განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ ვისწავლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში – რჩევები მოსწავლეებს

28.07.2021 • 3170
როგორ ვისწავლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში – რჩევები მოსწავლეებს

ავტორები: თამარ ჩანჩიბაძე, მარიკა ბოლქვაძე

აშშ-ში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლაზე ბევრი მოსწავლე ოცნებობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რა გზის გავლაა საჭირო ამისთვის. ამ თემაზე Education USA-ს წარმომადგენელმა, დალი ხომერიკმა გააცნო ინფორმაცია ახალგაზრდებს ბათუმის „ამერიკულ კუთხეში“, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში მდებარეობს. შეხვედრა 4 ივლისს გაიმართა.

Education USA აშშ-ის მთავრობის განათლების ქსელია. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველას, ვისაც სწავლა უნდა ამერიკაში, დამოუკიდებლად ჩააბაროს და წავიდეს სასწავლებლად.

ნებისმიერი სკოლის ქალაქის, რეგიონის, სოფლის მოსწავლეებისთვის გვაქვს პლატფორმა, სადაც ვამზადებთ ერთი წლის განმავლობაში ბავშვებს, მათ, ვისაც სურს აშშ-ში სწავლა და არ იციან საიდან დაიწყონ“, – განაცხადა დალი ხომერიკმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

მან შეხვედრაზე დასმულ ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას გასცა პასუხი.

[checklist]

  • პირველი ნაბიჯი 

[/checklist]

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ინგლისური ენის მაქსიმალურად კარგად შესწავლაა. თუ აქამდე საკმარის მოტივაციას ვერ პოულობდით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა კარგი მოტივაციაა ინგლისური ენის სწავლის დასაწყებად.

ასევე, საჭიროა კარგი აკადემიური მოსწრება, აქტივიზმი, TOEFL-ისა და უნარების გამოცდის ჩაბარება. ამ უკანასკნელს აშშ-ს ზოგიერთი უნივერსიტეტი სავალდებულოდ თვლის.

[checklist]

  • საიდან დავიწყოთ?

[/checklist]

მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, როდესაც ემზადებით იმისთვის, რომ წახვიდეთ და ისწავლოთ აშშ-ში.

მინიმუმ მეთერთმეტე კლასში უნდა დაიწყოთ მზადება [სასურველია ეს პროცესი მანამდეც – IX-X კლასში დაიწყოთ], რეზიუმეს დაწერა, გამოცდების ჩაბარება და ა.შ. მეთორმეტე კლასის დასაწყისში თუ დაიწყებთ მზადებას, ეს ნიშნავს, რომ ის წელი უკვე დაკარგულია. მეთორმეტე კლასში ჩვეულებრივ მუშაობენ აპლიკაციის საბოლოო სახეზე და გაგზავნაზე.

[checklist]

  • შეარჩიეთ უნივერსიტეტი, სადაც სწავლა გსურთ

[/checklist]

შემდგომი ნაბიჯი უკვე უნივერსიტეტების გაცნობა, მათი შესწავლა და პრიორიტეტების დალაგებაა – რა უნივერსიტეტები არსებობს, რა შესაძლებლობებია, სად მდებარეობს და ა.შ.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე გაეცანით პრეზიდენტის სიტყვას – president’s word-ს. ვებგვერდზე იქნება უნივერსიტეტის სლოგანიც, რომელიც მიანიშნებს, როგორ სტუდენტებს ეძებს ეს სასწავლებელი, როგორი ადამიანები სჭირდებათ.

ეს მოგცემთ შესაძლებლობას რეზიუმეს გაგზავნის დროს ზუსტად იცოდეთ, რა სურს ამ უნივერსიტეტს. შეიძლება თქვან – „ჰმ, ეს ბავშვი ჩვენიანია“ ან „არა, ეს ჩვენი ტიპაჟი არ არის.“ ამიტომ კარგად შეისწავლეთ უნივერსიტეტი, ნახეთ ვიდეომასალა, ტურები.

ასევე, გაითვალისწინეთ უნივერსიტეტის მდებარეობა. ზოგს შეიძლება არ მოსწონს სწავლა ძალიან დიდ ქალაქში და ეს შოკი აღმოჩნდეს მისთვის, ზოგსაც სწორედ დიდი ქალაქი ურჩევნია.

[checklist]

  • როდის უნდა გავაგზავნოთ საბუთები?

[/checklist]

ჩარიცხვის ყველაზე დიდი ფანჯარა დეკემბერ-იანვრის პერიოდშია. საერთაშორისო მოსწავლეები [საქართველოს შემთხვევაში მეთორმეტეკლასელები] ძირითადად თავიანთ აპლიკაციებს აგზავნიან 30 დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე, აპრილში კი იღებენ პასუხებს. ეს არის ტრადიციული დედლაინი ყველასთვის, ვინც აბარებს აშშ-ში.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი, early deadline. თუკი თქვენ ზუსტად იცით, რომ ამ კოლეჯს შეესაბამებით, ყველა პირობას აკმაყოფილებთ, შეგიძლიათ თქვენი აპლიკაცია გააგზავნოთ 1 ნოემბერს და თუ ჩაირიცხებით, პასუხი გეცოდინებათ არა მეორე სემესტრის აპრილში, არამედ დეკემბერში. შესაბამისად, ნახევარი სემესტრით ადრე იცით, რომ ჩარიცხული ხართ და მიდიხართ მომდევნო წლის სექტემბერში სასწავლებლად. ეს არის early admission. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთ კოლეჯში გაქვთ ჩაბარების უფლება.

[checklist]

  • აქვს თუ არა მნიშვნელობა სკოლის ნიშნებს?

[/checklist]

დიახ, თუმცა ყურადღება მახვილდება დამამთავრებელი კლასის – IX, X, XI, XII კლასის ნიშნებზე, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილზე.

ყველაფერი განიხილება ერთიანად და ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია.

შესაძლოა, თქვენ მეცხრე კლასში გყავდათ „შვიდები“ და მეთერთმეტე კლასში ეს „შვიდიანი“ იქცა „ცხრიანად“ ან „ათიანად“. ეს ძალიან კარგია. კოლეჯი ამას შეაფასებს, როგორც სწავლის გაზრდილ მოტივაციას, მაგრამ თუ მოხდა პირიქით, რომ IX-X კლასებში გყავდათ „ათები“ და მეთერთმეტე-მეთორმეტეში მნიშვნელოვან საგნებში გყავთ 7 და 8, თქვენ აჩვენებთ რეგრესს და არა პროგრესს.

[checklist]

  • სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები

[/checklist]

სამოტივაციო წერილი ძალიან მნიშვნელოვანია, ის აჩვენებს ადამიანს.

მაგალითად, ჰარვარდი ან მსგავსი, პრესტიჟული უნივერსიტეტები წელიწადში განიხილავენ დაახლოებით 40 000 აპლიკაციას და უნდა ჩარიცხონ 1000 ადამიანი. როგორ უნდა აარჩიონ ის 1000, როდესაც ქულა ყველას ერთი აქვს? ამიტომ აკვირდებიან მე-9 კლასიდან განვითარებას და სამოტივაციო წერილს – რას წერ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამბები.

რაც შეეხება სარეკომენდაციო წერილებს, ეს არის საშუალება, გადამოწმდეს ყველაფერი რაც დაწერეთ, თქვენს მასწავლებლებთან.

[checklist]

  • აქტივობები

[/checklist]

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტივობები. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, „ამერიკული კუთხე“, რომელიც შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენს რეზიუმეში. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ დაინახონ თქვენი სახე და ჩაირიცხოთ.

[checklist]

  • შემიძლია ჯერ ჩავირიცხოთ საქართველოს უნივერსიტეტში და შემდეგ წავიდე ამერიკაში?

[/checklist]

დიახ. საქართველოში სწავლა ბაკალავრის საფეხურზე და აშშ-ში სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში საუკეთესო არჩევანი.

თუკი ბაკალავრიატში სწავლის დროს თქვენ დამოკიდებული ხართ იმაზე, თუ რა დაფინანსებას მოგცემთ უნივერსიტეტი, მაგისტრატურაში, გარდა იმისა, რომ თქვენ უნივერსიტეტი გაძლევთ დაფინანსებას, ასევე დამატებითი დაფინანასება შეიძლება მიიღოთ საქართველოს მთვარობისგან ან/და აჭარის მთავრობის შესაბამისი პროგრამიდან.

რაც შეეხება საქართველოში ბაკალავრიატში სწავლისას აშშ-ში გადასვლას – ეს უფრო რთულია და დაფინანსების მიღების ალბათობა ნაკლებია.

შეხვედრა ბათუმის ამერიკულ კუთხეში. თამარ ჩანჩიბაძის ფოტო

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: