სიახლეები

შვედეთის მოქალაქეს 73 000 ევრო მოტყუებით გადმოარიცხვინეს – პროკურატურა

23.07.2021
შვედეთის მოქალაქეს 73 000 ევრო მოტყუებით გადმოარიცხვინეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი მოქალაქეა დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში.

ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს შვედეთის სამეფოს მოქალაქესთან, რომელსაც წარსულში დაკარგული აქციების დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების აღმოჩენის პროცესში, ჯამში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მოტყუებით გადაარიცხვინეს ჩეხეთში, ა.ჩ.-ს მიერ დაფუძნებული არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რასაც ა.ჩ., ზ.დ. და თ.წ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა დაანაწევრეს და არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხეს საქართველოში, ა.ჩ.-ს, თ.წ.-ს და მათთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე.

აღნიშნული ქმედებებით, ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ ჯამში 48 900 ევროს (151 416.9 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს“ – წერს პროკურატურა.

საქართველოს მოქალაქეებს: ა.ჩ.-ს, ზ.დ.-ს და თ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: