Batumelebi | „ეს სენსიტიური საკითხია“ – არჩილ ჩიქოვანი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე „ეს სენსიტიური საკითხია“ – არჩილ ჩიქოვანი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე – Batumelebi
RU | GE  

„ეს სენსიტიური საკითხია“ – არჩილ ჩიქოვანი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ბათუმის მერიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე წამოწყებული დავა. რატომ არ სურს დროულად აღმოფხვრას დისკრიმინაცია, როგორც ეს ორმა სასამართლომ დაადგინა. რა არგუმენტები აქვს მერიას? – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს ვკითხეთ.

სასამართლოს ორი გადაწყვეტილების მიუხედავად, არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ მერიაში არ არის დისკრიმინაციის ადგილი. ის ირწმუნება, რომ გასაჩივრებას კანონი ავალდებულებს – „მიზეზი სამართლებრივია“. მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვერ დაგვიკონკრეტა, რატომ არის აუცილებელი ეს საქმე სამივე ინსტანციის სასამართლომ განიხილოს.

„ეს არის წლების წინ წარმოშობილი დავა, რომელსაც აქვს სამართლებრივი საფუძველი. ბუნებრივია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სამართლებრივ ჭრილშია განსახილველი, ვინაიდან დავა არ არის დასრულებული სასამართლოში. ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საკითხი ინსტანციების შესაბამისად საჩივრდება, ესეც რიგითი ტექნიკური საკითხია.

ბათუმის მერია არ არის ის ადგილი, სადაც არის დისკრიმინაცია, ჩვენ ვართ მრავალეროვანი და მრავალფეროვანი საზოგადოების წარმომადგენლები, პატივს ვცემთ აღმსარებლობის თავისუფლებას, რომელიც კონსტიტუციით დაცული უფლებაა. მნიშვნელოვანია სამართლებრივ რეჟიმში გადაწყდეს  ყველაფერი, ვინაიდან მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება ან სასამართლო პრაქტიკა ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია.

საქართველოს სასამართლო სიტემა სამი ინსტანციისგან შედგება, ნებისმიერი საკითხი, ეს იქნება სამშენებლო თუ სხვა რიგი საკითხები, რომელსაც ბათუმის მერია სამართლებრივ ნაწილში აწარმოებს. არგუმენტირებასთან დაკავშირებით სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი და შესაბამისი პირები გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განმარტებას“, – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა.

მერის მოვალეობის შემსრულებელს ვკითხეთ, პირადად რას ფიქრობს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე, რაზეც გვიპასუხა, რომ საკუთარ მოსაზრებას იქამდე არ გვეტყვის, ვიდრე სამართლებრივი დავა არ დასრულდება.

„ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და ეხება კონსტიტუციით დაცულ უფლებას. აქედან გამომდინარე სუბიექტურად ვინ რას გრძნობს ეს არ არის მნიშვნელოვანი.“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათუმის მერიამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

___

ბათუმში ახალი მეჩეთის საქმეზე დავის საგანია ზონალურ შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის პირველ სტადიაზე უარის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის აქტების კანონიერება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბრის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით, უკანონოდ ცნო აღნიშნული აქტები და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები მათი გაუქმებისა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის შესახებ.

ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მერიის სადავო აქტებში მითითებული უარის საფუძვლები არ იყო სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რის გამოც ისინი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ სამშენებლო კანონმდებლობას. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბათუმის მერიას უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, მათ შორის,ბათუმის მერიას არ ჰქონდა ნამსჯელი საკულტო ნაგებობის, როგორც მუსლიმი მრევლის სოციალური საჭიროებისა და მოთხოვნის შესახებ.

ბათუმის მერია აგრძელებს მუსლიმების უფლებების დარღვევას – მეჩეთის მშენებლობის საქმე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი