ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

1929 ინფიცირებული – აჭარის კლინიკებში საწოლების ნახევარი დაკავებულია

27.07.2021
1929 ინფიცირებული – აჭარის კლინიკებში საწოლების ნახევარი დაკავებულია

„ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში დღეს 5 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანია, ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უძლებს ამ დაწოლას, რესურსი საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა დაძაბულობაა იგივე სასწრაფოების გამოძახებასთან, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში“, – განაცხადა დღეს, 27 ივლისს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების მატება უკავშირდება როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის ცირკულაციას.

რაც შეეხება აჭარას, 27 ივლისის დილის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 929 ადამიანი. მარტო ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 378 პირს დაუდასტურდა

აჭარაში დღეს 7 კოვიდკლინიკაა 700-ზე მეტი საწოლით, თუმცა, აქედან ნახევარზე მეტი უკვე დაკავებულია. აჭარის კოვიდკლინიკებში დღეს 437 პაციენტი მკურნალობს.

აღნიშნული საწოლფონდიდან 60-მდე საწოლი ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული, 125 კი – რეანიმაციულშია.

  • დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში ასევე მუშაობს 8 კოვიდსასტუმრო, რომლებშიც ამ დროისთვის 572 პაციენტია მოთავსებული. კოვიდსასტუმროში დღეს 49 ადგილია თავისუფალი.
  • 920 პაციენტი კი, ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე მკურნალობს.

„პიკის დროს, გასული წლის ნოემბერში, გვქონდა 8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ ჯანდაცვის სისტემას რესურსი საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს… რთულია, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება. გარკვეულ კლინიკებში გუშინ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით გაჩერდა გეგმიური სერვისები და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „საკოორდინაციო საბჭო მკაცრ ლოკდაუნს არ განიხილავს და განიხილავს იმ რეკომენდაციების მკაცრად დაცვას, რაც დღეს არის გაცემული“.

აჭარაში ამ დროისთვის კოვიდზე აცრილია სულ 44 784 ადამიანი. აქედან ფაიზერით – 6 524, ასტრაზენეკათი – 6 928, სინოვაკით – 13 004 და სინოფარმით – 18 328.

ამავე თემაზე:

ბათუმში კოვიდზე აცრას დღეიდან „მეტრო სითისა“ და „ბათუმი მოლშიც“ შეძლებთ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: