Batumelebi | ღარიბაშვილის 8 ტყუილი ღარიბაშვილის 8 ტყუილი – Batumelebi
RU | GE  

ღარიბაშვილის 8 ტყუილი

18 ივლისს ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ ტვიტერზე დაწერა: „ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს“.

„ბათუმელები“ დღეს გთავაზობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო 5 თვეში შექმნილ „საკუთარ ფაქტებს“ – მინიმუმ 8 ისეთი ტყუილს, რაც ქვეყნის პრემიერმა თქვა და რომლის გადამოწმებაც ადვილად შეიძლება.

  • ტყუილი 1

ღარიბაშვილმა ერთ-ერთი ბოლო ტყუილი დღეს, 23 ივლისს უთხრა ჟურნალისტებს. 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა: „ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა“.

5 ივლისს მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს და 53 ჟურნალისტი დაშავდა. მოგვიანებით ერთ-ერთი ნაცემი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ამ დრომდე დაკავებულია 28 პირი, თუმცა მათ შორის არ არის არც ერთი სასულიერო პირი და არც სხვა ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენელი, ვინც ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი იყო.

22 ივლისს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. შესაბამისად, გაგრძელდება მოძალადეების დაკავებაც.

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა – რატომ არ ისჯებიან ძალადობის ორგანიზატორები?

  • ტყუილი 2

„თქვენ გახსოვთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით: 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი. სამწუხაროდ, მე არ მომისმენია არასოდეს არც აშშ-ის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელ სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა და არ არის სამართლიანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ივლისს.

ტყუილია, რომ აშშ და ევროკავშირი ენმ-ის სასამართლოს არ აკრიტიკებდნენ. სინამდვილეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი საქართველოში და დღეს უკვე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბასი ამბობდა:

„საქართველოში კვლავ იწვევს წუხილს ის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ პატიმრებისა და დაკავებულების მიმართ ცუდი მოპყრობის დაა სტანდარტების სახიფათოდ შეუსაბამო პირობების შესახებ ზოგიერთ ციხეში. კვლავ რჩება ნაკლოვანებები კანონის უზენაესობის სფეროში, მათ შორის, აღინიშნება წუხილი სასამართლო ხელისუფლების მიერ თანასწორობის პრინციპის საფუძველზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვასთან დაკავშირებით“.

ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც 2011 წლის მოვლენებს მოიცავს, წერია:

„საქართველოში სახელმწიფო მმართველობა კვლავაც გამოირჩევა აღმასრულებელი ხელისუფლების დომინანტური პოზიციით, სუსტი საპარლამენტო კონტროლით და სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი დამოუკიდებლობით. მიუხედავად სასამართლო სფეროში რამდენიმე მიმართულებით მიღწეული აშკარა პროგრესისა, ზოგიერთი პრობლემა კვლავ რჩება, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა… მთავარი პრობლემა უკავშირდება პროკურორის ძლიერ პოზიციას და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობას“.

  • ტყუილი 3

„პროპაგანდისტულ „პრაიდს“ 95% ეწინააღმდეგება, იძულებული ვართ დავემორჩილოთ“ – განაცხადა 12 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილი. მას არ დაუზუსტებია, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ „მოსახლეობის 95%“ პრაიდის წინააღმდეგია.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს. როცა მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში“.

სინამდვილეში, ქვეყანაში არ არსებობს არავითარი კვლევა, არც არასამთავრობო და არც სამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული, რომლითაც გაირკვევა ადამიანების რამდენი პროცენტი ეწინააღმდეგება პრაიდს.

  • ტყუილი 4

„აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას ხელისუფლების მიერ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ამას ვიმეორებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 12 ივლისს. პრემიერმა ამ სიტყვებით შეაფასა 11 ივლისს გამართული აქცია, სადაც 5 ივლისის ჟურნალისტებზე დევნის გამოძიება მოითხოვეს.

სინამდვილეში, 11 ივლისის აქციის ორგანიზატორებს მსგავსი მოთხოვნა არ ჰქონიათ და ეს არც აქციაზე უთქვამთ.

  • ტყუილი 5

საქართველოში დისკრიმინაცია არ ხდება – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 ივლისს. „დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება განსხვავებული აზრისა და განსხვავებული ცხოვრების წესის დისკრიმინაცია. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ და კონსტიტუციის ფარგლებში და ეს ასეც იქნება“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სინამდვილეში კი, საქართველოში სწორედ განსხვავებულობის გამო ადამიანები მოუკლავთ კიდეც. სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში არაერთი დისკრიმინაციის შესახებ წერს და არამხოლოდ რომელიმე უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციაზე, არამედ ქალთა მიმართ, შშმ პირების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე.

სახალხო დამცველი წერს იმაზეც, რომ „სამწუხაროდ, თანამდებობის თუ სხვა საჯარო პირების მხრიდან დისკრიმინაციული გამონათქვამების შემთხვევები მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც არაერთხელ დაფიქსირდა“. მაგალითად, ივლისი თვეში სასამართლომ თქვა, რომ ბათუმის მერია დისკრიმინაციულად ეპყრობა მუსლიმ თემს.

  • ტყუილი 6

ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ „ღირსების მარშის“ უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით, თუმცა მას არც ამის შესახებ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული მტკიცებულება.

„სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით… სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და სწორედ მათი მიზანია დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა. რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ჩვენ არ დავუშვებთ“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს.

„მცდარია მისი [ღარიბაშვილის] სპეკულაციური მტკიცება, რომ ქვიარ თემი არის კულტურულად და პოლიტიკურად ერთგვაროვანი ჯგუფი, რომლის უკან დგას ოპოზიციური პარტიები…“ – ასე უპასუხეს ლგბტქი სათემო ორგანიზაციებმა 13 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილს.

  • ტყუილი 7

ირაკლი ღარიბაშვილმა 22 თებერვალს თქვა, რომ ენმ-ის ოფისში შეკრებილთა 80%-ს გამსახურდიას დამხობაში მონაწილეობდა. ეს ის პერიოდია, როცა პრემიერი გიორგი გახარია არ დაეთანხმა უმრავლესობის გადაწყვეტილებას ნიკა მელიას დაკავებაზე და გადადგა.

ხელახლა გაპრემიერებული ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „იმ შულავერის კომიტეტში, რომლებიც იკრიბებიან ნაცმოძრაობის ოფისში, თუ გადახედავთ მათ ბიოგრაფიას, 80%-ს აქვს მიღებული იმ პუტჩში, იმ გადატრიალებაში მონაწილეობა, რომელიც 90-იან წლებში მათ ჩაიდინეს“.

პრემიერს არ დაუზუსტებია, რის საფუძველზე დაასახელა „80 პროცენტი“, მას ამის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ენმ-ს ოფისში თავმოყრილ ადამიანებს შორის ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვინც ასაკის გამო ვერ მიიღებდა პუტჩში მონაწილეობას.

  • ტყუილი 8

22 თებერვალს, პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა გაპარტახდა.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მსოფლიო ბანკის მონაცემებით (1995-2019)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან