მთავარი,სიახლეები

კაცი 10 წლის ბავშვს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა, მას 12 წელი მიუსაჯეს

27.07.2021
კაცი 10 წლის ბავშვს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა, მას 12 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე გ.გ. დამნაშავედ ცნო.

„გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 10 ივნისს, გ.გ. სოციალურ ქსელ ფეისბუქში 10 წლის არასრულწლოვანს მისივე თანატოლ გოგონად გაეცნო, რითაც შევიდა მასთან ნდობაში და დაზარალებულისგან უკანონოდ მოიპოვა პირადი საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ხასიათის მიმოწერა, ფოტოები და ვიდეოფაილები. რის შემდეგაც ბრალდებული არასრულწლოვანს უკვე მოპოვებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით დაემუქრა.

ამას გარდა, გ.გ.-მ დაზარალებულს ვიდეოზარით დარეკვა და სექსუალური ხასიათის ქმედებების შესრულება მოსთხოვა“ – წერს პროკურატურა.

გ.გ. 2020 წლის 16 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 – ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა – პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება – ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: