განათლება,მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთი „ბოლო შანსი“ პრაქტიკოს მასწავლებლებს – მთავრობის ახალი დადგენილება

29.07.2021 • 2772
კიდევ ერთი „ბოლო შანსი“ პრაქტიკოს მასწავლებლებს – მთავრობის ახალი დადგენილება

საქართველოს მთავრობის 27 ივლისის დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე ვერ მოახერხებენ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას, შესაძლებლობა აქვთ  საგნობრივი კომპეტენცია 2021 წლის ბოლომდე აიმაღლონ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის და პრაქტიკოს მასწავლებლებს უკვე რამდენჯერმე გადაუვადეს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება.

სამი წელია განათლების სამინისტრო და მასწავლებლის სახლი ყველა გამოცდის წინ იმეორებს, რომ „ეს პრაქტიკოსებისთვის ბოლო შანსია“. თუმცა მათ, მიუხედავად იმისა, რომ საგანს ვერ აბარებენ, ისევ ეძლევათ სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა.

წელს უფროსი სპეციალური მასწავლებლის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

დადგენილების მიხედვით, „იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე  გავლენ საგნის ან პროფესიული უნარების  გამოცდაზე  და  ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ვერ შეივსებენ ან დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს“, – ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე მინიჭებული აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეუძლია მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: