მთავარი,სიახლეები

„ეს აჩენს ეჭვს კორუფციაზე“ – ვინ მიიღებს გრანტს ბიუჯეტიდან სოფლად ბიზნესის მოსაწყობად

26.07.2021 • 2036
„ეს აჩენს ეჭვს კორუფციაზე“ – ვინ მიიღებს გრანტს ბიუჯეტიდან სოფლად ბიზნესის მოსაწყობად

მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აგროსერვისცენტრი აჭარის სოფლებში აპირებს. შესარჩევი კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, „პოტენციური გამარჯვებულები“ უკვე ცნობილია და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება.

ჩამონათვალში სულ 29 გამარჯვებულია. „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის თავდაპირველი ბიუჯეტი 875, 219 ლარი იყო, თუმცა აჭარის ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ, იგი 1 მილიონ 175 219 ლარამდე გაიზარდა. გრანტები სახელმწიფოსგან იმ მეწარმეებს შეხვდებათ, ვინც ყველაზე მაღალ ქულას მიიღეს შეფასების კომისიისგან. საბოლოოდ კი, იმდენი კონტრაქტი გაფორმდება, რამდენსაც პროგრამის ბიუჯეტი გაწვდება.

„კონკრეტული გარემოებებია, რაც ეჭვებს აჩენს კორუფციაზე. როცა კომისიის სხვა წევრები ამ რისკებს ვერ ხედავენ, ჩნდება ეჭვები,“ – ამბობს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. ის აგროსერვისცენტრის კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო და საეჭვო გარემოებების შესახებ მოგვიყვა.

სახელმწიფომ კომპანიას ქონება მისცა პირობით, პირობის შესასრულებლად კი, ფულიც სახელმწიფოსგან მიიღო

ერთ-ერთი პოტენციური გამარჯვებული, რომელიც სახელმწიფოსგან გრანტს მიიღებს შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპია“. ეს კომპანია ქობულეთში ხილის და ციტრუსის დამხარისხებელი საწარმოს მოწყობას აპირებს. საგრანტო პროექტის ჯამური ღირებულება 200 ათასი ლარია. თუ ხელშეკრულება გაფორმდა, კომპანია გრანტის სახით ბიუჯეტიდან 100 ათას ლარს მიიღებს.

კონკურსამდე რამდენიმე თვით ადრე, კონკრეტულად კი, გასული წლის დეკემბერში შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპმა“ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს პირობიან აუქციონში მონაწილეობის შედეგად ქობულეთში უძრავი ქონება იყიდა. პირობის თანახმად, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს „ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.“

„გამოდის, სახელმწიფო აძლევს ქონებას პირობით ბიზნესმენს და მეორე უწყება ფულსაც აძლევს, რომ სახელმწიფოსთან პირობა შეასრულოს. აქ საუბარია არა სესხზე, არამედ გრანტზე. ეს მინიმუმ სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკაა. ასე შეგვიძლია ნებისმიერს მივცეთ მიწის ნაკვეთი და ფულიც მივაყოლოთ, გავაკეთებინოთ რამე. თუ კომპანიას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ინვესტირება მოეხდინა, რატომ იღებდა ამ ვალდებულებას?“ – კითხულობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

კომისიის წევრი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გრანტს მიიღებს კომპანია, რომლის მეწილეც კახა შავაძე „ბიზნესინკუბატორის“ უფროსია.

„ბიზნესინკუბატორი არის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ. რა გამოდის: ეკონომიკის სამინისტროს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი მეორე სახელმწიფო უწყებიდან იღებს დაფინანსებას. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კორუფციულ რისკთან,“ -მიიჩნევს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

„ეს აბსურდია“ – ეჭვების გაქარწყლებას ცდილობს სულხან ვარშანიძე, შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დირექტორი. ის მიიჩნევს, რომ არალოგიკურია სახელმწიფოსგან ქონების პირობით შეძენის დაკავშირება ბიუჯეტიდან გრანტის მიღებასთან.

„რა მნიშვნელობა აქვს საიდან მივიღებ ფულს? შესაძლოა, სხვა დონორებისგანაც მივიღო ფული, „აწარმოე საქართველოდან“, იქნებ მამამ დამიტოვა და მემკვიდრეობით მერგო. ამას რა მნიშვნელობა აქვს?“ – კითხულობს ბიზნესმენი.

შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპმა“ ქობულეთში პირობიანი აუქციონის შედეგად 7574 კვადრატული მეტრი იყიდა და პირობის შესრულების გარდა, ქონებაში 240 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. სულხან ვარშანიძის თქმით, ეს აუდიტის მიერ შეფასებული საბაზრო ფასია და ქონებაში 120 ათასი ლარი უკვე გადახდილი აქვს.

რამდენად ასრულებს კომპანია სახელმწიფოსთან პირობას დამოუკიდებლად, ვიდრე ის გრანტს მიიღებს?

„აპარატურა შევიძინეთ, რომელიც ჯერ ქობულეთში განთავსებული არ არის,“ – აღნიშნა სულხან ვარშანიძემ. მისივე თქმით, კომპანიას ჯერ პირობის შესრულების შესახებ დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროსთვის მიწოდებული არ აქვს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კახა შავაძესაც, რომელიც „ბიზნესინკუბატორის“ დირექტორია და იმ კომპანიის მეწილე, რომელიც სახელმწიფოსგან გრანტს ელის. კახა შავაძემ კომენტარზე უარი გვითხრა.

„ეჭვები ყოველთვის იქნება, მაგრამ რამდენად ლოგიკურია და ადეკვატური?“ – კორუფციის რისკზე გაჩენილ კითხვას პასუხობს გოჩა ბერიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი და კომისიის თავმჯდომარე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონს არ არღვევს, ხოლო კანონი არც ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელს უკრძალავს ბიზნესში წილის ფლობას.

„ჩვენ ვერ ვეტყოდით უარს კანონის საფუძველზე… შეფასება ხდება კომისიურად. მას იმდენად მაღალი შეფასება აქვს, ის არ არის შემთხვევით გადასული,“ – დასძინა გოჩა ბერიძემ.

როცა დასკვნას კომისიისთვის თავად კომისიის წევრი გიწერს და ის თვითაცილებასაც არ ახდენს

კიდევ ერთი პროექტი, რამაც კითხვები გააჩინა კორუფციაზე, თევზის მეურნეობას უკავშირდება – ფერმერი ჯემალ ბოლქვაძე ხულოში ამერიკული კალმახის მეურნეობის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 83 548 ლარს ელის. პროექტის საერთო ღირებულება 119 548 ლარია.

ვიდრე ამ პროექტს კომისია შეაფასებდა, დადებითი დასკვნა ფერმერს სოფო დიასამიძემ დაუწერა, როგორც სპეციალისტმა. სოფო დიასამიძე ამავდროულად პროექტების შესარჩევი კომისიის წევრია.

„ცნობა აქვს გაცემული „ფორეჯის“, რომლითაც დასტურდება, რომ ფერმერს აქვს რესურსი პროექტის განხორციელებისთვის. „ფორეჯის“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე კომისიაში ქულობრივად შეაფასა ეს პროექტი. ინტერესთა კონფლიქტი ვერ დაინახეს სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტი ერთია – კიდევ ერთი პროექტი იყო მეთევზეობაზე. იქ სოფო დიასამიძემ გაცილებით დაბალი ქულები დაწერა, ანუ სადაც სხვა სპეციალისტის დასკვნა არსებობდა,“ – გვიყვება ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

„მე ინტერესთა კონფლიქტს ვერ ვხედავ,“ – კომისიის წევრის მოსაზრებას მორიგ პროექტზეც არ იზიარებს კომისიის თავმჯდომარე. – „სპეციალისტმა შეაფასა პროექტი ტექნიკურად, კომისია კი პროექტს აფასებს ფინანსურად, რამდენად არის გამართული პროექტი, როგორც ბიზნესიდეა“, – განმარტავს გოჩა ბერიძე.

ამ შემთხვევაში გოჩა ბერიძე კატეგორიული არ არის და გვითხრა ისიც, თუ რა გამოსავალი იპოვა:

„ახლა დამატებით მოვითხოვე მაგ ცნობის წარმოდგენა. მოიტანს, მოიტანს, თუ ვერ მოიტანს, გაუქმდება ეს პროექტი. სულ არ მაინტერესებს, გავა თუ არა ჯემალ ბოლქვაძის პროექტი,“ – დასძინა გოჩა ბერიძემ.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე კორუფციის რისკს ხედავს იმაშიც, რომ კომისიის ტექნიკური ჯგუფი ასრულებდა მონიტორინგის ფუნქციას, რის უფლებამოსილებაც მას არ ჰქონდა და ამ გზით ტექნიკურად რამდენიმე განაცხადი პროცესს ჩამოაშორეს.

„რეალურად ტექნიკური ჯგუფის საქმე იყო იმის შემოწმება, თუ რამდენად სრულყოფილად იყო წარმოდგენილი განაცხადი და არა ის, რომ წავიდეს და ადგილზე შეაფასოს პროექტი… უსამართლოდ ჩამოაშორეს პროცესს 23 განმცხადებელი. მათ არც კი გაასაჩივრეს, ერთის გარდა, რადგან სამართლიანი განხილვის იმედი არ აქვთ,“ – აღნიშნა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ „ბათუმელებთან“.

ამ პრეტენზიაზე კომისიის თავმჯდომარის პასუხი ასეთია:

„ჯგუფს ჰქონდა უფლება რეალურად ენახა, რა ხდებოდა ადგილზე. შესაძლოა, ბიზნესიდეა კარგია, მაგრამ იმდენად დახრილია მიწის ნაკვეთი, რომ იქ კონკრეტული ბიზნესპროექტი ვერ განხორციელდეს,“ – გვიპასუხა გოჩა ბერიძემ.

პროგრამის ფარგლებში პოტენციური გამარჯვებული პროექტები ასევე ეხება თხილის საშრობების მოწყობას, დეკორატიული ფილების, ფრინველების და პირუტყვის საკვების, სათბობი ბრეკეტების, არყის წარმოებას, პეკინური იხვის ფერმის მოწყობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: