მთავარი,სიახლეები

დავა 2-მილიონიანი გენგეგმის შესყიდვაზე – კომპანია ბათუმის მერიას უჩივის

23.07.2021 • 2520
დავა 2-მილიონიანი გენგეგმის შესყიდვაზე – კომპანია ბათუმის მერიას უჩივის

ბათუმის განაშენიანების გეგმის [გენგემა] დოკუმენტთან დაკავშირებულ ტენდერს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო შეისწავლის. კონკურსში მონაწილე კომპანიამ ბათუმის მერიას უჩივლა.

შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“ საკონკურსო კომისიას ტენდენციურ მიდგომაში ადანაშაულებს და კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

საუბარია 2-მილიონიან შესყიდვაზე, რომლითაც ბათუმის მერია სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტს ყიდულობს. ეს დოკუმენტი ბათუმის გენგეგმის ძირითადი ნაწილი იქნება.

კონკურსში მონაწილე კომპანია შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“  შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ მის კონკურენტ – ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“, რომელიც მერიამ გამარჯვებულად გამოაცხადა, დაგეგმარების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარდგენილი ჰყავს არქიტექტორი ზვიად ბურჭულაძე.

ორგანიზაციის მიერ საკონკურსო კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ზვიად ბურჭულაძეს საკონკურსო დავალებით მოთხოვნილი რეკომენდაცია ნუგზარ ძნელაძემ მისცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა. ნუგზარ ძნელაძე ამავდროულად საკონკურსო კომისიის წევრია [მერიის იმ კომისიის წევრი, რომელმაც სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტის მომზადებისთვის კომპანია შეარჩია].

მომჩივანი კომპანიის აზრით, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი და შესყიდვების შესახებ კანონის დარღვევა. კერძოდ კი, ირღვევა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობებს ადგენს.

მომჩივანი კომპანია მიიჩნევს, რომ სატენდერო კომისიის წევრის მიერ კონკურსანტი კომპანიის წარმომადგენელზე რეკომენდაციის გაცემა, რომლითაც მან მოახერხა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება, „ინტერესთა შეუთავსებლობის მკაფიო მაგალითია.“

„საქმეში წარმოდგენილი ცნობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სატენდერო კომისიის წევრი პირდაპირ არის დაინტერესებული კონკურსანტი კომპანიის წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების, რაც აჩენს ზემოთ დასახელებულ ეჭვებს და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული ოქმის არაკანონიერად ცნობის საფუძველს“, – წერს შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“  შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს.

მომჩივანი კომპანია ასევე წერს, რომ რეკომენდაციის გამცემი სატენდერო კომისიის წევრი ვალდებული იყო კანონის მოთხოვნის შესაბამისად აღარ ემუშავა კომისიაში.

დამატებით უნდა ითქვას, რომ ზვიად ბურჭულაძე გარკვეული ვადით ხელშეკრულებით მუშაობდა ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. გარდა ამისა, ის არის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური და ძეგლების საბჭოს წევრი.

ზონალურ საბჭოში შედიან ასევე საკონკურსო კომისიის წევრი ნუგზარ ძნელაძე და  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მირიან მეტრეველი [მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი.]

ნუგზარ ძნელაძემ გვითხრა, რომ ზვიად ბურჭულაძეს რეკომენდაცია გაუწია, როგორც არქიტექტორს და არა ბათუმის გრგ-ზე სამუშაოდ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ინტერესთა კონფლიქტს, როცა კონკურსანტმა მის მერ გაცემული რეკომენდაცია წარუდგინა, ხოლო მას კომისია არ დაუტოვებია, როგორც ამას კანონი ითხოვს, ნუგზარ ძნელაძემ გვითხრა, რომ „ეს საკითხი სხდომაზე არ წამოწეულა“. მისივე თქმით, რამდენიმე სპეციალისტს რეკომენდაციას კონკურენტ ჯგუფშიც გაუწევდა.

გარდა ამისა, საკონკურსო დავალების მიხედვით, არქიტექტორ-ურბანისტის პოზიციაზე შეთავაზებულ კანდიდატურას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში ურბანისტიკის განხრით და 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება ამ სფეროს კვლევებში.

შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“ საჩივარში წერს ასევე, რომ ურბანისტის პოზიციაზე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარდგენილი ჰყავს ნიკოლოზ შავიშვილი. კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მას არ აქვს მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში ურბანისტიკის განხრით. წარდგენილი მასალით მას არც 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება უდასტურდება აღნიშნული სფეროს კვლევებში.

საკონკურსო პირობების მიხედვით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების რომელიმე პუნქტის შეუსრულებლობა დისკვალიფიკაციის უპირობო საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ამავე ორგანიზაციის მიერ საინჟინრო ინფრასტრუქტურის სპეციალისტის კანდიდატურაზე შეთავაზებულ სპეციალისტს, გიორგი ნადარეიშვილს საკონკურსო დავალებით მოთხოვნილი რეკომენდაცია წარმოდგენილი აქვს კონკურსში მონაწილე კომპანიის ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთი კონტრაქტორი ორგანიზაციისგან – შპს „გამა კონსალტინგისგან.“

[კონტრაქტორი ორგანიზაციების წარდგენა საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი პირობა იყო].

მომჩივანი მიიჩნევს, რომ ვინაიდან რეკომენდაცია გაცემულია დაინტერესებული პირის მიერ, საკონკურსო კომისიას „სულ მცირე უნდა მოეთხოვა ახალი რეკომენდაციის წარდგენა.“

ამავე კომპანიის რეკომენდაცია აქვს ლევან ზაზაძესაც, როგორც ეკოსისტემების მართვის სპეციალისტის კანდიდატურას.

შპს „გამა კონსალტინგი“ სახელმწიფო უწყებების ტენდერებს ხშირად იგებს და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.

შპს „ნიუ სითი დეველოფმენთის“ ინფორმაციით, საკონკურსო დავალებით მოთხოვნილი მაგისტრის ხარისხი ლანდშაფტის განვითარებაში არ უდასტურდება ასევე ლანდშაფტის არქიტექტორ-დიზაინერის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს, ჟან-ბატისტ პეტერს.

კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს სთხოვს, გააუქმოს ბათუმის მერიის საკონკურსო სხდომის ოქმი, რომლითაც გამარჯვებული გამოავლინეს და დისკვალიფიკაცია მიეცეს ააიპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს.“

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიის საჩივარი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგან კომისია კანონის შესაბამისად მოქმედებდა.

გააგრძელებს თუ არა დავას შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“ სასამართლოში, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს დავების საბჭო მერიის პოზიციას გაიზიარებს? – კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე არ გვაქვს. „ბათუმელები“ დავის განხილვის პროცესს დააკვირდება და ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.

___

ამავე თემაზე:

ბათუმის გენგეგმას 2.1 მილიონად „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მოამზადებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: