მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

რატომ ვმუშაობ 13 წლიდან

23.07.2021 • 4792
რატომ ვმუშაობ 13 წლიდან

ავტორი: სანდრა ხალვაში, 17 წლის

რამდენი წელი გავიდა იცით? 4 წელი. მაშინ 13 წლის ვიყავი და პირველად წავედი თურქეთში სამუშაოდ, მშობლებთან ერთად.

წლების განმავლობაში ჩემი მშობლები ყოველ ზაფხულს დადიოდნენ თურქეთში. ერთი თვე ვატარებდი მათ გარეშე.

დიდი ხვეწნის შემდეგ ძლივს დავითანხმე მშობლები, რომ იმ წელს მეც უნდა წავსულიყავი. მაინტერესებდა როგორი იყო მუშაობა და საკუთარი ფული მინდოდა. არაფერი მეთაკილებოდა.

დღემდე მახსოვს ის ოჯახი თურქეთში, სადაც ვმუშაობდი. ქართველები იყვნენ, შვილები არა, მაგრამ მშობლები საუბრობდნენ დამტვრეული ქართულით.

ეს ჩემი პირველი, 35-დღიანი სამუშაო იყო თხილის პლანტაციაში.

აგვისტოს პაპანაქება სიცხეში, ნიავიც არ ქროდა, სიცხისგან მიწას ალმური ასდიოდა, თავჩარგული ვმუშაობდით თხილის პლანტაციაში. ყველაზე რთული პირველ საათამდე იყო მუშაობა, დღის ამ ნაწილში დრო ძალიან იწელებოდა, შუადღის ერთსაათიანი დასვენების შემდეგ კი – შედარებით ჩქარა გადიოდა.

იქ მყოფ ქართველებს ერთმანეთის არსებობა გვაძლიერებდა. ერთმანეთს შეძახილებით ვამხნევებდით და უკან დარჩენილებს გზას ვუსუფთავებდით, რომ მალე ამოსულიყვნენ.

ჩემი თანატოლებიც მუშაობდნენ, სკოლის დაწყების წინ ფულს აგროვებდნენ; მუშაობდნენ მოხუცები, რომლებიც შვილის ვალების დასაფარად იყვნენ წამოსული და ახალგაზრდა ქალებიც, რომლებიც ამ ფულით მთელ ოჯახს არჩენდნენ.

საღამოს 6-ის მერე, სახლში როცა მივიდოდით და მოვწესრიგდებოდით, ისევ ერთად შევიკრიბებოდით, ვცეკვავდით, ვმღეროდით, საინტერესო ისტორიებს და სასაცილო თავგადასავლებს ვიხსენებდით.

მაშინ მივხვდი საკუთარი ოჯახის ფასს, მივხვდი, რომ სინამდვილეში საწუწუნო არაფერი მქონდა.

იმაშიც გამიმართლა, რომ კარგ, თბილ ოჯახში ვმუშაობდით. ერთხელ, როცა თავის საშინელი ტკივილის გამო სამუშაოდ ვერ გავედი, საყვედური არავის უთქვამს, თავისი ძმის სახლში დამტოვეს და იმ დღის ფულიც არ დაუქვითავთ.

როცა დავბრუნდი, არ დამიმალავს სად ვიყავი, არც თანაკლასელებთან შემრცხვა ჩემი თავგადასავლების მოყოლა. შემიძლია დავიფიცო, მე უფრო დასამახსოვრებელი 35 დღე გავატარე იქ, ვიდრე ჩემმა თანატოლებმა დასვენების დროს.

ჩემი პირველი ტელეფონიც ჩემი შრომით მიღებული ფულით ვიყიდე – samsung galaxy J1 mini prime.  ყველაზე ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ფულით მოვახერხე მისი შეძენა და არ ვიყავი მშობლებზე დამოკიდებული.

ყველაზე მეტად სწორედ ეს მიხაროდა, არასდროს მსიამოვნებდა სხვისი გამომუშავებული ფულის დახარჯვა.

მშობლები არასდროს მიშლიდნენ მუშაობას, თუ საქმე ჩემს ძალებს არ აღემატებოდა.

იმ წლის შემდეგ ყოველ ზაფხულს ვმუშაობ. ვიყავი მიმტანის დამხმარე, მიმტანი, გამყიდველი საცხობში…

როცა კორონავირუსი გამოჩნდა, არც მაშინ შემეძლო გაჩერება და მარკეტინგულ ქსელში დავიწყე მუშაობა. 7 თვის განმავლობაში ვიმუშავე, როცა ტრანსპორტიც კი არ იყო, ფეხით ჩავდიოდი ორთაბათუმიდან ქალაქში, რომ ამანათები გამეგზავნა თავიანთი პატრონებისთვის.

არ ვმუშაობ იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს უჭირს. ჩემი ორივე მშობელი მუშაობს და გაჭირვებას ადგილი არ ჰქონია. კი, იყო რაღაცები, რაც მინდოდა, მაგრამ მინდოდა მეყიდა ჩემი და არა მშობლების ფულით.

რისი შეძენაც დღემდე ვერ მოვახერხე, ეს ველოსიპედია. თუმცა მთავარია, რომ მიზანი არსებობს და ველოსიპედსაც ვიყიდი.

ვმუშაობ იმიტომ, რომ არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა, არ შემეძლო მეყურებინა მშობლებისთვის ხელებში, როცა ვიცოდი, რა წვალებით მოდიოდა ფული.

როცა წვალობ, მუშაობ, ათასი სირთულის გადალახვა გიწევს, მაშინ ფულს ტყუილად უკვე ვეღარ ხარჯავ, მის ყადრს ხვდები.

ჩემი სამუშაო გამოცდილება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რთული, მაგრამ დასამახსოვრებელი, ბევრი ადამიანი გავიცანი და არცერთ წუთს არ ვნანობ.

ბევრ რამეზე ვოცნებობ, მაგრამ ყველაზე მეტად საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის ნახვა მინდა, მერე საზღვარგარეთ წასვლა და იქაური ადათ-წესების გაცნობაც. თუმცა მანამდე ერთწლიანი რთული ეტაპი მექნება. მომავალი აბიტურიენტი ვარ, ჩემი მომავალი პროფესია უნდა ავირჩიო.

მინდა მასწავლებელი გავხდე და ჩემი პირველი გაკვეთილი ჩემი თავგადასავლებით დავიწყო, ბავშვებს საკუთარი თავის სიყვარული, თავდაჯერება ვასწავლო, ვუთხრა მათ, რომ მუშაობა არასდროს არ არის სირცხვილი და არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი თავისთვის მუშაობ თუ ოჯახის დასახმარებლად. ეს ყველაზე დიდი გამოცდილებაა, რაც გეხმარება, გჯეროდეს საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების.

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: