მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარს ჯიხურები ემატება – ვიდრე გენგეგმას დაამტკიცებენ

28.07.2021
ბათუმის ბულვარს ჯიხურები ემატება – ვიდრე გენგეგმას დაამტკიცებენ

მწვადი, კრევეტები, ჩურჩხელა, სიმინდი და ასე შემდეგ – ვიდრე ბულვარის გენგეგმას დაამტკიცებენ, განსაკუთრებით სანაპიროს გასწვრივ, კვების ობიექტებმა იმატა. როგორც ჩანს, განსაკუთრებული მოთხოვნა „ალი და ნინოს“ სიახლოვესაა, აქ თუ გადაიხდი, ღია ცის ქვეშ, პირდაპირ პრომენადზე, მწვადსაც შეგიწვავენ.

ეს და კიდევ ბევრი სხვა სიახლე, რაც ბულვარში წელს გამოჩნდა, არათუ არ ეხმიანება, არამედ მკვეთრად აცდენილია იმ კონცეფციას, რასაც ბულვარის განაშენიანების გეგმის სამუშაო ვარიანტი ითვალისწინებს.

„ბათუმის ბულვარის გენგეგმა დამტკიცდება მალე“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გასულ კვირას ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. „მალე“ გულისხმობს თუ არა, რომ ბულვარის გენგეგმა 2021 წელს დამტკიცდება, ეს არ ვიცით.

ამ გეგმის მომზადების შესყიდვისთვის სახელმწიფომ ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.

ბულვარის ადმინისტრაციამ წარდგენილი დოკუმენტი შემსრულებელ კომპანიას უკან დაუბრუნა. „ბაუ დიზაინმა“ რამდენიმე საკითხი უნდა დააზუსტოს, ზოგიერთი კი დააკორექტიროს. კომპანიას დაკორექტირებული გენგეგმა ბულვარის ადმინისტრაციისთვის ჯერ არ დაუბრუნებია.

მანამდე კი, სანაპირო ზოლი იერ-სახეს თითქმის ყოველდღიურად იცვლის და პრომენადის გასწვრივ ჩნდება კომერციული ობიექტები. ეს სავაჭრო ობიექტები არც ვიზუალით და არც ფუნქციური დატვირთვით არ ეხმიანება განაშენიანების გეგმას.

მაგალითად, ბულვარში აამუშავეს 14 ახალი ჯიხური, რომელიც წელს გაიხსნა. აქ მოქალაქეებს სასმელს, თევზის პროდუქტებს და ტკბილეულს სთავაზობენ.

 

ჯიხურების განთავსებისთვის მცირე ზომის რამდენიმე ნაკვეთი სანაპიროს 14 მონაკვეთზე მერიამ 2019 წელს საიჯარო წესით გაასხვისა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საკრებულომაც.

მერიის ინფორმაციით, მეპატრონეს მათი ამუშავება გასულ წელს ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა პანდემიის გამო თავი შეიკავა. მოჯარეს მერიასთან ორწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოიჯარე ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ლაზიშვილის შვილის ნათლიაა.

დაეხმარეთ შვილის ნათლიას ბულვარში ბიზნესის წამოწყებაში? – ამ კითხვაზე სოფიო ლაზიშვილისგან განმარტება ვერ მივიღეთ. თუმცა, პრესსამსახურში ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს. ასევე გვითხრეს, რომ ამ და სხვა კითხვებზეც, მაგალითად, იმაზე, ნებადართულია თუ არა პრომენადზე მწვადის შეწვა, ბულვარის ადმინისტრაციისგან პასუხები წერილობით უნდა გამოვითხოვოთ:

„მოგვწერეთ, უნდა მოგვწეროთ“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

განსაკუთრებული მრავალფეროვნება „ალი და ნინოს“ მიმდებარედ პრომინადზეა. მოქალაქეების თქმით, ღამის საათებში აქ ღია ცისქვეშ პირდაპირ სასეირნო ბილიკზე მწვადის შეწვა დაიწყეს.

ბათუმის ბულვარი, „ალი და ნინოს“ მიმდებარე ტერიტორია

ახალი კაფე გაჩნდა ასევე ზედ პლაჟზე, სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარედ. ეს ადგილი გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებით სასტუმრო „შერატონის“ მფლობელ კომპანიას ეკუთვნის.  კაფეს მეპატრონეც, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანიის ქვემოიჯარეა. თუმცა ვის განკარგვაშიც არ უნდა იყოს ის, მასზე ობიექტის განთავსების ნებართვას ბულვარის ადმინისტრაცია გასცემს.

ახალი კაფე სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარედ პლაჟზე

2021 წელს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ პლაჟის ათვისებაზე 34 ხელშეკრულება გააფორმა. მოიჯარეების უმეტესობას გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაუგრძელეს, თუმცა მათ შორის რამდენიმე ახალი მოიჯარეც გაჩნდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: