის ხარისხი, რადგან უსწორმასწორო კედელი სწრაფად იბზარება, კერამიკული ფილები კი იბერება და ბოლოს, ტყდება კიდეც.

გარდა ამისა, კედლების მოსამზადებლად, განსაკუთრებით კი სველ წერტილებში, სპეციალისტები გვირჩევენ, თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებას როგორც ინტერიერის, ისე – ექსტერიერის კედლების მოსამზადებლად.

ახალი რემონტის გაფუჭების საფრთხე რომ ავიცილოთ თავიდან, უპირატესობა ხარისხიან პროდუქტს უნდა მივანიჭოთ. ამ კუთხით, მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი უძველესი და დროში გამოცდილი ფრანგული ბრენდის Saint Gobain-ის შვილობილი კომპანია Rigips-ია, რომელიც არამხოლოდ თაბაშირ-მუყაოს ფილებს და მის აქსესუარებს აწარმოებს, არამედ – ფითხის მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს მომხმარებელს.

კედლის მომზადება კერამიკული ფილებისთვის

 

შემდეგი ეტაპი, თუკი სველ წერტილებს ვარემონტებთ, კერამიკული ფილებისთვის კედლის მომზადებაა. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, სად ვაკრავთ ფილებს, რადგან ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის განსაკუთრებული მდგრადობის წებო-ცემენტი უნდა შევარჩიოთ.

ამ შემთხვევაში მსოფლიოში და უკვე საქართველოში კარგად ცნობილი ბრენდის, Betek-ის წებო-ცემენტი შეუცვლელია. ელასტიურობის გამო წებოცემენტი კერამიკულ ფილაზე მუშაობის საშუალებას იძლევა. მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება საცურაო აუზში, წყლის რეზერვუარებში, აბანოში, საპირფარეშოსა და სამზარეულოში; ინტერიერში თუ ფასადზე, მისი ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად გამოყენებაა შესაძლებელი.

შეღებვა

 

შეღებვა უკვე ის ნაწილია, როდესაც რემონტის პროცესი სასიამოვნო და შემოქმედებითიც კი ხდება ხოლმე. თუმცა ამ ეტაპზეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფუძე, ისე – ფერი, ყურადღებით იქნას შერჩეული. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას ვღებავთ: ინტერიერი თუ ექსტერიერი, ბავშვის ოთახი თუ სასტუმრო ოთახი და ა.შ. FAWORI-ს პროდუქცია განსახვავებული მოთხოვნებისთვის განსხვავებული მახასიათებლების მქონე პროდუქტებად იყოფა: წყლის, ნესტისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების მიმართ გამძლე საღებავები ფასადებისთვის; ეკოლოგიურად სუფთა და მარტივად წმენდადი საღებავები ბავშვების ოთახებისთვის; განსაკუთრებული ფერები კი – სხვა დანარჩენი ოთახებისთვის – ესაა არასრული ჩამონათვალი იმ მრავალფეროვანი პროდუქციისა, რასაც FAWORI-ს ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს.

კერამიკული ფილები

 

დაბოლოს, კერამიკული ფილები როგორც შიდა, ისე – გარე მომხმარებისთვის, ჰორიზონტალურ და ვერტიკალური ზედაპირებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო დეტალი ჩვენი სახლისთვის – სააბაზანოში, საპირფარეშოში, სამზარეულოში, აივანსა თუ ეზოს მოსაპირკეთებლად.

კერამიკული ფილების ფართო არჩევანს მსოფლიოში კარგად ცნობილი BIEN-ის ბრენდი გთავაზობთ, რომლის ოფიციალური პარტნიორიც საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვაა“.

სწორედ „ნოვაშია“ შესაძლებელი რემონტის დანარჩენი 4 ძირითადი კომპონენტისთვის მასალებისა და ჩამოთვლილი ბრენდების შეძენაც. Fawori, Izocam, Betek, Rigips და Bien ნოვას ოფიციალური პარტნიორები არიან.

ყიდვის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, „ნოვამ“ ვებ-გვერდი შექმნა, მასშტაბური ციფრული მაღაზია, სადაც თითოეული პროდუქტის ნახვა, დათვალიერება, ფასების შედარება, ყიდვა და  თბილისის,ქუთაისის და ბათუმის მასშტაბით გამოწერილი ნივთის მიღებაა შესაძლებელი.

50 ათასი დასახელების პროდუქტი 12 სხვადასხვა მიმართულებით უკვე ჩაეშვა „ნოვას“ მასშტაბურ ციფრულ მაღაზიაში.

,,ნოვას’’ მიზანია შეუქმნას მომხმარებელს კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ, დღევანდელ რეალობაში კი ამ კომფორტს კომპანია ერთი საიტის ქვეშაც გვთავაზობს.

ბათუმში კოვიდით ინფიცირებული 30 ბავშვია კლინიკაში – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 30 ბავშვია კლინიკაში.

„ბავშვებთან მიმართებაში არა გვაქვს დაძაბული სიტუაცია, გუშინდელი მონაცემებით 30 ჰოსპიტალური შემთხვევა გვქონდა. 60 საწოლი იყო მობილიზებული. განსაკუთრებული მზარდი მომართვიანობა ამ მიმართულებით არ აღინიშნება“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან დღეს, 23 ივლისს.

აჭარაში კორონავირუსი ინფიცირებულ ბავშვებს, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მკურნალობენ.

„ცეროდენასთან“ ცენტრალურ პარკში სავალი ბილიკი მოღობეს – მერიაში არაფერი განმარტეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში, კაფე „ცეროდენასთან“ სავალ ბილიკზე გავლას ვეღარ შეძლებთ. აქ იმ შემთხვევაში მოხვდებით, თუ კაფეს მომსახურებით ისარგებლებთ და საზოგადოებრივი სარგებლობის ბილიკზე განთავსებულ მაგიდასთან დაჯდებით.

რატომ არ რეაგირებს ბათუმის მერია, მერიასთან ახლოს, ქალაქის ცენტრში სავალი ნაწილის მისაკუთრებაზე? – ბათუმის მერიის პრესცენტრს დღეს დილით მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ. მერიის პრესცენტრს ვუთხარით ისიც, რომ ეს სავალი ნაწილი მინიმუმ ერთი კვირა მისაკუთრებულია.

„ცეროდენამ“ ცენტრალური პარკის სავალი ნაწილის მითვისება წლის დასაწყისშიც სცადა. მაშინ „ბათუმელებთან“ კაფეს მესაკუთრემ, თენგიზ ქოქოლაძემ განმარტა, რომ რკინის კონსტრუქციას ბილიკზე მუშა შემთხვევით ამონტაჟებდა. რკინის კონსტრუქცია მაშინ მოშალეს, რამდენიმე დღის წინ კი, აქ ღობე თოკებით მოაწყვეს.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს თენგიზ ქოქოლაძემ ამჯერად აღარ უპასუხა.

 

ამ ფორმით ჩაიკეტა ცენტრალური პარკის სავალი ნაწილი ახლა

დინამო-ბატეს მატჩზე ბათუმელმა ფანებმა ბელორუს ქომაგებს სცემეს – დააკავეს 1 პირი

22 ივლისს, უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დინამო ბათუმისა“ და ბორისოვოს „ბატეს“ შეხვედრაზე, ბათუმელი ფანები შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოსულ ბელორუს გულშემატკივართა მცირე ჯგუფს დაუპირისპირდნენ.

თვითმხილველის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ბატემ“ „დინამო ბათუმის“ კარში გოლი გაიტანა, რასაც ბელორუსი გულშემატკივრების სიხარული მოჰყვა.

გოლის გატანამ და ბელორუსი გულშემატკივრების აღტაცებამ „დინამო ბათუმის“ ფანების ერთი ჯგუფი გააღიზიანა და მათ ჩხუბი დაიწყეს. დაიწყო შეხლა-შემოხლა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

შს სამინისტროს ცნობით, მატჩზე პოლიციამ 1 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

დაპირისპირება „დინამო არენაზე“. შოთა გუჯაბიძის ფოტო
დაპირისპირება „დინამო არენაზე“. შოთა გუჯაბიძის ფოტო

____________

ფოტოზე: დაპირისპირება სტადიონზე. კადრი შოთა გუჯაბიძის ვიდეოდან

 

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევენ.

ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თიბისიმ Visa-სთან ერთად მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნა, პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდა პოს-ტერმინალებზე, ონლაინ ვაჭრობისას, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

ციფრული ბარათის უპირატესობებია:

[checklist]

  • ბარათის გააქტიურება შესაძლებელია მომენტალურად;
  • მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
  • მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
  • ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;

[/checklist]

ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, მოთხოვნისთანავე აქტიურდება.

ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/first-digital-card-from-tbc

შვედეთის მოქალაქეს 73 000 ევრო მოტყუებით გადმოარიცხვინეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი მოქალაქეა დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში.

ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს შვედეთის სამეფოს მოქალაქესთან, რომელსაც წარსულში დაკარგული აქციების დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების აღმოჩენის პროცესში, ჯამში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მოტყუებით გადაარიცხვინეს ჩეხეთში, ა.ჩ.-ს მიერ დაფუძნებული არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რასაც ა.ჩ., ზ.დ. და თ.წ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა დაანაწევრეს და არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხეს საქართველოში, ა.ჩ.-ს, თ.წ.-ს და მათთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე.

აღნიშნული ქმედებებით, ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ ჯამში 48 900 ევროს (151 416.9 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს“ – წერს პროკურატურა.

საქართველოს მოქალაქეებს: ა.ჩ.-ს, ზ.დ.-ს და თ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

სად შეწყდება დღეს წყალი ბათუმში – ავარიული დაზიანება

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს 23 ივლისს, 12:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

  • თამარის დასახლება
  • მახინჯაური
  • მარკოზ აჭარელის ქუჩა
  • ანგისის ქუჩა, ანგისის ჩიხები (პირველი, მეორე.)
  • კაჩინსკების ქუჩა
  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა
  • ხახუტაიშვილის ქუჩა
  • კობალაძის ქუჩა
  • ინასარიძის ქუჩა
  • გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა
  • ტბელ აბუსერიძის ქუჩა
  • კობალაძის ქუჩიდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩამდე

კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი – „მაგნიტი მაქსი“ იხსნება

24 ივლისს, 16:00 საათზე, ბათუმში, შ. ინასარიძის ქუჩა N7-ში „მაგნიტი მაქსი“ იხსნება. ახალი მრავალფუნქციური სუპერმარკეტი აჭარაში არსებული სხვა ფილიალებისგან, როგორც ზომით, ისე პროდუქციის ასორტიმენტითა და მომსახურებით გამოირჩევა.

კომპანიისთვის ეს უკვე მაქსის ტიპის მეორე ფილიალია, სადაც 1000 კვადრატულ მეტრამდე განთავსებულ მრავალფუნქციურ სუპერმარკეტში „მაგნიტის“ წარმოების პურ-ფუნთუშეული, მზა კერძები და საკონდიტრო ნაწარმი იქნება წარმოდგენილი. აქვე მომხმარებელს ახლადგამომცხვარი ცხელი თონის პური, ნედლი ხორცი და თევზი დახვდება.

„სუპერმარკეტების ქსელმა „მაგნიტი“ მრავალფეროვანი და განსახვავებული ფორმატის სუპერმარკეტების „მაგნიტი მაქსის“ განვითარება 2021 წლიდან დაიწყო. აღნიშნულ ფილიალებში საშუალოდ 100 ადამიანი საქმდება, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანია კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ ქსელის აღნიშნული მიმართულებით გაფართოება შემდეგ წლებშიც იგიგმება. მიზანი უახლოეს 2-3 წელში მსგავსი ფორმატის 50-მდე მაღაზიის გახსნაა“ – აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ია ნადირაშვილი.

„მაგნიტი მაქსის“ სუპერმარკეტები განსხვავდება ყველა იმ ფილიალისგან, რაც „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება. ის გამოირჩევა ზომით და ასორტიმენტით. ფილიალის კონცეფცია ბათუმის მოსახლეობისთვის საყიდლებზე სიარულის პროცესს სასიამოვნოს გახდის, განსხვავებული ასორტიმენტი კი ყველა სასურველი პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენას გაამარტივებს.

ფილიალს ტურისტულად დატვირთული ადგილმდებარეობა ექნება. სასიამოვნო გარემოში პროდუქტების ხელსაყრელად შეძენა, ქალაქის სტუმრების დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. „მაგნიტი მაქსის“ მომხმარებლები სხვადასხვა შეთავაზებებით და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ყოველდღიური 20%-იანი აქციით ისარგებლებენ.


სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 270 ფილიალზე მეტი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.  

ბათუმის მერია აგრძელებს მუსლიმების უფლებების დარღვევას – მეჩეთის მშენებლობის საქმე

ორი არასამთავრობო ორგანიზაციის, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა  [TDI] და სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ყოფილი EMC] შეფასებით, ბათუმის მერია აგრძელებს მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფას და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ორი ინსტანციის სასამართლოს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე მიმართული გადაწყვეტილების შემდეგაც პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათუმის მერიამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

„სამწუხაროდ, ბათუმის მერია, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც, კვლავ პროცესის ხელოვნური გაჭიანურების სტრატეგიას მიმართავს და საკასაციო განხილვის ეტაპზე ცვლილების მიღწევის აშკარად დაბალი შანსების მიუხედავად, გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს,“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ბათუმის მერიის ამ გადაწყვეტილების ფონზე, 20 ივლისს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმაც მიმართა, სადაც ის ბათუმის მერიისთვის მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების პირდაპირ დავალდებულებას ითხოვს.

______________________

ბათუმში ახალი მეჩეთის საქმეზე დავის საგანია ზონალურ შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის პირველ სტადიაზე უარის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის აქტების კანონიერება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბრის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით, უკანონოდ ცნო აღნიშნული აქტები და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები მათი გაუქმებისა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის შესახებ.

ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მერიის სადავო აქტებში მითითებული უარის საფუძვლები არ იყო სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რის გამოც ისინი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ სამშენებლო კანონმდებლობას. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბათუმის მერიას უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, მათ შორის,ბათუმის მერიას არ ჰქონდა ნამსჯელი საკულტო ნაგებობის, როგორც მუსლიმი მრევლის სოციალური საჭიროებისა და მოთხოვნის შესახებ.

სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობა მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს შესაძლებლობას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებში, ააშენოს საკულტო ნაგებობები და ისარგებლოს რელიგიის თავისუფლებით, ხოლო მეორე მხრივ, მუსლიმ თემს, რომელიც საკუთარ მიწის ნაკვეთზე ითხოვს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვას, უარს ეუბნება ქალაქგანვითარებითი ინტერესების დაცვის არგუმენტით.

სააპელაციო პალატამ, ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ, გაიზიარა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის პოზიცია და აღნიშნა, რომ უსაფუძვლო იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს მუნიციპალიტეტი თანაბრად ეპყრობოდა ორივე რელიგიურ გაერთიანებას, რადგან, იდენტური პირობების შემთხვევაში, აშკარად, ორი სხვადასხვა სამართლებრივი შედეგია დამდგარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ისევე, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლომ, არ დააკმაყოფილა ფონდის მესამე მოთხოვნა, რომელიც დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგის აღმოფხვრის მიზნით, ბათუმის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების დავალებას ითვალისწინებდა. შესაბამისად, მოთხოვნის სწორედ ეს ნაწილი გაასაჩივრა ფონდმა უზენაეს სასამართლოში.

ბათუმში ახალი მაჩეთის მშენებლობის მოთხოვნა ქართველი მუსლიმი თემის ისტორიული მოთხოვნაა, რომელიც ქალაქში სალოცავი სივრცის საჭიროებიდან გამომდინარეობს. გასულ წლებში ასობით მუსლიმს ღია სივრცეში, ქუჩაში უწევდა პარასკევის ჯუმა ლოცვისა და სხვა დღესასწაულების აღნიშვნა. ხელისუფლებების არა ერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, ამ საკითხის გადაწყვეტა არ მოხდა, რის გამოც მუსლიმ თემს თვითორგანიზება, მიწის ნაკვეთის შეძენა და მშენებლობის ნებართვის მოპოვების ხანგრძლივი და რთული გზის გავლა დასჭირდა. ეს ბრძოლა აჭარის ცენტრში სალოცავი და კულტურული სივრცის აღიარებისთვის ამ დრომდე გრძელდება.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის ხელშეშლა მთლიანობაში რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ავლენს, რომელიც უკვე წლებია არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების და მათი უფლებების და საჭიროებების დემონსტრაციულ უგულებელყოფას, იერარქიზებასა და არაღიარების ახდენს. სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა ჩანს რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთოების არა ერთ სფეროში, მათ შორის, დაფინანსების, ქონებრივი უფლებების დაცვის, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განათლების, პოლიტიკური რიტორიკის სფეროში.

სასამართლოში „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ინტერესებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) იცავენ.

დღეს სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული – ზღვაში ბანაობა აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს აჭარის სანაპირო ზოლში წითელი ალმებია აღმართული. ეს იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 25 ივლისამდე იწვიმებს.

___

აჭარაში კოვიდის 240 ახალი შემთხვევაა

23 ივლისის მონაცემებით, აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 374 ადამიანი მკურნალობს, მათგან 4 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 464 ადამიანია მოთავსებული. აჭარაში თვითიზოლაციაშია 2355 ინფიცირებული.

დადასტურდა კოვიდის 2460 ახალი შემთხვევა | 23 ივლისი

23 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2460 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 945 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 20 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

22 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.38 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.03 %.

მეამა ქოლექთი ზღვაზე – კაფსულის ყავის ცივი კოქტეილები ბათუმის სანაპიროზეც გამოჩნდა

მეამა არის კომპანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და ცდილობს საკუთარი პროდუქცია, სერვისი და მომსახურება შეთავაზოს მათ ყველგან, სადაც ისინი არიან.

სპეციალურად ზაფხულისთვის და სანაპიროსთვის შექმნილი, განსხვავებული კონცეფციის – მეამა ქოლექთი ზღვაზე უკვე გაიხსნა, სადაც მომხმარებლები ამ ობიექტებისთვის შექმნილი ყავისა და ჩაის, როგორც ახალ, ასევე უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ სხვადასხვა უნიკალური გემოს კოქტეილებს და მეამას ყავას დააგემოვნებენ.

მეამა ქოლექთი ზღვაზე
მეამა ქოლექთი ზღვაზე

მეამა ქოლექთი ზღვაზე, ვიზუალურად ძალიან განსხვავდება უკვე არსებული ობიექტებისგან და იქ განსაკუთრებული გემოებისა და ემოციების მოყვარულებს, შესაძლებლობა აქვთ ბართან დააგემოვნონ უნიკალური გემოს ცივი სასმელები და თავისუფალი დრო განსაკუთრებულ გარემოში გაატარონ.

მეამა ქოლექთის სანაპირო ობიექტები განთავსებულია სანაპიროზე: 26 მაისის ქუჩის მოპირდაპირედ (შერატონთან) და შ.ხიმშიაშვილის N18-ის მოპირდაპირედ (კოლიზეუმთან).

მეამას ახალი ობიექტების არქიტექტურა და დიზაინი, როგორც ყოველთვის არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.

ბათუმში მეამა სრული კონცეფციით არის წარმოდგენილი, სანაპიროს ორი ობიექტის გარდა ქალაქში მეამას ბრენდული სივრცე და მეამა ქოლექთის 4 ფილიალია.

EBRD-ის მხარდაჭერით ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის დანერგვაზე იწყება მუშაობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პორტებში ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვისათვის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს. 

PCS – ი არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს ნავსადგურებისა და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, აგრეთვე ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კოორდინაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიას. 

კვლევა შეისწავლის ასოცირებულ რეგიონულ სისტემებთან აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობებსაც, მაგალითად, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან და ევროკავშირის სისტემებთან. 

ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას ესტონურ – გერმანული კონსორციუმი განახორციელებს, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტორი კომპანია 10 თვის ვადაში ჩაატარებს როგორც უშუალოდ კვლევას, ასევე მოამზადებს და საქართველოს მხარეს გადმოსცემს სტრატეგიასა და სახელმძღვანელო პრინციპებს საქართველოში PCS-ის შემუშავების, განხორციელების და მართვის შესახებ. 

საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანია პორტებში სახელმწიფო სერვისების გაციფროვნება და ერთ ონლაინ-პლატფორმაზე – „ერთი ფანჯრის პრინციპით“ (MSW) გაერთიანება. საქართველოში აშშ-ს საელჩოს და EXBS პროგრამის დაფინანასებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უკვე განახორციელა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების კვლევა. აღნიშნული პროექტი დანერგვის ეტაპზე 2021 წლის სექტემბერში გადავა. 

საზღვაო სატრანსპორტო ჯაჭვის გაციფროვნებისა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვში სრულად ინტეგრირებისათვის ქართული ნავსადგურების MSW სისტემა უნდა დაუკავშირდეს ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემას (PCS). სწორედ აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის საქართველომ, საინვესტიციო საბჭოს დახმარებით მიიღო EBRD-ს ფინანსური მხარდაჭერა. აღნიშნული გააუმჯობესებს 

საქართველოს პორტების ეფექტიანობას, მკეთრად შეამცირებს შეფერხებებს პორტებში, გაამარტივებს დოკუმენტაციასთან მუშაობის პროცესს და არსებითად გაზრდის ტვირთბრუნვას. პროექტი ასევე დაეხმარება საქართველოს, შეამციროს საზღვაო ტრანსპორტის ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე და ხელს შეუწყობს საქართველოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. ყოველივე გაზრდის საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. 

პრიორიტეტული ჯგუფებიდან ყველაზე ცოტა მასწავლებელი აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, პრიორიტეტული ჯგუფებიდან, რომლებიც მოიცავს ექიმებს, ექთნებს, სხვა მედპერსონალს, სკოლის პერსონალს, შს სამინისტროს პერსონალს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემას, ყველაზე ცოტა ადამიანი Covid 19-ის ვაქცინით სკოლის პერსონალიდან აიცრა, ასეთი სულ 572 ადამიანია.

NCDC-ს 18 ივლისის მონაცემებით, მასწავლებლებს შორის სრულად ვაქცინირებულია 192.

მასწავლებლები ხშირად მონაწილეობენ ანტივაქსერულ კამპანიაში, რომელიც სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს.

15 მარტიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოში სულ 289 399 აცრა ჩატარდა, მათგან სრულად აცრილია 113 895 ადამიანი.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, აცრას ყველაზე აქტიურად ახალგაზრდები იკეთებენ – აცრილების თითქმის ნახევარი მოდის 18-49 წლის ასაკის ადამიანებზე.

განათლებას სადაც მხარს უჭერენ, იქ ხალხიც ბევრად ბედნიერია!

ავტორი: დალი ცქიტიშვილი, ილიაუნის იურიდიული სამსახურის უფროსი

ჩემს ბავშვობაში სოფელში გვყავდა ერთი კეთილი ჟუჟუ, რომლის სახლშიც იდგა პატარა, წიგნებით სავსე კარადა. ეს კარადა ყველა ოჯახში იყო „ნამყოფი“ და იმ ბნელ 90-იანებში რიგშიც კი იდგნენ მეზობლები – ვის, როდის, რომელი წიგნი უნდა წაეკითხა! 

ბავშვებისთვის ამ კარადაში ცოტა რამ თუ მოიძებნებოდა, მაგრამ მაინც გვიყვარდა ის კარადა! ამ პერიოდის შემდეგ გავიდა ბევრი დრო და ვნახეთ უფრო დიდი, საინტერესო და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკები. თუმცა ის მაინც მეხსიერებაში ჩარჩა, როგორც ყველაზე საუკეთესო! რაც მაშინ გვაკლდა ბავშვებს და არ იყო იმ პატარა კარადაში, ვერც სკოლის ბიბლიოთეკამ ვერ შეგვივსო. ეს დანაკლისი ზრდასრულ ასაკშიც კი გვახსენებს თავს!

როდესაც ჩემმა მეგობრებმა მომიწვიეს პროექტში – „მოგზაური ბიბლიოთეკა“ ჩემი ბავშვობა გამახსენდა. არ მინდა, რომ ეს დანაკლისი ჩვენს ბავშვებს 21-ე საუკუნეშიც ჰქონდეთ! 

იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ ბედნიერები, სკოლის ბიბლიოთეკაში ბევრი წიგნი ჰქონდეთ და მათი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისაკენ მე ვუჭერ მხარს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ არაჩვეულებრივ წამოწყებას – აჭარის მთის 65 სოფლის/სკოლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების მიწოდების ინიციატივას.

ყველას გთხოვთ, ბავშვებს სიყვარულით დავეხმაროთ!

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

რეგიონებს შორის აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე ერთი დოზით უკვე აიცრა 289 399 ადამიანი, მათ შორის აჭარაში აცრილია 23 258 ადამიანი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, რეგიონებს შორის აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა და მეორე ადგილზეა.

ყველაზე მეტი აცრა კი თბილისში ჩატარდა – ერთი დოზით უკვე აიცრა 132 685 ადამიანი, ხოლო 83 903 – ორივე დოზით.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, მესამე ადგილზე იმერეთის რეგიონია [18 175 აცრილი]. ბოლო ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 1942 აცრილით. ზოგადი სურათი კი ასეთია: ქვეყნის რეგიონებში აცრის პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, აცრას ყველაზე აქტიურად ახალგაზრდები იკეთებენ – აცრილების თითქმის ნახევარი მოდის 18-49 წლის ასაკის ადამიანებზე.

რაც შეეხება ვაქცინებს – ქვეყანაში სინოფარმით აიცრა ყველაზე მეტი -100 632 ადამიანი. მას მოსდევს ასტრაზენეკა [58 564], სინოვაკი [46 358] და ფაიზერი [19 707].

„სილქფესტის“ ულიმიტო პაკეტები დაბრუნდა!

სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებელებს მთელი თვით ულიმიტო პირობების გააქტიურებას „სილქფესტი“ სთავაზობს.

[checklist]

  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად – ჩართვა კომბინაციით *019# ან *202#
  • ულიმიტო სასაუბრო* – 10 ლარად – ჩართვა კოდით *202#

[/checklist]

პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა.

ერთდროულად ორივე პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა მიეცემათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

*უსასრულო ზარები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. აგრეთვე არ ვრცელდება სპეც-დანიშნულების ნომრებზე.

ბიზნესი დასაქმებულებს ზიანს ვეღარ აანაზღაურებინებს ბრალის დადასტურების გარეშე

შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა.

მსგავსი პრაქტიკა საქართველოში გავრცელებულია. მაგალითად, სუპერმარკეტებში კონსულტანტებს შეიძლება მოსთხოვონ ზარალის ანაზღაურება მაშინაც კი, თუ არ არის დადასტურებული, რომ ზარალი კონკრეტული კონსულტანტის ან კონსულტანტების მიზეზით არის გამოწვეული. 

ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს.

შრომის ინსპექციის ცნობით, ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ შემთხვევებში, სხვადასხვა ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ყველა დასაქმებული დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდა.

„დასაქმებული ვალდებული იყო აენაზღაურებინა დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ დგინდებოდა პროდუქციის თუ თანხის დანაკლისის მიზეზი. ასევე, დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო ერთ-ერთი დასაქმებულის მხრიდან არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო პასუხისმგებლობა გაევრცელებინა სხვა დასაქმებულებზეც.

სხვადასხვა შემთხვევაში, დასაქმებულს კაბალური პირობების დაკმაყოფილება და პასუხისმგებლობის კერძო საკუთრებით – უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფაც უხდებოდა.

ზემოთ ჩამოთვლილთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაასკვნა, რომ იმ შემთხვევაში, როცა კომპანიის მიერ არ არის ცნობილი ზიანის მიმყენებელი კონკრეტული დასაქმებულის ვინაობა, მატერიალური პასუხისმგებლობის კოლექტიურად გადანაწილება სცდება კანონით დადგენილ დასაქმებულთა პასუხისმგებლობის შრომის კოდექსით დადგენილ ფარგლებს.

კომპანიაში მოქმედი „კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ ხელშეკრულებები მკვეთრად აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას და ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია თანამშრომელთა პასუხისმგებლობის სახეები განსაზღვროს ინდივიდუალურად“ – წერს შრომის ინსპექცია.

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულმა უნდა მიმართოს შრომის ინსპექციის სამსახურს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: infolio@moh.gov.ge ან დარეკოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15-05

წყალდიდობა თურქეთში – რიზეში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა

თურქეთში, რიზეში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და გზები და ქალაქის მიმდებარედ არსებული სახნავ-სათესი მინდვრები დატბორა.

რიზეს პროვინციაში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა.

ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტეოროლოგების ცნობით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში წვიმიანი ამინდი გაგრძელდება. თურქი მეტეოროლოგების ინფორმაციით, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი ტრაბზონის მახლობლად, რიზესა და ართვინში.

კადრი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებიდან
კადრი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებიდან

 

იმოქმედეთ, რომ პასუხი გავცეთ მოძალადე პარლამენტარ კაცებს – კორძაიას მიმართვა კუჭავას

საქარველოს პარლამენტის ქალმა წევრებმა 18 ივლისს პარლამენტში პარლამენტარი ქალების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართეს.

ერთ-ერთი მათგანი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ფეხქვეშ ითელება ყველა რეფორმა, რაც პარლამენტმა მიიღო ქალთა უფლებების დასაცავად:

„მივმართავთ კახა კუჭავას, მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის იმ წევრების დასასჯელად, ვინც ფიზიკურად გამოიყენა ძალა ქალი პარლამენტარების მიმართ, რადგან მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია.

18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალი პარლამენტარის საუბარი, მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ ხელით ფიზიკურად გააჩერონ ის. ამიტომ ბატონო კახა, გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია და იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში იმისთვის, რომ პასუხი გავცეთ მოძალადე პარლამენტის წევრ კაცებს“.

18 ივლისს პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავისი ქალი კოლეგა ძალის გამოყენებით შეაჩერა. მან ქალი დეპუტატი თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ტრიბუნიდან.

18 ივლისს ქალ დეპუტატებზე სხვა სახის ძალადობებიც განახორციელეს მმართველი პარტიის კაცმა დეპუტატებმა. ამ და შემდეგ დღეებში მმართველი პარტიის როგორც ქალმა, ისე კაცმა დეპუტატებმა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე ძალადობა გაამართლეს.

 

___

ამავე თემაზე:

„თინასთან ვწუხვარ“ – პაპუაშვილის პოსტის კომენტარებში ბოკუჩავაზე თავდასხმა გრძელდება 

23 ივლისიდან რკინიგზა ბათუმის მიმართულებით ღამის რეისს ამატებს

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, 23 ივლისიდან რკინიგზა ბათუმის მიმართულებით ღამის რეისს ამატებს.

ღამის რეისი თბილისიდან 00:35 წუთზე გამოვა და ბათუმში დილის 06:10 საათზე იქნება.

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით კი მატარებელი 00:30 საათზე გავა და თბილისში დილის 06:01 საათზე იქნება.

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლების მოძრაობის სრული განრიგი ასე გამოიყურება:

ბათუმში 25 ივლისამდე იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 22 ივლისის 21 საათიდან 23 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, ღამით – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 24 ივლისს ზოგან ელვა-ჭექა  და წვიმა იქნება, მომდევნო 2 დღეს კი, 25-26 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარაში კოვიდის 238 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 22 ივლისი

22 ივლისის მონაცემებით, აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 238 ახალი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 339 ადამიანი მკურნალობს, მათგან 6 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 361 ადამიანია მოთავსებული. აჭარაში თვითიზოლაციაშია 2 141 ინფიცირებული.

25 წლის ბიჭმა ბათუმის ბულვარში კაცი იმიტომ მოკლა, რომ ღამის კლუბიდან გაიყვანეს – თვითმხილველი

ბათუმში 57 წლის კაცი მოკლეს, ის ბათუმის ბულვარში, კაფე „ვივა ლათინოს“ დაცვის თანამშრომელი იყო. შემთხვევა გუშინ ღამით, „ვივა ლათინოსთან“ მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 57 წლის კაცი დანით მოკლეს. თავდაპირველად კონფლიქტი დაიწყო კლუბში, სწორედ ამიტომ გაიყვანეს გარეთ 25 წლის ბიჭი. მანამდე მას კაფეში მყოფ ერთ-ერთ პირთან სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა.

კაფედან გაყვანის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა გულის არეში დაჭრა დანით დაცვის თანამშრომელი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Exit mobile version