განათლება,მთავარი,სიახლეები

სწავლას აუდიტორიებში განვაახლებთ, თუ 70% მაინც იქნება ვაქცინირებული – თსუ

27.07.2021 •
სწავლას აუდიტორიებში განვაახლებთ, თუ 70% მაინც იქნება ვაქცინირებული – თსუ

როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში და შეძლებენ თუ არა უნივერსიტეტები ახალი სასწავლო წლის აუდიტორიებში განახლებას? „ბათუმელები“ ამ საკითხზე რამდენიმე უნივერსიტეტს დაუკავშირდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, ლაშა საღინაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს არაერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ. მისი თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 40 პროცენტია ვაქცინირებული უნივერსიტეტის მთლიანი პერსონალიდან, სტუდენტებიდან კი შესაძლოა უფრო მეტიც.

„ვაქცინაციის თაობაზე ჩვენს ვებგვერდზე გავავრცელეთ ინფორმაცია, ასევე გვაქვს ელექტრონული პორტალი, სადაც სტუდენტებიც არიან და ლექტორ-მასწავლებლებიც რეგისტრირებული და იქაც მოვუწოდეთ, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“, – ამბობს ლაშა საღინაძე.

მას ვკითხეთ, თუ რამდენად მუშაობს მსგავსი მოწოდებები და ხომ არ არის საჭირო უფრო აქტიური კამპანია სკეპტიციზმის დასაძლევად, რაზეც საღინაძე ამბობს, რომ ანტივაქსერული განწყობები ნელა, მაგრამ სუსტდება.

„იყო ანტივაქსერული განწყობები, რასაც უფრო ის განაპირობებდა, რომ, ვთქვათ, ვიღაც ნაკლებად ენდობოდა ჩინურ ვაქცინას. მე, პირადად, ჩინური ვაქცინით ვარ აცრილი და არანაკლები სანდოობა აქვს ჩემთვის ამ ვაქცინას, თუმცა, კარგია, რომ შემოვიდა „ფაიზერიც“. ვფიქრობ, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება“, – გვეუბნება ის.

ამის მიუხედავად, ლაშა საღინაძეს ამბობს, რომ მაინც ვერ გააკეთებს ოპტიმისტურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ახალი სასწავლო წელი აუდიტორიებში განახლდება.

„ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერშიც ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი აიცრება. სექტემბრისთვის თუ შევძელით, რომ 70 პროცენტი მაინც იყოს სრულად ვაქცინირებული, ამ შემთხვევაში მოვახერხებთ სასწავლო პროცესის განახლებას აუდიტორიებში. თუ ამაზე ნაკლები აღმოჩნდება ვაქცინირებული, მაშინ ვერ შევძლებთ“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ვერც იმას შეძლებს, რომ ვაქცინირებული პირებისთვის გამონაკლისი დაუშვას და მათ მისცეს აუდიტორიებში სწავლის შესაძლებლობა. „ამ შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ სახელმწიფოს აქვს შეზღუდვები დაწესებული დისტანციასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ რეკომენდაციაში მითითებულია, რომ სტუდენტებს შორის უნდა იყოს ერთმეტრიანი დისტანცია ლექციების დროს. ეს იწვევს იმას, რომ ნახევრდება სააუდიტორო ფონდი. პირობითად, თუ აქამდე ერთ მერხზე ორი სტუდენტი იჯდა, ახლა ერთზე მეტი ვერ დაჯდება. თუ ეს შეზღუდვა ძალაში დარჩება, სასწავლო პროცესის სრულყოფილად აღდგენა გაგვიჭირდება.

შერეულ მოდელზე გადასვლაც პრობლემას გამოიწვევს, რადგან კონკრეტულ მიმართულებებზე სპეციალისტები არ გვეყოფა. თუ სხვებს მოვიწვევთ, მაშინ გაიზრდება ხარჯები. ვფიქრობთ, გამოსავალი არის ვაქცინაცია“, – ამბობს ლაშა საღინაძე.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ 5 ივლისის მდგომარეობით, აკადემიური პერსონალის დაახლოებით 10 პროცენტი იყო აცრილი. „ვაქცინაციის პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და ეს მონაცემები საგრძნობად გაიზრდება. სტუდენტებთან დაკავშირებით კი მონაცემები არ გვაქვს“, – გვითხრეს ბსუ-ში.

მათი განცხადებით, რა ფორმატში განახლდება სასწავლო პროცესი სექტემბერში, „ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე, ვაქცინაციის პროცესსა და შესაბამისი უწყებების რეკომენდაციაზე. ასევე, რექტორი და ადმინისტრაციის თანამშრომლები აქტიურად ვართ ჩართული ვაქცინაციის კამპანიაში“.

„ბათუმელები“ ესაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელსაც, აქ გვითხრეს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის 40 პროცენტია ვაქცინირებული. „გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცენტი კიდევ გაიზრდება“, – გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აქ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს. მათი თქმით, „ინსტიტუტში რეორგანიზაციაა გამოცხადებული და ხელმძღვანელები ამ პროცესით არიან დაკავებული”.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 139 756 ადამიანი. ერთი დოზით კი 404 339 ადამიანია აცრილი.

რაც შეეხება პრიორიტეტულ ჯგუფებს, რომლებშიც სკოლის პერსონალიც შედის, ამ დროისთვის მხოლოდ 904 ადამიანია მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: