განათლება,მთავარი,სიახლეები

მითები და რეალობა სკოლაში სექსუალურ განათლებაზე

26.07.2021 •
მითები და რეალობა სკოლაში სექსუალურ განათლებაზე

ავტორი: ანა მალაყმაძე

რას გულისხმობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა? უნდა ისწავლებოდეს თუ არა აღნიშნული საკითხი სკოლებში? რა საფრთხის წინაშე დგას მოზარდი, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ? – ამ თემებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელი, იურისტი თაკო კაპანაძე. 2021 წლის ივლისში ორგანიზაციამ, სადაც ის მუშაობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, იმისათვის, რომ ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს ბავშვის ასაკის შესაბამისი ინკლუზიური, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი.

  • ქალბატონო თაკო, თქვენმა ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოს იმისთვის, რომ სკოლაში ისწავლებოდეს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. პირველ რიგში რომ განვმარტოთ, რა იგულისხმება ამ საკითხებში?

აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლება არ გამოიწვევს ნაადრევი სქესობრივი კავშირის შემთხვევების ზრდას და სტიმულირებას, როგორც ეს მიაჩნია საზოგადოებას.

სექსუალური და რეპროდუქციული განათლება მოიცავს ყველა ასაკში ბავშვის მდგომარეობის, განვითარების და უფლებების შესაბამის ინფორმაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ კლასში ბავშვს უნდა მიეწოდოს სრულიად სხვა ინფორმაცია, ხოლო მეათეში – სხვა.

პირველ კლასში ბავშვებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის მათი პირად სივრცე, სხეულის რომელ ნაწილზე არ შეიძლება, რომ შეეხოს ვინმე, როგორ უნდა დაიცვას თავი. ასევე, ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის სარისკო ქცევა, რომელიც შეიძლება მის მიმართ განხორციელდეს და ვის უნდა მიმართოს ან მიაწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ; როგორ თქვას „არა“ იმ ქცევასთან, მოვლენასთან დაკავშირებით, რაც მას შეიძლება არ მოსწონდეს.

ასაკის მატებასთან ერთად ინფორმაცია იცვლება. ეს ინფორმაცია შემდეგ ეტაპზე მოიცავს სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვას, როგორ უნდა უზრუნველყოს ბავშვმა, რომ დაცული იყოს ძალადობისგან, რა არის ჯანმრთელობა, გენდერული თანასწორობა და ის, რომ პატივი უნდა სცეს განსხვავებულობას, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია – ეს ინფორმაცია მოსწავლეს უნდა მიეწოდოს გარკვეულ ეტაპზე.

ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

განათლების სამინისტროს პოზიციაა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ გარკვეული, მინიმალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის მიმობნეული, უბრალოდ ეს ინფორმაცია ამ ოდენობითა და ამ სახით არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია, ადამიანებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია და სახელმწიფო ასრულებდეს იმ ვალდებულებებს, რაც მას აქვს დაკისრებული სხვადასხვა ხელშეკრულებების ფარგლებში.

თაკო კაპანაძე

  • როგორ უნდა ისწავლებოდეს ეს საკითხები სკოლაში? როგორც ცალკე საგანი თუ სხვადასხვა საგნებთან უნდა იყოს დაკავშირებული? როგორია განვითარებული ქვეყნების გამოცდილება?

ეს არის განათლების სამინისტროს პრეროგატივა და კომპეტენცია.

როდესაც ეს საგანი დაინერგება, აუცილებელია სამინისტრომ ფსიქოლოგები, იურისტები, განათლების ექსპერტები ჩართოს ამ საკითხში, რათა შეიმუშაონ ეს კურიკულუმი და მიაწოდონ ბავშვს უფლებებისა და განვითარების შესაბამისი, მტკიცებულებებით გაჯერებული ინფორმაცია.

შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს პრეროგატივა, რომ შევთავაზოთ როგორი ფორმით დაგეგმონ, იქნება ეს ცალკე საგანი თუ არსებულ საგნებში იქნება გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია.

განვითარებულ ქვეყნებში ბაღის ასაკიდანაც კი აწვდიან ინფორმაციას ამის შესახებ. ბავშვები 2-3 წლიდანაც კი ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, მათ შორის სექსუალური ძალადობისაც. ის, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ ზრდასრულები ხდებიან, არის მითი.

სამწუხაროდ, 2-3 წლიდან უკვე არის ამის სტატისტიკა და აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ რეალურად უფრო მეტი ბავშვია ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე ამას ოფიციალური მაჩვენებელი გვეუბნება, თუმცა არსებული სტატისტიკაც შემაშფოთებელია, ვინაიდან, ბოლო 5 წლის განმავლობაში 1000-მდე ბავშვი იქნა ცნობილი დაზარალებულად სქესობრივი ძალადობის გზით.

ბავშვებს უნდა ავარიდოთ ეს საფრთხე, არ უნდა დარჩნენ ისინი ძალადობრივ გარემოში.

იმ ქვეყნებში, სადაც დანერგილია სქესობრივი განათლება, ბავშვებმა იციან თავიანთი უფლებები და ძალადობა არის შემცირებული.

ცხადია, ცოდნა არ გულისხმობს იმას,რომ აღარ იქნება ძალადობის შემთხვევები, სამწუხაროდ, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს, თუმცა საფრთხე მცირდება განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ამ ცოდნას აძლევენ მოსწავლეებს.

ძირითადი არგუმენტი, რასაც ამბობენ და კონტრარგუმენტი, რაც აქვთ, არის ის,რომ მშობელმა თავად უნდა ასწავლოს ბავშვს ეს საკითხები, თუმცა, ვინაიდან მშობელსაც თავის დროზე არ უსწავლია და არც მასწავლებლებს აქვთ ეს ცოდნა, თუ როგორ უნდა მოახდინონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიცირება, ბავშვები რჩებიან ძალადობრივ გარემოში, არიან საფრთხის ქვეშ. მშობლებსაც რომ მიეღოთ ეს განათლება თავის დროზე, ბავშვების მდგომარეობა იქნებოდა გაცილებით უკეთესი.

ამ ეტაპზე, როდესაც მშობლებს არ აქვთ ეს კვალიფიციური ცოდნა, შეუძლებელია მათ მოსთხოვო ამის სწავლება.

  • რა მითები, დეზინფორმაცია და ცრუ მოსაზრებებია გავრცელებული სექსუალური და რეპროდუქციული განათლების შესახებ, თქვენი დაკვირვებით?

პირველი მითი, რაც გავრცელებულია, არის ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ბავშვებს ამ საგნის ფარგლებში ვასწავლოთ, რომ ისინი იბადებიან უსქესო და შემდეგ თავად შეუძლიათ სქესის არჩევა, თუმცა ეს არის ცრუ ინფორმაცია, მითი და ამის სწავლებას ნამდვილად არ ვითხოვთ.

მეორე მითი, რაც გავრცელებულია არის ის, რომ ამით მოხდება სქესობრივი ცხოვრების სტიმულირება და ბავშვები უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებენ სექსუალურ ცხოვრებას. ესეც, რა თქმა უნდა, არის ცრუ ინფორმაცია, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც ეცოდინებათ როგორ დაიცვან თავი, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, არასასურველი თუ ნაადრევი ორსულობისგან და ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს სქესობრივი კავშირი, შეეძლებათ გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით.

მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება არის დანაშაული და ამ ინფორმაციით აღჭურვილ მოზარდებს საშუალება ექნებათ თავი დაიცვან უკეთ, თუნდაც იმით, რომ არ დათანხმდნენ ასეთ კავშირს, არ მოხდეს მათ შეშინება.

  • სკოლაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლებას ჰყავს მოწინააღმდეგეები. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? დეზინფორმაცია თუ თემის ტაბუირება?

როგორც დეზინფორმაცია, ისე თემის ტაბუირება.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ და ზუსტად იცოდნენ, რა არის ჩვენი მოთხოვნა. ბავშვებს აქვთ უფლება, რომ მათი ჯანმრთელობის შესახებ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია, მიიღონ სრულყოფილი განათლება.

აღნიშნული კურიკულუმი ეძღვნება სწორედ ამ 3 უფლებას: განათლების, ჯანმრთელობის დაცვის და ძალადობისგან დაცვის.

დეზინფორმაციაც ნამდვილად ვრცელდება, იმის გამო, რომ ადამიანებს მეტი წვდომა აქვთ დეზინფორმაციაზე, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გაიაზრონ და სწორად გაიგონ, რატომ არის ეს მოთხოვნა ჩვენი მხრიდან სასამართლოში წარდგენილი.

ცხადია, რომ ტაბუ თავისთავად მოქმედებს და ეს ტაბუ, მეორე მხრივ, მოქმედებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე, იმიტომ, რომ მათ მოძალადეები უჩენენ შეგრძნებას, რომ მათი ბრალია რაც მათ თავს ხდება, მათ გამოიწვიეს ეს.

ეს არის ტაბუ და ამის გამო ბავშვები ვერ ბედავენ მშობლებს მიაწვდინონ ინფორმაცია და თუ მიაწვდენენ, ხშირ შემთხვევაში მშობლებსაც ეუფლებათ შეგრძნება, რომ ამაზე საუბარი არის უხერხული და ისინი, იმის ნაცვლად რომ დაუჯერონ საკუთარ შვილებს, ამჯობინებენ არ მოახდინონ რეაგირება და ბავშვები კვლავ რჩებიან ძალადობრივ გარემოში.

თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა მშობელი ახდენს რეაგირებას და იქცევა შვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

  • ზოგი ამბობს, რომ არ არის საჭირო ამ საკითხების სკოლაში სწავლება, რადგან არსებობს ინტერნეტი. რამდენად უსაფრთხოა ეს? რა სახის დეზინფორმაციას შეიძლება გადააწყდეს მოზარდი?

ინტერნეტი არ იძლევა იმის გარანტიას,რომ განთავსებული ინფორმაცია იქნება ასაკის შესაბამისი.

ამის შეზღუდვა და გაფილტვრა შეიძლება ვერ მოხერხდეს და ბავშვმა მიიღოს არასწორი ინფორმაცია, რადგან ასაკის შესაბამისად შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს შესაძლებლობა და უნარები, რომ გადაამოწმოს და მოახერხოს დეზინფორმაციის იდენტიფიცირება. ასევე, ინფორმაცია უნდა იყოს მის უფლებებზე დაფუძნებული, რაც ჩვენს შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

რა თქმა უნდა, ბავშვები ახლაც იღებენ ინფორმაციას ინტერნეტის დახმარებით და ეს ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, სწორედ ამისგან დაცვა უნდა მოხდეს, რათა ბავშვებმა მიიღონ სრულყოფილი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მათი უფლებების შესაბამისი ცოდნა.

  • ხშირად სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლებიც კი არ საუბრობენ ამ თემებზე და უბრალოდ ახტებიან გაკვეთილებს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

ეს არის ისევ და ისევ ტაბუ, რომელიც უხერხულობას უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებელს. ხშირად ამბობენ, რომ ამ გაკვეთილების ახსნას მოჰყვება მხიარულება, აჟიოტაჟი მოსწავლეების მხრიდან, თუმცა ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ბავშვებს მათთვის საჭირო ცოდნის მიღება შეეზღუდოთ. აუცილებელია გადამზადდნენ მასწავლებლები და მათ შეეძლოთ ბავშვებს სწორად, ადეკვატურად მიაწოდონ ინფორმაცია.

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: