მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტები ხელისუფლების პირისპირ – რა სურს ღარიბაშვილს პანდემიაში

25.07.2021 • 2103
ჟურნალისტები ხელისუფლების პირისპირ – რა სურს ღარიბაშვილს პანდემიაში

„სახლში პური არ გვაქვს“, „ბავშვები სამი დღეა მშიერი მყავს“, „სახლიდან გვყრიან, ბინის ქირას ვერ ვიხდით“, „სიცხე მაქვს, კლინიკაში არ გადავყავარ“, „ყურადღებას არავინ გვაქცევს, ცხელ ხაზზე არავინ გვპასუხობს“, – ათეულობით ასეთ შეტყობინებას ვიღებდით ჟურნალისტები ყოველდღიურად ადამიანებისგან, რომლებიც პანდემიის პირისპირ აღმოჩნდნენ და ჩაკეტილი საზღვრების თუ კაბინეტების ნახვის მერე საშველი მედიისთვის მიმართვაში დაინახეს.

ადამიანები გვწერდნენ იმისთვის, რომ მათი პრობლემის შესახებ ვინმეს ხმამაღლა ეთქვა, გაეგოთ: რას აპირებს ხელისუფლება? რა გზებით გავუმკლავდეთ პანდემიას და პირდაპირი მნიშვნელობით გაგვეცა კითხვაზე პასუხი: როგორ გადავრჩეთ?

რამდენიმე თვის წინ – აპრილში კვლევები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ჯარისა და ეკლესიის შემდეგ მედიას ყველაზე მეტად ენდობოდნენ ადამიანები.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევით, რომლის საველე სამუშაოებიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, მედიას ყველა სამთავრობო უწყებაზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე, პრემიერსა თუ სასამართლოზე მაღალი ნდობის მაჩვენებელი ჰქონდა. მესამე ადგილზე გასვლა გამოკითხვებში ერთგვარ ლოგიკურ ასახვას ჰგავდა.

ამ კვლევის პრეზენტაციიდან ზუსტად ორ თვეში, მას შემდეგ, როცა თბილისში დღისით, მზისით 52 ჟურნალისტს ერთდროულად თავს დაესხნენ, ხელისუფლება ღიად თუ ფარულად, საჯარო მოხელეების ენით, ქცევით, მიკროფონების წართმევით თუ ტროლების აქტიურად გამოყენებით, ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რომ თითქოს ამ ქვეყანაში ჟურნალისტების აგრესია რეალურია და თითქოს თავად არ არის ამ აგრესიის მთავარი წყარო.

ფოტო: „ბათუმელები“

როგორი აფასებენ ამ ვითარებას თავად ჟურნალისტები? რას ჰყვებიან ისინი სამუშაოზე, რომელსაც პანდემიის დროს სიცოცხლის რისკის აჩრდილიც დაჰყვებოდა? რატომ გავხდით ჟურნალისტები ამ დროს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად საჭირო და როგორ აღმოვჩნდით პანდემიასთან ერთად ხელისუფლების პირისპირ?

როცა სლოგანი იყო – „დარჩი სახლში“, მედია იყო ველზე

„ადამიანები გვწერდნენ ყველაფერზე, ეს არ იყო სტანდარტული ჟურნალისტური საქმიანობა,“ – გვიყვება ონლაინგამოცემა on.ge-ს რედაქტორი ხატია ღოღობერიძე. იგი იხსენებს როგორ სჭირდებოდათ ადამიანებს, პირველ რიგში, ინფორმაცია იმაზე, თუ, მაგალითად, რატომ დააგვიანდათ მისი გადაყვანა, როცა სიცხე მაღალი აქვს? სად არის ადგილი? როგორ ემოქმედათ ადამიანებს, როცა ხელისუფლებას პასუხი არ აქვს, ან ეს პასუხი ძალიან ბუნდოვანია?

„ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ჯანდაცვის ცხელ ხაზზეც კი არავინ პასუხობდა მათ. ვფიქრობ, რომ არა მედია, გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე დადგებოდნენ ადამიანები პანდემიაში… ძალიან ბევრ ადამიანს დაუგვიანდა გადაყვანა და მკურნალობა. ასეთ დროს ჟურნალისტები ვერთვებოდით და ვცდილობდით მათ დახმარებას,“ – ამბობს ხატია ღოღობერიძე.

ხატია ღოღობერიძე

პანდემიაში მთავრობა და სხვა საჯარო უწყებები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და ამ დრომდე ასეა. საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირებთან დაკავშირება საკუთარ პრობლემებზე მოქალაქეებს უფრო მეტად გაუჭირდათ, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო.

„ჯანდაცვის უწყებების პრესსამსახურებთან კომუნიკაცია იყო და არის ყველაზე დიდი ბარიერი. ჯანდაცვის უწყებებში ვერ ვპოულობდით რესპონდენტებს, ვინც კონკრეტულ პასუხებს გაგვცემდა. ამიტომ უცხოეთში დავიწყეთ კომენტარების მოპოვება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თარგმნა“, – იხსენებს ხატია ღოღობერიძე.

საგანგებო მდგომარეობის დროს და ამავე მიზეზით აღარ იმართებოდა ბრიფინგებიც. 

ამ ყველაფერმა გადაიარა პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტების მხრებზე. 24-საათიანი მუშაობის ხარჯზე. ათი წელია ჟურნალისტიკაში ვარ და არ მახსენდება იმდენი შრომა, რამდენიც პანდემიაში მოგვიწია მედიას“, – ამბობს ხატია

გასული წლის თებერვლის იმ დღეს იხსენებს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი უკვე აქტიურად ვრცელდებოდა და უთხრეს, ბრიფინგი ჩანიშნეს საქართველოს მთავრობაშიო.

„საღამოს ბრიფინგი მთავრობაში იშვიათობაა და იმ წამშივე ცხადი გახდა, რომ საქართველოშიც დადასტურდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა…. წელიწად-ნახევარზე მეტია კორონავირუსის პანდემიას ვებრძვით. ამ ბრძოლამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოქალაქეებისთვის მედია საიმედო დასაყრდენია კრიტიკულ სიტუაციებში. მით უფრო მაშინ, როცა არც მედიას ჰქონდა იმის გამოცდილება და ცოდნა, თუ რა ვირუსთან გვქონდა საქმე,“ – გვიყვება ნანა კვაჭაძე.

როგორ უნდა ემუშავა ამ დროს მედიას? რა ექნათ ჟურნალისტებს, რომლებიც უნდა დარჩენილიყვნენ სამუშაო ველზე, სადაც უკვე კორონავირუსი გააქტიურდა?

„როცა 2020 წლის გაზაფხულზე ლოკდაუნი გამოცხადდა, არცერთი წუთით არ დაგვიშვია, რომ გავჩერდებოდით, ეს არაფრით არ შეიძლებოდა“, – განაგრძო პანდემიის პირველი დღეების გახსენება ნანამ. -„ასეთ დროს ინფორმაცია ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. „ბათუმელები“ შერეული მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. რედაქცია ასე ცდილობდა თავიდან აერიდებინა მთელი გუნდის კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე,“ – გვითხრა მან.

„ბათუმელების“ ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თავდაპირველად ვირუსზე ინფორმაცია იყო ძალიან ცოტა და ბევრი ჭორი ვრცელდებოდა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაეშვათ ჟურნალისტებს.

„ვწერდით სპეციალისტების კომენტარებს, ვაქვეყნებდით უახლეს ინფორმაციას ვირუსისგან თავდაცვის შესახებ, ვწერდით იმ ადამიანებს, რომელთაც თავად გადაიტანეს კოვიდი, ვწერდით გარდაცვლილებზე, კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებსა და ექთნებზე. არ ვჯერდებოდით მხოლოდ ქართულ წყაროებს, ვეძებდით, ვამოწმებდით და ვთარგმნიდით ინფორმაციას უცხოური, სანდო ვებგვერდებიდან,

იმ პერიოდში რედაქციაში დილიდან შუაღამემდე ვმუშაობდით, რადგან არ არსებობდა კოვიდზე აცრა, არ არსებობდა (და დღემდე არ არსებობს) წამალი. ერთადერთი, რაც ადამიანებს კორონავირუსისგან დაიცავდა, იყო ინფორმაცია და ჩვენ შეგვეძლო ამ ინფორმაციის მიწოდება“, – ამბობს ნანა.

ამ სიტუაციაში, როგორ ნანა ამბობს, მედიას ჰქონდა ძალიან დიდი ძალა და ეს კარგად ჰქონდათ გააზრებული ჟურნალისტებს. „მე არ მინახავს ჟურნალისტი, რომელმაც უარი თქვა კოვიდთან დაკავშირებული თემის გაშუქებაზე ვირუსის გადადების შიშით. რომ არა ჟურნალისტების ძალიან კარგი მუშაობა, დარწმუნებული ვარ, კორონავირუსის ეპიდემიას საქართველოში კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა“, – გვეუბნება ის.

საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს ქეთი ხიდიშელი, ტელეკომპანია „ფორმულას“ ახალი ამბების ჟურნალისტიც.

მისი თქმით, როცა პანდემიაშიდარჩი სახლშიიყო მთავარი სლოგანი, ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობდნენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მიეღოთ ადამიანებს გადამოწმებული ინფორმაცია ვირუსის შესახებ და ეზრუნათ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე

„ხელისუფლება ერთგვარ კომფორტის ზონაში გადავიდა, რადგან ჩაკეტა ყველა კარი და ადამიანები, რაღაც მომენტში, მარტო დატოვა უამრავ კითხვასთან. ისიც კი ვერ უზრუნველყო ხელისუფლებამ, რომ სასურსათო კალათი როგორ მიეღოთ ადამიანებს, ამაზე მაინც მიეწოდებინა გარკვევით ინფორმაცია“, – ამბობს ქეთი ხიდიშელი.

ქეთი ხიდიშელი

მედიის წარმომადგენლები იხსენებენ, ე.წ. „ლოკდაუნის“ დროს მიღებულ შეტყობინებებს, როცა ადამიანები იწერებოდნენ, რომ შიოდათ, რომ პურიც კი არ ჰქონდათ პატარა ბავშვების გამოსაკვებად, რომ შიმშილით შესაძლოა მომკვდარიყვნენ, რადგან ყველაფერი დაიკეტა, დაკარგეს სამუშაო, კარგავდნენ საცხოვრებელს…

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს ჟურნალისტი თეონა თურმანიძე იხსენებს ამბავს, როცა პროფესიული საქმიანობის გარდა, საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზებაც მოუწია.

„ბათუმში სოციალურად დაუცველ 70 ოჯახს თანხები შევუგროვეთ და გადავეცით. ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ფიზიკურად გადარჩენის პრობლემა ჰქონდათ, ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილები, ყურადღებას კი არავინ აქცევდა. საქველმოქმედო პროცესში ჩაერთო „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიც“, ადამიანები შველას გვთხოვდნენ, მათი ხმა კი ხელისუფლებას არ ესმოდა“, – გვეუბნება თეონა თურმანიძე.

ჟურნალისტები ხაზს უსვამენ ამ დრომდე არსებულ ტენდენციასაც – ხელისუფლება თითქმის არაფერს აკეთებს ანტივაქსერული განწყობების შესამცირებლად.

ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქტორი ხატია ღოღობერიძე ამბობს, რომ არ ესმის, რატომ არ აწარმოებს ჯანდაცვის სისტემა კამპანიას ვაქცინის საჭიროებასა და აუცილებლობაზე:

არ მესმის, რატომ არ არის პლაკატებით აჭრელებული ქალაქი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ აუხსნან მოსახლეობას ვაქცინის მნიშვნელობა. ამის ტვირთიც მედიას დააწვა.

ისევ ჩვენ გვიწევს ამაზე ინტენსიური საუბარი, ჩვენ ვწერთ სტატიებს იმ მითების გასაქარწყლებლად, რომ თითქოს ვაქცინა აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და ასე შემდეგ. ხელისუფლება კი დუმს“, – აღნიშნავს ხატია.

რატომ გახდნენ ჟურნალისტები ხელისუფლების სამიზნე

„ყველა ხელისუფლებას სჭირდება რუსული „ოერტეს“ მსგავსი მედია, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების საამებლად ისაუბრებს და არა იმაზე, რომ ვიღაცამ ბიუჯეტის ფული მოიპარა, ვიღაცამ ნათესავები დაასაქმა, ვიღაცამ არასწორად ააშენა,“ – მოსაზრებას გვიზიარებს აჭარის საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი თეონა თურმანიძე იმაზე, თუ რატომ გავხდით ჟურნალისტები ხელისუფლების სამიზნე.

„უსამართლობა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეხოს, ამიტომ საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. როცა უჭირთ, კამერა მაშინვე უნდა გაჩნდეს იქ, ერთ ზარზე მათთან უნდა იყო, – ასე გვთხოვენ მოქალაქეები, ამიტომ მათ უნდა ესმოდეთ, რომ თუ მედია  დადუმდება, მათ პრობლემებს არავინ მიიტანს ხელისუფლებამდე“, – ამბობს თეონა.

ჟურნალისტების პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„ხელისუფლებამ სამაგიერო იმით გადაგვიხადა, რომ ჟურნალისტების დისკრედიტაცია დაიწყო. დღეს გვეუბნება, რომ თურმე პოლიტიკურად მართული ვართ. მაგრამ ჩვენ ვამბობთ – ჟურნალისტები მაშინაც და ახლაც, ვმუშაობთ საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის“, – ამბობს ქეთი ხიდიშელი, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი.

„ბათუმელების“ ჟურნალისტის, ნანა კვაჭაძის თქმით, 5 ივლისს, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა ინადირეს ჟურნალისტებზე,  ეს არ ყოფილა მხოლოდ ცალკეული ჯგუფის ან ცალკეული მოძალადის ინიციატივა და აშკარად ჩანს, რომ „ამ ძალადობას ახალისებდა სწორედ ხელისუფლება“.

რატომ შეიძლება სურდეს ხელისუფლებას ჟურნალისტების დასუსტება?

ნანა კვაჭაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ სურს მოისმინოს კრიტიკული კითხვები და გასცეს პასუხები, მედიის დასუსტება კი ნიშნავს დემოკრატიის, ხალხს დასუსტებას.

„მსგავსი მცდელობები ჰქონდა წინა მთავრობასაც, ისიც ცდილობდა მედიის დადუმებას, თუმცა ეს მცდელობები იქნება ამჯერადაც ამაო“, – ასეთი მოლოდინი აქვს ნანა კვაჭაძეს.

მესმის, რომ ღარიბაშვილისთვის დისკომფორტია კითხვა, – „როდის გადადგებით?“. 

ზვიად ქორიძე, მედიასპეციალისტი გვესაუბრა იმ მიზეზზე, თუ რა განაპირობებს არსებული ხელისუფლების აგრესიას კრიტიკულ მედიის მიმართ და რატომ არის ღარიბაშვილი ომის პარტია.

ზვიად ქორიძე, – არა ძალადობას აქციაზე ბათუმში

„ყველამ იცოდა, რომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ ექვს საათზე უნდა გამოსულიყო, თუმცა დილის 11:00 საათზე ეს გავეშებული ხალხი რატომ იყო ასე აგრესიული ჟურნალისტების მიმართ? რატომ დაერივნენ მათ? იმიტომ, რომ ჟურნალისტები ყველაზე გამაღიზიანებელია ყველა მთავრობისთვის.

ჯერ კიდევ როდის თქვა ივანიშვილმა, – „გამორთეთ „რუსთავი 2“ და ქვეყანაში იქნება აღმშენებლობაო. ხელისუფლებას აღმშენებლობის ეფექტს უკარგავს ის, რომ ჟურნალისტები კრიტიკულ კითხვებს სვამენ“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

მას მიაჩნია, რომ ღარიბაშვილი გაღიზიანებული იყო იმის გამო, რომ მის შესახებ მედიამ ბევრი ინფორმაცია გაავრცელა. „განსაკუთრებით სამარცხვინო იყო ბერა ივანიშვილთან საუბრის ჩანაწერები“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

მედიამ გამოააშკარავა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბებიც, „რომელიც ასევე ერთ-ერთი სამარცხვინო და დანაშაულებრივი ამბავია“.

ზვიად ქორიძის აზრით, როცა მედია საუბრობს კორუფციის ფაქტებზე მთავრობაში, როცა არავინ იცის, როგორ მდიდრდებიან სასულიერო პირები, როგორ „ამყარებენ წესრიგს“ სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფები ბიზნესში, როგორ პარპაშებენ კრიმინალური ავტორიტეტები, „ხოლო მედია ამ ყველაფერს ჩაჰკირკიტებს და ბოლომდე აჩვენებს, რა თქმა უნდა, ეს აღიზიანებს ხელისუფლებას“.

რა სურს ღარიბაშვილს და მის მთავრობას?“

ერთგვარი სოციალური კამპანია, რომ „ახია თქვენზე“ და „ჟურნალისტები უნდა დაისაჯონ“, დაიწყო 5 ივლისის შემდეგ.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ხალხის ნაწილი, ვინც ამას წერდა სოციალურ ქსელებში, საგანგებო დაკვეთას ასრულებდა:

„ეს ის ადამიანები არიან, ვინც ფულს იღებს ამის დაწერისთვის. თუმცა, ვიღაც შესაძლოა წერდა გულწრფელადაც, რადგან ჰგონიათ, რომ მედია, რომელიც არ ასვენებს ხელისუფლებას კითხვებით, ატარებს გამოძიებას, გამაღიზიანებელია.

  • ხელისუფლება ცდილობს მედია ჩამოაცილოს აქტიურ სივრცეს და თუ ის ჟურნალისტებს დააკარგვინებს თვალებს, მოტეხავს ხელებს და მოკლავს კიდეც, ვიღაცას შესაძლოა თვითცენზურაც ჩაერთოს“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

მისი შეფასებით, 5 ივლისს იმიტომ „დასაჯეს“ ჟურნალისტები, რომ მათი საქმიანობა არ მოსწონს ამ ქვეყანაში ძალაუფლების მქონე ორ აქტორს – მთავრობას და საპატრიარქოს. ამ პროცესებით კი საზოგადოება ზარალდება.

საზოგადოება, რომელიც არ არის ინფორმირებული, ვერ იქნება ძლიერი. ის ვერ გააკონტროლებს მთავრობას, სუსტი საზოგადოება აუცილებლად წააგებს და წააგებს არა მხოლოდ ერთ რომელიმე არჩევნებსარამედ ქვეყნის ბრძოლას განვითარებისთვის. აი, ეს უნდა დღეს მთავრობას

დღეს, რეალურად, ღარიბაშვილმა ომი გამოუცხადა საზოგადოებას, რადგან მან თქვა, რომ 95-მა პროცენტმა უნდა იბატონოს 5 პროცენტზე. აგრესიული რიტორიკა საზოგადოების დაყოფას იწვევს და ერთი ნაწილი გამოდის მეორის წინააღმდეგ. ღარიბაშვილი რეალურად ახალისებს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას.

როცა ვიღაც აგინებს მედიას, ვიღაც მის დაცვას ცდილობს, ეს ორი ჯგუფი კი ერთმანეთის მიმართ მტრულად განეწყობა. ვიღაც  მედიის დაცვით დემოკრატიას იცავს, ვიღაც კი ამბობს, რომ საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტები. ის ვინც თანასწორობის მომხრეა, უპირისპირდება იმას, ვინც ძალადობს. ვინც წინააღმდეგია განათლების რეფორმის, ვინც ეწინააღმდეგება საზოგადოების პროგრესს და ასე შემდეგ.

ღარიბაშვილის მთავრობა კი ბოლომდე ახალისებს საზოგადოების დახლეჩას და დაპირისპირებას“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ის დავით გარეჯთან დაკავშირებულ ხელისუფლების მიერ აგორებულ არაფრისმთქმელ კამპანიასაც იხსენებს, რომელმაც ასევე დააპირისპირა ადამიანები ერთმანეთთან.

ზვიად ქორიძის თქმით, ის ვინც ღარიბაშვილის გამოსვლას უსმინა პარლამენტში, პრემიერად დამტკიცების დროს, ყველა მიხვდა, რომ მისი ენა არის სამოქალაქო დაპირისპირების ენა.

„დარწმუნდები, რომ ეს არის ომის პარტია,  ღარიბაშვილი მზად არის აწარმოოს ეს ომი ქვეყნის შიგნით, ქართული საზოგადოების სხეულში. ამის მაგალითია ის, რაც მოხდა დმანისში, ბუკნარში. ზოგან ეთნიკურ ნიადაგზე გააჩინა კონფლიქტები, ზოგან რელიგიურ ნიადაგზე. ცდილობს ყველა განსხვავებული დააპირისპიროს.

ღარიბაშვილი გვთავაზობს უმრავლესობის დიქტატურას. ხოლო მას შემდეგ რაც მიიღებს 100-პროცენტიან ვოტუმს, ვეღარც უმრავლესობის ხმას გაიგონებს. „ეტყვის – თქვენ ვის დაჰკარგვიხართ“.

თუმცა ზვიად ქორიძე იმედოვნებს, რომ ქართული საზოგადოების ნაწილი არ იყოფა 95/5-ზე და გაცილებით მეტია პროგრესის, ლიბერალური დემოკრატიის მომხრე. „სწორედ ამიტომ არ უნდა ხელისუფლებას კრიტიკული მედია“, რომელიც საზოგადოებას განვითარებაში და გაძლიერებაში ეხმარება.

___

მთავარი ფოტო: ჟურნალისტების აქცია ძალადობის წინააღმდეგ. ჟურნალისტები აქციებს მას შემდეგ მართავენ, რაც 5 ივლისს 52 ჟურნალისტს თბილისში ძალადობრივი ჯგუფები გაუსწორდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: