მთავარი,სიახლეები

კაზინოების რეკლამა საბავშვო ფილმებში – რატომ არ იღებს პარლამენტი შესაბამის კანონს

24.07.2021 • 2626
კაზინოების რეკლამა საბავშვო ფილმებში – რატომ არ იღებს პარლამენტი შესაბამის კანონს

„უი, მე კაზინოში თამაში მინდოდა“, – ეს 9 წლის გოგომ უთხრა დედას, როცა ერთ დღესაც კაზინოზე უარყოფითი ინფორმაცია მოისმინა. თუ რატომ – ბავშვმა თქვა, რომ როცა ანიმაციურ ფილმებს უყურებს, ხშირად კაზინოების შესახებ ლამაზ-ლამაზ ვიდეოებს იქვე უჩვენებენ, ამიტომაც მასაც უნდა კაზინოში თამაში.

კაზინოს და აზარტული თამაშების რეკლამა ინტერნეტსივრცეში რომ ბავშვებზეცაა გათვლილი, ეს ნებისმიერი ანიმაციური ფილმის ჩართვისას მარტივად ჩანს. ინტერნეტგვერდებზე, სადაც ძირითადად ბავშვები და მოზარდები ანიმეებს უყურებენ, ავტომატურ რეჟიმში ირთვება რომელიმე კაზინოს რეკლამა. შემდეგ კი სასურველი ვიდეო/ფილმი.

ანიმეს ყურების პროცესშიც ასევე არაერთხელ „ამოუხტება“ მოზარდს ბრჭყვიალა და მიმზიდველი კაზინოს რეკლამა. რასაკვირველია, ეს ფერები თამაშის სურვილის ავტომატურად აჩენს მოზარდებში.

„ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან. ეს მარკეტინგული ხრიკი პირდაპირ მიემართება მოწყვლად ჯგუფს – მოზარდებს, რომლებსაც განსაკუთრებით პანდემიის დრო არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ თავი შეაფარონ ვირტუალურ სივრცეს. აქ მათ ფაქტობრივად ხაფანგი ხვდებათ,“ – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ფსიქოლოგის აზრით, როცა აზარტული თამაშების რეკლამას ინტერნეტსივრცეში არ რეგულირდება, მოზარდებს სერიოზული რისკის ქვეშ ტოვებს სახელმწიფო.

„ამ დროს შესაძლოა მშობლის რჩევა მოზარდისთვის არ იყოს საყურადღებო. ხშირად მშობელი მოზარდისთვის არ არის ავტორიტეტი და ის ვერ იქნება ღირსეული მოწინააღმდეგე“, – აღნიშნავს მაია ცირამუა „ბათუმელებთან“.

„დაურეგულირებელია ეს სფერო, ანუ ინტერნეტსივრცე ამ ტიპის გავლენისგან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საიას იურისტი, მირზა მამულაძე. ის რამდენიმე სამართლებრივ აქტს ახსენებს, რომელიც ამ საკითხს ეხება, თუმცა არ არსებობს კონკრეტული რეგულაცია, რომელიც ანიმეს საყურებლად კომპიუტერთან მოთავსებულ მოზარდს აზარტული თამაშების რეკლამების მავნე ზეგავლენისგან დაიცავს.

„რეკლამის შესახებ კანონი“ არ ითვალისწინებს ბავშვებისთვის ხსენებულ რეკლამებზე დაშვების აკრძალვას. ამ კანონში ერთადერთი ის წერია, რომ დაუშვებელია არასრულწლოვნის შთაგონება, შეიძინოს ესა თუ ის საქონელი. „ბავშვთა უფლებათა კოდექსში“ ერთი მუხლი ითვალისწინებს ბავშვების დაცვას აზარტული თამაშის მავნე ზეგავლენისგან, თუმცა რეკლამის თემას ეს კანონიც გვერდს უვლის. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ“ კანონი არასრულწლოვანთან მიმართებით მხოლოდ იმას კრძალავს, რომ მასთან დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების დადება, თამაშების მოწყობის მიზნით,“ – გვითხრა მირზა მამულაძემ.

იურისტის თქმით, ბავშვთა უფლებათა კოდექსში განიმარტა ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ცნება, რაც მოიაზრებს, როგორც აზარტულ თამაშებს, ასევე ალკოჰოლის პროპაგანდის, მაგრამ ეს კოდექსი ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მომწესრიგებელი წესის შემუშავებას ანდობს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, თუმცა ეს ეხება პროგრამებს, ასევე ანონსებს და არა რეკლამას.

„შესაბამისად, ბავშვისთვის ინტერნეტში საფრთხის შემცველი რეკლამები იქ, სადაც საბავშვო პროდუქციაა განთავსებული, საჭიროებს დარეგულირებას. ეს საკითხი ღიადაა დატოვებული ამ ნაწილში, როგორც რეკლამების შესახებ კანონით, ასევე აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონითაც,“ – დასძინა მირზა მამულაძემ.

„ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან, როცა რისკების გათვლა არ ხდება და ეს არის ორგანიზაციების უპასუხისმგებლობაც, რომლებსაც ეს მარკეტინგული ხრიკი აქვთ,“ – მიიჩნევს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ფსიქოლოგს სამუშაო პრაქტიკიდან არაერთი შემთხვევა ახსენდება, როცა ადამიანს აზარტული თამაშისგან თავის დაღწევა სურს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს რეკლამის გავლენით.

„მინახავს, როგორ აუქმებენ ანგარიშებს, მაქსიმალურად რომ აღარ ჰქონდეთ შეხება ამ სფეროსთან. ამ დროს მისდით სმს-ებიც კი, რაღაც სიახლეზე რომელიმე კაზინოში. ეს რეკლამები ავტომატურ რეჟიმში ვარდება ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ფილმების ნახვის დროს. გასაგებია, რომ ანიმეებს უფროსებიც ნახულობენ, მაგრამ ძირითადად 5-15 წლის მოზარდების აუდიტორიაა ანიმეს მაყურებელი. ფაქტობრივად, ეს არის სარგებლის მიღება ადამიანების მოწყვლადობით და აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ასაკი,“ – გვითხრა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ.

რატომ არ ცდილობს პარლამენტი ამ კუთხით საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებას? – კითხვით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მივმართეთ. დეპუტატმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა, შეტყობინებაზე პასუხი კი, ამ დრომდე არ მიგვიღია.

რას ფიქრობენ ბავშვების ინტერესების დაცვაზე კაზინოები, რომლებიც აზარტულ თამაშებს ანიმაციურ ფილმების ჩვენების დროს არეკლამებენ? – კითხვებით მივმართეთ „აჭარაბეთს“ და „ბეთლაივს“. ფეისბუქჩათში გვიპასუხეს, რომ მოგვიანებით გვიპასუხებდნენ, თუმცა მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

კონკრეტული პასუხი არც adjaranet-ისა და imovies-სგან მიგვიღია. სწორედ ამ ვებგვერდებზე აჩვენებენ სხვადასხვა ფილმებს, მათ შორის ანიმაციებს. შესაბამისად, აქვე ბევრჯერ გიჩვენებენ კაზინოების რეკლამასაც და აზარტული თამაშების შესახებ სარეკლამო ბანერებიც მუდმივად ხილვადია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: