ამოღებულია 368 კილოგრამი ჰეროინი – სპეცოპერაციაში სამი ქვეყანა მონაწილეობდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

უწყების ცნობით, რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის – სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ.

„პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს ქალაქ კიევში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე დააკავა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.

სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცველებმა, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მხილების მიზნით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.

ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდა, რომ ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს გავლით, უკრაინაში უნდა ყოფილიყო გადაზიდული, საიდანაც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მისი ცენტრალურ ევროპაში გატანა მოხდებოდა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით 368 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით 75 000 000 ლარს შეადგენს“ – წერს შსს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებას უკრაინელი სამართალდამცველები განაგრძობენ. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

____________

ფოტო: შს სამინისტრო

აჭარაში კვირის ბოლოს გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 27 ივლისის 21 საათიდან 28 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით – წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში კვირის ბოლოს, 29-30 ივლისს გამოიდარებს.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

წაბლანელ 219 ოჯახს 5-5 ათას ლარს გადასცემენ

აჭარის მთავრობის ცნობით, წაბლანას ტრაგედიის შედეგად დაზარალებული 219 ოჯახისთვის 1 095 00 ლარი დამატებითი კომპენსაციის სახით გამოიყოფა.

სოფელ წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ მიიღო მონაწილეობა. ისინი მათთვის გადაცემულ კორპუსებში ბინების გარემონტებას ითხოვდნენ, რომ ცხოვრება შესძლებოდათ. მათ არჩევნების ბოიკოტამდე არაერთი გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს.

სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს ერთჯერად 5000-5000 ლარი გამოეყო.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება მოსახლეობას უკვე გააცნეს.

2019 წელს აღნიშნულ ოჯახებს აჭარის მთავრობამ ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადასცა. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა სწორედ საცხოვრებლების კეთილმოწყობით სამუშაოებს მოხმარდება.

1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. 200-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

________________

ფოტო: აჭარის მთავრობა

 

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 378 ახალი შემთხვევა

27 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 378 ახალი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 500-მდე ადამიანი მკურნალობს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

წიგნის მონატრება | ლევან ცაგარელი

ავტორი: ლევან ცაგარელი, ილიაუნის პროფესორი ფილოლოგიის მიმართულებით 

__

არასდროს არ დამავიწყდება, როგორ გაჩნდა 90-იანების მეორე ნახევარში ბუკინისტური დახლები თბილისის ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ სახლში არც ისე მცირე ბიბლიოთეკა დამახვედრეს ჩემმა წინაპრებმა, ბუკინისტების დახლებზე სრულიად ახალი და ჩემთვის უცნობი მწერლების წიგნები მხვდებოდა. მახსოვს, როგორ მინდოდა, ჩამეხედა თითოეულ მათგანში. და ისიც მახსოვს, რომ იშვიათად ვახერხებდი რომელიმე მათგანის შეძენას მაშინდელი უსახსრობის პირობებში. სავარაუდოდ სწორედ მაშინ გამიჩნდა პათოლოგიური ლტოლვა წიგნებისკენ, ან — თუ გნებავთ — წიგნის მონატრება.

იმ შავბნელ წლებში წიგნები ჩემთვის ნუგეშის წყარო და სინამდვილიდან გაქცევის ერთადერთი საშუალება იყო. ზამთრის ცივ დღეებში არც გაკვეთილები გვიტარდებოდა სკოლაში და არც სხვა რამ გასართობი მოგვეპოვებოდა მოზარდებს. ამ ვითარებაში წიგნი ერთგვარი კარივით იყო, რომლის ზღურბლზე გადაბიჯების შემდეგაც სრულად სხვა სამყაროში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. შედეგად, მოსაწყენი ყოველდღიურობა ასატანი ხდებოდა, ძალადობითა და შიშით გაჯერებული ყოფა კი — ფარდობითი. ასე იქცნენ წიგნები ჩემს მთავარ მეგობრებად: მათთან ერთად ვერთობოდი, მათთან ვპოულობდი ნუგეშსა და სულიერ საზრდოს, მათ გარემოცვაში ვიზრდებოდი.

მას შემდეგ ორ ათწლეულზე მეტმა ჩაიარა. ბევრი რამე შეიცვალა. თუმცა ვიცი, რომ ბევრი ახალგაზრდა ადამიანისთვის წიგნები კვლავ არ არის ხელმისაწვდომი. ბევრ მათგანს არც წიგნის თაროები მოეპოვება შინ და არც წიგნების ელექტრონული წამკითხველი. ამის გამო ხშირად მესმის კითხვა: „სად ვიშოვო ეს წიგნი?“ ეს ის კითხვაა, რომელიც ძალიან მაბნევს, რადგან მგონია, რომ წიგნი უნდა „იშოვნებოდეს“ შენივე, ან შენი მეზობლის, ან ნათესავის, ან უახლოესი ბიბლიოთეკის წიგნის თაროზე. მაგრამ აშკარაა, რომ ეს ასე არ არის.

და დღეს, XXI საუკუნეში, როდესაც ახალმა მედიებმა ახალი სინამდვილე და ცოდნის საყოველთაო ხელმისაწვდომობის განუსაზღვრელი შესაძლებლობები მოიტანა, საქართველოში ჯერ კიდევ გვხვდება უამრავი ოჯახი, რომლებშიც წიგნის კითხვის არც კულტურა და არც ჩვევა არ არსებობს იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ სათანადო პირობები და რესურსები არ გააჩნიათ. ამის შედეგად კი ჩვენს საზოგადოებაში იზრდებიან უწიგნური მოქალაქეები, რომელთა თვალსაწიერიც დაახლოებით ისეთივე ვიწროა, როგორიც შუა საუკუნეებში მცხოვრები, წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებისა იყო.

შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ წიგნი მოძველებული მედიაა, რომელმაც თანამედროვეობაში დაკარგა თავისი დანიშნულება და ჩანაცვლდა ახალი, უფრო მძლავრი მედიებით. თუმცა საკმარისია, გადავხედოთ წიგნის ისტორიას, რათა დავრწმუნდეთ, საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა მხოლოდ წიგნის ფორმატი. ამრიგად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გამოქვაბულის კედელზე ამოვტვიფრავთ რამეს, თუ თიხის ფილებზე, პაპირუსის გორგალზე გამოვსახავთ ასო-ნიშნებს, თუ პერგამენტის პალიმფსესტზე, ქაღალდის ფურცლებზე დავბეჭდავთ რამეს, თუ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შევინახავთ — ნებისმიერ შემთხვევაში წიგნი ასრულებდა და შეასრულებს თავის ძირითად (და კაცობრიობისთვის გადამწყვეტ) ფუნქციას: იგი შეინახავს ცოდნას და მეხსიერებას, რომელთა გარეშეც ადამიანს მხოლოდ პირობითად ეთქმის ადამიანი.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რათა გავავრცელოთ წიგნიერება და წიგნის კითხვის კულტურა ჩვენს საზოგადოებაში. ამ მხრივ, სრულიად არაჩვეულებრივი და უზომოდ დასაფასებელი წამოწყებაა „მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომლითაც გათვალისწინებულია მაღალმთიან რეგიონებში არსებული სკოლების უზრუნველყოფა წიგნებით.

მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, სკოლის მოსწავლეებს არა მხოლოდ აღვუძრათ წიგნის მონატრება, არამედ შევუმსუბუქოთ ამ მონატრებით განპირობებული წუხილიც. 

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დადასტურდა კოვიდის 3666 ახალი შემთხვევა – 27 ივლისის მონაცემები

27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 235 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

26 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.68 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.03 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.71 %.

სტაციონარში იმყოფება 5185 ინფიცირებული, კლინიკურ სასტუმროებში – 1763.

ძლიერი წვიმა ბათუმში | ფოტო

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩებში წყალი დადგა.

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ამ დრომდე არ შემოსულა შეტყობინება კონკრეტული ადგილების დატბორვის შესახებ. კომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ჯგუფები პრევენციის მიზნით გასული არიან ყველა ადგილზე, სადაც მოსალოდნელია დატბორვა.

„უამინდობის დროს წინასწარ ვახორციელებთ ზღვაში გამსვლელი არხებისა და ჭებისა და ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს“ – ამბობენ „ბათუმის წყალში“.

წვიმა ბათუმში
წვიმა ბათუმში
წვიმა ბათუმში

გინდა ზღვასთან წამოწოლა, მაშინ შეზლონგი დაიქირავე – ვის დარჩა პლაჟები?

პლაჟები წელს სრულად ათვისებული არ არის. ამის მიუხედავად, წლევანდელ სეზონზე თეთრი და ყვითელი შეზლონგების მწკრივი პლაჟის გასწვრივ ადრე დილიდან შებინდებამდე ადგილს მაინც იკავებს.

აქ მოსულ დამსვენებელს ეუბნებიან, რომ ან შეზლონგი უნდა იქირავოს, ან სხვა ადგილი მოძებნოს ზღვასთან ახლოს ქვიშაზე წამოსაწოლად, „როგორც ეს იყო გასულ წელს, წინა წელს, იმის წინა წელს…“

„პლაჟზე გავედი დასასვენებლად. ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, ყოველთვის ამ პლაჟით ვსარგებლობ. ზღვასთან ახლოს ცხელ ქვებზე წამოწოლა ჩემთვის განსაკუთრებული რიტუალია ბავშვობიდან. მთელი პერიმეტრი შეზლონგებითაა დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი არ იყო. გავაპროტესტე და ჩვენ ამაში ფულს ვიხდითო – მითხრეს. ვუთხარი, რომ ვერ გადაიხდიან, რადგან პლაჟი ყველასია და საჯაროა“, – გვიყვება ექიმი ზეინაბ დიასამიძე, რომელიც ამავდროულად სამოქალაქო აქტივისტიცაა.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ტერიტორიების სრულად ათვისებას ძირითადად ის გამქირავებლები ცდილობენ, რომლებსაც სანაპიროზე კაფე ან რესტორანი აქვთ. „საკუთარი პლაჟით“ და შესაბამისი მომსახურებით ისინი მომხმარებლის მოხიბვლას ცდილობენ. ამ მხრივ გამორჩეულია „ივერია ბიჩი“, რომელიც ცდილობს ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, ”ალი და ნინოს” გასწვრივ პლაჟზე შექმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ მომხმარებელი, რომელიც მისი ძვირადღირებული მომსახურებით არ ისარგებლებს, პლაჟის ამ მონაკვეთზე ვერ გაჩერდეს.

„სულ აქ დავდიოდით. ადრე აქ ერთ ადგილზე იყო შეზლონგები დალაგებული, მაშინაც ქირაობდა სტუმარი და როცა მიდიოდა, შეზლონგს თავის ადგილზე აბრუნებდა. არავის აწუხებდა ეს. ახლა რაც ხდება, მიუღებელია, ფაქტობრივად, პლაჟზე ვერ დაისვენებ, ქვებზე ვერ წამოწვები, ასე როგორ შეიძლება. მოვითხოვე, დაალაგონ ერთ ადგილზე [შეზლონგები], იქირავებს დამსვენებელი და ისარგებლებს ისე, რომ თავზე არ დაგადგამს, როგორც ესენი აკეთებენ. ჩვენ დამსვენებელს არ ვებრძვით“, – ამბობს ზეინაბი.

ნაკვეთი პლაჟის მიმდებარედ „რივიერა ბიჩს“ აჭარის მთავრობამ 2037 წლამდე იჯარით გადასცა. შესაბამისი ხელშეკრულება სამინისტროსა და კომპანიას შორის 2020 წლის ნოემბერშია გაფორმებული.
„რივიერა ბიჩი“ „სილქროუდის“ შვილობილი კომპანიაა. პლაჟით სარგებლობისთვის სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ მფლობელი კომპანია ბიუჯეტში წელს 18 720 ლარს, ხოლო 2021 – 2037 წლებში, ყოველწლიურად 24 960 ლარს  გადაიხდის.

ეს მდგომარეობა პლაჟზე, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, მოქალაქეებმა ბევრჯერ გააპროტესტეს – ვიდეო გადაიღეს, გამოიძახეს პოლიცია, საპროტესტო აქცია გამართეს მერიასთან, ესწრებოდნენ საკრებულოს იმ სხდომებს, რომლებზეც პლაჟების საიჯარო წესით გასხვისების  საკითხი განიხილებოდა და საკუთარი მოსაზრებები იქ ხმაურით დააფიქსირეს. თუმცა უშედეგოდ.

არც მერიას და არც საკრებულოს ამ დრომდე არ უფიქრია იმაზე, რომ პლაჟების გასხვისებისას გაითვალისწინოს რაიმე პირობა, რომელიც კერძო და საჯარო ინტერესს დააბალანსებდა.

პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას პლაჟების ასათვისებლად წლევანდელი სეზონისთვის ელექტრონული აუქციონი არ გამოუცხადებია.

2021 წელს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ პლაჟების ათვისებაზე 34 ხელშეკრულება გააფორმა. მოიჯარეების უმეტესობას გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაუგრძელეს, თუმცა მათ შორის რამდენიმე ახალი მოიჯარეც გაჩნდა. გარდა ამისა, პლაჟის გასწვრივ რამდენიმე ახალი კომერციული ობიექტიც მუშაობს.

ვისთან გააფორმეს ხელშეკრულებები? – ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, სოფიო ლაზიშვილის გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის საიდუმლოა. უწყებამ ხელშეკრულებებში კომპანიების ყველა მაიდენტიფიცირებელი მონაცემი დაშტრიხა.

საიას იურისტის განმარტებით, საჯარო ხელშეკრულებები მონაცემების დაფარვის გარეშე უნდა მოეწოდებინათ. ამ თემაზე, „ბათუმელები“ მუშაობას აგრძელებს და სრულ ინფორმაციას, თუ ვის რა პირობით მისცეს ნაკვეთები პლაჟზე, მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.

პლაჟზე შეზლონგების ერთმანეთის მიჯრით განთავსება სხვა მხრივაც აჩენს კითხვებს. ხელშეკრულებები, რომლებიც მოიჯარეებს პლაჟების გამოყენების უფლებას პირველ დეკემბრამდე აძლევს, პანდემიასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა, მაგალითად, დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი ყოველ დილით, ხელის დამუშავება სპირტის შემცველი სითხით – ეს მოთხოვნები ძირითათად პლაჟზე დასაქმებულებს მიემართება.

წიგნის მკითხველი უფრო შრომისმოყვარე და მაღალი დისციპლინის ადამიანია | გიორგი მელაძე

ავტორი: გიორგი მელაძე, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით

__

ბავშვობიდან მახსოვს ბევრი თამაში, ეზო, სიცხე, ხმაური და ბევრი, ბევრი, უაზროდ ბევრი წიგნი. თავიდან, მიუხედავად იმისა, რომ სამოთახიანი ბინის ერთი ოთახი წიგნებით იყო სავსე, მაღაზიის აბრებს მეტი ხალისით ვკითხულობდი, ვიდრე წიგნებს, მაგრამ ნელ-ნელა წიგნებიც გაჩნდა. ჯერ ზღაპრები, მერე ამბები, ისტორია, თავგადასავლები და ბოლოს ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში მომხვდებოდა. საოცარი შეგრძნება იყო ამბავში გადასვლა და გმირების გვერდით ცხოვრება.

დედაჩემიც ცდილობდა ინტერესი შემენარჩუნებინა და ყიდულობდა ახალ თარგმანებს. ისიც არ გეგმავდა და ერთნაირად ყიდულობდა ფრანგი, გერმანელი, ამერიკელი ავტორების გამოგონილ ამბებს და სამეცნიერო ჟურნალებს. დღემდე მომყვება ეს გამოცდილება და დღესაც ასე ვკითხულობ წიგნს, დაუგეგმავად. ამიტომაც მჯერა, მხოლოდ ბევრი, ძალიან ბევრი წიგნის სამყაროში შეძლებს დამწყები მკითხველი მისთვის სასურველი ამბის, წერის მანერის გამორჩევას და სიამოვნების მიღებას.

„ბათუმელების“ წამოწყება ორმაგი სიხარულია. ერთია, წიგნის ყიდვის სიხარული და მეორე სიხარულია, იმის წარმოდგენა, თუ როგორ კითხულობენ მაღალმთიანი აჭარის ხის და ფერად-ფერად, თუთუნით გაწყობილ აივნებზე გადმოყუდებული ბავშვები საინტერესო ამბებს და როგორ პოულობენ ხიდებს თანამედროვე სამყაროსთან.

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ტექნოლოგიებზე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, წიგნს ვერაფერი შეცვლის. წიგნის მკითხველი უფრო შრომისმოყვარე და მაღალი დისციპლინის ადამიანია. არ არის სულსწრაფი და არც მალე იბეზრებს წამოწყებულ საქმეს. ბავშვები წიგნის კითხვით უნდა იწყებდნენ განათლების მიღებას და გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებენ ინტერნეტში მიმოფანტული ცოდნისგან.

არ მომთხოვოთ ნათქვამის დასაბუთება, კვლევების მოშველიება და პოზიციის დაცვა. გამოცდილება მაქვს ასეთი და თუ მკითხავთ, ასე გიპასუხებთ. თუ მეთანხმებით, თქვენც დაეხმარეთ „ბათუმელებს“ და შეავსეთ ცარიელი თაროები აჭარის მთის სოფლის ბიბლიოთეკებში.” 

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

„ბათუმის ღია ცის ქვეშ“ – აგვისტოს კონცერტებში მერია 250 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის კულტურის ცენტრი, პროექტ „ბათუმის ღია ცის ქვეშ“ ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებში, 250 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.

ღონიძიებები 2021 წლის 4 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით ინტერვალში, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ღია სივრცეში ჩატარდება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„ბათუმის ღია ცის ქვეშ“ იქნება სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი, მორგებული ყველა თაობის ადამიანის გემოვნებაზე. ღონისძიების სტუმრებს შეეძლებათ თვალი ადევნონ, მოუსმინონ, დატკბნენ მუსიკის ჰანგებითა და მრავალფეროვანი სანახაობებით… რომლის ფარგლებში, ბათუმში მოღვაწე მუსიკოსებს, მომღერალ-შემსრულებლებს, ბენდებს და დიჯეებს მიეცემათ შესაძლებლობა წარსდგნენ თავიანთი შემოქმედებით, როგორც ბათუმელების, ასევე ქალაქის სტუმრების წინაშე“, – აღნიშნულია კულტურის ცენტრის განაცხადში.

კულტურის ცენტრის დირექტორის, ირაკლი შაფათავას 26 ივლისის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა: „შესაბამისად, ელექტრონული საშუალებით ტენდერის გამოცხადებისათვის არსებული დრო არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების ჩატარებისათვის და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით არის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა“.

კულტურის ცენტრმა 250 ათასი ლარის ფარგლებში გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს.

დირექტორის ბრძანების მიხედვით, 17 050 ლარი ღონისძიების ორგანიზებისთვის უნდა დახარჯულიყო, ხოლო 232 950 ლარი კონცერტში მონაწილეთა ჰონორარებში. თუმცა, ღონისძიების ორგანიზებისთვის ტენდერი, რომელიც არ შედგა, 27 450 ლარით იყო გამოცხადებული.

თანხა დაიხარჯება ბეჭდვით მომსახურებაში; დჯ აპარატურით და სცენისთვის საჭირო ინვენტარით, ასევე ქეითერინგითა და კოვიდუსაფრთხოებისთვის საჭირო მომსახურების უზრუნველსაყოფად; მუსიკალური ჯგუფების, DJ და სოლო შემსრულებლების ჰონორარში.

ცალკე 210 ათასი ლარია გამოყოფილი ქალაქის ბიუჯეტიდან „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერისთვის“. წინასწარი ინფორმაციით, წელს ბათუმში მინიმუმ რვა საერთაშორისო ფესტივალი უნდა გაიმართოს, აქედან 5 ფესტივალი აგვისტო-სექტემბერში უნდა ჩატარდეს.

ამ თემაზე:

კოვიდი და ფესტივალები ბათუმში, რომლებზეც 210 000 ლარია გამოყოფილი

სეტყვა გომისმთაზე – დაზიანდა მანქანები და კარტოფილის ბაღები

კურორტ გომისმთაზე სეტყვა მოვიდა. მოსახლეობის თქმით, სეტყვა დაახლოებით წუთნახევარს გაგრძელდა და დააზიანა ბაღები, სახლის და ავტომანქანების სახურავები.

„მზიანი და კარგი ამინდი იყო, ისე მოულოდნელად მოვიდა სეტყვა, ვერც კი მოვასწარი მანქანაზე რამე გადამეფარებია, მანქანების საქარე მინები დაამტვრია სეტყვამ, ბევრი სახლის სახურავიც დაზიანდა, დაისეტყვა და განადგურდა კარტოფილის ბაღებიც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მირზა ნაკაშიძემ.

სეტყვის შემდეგ გომისმთაზე ისევ გამოიდარა.

 

სეტყვა გომისმთაზე, მირზა ნაკაშიძის ფოტო

სეტყვა გომისმთაზე, მირზა ნაკაშიძის ფოტო
სეტყვა გომისმთაზე, მირზა ნაკაშიძის ფოტო
სეტყვა გომისმთაზე, მირზა ნაკაშიძის ფოტო

 

სეტყვა გომისმთაზე, მირზა ნაკაშიძის ფოტო

სექსზე უარის გამო კაცმა ქალი დანით მოკლა, მას 35 ჭრილობა ჰქონდა – განაჩენი

„ეს ექსპერტიზის დასკვნაა. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ქალს სიცოცხლეში მიაყენა კაცმა 35 ჭრილობა. ყოველ ჯერზე, როცა დანას ურტყამდნენ, ქალი ამას გრძნობდა და აუტანელ ტკივილს განიცდიდა…“, – თქვა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას.

დღეს, 26 ივლისს, 43 წლის ბრალდებულ ზაზა დავითაძეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურის ვერსიით, კაცმა ქალი სექსუალურ მომსახურებაზე უარის თქმის გამო მოკლა.

ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ეს შემთხვევა გასული წლის 6 ნოემბერს მოხდა. ბელორუსი ტატიანა ჩინჩიკი ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე დაახლოებით ორი წელი ცხოვრობდა. ის ნაქირავები ბინის სააბაზანოში გარდაცვლილი მეგობარმა გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ იპოვა. ქალს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა.

ტატიანა ჩინჩიკი 49 წლის იყო.

სასამართლო სხდომა

„ორი დღე ვურეკავდი ტატიანას, მაგრამ არ პასუხობდა. მერე გადავწყვიტე, მასთან ბინაში მივსულიყავი,“ – ეს ტატიანას მეგობრის ჩვენებაა, რომელმაც 8 ნოემბერს სააბაზანოში მეგობრის ცხედარი იპოვა.

„კარზე დიდხანს ვაკაკუნე, მაგრამ ტატიანა არ პასუხობდა. მერე სახელური მოვსინჯე, კარი ღია იყო. სახლში არავინ იყო, ჩემს ძახილს არავინ პასუხობდა. აბაზანაში როცა შევიხედე, იქ ტატიანა ეგდო შიშველი, პირჩამხობილი…

მაშინვე ქუჩაში გამოვვარდი და იქ ვიდექი, ველოდი, როდის გამოჩნდებოდა პოლიცია. მერე ერთ-ერთი ეკიპაჟი გავაჩერე და ვუთხარი, რომ  ბინაში, მესამე სართულზე, ზემოთ ქალის ცხედარია,“ – დაასრულა მოწმემ.

ქალმა გულ-მკერდის არეში დანა დაირტყა და თავი მოიკლა თუ მოკლეს და თვითმკვლელობის ვერსია გაითამაშა ვინმემ? – კრიმინალისტებმა გამოძიება კორპუსის შესასვლელსა და ირგვლივ მდებარე მაღაზიებიდან ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებით დაიწყეს.

„იქვე, მელიქიშვილზე საცხობია, სადაც ჩანს, როგორ შედის ერთი ლაბადამოხვეული კაცი პოლიეთილენის პარკით ხელში, კაცი პარკს ტოვებს და გადის, მერე ისევ ბრუნდება და პარკი მიაქვს… მერე იგივე კაცი ლაბადით გამოჩნდა სადარბაზოს კამერებში. ბრალდებული რამდენჯერმე შედის იმ საცხოვრებელ კორპუსში და გადის, სადაც ტატიანა ცხოვრობდა“ – მტკიცებულებების მიმოხილვა განაგრძო პროკურორმა.

რამდენიმე დღეში პოლიციელებმა ზაზა დავითაძეს მიაკითხეს სახლში. ის ჩაქვში ცხოვრობს. პროკურორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის კვალი საგულდაგულოდ წაშალა ბრალდებულმა, იგი კრიმინალისტებს თანამშრომლობაზე დასთანხმა და გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა.

„ზაფხული იქნებოდა, როცა ტატიანა სოციალური ქსელით გავიცანი, დავახლოვდით. პირველად მას 26 ოქტომბერს შევხვდი, სექსი გვქონდა და ფული გადავიხადე ამაში,“ – მოუყვა პოლიციელებს ბრალდებული კაცი. მისი ვერსია გამოძიებამ გაიზიარა, რადგან ბინაში შესვლის და გამოსვლის დროები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს დაემთხვა.

ზაზა დავითაძის ჩვენების მიხედვით, ის რამდენჯერმე შეხვდა ქალს, 6 ნოემბრის დილას კი, ისე ესტუმრა ქალს, რომ წინასწარ არ გააფრთხილა.

„ტელეფონზე ანგარიში აღარ მქონდა და ვერ დავურეკე, სახლში დამხვდა, მაგრამ არ შემიშვა, წინასწარ უნდა დაგერეკაო,“ – თქვა ბრალდებულმა. ქალთან ამ საუბრის შემდეგ ზაზა ქალაქში გავიდა, რამდენიმე საათში კი, უკან, ისევ ტატიანასთან დაბრუნდა.

„ბეტმენთან“ ვიღაცას ვთხოვე, დამარეკინე-მეთქი და დავურეკე ტატიანას. შევუთანხმდი და ისე მივედი,“ – განაგრძო ბრალდებულმა, – „სექსი გვქონდა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ მომინდა სექსი, მაგრამ მან უარი მითხრა კატეგორიულად, პოლიციას გამოვიძახებ, თავს თუ არ დამანებებო…. მერე სამზარეულოდან დანა ამოიღო და ჩემი დაჭრა სცადა, დამჭრა კიდეც მარჯვენა ხელში, როცა დანის წართმევას ვცდილობდი. მერე მე მოვუქნიე დანა, ის ყვიროდა საშინლად, ბინდი გადამეფარა თვალებზე….“ – დაახლოებით ასე აღწერა მომხდარი ბრალდებულმა პოლიციელებისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ზაზა დავითაძე იმასაც მოუყვა გამომძიებლებს, როგორ შეათრია ქალის ცხედარი სააბაზანოში და იქ პირქვე ჩამხობილი დატოვა, მერე ქალის ნივთებით სისხლის კვალი ყველგან მოწმინდა – იატაკზე, კედლებზე, სისხლით დასვრილი ნივთები კი, პოლიეთილენის პარკში ჩააწყო და ბინა დატოვა.

რატომ დატოვა ბრალდებულმა პოლიეთილენის პარკი მელიქიშვილზე საცხობში და მერე რატომღა მიაკითხა?

„გზაში გამახსენდა, რომ დანა იქ დავტოვე. ამიტომ ის ჩვრებიანი პარკი საცხობში დავტოვე და ისევ ავედი ტატიანას ბინაში,“ – დასძინა ბრალდებულმა.

გამოძიებამ ამოიღო აფთიაქის ჩანაწერიც – ჩაქვისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსიდან ზაზა დავითაძე ჩამოდის და აფთიაქში „სანტავიკს“ ყიდულობს, პოლიეთილენის პარკს კი, მდინარეში აგდებს.

„სიმართლეს ვერ გავექცევით,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა თენგიზ კახიძემ, რომელიც კოვიდინფიცრებულია და დისტანციურად დაესწრო სასამართლო სხდომას.

ადვოკატის მოსაზრებით საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეცვლოდა, რადგან მკვლელობის ჩადენას ბრალდებულიც აღიარებს, მაგრამ არა განსაკუთრებული სისასტიკით. ადვოკატი ზაზა დავითაძის გასამართლებას არა 109-ე მუხლით, არამედ 108-ე მუხლის შესაბამისად ითხოვდა, რაც განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

ადვოკატმა თენგიზ კახიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ საქმეში პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, არ არსებობს და მას გამოძიებასთან რომ არ ეთანამშრომლა, გაჭირდებოდა საქმის გახსნა, ან შემდეგ ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემა.

„გარდა ამისა, მე არ მჯერა ამ მოტივის, რის გამო მოხდა მკვლელობა. შესაძლებლობაც არ მომეცა, მესაუბრა ბრალდებულთან,“ – აღნიშნა თენგიზ კახიძემ.

„რა მნიშვნელობა აქვს მოტივს?“ – გაიკვირვა პროკურორმა.

სასამართლო სხდომას არც ბრალდებული არ დასწრებია. ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია. წინასწარი პატიმრობის პერიოდში ზაზა დავითაძეს ფსიქიკური დაავადება დაუდასტურეს, რომელიც განკურნებადია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის დროისთვის ზაზა დავითაძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა.

სასჯელს უკვე მსჯავრდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის, ვიდრე ექიმები არ მიიჩნევენ, რომ მისი გათავისუფლება შეიძლება. ამ შემთხვევაში მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში განაგრძობს სასჯელის მოხდას.

იუნესკომ მტირალას და კიდევ 3 დაცულ ტერიტორიას მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

„საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. UNESCO -ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად დასახელებული ტერიტორიები წარმოადგენს კავკასიის ეკორეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ – წერს ღარიბაშვილი.

კოლხეთის ტორფნარები და ტყეები იუნესკოში წარსადგენად

ურეხის ღამის თავშესაფარი შესაძლოა საპატრიარქოს გადაეცეს, შენობის რემონტზე 2,7 მლნ გამოიყო

ბათუმში, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის „ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაცია“ იგეგმება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 2,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შენობაში დღეს ბათუმის ღამის თავშესაფარია განთავსებული.

რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სამსართულიან შენობაზე ერთი სართულის დამატებას ითვალისწინებს, რამდენიმე წელია მზადაა. 4 წლის წინ კი, საუბარი იყო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემაზეც და იქ სათნოების სავანეში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანაზე.

„ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაციაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 762 059 ლარია. შენობის რეაბილიტაცია 2022 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2021 წლის 5 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.

ღამის თავშესაფარი ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დაქვემდებარებაშია. სააგენტოს დირექტორის, მამუკა შამილიშვილის თქმით, შენობას კეთილმოწყობის სამმართველო არემონტებს.

„მე არ ვიცი ხანდაზმულთა ცენტრში რას გულისხმობენ, ეტყობა შენობა მრავალფუნქციური იქნება, რადგან სართულიც ემატება. თავშესაფრისთვის ჩვენ ორ სართულზე მეტს ვერ ვიყენებთ. რახან ძველი პროექტით უნდა ჩატარდეს რეკონსტრუქცია, შესაძლოა მოხუცთა თავშესაფარიც გაიხსნას, რაზეც ადრეც იყო საუბარი. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. ალბათ, პარალელურად გაიმართება მოლაპარაკებებიც და ხანდაზმულთა ცენტრი შეიძლება საპატრიარქომ გახსნას, ან ჩვენ გავხსნით, შესაძლოა მერიამ საბინაო ფონდისთვისაც დაიტოვოს რამდენიმე ბინა. ამ საკითხებზე ჩამოვყალიბდებით. მაგრამ შენობაში აუცილებლად იქნება დროებითი ღამის თავშესაფარი, რა ფუნქციაც ახლა აქ“, – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

სამუშაოების ჩატარების დროს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელი იქნება თავშესაფრის ბენეფიციარები დროებით სხვაგან გადაიყვანონ. მამუკა შამილიშვილის თქმით, ალტერნატიული დროებითი ფართობის შესარჩევად უკვე მუშაობენ. თავშესაფარში ამ დროისთვის 45 ადამიანია.

გადაწყვეტილია თუ არა სამომავლოდ სავანის ბენეფიციართა გადაყვანა ურეხში, რეაბილიტირებულ შენობაში? – ამ კითხვით „ბათუმელები“ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს დირექტორს, იოანე ბარამიძესაც დაუკავშირდა. დირექტორის თქმით, ის საქმის კურსში ამ ეტაპზე არ არის. „თუმცა, ამის შესახებ ადრე იყო საუბარი“ – გვითხრა იოანე ბარამიძემ.

სათნოების სავანიდან ხანდაზმულთა ურეხში გადაყვანაზე საუბარი 2017 წელს იყო, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, შენობის რეაბილიტაციისთვის თანხა ვერ გამოინახა.

იოანე ბარამიძე მაშინ „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ „ბათუმის მერიის ინიციატივა იყო, რომ შენობა გადმოეცათ ჩვენთვის. როგორც ჩანს, დაფინანსებას ელოდებიან. როდის დაფინანსდება შენობის რეაბილიტაცია, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“.

მაშინ მერიაში ისიც დააზუსტეს, რომ საუბარი საპატრიარქოსთვის არა ქონების, არამედ მართვის უფლების გადაცემაზე იყო.

ამ თემაზე ვრცლად:

გადაეცემა თუ არა ბათუმის მერიის ღამის თავშესაფარი საპატრიარქოს

ჯანმო: ვაქცინა იცავს დელტა ვარიანტით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან

კოვიდის დელტა ვარიანტი, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მასიურად გავრცელდა ევროპის რეგიონსა და მთელს მსოფლიოში, ცნობილია, რომ კოვიდის აქამდე არსებული მუტირებული ვერსიებისგან განსხვავებით ყველაზე ადვილად გადამდებია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სომია სვამინათანი, ჯანმოს საინფორმაციო ვიდეოში პასუხობს კითხვას, თუ  რა ტიპის დაცვას გვთავაზობს ამ ვარიანტისგან კოვიდის ვაქცინები.

მეცნიერი ამბობს, რომ დელტა ვარიანტს, რომელიც კოვიდის სხვა ვარიანტებზე უფრო გადამდებია, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ჩვენს სისხლში არსებულ ანტისხეულებს, რაც ნიშნავს, რომ ამ ვარიანტის დასაძლევად უფრო მაღალი დონის ანტისხეულები გვჭირდება, ვიდრე, მაგალითად, ალფა ვარიანტის შემთხვევაში,

„კარგი ამბავია ის, რომ ჯანმო-ს მიერ აღიარებული და გადაუდებელი გამოყენების სიაში შეყვანილი ყველა ვაქცინა იცავს დელტა ვარიანტით გამოწვეული მძიმე დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან.

არსებობს კვლევები იმ ქვეყნებიდან, სადაც დელტა ვარიანტი უფრო დომინირებს, იმის საჩვენებლად, რომ ვაქცინირებული ადამიანები გაცილებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ საავადმყოფოში აღმოჩნდნენ.

დელტა ვარიანტის წინააღმდეგ სრული იმუნიტეტისთვის საჭიროა ვაქცინაციის სრული კურსი. თუ გაქვთ წვდომა ჯანმოს მიერ დამტკიცებულ ვაქცინებზე, გთხოვთ მიიღეთ სრული კურსი, რათა იყოთ დაცული, როგორც დელტა, ისე კოვიდის სხვა ვარიანტებისგანაც” – ამბობს ის.

სომია სვამინათანის განმარტებით, ამ ვაქცინების მთავარი მიზანი სწორედ მძიმე დაავადების თავიდან აცილებაა, „ჩვენ გვსურს, რომ მაშინაც კი, თუ ადამიანები დაინფიცირდებიან, ისინი  გამოჯანმრთელდნენ და არ დაუმძიმდეთ დაავადება. ამას ყველა ეს ვაქცინა კარგად აკეთებს.

რა თქმა უნდა, არსებობს დაცვის სხვადასხვა დონე. თქვენ წაიკითხავთ ეფექტურობის კვლევების შესახებ. ისინი შეიძლება 70 – დან 90% –მდე იყოს.

იდეალურ შემთხვევაში თქვენ ისურვებდით ვაქცინას, რომელიც სრულად დაგიცავდათ დაინფიცირებისგან, მაგრამ არც ერთი, რა ვაქცინაც ახლა გვაქვს, არ არის 100%-იანი დაცვის მქონე. ამიტომაც არსებობს შანსი, რომ აცრის მიუხედავად მაინც დაინფიცირდეთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თქვენ გექნებათ მსუბუქი სიმპტომები ან საერთოდ არანაირი სიმპტომი. შანსი, რომ დაავადება დაგიმძიმდეთ ძალიან მცირეა,” – ამბობს სომია სვამინათანი.

29 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივლისს დღის ბოლოდან 29 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და  ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი.

სააგენტოს ცნობით, ამ პერიოდში შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ბათუმის აქციიდან 12 დღის შემდეგ რეზო ხარაზს ხულიგნობას ედავებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ბათუმში აქციის ჩატარებიდან ზუსტად 12 დღეში მიიჩნია სამართალდამრღვევად პოლიციამ. ის სასამართლოში უკვე დაიბარეს.

რეზო ხარაზი ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, 12 ივლისს მონაწილეობდა აქციაში – „ლექsosთვის“. ეს აქცია მას შემდეგ გაიმართა, როცა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მანამდე მას მოძალადე ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. 12 ივლისს აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან გიორგი კირთაძე. დაკავებულების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.

„ორი დღის წინ, 24 ივლისს დამირეკეს პოლიციიდან, რომ ოქმი უნდა ჩაგაბაროთ და მოდით დაკითხვაზეო. არ მივედი. ვუთხარი, რომ სასამართლოში შევხვდებოდით ერთმანეთს,“ – ამბობს რეზო ხარაზი, რომლის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციელებმა 24 ივლისს შეადგინეს.

საგულისხმოა, რომ ეს ოქმი თავის მხრივ პოლიციელის პატაკს ეყრდნობა, რომელიც აქციის ჩატარებიდან 3 დღის შემდეგ – 15 ივლისს არის შედგენილი. პატაკში პოლიციელი აღნიშნავს, რომ „რევაზ ხარაზის ადგილზე დაკავება ვერ მოხერხდა“.

ოქმის მიხედვით, რეზო ხარაზი „იგინებოდა და ილანძღებოდა, რითაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და სიმშვიდე“.

„შაბათს სასამართლოში როცა მივედი, პოლიციელმა მითხრა, რომ აქციაზე ვაგინებდი ბიძინა ივანიშვილს და კიდევ სხვებს… მე ის ვიცი, რომ არავითარი წესრიგი აქციაზე არ დამირღვევია,“ – აღნიშნა რეზო ხარაზმა „ბათუმელებთან“.

მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით სასამართლო განხილვა შაბათს, ანუ 24 ივლისს არ შედგა. სასამართლო რამდენიმე დღეში იმსჯელებს, დაარღვია თუ არა რეზო ხარაზმა კანონი გინებით და იმსახურებს თუ არა სანქციას.

რატომ არ შეადგინა ამ დრომდე ოქმი პოლიციამ სამართალდარღვევაზე, თუკი პატაკის მიხედვით 12 დღით ადრე იყო ცნობილი რეზო ხარაზის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ და თან ეს სამართალდარღვევა იმ სიმძიმის მქონედ შეუფასებია სამართალდამცველს, რომ მისი დაკავებაც გადაწყვიტა?

რატომ არ აღკვეთეს დროულად სამართალდამცველებმა რეზო ხარაზის მხრიდან ახალი სამართალდარღვევის ჩადენის რისკი, თუკი ის აქციაზე, გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ხულიგნობდა, პოლიციელების კანონიერ მოთხოვნასაც არ დაემორჩილა და „მისი დაკავება ვერ მოხერხდა“? – კითხვებით შსს-ს პრესცენტრს მივმართეთ. ამ დრომდე განმარტება არ მიგვიღია.

თავად რეზო ხარაზი ამ საქმეს უკავშირებს, როგორც ბოლო დროინდელ პროცესებს, ასევე მის მიერ რამდენიმე დღის წინ მოწყობილ ბრიფინგებს, სადაც რეზო ხარაზი კორუფციის კონკრეტულ რისკებზე საუბრობდა.

ოქმი, რომელიც პოლიციელებმა 24 ივლისს შეადგინეს

 

პოლიციელის პატაკი 15 ივლისს არის შედგენილი

მითები და რეალობა სკოლაში სექსუალურ განათლებაზე

ავტორი: ანა მალაყმაძე

რას გულისხმობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა? უნდა ისწავლებოდეს თუ არა აღნიშნული საკითხი სკოლებში? რა საფრთხის წინაშე დგას მოზარდი, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ? – ამ თემებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელი, იურისტი თაკო კაპანაძე. 2021 წლის ივლისში ორგანიზაციამ, სადაც ის მუშაობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, იმისათვის, რომ ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს ბავშვის ასაკის შესაბამისი ინკლუზიური, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი.

  • ქალბატონო თაკო, თქვენმა ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოს იმისთვის, რომ სკოლაში ისწავლებოდეს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. პირველ რიგში რომ განვმარტოთ, რა იგულისხმება ამ საკითხებში?

აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლება არ გამოიწვევს ნაადრევი სქესობრივი კავშირის შემთხვევების ზრდას და სტიმულირებას, როგორც ეს მიაჩნია საზოგადოებას.

სექსუალური და რეპროდუქციული განათლება მოიცავს ყველა ასაკში ბავშვის მდგომარეობის, განვითარების და უფლებების შესაბამის ინფორმაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ კლასში ბავშვს უნდა მიეწოდოს სრულიად სხვა ინფორმაცია, ხოლო მეათეში – სხვა.

პირველ კლასში ბავშვებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის მათი პირად სივრცე, სხეულის რომელ ნაწილზე არ შეიძლება, რომ შეეხოს ვინმე, როგორ უნდა დაიცვას თავი. ასევე, ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის სარისკო ქცევა, რომელიც შეიძლება მის მიმართ განხორციელდეს და ვის უნდა მიმართოს ან მიაწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ; როგორ თქვას „არა“ იმ ქცევასთან, მოვლენასთან დაკავშირებით, რაც მას შეიძლება არ მოსწონდეს.

ასაკის მატებასთან ერთად ინფორმაცია იცვლება. ეს ინფორმაცია შემდეგ ეტაპზე მოიცავს სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვას, როგორ უნდა უზრუნველყოს ბავშვმა, რომ დაცული იყოს ძალადობისგან, რა არის ჯანმრთელობა, გენდერული თანასწორობა და ის, რომ პატივი უნდა სცეს განსხვავებულობას, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია – ეს ინფორმაცია მოსწავლეს უნდა მიეწოდოს გარკვეულ ეტაპზე.

ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

განათლების სამინისტროს პოზიციაა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ გარკვეული, მინიმალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის მიმობნეული, უბრალოდ ეს ინფორმაცია ამ ოდენობითა და ამ სახით არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია, ადამიანებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია და სახელმწიფო ასრულებდეს იმ ვალდებულებებს, რაც მას აქვს დაკისრებული სხვადასხვა ხელშეკრულებების ფარგლებში.

თაკო კაპანაძე
  • როგორ უნდა ისწავლებოდეს ეს საკითხები სკოლაში? როგორც ცალკე საგანი თუ სხვადასხვა საგნებთან უნდა იყოს დაკავშირებული? როგორია განვითარებული ქვეყნების გამოცდილება?

ეს არის განათლების სამინისტროს პრეროგატივა და კომპეტენცია.

როდესაც ეს საგანი დაინერგება, აუცილებელია სამინისტრომ ფსიქოლოგები, იურისტები, განათლების ექსპერტები ჩართოს ამ საკითხში, რათა შეიმუშაონ ეს კურიკულუმი და მიაწოდონ ბავშვს უფლებებისა და განვითარების შესაბამისი, მტკიცებულებებით გაჯერებული ინფორმაცია.

შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს პრეროგატივა, რომ შევთავაზოთ როგორი ფორმით დაგეგმონ, იქნება ეს ცალკე საგანი თუ არსებულ საგნებში იქნება გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია.

განვითარებულ ქვეყნებში ბაღის ასაკიდანაც კი აწვდიან ინფორმაციას ამის შესახებ. ბავშვები 2-3 წლიდანაც კი ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, მათ შორის სექსუალური ძალადობისაც. ის, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ ზრდასრულები ხდებიან, არის მითი.

სამწუხაროდ, 2-3 წლიდან უკვე არის ამის სტატისტიკა და აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ რეალურად უფრო მეტი ბავშვია ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე ამას ოფიციალური მაჩვენებელი გვეუბნება, თუმცა არსებული სტატისტიკაც შემაშფოთებელია, ვინაიდან, ბოლო 5 წლის განმავლობაში 1000-მდე ბავშვი იქნა ცნობილი დაზარალებულად სქესობრივი ძალადობის გზით.

ბავშვებს უნდა ავარიდოთ ეს საფრთხე, არ უნდა დარჩნენ ისინი ძალადობრივ გარემოში.

იმ ქვეყნებში, სადაც დანერგილია სქესობრივი განათლება, ბავშვებმა იციან თავიანთი უფლებები და ძალადობა არის შემცირებული.

ცხადია, ცოდნა არ გულისხმობს იმას,რომ აღარ იქნება ძალადობის შემთხვევები, სამწუხაროდ, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს, თუმცა საფრთხე მცირდება განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ამ ცოდნას აძლევენ მოსწავლეებს.

ძირითადი არგუმენტი, რასაც ამბობენ და კონტრარგუმენტი, რაც აქვთ, არის ის,რომ მშობელმა თავად უნდა ასწავლოს ბავშვს ეს საკითხები, თუმცა, ვინაიდან მშობელსაც თავის დროზე არ უსწავლია და არც მასწავლებლებს აქვთ ეს ცოდნა, თუ როგორ უნდა მოახდინონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიცირება, ბავშვები რჩებიან ძალადობრივ გარემოში, არიან საფრთხის ქვეშ. მშობლებსაც რომ მიეღოთ ეს განათლება თავის დროზე, ბავშვების მდგომარეობა იქნებოდა გაცილებით უკეთესი.

ამ ეტაპზე, როდესაც მშობლებს არ აქვთ ეს კვალიფიციური ცოდნა, შეუძლებელია მათ მოსთხოვო ამის სწავლება.

  • რა მითები, დეზინფორმაცია და ცრუ მოსაზრებებია გავრცელებული სექსუალური და რეპროდუქციული განათლების შესახებ, თქვენი დაკვირვებით?

პირველი მითი, რაც გავრცელებულია, არის ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ბავშვებს ამ საგნის ფარგლებში ვასწავლოთ, რომ ისინი იბადებიან უსქესო და შემდეგ თავად შეუძლიათ სქესის არჩევა, თუმცა ეს არის ცრუ ინფორმაცია, მითი და ამის სწავლებას ნამდვილად არ ვითხოვთ.

მეორე მითი, რაც გავრცელებულია არის ის, რომ ამით მოხდება სქესობრივი ცხოვრების სტიმულირება და ბავშვები უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებენ სექსუალურ ცხოვრებას. ესეც, რა თქმა უნდა, არის ცრუ ინფორმაცია, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც ეცოდინებათ როგორ დაიცვან თავი, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, არასასურველი თუ ნაადრევი ორსულობისგან და ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს სქესობრივი კავშირი, შეეძლებათ გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით.

მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება არის დანაშაული და ამ ინფორმაციით აღჭურვილ მოზარდებს საშუალება ექნებათ თავი დაიცვან უკეთ, თუნდაც იმით, რომ არ დათანხმდნენ ასეთ კავშირს, არ მოხდეს მათ შეშინება.

  • სკოლაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლებას ჰყავს მოწინააღმდეგეები. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? დეზინფორმაცია თუ თემის ტაბუირება?

როგორც დეზინფორმაცია, ისე თემის ტაბუირება.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ და ზუსტად იცოდნენ, რა არის ჩვენი მოთხოვნა. ბავშვებს აქვთ უფლება, რომ მათი ჯანმრთელობის შესახებ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია, მიიღონ სრულყოფილი განათლება.

აღნიშნული კურიკულუმი ეძღვნება სწორედ ამ 3 უფლებას: განათლების, ჯანმრთელობის დაცვის და ძალადობისგან დაცვის.

დეზინფორმაციაც ნამდვილად ვრცელდება, იმის გამო, რომ ადამიანებს მეტი წვდომა აქვთ დეზინფორმაციაზე, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გაიაზრონ და სწორად გაიგონ, რატომ არის ეს მოთხოვნა ჩვენი მხრიდან სასამართლოში წარდგენილი.

ცხადია, რომ ტაბუ თავისთავად მოქმედებს და ეს ტაბუ, მეორე მხრივ, მოქმედებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე, იმიტომ, რომ მათ მოძალადეები უჩენენ შეგრძნებას, რომ მათი ბრალია რაც მათ თავს ხდება, მათ გამოიწვიეს ეს.

ეს არის ტაბუ და ამის გამო ბავშვები ვერ ბედავენ მშობლებს მიაწვდინონ ინფორმაცია და თუ მიაწვდენენ, ხშირ შემთხვევაში მშობლებსაც ეუფლებათ შეგრძნება, რომ ამაზე საუბარი არის უხერხული და ისინი, იმის ნაცვლად რომ დაუჯერონ საკუთარ შვილებს, ამჯობინებენ არ მოახდინონ რეაგირება და ბავშვები კვლავ რჩებიან ძალადობრივ გარემოში.

თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა მშობელი ახდენს რეაგირებას და იქცევა შვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

  • ზოგი ამბობს, რომ არ არის საჭირო ამ საკითხების სკოლაში სწავლება, რადგან არსებობს ინტერნეტი. რამდენად უსაფრთხოა ეს? რა სახის დეზინფორმაციას შეიძლება გადააწყდეს მოზარდი?

ინტერნეტი არ იძლევა იმის გარანტიას,რომ განთავსებული ინფორმაცია იქნება ასაკის შესაბამისი.

ამის შეზღუდვა და გაფილტვრა შეიძლება ვერ მოხერხდეს და ბავშვმა მიიღოს არასწორი ინფორმაცია, რადგან ასაკის შესაბამისად შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს შესაძლებლობა და უნარები, რომ გადაამოწმოს და მოახერხოს დეზინფორმაციის იდენტიფიცირება. ასევე, ინფორმაცია უნდა იყოს მის უფლებებზე დაფუძნებული, რაც ჩვენს შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

რა თქმა უნდა, ბავშვები ახლაც იღებენ ინფორმაციას ინტერნეტის დახმარებით და ეს ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, სწორედ ამისგან დაცვა უნდა მოხდეს, რათა ბავშვებმა მიიღონ სრულყოფილი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მათი უფლებების შესაბამისი ცოდნა.

  • ხშირად სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლებიც კი არ საუბრობენ ამ თემებზე და უბრალოდ ახტებიან გაკვეთილებს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

ეს არის ისევ და ისევ ტაბუ, რომელიც უხერხულობას უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებელს. ხშირად ამბობენ, რომ ამ გაკვეთილების ახსნას მოჰყვება მხიარულება, აჟიოტაჟი მოსწავლეების მხრიდან, თუმცა ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ბავშვებს მათთვის საჭირო ცოდნის მიღება შეეზღუდოთ. აუცილებელია გადამზადდნენ მასწავლებლები და მათ შეეძლოთ ბავშვებს სწორად, ადეკვატურად მიაწოდონ ინფორმაცია.

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ღარიბაშვილი მზად არის აწარმოოს ომი ქვეყნის შიგნით – ზვიად ქორიძე

ავტორი: ზვიად ქორიძე

ყველამ იცოდა, რომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ ექვს საათზე უნდა გამოსულიყო, თუმცა დილის 11:00 საათზე ეს გავეშებული ხალხი რატომ იყო ასე აგრესიული ჟურნალისტების მიმართ? რატომ დაერივნენ მათ? იმიტომ, რომ ჟურნალისტები ყველაზე გამაღიზიანებელია ყველა მთავრობისთვის.

ჯერ კიდევ როდის თქვა ივანიშვილმა, – „გამორთეთ „რუსთავი 2“ და ქვეყანაში იქნება აღმშენებლობაო. ხელისუფლებას აღმშენებლობის ეფექტს უკარგავს ის, რომ ჟურნალისტები კრიტიკულ კითხვებს სვამენ.

ღარიბაშვილი გაღიზიანებული იყო იმის გამო, რომ მის შესახებ მედიამ ბევრი ინფორმაცია გაავრცელა. განსაკუთრებით სამარცხვინო იყო ბერა ივანიშვილთან საუბრის ჩანაწერები. მედიამ გამოააშკარავა ასევე ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბებიც, რომელიც ასევე ერთ-ერთი სამარცხვინო და დანაშაულებრივი ამბავია.

მედია საუბრობს კორუფციის ფაქტებზე მთავრობაში, როცა არავინ იცის, როგორ მდიდრდებიან სასულიერო პირები, როგორ „ამყარებენ წესრიგს“ სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფები ბიზნესში, როგორ პარპაშებენ კრიმინალური ავტორიტეტები, ხოლო მედია ამ ყველაფერს ჩაჰკირკიტებს და ბოლომდე აჩვენებს, რა თქმა უნდა, ეს აღიზიანებს ხელისუფლებას.

სწორედ ამას უკავშირდება ერთგვარი სოციალური კამპანია, რომ „ახია თქვენზე“ და „ჟურნალისტები უნდა დაისაჯონ“, რომელიც დაიწყო 5 ივლისის შემდეგ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ფულს იღებს ამის დაწერისთვის. თუმცა, ვიღაც შესაძლოა წერდა გულწრფელადაც, რადგან ჰგონიათ, რომ მედია, რომელიც არ ასვენებს ხელისუფლებას კითხვებით, ატარებს გამოძიებას, გამაღიზიანებელია.

 

წაიკითხეთ ამავე თემაზე სტატია – „ჟურნალისტები ხელისუფლების პირისპირ – რა სურს ღარიბაშვილს“

 

ხელისუფლება ცდილობს მედია ჩამოაცილოს აქტიურ სივრცეს და თუ ის ჟურნალისტებს დააკარგვინებს თვალებს, მოტეხავს ხელებს და მოკლავს კიდეც, ვიღაცას შესაძლოა თვითცენზურაც ჩაერთოს.

5 ივლისს იმიტომ „დასაჯეს“ ჟურნალისტები, რომ მათი საქმიანობა არ მოსწონს ამ ქვეყანაში ძალაუფლების მქონე ორ აქტორს – მთავრობას და საპატრიარქოს. ამ პროცესებით კი საზოგადოება ზარალდება.

საზოგადოება, რომელიც არ არის ინფორმირებული, ვერ იქნება ძლიერი. ის ვერ გააკონტროლებს მთავრობას, სუსტი საზოგადოება აუცილებლად წააგებს და წააგებს არა მხოლოდ ერთ რომელიმე არჩევნებს,  არამედ ქვეყნის ბრძოლას განვითარებისთვის. აი, ეს უნდა დღეს მთავრობას.

დღეს, რეალურად, ღარიბაშვილმა ომი გამოუცხადა საზოგადოებას, რადგან მან თქვა, რომ 95-მა პროცენტმა უნდა იბატონოს 5 პროცენტზე. აგრესიული რიტორიკა საზოგადოების დაყოფას იწვევს და ერთი ნაწილი გამოდის მეორის წინააღმდეგ. ღარიბაშვილი რეალურად ახალისებს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას.

როცა ვიღაც აგინებს მედიას, ვიღაც მის დაცვას ცდილობს, ეს ორი ჯგუფი კი ერთმანეთის მიმართ მტრულად განეწყობა. ვიღაც  მედიის დაცვით დემოკრატიას იცავს, ვიღაც კი ამბობს, რომ საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტები. ის, ვინც თანასწორობის მომხრეა, უპირისპირდება იმას, ვინც ძალადობს. ვინც წინააღმდეგია განათლების რეფორმის, ვინც ეწინააღმდეგება საზოგადოების პროგრესს და ასე შემდეგ.

ღარიბაშვილის მთავრობა ბოლომდე ახალისებს საზოგადოების დახლეჩასა და დაპირისპირებას. ყველას გვახსოვს დავით გარეჯთან დაკავშირებულ ხელისუფლების მიერ აგორებულ არაფრისმთქმელ კამპანია, რომელმაც ასევე დააპირისპირა ადამიანები ერთმანეთთან.

ის, ვინც ღარიბაშვილის გამოსვლას უსმინა პარლამენტში, პრემიერად დამტკიცების დროს, ყველა მიხვდა, რომ მისი ენა არის სამოქალაქო დაპირისპირების ენა. დარწმუნდები, რომ ეს არის ომის პარტია,  ღარიბაშვილი მზად არის აწარმოოს ეს ომი ქვეყნის შიგნით, ქართული საზოგადოების სხეულში. ამის მაგალითია ის, რაც მოხდა დმანისში, ბუკნარში. ზოგან ეთნიკურ ნიადაგზე გააჩინა კონფლიქტები, ზოგან რელიგიურ ნიადაგზე. ცდილობს ყველა განსხვავებული დააპირისპიროს.

ღარიბაშვილი გვთავაზობს უმრავლესობის დიქტატურას. ხოლო მას შემდეგ რაც მიიღებს 100-პროცენტიან ვოტუმს, ვეღარც უმრავლესობის ხმას გაიგონებს. „ეტყვის – თქვენ ვის დაჰკარგვიხართ“.

თუმცა ვფიქრობ, ქართული საზოგადოების ნაწილი არ იყოფა 95/5-ზე და გაცილებით მეტია პროგრესის, ლიბერალური დემოკრატიის მომხრე. სწორედ ამიტომ არ უნდა ხელისუფლებას კრიტიკული მედია, რომელიც საზოგადოებას განვითარებაში და გაძლიერებაში ეხმარება.

_______________________

მთავარი ფოტო:

ზვიად ქორიძე/ჟურნალისტების აქცია ძალადობის წინააღმდეგ.

ამავე თემაზე:

ჟურნალისტები ხელისუფლების პირისპირ – რა სურს ღარიბაშვილს პანდემიაში

„ეს აჩენს ეჭვს კორუფციაზე“ – ვინ მიიღებს გრანტს ბიუჯეტიდან სოფლად ბიზნესის მოსაწყობად

მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აგროსერვისცენტრი აჭარის სოფლებში აპირებს. შესარჩევი კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, „პოტენციური გამარჯვებულები“ უკვე ცნობილია და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება.

ჩამონათვალში სულ 29 გამარჯვებულია. „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის თავდაპირველი ბიუჯეტი 875, 219 ლარი იყო, თუმცა აჭარის ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ, იგი 1 მილიონ 175 219 ლარამდე გაიზარდა. გრანტები სახელმწიფოსგან იმ მეწარმეებს შეხვდებათ, ვინც ყველაზე მაღალ ქულას მიიღეს შეფასების კომისიისგან. საბოლოოდ კი, იმდენი კონტრაქტი გაფორმდება, რამდენსაც პროგრამის ბიუჯეტი გაწვდება.

„კონკრეტული გარემოებებია, რაც ეჭვებს აჩენს კორუფციაზე. როცა კომისიის სხვა წევრები ამ რისკებს ვერ ხედავენ, ჩნდება ეჭვები,“ – ამბობს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. ის აგროსერვისცენტრის კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო და საეჭვო გარემოებების შესახებ მოგვიყვა.

სახელმწიფომ კომპანიას ქონება მისცა პირობით, პირობის შესასრულებლად კი, ფულიც სახელმწიფოსგან მიიღო

ერთ-ერთი პოტენციური გამარჯვებული, რომელიც სახელმწიფოსგან გრანტს მიიღებს შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპია“. ეს კომპანია ქობულეთში ხილის და ციტრუსის დამხარისხებელი საწარმოს მოწყობას აპირებს. საგრანტო პროექტის ჯამური ღირებულება 200 ათასი ლარია. თუ ხელშეკრულება გაფორმდა, კომპანია გრანტის სახით ბიუჯეტიდან 100 ათას ლარს მიიღებს.

კონკურსამდე რამდენიმე თვით ადრე, კონკრეტულად კი, გასული წლის დეკემბერში შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპმა“ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს პირობიან აუქციონში მონაწილეობის შედეგად ქობულეთში უძრავი ქონება იყიდა. პირობის თანახმად, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს „ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.“

„გამოდის, სახელმწიფო აძლევს ქონებას პირობით ბიზნესმენს და მეორე უწყება ფულსაც აძლევს, რომ სახელმწიფოსთან პირობა შეასრულოს. აქ საუბარია არა სესხზე, არამედ გრანტზე. ეს მინიმუმ სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკაა. ასე შეგვიძლია ნებისმიერს მივცეთ მიწის ნაკვეთი და ფულიც მივაყოლოთ, გავაკეთებინოთ რამე. თუ კომპანიას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ინვესტირება მოეხდინა, რატომ იღებდა ამ ვალდებულებას?“ – კითხულობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

კომისიის წევრი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გრანტს მიიღებს კომპანია, რომლის მეწილეც კახა შავაძე „ბიზნესინკუბატორის“ უფროსია.

„ბიზნესინკუბატორი არის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ. რა გამოდის: ეკონომიკის სამინისტროს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი მეორე სახელმწიფო უწყებიდან იღებს დაფინანსებას. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კორუფციულ რისკთან,“ -მიიჩნევს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

„ეს აბსურდია“ – ეჭვების გაქარწყლებას ცდილობს სულხან ვარშანიძე, შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დირექტორი. ის მიიჩნევს, რომ არალოგიკურია სახელმწიფოსგან ქონების პირობით შეძენის დაკავშირება ბიუჯეტიდან გრანტის მიღებასთან.

„რა მნიშვნელობა აქვს საიდან მივიღებ ფულს? შესაძლოა, სხვა დონორებისგანაც მივიღო ფული, „აწარმოე საქართველოდან“, იქნებ მამამ დამიტოვა და მემკვიდრეობით მერგო. ამას რა მნიშვნელობა აქვს?“ – კითხულობს ბიზნესმენი.

შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპმა“ ქობულეთში პირობიანი აუქციონის შედეგად 7574 კვადრატული მეტრი იყიდა და პირობის შესრულების გარდა, ქონებაში 240 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. სულხან ვარშანიძის თქმით, ეს აუდიტის მიერ შეფასებული საბაზრო ფასია და ქონებაში 120 ათასი ლარი უკვე გადახდილი აქვს.

რამდენად ასრულებს კომპანია სახელმწიფოსთან პირობას დამოუკიდებლად, ვიდრე ის გრანტს მიიღებს?

„აპარატურა შევიძინეთ, რომელიც ჯერ ქობულეთში განთავსებული არ არის,“ – აღნიშნა სულხან ვარშანიძემ. მისივე თქმით, კომპანიას ჯერ პირობის შესრულების შესახებ დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროსთვის მიწოდებული არ აქვს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კახა შავაძესაც, რომელიც „ბიზნესინკუბატორის“ დირექტორია და იმ კომპანიის მეწილე, რომელიც სახელმწიფოსგან გრანტს ელის. კახა შავაძემ კომენტარზე უარი გვითხრა.

„ეჭვები ყოველთვის იქნება, მაგრამ რამდენად ლოგიკურია და ადეკვატური?“ – კორუფციის რისკზე გაჩენილ კითხვას პასუხობს გოჩა ბერიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი და კომისიის თავმჯდომარე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონს არ არღვევს, ხოლო კანონი არც ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელს უკრძალავს ბიზნესში წილის ფლობას.

„ჩვენ ვერ ვეტყოდით უარს კანონის საფუძველზე… შეფასება ხდება კომისიურად. მას იმდენად მაღალი შეფასება აქვს, ის არ არის შემთხვევით გადასული,“ – დასძინა გოჩა ბერიძემ.

როცა დასკვნას კომისიისთვის თავად კომისიის წევრი გიწერს და ის თვითაცილებასაც არ ახდენს

კიდევ ერთი პროექტი, რამაც კითხვები გააჩინა კორუფციაზე, თევზის მეურნეობას უკავშირდება – ფერმერი ჯემალ ბოლქვაძე ხულოში ამერიკული კალმახის მეურნეობის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 83 548 ლარს ელის. პროექტის საერთო ღირებულება 119 548 ლარია.

ვიდრე ამ პროექტს კომისია შეაფასებდა, დადებითი დასკვნა ფერმერს სოფო დიასამიძემ დაუწერა, როგორც სპეციალისტმა. სოფო დიასამიძე ამავდროულად პროექტების შესარჩევი კომისიის წევრია.

„ცნობა აქვს გაცემული „ფორეჯის“, რომლითაც დასტურდება, რომ ფერმერს აქვს რესურსი პროექტის განხორციელებისთვის. „ფორეჯის“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე კომისიაში ქულობრივად შეაფასა ეს პროექტი. ინტერესთა კონფლიქტი ვერ დაინახეს სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტი ერთია – კიდევ ერთი პროექტი იყო მეთევზეობაზე. იქ სოფო დიასამიძემ გაცილებით დაბალი ქულები დაწერა, ანუ სადაც სხვა სპეციალისტის დასკვნა არსებობდა,“ – გვიყვება ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

„მე ინტერესთა კონფლიქტს ვერ ვხედავ,“ – კომისიის წევრის მოსაზრებას მორიგ პროექტზეც არ იზიარებს კომისიის თავმჯდომარე. – „სპეციალისტმა შეაფასა პროექტი ტექნიკურად, კომისია კი პროექტს აფასებს ფინანსურად, რამდენად არის გამართული პროექტი, როგორც ბიზნესიდეა“, – განმარტავს გოჩა ბერიძე.

ამ შემთხვევაში გოჩა ბერიძე კატეგორიული არ არის და გვითხრა ისიც, თუ რა გამოსავალი იპოვა:

„ახლა დამატებით მოვითხოვე მაგ ცნობის წარმოდგენა. მოიტანს, მოიტანს, თუ ვერ მოიტანს, გაუქმდება ეს პროექტი. სულ არ მაინტერესებს, გავა თუ არა ჯემალ ბოლქვაძის პროექტი,“ – დასძინა გოჩა ბერიძემ.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე კორუფციის რისკს ხედავს იმაშიც, რომ კომისიის ტექნიკური ჯგუფი ასრულებდა მონიტორინგის ფუნქციას, რის უფლებამოსილებაც მას არ ჰქონდა და ამ გზით ტექნიკურად რამდენიმე განაცხადი პროცესს ჩამოაშორეს.

„რეალურად ტექნიკური ჯგუფის საქმე იყო იმის შემოწმება, თუ რამდენად სრულყოფილად იყო წარმოდგენილი განაცხადი და არა ის, რომ წავიდეს და ადგილზე შეაფასოს პროექტი… უსამართლოდ ჩამოაშორეს პროცესს 23 განმცხადებელი. მათ არც კი გაასაჩივრეს, ერთის გარდა, რადგან სამართლიანი განხილვის იმედი არ აქვთ,“ – აღნიშნა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ „ბათუმელებთან“.

ამ პრეტენზიაზე კომისიის თავმჯდომარის პასუხი ასეთია:

„ჯგუფს ჰქონდა უფლება რეალურად ენახა, რა ხდებოდა ადგილზე. შესაძლოა, ბიზნესიდეა კარგია, მაგრამ იმდენად დახრილია მიწის ნაკვეთი, რომ იქ კონკრეტული ბიზნესპროექტი ვერ განხორციელდეს,“ – გვიპასუხა გოჩა ბერიძემ.

პროგრამის ფარგლებში პოტენციური გამარჯვებული პროექტები ასევე ეხება თხილის საშრობების მოწყობას, დეკორატიული ფილების, ფრინველების და პირუტყვის საკვების, სათბობი ბრეკეტების, არყის წარმოებას, პეკინური იხვის ფერმის მოწყობას.

აჭარაში ვაქცინაციის პროცესში დამატებით 5 კლინიკა ჩაერთო

დღეს, ქობულეთში, ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სამედიცინო დაწესებულება – “ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო” და “ქობულეთის სამედიცინო ცენტრი” დღის განმავლობაში  300-მდე პირს მოემსახურება. თითოეულ დაწესებულებაში ორ-ორი ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს.

საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც განახორციელებენ მოქალაქეების “ფაიზერით” ვაქცინაციას ბათუმშიც გაიზარდა. ჩამონათვალს დაემატა “ევექსისი ჰოსპიტლები – “ბათუმის რეფერალური საავადმყოფო”, “საზღვაო ჰოსპიტალი” და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი”.

ამავე ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი გრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ბათუმში “ფაიზერით” ვაქცინაცია 4 კლინიკაში ჩატარდება.

აჭარაში ჯამში, 6 კლინიკაში 19 ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს.

სასტუმროების ფასდაკლების აქცია ბათუმში ორჯერადად აცრილებისთვის

სასტუმროების ნაწილს ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად სპეციალური შეთავაზება აქვთ – ფასდაკლება ორჯერადად აცრილ ადამიანებს.

მაგალითად, „ჰოლიდეი ინნ თელავი“ დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით 140 ლარად დაუთმობს სასტუმროს ნომერს ორჯერადად აცრილ ადამიანს. ამ სასტუმრომ გამოიწვია „დივან სვითს ბათუმი“ და „ბესთ უესთერნ ქუთაისი“.

გამოწვევა მიიღო „დივან სვითს ბათუმმა,“ სადაც ნორმის ღირებულება 399 ლარი იქნება. „ბესთ უესთერნ ქუთაისში“ კი, ნომრის ფასი ერთი ღამით 240 ლარი იქნება.

ამ სასტუმროებმა სხვა სასტუმროებიც გამოიწვიეს.

stopcov.ge-ის თანახმად, 25 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში სულ აცრილია 404 339.

ჯანმო: მომდევნო თვეებში დელტა შტამი გლობალურად დომინანტი გახდება

უახლესი მონაცემებით, SARS-COV-2-ს „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ევროპაში სწრაფად ვრცელდება და კონტინენტის უმეტეს ნაწილში უკვე დომინანტური გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იუწყება, რომ გადაცემის შესამცირებლად საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება.

ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ აღრიცხული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე დელტა შტამი დომინირებდა ქვეყანათა უმრავლესობაში (19 ქვეყანა) იმ 28 ქვეყნიდან, რომლებმაც აღრიცხეს საკმარისად სრული გენეტიკური სეკვენირების ინფორმაცია.

ამ 19 ქვეყანაში გამოვლენილი დელტა შტამი შეადგენდა 68,3%. ეს მაჩვენებელი უსწრებს მანამდე დომინანტურ ალფა შტამის მაჩვენებელს (22,3%) რეგიონში.

ჯანმო იუწყება, რომ ამჟამინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, მომდევნო თვეებში დელტა შტამი გლობალურად დომინანტი გახდება. იგი უკვე გამოვლენილია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.

დელტა შტამის გავრცელება გაგრძელდება და იგი შეცვლის სხვა შტამების გადაადგილებასაც, იმ შემთხვევაში თუ არ გამოჩნდება ახალი კონკურენტუნარიანი ვირუსი.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიის შედეგებით, საქართველოში დელტა შტამი ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს

„სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რაც დაკავშირებულია დელტა შტამის დაჩქარებული ტემპით გავრცელებასთან… კარგი ამბავია ის, რომ მონაცემები აშკარად აჩვენებს, რომ ვაქცინაციის სრული კურსი  მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რთული ფორმებისა და სიკვდილის რისკს.

ამიტომ, უნდა ავიცრათ, როცა ჩვენი ჯერი დადგება“ – ამბობს ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჰანს კლუგე.

„ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უნდა ვიყოთ ფრთხილად და შექმნილ სიტუაციას საღი აზრი დავუპირისპიროთ. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობისთანავე საჭიროა სრულად ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია, ხშირად დავიბანოთ ხელები, თავი ავარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და საჭიროების შემთხვევაში, ვატაროთ პირბადე.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ ზომებით საკუთარ თავსა და ჩვენს გარშემომყოფებს ვიცავთ,“ – ამბობს ანდრეა ამონი, ECDC-ის დირექტორი.

ჯანმო და ECDC მოუწოდებენ პრიორიტეტულ ჯგუფებს: ასაკოვან ადამიანებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და ჯანდაცვის მუშაკებს, ჩაიტარონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი, რათა დაიცვან საკუთარი თავი და მათთან კონტაქტში მყოფი მოწყვლადი ადამიანები მძიმე დაავადებისგან.

გარდა ამისა, მკაცრად რეკომენდებულია ვაქცინაცია ყველა შესაბამისი ჯგუფისთვის. იქ სადაც „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ვრცელდება, საჭიროა განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები, მათ შორის COVID-19 გადაცემის კონტროლისთვის მოსახლეობის ტესტირებაზე წვდომის გაზრდა.

ევროპაში COVID-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მათ შორის ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და ყოველკვირეულად იზრდება ახალი შემთხვევებიც. გაიზარდა შემთხვევები ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ყველაზე სწრაფად 15-ან 24 წლამდე ასაკში. ამ ასაკობრივ ჯგუფში ბოლო თვის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევების ხუთმაგი ზრდა.

ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებს მთავრობა არ განიხილავს. ამის შესახებ მან დღეს, 26 ივლისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ავირჩიეთ მართვის გზა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ პანდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. არც ლოქდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს ნიშნავს, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი თუ ლარი ვალის სახით, რაც გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ეს რომ არ განმეორდეს, ამიტომ უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სოფელში ჩაიტანონ ვაქცინა, რადგან მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს ადგილზე ჩაიტარონ ვაქცინაცია.

____________________________________

ამავე თემაზე:

უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ფეისბუკჭორებს – ღარიბაშვილი ვაქცინაციაზე

უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ფეისბუკჭორებს – ღარიბაშვილი ვაქცინაციაზე

დღეს, 26 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მოსახლეობა უნდა დაეყრდნოს მეცნიერებს ამ საკითხში და არა დეზინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება.

„ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას და ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. აცრის შემდეგ, გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად არის გამორიცხული.

შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა, ამასთან ჩვენი მშობლები, ჩვენი შვილები.

ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ვაქცინაციის თაობაზე, ჩვენ დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ფეისბუკით გავრცელებულ ათას ტყუილს და ჭორ-მართალს“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 2 მილიონამდე ვაქცინაა შემოტანილი, „ძალიან მალე კი სამი მილიონი დოზა ვაქცინა იქნება ქვეყანაში“, – ამბობს ის.

26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 1264 ახალი შემთხვევა

26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 375 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 26 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდით ინფიცირებულია 23 530 ადამიანი, მათგან 5 247 პირი მკურნალობს საავადმყოფოში.

25 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.44 %.

აჭარაში კოვიდის 224 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 26 ივლისი

26 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 224 ახალი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 497 ადამიანი მკურნალობს, მათგან 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 523 ადამიანია მოთავსებული. აჭარაში თვითიზოლაციაშია 2861 ინფიცირებული.

ჟურნალისტები ხელისუფლების პირისპირ – რა სურს ღარიბაშვილს პანდემიაში

„სახლში პური არ გვაქვს“, „ბავშვები სამი დღეა მშიერი მყავს“, „სახლიდან გვყრიან, ბინის ქირას ვერ ვიხდით“, „სიცხე მაქვს, კლინიკაში არ გადავყავარ“, „ყურადღებას არავინ გვაქცევს, ცხელ ხაზზე არავინ გვპასუხობს“, – ათეულობით ასეთ შეტყობინებას ვიღებდით ჟურნალისტები ყოველდღიურად ადამიანებისგან, რომლებიც პანდემიის პირისპირ აღმოჩნდნენ და ჩაკეტილი საზღვრების თუ კაბინეტების ნახვის მერე საშველი მედიისთვის მიმართვაში დაინახეს.

ადამიანები გვწერდნენ იმისთვის, რომ მათი პრობლემის შესახებ ვინმეს ხმამაღლა ეთქვა, გაეგოთ: რას აპირებს ხელისუფლება? რა გზებით გავუმკლავდეთ პანდემიას და პირდაპირი მნიშვნელობით გაგვეცა კითხვაზე პასუხი: როგორ გადავრჩეთ?

რამდენიმე თვის წინ – აპრილში კვლევები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ჯარისა და ეკლესიის შემდეგ მედიას ყველაზე მეტად ენდობოდნენ ადამიანები.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევით, რომლის საველე სამუშაოებიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, მედიას ყველა სამთავრობო უწყებაზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე, პრემიერსა თუ სასამართლოზე მაღალი ნდობის მაჩვენებელი ჰქონდა. მესამე ადგილზე გასვლა გამოკითხვებში ერთგვარ ლოგიკურ ასახვას ჰგავდა.

ამ კვლევის პრეზენტაციიდან ზუსტად ორ თვეში, მას შემდეგ, როცა თბილისში დღისით, მზისით 52 ჟურნალისტს ერთდროულად თავს დაესხნენ, ხელისუფლება ღიად თუ ფარულად, საჯარო მოხელეების ენით, ქცევით, მიკროფონების წართმევით თუ ტროლების აქტიურად გამოყენებით, ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რომ თითქოს ამ ქვეყანაში ჟურნალისტების აგრესია რეალურია და თითქოს თავად არ არის ამ აგრესიის მთავარი წყარო.

ფოტო: „ბათუმელები“

როგორი აფასებენ ამ ვითარებას თავად ჟურნალისტები? რას ჰყვებიან ისინი სამუშაოზე, რომელსაც პანდემიის დროს სიცოცხლის რისკის აჩრდილიც დაჰყვებოდა? რატომ გავხდით ჟურნალისტები ამ დროს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად საჭირო და როგორ აღმოვჩნდით პანდემიასთან ერთად ხელისუფლების პირისპირ?

როცა სლოგანი იყო – „დარჩი სახლში“, მედია იყო ველზე

„ადამიანები გვწერდნენ ყველაფერზე, ეს არ იყო სტანდარტული ჟურნალისტური საქმიანობა,“ – გვიყვება ონლაინგამოცემა on.ge-ს რედაქტორი ხატია ღოღობერიძე. იგი იხსენებს როგორ სჭირდებოდათ ადამიანებს, პირველ რიგში, ინფორმაცია იმაზე, თუ, მაგალითად, რატომ დააგვიანდათ მისი გადაყვანა, როცა სიცხე მაღალი აქვს? სად არის ადგილი? როგორ ემოქმედათ ადამიანებს, როცა ხელისუფლებას პასუხი არ აქვს, ან ეს პასუხი ძალიან ბუნდოვანია?

„ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ჯანდაცვის ცხელ ხაზზეც კი არავინ პასუხობდა მათ. ვფიქრობ, რომ არა მედია, გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე დადგებოდნენ ადამიანები პანდემიაში… ძალიან ბევრ ადამიანს დაუგვიანდა გადაყვანა და მკურნალობა. ასეთ დროს ჟურნალისტები ვერთვებოდით და ვცდილობდით მათ დახმარებას,“ – ამბობს ხატია ღოღობერიძე.

ხატია ღოღობერიძე

პანდემიაში მთავრობა და სხვა საჯარო უწყებები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და ამ დრომდე ასეა. საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირებთან დაკავშირება საკუთარ პრობლემებზე მოქალაქეებს უფრო მეტად გაუჭირდათ, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო.

„ჯანდაცვის უწყებების პრესსამსახურებთან კომუნიკაცია იყო და არის ყველაზე დიდი ბარიერი. ჯანდაცვის უწყებებში ვერ ვპოულობდით რესპონდენტებს, ვინც კონკრეტულ პასუხებს გაგვცემდა. ამიტომ უცხოეთში დავიწყეთ კომენტარების მოპოვება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თარგმნა“, – იხსენებს ხატია ღოღობერიძე.

საგანგებო მდგომარეობის დროს და ამავე მიზეზით აღარ იმართებოდა ბრიფინგებიც. 

ამ ყველაფერმა გადაიარა პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტების მხრებზე. 24-საათიანი მუშაობის ხარჯზე. ათი წელია ჟურნალისტიკაში ვარ და არ მახსენდება იმდენი შრომა, რამდენიც პანდემიაში მოგვიწია მედიას“, – ამბობს ხატია

გასული წლის თებერვლის იმ დღეს იხსენებს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი უკვე აქტიურად ვრცელდებოდა და უთხრეს, ბრიფინგი ჩანიშნეს საქართველოს მთავრობაშიო.

„საღამოს ბრიფინგი მთავრობაში იშვიათობაა და იმ წამშივე ცხადი გახდა, რომ საქართველოშიც დადასტურდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა…. წელიწად-ნახევარზე მეტია კორონავირუსის პანდემიას ვებრძვით. ამ ბრძოლამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოქალაქეებისთვის მედია საიმედო დასაყრდენია კრიტიკულ სიტუაციებში. მით უფრო მაშინ, როცა არც მედიას ჰქონდა იმის გამოცდილება და ცოდნა, თუ რა ვირუსთან გვქონდა საქმე,“ – გვიყვება ნანა კვაჭაძე.

როგორ უნდა ემუშავა ამ დროს მედიას? რა ექნათ ჟურნალისტებს, რომლებიც უნდა დარჩენილიყვნენ სამუშაო ველზე, სადაც უკვე კორონავირუსი გააქტიურდა?

„როცა 2020 წლის გაზაფხულზე ლოკდაუნი გამოცხადდა, არცერთი წუთით არ დაგვიშვია, რომ გავჩერდებოდით, ეს არაფრით არ შეიძლებოდა“, – განაგრძო პანდემიის პირველი დღეების გახსენება ნანამ. -„ასეთ დროს ინფორმაცია ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. „ბათუმელები“ შერეული მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. რედაქცია ასე ცდილობდა თავიდან აერიდებინა მთელი გუნდის კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე,“ – გვითხრა მან.

„ბათუმელების“ ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თავდაპირველად ვირუსზე ინფორმაცია იყო ძალიან ცოტა და ბევრი ჭორი ვრცელდებოდა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაეშვათ ჟურნალისტებს.

„ვწერდით სპეციალისტების კომენტარებს, ვაქვეყნებდით უახლეს ინფორმაციას ვირუსისგან თავდაცვის შესახებ, ვწერდით იმ ადამიანებს, რომელთაც თავად გადაიტანეს კოვიდი, ვწერდით გარდაცვლილებზე, კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებსა და ექთნებზე. არ ვჯერდებოდით მხოლოდ ქართულ წყაროებს, ვეძებდით, ვამოწმებდით და ვთარგმნიდით ინფორმაციას უცხოური, სანდო ვებგვერდებიდან,

იმ პერიოდში რედაქციაში დილიდან შუაღამემდე ვმუშაობდით, რადგან არ არსებობდა კოვიდზე აცრა, არ არსებობდა (და დღემდე არ არსებობს) წამალი. ერთადერთი, რაც ადამიანებს კორონავირუსისგან დაიცავდა, იყო ინფორმაცია და ჩვენ შეგვეძლო ამ ინფორმაციის მიწოდება“, – ამბობს ნანა.

ამ სიტუაციაში, როგორ ნანა ამბობს, მედიას ჰქონდა ძალიან დიდი ძალა და ეს კარგად ჰქონდათ გააზრებული ჟურნალისტებს. „მე არ მინახავს ჟურნალისტი, რომელმაც უარი თქვა კოვიდთან დაკავშირებული თემის გაშუქებაზე ვირუსის გადადების შიშით. რომ არა ჟურნალისტების ძალიან კარგი მუშაობა, დარწმუნებული ვარ, კორონავირუსის ეპიდემიას საქართველოში კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა“, – გვეუბნება ის.

საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს ქეთი ხიდიშელი, ტელეკომპანია „ფორმულას“ ახალი ამბების ჟურნალისტიც.

მისი თქმით, როცა პანდემიაშიდარჩი სახლშიიყო მთავარი სლოგანი, ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობდნენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მიეღოთ ადამიანებს გადამოწმებული ინფორმაცია ვირუსის შესახებ და ეზრუნათ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე

„ხელისუფლება ერთგვარ კომფორტის ზონაში გადავიდა, რადგან ჩაკეტა ყველა კარი და ადამიანები, რაღაც მომენტში, მარტო დატოვა უამრავ კითხვასთან. ისიც კი ვერ უზრუნველყო ხელისუფლებამ, რომ სასურსათო კალათი როგორ მიეღოთ ადამიანებს, ამაზე მაინც მიეწოდებინა გარკვევით ინფორმაცია“, – ამბობს ქეთი ხიდიშელი.

ქეთი ხიდიშელი

მედიის წარმომადგენლები იხსენებენ, ე.წ. „ლოკდაუნის“ დროს მიღებულ შეტყობინებებს, როცა ადამიანები იწერებოდნენ, რომ შიოდათ, რომ პურიც კი არ ჰქონდათ პატარა ბავშვების გამოსაკვებად, რომ შიმშილით შესაძლოა მომკვდარიყვნენ, რადგან ყველაფერი დაიკეტა, დაკარგეს სამუშაო, კარგავდნენ საცხოვრებელს…

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს ჟურნალისტი თეონა თურმანიძე იხსენებს ამბავს, როცა პროფესიული საქმიანობის გარდა, საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზებაც მოუწია.

„ბათუმში სოციალურად დაუცველ 70 ოჯახს თანხები შევუგროვეთ და გადავეცით. ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ფიზიკურად გადარჩენის პრობლემა ჰქონდათ, ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილები, ყურადღებას კი არავინ აქცევდა. საქველმოქმედო პროცესში ჩაერთო „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიც“, ადამიანები შველას გვთხოვდნენ, მათი ხმა კი ხელისუფლებას არ ესმოდა“, – გვეუბნება თეონა თურმანიძე.

ჟურნალისტები ხაზს უსვამენ ამ დრომდე არსებულ ტენდენციასაც – ხელისუფლება თითქმის არაფერს აკეთებს ანტივაქსერული განწყობების შესამცირებლად.

ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქტორი ხატია ღოღობერიძე ამბობს, რომ არ ესმის, რატომ არ აწარმოებს ჯანდაცვის სისტემა კამპანიას ვაქცინის საჭიროებასა და აუცილებლობაზე:

არ მესმის, რატომ არ არის პლაკატებით აჭრელებული ქალაქი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ აუხსნან მოსახლეობას ვაქცინის მნიშვნელობა. ამის ტვირთიც მედიას დააწვა.

ისევ ჩვენ გვიწევს ამაზე ინტენსიური საუბარი, ჩვენ ვწერთ სტატიებს იმ მითების გასაქარწყლებლად, რომ თითქოს ვაქცინა აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და ასე შემდეგ. ხელისუფლება კი დუმს“, – აღნიშნავს ხატია.

რატომ გახდნენ ჟურნალისტები ხელისუფლების სამიზნე

„ყველა ხელისუფლებას სჭირდება რუსული „ოერტეს“ მსგავსი მედია, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების საამებლად ისაუბრებს და არა იმაზე, რომ ვიღაცამ ბიუჯეტის ფული მოიპარა, ვიღაცამ ნათესავები დაასაქმა, ვიღაცამ არასწორად ააშენა,“ – მოსაზრებას გვიზიარებს აჭარის საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი თეონა თურმანიძე იმაზე, თუ რატომ გავხდით ჟურნალისტები ხელისუფლების სამიზნე.

„უსამართლობა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეხოს, ამიტომ საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. როცა უჭირთ, კამერა მაშინვე უნდა გაჩნდეს იქ, ერთ ზარზე მათთან უნდა იყო, – ასე გვთხოვენ მოქალაქეები, ამიტომ მათ უნდა ესმოდეთ, რომ თუ მედია  დადუმდება, მათ პრობლემებს არავინ მიიტანს ხელისუფლებამდე“, – ამბობს თეონა.

ჟურნალისტების პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„ხელისუფლებამ სამაგიერო იმით გადაგვიხადა, რომ ჟურნალისტების დისკრედიტაცია დაიწყო. დღეს გვეუბნება, რომ თურმე პოლიტიკურად მართული ვართ. მაგრამ ჩვენ ვამბობთ – ჟურნალისტები მაშინაც და ახლაც, ვმუშაობთ საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის“, – ამბობს ქეთი ხიდიშელი, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი.

„ბათუმელების“ ჟურნალისტის, ნანა კვაჭაძის თქმით, 5 ივლისს, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა ინადირეს ჟურნალისტებზე,  ეს არ ყოფილა მხოლოდ ცალკეული ჯგუფის ან ცალკეული მოძალადის ინიციატივა და აშკარად ჩანს, რომ „ამ ძალადობას ახალისებდა სწორედ ხელისუფლება“.

რატომ შეიძლება სურდეს ხელისუფლებას ჟურნალისტების დასუსტება?

ნანა კვაჭაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ სურს მოისმინოს კრიტიკული კითხვები და გასცეს პასუხები, მედიის დასუსტება კი ნიშნავს დემოკრატიის, ხალხს დასუსტებას.

„მსგავსი მცდელობები ჰქონდა წინა მთავრობასაც, ისიც ცდილობდა მედიის დადუმებას, თუმცა ეს მცდელობები იქნება ამჯერადაც ამაო“, – ასეთი მოლოდინი აქვს ნანა კვაჭაძეს.

მესმის, რომ ღარიბაშვილისთვის დისკომფორტია კითხვა, – „როდის გადადგებით?“. 

ზვიად ქორიძე, მედიასპეციალისტი გვესაუბრა იმ მიზეზზე, თუ რა განაპირობებს არსებული ხელისუფლების აგრესიას კრიტიკულ მედიის მიმართ და რატომ არის ღარიბაშვილი ომის პარტია.

ზვიად ქორიძე, – არა ძალადობას აქციაზე ბათუმში

„ყველამ იცოდა, რომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ ექვს საათზე უნდა გამოსულიყო, თუმცა დილის 11:00 საათზე ეს გავეშებული ხალხი რატომ იყო ასე აგრესიული ჟურნალისტების მიმართ? რატომ დაერივნენ მათ? იმიტომ, რომ ჟურნალისტები ყველაზე გამაღიზიანებელია ყველა მთავრობისთვის.

ჯერ კიდევ როდის თქვა ივანიშვილმა, – „გამორთეთ „რუსთავი 2“ და ქვეყანაში იქნება აღმშენებლობაო. ხელისუფლებას აღმშენებლობის ეფექტს უკარგავს ის, რომ ჟურნალისტები კრიტიკულ კითხვებს სვამენ“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

მას მიაჩნია, რომ ღარიბაშვილი გაღიზიანებული იყო იმის გამო, რომ მის შესახებ მედიამ ბევრი ინფორმაცია გაავრცელა. „განსაკუთრებით სამარცხვინო იყო ბერა ივანიშვილთან საუბრის ჩანაწერები“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

მედიამ გამოააშკარავა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბებიც, „რომელიც ასევე ერთ-ერთი სამარცხვინო და დანაშაულებრივი ამბავია“.

ზვიად ქორიძის აზრით, როცა მედია საუბრობს კორუფციის ფაქტებზე მთავრობაში, როცა არავინ იცის, როგორ მდიდრდებიან სასულიერო პირები, როგორ „ამყარებენ წესრიგს“ სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფები ბიზნესში, როგორ პარპაშებენ კრიმინალური ავტორიტეტები, „ხოლო მედია ამ ყველაფერს ჩაჰკირკიტებს და ბოლომდე აჩვენებს, რა თქმა უნდა, ეს აღიზიანებს ხელისუფლებას“.

რა სურს ღარიბაშვილს და მის მთავრობას?“

ერთგვარი სოციალური კამპანია, რომ „ახია თქვენზე“ და „ჟურნალისტები უნდა დაისაჯონ“, დაიწყო 5 ივლისის შემდეგ.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ხალხის ნაწილი, ვინც ამას წერდა სოციალურ ქსელებში, საგანგებო დაკვეთას ასრულებდა:

„ეს ის ადამიანები არიან, ვინც ფულს იღებს ამის დაწერისთვის. თუმცა, ვიღაც შესაძლოა წერდა გულწრფელადაც, რადგან ჰგონიათ, რომ მედია, რომელიც არ ასვენებს ხელისუფლებას კითხვებით, ატარებს გამოძიებას, გამაღიზიანებელია.

  • ხელისუფლება ცდილობს მედია ჩამოაცილოს აქტიურ სივრცეს და თუ ის ჟურნალისტებს დააკარგვინებს თვალებს, მოტეხავს ხელებს და მოკლავს კიდეც, ვიღაცას შესაძლოა თვითცენზურაც ჩაერთოს“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

მისი შეფასებით, 5 ივლისს იმიტომ „დასაჯეს“ ჟურნალისტები, რომ მათი საქმიანობა არ მოსწონს ამ ქვეყანაში ძალაუფლების მქონე ორ აქტორს – მთავრობას და საპატრიარქოს. ამ პროცესებით კი საზოგადოება ზარალდება.

საზოგადოება, რომელიც არ არის ინფორმირებული, ვერ იქნება ძლიერი. ის ვერ გააკონტროლებს მთავრობას, სუსტი საზოგადოება აუცილებლად წააგებს და წააგებს არა მხოლოდ ერთ რომელიმე არჩევნებსარამედ ქვეყნის ბრძოლას განვითარებისთვის. აი, ეს უნდა დღეს მთავრობას

დღეს, რეალურად, ღარიბაშვილმა ომი გამოუცხადა საზოგადოებას, რადგან მან თქვა, რომ 95-მა პროცენტმა უნდა იბატონოს 5 პროცენტზე. აგრესიული რიტორიკა საზოგადოების დაყოფას იწვევს და ერთი ნაწილი გამოდის მეორის წინააღმდეგ. ღარიბაშვილი რეალურად ახალისებს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას.

როცა ვიღაც აგინებს მედიას, ვიღაც მის დაცვას ცდილობს, ეს ორი ჯგუფი კი ერთმანეთის მიმართ მტრულად განეწყობა. ვიღაც  მედიის დაცვით დემოკრატიას იცავს, ვიღაც კი ამბობს, რომ საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტები. ის ვინც თანასწორობის მომხრეა, უპირისპირდება იმას, ვინც ძალადობს. ვინც წინააღმდეგია განათლების რეფორმის, ვინც ეწინააღმდეგება საზოგადოების პროგრესს და ასე შემდეგ.

ღარიბაშვილის მთავრობა კი ბოლომდე ახალისებს საზოგადოების დახლეჩას და დაპირისპირებას“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ის დავით გარეჯთან დაკავშირებულ ხელისუფლების მიერ აგორებულ არაფრისმთქმელ კამპანიასაც იხსენებს, რომელმაც ასევე დააპირისპირა ადამიანები ერთმანეთთან.

ზვიად ქორიძის თქმით, ის ვინც ღარიბაშვილის გამოსვლას უსმინა პარლამენტში, პრემიერად დამტკიცების დროს, ყველა მიხვდა, რომ მისი ენა არის სამოქალაქო დაპირისპირების ენა.

„დარწმუნდები, რომ ეს არის ომის პარტია,  ღარიბაშვილი მზად არის აწარმოოს ეს ომი ქვეყნის შიგნით, ქართული საზოგადოების სხეულში. ამის მაგალითია ის, რაც მოხდა დმანისში, ბუკნარში. ზოგან ეთნიკურ ნიადაგზე გააჩინა კონფლიქტები, ზოგან რელიგიურ ნიადაგზე. ცდილობს ყველა განსხვავებული დააპირისპიროს.

ღარიბაშვილი გვთავაზობს უმრავლესობის დიქტატურას. ხოლო მას შემდეგ რაც მიიღებს 100-პროცენტიან ვოტუმს, ვეღარც უმრავლესობის ხმას გაიგონებს. „ეტყვის – თქვენ ვის დაჰკარგვიხართ“.

თუმცა ზვიად ქორიძე იმედოვნებს, რომ ქართული საზოგადოების ნაწილი არ იყოფა 95/5-ზე და გაცილებით მეტია პროგრესის, ლიბერალური დემოკრატიის მომხრე. „სწორედ ამიტომ არ უნდა ხელისუფლებას კრიტიკული მედია“, რომელიც საზოგადოებას განვითარებაში და გაძლიერებაში ეხმარება.

___

მთავარი ფოტო: ჟურნალისტების აქცია ძალადობის წინააღმდეგ. ჟურნალისტები აქციებს მას შემდეგ მართავენ, რაც 5 ივლისს 52 ჟურნალისტს თბილისში ძალადობრივი ჯგუფები გაუსწორდნენ.

გზა ყოველდღიური ენიდან აკადემიური, სააზროვნო ენისკენ წიგნებზე გადის

ავტორი: ნინო ცინცაძე ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით. ილიაუნის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი

__

ყველა ენაში არსებობს საბაზისო 5000 სიტყვა, რომელსაც კომუნიკაციისას ყველაზე ხშირად ვიყენებთ ხოლმე. 5000 სიტყვა თუ იცი, ითვლება, რომ ამ ენაზე ლაპარაკობ და ყოველდღიური კომუნიკაციის დასამყარებლად საკმარისია. არადა, სხვადასხვა ენაში, როგორც წესი, მილიონზე გაცილებით მეტი ლექსიკური ერთეულია.

ყოველდღიური სალაპარაკო ენა „ღარიბი ენაა“, ამ ენაზე ძნელია იმსჯელო, ძნელია დასვა რთული შეკითხვები და გასცე სავარაუდო პასუხები, ძნელია ივარაუდო, დაუშვა, წარმოიდგინო, დააკავშირო, გაანალიზო და დასკვნა გამოიტანო.

თავისუფალი და ფართო აზროვნებისთვის ენის უკეთ ფლობაა საჭირო. ყოველდღიური და აკადემიური ენა ერთმანეთისგან არა მხოლოდ სიტყვების მარაგის ოდენობით განსხვავდება, არამედ ფიქრისა და განსჯის შესაძლებლობითაც.

გზა ყოველდღიური ენიდან აკადემიური, სააზროვნო ენისკენ წიგნებზე გადის. 5000-ზე მეტი სიტყვა წიგნებშია დაუნჯებული. საბავშვო წიგნებშიც კი სამჯერ უფრო მეტია ისეთი სიტყვების რაოდენობა, რომელიც არ შედის ენის ყველაზე ხშირად გამოყენებად 5000 სიტყვას შორის. თუ გვინდა, რომ ბავშვებს ენა, აზროვნება და წარმოსახვის უნარი კარგად განვუვითაროთ, მათთან მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არ არის, აუცილებლად უნდა წავუკითხოთ კიდეც.

მხოლოდ წიგნისა და წიგნიერების ენის სივრცეშია შესაძლებელი ნებისმიერი მოვლენის განმარტება, საკუთარ და სხვის გამოცდილებასთან დაკავშირება, მისი ემოციური გააზრება და გამოხატვა, მისი შეფასება და სხვადასხვაგვარი ვარაუდების გამოთქმა, გამოცდილების გათვალისწინება, პრობლემის გადაჭრა და ახალი შესაძლებლობების დაშვება.

წიგნიერების ენა მეცნიერების და შემოქმედების ენაა. ჩვენ საზოგადოებრივ განვითარებასა და გადარჩენას, ახალი თაობის კეთილდღეობას წიგნიერების ენა ძალიან სჭირდება. ამიტომ, სიხარულით ვუერთდები ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას და იმედს გამოვთქვამ, რომ მასში ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გაიზარდა სკოლების დაფინანსება, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ

2021 წლის სექტემბრიდან იმ საჯარო სკოლებს, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, დამატებითი დაფინანსება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით გაეზრდებათ.

შესაბამისი ცვლილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ახალი ცვლილების მიხედვით:

საჯარო სკოლებს ზემოთ აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:

  • 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 8 400 ლარი [ნაცვლად 7 200 ლარისა];
  • 6-დან 10-ის ჩათვლით – 16 800 ლარი [ნაცვლად 13 200 ლარისა];
  • 11-დან 15-ის ჩათვლით – 25 200 ლარი [ნაცვლად 19 200 ლარისა];
  • 16-დან 20-ის ჩათვლით – 33 600 ლარი [ნაცვლად 25 200 ლარისა];
  • 21-დან 25-ის ჩათვლით – 42 000 ლარი [ნაცვლად 31 200 ლარისა];

ამასთან, დღეის მდგომარეობით 26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის სკოლას 37 200 ლარი ეძლეოდა დამატებით. ახალი ცვლილებით კი, სექტემბრიდან:

  • 26-დან 30-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის სკოლას დამატებით გამოეყოფა 50 400 ლარი;
  • 31-დან 35-ის ჩათვლით – 58 800 ლარი;
  • 36-დან 40-ის ჩათვლით – 67 200 ლარი;
  • 41-დან 45-ის ჩათვლით – 75 600 ლარი;
  • 46-დან 50-ის ჩათვლით – 84 000 ლარი;
  • 50-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის კი – 92 400 ლარი.

ზემოთ აღნიშნული დამატებითი დაფინანსების წესი არ ეხებათ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართ №4-ითა და დანართ №6-ით გათვალისწინებულ საჯარო სკოლებს, რომელთაც 31 და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ერიცხებათ.

ასეთ სკოლებს დამატებით 50 400 ლარი გამოეყოფათ.

[მინისტრის №448 ბრძანების დანართ №4-ითა და დანართ №6-ით განსაზღვრულია სკოლები, რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ და კორექციულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობას.

№4 დანართით განსაზღვრული სკოლები ახორციელებენ სპეციალურ და კორექციულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს; №6 დანართში მოყვანილი სკოლები კი – მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობას].

ახალი ცვლილებით, მთავრობის დადგენილებას დაემატა ასევე ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც:

„არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური განათლების მიდგომის გამოყენებით ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით, სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული  დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში ბილინგვური სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორის შრომის ანაზღაურებისათვის  565 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“.

„ვემსახურებით თუთუნს“ – ოჯახი თამბაქოს პლანტაციაში [ვიდეო]

თამილა და ირაკლი თამბაქოს პლანტაციაში დილის 5 საათზე გადიან. თან შვილებიც მიჰყავთ. ცოლ-ქმარი ქედაში ცხოვრობს. სოფელ ხარაულაში ორსართულიანი სახლი აქვთ და ორი შვილი ჰყავთ. ამ სოფლიდან ბათუმში ჩამოსვლას საათ-ნახევარი სჭირდება. სოფლიდან ბათუმში თითქმის ყოველ დღეს სხვადასხვა პროდუქტს ეზიდებიან ბაზარში გასაყიდად, მათ შორის გამხმარ თუთუნსაც.

ქედა ის ადგილია, სადაც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის თუთუნი მოჰყავთ. ერთი კილოგრამი გამხმარ თუთუნის ფასი ბაზარზე მინიმუმ 70 ლარია და უფრო ძვირიც ღირს. ამ ერთი კილოგრამი თუთუნის მიღებას კი ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. „რამდენადაც მოეფერები ფოთოლს, იმდენად უკეთეს ხარისხს მიიღებ“, – გვიხსნის ირაკლი ბერიძე.

თამილა თებიძე და ირაკლი ბერიძე ამბობენ, რომ მუშაობა არ ეზარებათ და უკვე რამდენიმე წელია თამბაქოა მათი ოჯახის ძირითადი შემოსავალი. წელს მოსავალსაც კარგი პირი უჩანს. ახლა მხოლოდ იმის ეშინიათ, რომ პანდემიის გამო გასული წლის მსგავსად წელსაც არ დაიკეტოს ბაზრობები – ამ შემთხვევაში მათი შრომა აზრს დაკარგავს.

ფოტო: ინეზა ბერიძე. ირაკლი ბერიძე დაკრეფილ ფოთლებს საშრობში ეზიდება

ერთ-ერთი მთავარი საქმე – ნედლი თამბაქოს ფურცლები ზაფხულში ანუ ცხელ ამინდში უნდა დაკრიფო, მაგრამ მზეში თუთუნის ფურცლების კრეფა თითქმის შეუძლებელია. თუ წვიმაში დაკრეფ ფოთოლს, გარანტირებულად გაგიფუჭდება. ეს, რასაკვირველია, იციან თამილამ და ირაკლიმაც.

ფოტო: ინეზა ბერიძე. თამბაქოს ანემსვის პროცესი თამილა თებიძე

სწორედ ამიტომ ოჯახი შესაბამის ამინდს ელის და თამბაქოს პლანტაციაში ისე გადის სამუშაოდ. თამილა მწიფე ფოთლების კრეფას გათენებისთანავე იწყებს. ირაკლი კი ამ დაკრეფილ ფურცლებს სპეციალურ საშრობში ეზიდება. ბავშვებიც იქვე ტრიალებენ.

ფოტო: ინეზა ბერიძე. ჟუჟუნა ძნელაძე თამბაქოს ანემსვის პროცესი

კრეფის პროცესის დასრულების შემდეგ ფოთლების ანემსვა იწყება, თამილას და ირაკლი ამჯერად მეზობელი, იამზე კეჟერაძე ეხმარება. სალაპარაკო თემა მათთვისაც პანდემია – ერთმანეთს საკუთარ შიშებს უზიარებენ:

ფიქრობენ, რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, წელს 10 ათასი ლარის თუთუნს მოიწევენ. ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მთელ წელზე უნდა გადაანაწილონ.

იმედი აქვთ, რომ კოვიდის მატების გამო ისევ არ დაურჩებათ პროდუქცია გასაყიდი. „პანდემიაში ძალიან ცუდად ვიყავით. ჩავიკეტეთ. ქალაქში კი არა მეზობლებთანაც ვერ ვკონტაქტობდით. ეს მძიმე პერიოდი იყო ჩვენთვის“, – გვიყვება თამილა.

თამილამ კოვიდი შარშან ნოემბერში გადაიტანა. სიცხე მქონდა და ძალიან ცუდად ვიყავიო, გვითხრა. ახლაც ახსენებს კოვიდი თავს – ზურგის არეში საშინელი ტკივილი დამიტოვაო.

„ვირუსის მჯერავს?! – მჯერავს აბა რა. იმიტომ მჯერავს, რომ ჩემი თვალით ვნახე ჩემი ცოლის ავადმყოფობა. ძლივს გამოვაძვრინე რა“, – იხსენებს გასული წლის მძიმე ნოემბერს ირაკლი, როდესაც ლამის მთელი სოფელი იყო კოვიდით ინფიცირებული. სრულიად ჯანმრთელი მეზობლის ქალი დაღუპულა კიდეც ვირუსით.

„ჩვენ მანქანა გვყავდა და მოვახერხე ბათუმში წასვლა“ – გვითხრა თამილამ, როცა შეზღუდულ გადაადგილებასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე ვკითხეთ. იმ პერიოდში მას მხოლოდ ის ანუგეშებდა, რომ ირაკლის და ბავშვებს კოვიდი არ შეეყარათ.

თამილა ამბობს, რომ მკაცრმა რეგულაციებმა განსაკუთრებით სოფელი დაასუსტა: „ჩვენ, მაგალითად, თუთუნი შარშან ვერ გავყიდეთ იქამდე, სანამ ეს რეგულაციები არ მოიხსნა. გაგვიფუჭდა კიტრიც და პომიდორიც. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა კიდევ არ ჩაიკეტება და წელს მაინც მოვახერხებთ მოყვანილი პროდუქტების გაყიდვას“, – გაგვიზიარა თავისი წუხილი.

ფოტო: ინეზა ბერიძე. თამილა თებიძისა და ირაკლი ბერიძის თამბაქოს პლანტაცია

თამილა ამბობს, რომ წელს მოსავალს კარგი პირი უჩანს. მეორედ უკვე დაკრიფეს თუთუნის ფურცლები და დაზამთრებამდე რამდენჯერმე ისევ დაკრეფენ. შესაბამისად, მეზობლები ცდილობენ მოსავლის დაბინავებაში ერთმანეთს დაეხმარონ. ქალები ხუმრობენ, რომ ეს საქმე მათზე უკეთ მათ დედამთილებს გამოსდით, მაგრამ „თუ საქმე საქმეზე მიდგება არც თავად უდებენ ტოლს არავის“.

ფოტო: ინეზა ბერიძე. გასაშრობად გაფენილი თუთუნი

ვიდეო ამაზე თემაზე:

___

ამავე თემაზე:

თუთუნისგან 35 ათას ლარს ველოდებით – ახალგაზრდა წყვილი ქედიდან

აცრიდან 14 დღის შემდეგ კონფერენციაზე დასასწრებად ტესტი საჭირო აღარ არის

ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე, კორონავირუსზე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.

შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ მთავრობამ 2021 წლის 23 ივლისს შეიტანა. ცვლილება იმავე დღეს ამოქმედდა.

ზოგადად, თუ პირი აცრილი არ არის,ან ერთი დოზითაა აცრილი, ან კიდევ მეორე დოზით აცრიდან არ გასულა 14 დღე, ასეთი პირი ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე დაიშვება მხოლოდ 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირების საფუძველზე.

ამ თემაზე:

კონფერენციაზე დასწრება PCR ან სწრაფი ტესტის საფუძველზეც შეგიძლიათ – ახალი წესი

ფაიზერზე თავისუფალი ადგილი ბათუმში აღარ არის – როდის შემოვა ახალი პარტია?

„ფაიზერის“ აცრაზე ყველა ადგილი ბათუმში დაჯავშნილია. ვაქცინის დაჯავშნის სისტემა თავისუფალ ადგილს აჭარის რეგიონში მხოლოდ ქობულეთში აჩვენებს [ჯავშნის გაკეთება 13 აგვისტომდეა შესაძლებელი].

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში გუშინ, 24 ივლისს, ფაიზერის ვაქცინის 7020 დოზა შემოვიდა. ფაიზერით აცრა ბათუმში 4 და ქობულეთში 2 სამედიცინო დაწესებულებაში ორშაბათიდან დაიწყება.

როდის შემოვა „ფაიზერის“ ახალი პარტია ბათუმში? – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. უცნობია ასევე ის, თუ რა რაოდენობის „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა დამატებით.

ბათუმში ჯერ კიდევ არის თავისუფალი ადგილი „ასტრაზენეკას“, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე. ვაქცინის გაკეთება წინასწარი ჯავშნის გარეშეც არის შესაძლებელი ადგილზე რეგისტრაციის გზით.

24 ივლისის მონაცემებით, აჭარაში უკვე აცრილია 42 847 ათასი ადამიანი, მათ შორის, ფაიზერით – 5370, ასტრაზენეკა – 6848, სინოვაკი-12894, სინოფარმი-17735.

„ფაიზერის“ 500 000 დოზა თბილისში 23 ივლისს ჩამოვიდა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი დოზები.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში და მთლიანად აჭარაში 25 ივლისის 21 საათიდან 26 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიგამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27 და 28 ივლისს, აჭარაში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

 

 

კორონავირუსის 299 ახალი შემთხვევა ბათუმში – 25 ივლისი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 299 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი, კოვიდკლინიკა დატოვა 9 პაციენტმა.

კოვიდკლინიკაში ამ დროისთვის 394 ადამიანი მკურნალობს.

კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 6 პაციენტი.

 

კაზინოების რეკლამა საბავშვო ფილმებში – რატომ არ იღებს პარლამენტი შესაბამის კანონს

„უი, მე კაზინოში თამაში მინდოდა“, – ეს 9 წლის გოგომ უთხრა დედას, როცა ერთ დღესაც კაზინოზე უარყოფითი ინფორმაცია მოისმინა. თუ რატომ – ბავშვმა თქვა, რომ როცა ანიმაციურ ფილმებს უყურებს, ხშირად კაზინოების შესახებ ლამაზ-ლამაზ ვიდეოებს იქვე უჩვენებენ, ამიტომაც მასაც უნდა კაზინოში თამაში.

კაზინოს და აზარტული თამაშების რეკლამა ინტერნეტსივრცეში რომ ბავშვებზეცაა გათვლილი, ეს ნებისმიერი ანიმაციური ფილმის ჩართვისას მარტივად ჩანს. ინტერნეტგვერდებზე, სადაც ძირითადად ბავშვები და მოზარდები ანიმეებს უყურებენ, ავტომატურ რეჟიმში ირთვება რომელიმე კაზინოს რეკლამა. შემდეგ კი სასურველი ვიდეო/ფილმი.

ანიმეს ყურების პროცესშიც ასევე არაერთხელ „ამოუხტება“ მოზარდს ბრჭყვიალა და მიმზიდველი კაზინოს რეკლამა. რასაკვირველია, ეს ფერები თამაშის სურვილის ავტომატურად აჩენს მოზარდებში.

„ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან. ეს მარკეტინგული ხრიკი პირდაპირ მიემართება მოწყვლად ჯგუფს – მოზარდებს, რომლებსაც განსაკუთრებით პანდემიის დრო არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ თავი შეაფარონ ვირტუალურ სივრცეს. აქ მათ ფაქტობრივად ხაფანგი ხვდებათ,“ – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ფსიქოლოგის აზრით, როცა აზარტული თამაშების რეკლამას ინტერნეტსივრცეში არ რეგულირდება, მოზარდებს სერიოზული რისკის ქვეშ ტოვებს სახელმწიფო.

„ამ დროს შესაძლოა მშობლის რჩევა მოზარდისთვის არ იყოს საყურადღებო. ხშირად მშობელი მოზარდისთვის არ არის ავტორიტეტი და ის ვერ იქნება ღირსეული მოწინააღმდეგე“, – აღნიშნავს მაია ცირამუა „ბათუმელებთან“.

„დაურეგულირებელია ეს სფერო, ანუ ინტერნეტსივრცე ამ ტიპის გავლენისგან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საიას იურისტი, მირზა მამულაძე. ის რამდენიმე სამართლებრივ აქტს ახსენებს, რომელიც ამ საკითხს ეხება, თუმცა არ არსებობს კონკრეტული რეგულაცია, რომელიც ანიმეს საყურებლად კომპიუტერთან მოთავსებულ მოზარდს აზარტული თამაშების რეკლამების მავნე ზეგავლენისგან დაიცავს.

„რეკლამის შესახებ კანონი“ არ ითვალისწინებს ბავშვებისთვის ხსენებულ რეკლამებზე დაშვების აკრძალვას. ამ კანონში ერთადერთი ის წერია, რომ დაუშვებელია არასრულწლოვნის შთაგონება, შეიძინოს ესა თუ ის საქონელი. „ბავშვთა უფლებათა კოდექსში“ ერთი მუხლი ითვალისწინებს ბავშვების დაცვას აზარტული თამაშის მავნე ზეგავლენისგან, თუმცა რეკლამის თემას ეს კანონიც გვერდს უვლის. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ“ კანონი არასრულწლოვანთან მიმართებით მხოლოდ იმას კრძალავს, რომ მასთან დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების დადება, თამაშების მოწყობის მიზნით,“ – გვითხრა მირზა მამულაძემ.

იურისტის თქმით, ბავშვთა უფლებათა კოდექსში განიმარტა ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ცნება, რაც მოიაზრებს, როგორც აზარტულ თამაშებს, ასევე ალკოჰოლის პროპაგანდის, მაგრამ ეს კოდექსი ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მომწესრიგებელი წესის შემუშავებას ანდობს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, თუმცა ეს ეხება პროგრამებს, ასევე ანონსებს და არა რეკლამას.

„შესაბამისად, ბავშვისთვის ინტერნეტში საფრთხის შემცველი რეკლამები იქ, სადაც საბავშვო პროდუქციაა განთავსებული, საჭიროებს დარეგულირებას. ეს საკითხი ღიადაა დატოვებული ამ ნაწილში, როგორც რეკლამების შესახებ კანონით, ასევე აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონითაც,“ – დასძინა მირზა მამულაძემ.

„ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან, როცა რისკების გათვლა არ ხდება და ეს არის ორგანიზაციების უპასუხისმგებლობაც, რომლებსაც ეს მარკეტინგული ხრიკი აქვთ,“ – მიიჩნევს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ფსიქოლოგს სამუშაო პრაქტიკიდან არაერთი შემთხვევა ახსენდება, როცა ადამიანს აზარტული თამაშისგან თავის დაღწევა სურს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს რეკლამის გავლენით.

„მინახავს, როგორ აუქმებენ ანგარიშებს, მაქსიმალურად რომ აღარ ჰქონდეთ შეხება ამ სფეროსთან. ამ დროს მისდით სმს-ებიც კი, რაღაც სიახლეზე რომელიმე კაზინოში. ეს რეკლამები ავტომატურ რეჟიმში ვარდება ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ფილმების ნახვის დროს. გასაგებია, რომ ანიმეებს უფროსებიც ნახულობენ, მაგრამ ძირითადად 5-15 წლის მოზარდების აუდიტორიაა ანიმეს მაყურებელი. ფაქტობრივად, ეს არის სარგებლის მიღება ადამიანების მოწყვლადობით და აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ასაკი,“ – გვითხრა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ.

რატომ არ ცდილობს პარლამენტი ამ კუთხით საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებას? – კითხვით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მივმართეთ. დეპუტატმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა, შეტყობინებაზე პასუხი კი, ამ დრომდე არ მიგვიღია.

რას ფიქრობენ ბავშვების ინტერესების დაცვაზე კაზინოები, რომლებიც აზარტულ თამაშებს ანიმაციურ ფილმების ჩვენების დროს არეკლამებენ? – კითხვებით მივმართეთ „აჭარაბეთს“ და „ბეთლაივს“. ფეისბუქჩათში გვიპასუხეს, რომ მოგვიანებით გვიპასუხებდნენ, თუმცა მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

კონკრეტული პასუხი არც adjaranet-ისა და imovies-სგან მიგვიღია. სწორედ ამ ვებგვერდებზე აჩვენებენ სხვადასხვა ფილმებს, მათ შორის ანიმაციებს. შესაბამისად, აქვე ბევრჯერ გიჩვენებენ კაზინოების რეკლამასაც და აზარტული თამაშების შესახებ სარეკლამო ბანერებიც მუდმივად ხილვადია.

Exit mobile version