Batumelebi | სექსზე უარის გამო კაცმა ქალი დანით მოკლა, მას 35 ჭრილობა ჰქონდა – განაჩენი სექსზე უარის გამო კაცმა ქალი დანით მოკლა, მას 35 ჭრილობა ჰქონდა – განაჩენი – Batumelebi
RU | GE  

სექსზე უარის გამო კაცმა ქალი დანით მოკლა, მას 35 ჭრილობა ჰქონდა – განაჩენი

„ეს ექსპერტიზის დასკვნაა. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ქალს სიცოცხლეში მიაყენა კაცმა 35 ჭრილობა. ყოველ ჯერზე, როცა დანას ურტყამდნენ, ქალი ამას გრძნობდა და აუტანელ ტკივილს განიცდიდა…“, – თქვა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას.

დღეს, 26 ივლისს, 43 წლის ბრალდებულ ზაზა დავითაძეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურის ვერსიით, კაცმა ქალი სექსუალურ მომსახურებაზე უარის თქმის გამო მოკლა.

ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ეს შემთხვევა გასული წლის 6 ნოემბერს მოხდა. ბელორუსი ტატიანა ჩინჩიკი ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე დაახლოებით ორი წელი ცხოვრობდა. ის ნაქირავები ბინის სააბაზანოში გარდაცვლილი მეგობარმა გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ იპოვა. ქალს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა.

ტატიანა ჩინჩიკი 49 წლის იყო.

სასამართლო სხდომა

„ორი დღე ვურეკავდი ტატიანას, მაგრამ არ პასუხობდა. მერე გადავწყვიტე, მასთან ბინაში მივსულიყავი,“ – ეს ტატიანას მეგობრის ჩვენებაა, რომელმაც 8 ნოემბერს სააბაზანოში მეგობრის ცხედარი იპოვა.

„კარზე დიდხანს ვაკაკუნე, მაგრამ ტატიანა არ პასუხობდა. მერე სახელური მოვსინჯე, კარი ღია იყო. სახლში არავინ იყო, ჩემს ძახილს არავინ პასუხობდა. აბაზანაში როცა შევიხედე, იქ ტატიანა ეგდო შიშველი, პირჩამხობილი…

მაშინვე ქუჩაში გამოვვარდი და იქ ვიდექი, ველოდი, როდის გამოჩნდებოდა პოლიცია. მერე ერთ-ერთი ეკიპაჟი გავაჩერე და ვუთხარი, რომ  ბინაში, მესამე სართულზე, ზემოთ ქალის ცხედარია,“ – დაასრულა მოწმემ.

ქალმა გულ-მკერდის არეში დანა დაირტყა და თავი მოიკლა თუ მოკლეს და თვითმკვლელობის ვერსია გაითამაშა ვინმემ? – კრიმინალისტებმა გამოძიება კორპუსის შესასვლელსა და ირგვლივ მდებარე მაღაზიებიდან ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებით დაიწყეს.

„იქვე, მელიქიშვილზე საცხობია, სადაც ჩანს, როგორ შედის ერთი ლაბადამოხვეული კაცი პოლიეთილენის პარკით ხელში, კაცი პარკს ტოვებს და გადის, მერე ისევ ბრუნდება და პარკი მიაქვს… მერე იგივე კაცი ლაბადით გამოჩნდა სადარბაზოს კამერებში. ბრალდებული რამდენჯერმე შედის იმ საცხოვრებელ კორპუსში და გადის, სადაც ტატიანა ცხოვრობდა“ – მტკიცებულებების მიმოხილვა განაგრძო პროკურორმა.

რამდენიმე დღეში პოლიციელებმა ზაზა დავითაძეს მიაკითხეს სახლში. ის ჩაქვში ცხოვრობს. პროკურორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის კვალი საგულდაგულოდ წაშალა ბრალდებულმა, იგი კრიმინალისტებს თანამშრომლობაზე დასთანხმა და გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა.

„ზაფხული იქნებოდა, როცა ტატიანა სოციალური ქსელით გავიცანი, დავახლოვდით. პირველად მას 26 ოქტომბერს შევხვდი, სექსი გვქონდა და ფული გადავიხადე ამაში,“ – მოუყვა პოლიციელებს ბრალდებული კაცი. მისი ვერსია გამოძიებამ გაიზიარა, რადგან ბინაში შესვლის და გამოსვლის დროები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს დაემთხვა.

ზაზა დავითაძის ჩვენების მიხედვით, ის რამდენჯერმე შეხვდა ქალს, 6 ნოემბრის დილას კი, ისე ესტუმრა ქალს, რომ წინასწარ არ გააფრთხილა.

„ტელეფონზე ანგარიში აღარ მქონდა და ვერ დავურეკე, სახლში დამხვდა, მაგრამ არ შემიშვა, წინასწარ უნდა დაგერეკაო,“ – თქვა ბრალდებულმა. ქალთან ამ საუბრის შემდეგ ზაზა ქალაქში გავიდა, რამდენიმე საათში კი, უკან, ისევ ტატიანასთან დაბრუნდა.

„ბეტმენთან“ ვიღაცას ვთხოვე, დამარეკინე-მეთქი და დავურეკე ტატიანას. შევუთანხმდი და ისე მივედი,“ – განაგრძო ბრალდებულმა, – „სექსი გვქონდა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ მომინდა სექსი, მაგრამ მან უარი მითხრა კატეგორიულად, პოლიციას გამოვიძახებ, თავს თუ არ დამანებებო…. მერე სამზარეულოდან დანა ამოიღო და ჩემი დაჭრა სცადა, დამჭრა კიდეც მარჯვენა ხელში, როცა დანის წართმევას ვცდილობდი. მერე მე მოვუქნიე დანა, ის ყვიროდა საშინლად, ბინდი გადამეფარა თვალებზე….“ – დაახლოებით ასე აღწერა მომხდარი ბრალდებულმა პოლიციელებისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ზაზა დავითაძე იმასაც მოუყვა გამომძიებლებს, როგორ შეათრია ქალის ცხედარი სააბაზანოში და იქ პირქვე ჩამხობილი დატოვა, მერე ქალის ნივთებით სისხლის კვალი ყველგან მოწმინდა – იატაკზე, კედლებზე, სისხლით დასვრილი ნივთები კი, პოლიეთილენის პარკში ჩააწყო და ბინა დატოვა.

რატომ დატოვა ბრალდებულმა პოლიეთილენის პარკი მელიქიშვილზე საცხობში და მერე რატომღა მიაკითხა?

„გზაში გამახსენდა, რომ დანა იქ დავტოვე. ამიტომ ის ჩვრებიანი პარკი საცხობში დავტოვე და ისევ ავედი ტატიანას ბინაში,“ – დასძინა ბრალდებულმა.

გამოძიებამ ამოიღო აფთიაქის ჩანაწერიც – ჩაქვისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსიდან ზაზა დავითაძე ჩამოდის და აფთიაქში „სანტავიკს“ ყიდულობს, პოლიეთილენის პარკს კი, მდინარეში აგდებს.

„სიმართლეს ვერ გავექცევით,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა თენგიზ კახიძემ, რომელიც კოვიდინფიცრებულია და დისტანციურად დაესწრო სასამართლო სხდომას.

ადვოკატის მოსაზრებით საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეცვლოდა, რადგან მკვლელობის ჩადენას ბრალდებულიც აღიარებს, მაგრამ არა განსაკუთრებული სისასტიკით. ადვოკატი ზაზა დავითაძის გასამართლებას არა 109-ე მუხლით, არამედ 108-ე მუხლის შესაბამისად ითხოვდა, რაც განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

ადვოკატმა თენგიზ კახიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ საქმეში პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, არ არსებობს და მას გამოძიებასთან რომ არ ეთანამშრომლა, გაჭირდებოდა საქმის გახსნა, ან შემდეგ ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემა.

„გარდა ამისა, მე არ მჯერა ამ მოტივის, რის გამო მოხდა მკვლელობა. შესაძლებლობაც არ მომეცა, მესაუბრა ბრალდებულთან,“ – აღნიშნა თენგიზ კახიძემ.

„რა მნიშვნელობა აქვს მოტივს?“ – გაიკვირვა პროკურორმა.

სასამართლო სხდომას არც ბრალდებული არ დასწრებია. ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია. წინასწარი პატიმრობის პერიოდში ზაზა დავითაძეს ფსიქიკური დაავადება დაუდასტურეს, რომელიც განკურნებადია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის დროისთვის ზაზა დავითაძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა.

სასჯელს უკვე მსჯავრდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის, ვიდრე ექიმები არ მიიჩნევენ, რომ მისი გათავისუფლება შეიძლება. ამ შემთხვევაში მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში განაგრძობს სასჯელის მოხდას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი