კიდევ ერთი „ბოლო შანსი“ პრაქტიკოს მასწავლებლებს – მთავრობის ახალი დადგენილება

საქართველოს მთავრობის 27 ივლისის დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე ვერ მოახერხებენ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას, შესაძლებლობა აქვთ  საგნობრივი კომპეტენცია 2021 წლის ბოლომდე აიმაღლონ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის და პრაქტიკოს მასწავლებლებს უკვე რამდენჯერმე გადაუვადეს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება.

სამი წელია განათლების სამინისტრო და მასწავლებლის სახლი ყველა გამოცდის წინ იმეორებს, რომ „ეს პრაქტიკოსებისთვის ბოლო შანსია“. თუმცა მათ, მიუხედავად იმისა, რომ საგანს ვერ აბარებენ, ისევ ეძლევათ სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა.

წელს უფროსი სპეციალური მასწავლებლის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

დადგენილების მიხედვით, „იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე  გავლენ საგნის ან პროფესიული უნარების  გამოცდაზე  და  ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ვერ შეივსებენ ან დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს“, – ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე მინიჭებული აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეუძლია მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით – საელჩო

[three_fourth last=”no”]Content[/three_fourth]

[three_fourth last=”no”]Content[/three_fourth]

აშშ-ს საელჩო საქართველოში ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „მიშელის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ.

„ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას.

ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო.

ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება. ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც „ქართული ოცნება” იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა.

მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის.

საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრვალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად.

დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას.

ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად. ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას”, ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის“ – წერს საელჩო.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გუშინ, 28 ივლისს, განაცხადა. პარტიამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ამავე თემაზე: 

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 29 ივლისის 21 საათიდან 30 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო ორ დღეს, 31 ივლისსა და პირველ აგვისტოს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჩაერთე სილქფესტში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები

სილქფესტი 29 ივლისს, ახალ სასაუბრო და SMS პაკეტთან ერთად დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტების გააქტიურების შესაძლებლობას აძლევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

კომბინაციით *202# თქვენ 30 დღით ჩაირთავთ შემდეგ პირობებს :

[checklist]

  • 200 ლოკალურ წუთი + 200 SMS  – 4 ლარად
  • 20 GB მოცულობის ინტერნეტი – 12 ლარად
  • 30 GB მოცულობის ინტერნეტი – 15 ლარად

[/checklist]

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

ბონუს წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე. წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრებზე.

სმს იგზავნება ადგილობრივი მიმართულებით ყველგან, სადაც გზავნილის ფასი შეადგენს სტანდარტულ საფასურს; სმს ბონუსი არ გავრცელდება ზოგიერთ სპეციალურ/მოკლე ნომერზე, ასევე  საზღვარგარეთ გაგზავნის შემთხვევაში, გამონაკლისია კორპორაციული ნომრები, რომლებიც ბონუსს მხოლოდ იმ საერთაშორისო მიმართულებით გამოიყენებენ, სადაც გზავნილის ფასი 6 თეთრია.

მომხმარებელს შეუძლია ბონუს წუთები შეამოწმოს კომბინაციით*202*1#. თუ ინტერნეტ მოცულობა ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ერიცხება 1მბ -ზე  15 თეთრი.

სილქფესტის აქციები  საშუალებას აძლევს სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართულ მომხმარებელს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს; ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც სილქფესტის აქციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება!

აჭარაში კოვიდის 413 ახალი შემთხვევაა

29 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 413 ახალი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 556 ადამიანი მკურნალობს, 82 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონში თვითიზოლაციაშია 539 ადამიანი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2796 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დადასტურდა კოვიდის 2796 ახალი შემთხვევა, 17 პაციენტი გარდაიცვალა – 29 ივლისი

28 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2796 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 684 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

სტაციონარში იმყოფება 5 427 ინფიცირებული, კლინიკურ სასტუმროებში – 811.

28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.0 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 796 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარაში – 413, იმერეთში – 263, ქვემო ქართლში – 152შიდა ქართლში – 120, გურიაში – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 108, კახეთში – 178, მცხეთა-მთიანეთში –58, სამცხე-ჯავახეთში – 57, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს და SEU DEVELOPMENT-ის საჩუქარი ლაშა ბექაურს

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ და ,,SEU DEVELOPMENT”-მა, რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, სეუ-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს, საჩუქრად გადასცა 100 კვ.მ. ბინა სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე.

„დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის, ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია. კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ ლაშას, გვჯერა მომავალშიც არაერთხელ ვიამაყებთ მისით. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ლაშასთვის ეს ისტორიული გამარჯვება მიგველოცა და საჩუქრად ,,SEU DEVELOPMENT”-ის დასრულებულ კომპლექსში, საბურთალოზე 100 კვ.მ ბინა გადაგვეცა. ვულოცავთ მთელ საქართველოს, ეს ქვეყნის გამარჯვებაა,” – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში და SEU DEVELOPMENT – ში.

 

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ბათუმის ბულვარს ჯიხურები ემატება – ვიდრე გენგეგმას დაამტკიცებენ

მწვადი, კრევეტები, ჩურჩხელა, სიმინდი და ასე შემდეგ – ვიდრე ბულვარის გენგეგმას დაამტკიცებენ, განსაკუთრებით სანაპიროს გასწვრივ, კვების ობიექტებმა იმატა. როგორც ჩანს, განსაკუთრებული მოთხოვნა „ალი და ნინოს“ სიახლოვესაა, აქ თუ გადაიხდი, ღია ცის ქვეშ, პირდაპირ პრომენადზე, მწვადსაც შეგიწვავენ.

ეს და კიდევ ბევრი სხვა სიახლე, რაც ბულვარში წელს გამოჩნდა, არათუ არ ეხმიანება, არამედ მკვეთრად აცდენილია იმ კონცეფციას, რასაც ბულვარის განაშენიანების გეგმის სამუშაო ვარიანტი ითვალისწინებს.

„ბათუმის ბულვარის გენგეგმა დამტკიცდება მალე“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გასულ კვირას ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. „მალე“ გულისხმობს თუ არა, რომ ბულვარის გენგეგმა 2021 წელს დამტკიცდება, ეს არ ვიცით.

ამ გეგმის მომზადების შესყიდვისთვის სახელმწიფომ ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.

ბულვარის ადმინისტრაციამ წარდგენილი დოკუმენტი შემსრულებელ კომპანიას უკან დაუბრუნა. „ბაუ დიზაინმა“ რამდენიმე საკითხი უნდა დააზუსტოს, ზოგიერთი კი დააკორექტიროს. კომპანიას დაკორექტირებული გენგეგმა ბულვარის ადმინისტრაციისთვის ჯერ არ დაუბრუნებია.

მანამდე კი, სანაპირო ზოლი იერ-სახეს თითქმის ყოველდღიურად იცვლის და პრომენადის გასწვრივ ჩნდება კომერციული ობიექტები. ეს სავაჭრო ობიექტები არც ვიზუალით და არც ფუნქციური დატვირთვით არ ეხმიანება განაშენიანების გეგმას.

მაგალითად, ბულვარში აამუშავეს 14 ახალი ჯიხური, რომელიც წელს გაიხსნა. აქ მოქალაქეებს სასმელს, თევზის პროდუქტებს და ტკბილეულს სთავაზობენ.

 

ჯიხურების განთავსებისთვის მცირე ზომის რამდენიმე ნაკვეთი სანაპიროს 14 მონაკვეთზე მერიამ 2019 წელს საიჯარო წესით გაასხვისა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საკრებულომაც.

მერიის ინფორმაციით, მეპატრონეს მათი ამუშავება გასულ წელს ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა პანდემიის გამო თავი შეიკავა. მოჯარეს მერიასთან ორწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოიჯარე ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ლაზიშვილის შვილის ნათლიაა.

დაეხმარეთ შვილის ნათლიას ბულვარში ბიზნესის წამოწყებაში? – ამ კითხვაზე სოფიო ლაზიშვილისგან განმარტება ვერ მივიღეთ. თუმცა, პრესსამსახურში ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს. ასევე გვითხრეს, რომ ამ და სხვა კითხვებზეც, მაგალითად, იმაზე, ნებადართულია თუ არა პრომენადზე მწვადის შეწვა, ბულვარის ადმინისტრაციისგან პასუხები წერილობით უნდა გამოვითხოვოთ:

„მოგვწერეთ, უნდა მოგვწეროთ“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

განსაკუთრებული მრავალფეროვნება „ალი და ნინოს“ მიმდებარედ პრომინადზეა. მოქალაქეების თქმით, ღამის საათებში აქ ღია ცისქვეშ პირდაპირ სასეირნო ბილიკზე მწვადის შეწვა დაიწყეს.

ბათუმის ბულვარი, „ალი და ნინოს“ მიმდებარე ტერიტორია

ახალი კაფე გაჩნდა ასევე ზედ პლაჟზე, სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარედ. ეს ადგილი გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებით სასტუმრო „შერატონის“ მფლობელ კომპანიას ეკუთვნის.  კაფეს მეპატრონეც, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანიის ქვემოიჯარეა. თუმცა ვის განკარგვაშიც არ უნდა იყოს ის, მასზე ობიექტის განთავსების ნებართვას ბულვარის ადმინისტრაცია გასცემს.

ახალი კაფე სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარედ პლაჟზე

2021 წელს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ პლაჟის ათვისებაზე 34 ხელშეკრულება გააფორმა. მოიჯარეების უმეტესობას გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაუგრძელეს, თუმცა მათ შორის რამდენიმე ახალი მოიჯარეც გაჩნდა.

„ალიანსის“ თანამფლობელს გონიოს სანაპიროზე ელიტური ვილების აშენება სურს – მერია თანახმაა

შპს „გონიო 2020“ გონიოს სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს ვილების მშენებლობას გეგმავს და შესაბამისი განაშენიანების რეგულირების კონცეფციის დამტკიცებას მერიისგან ითხოვს. მერიას შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილი აქვს, მას მომავალ სხდომაზე განიხილავენ.

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სასტუმრო ტიპის ვილები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა 20 485 კვ.მ-ზე გაშენდება და ორსართულიანი იქნება.

მერიის ინფორმაციით, პროექტი 6832 კვ.მ. ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის, ხოლო 3000 კვ.მ.-ზე 80 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობასაც ითვალისწინებს.

განმარტებით ბარათში არ წერია, რამდენი ვილის აშენებას გეგმავს კომპანია გონიოს სანაპიროზე. მერიისთვის წარდგენილ განაშენიანების კონცეფციაში არსებული რენდერების მიხედვით კი, კომპანია ოცდაათამდე ვილის აშენებას გეგმავს.

საპროექტო ტერიტორია

რაც შეეხება მშენებელ კომპანიას, შპს „გონიო 2020“ 2019 წელს დაუფუძნებიათ. კომპანიის 100 პროცენტს თემურ ბიწაძე ფლობს. თემურ ბიწაძე „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის შვილია.

პრობლემებისგან გაქცევის ჩემებური გეგმა მაქვს – წიგნს ვიღებ და სხვა სამყაროში შევდივარ

ავტორი: გიორგი ოდოშაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი

__


ცხოვრება
ხომ არ არის მარტივი ეს ყველა მხრიდან ჩაგვესმის და ასაკთან ერთად ჩვენს თავზეც გამოვცდითხოლმე.

რთული პერიოდების დროს ადამიანებს თავიანთი რიტუალები აქვთ: მიდიან ტყეში, ლოცულობენ, მღერიან, ცეკვავენ

15 წლის ვარ, ასაკი რთულია, დედამიწა ტრიალებს ამ დროს, ცა ქვემოთაა, მიწაზემოთ.

მაგარია, თუმცა, რთული.

მეგობრის და (ასევე ჩემი მეგობარი) გარდაიცვალა, რომელთანაც ძალიან ვმეგობრობდი და უკიდეგანო პატივს ვცემდი ვფიქრობდი, მის ასაკში (10-11) როგორ შეიძლება ამხელა გული გქონდეს-მეთქი?!

პირველ დღეს ვერ გავაცნობიერე. სიკვდილი ხომ ვერაგი რამაა, ფაქტი შემზარავია, მაგრამ დროსთან ერთად გიფლეთს გულს.

ხოდა, დღეები გადიოდა და სიშავე დამრჩა გულში, ვერ ამომქონდა ეს დარდი.

15 წლის ვარ, ვერც ვეუბნები ვინმეს, ვერც ვაცნობიერებ რატომ, მაგრამ ცუდად ვარ. ერთ დღეს ძალიან ცხელოდა და გადავწყვიტე კვლავ შევსულიყავი ჩემი მეგობრის სოციალურ ქსელში და კვლავ დამეტრიალებინა მისი სურათების ხილვით ერთობ ორომტრიალი ჩემს სულში. ერთ სურათში წიგნი ედო კალთაში, უკვე ავადმყოფს, მივაახლოვე სურათი და დოჩანაშვილია.

მქონდა დოჩანაშვილი, ოღონდ, არა ის, რასაც ის კითხულობდა. ავდექი, მოვძებნე, დავიწყე კითხვა. ისეთი განცდა მრჩებოდა, რომ ანასთან ერთად ვკითხულობდი. ის სხვა დოჩანაშვილს, მე სხვას.

15 წლის ასაკიდან პრობლემებისგან გაქცევის ეს ჩემებური გეგმა მაქვს წიგნს ვიღებ და სხვა სამყაროში შევდივარ. ნელა ვკითხულობ, რომ დიდი ხანი ვიყო იქ.

მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი იოტისოდენა წვლილი შევიტანო აჭარელი ბავშვებისთვის სამყაროს ძიების და რთული პერიოდების დროს წიგნებში კირკიტის პროცესში.

მადლობა სასიამოვნო და ერთობ საამაყო წამოწყებისთვის.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

როგორ გავუმკლავდეთ მენოპაუზას და კლიმაქსს – ექიმის რჩევები

მენოპაუზა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, მაგრამ იქამდე ე.წ. კლიმაქსური სინდრომის ფიზიკურმა სიმპტომებმა, შეიძლება აგირიოთ ძილის რეჟიმი, გამოგაცალოთ ენერგია ან/და ნეგატიურად აისახოს თქვენს ემოციურ ჯანმრთელობაზე. გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგი მარინა ბეჟანიძე ამბობს, რომ ამ პერიოდთან გამკლავების მეთოდები არსებობს. მთავარია, დროული და ადეკვატური რეაგირება.

  • ქალბატონო მარინა, რა არის მენოპაუზა და რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში?

მენოპაუზა ეს არის ქალის ბოლო მენსტრუაცია, რომელიც აღინიშნება რეტროსპექტულად, ანუ როცა ქალს არ აქვს მენსტრუაცია 12 თვის მანძილზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადგა მენოპაუზა. ეს პროცესი ვლინდება 45 წლიდან 55 წლამდე. შესაძლოა მენოპაუზა დადგეს უფრო ადრეულ ასაკში, მაგალითად მაშინ, როცა არის გენეტიკური წინასწარგანწყობა. ეს შეიძლება მოხდეს 30-35 წლის ასაკში. მენოპაუზა შესაძლოა დადგეს ქირურგიული ჩარევების შედეგადაც, კერძოდ, როცა ოპერაციის შედეგად ზიანდება საკვერცხეების დიდი ნაწილი და უკვე ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ, ან როცა ხდება საკვერცხეების ამოკვეთა. ამას ჰქვია ქირურგიული მენოპაუზა.

  • რა არის კლიმაქსური სინდრომი და როგორ ვლინდება ის?

კლიმაქსი და მენოპაუზა ხშირად ეშლებათ ერთმანეთში. როგორც უკვე ვთქვით, მენოპაუზა ეს არის მენსტრუაციის არქონა ერთი წლის მანძილზე, ხოლო კლიმაქსი, ანუ კლიმაქსური სინდრომი ეს არის რეპროდუქციული ფუნქციის ფიზიოლოგიური დაქვეითება გამოხატული სიმპტომების კომპლექსით, ესენია: არარეგულარული მენსტრუაცია, ფსიქოემოციური და ვეგეტატიური სისხლძარღვოვანი დარღვევები, სისხლში ჰორმონების დაქვეითება, ე.წ. ალები, ოფლიანობა, მომატებული გაღიზიანება, დეპრესიული მდგომარეობა, არასტაბილური არტერიული წნევა და სხვა. ეს ყველაფერი ჰორმონალური ცვლილებებით არის განპირობებული, ამ დროს სკავერცხეები გამოიმუშავებენ უფრო ნაკლებ ესტროგენსა და პროგესტერონს – ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ მენსტრუაციას – და ფერტილობა ქვეითდება.

სიმპტომატიკა სხვადასხვა სიმძაფრით ვლინდება, ზოგთან ძალიან მკვეთრად გამოხატულია, ზოგან საერთოდაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს. კლიმაქსი შესაძლოა ჰქონდეთ კაცებსაც.

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

ჯერ იწყება კლიმაქსური გამოვლინება და ნელ-ნელა გადადის უკვე მენოპაუზაში. ეს პერიოდი იწყება დაახლოებით 40 წლის ასაკიდან და შეიძლება გაგრძელდეს ერთი, ორი ან სულაც 10 წელი და შემდეგ დადგეს მენოპაუზა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, შესაძლოა მენოპაუზა დადგეს ისე, რომ ასეთი გამოვლინებები საერთოდაც არ აღენიშნებოდეს ქალს.

  • კლიმაქსური სინდრომის ზეგავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე?

თუ კლიმაქსური სინდრომი მკვეთრად გამოხატულია, იგი უარყოფითად მოქმედებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც, ამ დროს ხშირია ხასიათის ცვალებადობა, შემაწუხებელი ალები, სექსუალური ლტოლვის და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის დაქვეითება.

  • შესაძლოა თუ არა კლიმაქსის პროფილაქტიკა და რა გზები არსებობს მის შესამსუბუქებლად?

იმისთვის, რომ ამ პერიოდმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, საჭიროა წინასწარი მომზადება და რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ზედმეტი წონის დაკლება, სპორტი, დიდი დროის გატარება სუფთა ჰაერზე, სტრესების შემცირება, ასევე ქრონიკული დაავადებების კონტროლი.

ამ ყველაფერთან ერთად, საკმაოდ ეფექტური მეთოდია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია. როცა ქალი მენოპაუზაში შესვლის ასაკშია და ეწყება მენსტრუალური დარღვევები, ანუ მენსტრუაცია აქვს ორ თვეში ან სამ თვეში ერთხელ, აი მაშინ არის საჭირო რეაგირება. ამ დროს გინეკოლოგი შეგირჩევთ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას. ეს ხელოვნურად გაახანგრძლივებს მენსტრუაციასა და საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას.

როგორც უკვე ვთქვით, ეს გამოვლინებები კავშირშია ჰორმონალური ფონის ცვლილებებთან, ამიტომაც არის ეფექტური ჰორმონალური თერაპია, ჰორმონებს, რომელთაც საკვერცხეები აღარ გამოყოფს, ჩვენ ჩანაცვლებით მივაწოდებთ ხელოვნურად და ეს სიმპტომებიც მოიხსნება.

ცხადია, გასათვალისწინებელია უკუჩვენებებიც, ჰორმონალური ჩანაცვლების თერაპია დეტალური გამოკვლევის შემდეგ უნდა დაინიშნოს, რადგან გარკვეული ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ვენოზური უკმარისობა) შემთხვევაში ეს თერაპია არ ინიშნება. კატეგორიულად დაუშვებელია ჰორმონალური მედიკამენტების მიღება თვითნებურად.

  • როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ექიმთან დროული მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია – თუ დროულად დაიწყო თერაპია და არა მენოპაუზის დადგომიდან 2-3 თვის შემდეგ, მაშინ ეს პროცესი ჩაივლის მშვიდად და უმტკივნეულოდ.

ქალების შეცდომით ფიქრობენ, რომ თითქოს მენოპაუზის შემდეგ გინეკოლოგთან მისვლა არ არის საჭირო. ქალები გინეკოლოგთან ამ ჩივილებით უმეტესად მოდიან, როცა უკვე რამდენიმე წელი აწუხებთ კლიმაქსური სინდრომი. ამბობენ, რომ ვერაფრით გადალახეს ეს ჩივილები ხალხური მეთოდებით, ბალახოვანი მედიკამენტებით. ყველა ქალმა, ნებისმიერ ასაკში წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიმართოს გინეკოლოგს.

  • აისახება თუ არა ეს პროცესები ლიბიდოზე (სექსუალურ ლტოლვაზე)?

როცა ორგანიზმში ჰორმონების გადაწყობა ხდება, დეფიციტშია ზოგიერთი ჰორმონი, რა თქმა უნდა, ლიბიდოზეც მოქმედებს. შეიძლება ბოლომდე არ დაეცეს ეს ჰორმონები, მაგრამ აქ სხვა გარემოებებიც მოქმედებს, თუნდაც პარტნიორთან ჯანსაღ კომუნიკაციაზე. როცა ქალს აქვს შესაბამისი ხელშეწყობა, როგორც პარტნიორის, ისე ოჯახის სხვა წევრებისგან, ნაკლები აქვს სტრესი, უფრო ადვილია ამ პერიოდის გადატანა.

„ეს უკვე სახიფათო ამბავია“ – პოლიტოლოგი „მიშელის შეთანხმების“ ანულირებაზე

„ეს უკვე ძალიან სახიფათო ამბავია,“ – ასეთია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას რეაქცია „ქართული ოცნების“ დღეს, 28 ივლისს, მიღებულ გადაწყვეტილებაზე – მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა და თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც მის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება სახიფათოა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის,“ არამედ ქვეყნისთვის, რადგან საქართველო უკვე იმ ქვეყნებს დაემსგავსება, სადაც პოლიტიკურ ძალებს შორის აღიარებული შეთანხმება ყოველდღე შესაძლოა დაირღვეს.

„თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ შევთანხმდეთ რაღაც წესებზე, მით უფრო, ყველამ ვიცით, როგორ რთულად მივაღწიეთ ამ შეთანხმებას, ასე ძალიან მალე დავემსგავსებით ავღანეთს ან სხვა კონფლიქტურ რეგიონს, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ირღვევა შეთანხმება… „ქართული ოცნება“ აქამდეც შემჩნეული იყო დაპირების შეუსრულებლობაში,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგი არასერიოზულად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ არგუმენტს, რის გამოც შეთანხმებიდან მმართველი პოლიტიკური პარტია გავიდა – „ენმ-მ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა,“ – განაცხადა დღესვე „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ არის მმართველი პარტია, მმართველი პარტია არის „ქართული ოცნება“. მმართველი პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა არის სულ სხვა, ვიდრე ოპოზიციური პარტიის, თუნდაც ის ყველაზე დიდი პარტია იყოს,“ – აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ „ბათუმელებთან“.

კორნელი კაკაჩია

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანება და კონსოლიდაცია.

„შესაძლოა, ყველა პარტიას ერთმანეთზე არ ამოსდიოდეთ მზე და მთვარე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისეთ ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არჩევნებია, საერთო ხედვა არსებობდეს… ოპოზიციას სჭირდება დიდი მონდომება და კონსოლიდაცია, რომ ერთმანეთს მხარი დაუჭირონ, თუმცა რასაც ჩვენ ვხედავთ, აქეთკენ მიმართული მოქმედებებს ვერ ვხედავთ,“ – გვითხრა კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგის აზრით, ოპოზიციური პარტიები საერთო, უპარტიო კანდიდატებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, რომლებსაც საზოგადოებრივი ნდობა ექნებოდათ და ისიც გამოჩნდებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კომპრომისზე მიდის. მაგრამ „ამ ეტაპზე ეს ერთიანობაც ვერ ხერხდება,“ – ამბობს პოლიტოლოგი.

როგორ ვისწავლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში – რჩევები მოსწავლეებს

ავტორები: თამარ ჩანჩიბაძე, მარიკა ბოლქვაძე

აშშ-ში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლაზე ბევრი მოსწავლე ოცნებობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რა გზის გავლაა საჭირო ამისთვის. ამ თემაზე Education USA-ს წარმომადგენელმა, დალი ხომერიკმა გააცნო ინფორმაცია ახალგაზრდებს ბათუმის „ამერიკულ კუთხეში“, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში მდებარეობს. შეხვედრა 4 ივლისს გაიმართა.

Education USA აშშ-ის მთავრობის განათლების ქსელია. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველას, ვისაც სწავლა უნდა ამერიკაში, დამოუკიდებლად ჩააბაროს და წავიდეს სასწავლებლად.

ნებისმიერი სკოლის ქალაქის, რეგიონის, სოფლის მოსწავლეებისთვის გვაქვს პლატფორმა, სადაც ვამზადებთ ერთი წლის განმავლობაში ბავშვებს, მათ, ვისაც სურს აშშ-ში სწავლა და არ იციან საიდან დაიწყონ“, – განაცხადა დალი ხომერიკმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

მან შეხვედრაზე დასმულ ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას გასცა პასუხი.

[checklist]

  • პირველი ნაბიჯი 

[/checklist]

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ინგლისური ენის მაქსიმალურად კარგად შესწავლაა. თუ აქამდე საკმარის მოტივაციას ვერ პოულობდით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა კარგი მოტივაციაა ინგლისური ენის სწავლის დასაწყებად.

ასევე, საჭიროა კარგი აკადემიური მოსწრება, აქტივიზმი, TOEFL-ისა და უნარების გამოცდის ჩაბარება. ამ უკანასკნელს აშშ-ს ზოგიერთი უნივერსიტეტი სავალდებულოდ თვლის.

[checklist]

  • საიდან დავიწყოთ?

[/checklist]

მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, როდესაც ემზადებით იმისთვის, რომ წახვიდეთ და ისწავლოთ აშშ-ში.

მინიმუმ მეთერთმეტე კლასში უნდა დაიწყოთ მზადება [სასურველია ეს პროცესი მანამდეც – IX-X კლასში დაიწყოთ], რეზიუმეს დაწერა, გამოცდების ჩაბარება და ა.შ. მეთორმეტე კლასის დასაწყისში თუ დაიწყებთ მზადებას, ეს ნიშნავს, რომ ის წელი უკვე დაკარგულია. მეთორმეტე კლასში ჩვეულებრივ მუშაობენ აპლიკაციის საბოლოო სახეზე და გაგზავნაზე.

[checklist]

  • შეარჩიეთ უნივერსიტეტი, სადაც სწავლა გსურთ

[/checklist]

შემდგომი ნაბიჯი უკვე უნივერსიტეტების გაცნობა, მათი შესწავლა და პრიორიტეტების დალაგებაა – რა უნივერსიტეტები არსებობს, რა შესაძლებლობებია, სად მდებარეობს და ა.შ.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე გაეცანით პრეზიდენტის სიტყვას – president’s word-ს. ვებგვერდზე იქნება უნივერსიტეტის სლოგანიც, რომელიც მიანიშნებს, როგორ სტუდენტებს ეძებს ეს სასწავლებელი, როგორი ადამიანები სჭირდებათ.

ეს მოგცემთ შესაძლებლობას რეზიუმეს გაგზავნის დროს ზუსტად იცოდეთ, რა სურს ამ უნივერსიტეტს. შეიძლება თქვან – „ჰმ, ეს ბავშვი ჩვენიანია“ ან „არა, ეს ჩვენი ტიპაჟი არ არის.“ ამიტომ კარგად შეისწავლეთ უნივერსიტეტი, ნახეთ ვიდეომასალა, ტურები.

ასევე, გაითვალისწინეთ უნივერსიტეტის მდებარეობა. ზოგს შეიძლება არ მოსწონს სწავლა ძალიან დიდ ქალაქში და ეს შოკი აღმოჩნდეს მისთვის, ზოგსაც სწორედ დიდი ქალაქი ურჩევნია.

[checklist]

  • როდის უნდა გავაგზავნოთ საბუთები?

[/checklist]

ჩარიცხვის ყველაზე დიდი ფანჯარა დეკემბერ-იანვრის პერიოდშია. საერთაშორისო მოსწავლეები [საქართველოს შემთხვევაში მეთორმეტეკლასელები] ძირითადად თავიანთ აპლიკაციებს აგზავნიან 30 დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე, აპრილში კი იღებენ პასუხებს. ეს არის ტრადიციული დედლაინი ყველასთვის, ვინც აბარებს აშშ-ში.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი, early deadline. თუკი თქვენ ზუსტად იცით, რომ ამ კოლეჯს შეესაბამებით, ყველა პირობას აკმაყოფილებთ, შეგიძლიათ თქვენი აპლიკაცია გააგზავნოთ 1 ნოემბერს და თუ ჩაირიცხებით, პასუხი გეცოდინებათ არა მეორე სემესტრის აპრილში, არამედ დეკემბერში. შესაბამისად, ნახევარი სემესტრით ადრე იცით, რომ ჩარიცხული ხართ და მიდიხართ მომდევნო წლის სექტემბერში სასწავლებლად. ეს არის early admission. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთ კოლეჯში გაქვთ ჩაბარების უფლება.

[checklist]

  • აქვს თუ არა მნიშვნელობა სკოლის ნიშნებს?

[/checklist]

დიახ, თუმცა ყურადღება მახვილდება დამამთავრებელი კლასის – IX, X, XI, XII კლასის ნიშნებზე, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილზე.

ყველაფერი განიხილება ერთიანად და ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია.

შესაძლოა, თქვენ მეცხრე კლასში გყავდათ „შვიდები“ და მეთერთმეტე კლასში ეს „შვიდიანი“ იქცა „ცხრიანად“ ან „ათიანად“. ეს ძალიან კარგია. კოლეჯი ამას შეაფასებს, როგორც სწავლის გაზრდილ მოტივაციას, მაგრამ თუ მოხდა პირიქით, რომ IX-X კლასებში გყავდათ „ათები“ და მეთერთმეტე-მეთორმეტეში მნიშვნელოვან საგნებში გყავთ 7 და 8, თქვენ აჩვენებთ რეგრესს და არა პროგრესს.

[checklist]

  • სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები

[/checklist]

სამოტივაციო წერილი ძალიან მნიშვნელოვანია, ის აჩვენებს ადამიანს.

მაგალითად, ჰარვარდი ან მსგავსი, პრესტიჟული უნივერსიტეტები წელიწადში განიხილავენ დაახლოებით 40 000 აპლიკაციას და უნდა ჩარიცხონ 1000 ადამიანი. როგორ უნდა აარჩიონ ის 1000, როდესაც ქულა ყველას ერთი აქვს? ამიტომ აკვირდებიან მე-9 კლასიდან განვითარებას და სამოტივაციო წერილს – რას წერ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამბები.

რაც შეეხება სარეკომენდაციო წერილებს, ეს არის საშუალება, გადამოწმდეს ყველაფერი რაც დაწერეთ, თქვენს მასწავლებლებთან.

[checklist]

  • აქტივობები

[/checklist]

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტივობები. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, „ამერიკული კუთხე“, რომელიც შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენს რეზიუმეში. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ დაინახონ თქვენი სახე და ჩაირიცხოთ.

[checklist]

  • შემიძლია ჯერ ჩავირიცხოთ საქართველოს უნივერსიტეტში და შემდეგ წავიდე ამერიკაში?

[/checklist]

დიახ. საქართველოში სწავლა ბაკალავრის საფეხურზე და აშშ-ში სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში საუკეთესო არჩევანი.

თუკი ბაკალავრიატში სწავლის დროს თქვენ დამოკიდებული ხართ იმაზე, თუ რა დაფინანსებას მოგცემთ უნივერსიტეტი, მაგისტრატურაში, გარდა იმისა, რომ თქვენ უნივერსიტეტი გაძლევთ დაფინანსებას, ასევე დამატებითი დაფინანასება შეიძლება მიიღოთ საქართველოს მთვარობისგან ან/და აჭარის მთავრობის შესაბამისი პროგრამიდან.

რაც შეეხება საქართველოში ბაკალავრიატში სწავლისას აშშ-ში გადასვლას – ეს უფრო რთულია და დაფინანსების მიღების ალბათობა ნაკლებია.

შეხვედრა ბათუმის ამერიკულ კუთხეში. თამარ ჩანჩიბაძის ფოტო

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ვინც BOOKING-ით ბინას აქირავებს, საკომისიოს 18%-ს ოქტომბრამდე აღარ გადაიხდის

პირები, რომლებიც BOOKING-ით ბინებს აქირავებენ, დამატებით საკომისიოს 18%-ს 2021 წლის ოქტომბრამდე აღარ გადაიხდიან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27 ივლისის ბრძანებით, 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეჩერდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის იმ მუხლის მოქმედება, რომელიც უცხოელ დასაბეგრ პირს ციფრული მომსახურების გაწევისას მიღებული შემოსავლის 18%-ის [დღგ-ს] ბიუჯეტში გადახდას ავალდებულებდა.

მინისტრის ბრძანება ძალაში დღეს, 2021 წლის 28 ივლისს შევიდა.

მინისტრის ამ ბრძანების გამოქვეყნებამდე, უცხოური კომპანიები ვალდებულნი იყვნენ დღგ გადაეხადათ 2021 წლის 1-ლი ივლისიდან მიწოდებულ ციფრულ მომსახურებებზე.

ამ თემაზე:

პირებს, რომლებიც ბინას BOOKING-ით აქირავებენ, გადასახადი გაეზარდათ

ბათუმის ციხეში პატიმარი 25-ე დღეა შიმშილობს, ის მძიმედაა – ადვოკატი

ბათუმის მე-3 საპატიმრო დაწესებულებაში პატიმარი მერაბ შხაპელია 25-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატი ზვიად მარკოიძე აცხადებს, რომ პატიმრის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მას ყურადღებას ციხის ადმინისტრაცია არ აქცევს.

„25-ე დღეა შიმშილობს, მანამდე ის 45 დღე შიმშილობდა და მაშინ კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ მერაბ შხაპელიამ ისევ შიმშილობა დაიწყო. მას მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს – სხვა დაწესებულებაში გადაყვანა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი, ზვიად მარკოიძე.

ადვოკატის თქმით, პატიმარს უშუალოდ ციხის დირექტორი მიხეილ კანდელაკი დაუპირისპირდა და უსაფუძვლოდ სჯის, მათ შორის, სამარტოო საკანში გადაყვანით.

„შიმშილისგან დაუძლურებულ პატიმარს საყვედურობენ იმასაც, რომ შემოვლაზე ვერ გადის,“ – დასძინა ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ. ის პატიმარს დღეს, 28 ივლისს, შეხვდა საპატიმრო დაწესებულებაში.

როგორია მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას პასუხობს პენიტენციური სისტემა პატიმრის მოთხოვნას? – პენიტენციური სამსახურის პრესცენტრში ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს. სამსახურს მივწერეთ კითხვა და პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.

მერია ბათუმის ნავსადგურთან მიწის ნაკვეთს 9 მილიონად ყიდის

ბათუმის მერია საზღვაო ნავსადგურთან ახლოს, გოგებაშვილის #84-ში მდებარე 13 540 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონით ყიდის. ბათუმის საკრებულოსთვის გადაგზავნილი ინფორმაციით, პირობა მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის 12 თვეში გადახდა იქნება.

მერიის ინფორმაციით, ნაკვეთის საწყისი ფასი 9 მილიონ 200 000 ლარი იქნება.

ცვლილებას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ბათუმის საკრებულო 3 აგვისტოს სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც მერია ნაკვეთს ელექტრონულ აუქციონზე გაიტანს.

მწვანედ მონიშნულია გასაყიდი მიწის ნაკვეთი

ივლისში 200 ლარი 22 789 პირს ჩაერიცხა, კომპენსაციის გაცემა აგვისტოში დასრულდება – სააგენტო

დაქირავებით დასაქმებულთათვის, რომლებმაც სამსახური იანვარ-თებერვალში პანდემიის გამო დაკარგეს, ივლისის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ თვეში 22 789 პირს ჯამში 4 557 800 ლარი ჩაერიცხა.

დამსაქმებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათთვის კომპენსაციის გაცემის ვადა გაგრძელდება, მანამდე სანამ არ ამოიწურება სრული 6 თვე.

აგვისტოს თვეში 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის პროცესი დასრულდება.

სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის 28 ივლისის მდგომარეობით, წელს კომპენსაციის სახით ჯამში 146 427 400 ლარი გაიცა.

აქედან:

  • იანვრის თვის საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, ჯამში, 21 277 800 ლარი;
  • თებერვლის – 140 029 პირს, 28 005 800 ლარი;
  • მარტის – 130 683 პირს, 26 136 600 ლარი;
  • აპრილის – 120 496 პირს, 24 099 200 ლარი;
  • მაისის – 109 086 პირს, 21 817 200 ლარი;
  • ივნისის – 102 665 პირს, 20 533 000 ლარი;
  • ივლისის – 22 789 პირს, 4 557 800 ლარი.

2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას იღებენ.

ამავე თემაზე:

ვისთვის გრძელდება 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა

ლაშა ბექაურის ოქრო ტოკიოს ოლიმპიადაზე | ფოტო

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

ბექაური არის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონის ოქროს მედალოსანი, ევროპის ახალგაზრდული თასის ჩემპიონი.

ლაშა ბექაურისა და ედუარდ ტრიპელის შერკინება ტოკიოს ოლიმპიადაზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/KIYOSHI OTA
ლაშა ბექაური და ედუარდ ტრიპელი ფინალის შემდეგ, ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/KIYOSHI OTA
ლაშა ბექაური გამარჯვების შემდეგ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/KIYOSHI OTA
ლაშა ბექაური გამარჯვების შემდეგ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/KIYOSHI OTA
ლაშა ბექაური გამარჯვების შემდეგ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/KIYOSHI OTA

საშემოდგომო გაწვევა 2 აგვისტოს დაიწყება

მთავრობის დადგენილებით მოქალაქეთა 2021 წლის საშემოდგომო გაწვევა 2021 წლის 2 აგვისტოდან დაიწყება და 2021 წლის 25 დეკემბრამდე დასრულდება.

მთლიანობაში იგეგმება 3 679 მოქალაქის გაწვევა. მათ შორის:

  • თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1400-ით.
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 684-ით.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 1395-ით.
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 200-ით.

გაწვევას ექვემდებარებიან 18-იდან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

მთავრობის დადგენილებით:

„18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები 2 აგვისტოდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში – რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ჯანდაცვის სამინისტრომ 12 აგვისტომდე უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის;

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, გამწვევი კომისიის მიერ გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში;

შს სამინისტროს დაევალა ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან, სავარაუდოდ, თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი, კოორდინაცია უნდა გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.“

 

სახელმწიფომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება კვლავ შეაჩერა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა სახელმწიფომ კვლავ შეაჩერა. ამჯერად 2 თვით.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს არ ეხება ონკოლოგიას, კარდიოლოგიას და გადაუდებელ დახმარებას. ასევე მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ იმ საგარანტიო ფურცლებით, რომლებიც დღემდე უკვე გაცემულია.

მთავრობის შესაბამისი დადგენილება ჯერ გამოქვეყნებული არ არის. სამინისტროში აცხადებენ, რომ დოკუმენტი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

„პიკის დროს, გასული წლის ნოემბერში, გვქონდა 8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ ჯანდაცვის სისტემას რესურსი საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს… რთულია, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება. გარკვეულ კლინიკებში გუშინ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით გაჩერდა გეგმიური სერვისები და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება“, – განაცხადა 27 ივლისს ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

განახლება: მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 2021 წლის 10 აგვისტოს მიიღო და ის ძალაში 12 აგვისტოს შევიდა. დადგენილებაში, რომლითაც საგარანტიო ფურცლის გაცემა 1-ელ ოქტომბრამდე შეჩერდა, აღნიშნულია, რომ „მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 27 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“.

„COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2021 წლის 27 ივლისიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართი 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2021 წლის 27 ივლისამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

COVID19 პანდემიასთან დაკავშირებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა მთავრობამ 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდშიც შეაჩერა.

ამ თემაზე:

სახელმწიფო გეგმიურ ოპერაციებს პირველ მარტამდე აღარ დააფინანსებს

 

 

 

სახელმწიფო გეგმიურ ოპერაციებს პირველ მარტამდე აღარ დააფინანსებს

თექვსმეტი | შოთა გუჯაბიძე

ავტორი: შოთა გუჯაბიძე, რეჟისორი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს ყოფილი წევრი 

ძეგლის გაყიდვას კანონი არ კრძალავს და ამიტომაც არ მივაქციე ყურადღება, ბალნეოლოგიური კლინიკა გაყიდულიაო, რომ იძახდნენ ქალაქში. მითუმეტეს, რომ ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი გაყიდულია და ყველაფერი ნაყიდი. გავლენიანი პატრონი ჰყავს ყველა შენობას, ტყეს, მიწას და ჰაერს. მოგიბრუნდება „მარშუტკის“ მძღოლი და აქედან იქამდე პეტრიაშვილს აქვს ყველაფერი ნაყიდიო, მოგახსენებს სრულიად უადგილოდ სრულიად უცხოს.

ეს კლინიკა ბულვარში იდგა ბულვარის გაჩენის დღიდან და სულ ზღვის სამკურნალო აბაზანების ფუნქცია ჰქონდა. მეფის რუსეთის დროს ვინმე ბოიაჯანი იყო მეპატრონე. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მერე, ცხადია მასაც უყვეს ნაციონალიზაცია და საერთო-სახალხო ქონება გახდა.

შენობა თავიდან ერთსართულიანი იყო, მერე ორსართულიანი და მერე ისევ ორსართულიანი. შენობა, რომელიც ყველას გვახსოვს და ცოტა ხნის წინ დაანგრიეს, რიგით მესამე იყო. მიუხედავად ამდენი ნგრევისა და შენებისა, მისი სიმაღლე ორ სართულს არასოდეს აცდენილა.

კლინიკის უახლესი ისტორია იქიდან იწყება, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში აქტიურად იწყეს დენა ადამიანთა ჯგუფებმა, რომელთაც ამ ადგილის მიმართ შეუსაბამო ინტერესი აღმოაჩნდათ. მოგეხსენებათ, ბულვარს ძეგლის სტატუსი აქვს და მასზე ნებისმიერ ნგრევას თუ მშენებლობას ეს საბჭო განიხილავს. კი არაფერს წყვეტს, მხოლოდ განიხილავს და მერე სააგენტოს დირექტორი წყვეტს, დაეთანხმოს თუ – არა. თუ აწყობს, იტყვის საბჭომ გადაწყვიტა და სხვა რა გზა მქონდა არ დავთანხმებულიყავიო, არ მოეწონება და მოიმიზეზებს რამეს. პრინციპულ დირექტორადაც წარმოჩინდები ასეთ შემთხვევაში.

ეს მხოლოდ ახირება არ არის, დებულებაც აძლევს ამის საშუალებას. რა გასაკვირია და, დებულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საშუალებასაც იძლევა, მაგრამ სააგენტოს მაშინდელი დირექტორი ამ უფლებით პრაქტიკულად არასოდეს სარგებლობდა. ესეც პრინციპულობაა, მე თუ მკითხავ.

„ქართულმა ოცნებამ“ ბულვარის გაუპატიურება ხელისუფლებაში მოსვლიდანვე დაიწყო, უფრო სწორად – წინა ხელისუფლების გზა გააგრძელა. არც კი შეწყვეტილა ეს პროცესი. ჯერ იმით, რომ არავინ დაუსჯია ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კორპუსის ჩადგმისთვის. პირიქით, გვერდით ახალი კორპუსი მიუშენეს. იქამდე რაღაც საშინელება ჩადგეს იქვე ახლოს და „საშინელებათა სახლი“ დაარქვეს. ამ მშენებლობებში ყველაზე მეტად ისინი აქტიურობდნენ, ვინც ე.წ. ტექნოლოგიურს აპროტესტებდნენ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ახლა კი მათგან გაგვიხდა ბულვარი დასაცავი.

მერე გამოჩნდა „ბალნელოგიურის ხალხი“. ამ დროს მეც ამ საბჭოს წევრი ვიყავი. პროექტების და ესკიზების გარეშე მოდიოდნენ ეს ადამიანები საბჭოს სხდომაზე. მთლად ტექნოლოგიური უნივერსიტეტისხელაც არ გვინდა, მაგის ნახევარიც გვეყოფაო, ამბობდნენ. წესებისა და კანონების მოხმობით არაფერი გამოდიოდა, ბალნეოლოგიურელები აქეთ გვთხოვდნენ პასუხს, იმის გამო რომ შენობა მთლად მათი სურვილით არ უყიდიათ. თუ რამე უკანონობა მოხდა, თანაც შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ამის გამოძიებას არავინ ცდილობდა, იმ ფონზეც კი, როცა ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის პირობით მოვიდა. დაპირისპირებაც არცთუ ეთიკურ სახეს იღებდა. კამათში საბჭოს წევრების უმეტესობა არ მონაწილეობდა. ბულვარს ნინო ინაიშვილი და მე ვიცავდით, უფრო სწორად, ვცდილობდით.

ცხადი იყო, რომ ეს დაპირისპირება პროვოცირებული იყო, ვიღაცას მაზანდის აწევა უნდოდა, მე კი ვარ თანახმა, მაგრამ ხომ ხედავ აგერ რამხელა წინააღმდეგობააო. ეს „ვიღაცა“ იქვე იდგა და ნეტარების ჟრუანტელი გასდიოდა, ხმაც კი მესმოდა ნეტარების ჩუხჩუხის. ამას იქვე ვხვდებოდი, მაგრამ არ შემეძლო ჩუმად ჯდომა. სხდომის ჩატარების თარიღს ხან ერთი საათით ადრე გვაგებინებდნენ და საბჭოს არაწევრს ვერაფრით ვერ უნდა გაეგო შემთხვევით. თან ზუსტად ვიცოდი, რომ თუ საკითხი საბჭოზე გავიდოდა, აუცილებლად დამტკიცდებოდა. კარგად ვიცნობდი კოლეგებს.

ორი წელი მაინც გრძელდებოდა ეს ამბები. ამასობაში მგონი მეპატრონეც შეიცვალა, ან იქამდეც „ამბასადორი“ იყო. არ ვიცი, მეპატრონეებს ვერ ვიმახსოვრებ. ყველა ერთმანეთს ჰგავს – გამომეტყველებით, მიმოხვრით.

მაშინაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ვმუშაობდი და პერიოდულად მივლინებებში სიარული მიწევს. პერიოდულადვე საეჭვოდ ემთხვეოდა ჩემი მივლინებები მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ასე მოხდა ახლაც. მეპატრონემ სამსართულიანი შენობის პროექტი შემოიტანა ტერასით და ბალნეოლოგიური კლინიკის ფუნქციის შენარჩუნებით. წესით, ძეგლზე თუ რაიმე შენობა განადგურდა, მასშტაბი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, ალბათ მეც დავუჭერდი მხარს, მთელი იმ ალიაქოთების მერე, სხდომას რომ დავსწრებოდი.

პროექტი დამტკიცდა. თუმცა დამტკიცებამდე დაანგრიეს ბალნეოლოგიური კლინიკა და ახალი მშენებლობა დაიწყეს.

იქამდე კიდევ ერთი ამბავი მოხდა. იგივე „ამბასადორმა“ ასევე უნებართვოდ დაანგრია კაფე იქვე ახლოს და უფრო დიდის და მასშტაბურის მშენებლობა დაიწყო, რაც ასევე არ შეიძლებოდა. რაღაც ა ლა 19-ე საუკუნის გრეხილი ლითონებით შემკული. 21-ე საუკუნეში 19-ე საუკუნის სტილში აშენება რომ გოიმობაა, ამ არგუმენტმა არ გაჭრა. ნახეთ, რა ლამაზი არქიტექტორიაო, ერთი არგუმენტი ეს იყო ნებართვის მაძიებლების მხრიდან და კიდევ – ჩემი ცოლი მე კაფეში გავიცანიო. მაშინ კაიო, ჩაწერეს ოქმებში საბჭოს წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორის სილამაზეს ქალაქგეგმარება არ ცნობს.

აქ გასაკვირი არაფერია. საბჭოს მუშაობის თავისებურებებს თუ ჩავუღრმავდებით, უფრო მომაკვდინებელ არგუმენტებსაც ვიპოვით. მაგალითად, ამას უარი როგორ ვუთხრა, დედამისის ქელეხში თამადა ვიყავიო.

ამ გრეხილი კაფეს ამბავი კიდევ ცალკე საკითხია. იგი საჯარო სივრცეში ჩაიდგა. საჯარო სივრცე უკანონოდ გასხვისდა. ამაზე დღეს აღარავინ საუბრობს. თუ კორპუსის შემთხვევაში არგუმენტი მოჰყავთ, რომ ყოფილი შენობა ყოველთვის კერძო საკუთრებაში იყო, კაფეს შემთხვევაში თავს ისულელებენ. არც ის ახსოვს ვინმეს, რამდენი რევოლუცია, მსოფლიო ომი და სისხლისღვრა გადავიტანეთ სოციალურად თანასწორი მსოფლიოს მისაღწევად და ჯიუტად ცდილობენ ბატონ-ყმობის ეპოქაში დაბრუნებას, როდესაც თავადაც ვიღაცის კერძო საკუთრება იყო, მაგალითად ზეინაბ დიასამიძის.

ამასობაში „ამბასადორმა“ ამ ორი ნაკვეთის გაერთიანება გადაწყვიტა და საკრებულოს მიმართა. სწორედ აქ წაასწრო სულიკო თებიძეს TV 25-ს ოპერატორმა, არ ამოიღო ბატონო სულიკოო, ლაშა კომახიძე რომ ეაჯებოდა.

ქალაქში იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ „ამბასადორი“ პროექტის შესრულებას არ აპირებდა. იმდენად დიდი საძირკველი გათხარეს, სამსართულიანი შენობისთვის რომ არ უნდოდათ, ყველა ბათუმელი სკოლამდელი ბავშვი მიხვდა ამას. მე სისტემატურად ვითხოვდი სააგენტოსგან განმარტებას. მონიტორინგის სამსახური პროექტში დარღვევებს ვერ ხედავდა.
“საშინელებათა სახლი” მომავალი კორპუსის ოფისად იქცა.

ამასობაში „ამბასადორმა“ მერისგან დამატებით 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი მოითხოვა პარკინგისთვის ბულვარშივე და ახალი პროექტი მიართვა.

ლაშა კომახიძე ამ შემთხვევაში უფრო გამჭრიახი აღმოჩნდა და რაღაც ამის მსგავსი განაცხადა, რომ ეს პროექტი მოაგვარებს იმ პრობლემას, რომელსაც ეს პროექტი გამოიწვევსო.

პირველი პროექტი საბჭომ 2019 წლის ბოლოს განიხილა, საახალწლოდ. ამ დროს ჩვენთვის არავის ეცლებაო, ფიქრობდნენ აშკარად. შემოსული იყო 15-სართულიანი კორპუსის პროექტი. პროექტი კი არა, ნახატები, რომლებსაც თავად „რენდერს“ ეძახიან და ჭკვიანური გამომეტყველების მიღებას ცდილობენ ამ დროს. საბჭოს წევრებს ერთი სული ჰქონდათ, რომ წამით მაინც დაეხედათ კორპუსის რენდერისთვის, შედევრიაო რომ ეთქვათ. ვითომ წინასწარ არ იყო ყველაფერი „გაიასნებული“ და ვითომ დიდი სამსახიობო ნიჭი ჰქონდათ. ამას ჩვენთვის აკეთებდნენ, რა იცი რომ შედევრიაო – რომ არ გვეკითხა. არადა მართლა არ ექნებოდათ ნანახი. ნახვა „შედევრის“ დასარქმევად სჭირდებოდათ, სახელი კი წინასწარ ჰქონდათ შერჩეული, როგორც „აბრამი“. შედევრის განსჯას ნახვა არც უნდა, მოსმენაც საკმარისია.

პროექტი წინასწარ იყო განწირული დიდი ხმაურისთვის. დარბაზშივე გააპროტესტეს კორპუსი ბათუმელმა აქტივისტებმა, იმ ადამიანებმა ვინც რეალურად იცავს ბათუმს იმ ადამიანებისგან, ვისაც ისტორიული ბათუმის დაცვა ევალებათ. ცხადია, რომ კორპუსს იცავდა დირექტორი ახვლედიანი და საბჭოს ის ნაწილი, რომელიც ყოველთვის ძეგლის ხელყოფას უჭერს მხარს.
იქნებ მეჩვენებოდა, მაგრამ მთელი დღე ეს საკითხი იყო ყველაზე აქტუალური მედიისთვის და ქალაქისთვის. საღამოს სააგენტომ განცხადება გააკეთა, რომ პროექტი უარზე გავიდა. რა ხდებოდა იმ რამდენიმე საათში – ჩემთვის უცნობია. ამას მხოლოდ მაშინ გავიგებ, როცა ახვლედიანს პროკურატურა დაკითხავს.

რამდენიმე დღეში რიჟვაძემაც დადო საჯარო პირობა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რომ აქ სამ სართულზე მეტი არაფრით არ აშენდებაო.

რიჟვაძეს რომ კულტურული მემკვიდრეობა არ ადარდებს, ცხადია. პირიქით, სწორედ კულტურის სიძულვილის გამო ზის, სადაც ზის. სავარაუდოდ, რაღაც „ლიჩნი ნეპრიაზნი“ უნდა ყოფილიყო ამ განცხადების მიზეზი და არა კულტურა და სხვა გლობალური სუბსტანციები.

გავიდა ერთი წელი. მშენებლობა გრძელდებოდა უწყვეტ რეჟიმში. შენობა ნებართვით გათვალისწინებულ სიმაღლეს ასცდა. სააგენტომ კომპანია დააჯარიმა. ეს ნებადართული დანაშაული იყო. ჯარიმა არაადეკვატურად მცირეა და მფლობელს დაჯარიმება ძალიანაც აწყობს. სააგენტო კი იტყვის, ე ბოჯო, ხომ დავაჯარიმე, მეტი რაღა ვქნაო! არადა კანონმდებლობა ჯარიმის გარდა უკანონო მშენებლობის საწყის მდგომარეობაში მოყვანასაც ითვალისწინებს.

ამასობაში პანდემიის ეპოქაც დადგა დედამიწაზე და საბჭოს სხდომებმა ინტერნეტში გადაინაცვლა.

განსახილველ პროექტებს წინადღით გვიგზავნიდნენ ხოლმე და პირველი ეჭვი მაშინ გამიჩნდა, როცა არ გამოგვიგზავნეს, არც მე და არც ნინო ინაიშვილს. საბჭოს ხმის უფლებით ესწრებოდა ყოფილი წევრი, რომელიც სრული ერთი წელი აღარ ესწრებოდა სხდომებს და სააგენტოსავე განცხადებით იგი საბჭოს წევრი აღარ იყო. ცხადია, რომ მან ხმა კორპუსის ჩადგმას მისცა. კიდევ რამდენიმე სიახლე გვამცნეს, საბჭოს მდივანი თუ მდივნის მოადგილე. კიდევ – ოქმებს კი აღარ შევავსებთო, როგორც აქამდე იყოო, ვიდეოჩანაწერს გავშიფრავთო. მოკლედ, ინტელექტის ტოტალური მობილიზაცია (იტმ) იქნა გამოცხადებული. საკითხების განხილვა ისე დავიწყეთ, არც კი ვიცოდით რას ვიხილავდით. პროექტი მხოლოდ მას მერე გვაჩვენეს, რაც მიზანმიმართულ დამალვაში ვამხილეთ.

იქვე გავაპროტესტეთ, რომ ამ პროექტის არათუ განხილვა, კანცელარიაში მიღებაც კი არ შეიძლებოდა, იმდენად ყველა კანონს არღვევს – ჰამურაბიდან დაწყებული, ქურდულით დამთავრებული.

მაშინვე გაგვითიშეს მიკროფონები, ინტელექტის ტოტალურმა მობილიზაციამ (იტმ) პირველი ნაბიჯი გადადგა.

პარალელურად დავპოსტე ეს ამბავი „ბათომში“. გამოხმაურება იყო კატასტროფულად დიდი და კატეგორიულად უარყოფითი.

პროექტს მხარი დაუჭირეს კაკო ძნელაძემ, ერმილე მესხიამ, ტარიელ ტუსკიამ, ვიქტორია ბერიძემ, ზვიად ბურჭულაძემ.

წინააღმდეგები ვიყავით ნინო ინაიშვილი, სოფო ჭანიშვილი და მე.

ინტელექტის ტოტალური მობილიზაცია (იტმ) უხვად გადმოდინდა მხარდამჭერთა კომენტარებში. არ მომწონს, მაგრამ მხარს ვუჭერ; გრუნტი გაუძლებს; 4 სართული და 16 ერთი და იგივეა. ამ განათლების და შეგნების ადამიანები წყვეტენ ბათუმის ბედს და ამ პოსტზე სწორედ იმიტომ არიან, რომ ამ განათლების და შეგნების არიან.

სააგენტოს დირექტორ ზაურ ახვლედიანიდან დაწყებული – დამთავრებული სააგენტოს წევრებით, გამუდმებით ცდილობენ იმ აზრის დანერგვას, თითქოს მათ ნებაზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თითქოს დანაშაულს კი არ ჩავდივარ და რაღაცის სანაცვლოდ კი არ ვწერ ამასო, არა, ასე ვფიქრობო. არადა კანონში დეტალურადაა ყველაფერი გაწერილი, რომელშიც სავარაუდოდ არც კი ჩაუხედავთ. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში კანონი აქვთ დარღვეული და ძალიანაც ეცადონ გადაწყვეტილება უგუნურებით შენიღბონ, კანონი მაინც სხვაგვარად ფიქრობს..

იმავე დღეს მოაწერა ხელი ბრძანებას ზაურ ახვლედიანმა.

მეორე დღესვე მომხსნეს საბჭოს წევრობიდან. ბრძანებას ხელს ახვლედიანი აწერს, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრად საქართველოს კულტურის მინისტრმა დამნიშნა. აქ აშკარად საქმეში თორნიკე რიჟვაძე ჩაერია. ურიჟვაძეოდ ახვლედიანი ამას ვერ გაბედავდა. მაგრამ მაინც იყო ეს ინტელექტის ტოტალური მობილიზაციის მეორე სვლა.

ანუ, ძეგლის დაცვის საბჭოდან ძეგლის დაცვისთვის გამომაძევეს. აქვე ვიტყვი, რომ ამ 8 წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა საბჭოს წევრს მცირედი ცოდნა მაინც გამოემჟღავნებინოს იმ საქმიანობის, რასაც აკეთებდა. ცხადია იმ ხალხს ვგულისხმობ, რომელიც ძეგლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ახლაც კორპუსს მისცეს ხმა. არათუ რაიმე ცოდნა, წერა-კითხვის ცოდნაც კი არ დაუდასტურებიათ და ჩემი განაჩენის მიზეზიც ეგ იყო, რომ წერა-კითხვა ვიცი.

ერთი კვირის მერე მთლიანად დაითხოვეს საბჭო. რიჟვაძე-ახვლედიანი ცდილობდა შთაბეჭდილება დაეტოვებინა, თითქოს გლობალურ რეორგანიზაციას შევეწირე და არა პრიმიტიულ შურისძიებას.

მერე ახალი საბჭოს დასაკომპლექტებლად ახალი რეგულაციები შეთხზა, მერე ახალი საბჭო შეკრიბა, მერე მეკორპუსეები ისევ საბჭოში დააბრუნა. აქ ახვლედიანი საბოლოოდ დაიბნა.
მერე ახვლედიანი მოხსნეს. მერე ისევ დანიშნეს. მერე ისევ მოხსნეს. მერე ისევ დანიშნეს. აქ რიჟვაძე დაიბნა საბოლოოდ.

გაგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ რიჟვაძემ საჯარო პირობა დადო, კორპუსი რომ არ აშენდებოდა.

ორიოდე დღეში შევაგროვეთ 5 0000 –ზე მეტი ხელმოწერა, გავმართეთ ბევრი საპროტესტო აქცია, სარჩელი შევიტანეთ ყველა შესაბამის უწყებაში. სარჩელი, რომელშიც კორპუსის ჩადგმის ნებართვის უკანონობაა აღწერილი 759 გვერდისგან შედგება.

ზუსტად ვიცი, როგორ კვდებიან სიცილით მეკორპუსეები, იმიტომ რომ გაცილებით მაღალი კორპუსის პროექტს შეაშველებენ მშენებლობის პროცესში და სააგენტოც უდრტვინველად მისცემს ნებართვას და ყველაფერს, რისი მიცემაც შეუძლია.

მშენებლობა ოცდაოთხსაათიან რეჟიმში გრძელდება.

ყველა ამბავი არ მთავრდება და ამ ამბავს ფინალი არ აქვს.

აქვს მხოლოდ გაგრძელება.

მე რომ ამას ვყვები და თქვენ კითხულობთ, ესეც ამ ამბის გაგრძელებაა.

სათაურს მერე შევუცვლი-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ უკვე მიჩვეული ვიყავი, წერა რომ დავამთავრე.

__________________________

ბათუმის მათემატიკის გაძლიერებული სწავლების ახალ სკოლაში პედაგოგებს კონკურსით შეარჩევენ

ბათუმის მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მოსწავლეთა მიღება დაიწყო, რაც შეეხება პედაგოგებს, მათ კონკურსის წესით შეარჩევენ.

„პედაგოგების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსი, თუმცა რამდენი პედაგოგი იქნება საჭირო და როდის გამოცხადდება კონკურსი, დამოკიდებულია იმ პროცესის დასრულებაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ესაა მოსწავლეთა რეგისტრაცია მათემატიკის გამოცდაზე, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩაირიცხებიან მოსწავლეები სკოლაში. გაირკვევა რამდენი მოსწავლე ჩაირიცხება, დაზუსტდება საათების რაოდენობა და პედაგოგების შესარჩევი კონკურსიც შემდეგ გამოცხადდება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში.

ახალ სკოლაში ჩასარიცხად, მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს მე-7 და მე-8 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს. სკოლაში ამჯერად 75 მოსწავლეს მიიღებენ: 50 მოსწავლეს მე-7 კლასში [იქნება ორი კლასი, 25-25 მოსწავლით თითოში] და 25 მოსწავლეს მე-8 კლასში.

სკოლაში სწავლება უფასოა.

მისაღებ გამოცდაზე მოსწავლეთა ონლაიან რეგისტრაცია 13 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

ბათუმის განათლების ქალაქში ახალი სკოლის მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში დასრულდა. ოფიციალური ინფორმაციით, შენდებოდა ბათუმის კომაროვის სკოლა. აჭარის განათლების სამინისტროში კი დღეს აცხადებს, რომ აღნიშნული ახალი შენობა არის ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კორპუსი.

შესაბამისად, ახალი სკოლის ოფიციალური დასახელება არის არა „ბათუმის კომაროვის სკოლა“, არამედ „ბათუმის მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლა“, რომელიც მე-6 საჯარო სკოლას ექვემდებარება. აქ სასწავლო პროცესს აღნიშნული საჯარო სკოლა წარმართავს.

ამავე თემაზე:

ბათუმის „კომაროვის“ სკოლაში მოსწავლეების მიღება დაიწყო

 

წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები

ავტორი: თათია ებრალიძე, ილიაუნის მთავარი იურისტი

__

ყოველი წიგნი ახალი სამყაროა. წიგნი სრულიად ჯადოსნური  საშუალებაა, გადაადგილების გარეშე, ტკბილად, მწვანე ბალახზე წამოწოლილი ან მზისგან გამთბარ ჰამაკში მონებივრე გაეცნო ახალ-ახალ ადგილებს და გაიგო, რა აზრების კორიანტელი დატრიალებულა დედამიწაზე მოვლენილ ნათელ გონებებში. რა სჯობია იმას, პატარა ნოდარ დუმბაძეს რომ აედევნები გურულ ვიწრო ორღობეში, ან პატარა პრინცს რომ გაეკიდები ხტუნვა-ხტუნვით პლანეტიდან პლანეტაზე, ან ტომი და ანიკას კისკისს რომ გაიგონებ, პეპისთან სათამაშოდ როცა მიემართებიან, ან არსაკიძეს როცა აჰყვები სვეტიცხოვლის ხარაჩოზე და გადმოხედავ მტკვრისა და არაგვის დიდებულ შესართავს, ან კიდევ შიშით რომ შეჰყვები დორეან გრეის სხვენში და მის შემზარავ მოხუცებულ პორტრეტს შეათვალიერებ ცალი თვალით, ან კიდევ და კიდევ და კიდევ…

ეს მოგზაურობა დაუსრულებელია და რაც მეტს მოგზაურობ, მით მეტად გრძნობ შენს ხელში აკიაფებულ ნატვრის თვალს – შენი გონების ძალას და უნარს, მეტად შეიგრძნო ცხოვრება, ბევრი ადამიანი იყო ერთ სხეულში, მეტი გახდეს შენი სიტყვის ფასი და ადამიანებს შენთან ყოფნა ბედნიერებად მიაჩნდეთ.

ჰოდა სტაცე ხელი ახლა ამ წიგნებს, სტაცე და დაეწაფე და რაც მეტს, მით უკეთესი შენთვის, ჩვენთვის და ჩვენი ძალიან ლამაზი და გაბრწყინების ღირსი და მომლოდინე საქართველოსთვის.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 438 ახალი შემთხვევა

28 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 438  ახალი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 516 ადამიანი მკურნალობს. თვითიზოლაციაშია 3 220 ადამიანი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დადასტურდა კოვიდის 3141 ახალი შემთხვევა – 28 ივლისი

28 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40553 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 20 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  3 141 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 648 შემთხვევა, აჭარაში – 438, იმერეთში – 270, ქვემო ქართლში – 152შიდა ქართლში – 132, გურიაში – 54სამეგრელო – ზემო სვანეთში – 139, კახეთში – 186მცხეთა-მთიანეთში -70, სამცხე-ჯავახეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9.

სტაციონარში იმყოფება 5256 ინფიცირებული, კლინიკურ სასტუმროებში – 1798.

28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.28 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.92 %.

სწავლას აუდიტორიებში განვაახლებთ, თუ 70% მაინც იქნება ვაქცინირებული – თსუ

როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში და შეძლებენ თუ არა უნივერსიტეტები ახალი სასწავლო წლის აუდიტორიებში განახლებას? „ბათუმელები“ ამ საკითხზე რამდენიმე უნივერსიტეტს დაუკავშირდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, ლაშა საღინაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს არაერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ. მისი თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 40 პროცენტია ვაქცინირებული უნივერსიტეტის მთლიანი პერსონალიდან, სტუდენტებიდან კი შესაძლოა უფრო მეტიც.

„ვაქცინაციის თაობაზე ჩვენს ვებგვერდზე გავავრცელეთ ინფორმაცია, ასევე გვაქვს ელექტრონული პორტალი, სადაც სტუდენტებიც არიან და ლექტორ-მასწავლებლებიც რეგისტრირებული და იქაც მოვუწოდეთ, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“, – ამბობს ლაშა საღინაძე.

მას ვკითხეთ, თუ რამდენად მუშაობს მსგავსი მოწოდებები და ხომ არ არის საჭირო უფრო აქტიური კამპანია სკეპტიციზმის დასაძლევად, რაზეც საღინაძე ამბობს, რომ ანტივაქსერული განწყობები ნელა, მაგრამ სუსტდება.

„იყო ანტივაქსერული განწყობები, რასაც უფრო ის განაპირობებდა, რომ, ვთქვათ, ვიღაც ნაკლებად ენდობოდა ჩინურ ვაქცინას. მე, პირადად, ჩინური ვაქცინით ვარ აცრილი და არანაკლები სანდოობა აქვს ჩემთვის ამ ვაქცინას, თუმცა, კარგია, რომ შემოვიდა „ფაიზერიც“. ვფიქრობ, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება“, – გვეუბნება ის.

ამის მიუხედავად, ლაშა საღინაძეს ამბობს, რომ მაინც ვერ გააკეთებს ოპტიმისტურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ახალი სასწავლო წელი აუდიტორიებში განახლდება.

„ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერშიც ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი აიცრება. სექტემბრისთვის თუ შევძელით, რომ 70 პროცენტი მაინც იყოს სრულად ვაქცინირებული, ამ შემთხვევაში მოვახერხებთ სასწავლო პროცესის განახლებას აუდიტორიებში. თუ ამაზე ნაკლები აღმოჩნდება ვაქცინირებული, მაშინ ვერ შევძლებთ“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ვერც იმას შეძლებს, რომ ვაქცინირებული პირებისთვის გამონაკლისი დაუშვას და მათ მისცეს აუდიტორიებში სწავლის შესაძლებლობა. „ამ შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ სახელმწიფოს აქვს შეზღუდვები დაწესებული დისტანციასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ რეკომენდაციაში მითითებულია, რომ სტუდენტებს შორის უნდა იყოს ერთმეტრიანი დისტანცია ლექციების დროს. ეს იწვევს იმას, რომ ნახევრდება სააუდიტორო ფონდი. პირობითად, თუ აქამდე ერთ მერხზე ორი სტუდენტი იჯდა, ახლა ერთზე მეტი ვერ დაჯდება. თუ ეს შეზღუდვა ძალაში დარჩება, სასწავლო პროცესის სრულყოფილად აღდგენა გაგვიჭირდება.

შერეულ მოდელზე გადასვლაც პრობლემას გამოიწვევს, რადგან კონკრეტულ მიმართულებებზე სპეციალისტები არ გვეყოფა. თუ სხვებს მოვიწვევთ, მაშინ გაიზრდება ხარჯები. ვფიქრობთ, გამოსავალი არის ვაქცინაცია“, – ამბობს ლაშა საღინაძე.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ 5 ივლისის მდგომარეობით, აკადემიური პერსონალის დაახლოებით 10 პროცენტი იყო აცრილი. „ვაქცინაციის პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და ეს მონაცემები საგრძნობად გაიზრდება. სტუდენტებთან დაკავშირებით კი მონაცემები არ გვაქვს“, – გვითხრეს ბსუ-ში.

მათი განცხადებით, რა ფორმატში განახლდება სასწავლო პროცესი სექტემბერში, „ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე, ვაქცინაციის პროცესსა და შესაბამისი უწყებების რეკომენდაციაზე. ასევე, რექტორი და ადმინისტრაციის თანამშრომლები აქტიურად ვართ ჩართული ვაქცინაციის კამპანიაში“.

„ბათუმელები“ ესაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელსაც, აქ გვითხრეს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის 40 პროცენტია ვაქცინირებული. „გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცენტი კიდევ გაიზრდება“, – გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აქ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს. მათი თქმით, „ინსტიტუტში რეორგანიზაციაა გამოცხადებული და ხელმძღვანელები ამ პროცესით არიან დაკავებული”.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 139 756 ადამიანი. ერთი დოზით კი 404 339 ადამიანია აცრილი.

რაც შეეხება პრიორიტეტულ ჯგუფებს, რომლებშიც სკოლის პერსონალიც შედის, ამ დროისთვის მხოლოდ 904 ადამიანია მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებული.

მოსამართლე: მედიისგან დითირამბების მოსმენას კრიტიკის მოსმენა მირჩევნია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მედიისგან დითირამბების მოსმენას კრიტიკის მოსმენა ურჩევნია, რადგან ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას.

„საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის.

შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან პირადად არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის “მსხვერპლი”.

თუმცა მედიისგან დითირამბების მოსმენას მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია, რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია, რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს განცხადებაა.

ამიტომ თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“ – წერს დავით ნარიმანაშვილი ფეისბუქზე.

___________

ფოტოზე: მოსამართლე დავით ნარიმანაშვილი. ფოტო: პირველი არხი

ბათუმის „კომაროვის“ სკოლაში მოსწავლეების მიღება დაიწყო

ბათუმის „კომაროვის“ [ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების] სკოლაში მოსწავლეების მისაღებად რეგისტრაცია დაწყებულია.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან მათემატიკაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე. მისაღები გამოცდების ონლაინრეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 2021 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით.

ამასთან, არ არის სავალდებულო მოსწავლე ბათუმში ან აჭარის სხვა მუნიციპალიტეტში იყოს რეგისტრირებული. სკოლას აქვს საერთო საცხოვრებელი, თუმცა წელს საერთო საცხოვრებელი არ იფუნქციონირებს.

სამინისტროს განცხადებით, მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს მე-7 და მე-8 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს. სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი. თუმცა წელს მხოლოდ 75 მოსწავლეს მიიღებენ – 50 მოსწავლეს მე-7 კლასში [25-25 თითო კლასში] და 25 მოსწავლეს მე-8 კლასში.

მისაღებ გამოცდაზე ონლაიანრეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე

მოსწავლის მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სასწავლო პროცესი წარიმართება განათლებისა და მეცნიერების ქალაქში [სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კორპუსში. მისამართი: ქალაქი ბათუმი, სვიშჩევსკის ქ.N1].

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროცესს, რომელშიც დიდი აქცენტი ფიზიკა- მათემატიკის სწავლასა და ადგილობრივი და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებაზე გაკეთდება, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა წარმართავს.

„თანამედროვე დიზაინით მოწყობილი საგანმანათლებლო სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით. სკოლა მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებების სახით შესთავაზებს როგორც სპორტულ, ასევე შემოქმედებით და ინტელექტუალურ მომსახურებებს, მათ შორის, იფუნქციონირებს კლუბები პროგრამირების და ვებდიზაინის მიმართულებით. სკოლის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ფართო სპექტრის სპორტული და შემოქმედებითი სერვისების განხორციელებისთვის“, – აცხადებს სამინისტრო.

ახალი სკოლის პედაგოგებს კონკურსის წესით შეარჩევენ.

ბათუმში „კომაროვის სკოლის“ მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში დასრულდა.

კომაროვის სკოლა ბათუმში
კომაროვის სკოლა ბათუმში
კომაროვის სკოლა ბათუმში
კომაროვის სკოლა ბათუმში / ფოტო: სამინისტრო

ბათუმში ექვს ადგილას მეწყერი ჩამოწვა, ჩაინგრა სავალი გზა

ბათუმში, თევდორე მღვდლის ქუჩის #8-10- ში უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა და გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აქ მეწყრის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულდა, გაიწმინდა გზა და აღდგა მოძრაობა.

მეწყერი

მერიაში ასევე განმარტეს, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე კაპიტალური სამუშაოების განსახორციელებლად, ხვალ, 28 ივლისს,  ჩატარდება გეოდეზიური სამუშაოები, მოამზადებენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას.

რაც შეეხება პეტრე იბერის, ნაჭყებიას, ასევე მირიან მეფის ქუჩების მიმდებარედ განვითარებულ მცირე მეწყრულ პროცესებს, აქაც  მიმდინარეობს სამუშაოები. ჩამოწოლილი მიწის მასისგან წმენდენ წმინდა ნინოს # 16-ის მიმდებარე ტერიტორიასაც.

დაზიანებული გზა

______________

მთავარ ფოტოზე: მეწყერი თევდორე მღვდლის ქუჩაზე

მსგავსი ტყეები და ტორფნარები მსოფლიოში არ არის – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრების სტატუსი

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

რას ნიშნავს როცა გვაქვს ბუნება, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არის? – „ბათუმელები“ მკვლევარს, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, იზოლდა მაჭუტაძეს ესაუბრა.

  • რამდენად მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიებისთვის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება?

მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ტერიტორიებს UNESCO დაიცავს, თუმცა, ჩვენი მხრიდანაც უფრო მეტად დასჭირდება დაცვა. ამასთან, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტყეები და მსგავსი ტორფნარები მთელს მსოფლიოში არ არის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მეორე – ეს არის ცოცხალი ეკოსისტემები [მაგალითად, ტორფნარებში ტორფის წარმოქმნის პროცესი დღესაც მიმდინარეობს]. ის, რომ მსგავსი ეკოსისტემა მსოფლიოში არ არის, მეცნიერული კვლევებით იქნა დამტკიცებული. საამაყოა, რომ გვაქვს ბუნება, რომლის მსგავსი არსად არ არის.

  • საქართველოში ასეთი სტატუსი დაცულ ტერიტორიებს პირველად მიენიჭა თუ სხვაც გვაქვს?

არა თუ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც კი, ასეთი სტატუსი დაცულ ტერიტორიას პირველად მიენიჭა. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს პირველი და ერთადერთია, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა.

  • რას ნიშნავს ქვეყნისთვის ასეთი მემკვიდრეობა?

ეს ნიშნავს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას, სოციალური პროექტების განხორციელებას. ამ ტერიტორიებთან, რომლებსაც UNESCO დაიცავს, ახლოს იქნება ტურისტული ბილიკები, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა. მოვლენ ვიზიტორები, რომლებმაც უნდა ნახონ ისეთი ეკოსისტემები, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არის. ის, თუ რატომ არის უნიკალური ეს ადგილები, ამის შესახებ გავრცელდება ინფორმაცია.

დაცულ ტერიტორიებთან ასევე ხელი შეეწყობა ისეთი სოციალური პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება ამ ტერიტორიების მომიჯნავედ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად [ეკოტურიზმი, ვიზიტორებისთვის ხელშეწყობა და სხვა].

პირადად ვმუშაობ შესაბამის, ეკონომიურად მომგებიან სოციალურ პროექტებზე. ჯერ რეალური პროექტები მზად არ არის, მაგრამ გვაქვს სამეცნიერო კვლევები და სხვა საფუძველი, რომ განხორციელდება ეს პროექტები. განსაკუთრებით დაბლობში – კოლხეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის ტერიტორიებზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდება კიდევ უფრო მეტი სამეცნიერო კვლევები.

  • დაცული ტერიტორიებისა თუ ძეგლების სიახლოვეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იგეგმება. რამდენადაა დასაშვები უკვე მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სიახლოვეს ასეთი პროექტების განხორციელება?

უნდა აღინიშნოს, რომ ის ადგილები, რომლებსაც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭათ, თვითონ არიან მოქცეული დაცული ტერიტორიების შიგნით. მის გარეთ არის აღკვეთილი, ტურისტული ზონა, დაცულ ტერიტორიაზე მშენებლობა კი, ისედაც დაუშვებელია. UNESCO-ს მიერ აღიარებული ზონები ამ დაცული ტერიტორიების შუაგულშია მოქცეული.

უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად, ქობულეთის დაცულ ტერიტორიას მთლიანად კი არ მიენიჭა მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი, არამედ ამ ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მკაცრი დაცვის ზონაა. მაგალითად, „ისპანი2“ არის მკაცრი დაცვის ზონა, ანუ ნაკრძალი, და ის უკვე შესულია UNESCO-ს დაცვის ქვეშ. ასევე შესულია არა კინტრიშის დაცული ტერიტორია ან კოლხეთის ეროვნული პარკი მთლიანად, არამედ, ამ ტერიტორიების მხოლოდ მკაცრი დაცვის ზონები.

იზოლდა მაჭუტაძე / ფოტო: ბსუ

საქართველოს დაცული ტერიტორიების UNESCO-ში წარსადგენად ბოლო რამდენიმე წელია მუშაობენ. ნომინაციაზე წარსადგენად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა გერმანიაში არსებულმა მიხეილ ზუკოვის ფონდმა დააფინანსა.

 

მთავარი ფოტო: მტირალას ეროვნული პარკი

ბათუმში დაიტბორა ქუჩები და ეზოები, ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

ბათუმის მერიის ცნობით, ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა ძლიერი წვიმის შემდეგ. დაიტბორა ბათუმის ქუჩები და ეზოები.

გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები.

მერიის ცნობით,  დაზარალებულების მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამისი დახმარება კომისიური წესით განხორციელდება.

მერიის ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს „ბათუმის წყალი“, რომელიც ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს, იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები.

ჩაქვში ავტომანქანა ბეტონის ღობეს შეეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

ჩაქვში მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის ღობეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამსართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კაცი 10 წლის ბავშვს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა, მას 12 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე გ.გ. დამნაშავედ ცნო.

„გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 10 ივნისს, გ.გ. სოციალურ ქსელ ფეისბუქში 10 წლის არასრულწლოვანს მისივე თანატოლ გოგონად გაეცნო, რითაც შევიდა მასთან ნდობაში და დაზარალებულისგან უკანონოდ მოიპოვა პირადი საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ხასიათის მიმოწერა, ფოტოები და ვიდეოფაილები. რის შემდეგაც ბრალდებული არასრულწლოვანს უკვე მოპოვებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით დაემუქრა.

ამას გარდა, გ.გ.-მ დაზარალებულს ვიდეოზარით დარეკვა და სექსუალური ხასიათის ქმედებების შესრულება მოსთხოვა“ – წერს პროკურატურა.

გ.გ. 2020 წლის 16 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 – ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა – პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება – ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბათუმის ახალ რესპუბლიკურში სართული დაიტბორა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კორპუსში ეგრეთ წოდებულ ნულ სართულზე წყალი დგას. ფოტოები ფეისბუქში „უპატრონო ბათუმმა“ გამოაქვეყნა. დღეს დილიდან ბათუმში გადაუღებლად წვიმს.

ინფორმირებული წყარო, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურში მუშაობს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ახალი კორპუსის ნულ სართულზე წყალი დადგა. წყაროს თქმით, წყალი გრუნტიდან ამოდის და ამ შემთხვევაში, რადგან ძლიერი წვიმაა, უფრო მეტი წყალი დადგა, ვიდრე მანამდე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის ნულ სართულზე პერსონალისთვის განკუთვნილი სათავსოებია, ასევე გათვალისწინებულია ადგილი ავტოსადგომისთვის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საავადმყოფოს მენეჯმენტმა რამდენჯერმე სცადა პრობლემის მოგვარება, თუმცა უშედეგოდ.

გრუნტიდან წყლის ამოსვლას უარყოფენ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრში. აქ განმარტეს, რომ სანიაღვრე წყლისგან დაიტბორა კლინიკის ნული სართული. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა სოლომონ ფუტკარაძემ და კლინიკურმა მენეჯერმა ნუკრი ბეჟანიძემ.

დატბორილი რესპუბლიკური

„უხვი ნალექის გამო მოხდა ქალაქის სანიაღვრე არხების გადატვირთვა, რამაც გამოიწვია რესპუბლიკური საავადმყოფოს 0 სართულზე [ტექნიკურ სივრცეში] სანიაღვრე წყლის შედინება. საავადმყოფოს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდარის გამო საავადმყოფოს მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. ვაგრძელებთ სრული დატვირთვით მუშაობს,“ – მოგვწერეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრიდან.

მთავარი ფოტო: FB-გვერდი „უპატრონო ბათუმი“

1929 ინფიცირებული – აჭარის კლინიკებში საწოლების ნახევარი დაკავებულია

„ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში დღეს 5 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანია, ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უძლებს ამ დაწოლას, რესურსი საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა დაძაბულობაა იგივე სასწრაფოების გამოძახებასთან, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში“, – განაცხადა დღეს, 27 ივლისს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების მატება უკავშირდება როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის ცირკულაციას.

რაც შეეხება აჭარას, 27 ივლისის დილის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 929 ადამიანი. მარტო ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 378 პირს დაუდასტურდა

აჭარაში დღეს 7 კოვიდკლინიკაა 700-ზე მეტი საწოლით, თუმცა, აქედან ნახევარზე მეტი უკვე დაკავებულია. აჭარის კოვიდკლინიკებში დღეს 437 პაციენტი მკურნალობს.

აღნიშნული საწოლფონდიდან 60-მდე საწოლი ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული, 125 კი – რეანიმაციულშია.

  • დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში ასევე მუშაობს 8 კოვიდსასტუმრო, რომლებშიც ამ დროისთვის 572 პაციენტია მოთავსებული. კოვიდსასტუმროში დღეს 49 ადგილია თავისუფალი.
  • 920 პაციენტი კი, ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე მკურნალობს.

„პიკის დროს, გასული წლის ნოემბერში, გვქონდა 8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ ჯანდაცვის სისტემას რესურსი საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს… რთულია, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება. გარკვეულ კლინიკებში გუშინ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით გაჩერდა გეგმიური სერვისები და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „საკოორდინაციო საბჭო მკაცრ ლოკდაუნს არ განიხილავს და განიხილავს იმ რეკომენდაციების მკაცრად დაცვას, რაც დღეს არის გაცემული“.

აჭარაში ამ დროისთვის კოვიდზე აცრილია სულ 44 784 ადამიანი. აქედან ფაიზერით – 6 524, ასტრაზენეკათი – 6 928, სინოვაკით – 13 004 და სინოფარმით – 18 328.

ამავე თემაზე:

ბათუმში კოვიდზე აცრას დღეიდან „მეტრო სითისა“ და „ბათუმი მოლშიც“ შეძლებთ

ბათუმში კოვიდზე აცრას დღეიდან „მეტრო სითისა“ და „ბათუმი მოლშიც“ შეძლებთ

დღეიდან ვაქცინაცია „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ბათუმში დამატებით ორ ადგილზე იქნება შესაძლებელი: „მეტრო სითიში“ და „ბათუმი მოლში“. ვაქცინაციისთვის ელექტრონული ჯავშანი საჭირო არ არის.

ამ ორ ადგილას ვაქცინაციის პროცესი დღეს, 27 ივლისს დაიწყო.

აცრის მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, ადგილზე ჩატარდება ინტერვიუ და ექიმი გადაწყვეტს, ექვემდებარებით თუ არა ვაქცინაციას.

დღეს აჭარაში კორონავირუსის 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვეყნის მასშტაბით კი 3666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

Exit mobile version