მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ გავუმკლავდეთ მენოპაუზას და კლიმაქსს – ექიმის რჩევები

28.07.2021 • 14784
როგორ გავუმკლავდეთ მენოპაუზას და კლიმაქსს – ექიმის რჩევები

მენოპაუზა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, მაგრამ იქამდე ე.წ. კლიმაქსური სინდრომის ფიზიკურმა სიმპტომებმა, შეიძლება აგირიოთ ძილის რეჟიმი, გამოგაცალოთ ენერგია ან/და ნეგატიურად აისახოს თქვენს ემოციურ ჯანმრთელობაზე. გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგი მარინა ბეჟანიძე ამბობს, რომ ამ პერიოდთან გამკლავების მეთოდები არსებობს. მთავარია, დროული და ადეკვატური რეაგირება.

  • ქალბატონო მარინა, რა არის მენოპაუზა და რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში?

მენოპაუზა ეს არის ქალის ბოლო მენსტრუაცია, რომელიც აღინიშნება რეტროსპექტულად, ანუ როცა ქალს არ აქვს მენსტრუაცია 12 თვის მანძილზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადგა მენოპაუზა. ეს პროცესი ვლინდება 45 წლიდან 55 წლამდე. შესაძლოა მენოპაუზა დადგეს უფრო ადრეულ ასაკში, მაგალითად მაშინ, როცა არის გენეტიკური წინასწარგანწყობა. ეს შეიძლება მოხდეს 30-35 წლის ასაკში. მენოპაუზა შესაძლოა დადგეს ქირურგიული ჩარევების შედეგადაც, კერძოდ, როცა ოპერაციის შედეგად ზიანდება საკვერცხეების დიდი ნაწილი და უკვე ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ, ან როცა ხდება საკვერცხეების ამოკვეთა. ამას ჰქვია ქირურგიული მენოპაუზა.

  • რა არის კლიმაქსური სინდრომი და როგორ ვლინდება ის?

კლიმაქსი და მენოპაუზა ხშირად ეშლებათ ერთმანეთში. როგორც უკვე ვთქვით, მენოპაუზა ეს არის მენსტრუაციის არქონა ერთი წლის მანძილზე, ხოლო კლიმაქსი, ანუ კლიმაქსური სინდრომი ეს არის რეპროდუქციული ფუნქციის ფიზიოლოგიური დაქვეითება გამოხატული სიმპტომების კომპლექსით, ესენია: არარეგულარული მენსტრუაცია, ფსიქოემოციური და ვეგეტატიური სისხლძარღვოვანი დარღვევები, სისხლში ჰორმონების დაქვეითება, ე.წ. ალები, ოფლიანობა, მომატებული გაღიზიანება, დეპრესიული მდგომარეობა, არასტაბილური არტერიული წნევა და სხვა. ეს ყველაფერი ჰორმონალური ცვლილებებით არის განპირობებული, ამ დროს სკავერცხეები გამოიმუშავებენ უფრო ნაკლებ ესტროგენსა და პროგესტერონს – ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ მენსტრუაციას – და ფერტილობა ქვეითდება.

სიმპტომატიკა სხვადასხვა სიმძაფრით ვლინდება, ზოგთან ძალიან მკვეთრად გამოხატულია, ზოგან საერთოდაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს. კლიმაქსი შესაძლოა ჰქონდეთ კაცებსაც.

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

ჯერ იწყება კლიმაქსური გამოვლინება და ნელ-ნელა გადადის უკვე მენოპაუზაში. ეს პერიოდი იწყება დაახლოებით 40 წლის ასაკიდან და შეიძლება გაგრძელდეს ერთი, ორი ან სულაც 10 წელი და შემდეგ დადგეს მენოპაუზა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, შესაძლოა მენოპაუზა დადგეს ისე, რომ ასეთი გამოვლინებები საერთოდაც არ აღენიშნებოდეს ქალს.

  • კლიმაქსური სინდრომის ზეგავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე?

თუ კლიმაქსური სინდრომი მკვეთრად გამოხატულია, იგი უარყოფითად მოქმედებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც, ამ დროს ხშირია ხასიათის ცვალებადობა, შემაწუხებელი ალები, სექსუალური ლტოლვის და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის დაქვეითება.

  • შესაძლოა თუ არა კლიმაქსის პროფილაქტიკა და რა გზები არსებობს მის შესამსუბუქებლად?

იმისთვის, რომ ამ პერიოდმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, საჭიროა წინასწარი მომზადება და რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ზედმეტი წონის დაკლება, სპორტი, დიდი დროის გატარება სუფთა ჰაერზე, სტრესების შემცირება, ასევე ქრონიკული დაავადებების კონტროლი.

ამ ყველაფერთან ერთად, საკმაოდ ეფექტური მეთოდია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია. როცა ქალი მენოპაუზაში შესვლის ასაკშია და ეწყება მენსტრუალური დარღვევები, ანუ მენსტრუაცია აქვს ორ თვეში ან სამ თვეში ერთხელ, აი მაშინ არის საჭირო რეაგირება. ამ დროს გინეკოლოგი შეგირჩევთ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას. ეს ხელოვნურად გაახანგრძლივებს მენსტრუაციასა და საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას.

როგორც უკვე ვთქვით, ეს გამოვლინებები კავშირშია ჰორმონალური ფონის ცვლილებებთან, ამიტომაც არის ეფექტური ჰორმონალური თერაპია, ჰორმონებს, რომელთაც საკვერცხეები აღარ გამოყოფს, ჩვენ ჩანაცვლებით მივაწოდებთ ხელოვნურად და ეს სიმპტომებიც მოიხსნება.

ცხადია, გასათვალისწინებელია უკუჩვენებებიც, ჰორმონალური ჩანაცვლების თერაპია დეტალური გამოკვლევის შემდეგ უნდა დაინიშნოს, რადგან გარკვეული ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ვენოზური უკმარისობა) შემთხვევაში ეს თერაპია არ ინიშნება. კატეგორიულად დაუშვებელია ჰორმონალური მედიკამენტების მიღება თვითნებურად.

  • როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ექიმთან დროული მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია – თუ დროულად დაიწყო თერაპია და არა მენოპაუზის დადგომიდან 2-3 თვის შემდეგ, მაშინ ეს პროცესი ჩაივლის მშვიდად და უმტკივნეულოდ.

ქალების შეცდომით ფიქრობენ, რომ თითქოს მენოპაუზის შემდეგ გინეკოლოგთან მისვლა არ არის საჭირო. ქალები გინეკოლოგთან ამ ჩივილებით უმეტესად მოდიან, როცა უკვე რამდენიმე წელი აწუხებთ კლიმაქსური სინდრომი. ამბობენ, რომ ვერაფრით გადალახეს ეს ჩივილები ხალხური მეთოდებით, ბალახოვანი მედიკამენტებით. ყველა ქალმა, ნებისმიერ ასაკში წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიმართოს გინეკოლოგს.

  • აისახება თუ არა ეს პროცესები ლიბიდოზე (სექსუალურ ლტოლვაზე)?

როცა ორგანიზმში ჰორმონების გადაწყობა ხდება, დეფიციტშია ზოგიერთი ჰორმონი, რა თქმა უნდა, ლიბიდოზეც მოქმედებს. შეიძლება ბოლომდე არ დაეცეს ეს ჰორმონები, მაგრამ აქ სხვა გარემოებებიც მოქმედებს, თუნდაც პარტნიორთან ჯანსაღ კომუნიკაციაზე. როცა ქალს აქვს შესაბამისი ხელშეწყობა, როგორც პარტნიორის, ისე ოჯახის სხვა წევრებისგან, ნაკლები აქვს სტრესი, უფრო ადვილია ამ პერიოდის გადატანა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: