ბათუმელი მუსიკოსი კახა მელაძე კოვიდით გარდაიცვალა

კორონავირუსით მუსიკოსი კახა მელაძე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მას ცოტა ხნის წინ დედაც დაეღუპა კორონავირუსით.

კახა მელაძე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის წამყვანი მუსიკოსი და ფლეიტისტი იყო. ასევე არაერთი  მუსიკალური ბენდის სოლისტი და მომღერალი.

„გარდა იმისა, რომ ფლეიტაზე უკრავდა, ძალიან კარგი მომღერალიც იყო, მთელი ცხოვრება მიუძღვნა ბათუმს და მუსიკას“, – გვეუბნება ბათუმის ოპერის მომღერალი აჩიკო გოგიტიძე.

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორი ამინდი იქნება მომდევნო ორი დღის განმავლობაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 3 სექტემბრის 21 საათიდან 4 სექტემრის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა,  ღამით – ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15– 20 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

 

5 გარდაცვლილი, 282 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი აჭარაში

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით აჭარაში 5 ადამიანი გარდაიცვალა. დროის ამავე პერიოდში გამოვლინდა ინფიცირების 282 ახალი შემთხვევა. აჭარაში მდებარე კლინიკებში კოვიდზე მკურნალობას გადის 842 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში 954, ხოლო ბინაზე მკურნალობს 5 512 ადამიანი.

3 სექტემბერს აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 453 ადამიანი.

 

86 გარდაცვლილი, 3 034 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 034 შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 3 952 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა  36 400 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 132, PCR ტესტით – 15 268. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,72%, ბოლო 7 დღის – 8,98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში – 282, იმერეთში – 375, ქვემო ქართლში – 188, შიდა ქართლში – 213, გურიაში – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 237, კახეთში – 289, მცხეთა-მთიანეთში – 72, სამცხე-ჯავახეთში – 69, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.

რა მისამართებზე შეიძლება ავტობუსებში კოვიდზე აცრა დღეს ბათუმში

ბათუმში გრძელდება მოქალაქეების აცრა სამგზავრო ავტობუსში მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში. დღეს მოძრავ პუნქტში ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი იქნება სამ ადგილას:

[checklist]

  • ინასარიძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ვილმარტის” მიმდებარე ტერიტორიაზე
  • დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ხოფას” მიმდებარე ტერიტორიაზე
  • აკაკი წერეთლის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

[/checklist]

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. დღის განმავლობაში კი მობილური ამბულატორია ქალაქის ხალხმრავალ დასახლებებში გადაინაცვლებს.

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ, მათ აცრა ორი ვაქცინით – ფაიზერითა და სინოვაკით შეუძლიათ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე არის მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
 ამას გარდა, მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშე ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გახსნილ ვაქცინაციის სივრცეში.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ბათუმის საარჩევნო სიებში ადგილი ისევ არ არის

„თვითონ არ აქტიურობენ“ – ძირითადად ასე ამართლებენ პოლიტიკოსები მათ მიერ შედგენილ საარჩევნო სიებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ადგილი გამსვლელ სიებში არც ამ არჩევნებში არ მოიძებნა. მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში მოსახლეობის [სულ 152 839] 3 პროცენტი სომეხი ეროვნებისაა, ანუ 4585 ადამიანი. რუსი ეროვნებისაა მოსახლეობის 1.9 პროცენტი, ხოლო 1.7 – სხვა ეროვნების.

რატომ აუარეს გვერდი პოლიტიკოსებმა ისევ ეთნიკურ ჯგუფებს? – ვკითხეთ რამდენიმე ბათუმელ პოლიტიკოსს, რადგან ბათუმში ხშირად გვესმის: „ეს მულტიკულტურული, მულტინაციონალური ქალაქი“.

„ეთნიკური უმცირესობებისთვის კვოტა არ გაგვისაზღვრავს, ეს არის დამოკიდებული მათ აქტივობაზე, გადაწყვეტილება მივიღეთ ამ შემთხვევაში ახალ სახეებზე,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ, გაერთიანებული ოპოზიციის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა.

გიორგი კირთაძის განმარტებით, პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქცენტი იმ ახალგაზრდებზე გააკეთა, რომლებიც ბათუმში „თავისუფლების კვარტალს“ წარმოადგენდნენ.

„ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად შეუერთდნენ „თავისუფლების კვარტალს“ და პარტიაში არიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები. აქცენტი გავაკეთეთ ახალგაზრდებზე,“ – აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

„იმდენი ხნის თანაარსებობაა უკვე ბათუმში, რომ მათ განსხვავებული საჭიროებები არ აქვთ. ბათუმში უფრო საერთო მოქალაქეობრივი საჭიროებებია,“ – მიიჩნევს ირაკლი კუპრაძე, „ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი. ირაკლი კუპრაძეც ხაზს უსვამს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პოლიტიკურად აქტიურები არ არიან.

„ამ ეტაპზე ეთნიკური მრავალფეროვნებით „ლელოს“ პარტიული სია არ გამოირჩევა, ამის მიზეზი არის ის, რომ თავად უმცირესობები არ არიან აქტიურები პოლიტიკურ ნაწილში… მინიმალური აქტივობის შემთხვევაში, ეს იქნებოდა დამატებითი მოტივაცია, რომ აგვესახა მაქსიმალური მრავალფეროვნება. მოხარული ვიქნებოდით, ასე ყოფილიყო,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ.

„შევთავაზეთ სიაში ჩასმა, მაგრამ უარი გვითხრეს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ვახტანგ კალოიანმა, გაერთიანებული ოპოზიციის და „ევროპული საქართველოს“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა. მას ვთხოვეთ დაესახელებია: ეროვნული და ეთნიკური უმცირესობებიდან კონკრეტულად ვის შესთავაზეს ამ პარტიიდან კანდიდატობა, ვინ თქვა საკრებულოს წევრობაზე უარი და რატომ?

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დაგვპირდა, რომ კონსულტაციას გაივლიდა და შემდეგ მოგვაწვდიდა ინფორმაციას. საბოლოოდ, ვახტანგ კალოიანმა გვითხრა, რომ ის პარტიის აქტივისტებს ესაუბრა, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ და ამ თემაზე საუბარი არ სურთ.

„არ სურთ გაჟღერდეს მათი სახელი და გვარები, უბრალოდ არ უნდათ იყვნენ საკრებულოში… ჩვენ რამდენიმე აქტივისტი გვყავს პარტიაში, ვინც ჩართულია პოლიტიკურ აქტივობებში, თუმცა მათ სამწუხაროდ არ გვითხრეს, რატომ არ სურთ საკრებულოში შესვლა და უფრო მეტი აქტიურობა… უბრალოდ თქვეს, რომ ჯერ ამისთვის მზად არ არიან,“ – აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

უმცირესობის წარმომადგენლები არიან „ქართული ოცნების“ სიაში, ერთი მე-17 ადგილზეა, მეორე მე-19 ადგილზე.

„დიახ, ეს გამსვლელი სიაა და მოწინავე პოზიციაა მე-17 და მე-19 ადგილებიც,“ – ამბობს ტიტე აროშიძე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში.

რატომ არ მიიჩნია პარტიამ საჭიროდ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საარჩევნო სიის ათეულში მაინც ყოფილიყვნენ?

„სრულიად ლოგიკურია, რომ ეს ადამიანები საკრებულოში მოხვდნენ…. მე-17 ნომერია ალექსანდრე პეტროსიანი, მე-19 ნომერია – კამურ კამაევი, რომელიც არის აზერბაიჯანელი და საქართველოს მოქალაქეა. ორივე გამორჩეული ბათუმელია,“ – დასძინა ტიტე აროშიძემ.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ადგილი ვერც გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ გამონახა. პარტიის პრესცენტრში კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა ორი დღის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ.

ეთნიკური ჯგუფებისთვის ადგილი არც გასულ წელს აღმოჩნდა საპარლამენტო არჩევნებში. რა თქვეს პარტიებმა გასულ წელს, ნახეთ აქ.

ნატვრის ასრულების ადგილი | კონსტანტინე ჩაჩიბაია

ავტორი: კონსტანტინე ჩაჩიბაია, იურისტი

___

მაღალმთიან აჭარაში და საქართველოს ყველა კუთხეში შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც ცოცხალი ცნობისმოყვარეობით ხვდებიან ახალ წიგნებს და მათში მოთხრობილ ამბებს არნახული სამყაროს შესახებ. ბიბლიოთეკა და კულტურული ცხოვრება ცხადია მხოლოდ ბავშვებს არ სჭირდებათ. მძიმე შრომაში ჩაბმულ ზრდასრულებსაც უნდა ჰქონდეთ სულის მოთქმის, წიგნთან და საკუთარ თავთან განმარტოების და ყოფითი საკითხების გარდა სხვა თემებზე დაფიქრების სივრცე და შესაძლებლობა.

ჩვენს ქვეყანაში ეს, ჯერჯერობით, მიუღწეველ ფუფუნებად მოსჩანს. უნდა ითქვას, რომ იმავე მაღალ მთიან აჭარაში ბავშვებიც ადრეული ასაკიდანვე ერთვებიან ფიზიკურ შრომაში, მათ შორის უცხოეთში შრომით მიგრაციაში და ნაადრევად უკან რჩებათ საკუთარი ბავშვობა.

კულტურასა და ადამიანს შორის მძიმე სოციალური ყოფის გარდა, კედლად შეიძლება აღიმართოს გეოგრაფიული პერიფერიულობაც. მე ამ მხრივ ნაწილობრივ გამიმართლა. ყველაზე ხშირად და დაჟინებით მშობლებისგან სწორედ წიგნების შეძენას ვითხოვდი ხოლმე. უარიც არასოდეს მიმიღია, რადგან ოჯახს ამის მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდა. ამ პრივილეგიის მიუხედავად, პრობლემად რჩებოდა წიგნების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

ფოთში, სადაც გავიზარდე, ამ საუკუნის დასაწყისში წიგნის მაღაზია არ გვქონდა. მხოლოდ საგაზეთო ჯიხურებში იყიდებოდა კონკრეტული ლიტერატურა – ძირითადად ის წიგნები, რომლებიც სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან ერთად გამოიცემოდა, ამ უკანასკნელთა ტირაჟის გასაზრდელად. ძველი, კლასიკური ლიტერატურის წაკითხვა საოჯახო და საქალაქო ბიბლიოთეკის დახმარებით შესაძლებელი იყო, ახლად გამოცემული წიგნების ხელში ჩასაგდებად კი, საქართველოს შედარებით დიდ ურბანულ ცენტრებში: ქუთაისსა და თბილისში მცხოვრებ ნათესავებს მივმართავდით დასახმარებლად.

მახსოვს, ერთხელ, როდესაც მორიგი ლიტერატურული ამანათი მივიღე, როგორ მესიამოვნა მისი სიმძიმე. სიმძიმე ნიშნავდა სქელ წიგნს და, შესაბამისად, ხანგრძლივ სიამოვნებას. წიგნის კითხვის ჩვევა მე ალბათ დასწავლის ყველაზე პრიმიტიული მეთოდით – მიბაძვით გამომიმუშავდა. მახსოვს, რომ 90-იანი წლების უშუქო ღამეებში არამხოლოდ წიგნებს, არამედ გაზეთებსაც ერთად ვკითხულობდით ოჯახში. გაზეთის ახალი ნომერს ფურცლებად ვინაწილებდით და შემდეგ ერთმანეთს ვუცვლიდით წაკითხულ ნაწილებს.

მე ყველაზე მეტად რთული კრიმინალური შემთხვევების გამოძიების და ისტორიული მოვლენების შესახებ დაწერილი სტატიები მაინტერესებდა და ამ რუბრიკებით ვიწყებდი გაზეთის კითხვას. თუმცა ზამთრის ღამეები გრძელი იყო და არც სხვა რუბრიკები, მათ შორის მედიცინაც კი, არ მრჩებოდა წაუკითხავი, რადგან ესეც თავგადასავალს ნიშნავდა, სამყაროს ახალი მხარის გაცნობას, თუნდაც ყველაფერი ვერ გამეგო წაკითხულიდან.

საღამოების „კითხვის წრის“ შემდეგ ბევრი წელი იყო გასული, როცა ერთხელ უნივერსიტეტიდან გამოსულს გზად წიგნის მაღაზიის წინ შეჩერებული პატარა გოგონა შემხვდა, რომელიც მინის ვიტრინის მიღმა წიგნებს ათვალიერებდა. გამომეტყველება, რითაც გოგონა წიგნებს ათვალიერებდა, მიდასტურებდა, რომ ის გარკვეულწილად მე ვიყავი. მინდოდა მივსულიყავი, მეკითხა, რომელმა წიგნმა დააინტერესა და დელიკატურად როგორმე იმასაც მოვახერხებდი, რომ წიგნზე ამელაპარაკებინა და ჩემგან ამ წიგნის საჩუქრად ყიდვა არ ეუცხოვა. თუმცა უმუშევარი სტუდენტის ჯიბე ასეთი დაუგეგმავი ნატვრების ასრულებას ვერ გაწვდებოდა.

მაღალმთიანი აჭარის ბიბლიოთეკის მხარდაჭერა ჩემთვის ირიბად ამ ნატვრის შესრულების შანსიც არის. ვინაიდან ვიცნობ „მოგზაური ბიბლიოთეკის“ იდეას და მის ორგანიზატორებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება უბრალოდ წიგნის მიტანის სერვისი, არამედ ბევრი ნატვრის სინამდვილედ გადაქცევის ადგილიც.

მჯერა, რომ ადამიანების პიროვნული განვითარების, კულტურული ცხოვრების გამოცოცხლების ინიციატივების მხარდაჭერა არა ჩვენი კეთილი ნების გამოხატულება, არამედ მოვალეობაა, რამეთუ დაწერილია: „ყოველი ჩვენგანი, ყველას წინაშე, ყველაფრის გამო დამნაშავეა.“

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

 

 

სანაპიროზე 2 ცათამბჯენის აშენებას „ორბი ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიები ითხოვენ

ბათუმში, რუსთაველის #39 -ში შპს „ბრიტიშ დეველოპმენტი“ მშენებლობის უფლებას ითხოვს, კომპანია ამ მისამართზე  სასტუმრო „ჰილტონისა“ და  შპს „ალიანსის“ მშენებარე პროექტის შუაში მოქცეულ 8000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთს ფლობს. შპს „ბრიტიშ დეველოპმენტის“ ნაკვეთის მიმდებარედ, რუსთაველის #44-ში კი, მშენებლობის უფლებას შპს „ვესტინვესტი“ ითხოვს.

კომპანია „ვესტინვესტს“ ბათუმში, ზღვასთან ახლოს, მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ 525 001 ლარად 2016 წელს მიჰყიდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2017 წელს ეს კომპანია, ნაყიდ მიწის ნაკვეთთან ერთად, 4 მილიონ 300 000 აშშ დოლარად [ლარის ეკვივალენტით] მიჰყიდეს „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფს“. ახალ მფლობელს 25-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც გადაეცა.

„ორბი ლოჯისტიკ ჯგუფთან“ არის დაკავშირებული შპს „ბრიტიშ დეველოპმენტიც“. შპს „ბრიტიშ დეველოპმენტი“ 2017 წელს ობშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა, დირექტორად ჯორჯი რურუა ფიქსირდებოდა. 2018 წლიდან კი, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი ბიზნესმენი ზვიად ზოიძე გახდა. ახლა უკვე კომპანიის მფლობელი ზაზა ზოიძეა.

მერიის ინფორმაციით, შპს „ბრიტიშ დეველოპმენტს“ სანაპიროზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა სურს და განაცხადი განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავებაზე [გდგ] თანხმობის მისაღებად მერიაში ოფიციალურად აქვს შეტანილი. კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.

შპს „ბრიტიშ დეველოპმენტის“ ნაკვეთის მიმდებარედ, რუსთაველის #44-ში კი, მშენებლობის უფლებას  შპს „ვესტინვესტი“ ითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შპს „ალიანსის“ მშენებარე ცათამბჯენის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ, ორი ახალი ცათამბჯენის მშენებლობა განიხილება. თუ ორივე პროექტი დამტკიცდა, რუსთაველის უნივერსიტეტის გაგრძელებაზე, ახალი ბულვარის მიმართულებით, სასტუმრო „ჰილტონის“ შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით სამი ცათამბჯენი გაჩნდება, ძველი ბულვარის მხარეს კი – მშენებარე „ბაბილონ თაუერი“.

„ალიანს ფრივილიჯი“ – რენდერი

შპს „ვესტინვესტი“ რუსთაველის #44-ში 3508 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. ნაკვეთები აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიებს 2016 წელს გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით მიჰყიდა. კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და ქონების შეძენიდან მალევე წილები სრულად გაასხვისეს.

ორივე კომპანიის განაცხადს მერია ერთობლივად განიხილავს და ასევე განმარტავს:

პროექტირების განხორციელების მთავარი მიზანია აღნიშნული კვარტალის, როგორც არქიტექტურული, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, მათ შორის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ერთიანი კონცეფციით განვითარება. 

მერია განმარტავს ასევე, რომ პროექტის განხორციელებისთვის ორივე კომპანიას განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა სჭირდება.

მერია განიხილავს კიდევ ერთ განაშენიანების დეტალურ გეგმას [გდგ] ბათუმში, ფიროსმანის, შ. ხიმშიაშვილისა და ჟიული შარტავას ქუჩებს შორის მოქცეულ კვარტალში. ამ შემთხვევაში თავად შპს „ორბი ჯგუფს“ მერიისთვის უკვე წარდგენილი აქვს გდგ კონცეფცია. აქ კომპანია საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე, 13 540 კვ.მ-ზე ორი ცათამბჯენის გვერდით, კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

კვარიათში მშენებარე სასტუმროსთან მიწის მასამ დამცავი კედელი გაარღვია [ვიდეო]

კვარიათში, მშენებარე სასტუმროსთან მიწის მასა ჩამოწვა. მიწის მასამ გაარღვია დამცავი კედელი. როგორც ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, ადგილზე იმყოფებიან ტერიტორიული სერვისცენტრის წარმომადგენლები და სიტუაციას შეისწავლიან.

როგორც „ბათუმელებთან“  მუნიციპალური სერვისების სააგენტოს უფროსი ჯაბა ბერიძე ამბობს, მიწის მასა იოანე ლაზის ქუჩაზე ჩამოწვა, ჩამოიშალა  დამცავი კედელი, რომელიც ბერიძის თქმით, კერძო პირმა ორი წლის წინ ჩამოასხა.

„მანდ არის მშენებარე სასტუმრო და როგორც ვიცით, მფლობელმა ჩამოასხა კედელი. სპეციალისტები იყვნენ ადგილზე გასული და სანამ ამინდი არ გამოვა, გაწმენდითი სამუშაოები ვერ განხორციელდება, რადგან შეიძლება უფრო მძიმე პროცესები განვითარდეს, ძალიან სველია მიწა“, – ამბობს ჯაბა ბერიძე.

კითხვაზე – ხომ არ ემუქრება საფრთხე დასახლებულ პუნქტებს, ჯაბა ბერიძე ამბობს, რომ  ამ დროისთვის გზა ჩახერგილია, თუმცა სოფელთან მისასვლელი შემოვლითი გზაც არსებობს. „ძალიან ბევრი მეწყერსაშიშია ზონაა, ამიტომ დაზუსტებით ვერ გეტყვით, კიდევ რა საფრთხე არსებობს“, – ამბობს ბერიძე.

ბათუმში დრეს დილიდან გადაუღებლად წვიმს.

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ხანძარია

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია, ცეცხლი ოთხსართულიანი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ცეცხლის გაჩენა ელექტროსადენებს უკავშირდებოდეს.

ხანძარი მემედ აბაშიძის ქუჩაზე ლოკალიზებულია

გახარია დებატებში იწვევს კალაძეს და მელიას

თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია თბილისის მერობის ორ კანდიდატს – კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს.

“დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში.

ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!” – წერს გიორგი გახარია თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნებოდა, გუშინ, 1-ელ სექტემბერს გახდა ცნობილი. გუშინვე “ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას “ქართულ ოცნებასთან” შუამავლის მეშვეობით ჰქონდა მცდელობა “ფინანსურ თემაზე”.

კობახიძისვე ვერსიით, ამ დროს იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ “ოცნების” ფინანსური მხარდაჭერა ექნებოდა, გახარია საკუთარ კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა.

დღეს კახა კალაძემ, თბილისის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” დაადასტურა, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას გუშინ მერიაში შეხვდა, თუმცა საუბარი თანხაზე არ ყოფილა, როგორც ეს “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა განაცხადეს.

https://netgazeti.ge/news/561576/

„გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ამ შეთანხმებას“ – ღარიბაშვილი მიშელის შეთანხმებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მისი თქმით, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა „არის ფარსი და სიყალბე“.

„მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როცა ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი დიდი მეგობრის შარლ მიშელის, ამერიკის ელჩის უშუალო მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და მაშინ ყველამ ერთად მოვაწერეთ ხელი, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც იმ კონკრეტულ მომენტში არსებობდა.

შეურაცხყოფა მიაყენეს მათ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს და წარმოიდგინეთ, მათთვის და იმისთვის, რომ რეალურად ჩვენი სახელმწიფოსთვის გადავდგით ასეთი კომპრომისული ნაბიჯები, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია და იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური შეთანხმება მომხდარიყო. ამაზე ნაწილობრივ წამოვიდნენ, გახსოვთ ალბათ, რომ ბოლო მომენტამდე არ შემოდიოდნენ პარლამენტში და ბაზარში რომ არის ვაჭრობა, ასეთი ვაჭრობა გამართეს ჩვენ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან.

ამის მიუხედავად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას, ველოდეთ ასი დღე, მიუხედავად მოწოდებებისა და ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხრიდან, მათ იგნორირება მოახდინეს ჩვენი პარტნიორების და არ მოაწერეს ხელი. ეს არ არის საბავშვო ბაღი, ეს პოლიტიკაა და ეს არის პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესები. ამიტომაც ანულირება მოვახდინეთ და გამოვედით ამ ხელშეკრულებიდან. ახლა გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ამ შეთანხმებას“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

___

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსახვევით, შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტს ხელი დღეს, 2 სექტემბერს, მოაწერა.

https://netgazeti.ge/news/561543/

შარლ მიშელის დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას. ამასთან, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ 28 ივლის განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადის.

https://netgazeti.ge/news/556482/

ინდოელი სტუდენტები საქართველოში შემოსვლისას 14-დღიან კარანტინს გაივლიან

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი სტუდენტი, ასევე სტუდენტები, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

აუცილებელი მოთხოვნაა სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ჩატარებაც.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 აპრილის დადგენილებით, ინდოეთიდან მომავალი სტუდენტებისთვის განსხვავებული შეზღუდვები იყო დაწესებული, რის მიხედვითაც სტუდენტებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეეძლოთ.

აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად მიიჩნია TDI -მ, რადგან ეს არა მარტო უზღუდავდა ინდოელ სტუდენტებს მათთვის სასურველ დროს ჩამოსვლას საქართველოში, არამედ უქმნიდა დამატებით ფინანსურ პრობლემებსაც.

საქართველოში ინდოელი სტუდენტები ძირითადად სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობენ. მაგალითად, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში 630-მდე ინდოელი სწავლობს, რომლებსაც გაზაფხულზე დაწესებული შეზღუდვების გამო შეექმნათ როგორც რეგისტრაციის, ასევე სხვა ადმინისტრაციული პრობლემები.

როგორც ბსუ-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, პანდემიის მიუხედავად, 2021 სასწავლო წელსაც ჩააბარეს ინდოელმა სტუდენტებმა ბათუმში, თუმცა სტუდენტთა რაოდენობა ბსუ-ში ჯერ ვერ დაგვიდასტურეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება. თუმცა განათლების მინისტრის თქმით, სამედიცინო სასწავლებლებს უფლება აქვთ არადისტანციურ რეჟიმში ჩაატარონ პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტები მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის,  რომლებიც სასწავლო პროცესის დაწყებისას იქნებიან სრულად ვაქცინირებულნი.

ბათუმში, სკოლის ეზოში, 3 ძირი მარიხუანა აღმოაჩინეს

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში სამი ძირი მარიხუანა აღმოაჩინა თეა ვაშალომიძემ. ის „მთავარი არხის“ რეპორტიორია ბათუმში. თეამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ დრომდე [12:00] პოლიცია არ გამოჩენილა და ვერც სკოლის ადმინისტრაციასთან მოახერხა დაკავშირება.

სკოლის ადმინისტრაციასთან დაკავშირება სცადა „ბათუმელებმაც“. სკოლის დირექტორის თქმით, ის შვებულებაში იმყოფებოდა და ფაქტის შესახებ არაფერი იცის.

„მივმართე პოლიციას. მიმდინარეობს ეზოს გაცელვა“- ამბობს დირექტორი.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ. უწყების მიერ დადასტურებულ ინფორმაციას, ნამდვილად მარიხუანაა თუ არა სკოლის ეზოში აღმოჩენილი მცენარე, აქვე შემოგთავაზებთ.

კორონავირუსის 295 შემთხვევა დადასტურდა აჭარაში, გარდაიცვალა 12 ადამიანი – 2 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მკურნალობს 7538 პაციენტი, კოვიდკლინიკებშია – 915, კოვიდსასტუმროებშია – 1015, ონლაინკლინიკებში –  5608.

 

ბათუმში კოვიდით 20 წლის გოგო დაიღუპა

კორონავირუსით გუშინ ბათუმში 20 წლის გოგო გარდაიცვალა. გასულ კვირას კი მისი ბებია დაიღუპა.

გოგო ქედის მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანეს 31 აგვისტოს და კლინიკა „მედცენტრში“ მოათავსეს. მას 6 თვის შვილი ჰყავს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, კლინიკაში შეყვანის დროს გოგოს სატურაცია 50 ჰქონდა.

„პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა… მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე“, – აცხადებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

“ეს სიურპრიზი იყო” – აშშ-ის ელჩი მთავრობის მიერ 75 მილიონი ევროს დახმარებაზე უარის თქმაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს მთავრობის მიერ 75 მილიონ ევროზე უარს აფასებს. ელჩი ამბობს, რომ 75 მილიონი ევრო ცოტა არ არის და მთავრობის გადაწყვეტილება სიურპრიზი იყო.

„ჩვენთვის ცოტათი სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის ის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ  მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად უმუშევრობისა და იმ მდგომარეობისა, რაც საქართველოში არსებობს…

ამას გარკვეულწილად გამოეხმაურება ვაშინგტონიც, მაგრამ ამავდროულად გასათვალისწინებელია ის, რომ ის რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაგრძელდეს, არ უნდა შეჩერდეს – ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმებია.

და ამ შემთხვევაში, ეს 75 მილიონი ევრო იმისათვის, რომ განხორციელდეს ეს რეფორმები, ეს არ უნდა იყოს ამასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში კონგრესი უყურებს, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები, ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს – 75 მლნ ევრო ცოტა არ არის“.

დეგნანი ამბობს, რომ ენმ-ის მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა კარგია ნიშანია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დადებითად აფასებს ენმ-ის მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერას და აცხადებს, რომ საჭიროა შედგეს შეთანხმება პოლიტიკურ სივრცეში.

“მივესალმებით ნაციონალური მოძრაობის ამ გადაწყვეტილებას. ეს ხელმოწერა არის მართლაც კარგი ნიშანი იმისა, რომ შეთანხმება შედგეს პოლიტიკურ სივრცეში. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რომელიც აუცილებელია და ამ შემთხვევაში საქართველოს ლიდერებს შორის უნდა იყოს ეს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, ევროპული მხარე ყველანაირად ეცდება, რომ დაეხმაროს ამ პროცესს, მაგრამ ეს არის ქართველ ლიდერებს შორის მიმდინარე პროცესი.

ეს კარგი ნიშანია, რომ მსგავსი რამ განხორციელდეს. ეს არის ნიშანი იმის, რომ ის რეფორმები, რომლებიც დაგეგმილია, აუცილებლად განხორციელდება, რაც გააძლიერებს მთლიანად საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და წინასაარჩევნო პროცესსაც შეუწყობს ხელს. ეს რეფორმები მთლიანად ეხება, დადებითად აისახება და დადებით შედეგს მოუტანს ქვეყანას,” – თქვა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გასვლაზე.

„როგორც მოგახსენეთ, ეს დოკუმენტი არის გზამკვლევი იმ რეფორმების, რომელიც უნდა განხორციელდეს და ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, ქართველი ლიდერების საშუალებით უნდა განხორციელდეს. ამ რეფორმების განხორციელება არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ის შეესაბამება სწორედ იმ სერიოზულ გადაწყვეტილებებს… ეს ხელმოწერა არის სერიოზული გზავნილი, რომელიც გარკვეული მესიჯივით უნდა იყოს. შესაბამისად, ამ რეფორმების განხორციელება დადებითად უნდა აისახოს საქართველოს ყველა მოსახლეზე,” – თქვა ელჩმა.

კოვიდით 81 ადამიანი გარდაიცვალა – 2 სექტემბერი

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 81 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.  ახალი დადასტურებული შემთხვევა ბოლო 24 საათში კი არის 3 212. კორონავირუსით ქვეყანაში მთლიანობაში  7 563 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 502 534 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი – 5 017 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით არის – 40 435, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 334, PCR ტესტით – 16 101.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,94%, ბოლო 14 დღის – 9,85%, ბოლო 7 დღის – 9,13%.

სულ ჩატარდა 1 235 386 აცრა, ერთ დღეში აცრილია 23 916 ადამიანი.

კარანტინში იმყოფება 103 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7 343, ხოლო კლინიკურ სასტუმროში – 2 680.

 

 

ვერ წარმომიდგენია ვინმეს ფული ვთხოვო – ატელიეს მეპატრონე პანკისიდან

მარეტ გელაევა პანკისის ხეობაში ცხოვრობს და საკუთარი პატარა ატელიე აქვს. ატელიეში ძირითადად თავად კერავს. დედა და უმცროსი დები ეხმარებიან, როცა ბევრი შეკვეთა ერთად უგროვდება. ასე კი ხშირად ხდება, რადგან მარეტს დიდი ხანია ატელიე აქვს და ბავშვობიდან კერავს.

„პანკისში ქალებს ძირითადად გრძელი კაბები აცვიათ, ზედატანიც გრძელმკლავიანი უნდა იყოს, ბევრი ქალი შებურულია, სპეციალური სამოსია ამისთვის საჭირო. ასეთს ისინი ყველგან ვერ ყიდულობენ. მივხვდით, რომ აქ კარგად იმუშავებდა ატელიე, ჰოდა, გავხსენით კიდეც რამდენიმე წლის წინ. კლიენტიც ბევრი გვყავს. სკოლის მოსწავლეობიდანვე ვეხმარებოდი დედას კერვაში. ფარმაცევტის საქმე შევისწავლე სკოლის დამთავრების შემდეგ თელავის კოლეჯში, მაგრამ მაინც ატელიეში კერვა გადავწყვიტე ბოლოს. ბავშვობიდან შევეჩვიე ამ საქმის კეთებას“, – ამბობს მარეტი.

როგორც ის გვეუბნება, მის სოფელსა და მთლიანად პანკისში ქალები ძირითადად სკოლებსა და ბაღებში საქმდებიან მასწავლებლებად და აღმზრდელებად. მარეტი გვეუბნება, რომ ბევრ ქალს სურს იმუშაოს და საკუთარი შრომით გამოიმუშავოს ფული, თუმცა ამ სურვილის განსახორციელებლად შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ადგილები არ არის.

„ძალიან კომფორტულია, როცა საკუთარი შემოსავალი გაქვს, არავის სთხოვ არაფერს და როცა გინდა რამე გააკეთო, ეს შენივე სახსრებით შეგიძლია. მე უკვე ვერ წარმომიდგენია ვინმეს ფული ვთხოვო საკუთარი საჭიროებებისთვის.

ოჯახშიც ასე ვანაწილებთ ყველაფერს: მუშაობენ ჩემი ძმები და დებიც, საოჯახო, ყოველთვიური ბიუჯეტისთვის ერთად ვაგროვებთ ფულს. ჩემი საქმიანობა წარმატებული და გამართლებულია: კარანტინში ვიყავი რამდენიმე დღე და როცა დავბრუნდი, უამრავი ხალხი მოვიდა შეკვეთით, მელოდებოდნენ, მითხრეს ძალიან დაგვაკლდა შენი ხელიო. მახარებს, რომ ჩემს ხეობაში საჭირო ადამიანი ვარ, ქალებს ვუმსუბუქებ ცხოვრებას“, – ამბობს მარეტი.

შეკვეთების სიმრავლისა და ბევრი საქმის გამო მარეტს დრო აღარ რჩება სხვებსაც ასწავლოს პანკისში კერვა, თუმცა ამის დიდი სურვილი აქვს.

„ჯერ მთლიანად მუშაობაზე ვარ ორიენტირებული. თუმცა ალბათ დადგება დრო, როცა საქმეს სხვა გოგოებსაც ვასწავლი. დედა ასწავლიდა ყოველთვის პანკისელ გოგოებს კერვას, სანამ ავად გახდებოდა. ახლა აღარ შეუძლია. აუცილებლად ვასწავლი ამ საქმეს სხვებსაც. უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება ჯერ ამისთვის“, – ამბობს მარეტი.

ჩემი მეგობრები ჰეკლბერი ფინები არიან | თეკლა ერემეიშვილი

ავტორი: თეკლა ერემეიშვილი, ახალგაზრდა მწერალი

___
მალე ცისკრის ვარსკვლავი დილის რინდებს გადაყვება და ჩვენ, აგვისტოს ბოლო დღეების მზესავით მოქანცული სხეულებით და სულებით მზერას შევატოვებთ ნავარსკვლავებ ცას. სურვილების ჩაფიქრობანას ვთამაშობთ. ვიფიქრებთ და ვიფიქრებთ, ვარსკვლავთცვენას დავამთხვიოთ იქნებ და ოცნებების ახდენის მაგიური ალგორითმი დავადგინოთ.

გამთენიისას ცის ხომალდების კვამლი წაიღებს ყოველ ჩანაფიქრს სხვა გალაქტიკებისკენ და ჩვენ ხვალ ისევ გავიმეორებთ მზერებს ცისკენ.

ახლა ერთად ყოფნა საშიშია, მაგრამ ერთმანეთის მარტოობის განცდას ერთად ყოფნები სჭირდება. ნეტავ, სერაფიმების ფრთების მტვერით აგვევსოს ყურები და თვალები და ვეღარ ვხედავდეთ და გვესმოდეს სამყაროს ისტერიკული ძახილი თვითგანადგურების.

ყოველ საღამოს, ერთი და იგივე დროს, მარტოობისგან გადასარჩენად ინერციით მივდივართ ერთი და იგივე ადგილას. სოფლის ცენტრში ჩამომსხდარები, გორაკზე ტყეში აქა-იქ ჩადგმული სახლების ნათებას ურჩხულებად ან უზარმაზარი მხეცის თვალებად წარმოვიდგენთ და მისტიკური ხდება მანძილი იმ სახლებიდან ჩვენამდე და პირიქით. აქვე სიძველისგან ნახევრად დანგრეული შენობები დგას და დესტრუქციული სილამაზე “გვაკიმარებს” ჩვენივე მოწყენილობით და ვიცით, რომ ასე არ შეიძლება და რომ შეიძლება, საკუთარმა მოწყენილობამ ჩაგვყლაპოს.

– რა ვქნათ? – კითხულობს ერთი.

– ჭვავის ყანაში ვითამაშოთ – ვპასუხობ.

– წამო იქ ავიდეთ! – ხელს იშვერს ძველი შენობისკენ.

– მანდ ხო ბიბლიოთეკა იყო. შევიხედოთ რა ხდება. ყველანი ვდგებით და გაუქმებული ბიბლიოთეკის შენობისკენ მივდივართ.

თაროებგამოცლილი წიგნების გროვა ყრია იატაკზე, ზოგი მწყობრად ერთმანეთზე, ზოგიც ქარისგან გადაშლილი, ფურცლებნაკლული. იატაკისკენ ვიხრები, ერთ-ერთ გადაშლილ წიგნთან ფანარი მიმაქვს და ხმამაღლა კითხვას ვიწყებ. მალევე ამოვიცანით: “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” აღმოჩნდა. აქვეა ტომ სოიერიც.

მოდიან წარმოსახვები, შეგრძნებები… ერთმანეთის თვალებში ვამჩნევთ ბავშვობის გამოღვიძებას. ვიბრუნებთ დაკარგულ ჩვენივე თავებს. აღდგა ვერბალური კომუნიკაცია; ვმსჯელობთ, ვის უფრო მოუხდებოდა ჰეკლბერი ფინობა. უკვე საკუთარ თავშიც და ერთმანეთშიც ვგრძნობთ ბავშვურ წამლეკავ ენერგიას, რომელსაც შეუძლია შუა ქუჩაში “კლასობანა” დაგახაზინოს და იმ სახლებამდეც სირბილით მიგიყვანოს, გორაკზე რომ ჩანს და ურჩხულის თვალებში ჩაგახედოს და იქიდან აქამდე მანძილი გამოგათვლევინოს; რამდენი სროლა ისარი იქნება, ან ირმის რამდენი ნახტომი ჩვენი შეკრების ადგილამდე.

ჩვენ ვართ ჰეკლბერი ფინი, ტომ სოიერი, პეპი და სხვა და ჩვენშია შეგრძნება ბავშვად ყოფნის. ყველა შიშს ამ შენობის მოჩვენებებს შევატოვებთ ხელებში, გავთავისუფლდებით და დაგვრჩება მხოლოდ დაუბანელი ხელების გამო დასჯის შიში, როგორც ბავშვებს. დაღლილი სხეულები და სულები გვევსება წიგნის ფურცლიდან დაბადებული ენერგიით. ჰეკი შთაგვაგონებს თავგადასავლის ძიებას, თუნდაც ამ ტექსტისხელა მანძილზე გასეირნებით. ოღონდ ეს განცდა შევინარჩუნოთ წიგნის რამდენიმე აბზაცმა რომ აახმაურა ჩვენში. დაგვიბრუნა სამყაროსთან ინტერაქცია.

აქ მოსვლით მშვიდად დავამთავრებ ზაფხულს, რადგან ვიცი, რომ სოფელში თავიანთ მარტოობასთან მარტო დარჩენილი ჩემი მეგობრები ისწავლიან მოწყენილობა როგორ გახადონ ასატანი, მარტოობა – მრავალფეროვანი. თავს გადაირჩენენ ამ წიგნებით და თვითონ ამ წიგნებსაც დაიხსნიან გადაურჩენლობისგან.

ჩემი მეგობრები ხომ ჰეკლბერი ფინები არიან.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

სადავეები ხელიდან გაშვებულია – რა გამოსავალს გვთავაზობენ ექიმები ახლა 

დღეს პირველი სექტემბერია და ბათუმის ქუჩებში ამცრელი ბრიგადებიც გამოჩნდნენ, ადამიანებმა უფრო მარტივად, პირდაპირ ქუჩაში ვაქცინაცია რომ შეძლონ. თუმცა რეალობაში, როცა კორონავირუსის გამო ქვეყანაში ყოველდღიურად ათობით ადამიანი კვდება, ჯერ კიდევ მთავარი პრობლემა მითები და ლეგენდებია, რაც უფრო პოპულარულია, ვიდრე ექიმების მოწოდებები.

ექიმების ნაწილი ამ პროცესში პირდაპირ ხედავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მათი აზრით, არ შეიძლება დეზინფორმაციას ასეთი გასაქანი მისცემოდა ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე და ამას ცხადყოფს მოცემულობაც: კორონავირუსის წინააღმდეგ არაფრის კეთებით გამორჩეულ ქვეყანაში პრიორიტეტია რესტორანი და გართობა, სკოლის და საბავშვო ბაღის ნაცვლად.

პირველი სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 3886 ახალი შემთხვევა.

მაჩვენებლების კლება შემოდგომის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალისტებმა ივარაუდეს, ხელისუფლებამ კი, რომელმაც კოვიდსიტუაციის მართვა ვერ მოახერხა, თქვა, რომ „პიკურმა მდგომარეობამ გადაიარა“.

რა იქნება ახლა, თუკი „პიკი გადავიარეთ“?

„სამწუხაროდ, სადავეები ხელიდან გაშვებულია… ერთიანი ხედვის და თავმობმული მოქმედების გარეშე ახლა ძალიან დიდი იქნება დანაკარგი,“ – მიიჩნევს, მაგალითად, ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე. იგი დანიაში მუშაობს კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

დანიაში უკვე მოსახლეობის დაახლოებით 85 აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

„რეგულაციები რამდენიმეა დარჩენილი და ისიც 10 სექტემბრიდან მოიხსნება. თუმცა მოსახლეობა უკვე შეეჩვია კონკრეტულ წესებს, მაგალითად, დისტანციის დაცვას, პირბადის ტარებას,“ – გვიყვება ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე. – „დანიამ ამას მიაღწია იმით, რომ კორონავირუსის საკითხებზე იყო ცენტრალიზებული მიდგომა, მათ შორის, ინფორმაციის გავრცელების კუთხით. განცხადებებს აკეთებდნენ წამყვანი ექსპერტები, პროფესორები და ეს ინფორმაცია ყოველთვის იყო ძალიან კონკრეტული, მარტივად გასაგები, პროცესი იყო ღია და ადამიანებს ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რა რესურსი არსებობდა, რა იყო საჭირო. არასდროს ეს ინფორმაცია არ იყო დამაბნეველი“.

გამოწვევებზე საუბრის დროს დანიაში მომუშავე ექიმი მთავარ აქცენტს ანტივაქსერულ მოძრაობაზე აკეთებს და ამბობს, რომ გაკვირვებული დარჩა, როცა ანტივაქსერებმა „ასე მოიკიდეს ფეხი“ და მეორე – მისი კოლეგების ნაწილი საქართველოში ვაქცინის, ანუ მედიცინის საპირისპირო მხარეს დადგა.

ზაზა უჯმაჯურიძე

„ჩემდა სამწუხაროდ ბევრი ისეთი ექიმია, რომელსაც კარგი განათლება აქვს, ინგლისურიც იციან, ანუ ინფორმაციასაც იღებენ და ანტივაქსერია… ვერანაირად ვერ ვამართლებ საქციელს ასეთი ექიმისა, რომელიც პაციენტს ეუბნება, რომ არ უნდა აიცრას, ექიმი არ უნდა უშვებდეს პაციენტს სიკვდილის გზაზე,“ – კატეგორიულია ზაზა უჯმაჯურიძე და ანტივაქსერი ექიმების დასჯასაც ითხოვს:

„მაშინ თქვან, რომ ტრადიციულ მედიცინას კი არა, ალტერნატიულ მედიცინას წარმოადგენენ. ყველას აქვს ამის უფლება ჰომეოპათიით დაინტერესდეს, ან ზღაპრების სჯეროდეს, მაგრამ ტრადიციული მედიცინის სახელით ამას ვერ უნდა ბედავდეს ექიმი… ეს რეალურად არის დანაშაული საზოგადოების წინაშე. აქ მეტი ლაპარაკი არ შეიძლება,“ – გვითხრა ზაზა უჯმაჯურიძემ.

რა გააკეთეს დანიაში ანტივაქსერული მოძრაობის წინააღმდეგ?

„ეს ყველგან არის, ყველგან გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც  კონსპირაციული იდეები მოსწონთ, მაგრამ ეს დანიაში არ წასულა კერძო სოციალურ ქსელს მიღმა, არ მიეცა ამას დიდი გასაქანი და რაც მთავარია, ცოდნა, მკაფიო გზავნილები დავახვედრეთ ანტივაქსერულ მოძრაობას, გარდა ამისა, დანიელი ხალხი გაცილებით უფრო რაციონალურად აზროვნებს და ენდობა მედიცინას და მის მესვეურებს“ – აღნიშნავს ზაზა უჯმაჯურიძე.

ექიმი მიიჩნევს, რომ საქართველოში ხელისუფლებას შეეძლო ქმედითი ნაბიჯები გადაედგა ანტივაქსერული მოძრაობის წინააღმდეგ, თუკი მას ამის ნება ექნებოდა.

„საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა მსოფლიოში, ასეთი გასაქანი ანტივაქსერულ მოძრაობას არ აქვს არსად, ანტივაქსერებმა ფონი ვერ უნდა შექმნან, ეგ გამორიცხულია… ხელისუფლებას შეეძლო იგივე ფეისბუქის ადმინისტრაციისთვის ეთხოვა კონკრეტული გვერდების დაბლოკვა, როგორც ეს ხდება ტერორიზმის მოწოდების შემთხვევაში. ანტივაქსერობა ტერორიზმს ნიშნავს ახლა, გაცნობიერებულად აკეთებ ამას, თუ გაუცნობიერებლად,“ – ამბობს ზაზა უჯმაჯურიძე.

დანიაში მყოფი ქართველი ექიმის დაკვირვებით წამყვანმა ქართველმა პროფესიონალებმა, რომლებმაც ხალხის დიდი სიყვარული და ნდობა მოიპოვეს დასაწყისში, თითქოს დათმეს საკუთარი პოზიციები. ყოველ შემთხვევაში, ხალხი მათ ნაკლებად უსმენს, რაც სამწუხაროა, არადა მათი მოწოდებები ძალიან მართებულია.

„სამწუხაროდ, ჩვენ [საქართველო] წავედით არამეცნიერული გზით და იგივე სამეულს, რომელსაც ადრე უსმენდა ხელისუფლება, ახლა ჩანს, რომ მათ სიტყვას აღარ აქვს ძალა. არადა თქვენ რომ ავტომანქანა გაგიფუჭდეთ, ჩემთან ხომ არ მოხვალთ, მიხვალთ ავტორიზებულ სახელოსნოში ხომ?“ – კითხულობს ზაზა უჯმაჯურიძე.

1 ექიმის 150 პაციენტი ჰყავს – პრობლემები, რომლებიც ისევ უმართავია

„დავიწყეთ დაღმასვლა, მაგრამ ახლა ზეწოლა იქნება ძალიან დიდი ჰოსპიტალურ სექტორზე, გარდაცვალების მაჩვენებელიც იქნება ისევ მაღალი,“ – ასეთია ექიმის, ვახტანგ კალოიანის მოლოდინი პიკის გადავლის შემდეგ. იგი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია ოპოზიციიდან და კონკრეტულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც თანმიმდევრული და ორგანიზებული მართვის შემთხვევაში არ გვექნებოდა.

ვახტანგ კალოიანი

„მაგალითად, პრობლემაა ამ დრომდე მძიმე პაციენტების მოთავსება ჰოსპიტლებში და სანამ კრიტიკულად მძიმე არ გახდება პაციენტის მდგომარეობა, კლინიკაში არ ათავსებენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი, ამ დროს არ აქვთ პროგრამული უზრუნველყოფა იცოდეს, სად არის თავისუფალი ადგილი, სად გამოთავისუფლდება და ასე შემდეგ. პრობლემაა ასევე ჰოსპიტლებს შორის კომუნიკაცია, პაციენტის ტრანსპორტირება ერთი კლინიკიდა მეორეში,“ – გვიყვება ვახტანგ კალოიანი.

პრობლემაა ისეთი საკითხებიც, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახის ექიმთან დაკავშირება, როცა მით უმეტეს ცხელი ხაზიც აღარ გემსახურება, ან როცა სოფლად ცხოვრობ და ინტერნეტი არ გაქვს, შესაბამისი ინფორმაცია რომ მოიძიო.

„ცხელი ხაზი 112 გადაიტვირთა, რადგან ის არ იყო ამ რაოდენობაზე გათვლილი. შეიძლებოდა და ახლაც შეიძლება ოპერატორების დამატება, მაგრამ ესეც არ გააკეთეს, რომ პაციენტები, რომლებიც კლინიკაში არ გადაჰყავთ, მარტივად დააკავშირონ ექიმს,“ – დასძინა ვახტანგ კალოიანმა.

დღეს უკვე, როცა ადამიანს კორონავირუსი უდასტურდება, თუ ის კლინიკაში, ან კოვიდსასტუმროში გადასაყვანი არ არის, მის შესახებ ინფორმაცია ოჯახის ექიმების ერთიან ბაზაში განთავსდება. ოჯახის ექიმი თავად უნდა დაუკავშირდეს კოვიდპაციენტს.

ერთ ექიმს რომ უკვე 150 პაციენტი ჰყავს მისახედი, ამ რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი.

„უკვე იმდენი პაციენტია, რომ აქტიური კომუნიკაცია ექიმთან რთულია. ზოგიერთ ოჯახის ექიმს უკვე 100 – 150 ადამიანი ჰყავს და ამდენს ვერც კი დაურეკავს დღის განმავლობაში ერთი ექიმი. ექიმების ლიმიტი ამოწურულია. ექიმის გაზრდას 9 – 10 წელი სჭირდება. გამოსავალი არის ეპიდსიტუაციის კონტროლი, რომ შემცირდეს პაციენტების რაოდენობა,“ – მიიჩნევს ბიძინა კულუმბეგოვი.

ექიმ ვახტანგ კალოიანის დაკვირვებით, გამოწვევად რჩება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, მედიკამენტების მარაგის დროული შევსება და პროცესის ორგანიზება იმგვარად, როცა ექიმს მინიმუმ დროულად მიეწოდოს განახლებული ინფორმაცია.

„სამედიცინო პერსონალი ახლა ძალიან დაღლილია, მათ საკუთარ თავზე უწევთ ბევრი რამის აღება,“ – დასძინა ვახტანგ კალოიანმა.

ვახტანგ კალოიანის თქმით, სამედიცინო პერსონალი გადაღლილია

ვახტანგ კალოიანი ასევე მიიჩნევს, რომ კონკრეტული ჯგუფების აცრა სავალდებულო უნდა გახდეს.

„მაგალითად, საჯარო მოხელეების, ვაჭრობის სფერო, სკოლებში დასაქმებული ადამიანები… პრიორიტეტი უნდა იყოს ბაღების და სკოლების გახსნა. ეს უნდა იხსნებოდეს პირველ რიგში და ყველაზე ბოლოს იკეტებოდეს. ხელისუფლება ცდილობს შექმნას სურათი, რომ თითქოს ბიზნესი მუშაობას, მაგრამ ამ დროს ბიზნესს უზარმაზარი პრობლემები აქვს. ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე,“ – მიიჩნევს ვახტანგ კალოიანი.

რა უნდა გაკეთდეს ახლა?

„ტელევიზორებიდან ლაპარაკი საკმარისი აღარ არის, უშუალოდ უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, თუ გვინდა, რომ ზამთარს მშვიდად შევხვდეთ,“ – ამბობს ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი. მისი აზრით, ანტივაქსერი კი არაა ბევრი, არამედ ადამიანების დარწმუნებას ვერ ვახერხებთ.

„ჩვენ ბევრი ანტივაქსერი არ გვყავს… ამ ადამიანების ძირითად ნაწილს სჭირდება კომპეტენტური პირის განმარტება, მათთვის მნიშვნელოვანია პირადი ისტორია და ფიქრობენ, რომ ვაქცინას რაღაცას დამართებს. ადამიანებს სჭირდებათ მყარი არგუმენტები ავტორიტეტული პირებისგან. მხოლოდ ტელევიზორში მოსმენა „აიცერი“, „აიცერი“ არაა საკმარისი“, – მიიჩნევს ბიძინა კულუმბეგოვი.

ექიმი მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობაც.

„მაგალითად, სიღნაღში მხოლოდ ერთი აცრის პუნქტია, მაგრამ სიღნაღში ბევრი სოფელია, რომელიც ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული ამ ცენტრს. ზოგიერთს საკუთარი ხარჯით არ შეუძლია გადაადგილება, მოხუცია და ვერ გადაადგილდება, ამიტომაც საჭიროა მობილური ჯგუფები,“ – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა „ბათუმელებთან“.

ექიმი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ეფექტური შედეგის მომტანი იქნება მასობრივი ტესტირება, რადგან დროულად დაფიქსირდება უსიმპტომო პაციენტები. ბიძინა კულუმბეგოვი ასევე ემხრობა სამედიცინო პერსონალის სავალდებულო აცრას.

„მასობრივი ტესტირება უნდა გამოცხადდეს, რომ პანდემიის გავრცელება მკვეთრად შევამციროთ… სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას ჰქონდა განცხადება, რომ მხარს უჭერს ექიმების სავალდებულო აცრას. ბუნებრივია, უნდა არსებობდეს რაღაც პერიოდი, რა დროსაც მოხდება სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.

ბიძინა კულუმბეგოვი

ინტენსიური ვაქცინაცია, არსებული რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი და მასობრივი ტესტირება – ამ სამ ფაქტორს ასახელებს ბიძინა კულუმბეგოვი იმისთვის, რომ პოზიტიური მოლოდინი გაჩნდეს და ნოემბრისთვის კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 ათასს მაინც ჩამოსცდეს.

„მაგრამ ხელისუფლება ახლა უფრო წინასაარჩევნო კამპანიითაა დაკავებული და არა ინტენსიური ვაქცინაციის პროცესით,“ – დასძინა საუბრის ბოლოს ბიძინა კულუმბეგოვმა.

სკოლების 60 პროცენტში სწავლის პირისპირ დაწყება შეგვეძლო – ტაბატაძე

„სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება“, – ეს პოზიცია აქვს UNICEF-ს პანდემიაში სასკოლო პროცესების მართვაზე. საქართველოში კი პირიქით მოხდა – მუშაობს რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და სხვა ყველა დაწესებულება, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლებმა და უნივერსიტეტებმა ახალი სასწავლო წელიც 15 სექტემბერს ონლაინში უნდა განაახლონ.

ზოგი ფიქრობს, რომ თუ მოსწავლეები ვერც წელს მოახერხებენ მასწავლებლებთან პირისპირ შეხვედრას, შესაძლოა ქართული განათლების სისტემა აღმოჩნდეს კოლაფსში. რა უნდა გაეკეთებინა, რა გააკეთა და არ გააკეთა მთავრობამ ვითარების შესაცვლელად – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე საუბრობს.

  •  ბატონო შალვა, „იუნისეფის რეკომენდაციაც არის, რომ სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიხუროს. რამდენად შესაძლებელი იყო ამისთვის მომზადება?

პირისპირ სწავლება არის მნიშვნელოვანი, როგორც განათლების ხარისხის, ასევე სოციალური ურთიერთობებისთვის, მათ შორის მშობლებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და ასე შემდეგ.

სწავლის პირისპირ დასაწყებად, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო უკეთესად მომზადებულიყო საზოგადოება, სახელმწიფო, განათლების სისტემა, აქ ვგულისხმობ ვაქცინაციას, რომელიც ვაღიაროთ, რომ გვიან დაიწყო – სექტემბრისთვის მასწავლებლების 80 პროცენტი უკვე უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული. მარტო მასწავლებლების ვაქცინაციაც არ იქნებოდა საკმარისი.

ასევე, 12 წლის და ზემოთ ასაკის მოსწავლეების ვაქცინაციაზე მსჯელობაც გვიან დაიწყო საქართველოში, როცა ბევრ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს აცრა. ამ თვალსაზრისით არის ხარვეზები და შეგვეძლო უკეთესად მოვმზადებულიყავით.

ის, რომ 15 სექტემბერს უნდა განახლდეს ონლაინსწავლება, აქაც ძალიან მარტივად და ცენტრალიზებულად არის მიღებული გადაწყვეტილება. სულ ვამბობ ხოლმე – საქართველოში არსებული სკოლების განლაგება გვაძლევს საშუალებას, რომ თუ კარგად მოემზადებოდნენ სკოლები, მუნიციპალიტეტები და თემები, სკოლების 60 პროცენტში სწავლა შეგვეძლო დაგვეწყო პირისპირ.

  • იქნებ დავაკონკრეტოთ, უკეთ მომზადებაში რა იგულისხმება,  რადგან სკოლებში გვეუბნებიან, რომ შეუძლიათ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ვგულისხმობ იმას, რომ 60 პროცენტამდე სკოლები არის მცირეკონტინგენტიანი, 170 მოსწავლეზე ნაკლები ჰყავთ და, შესაბამისად, ამ სკოლებში რეგულაციების დაცვა შესაძლებელია. ბევრ კლასში 10-12 მოსწავლეა მაქსიმუმ, ამიტომ  მათი გადანაწილება და რეგულაცია იქნებოდა ძალიან მარტივი. ასევე, მასწავლებლები უნდა ყოფილიყვნენ აცრილი და იმ თემში, იმ სოფელში, სადაც სკოლა გაიხსნება, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული.

ჩვენ გვაქვს სოფლები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა არ ყოფილა ინფიცირებული, მაგრამ ქალაქიდან ბევრმა ჩაიტანა ვირუსი და იყო ლოკალური აფეთქებები, ამიტომ ეს რომ გამორიცხულიყო, სკოლის დაწყებამდე ტესტირებაც სავალდებულო იქნებოდა ყველა მოსწავლისთვის.

სკოლების 60 პროცენტში ჩვენ შეგვეძლო სწავლის პირისპირ დაწყება, თუ ამისთვის გვექნებოდა მზაობა და ეს იქნებოდა ინდივიდუალური მიდგომა.

მაგალითად, თუ საქართველოში დადებითობის მაჩვენებელი 10 პროცენტია, შესაძლებელია ხულოს რომელიღაც სოფელში იყოს 0 პროცენტი. ამიტომ, რადგან საქართველოში 10 პროცენტია დადებითობა, ხულოს რომელიღაც სკოლაში სწავლა არ უნდა დავიწყოთ? ასეთი ცენტრალიზებული გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული, არამედ ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, როგორია ეპიდსიტუაცია კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, კონკრეტულ თემში, სადაც სკოლაა განლაგებული.

თუ წინა გამოცდილებას ვნახავთ, სწორედ მაღალმთიან და სოფლის დასახლებებში გვქონდა განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა გასულ წელს და ინდივიდუალური მიდგომებით ჩვენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებსაც მოვიცავდით პირისპირ სწავლებისთვის.

  • რაც შეეხება ქალაქს?

საქალაქო დასახლებებში ნამდვილად სწორია ონლაინსწავლება და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე  მიმაჩნია, რომ სკოლების გახსნა იყო რისკის მატარებელი, რადგან როცა სკოლა იხსნება, იზრდება მობილობაც. თუმცა აქაც უნდა ყოფილიყო სკოლის შიგნით ინდივიდუალური მიდგომები, როგორც აქვს ხოლმე ბევრ ქვეყანას.

ვიცით, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ეს იყო ყველაზე მძიმე პერიოდი, რადგან მთლიანად მოწყდნენ სასწავლო პროცესს. შესაძლოა ამ მოსწავლეებისთვის ყოფილიყო პირისპირ სწავლების პროგრამები.

ან იმ ჯგუფებისთვის, ვისაც არ აქვს წვდომა ინტერნეტზე და სხვა ტექნოლოგიებზე, არ აქვთ შესაბამისი ფართობი, იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც მშობლები ვერ ტოვებენ სახლში მარტო და ასე შემდეგ. თუ ასეთი პოლიტიკა იქნებოდა, ჩვენ მოვიცავდით ყველაზე მოწყვლად ჯგუფს.

თუმცა ჩიხში რომ შევედით, არასწორი პოლიტიკის ბრალია.

  • უნივერსიტეტებში ხომ შეეძლოთ პირისპირ განახლება. ზრდასრული ადამიანები სწავლობენ და უფრო მეტად შეუძლიათ რეგულაციების დაცვა?

მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტებმა არ გამოიჩინეს პასუხისმგებლობის აღების სურვილი, რადგან ძალიან მარტივი მენეჯმენტის პირობებშიც შეეძლოთ სწავლის პირისპირ განახლება, თუკი იქნებოდა ცალსახა მოთხოვნა, რომ აცრილიყვნენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები.

  • აცრებზე როცა ვსვამდით კითხვებს, სამინისტრო ამბობდა, რომ ვერ დააძალებდნენ მასწავლებლებს ან სხვებს ვაქცინაციას, უნდა ყოფილ თუ ამ საკითხში უფრო მკვეთრი მთავრობის პოლიტიკა?

ვაქცინაცია არ არის ვიღაცის უფლებების შელახვა, ეს არის გავრცელებული პრაქტიკა, როდესაც ვაქცინაციის სიაში შედის სავალდებულო აცრები და მის გარეშე უნივერსიტეტი არ მიგიღებს და არ დაგიშვებს. ამ პრაქტიკის ამუშავება არის სრულიად შესაძლებელი.

ძალიან ცოტა უფლებაა აბსოლუტური უფლება და ეს უფლება იზღუდება, როდესაც ჩნდება სხვა ადამიანის უფლება – რომ არ გადაედოს ვირუსი.

როცა ხარ მასწავლებელი ან ლექტორი და მუშაობ კონკრეტულ სტრუქტურაში, უნდა აიცრა. სკოლასთან უნივერსიტეტს აქვს უფლება დაგიყენოს მოთხოვნა, თუ გინდა რომ ასწავლო, უნდა იყო აცრილი. ისევე როგორც მშობელს შეუძლია დაგიყენოს მოთხოვნა, რომ თუ გინდა ასწავლო მის შვილს, უნდა აიცრა.

  • როგორც ვიცი, თქვენი შვილები სწავლობენ აშშ-ში. როგორია იქ ვითარება, იწყებენ თუ არა ამერიკაში პირისპირ სწავლას და რა არის ამის ძირითადი ფაქტორი? პარალელი რომ გავავლოთ ჩვენს რეალობასთან.

აშშ-ში ონლაინსწავლება აღარც განიხილება. პირისპირ მიმდინარეობს სწავლა. რა თქმა უნდა, აცრის მაჩვენებელი არის მაღალი მოსახლეობაში, იმ კონკრეტულ შტატშიც, სადაც ცხოვრობენ ჩემი შვილები.

თუ რაიმე შემთხვევა დაფიქსირდება, მაშინვე ხდება რეაგირება, იტესტება ყველა, რომ არ მოხდეს გავრცელება.

სკოლაში აცრილია მოსწავლეთა ძალიან დიდი ნაწილი და ახლაც მიმდინარეობს 12-იდან 18 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია. პირბადის ტარებაც კი აღარ არის სავალდებულო, თუმცა მასწავლებლების და მოსწავლეების უმრავლესობა მაინც ატარებს. არა ფორმალურად, ჩამოწეული რომ ჰქონდეთ ნიკაპზე.

ასე, რომ ცალსახად უნდა დაწყებულიყო ვაქცინაცია უფრო ადრე, სექტემბრისთვის გარანტირებულად უნდა გვცოდნოდა, რომ მასწავლებლების ასი პროცენტი აცრილი იქნებოდა (რა თქმა უნდა, იქნებოდა გამონაკლისებიც სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე), თუმცა ეს პროცესი დაგვიანდა.

სკოლები უნდა გახსნილიყო სხვადასხვა მოდიფიკაციით. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება სიტუაცია, შესაძლოა მომავალ წელსაც იყოს ვირუსი, ამიტომ ყველა სკოლა, განათლების სისტემა მზად უნდა იყოს სრულყოფილი სწავლების სამივე მოდელისთვის, – პირისპირ, ონლაინ თუ შერეული სწავლებისთვის. ბავშვებს სამივე მოდელის შემთხვევაში ხარისხიანი განათლება უნდა მიეწოდებოდეს.

გარდა ამისა, მოსწავლეთა სოციალური ინტერაქციისთვის სკოლებმა უნდა შეიმუშაონ აქტივობები და სწავლება მეთოდოლოგიურად და ფილოსოფიურად უნდა იყოს გამართული. ეს ყველაფერი უნდა გავაცნობიეროთ, თუმცა ეს მზაობა ჩვენ დღეს არ გვაქვს.

თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ერთვება

2021 წლის 1 სექტემბრიდან, თიბისი სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების“ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება.

პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით.

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობაა 200 000₾.

200,000 ₾-ზე მეტი მოცულობის სესხებზე, შესაძლოა დარჩენილი თანხა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მხრიდან პარალელური იპოთეკური სესხით.

თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %-ს, არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით.

თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5 %, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.

იპოთეკური ცენტრი და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და პირობებს დეველოპერული კომპანიების პროექტების მიმართულებით.

დეტალური ინფორმაციის მიღება და სასურველი კომპანიისა და პროექტის შერჩევა თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage

პროცესის გამარტივებისთვის და მეტი კომფორტისთვის, ბინის შეძენასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარებაში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ კონცეპტ ცენტრს ან პერსონალურ ბანკირს.

რომ არა რევოლუცია და სსრკ-ს დაცემა, რუსეთის მოსახლეობა 500 მილიონი იქნებოდა – პუტინი 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოთხშაბათის განცხადების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობა ახლა 500 მილიონი იქნებოდა, რომ არა XX საუკუნეში „რუსეთის სახელმწიფოებრიობის ორი დიდი დაცემა“. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

პუტინის თქმით, რუსეთის სახელმწიფოებრიობამ კრახი პირველად 1917 წელს განიცადა, როცა რუსულმა იმპერიამ შეწყვიტა არსებობა, მეორედ კი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.

„საჭიროა ყურადღებით გაანალიზება, რატომ  მოხდა ასე, რა იყო ამ დრამატული მოვლენების განვითარების მიზეზი. რომ არა ეს მოვლენები, სრულიად სხვა ქვეყანა გვექნებოდა. სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ 500 მილიონი ვიქნებოდით რუსები. უბრალოდ, დაფიქრდით ამაზე“, – განაცხადა დღეს, პირველ სექტემბერს, პუტინმა ვლადივოსტოკში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას.

თუმცა ამ სტატისტიკის დასახელებისას პუტინს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ სპეციალისტებს ეყდნობა.

პუტინმა 2005 წელსაც უწოდა საბჭოთა კავშირის დაშლას „საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა“.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა 146 მილიონია. 1989 წლის მონაცემებით კი, ამ ქვეყნის მოსახლეობა 286 მილიონი იყო.

ამ განცხადებების პარალელურად პუტინი რუსული იმპერიის აღორძინების მცდელობებს უარყოფს, უარყო ეს მცდელობა 2014 წელსაც, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და მომხდარი იმით ახსნა, რომ „სსრკ-ს დაშლის შემდეგ 25 მილიონი რუსი დარჩა მოულოდნელად საზღვრის მიღმა“.

2021 წლის სექტემბერში რუსეთში საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც ბევრ ოპოზიციურ პარტიას მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა. პუტინის საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს იწურება, თუმცა გასულ წელს მისივე ინიციატივით ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში და პუტინის საპრეზიდენტო ვადა განულდა.

აღმოაჩინე სილქნეტის შეთავაზებები, შეამოწმე ყველა სერვისი ერთი კოდით *222#

დღეიდან უკვე შესაძლებელია ცხელ ხაზთან კავშირის ან მომსახურების ცენტრში მისვლის გარეშე აბონენტმა მიიღოს სრულ ინფორმაცია გააქტიურებულ პაკეტებზე, სხვადასხვა აქციასა თუ შეთავაზებაზე.

სილქნეტმა მობილური ქსელის მომხმარებელთა მეტი კომფორტისთვის საგანგებოდ შექმნა ერთიანი კოდი *222#. ამ კომბინაციის აკრეფვისას ფიზიკური პირი აბონენტები შეძლებენ ნებისმიერ დროს შეამოწმონ:

აქტიური სერვისები

შეჩერებული სერვისები

ინდივიდუალური შეთავაზებები

„სილქ კოსმო“; “მეტი”; ინტერნეტ; სმს და სხვა პაკეტების პირობები

ერთიანი კოდით *222# , შესაძლებელია სრული ინფორმაციის მიღებa ცხელ ხაზთან ურთიერთობის გარეშე, რაც დაგიზოგავთ დროს და გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას!

ჩვენი სასამართლო სისტემა წინ უსწრებს EU-ს ქვეყნების სასამართლო სისტემას – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ სექტემბერს, ჟურნალისტებთან ისაუბრა 75 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებაზე, რის მიღებაზეც საქართველომ გუშინ უარი განაცხადა.

თუმცა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

EU – “საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობების შესრულება”

 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ამ დახმარებაზე უარი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების გამო თქვა.

„75 მილიონი ევრო, ეს იყო სესხი და არა დახმარება. შვიდ თვეში ჩვენ გვქონდა 12-პროცენტიანი ზრდა, რამაც საშუალება მოგვცა ბიუჯეტში დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი ლარის დამატებითი შემოსავალი გასჩენოდა სახელმწიფოს. ამის გამო ჩვენ მივეცით ჩვენს თავს იმის უფლება, რომ დაგვეწყო ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება…

ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ მას შემდეგ არაერთი და ხელშესახები რეალური რეფორმა განვახორციელეთ. 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა.

ამას გარდა, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს სასამართლოს დღეს არსებული სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ყველა კვლევით დასტურდება ეს, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგული ორგანიზაციების კვლევების შედეგად დასტურდება ეს“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, მთავრობა რეფორმებს აგრძელებს. „ამ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ,“ – ამბობს ის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გააკრიტიკა ევროპარლამენტარები და თქვა, რომ ისინი მისი უფროსები არ არიან და აკეთებენ ზედაპირულ განცხადებებს.

ბათუმში გამოჩნდა ავტობუსები, სადაც კოვიდზე აცრას ატარებენ

დღეს, 1-ელ სექტემბერს, ბათუმის ქუჩებში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გამოჩნდა. სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ასაცრელ სივრცეებში ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას.

პროექტში სამი კლინიკის – რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტლის ამცრელი ჯგუფებია ჩართული. ისინი მოქალაქეებს ვაქცინაციას დადგენილი წესით აცრიან.

იმუნიზაციის პროცესი ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან დაიწყო. ერთი ამცრელი ბრიგადა ინასარიძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის“ წინაა მობილიზებული, მეორე ბრიგადა ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის წინ, ხოლო მესამე „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ, მათ აცრა ორი ვაქცინით – ფაიზერითა და სინოვაკით შეეძლებათ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე არის მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ახალი მომსახურება მსოფლიო ბანკის  Covid 19-ის წინააღმდეგ  სწრაფი  რეაგირების  პროექტის  ხელშეწყობით ხორციელდება.

ახალი პროექტი „ავიცრათ ერთმანეთისთვის” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი “ოცნების ქალაქში”

აჭარაში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 8 ადამიანი – პირველი სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 43 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს 936 პაციენტი, კოვიდსასტუმროებშია – 1027, ონლაინკლინიკაშია – 5623.

 

კორონავირუსის 3886 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 ადამიანი – პირველი სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 52 162 ტესტიდან კორონავირუსის 3886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 4103.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,45%, ბოლო 14 დღის – 9,99%.

ამ დროისთვის სტაციონარში მკურნალობს 7393 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2454, კარანტინშია – 111.

რა სჭირდება მოცვის შემოსავლიანი ბაღების გაშენებას – ფერმერის გამოცდილება

ზაზა გუბელაძემ მოცვის სანერგე მეურნეობა შარშან მოაწყო შიდა ქართლში, სოფელ რუისში. კონტეინერული წესით გახარებული ნერგები 3 ჰექტარზეა განლაგებული. ნერგი ინგლისიდან და ჰოლანდიიდან შემოიტანეს, ჭკვიანი კალათები – ჩინეთიდან და ჰოლანდიიდან. ტორფის ჩამოტანა კანადიდან და ბალტიისპირეთიდან გახდა საჭირო. პერლიტი, რაც მოცვის სანერგეს სჭირდება და კიდევ რამდენიმე სხვა მინერალი აქვე მოიპოვება, საქართველოში.

მოცვს მინერალების ნელი და ხანგრძლივი მიწოდება სჭირდება.  ასევე სჭირდება კარგად გამართული წვეთოვანი სისტემა. სანერგე მეურნეობის მეპატრონე ამბობს, რომ თუ სახელმწიფოს ინტერესებში შედის მოცვის მეურნეობის განვითარება და ქვეყანაში ამ კულტურის ფართოდ გავრცელება, დიდი ხელშეწყობაა საჭირო სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რადგან, მართალია, მოცვი შემოსავლიანი კენკრაა, თუმცა საკმაოდ რთულად მოსავლელიც.

  • რა მხარდაჭერა სჭირდება მოცვის მეურნეობას

„მჟავე ნიადაგი დიდი პრობლემაა აღმოსავლეთ საქართველოში. ასეთ დროს თანამედროვე მეთოდებით კონტეინერებში აშენებენ პლანტაციას და იქ უქმნიან შესაბამის პირობებს. 2020 წლის დასაწყისში მივმართეთ პროგრამას „დანერგე მომავალი“ და ვთხოვეთ ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერა. გვითხრეს, რომ თუ მიწის ანალიზს არ მივიტანდით, ისე ვერ დაგვეხმარებოდნენ, თუმცა მიწის ანალიზი აქ არაფერ შუაში – ქოთნებში ვაპირებდით პლანტაციის გაშენებას, მაგრამ ეს ყურად არ იღეს. შეგვითანხმდნენ, ჯერ გააკეთეთ პლანტაცია და მერე ჩაგრთავთ პროგრამაშიო, მაგრამ ჩვენ უკვე უზარმაზარი ხარჯი გავწიეთ სესხით“, – ამბობს მეურნე ზაზა გუბელაძე.

მოცვის გასაშენებელი კონტეინერები სოფელ რუისში

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოცვის პლანტაციის მოწყობაში მეურნეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხმარება, თუ მჟავე ნიადაგზე, დასავლეთ საქართველოში მოჰყავთ ეს კენკრა. თუმცა, თანამედროვე და მსოფლიოში უკვე მრავალგზის აპრობირებული მეთოდით, კონტეინერული მეთოდით გაშენებული პლანტაცია, აღმოსავლეთ საქართველოს პირობებსაც იდეალურად ეგუება.

მოცვის წვეთოვანმა სარწყავმა სისტემამ რომ გამართულად იმუშაოს, აუცილებელია ელექტროენერგია იყოს ახლომახლო. ზაზა გუბელაძე სამ ჰექტარზე გაშენებულ ნარგავებს ელექტროენერგიის გარეშე, საქაჩი ტუმბოთი რწყავს, რასაც ყოველ 10 წუთში ხელით ჩართვა-გამორთვა სჭირდება საათობით.

„ეს სარწყავი სისტემა როცა ელექტროენერგიაზეა, ჩართვა-გამორთვა ავტომატურ რეჟიმში ხდება და როცა ამას საწვავიანი ტუმბოთი აკეთებ თავისი ამოსაქოქი აქვს, უნდა მივიდეს ადგილზე ვინმე და დაქოქოს, დაელოდის ცოტა ხანს, ყოველ 10 წუთში უნდა მივიდეს და ასე უნდა იწვალოს. როცა თავზე არ ადგახარ, დამხმარე შეიძლება გადაიღალოს და გამოტოვოს რამდენიმე მორწყვა, რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ნარგავებს“, – ამბობს მეურნე.

მოცვის მეურნეობის მოსაწყობად აუცილებელი დანადგარები

გვიყვება, რომ ელექტრომავთულები ზუსტად მოცვის პლანტაციის თავზე გადის. ივნისის პირველ ნახევარში დაწერა განცხადება, რომ ნაკვეთში ჩამოეყვანათ შუქი, პირობა მისცეს, რომ ჩამოუყვანდნენ ელექტროენერგიას, თუმცა უკვე მესამე თვეა ამაოდ ელოდება პლანტაციამდე ელექტრომავთულების მიყვანას.

  • 10 ათას ქოთანში გაშენებული მოცვის პლანტაცია

მეურნე გეგმავს  მოცვის მოსავალიც მოიყვანოს და ნერგიც გაამრავლოს სარეალიზაციოდ.

სანერგე მეურნეობა ახლებურ სერვისს სთავაზობს მსურველებს, თუ მოცვის პლანტაციის გასაშენებლად კონტეინერებით ნერგების შეძენა გსურთ და ამისთვის არ გაქვთ შესაფერისი ტერიტორია, სანერგე ამ ქოთნებს იტოვებს, ზრდის, უვლის, რწყავს, რეალიზაციასაც თავად უზრუნველყოფს და გაძლევთ გაყიდვების შედეგად შემოსულ თანხას, თავად კი იტოვებს მოგების მესამედს.

„ჩვენ ახლა 1 ჰა-ზე გაშენებული მოცვი გვაქვს, ანუ ამ მოცულობის მიწის ნაკვეთზე კონტეინერებით გვაქვს მოცვი განთავსებული, მაგრამ როცა ეს ნარგავები გაიზრდება, ტერიტორიაზე ვეღარ დაეტევა გაბუჩქული მცენარე და საჭირო იქნება 3 ჰა ტერიტორია, ამ პროცესს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდება.

სახელმწიფო თუ არ დაგვიდგა გვერდით, ისე ვერ შევძლებთ მოცვის მეურნეობის ფართოდ დანერგვას.

გქონდეს მოცვის მეურნეობა, ნიშნავს მთელი სიცოცხლე გქონდეს შემოსავალი და დამატებით კარგი პენსია.

მე ხიდების და გვირაბების მშენებელი ვარ პროფესიით, მაგრამ ბოლო 5 წელია დავინტერესდი მოცვით. თავიდან მთლიანად საკუთარი ხარჯებით გავაშენეთ ეს სანერგე. არავითარი სახელმწიფო დახმარება არ გვქონია. ჩვენი რისკით გავაკეთეთ ყველაფერი შეამხანაგებულმა თანამოაზრეებმა, ახალგაზრდა ბიჭები დამეხმარნენ იდეის განხორციელებაში, სახლებიდან ათასი რამე დავალომბარდეთ, სესხი ავიღეთ, ახლა ნარგავები ქარელის რაიონის სოფელ რუისში გვაქვს.

მთელი ზამთარი, იანვრის ბოლოდან მაისის ბოლომდე 70 კაცამდე გვყავდა დასაქმებული. სუბსტრაქტების მომზადებაზე მუშაობდნენ და სესხით გამოტანილ თანხას ვუხდიდით ხელფასად, თუმცა კარგი შემოსავლის იმედი გვაქვს წელს“, – ამბობს მოცვის პლანტაციის მეპატრონე.

„ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა

ბათუმის საკრებულოს „ლელოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა. აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრობის და მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმში „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დაასახელა.

„ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის ათეულში მხოლოდ სამი ქალია.

ბათუმის საკრებულოს პარტიული სია:

  1. ირაკლი კუპრაძე
  2. ვაჟა დარჩია
  3. ეკატერინე დავითაძე
  4. ალექსანდრე ფიფია
  5. დავით მიქელაიშვილი
  6. ზიმლარ ბერიძე
  7. დავით მამულაძე
  8. გიორგი გეგეშიძე
  9. შორენა ჩიქოვანი
  10. რაულ პაქსაძე

„ლელო“ ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატებს დაუჭერს მხარს.

დღესვე მამუკა ხაზარაძემ აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოების პარტიული სიის პირველი ნომრებიც დაასახელა. ქობულეთში „ლელოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი სალომე ზაქარიაძე იქნება, ხელვაჩაურში – დიანა აიოზბა, ქედაში – გოჩა ჟღენტი, შუახევში – ზვიად დიასამიძე, ხულოში – ბესიკ შაინიძე.

ისევ დისტანციური სწავლება და ტელესკოლა

ახალი სასწავლო წელი საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში მეორედ, 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს. დღეს გაირკვა, რომ სწავლა სკოლის შენობებში არც წელს განახლდება. შესაბამისად, სასწავლო პროცესი სკოლებში დისტანციურად წარიმართება. ისევ დისტანციური სწავლება და ტელესკოლა – რა დავხარჯეთ და რა მივიღეთ ამ ახალი პროდუქტისთვის.

„სანამ დადებითობის მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ს ქვემოთ და სკოლაში ადმინისტრაციული პერსონალის, პედაგოგ-მასწავლებლების 80% არ აიცრება, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

რა შეიცვლება წელს დისტანციური სწავლების მოდელში, უფრო ზუსტად კი, რა სახით განაახლებს ტელესკოლა მუშაობას? – განათლების სამინისტროსგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

სამინისტროს „ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების იმ პლატფორმების ჩამონათვალში აქვს შეტანილი, რომლებსაც სკოლებს სთავაზობს.

„ტელესკოლის“ მიზანი

„ტელესკოლის“ მიზანი თავდაპირველად იმ მოსწავლეების დისტანციურ სწავლაში ჩართულობა იყო, რომლებსაც არ ჰქონდათ ინტერნეტი, შესაბამისი ტექნიკა და სხვა, რის გამოც ისინი ვერ ერთვებოდნენ ონლაინსწავლებაში. „ტელესკოლას“ უნდა ჩაენაცვლებინა ონლაინგაკვეთილები იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც ეთნიკური უმცირესობები არიან.

გასულ წელს სკოლებში სწავლა ნახევარ მილიონზე მეტმა მოსწავლემ ვეღარ გააგრძელა. „2020 წელს პანდემიის გამოცხადებისთანავე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც დღეს „ტელესკოლის“ სახელით არის ცნობილი.

პროექტის მიზანი იყო პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსწავლეთათვის, რომელთაც არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტთან, რაც შეუძლებელს ხდიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლას. პროექტი 2020 წლის 30 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პლატფორმაზე გაეშვა ეთერში“, – აღნიშნულია „პირველი არხის“ ანგარიშში.

განათლების სამინისტროს თავის 2020 წლის ანგარიშში „ტელესკოლის“ მიზანი არ დაუკონკრეტებია. შესაბამისად არც ის, თუ რამდენად მიაღწია პროექტმა მიზანს.

სამინისტრომ პროექტი ზოგადად ასე შეაფასა: „ტელესკოლამ“ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა ჰქონდა თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალება მისცა, ენახა საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავდა.“

„მიზანი ამ პროექტის, რამდენადაც მესმის იყო ის, რომ ბავშვები, ვისაც უწევდა დისტანციურად განათლების მიღება, მაგრამ არ ჰქონდათ ინტერნეტი ან აღჭურვილობა სახლში, მათთვის შექმნილიყო დამატებითი რესურსი. რამდენად გამოიყენეს ამ ბავშვებმა ეს არ ვიცით, არ მინახავს ისეთი კვლევა, რომელიც ამას აჩვენებდა. ის კი ვიცით, რომ ინტერნეტის აღჭურვილობა არ ჰქონდა რამდენიმე ათეულ ათას ბავშვს, ან ჰქონდა და იშვიათად იყენებდა. ამ მოსწავლეებიდან რამდენი სარგებლობდა ტელესკოლის გაკვეთილებით ეს მონაცემები, მე სამწუხაროდ არ მაქვს“, – ამბობს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია.

[toggle title=”განათლების სამინისტროს მონაცემებით, COVID 19-ის პანდემიის გამო 579 995 მოსწავლემ სწავლა დისტანციურად გააგრძელა:“]

2020 წელს, პანდემიის დასაწყისში, მარტში სკოლებში ჯერ არდადეგები გამოცხადდა, შემდეგ კი სემესტრის ბოლომდე სწავლა საკლასო ოთახებში აღარ განახლებულა.

  • „2020 წლის 8 მარტს, საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში არ განახლებულა.
  • 2081 საჯარო და 221 კერძო სკოლის 579 995 მოსწავლემ [519 364 საჯარო და 60 631 კერძო] 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე სწავლა დისტანციური ფორმით გააგრძელა.
  • 2020 წლის 15 სექტემბერს კი: საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყო 1581-მა სკოლამ; დისტანციურ რეჟიმში სწავლა დაიწყო 700-მა სკოლამ [საჯარო – 528, კერძო – 172]; სწავლა გადაიდო 17 სკოლაში [2 – ეპიდსამსახურის რეკომენდაციით, 12 – რეაბილიტაციის გამო, 2 – კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის გამო].
  • 2020 წლის სექტემბრის ბოლოდან, აჭარის გარდა, საქართველოს ყველა საჯარო სკოლის I-VI კლასის მოსწავლე დაბრუნდა
    სკოლაში [მშობელს მიეცათ საშუალება, არჩევანი გაეკეთებინა პირისპირ, ან დისტანციურ სწავლებას შორის], ხოლო თბილისის სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებმა სწავლა დისტანსიურ ფორმატში გააგრძელეს.
  • გართულებული ეპიდმდგომარეობის გამო, დიდ ქალაქებში [თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში] პირველი სემესტრი დისტანციურ რეჟიმში დასრულდება“ – სამინისტროს 2020 წლის ანგარიშიდან.

[/toggle]

„რამდენად გამოიყენეს კონკრეტულად მოწყვლადმა ჯგუფებმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ეს პროექტი და ვისთვისაც ეს ერთ-ერთი გზა იყო გაკვეთილების ჩატარების – არავინ არ ზომავს. ესენი არიან ადამიანები, ვისაც არ ჰქონდათ წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტთან. მე არ მაქვს არც ის ინფორმაცია, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა წვდომა ტელევიზორთან.

ერთი რამ ფაქტია, რომ ტელესკოლის ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად ხდებოდა… ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფი – ვისთვისაც პრობლემატური იყო ონლაინსწავლება – ეთნიკური უმცირესობები. საგნების მეტი ნაწილი ამ ჯგუფებისთვის იყო ხელმიუწვდომელი. მიზანს რა მიზნითაც შეიქმნა, რეალურად ვერ მიაღწია“, – ამბობს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე.

განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარის, ირინა ხანთაძის თქმით, ტელესკოლა ვერ იქნებოდა ჩამნაცვლებელი ინსტრუმენტი სასწვლო პროცესის და ეს გამოჩნდა კიდეც იმით, რომ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობის მოსწავლეები იყვნენ ინტენსიურად ჩართული – ვინც ადევნებდა თვალყურს.

„თუ ჩვენ ტელესკოლას მიზნად დავუსახავთ, რომ იგი იყოს ჩამნაცვლებელი სასწავლო პროცესის ან მისი უწყვეტობის გარანტია და ა.შ. ეს აბსოლუტურად არამართებული მიზანი იქნებოდა. ტელესკოლა, როგორც სასწავლო პროცესის ჩამნაცვლებელი ინსტრუმენტი არ მგონია იყოს ეფექტიანი. ზოგადად, სკეპტიკურად ვუყურებ ამ ფორმით სასწავლო პროცესის მიწოდებას.

მაგრამ თავისი როლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, რიგ შემთხვევაში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, ან მოტივირებული მოსწავლეებისთვის დამატებითი რესურსების მიწოდების კუთხით, თავისი ფუნქცია, რა თქმა უნდა შეასრულა – ესეც ჩვენი სუბიექტური დაკვირვებაა. ჩვენი ბოლო კვლევაც კოვიდის გავლენების შესახებ გვაჩვენებს, რომ განსაკუთრებული ზემოქმედება სასწავლო პროცესზე „ტელსეკოლას“ არ ჰქონია.

2020 წლის ნოემბერში სამინისტროს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგებით ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ ტელესკოლის გამოყენების მაჩვენებელი ასეთია:

სამინისტროს ამ მაჩვენებლით არ ჩანს რა პრინციპით ჩატარდა მოკვლევა და კონკრეტულად რომელი ჯგუფი სარგებლობდა „ტელესკოლით“.

სამინისტროსგან 2021 წლის მარტში ოფიცილაურად გამოითხოვა „ბათუმელებმა“ დეტალური ინფორმაცია „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით, მათ შორის ვინ და რამდენი უყურებდა ტელეგაკვეთილებს.

სამინისტრომ პასუხი, ისიც ასევე ზოგადი, ორი თვის დაგვიანებით მოგვაწოდა.

„2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან სხვადასხვა პერიოდში მიმდინარეობდა სკოლის ადმინისტრაციის გამოკითხვა მათი მოსწავლეების დისტანციური სწავლების პროცესში პროექტ „ტელესკოლის“ ყურებადობასთან დაკავშირებით.

გამოკითხვებში სხვადასხვა პერიოდისთვის სხვადასხვა სკოლა იღებდა მონაწილეობას, თუმცა 2020-2021 სასწავლო წელი დისტანციური/ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობდა, ხშირად იცვლებოდა სწავლების ფორმატი და რიგ შემთხვევებში სწავლა წყდებოდა წერტილოვნად, ამდენად „ტელესკოლის“ პროექტის ყურებადობა და პოპულარობა იზომება „პირველი არხი-განათლების“ მიერ“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

„ბათუმელებმა“ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლიდანაც გამოითხოვა, თუმცა მაუწყებელმა ჩვენს წერილს არ უპასუხა.

პირველი არხის 2020 წლის ანგარიშში კი, „ტელესკოლის“ ყურებადობასთან დაკავშირებით მხოლოდ ესაა აღნიშნული:

„მიმდინარე წლის შეფასება არ ხდებოდა სატელევიზიო რეიტინგებით, თუმცა, არაერთი ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ტელეგაკვეთილები მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს სოციალურ ქსელის სტატისტიკაც, რადგან მილიონობით ნახვა აქვს გაკვეთილებს, როგორც საიტზე 1tv.ge, ასევე, ფეისბუქ და იუთუბ არხებზე.“

ამ ინფორმაციით მაინც გაუგებარი რჩება, კონკრეტულად რა კატეგორიის მოსწავლეები უყურებდნენ ტელეგაკვეთილებს.

ქეთი ცერცვაძე, მათემატიკის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი განათლების სამინისტროში, რომელიც მონაწილეობდა ამ პროექტში ამბობს, რომ მოწყვლადი ჯგუფების გამოსავლენად სკოლების დირექტორებთან პანდემიის დასაწყისშივე დააგზავნეს გუგლის დოკუმენტი, რომ დაეწერათ ვის არ ჰქონდა ტექნოლოგიები, აღრიცხვა უნდა გაკეთებულიყო… რამდენ ადამიანს არ ჰქონდა ტექნიკა, რომ მერე დაგეგმილიყო, როგორ მიეწოდებინათ კომპიუტერები.

„ტელესკოლის“ მიზანი იყო, ამ გამოკითხვების, მოწყვლადების განსაზღვრა – ტექნიკის მიწოდების ორგანიზებამდე ტელევიზორში მაინც რომ ეყურებინათ ბავშვებს გაკვეთილებისთვის, ჩამორჩენა რომ არ ჰქონოდათ… თუ ტელევიზორიც არ ჰქონდა და კომპიუტერიც, ამას დირექტორი ალბათ ეტყოდა თავის რესურსცენტრს და ამაზე უნდა ყოფილიყო აუცილებლად რეაგირება, რადგან ეს კვლევა მათ დაევალათ… თავის დროზე, როცა გაკეთდა „ტელესკოლა“, მასწავლებელიც ვიყავი და ჩემი აზრით, ძალიან დადებითი როლი ჰქონდა, სანამ მასწავლებლები გადაეწყობოდნენ და ონლაინ სასწავლო უნარებს აითვისებდნენ,“ – ამბობს ქეთი ცერცვაძე.

ქეთი ცერცვაძე, კადრი ტელესკოლიდან

მისივე თქმით, გაკვეთილები 8 დღეში დაიგეგმა, „8 თვეში რომ დაგვეგეგმა კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა… იმ პერიოდში ასეთი ჩაწერილი, გამზადებული გაკვეთილები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თვითონ მასწავლებლებიც ძალიან კარგად იყენებდნენ – შეეძლოთ ეს ვიდეო გაეშვათ და შემდეგ უკვე განმტკიცება მომხდარიყო… მასწავლებლები ითხოვდნენ და ვუგზავნიდით ამ პრეზენტაციებს. მოსწავლეებისთვისაც იყო მისაღები და ძალიან დადებითი იყო, მე ასე მგონია.“

სიმონ ჯანაშიას თქმით, სატელევიზიო პროგრამების გაშვება, ზოგადად ტელესკოლა, არ არის ეფექტური გზა დისტანციური სწავლების, მაგრამ კიდევ უფრო არაეფექტური ხდება, თუ არ აქვს მხარდაჭერა ტელეგაკვეთილებს სკოლების მხრიდან. მაგალითად, მასწავლებლები თუ არ უკავშირდებიან ბავშვებს.

ამასთან, კიდევ უფრო არაეფექტური იქნება ტელეგაკვეთილები, თუ ბავშვებს არ აქვთ დამატებითი მასალები, ისეთი საშუალებები, რომელსაც გამოიყენებდნენ ტელესკოლასთან ერთად.

„ჩვენთან, როგორც ვიცი, ასეთი მასალები არ გაგზავნილა და არც სკოლებისთვის ყოფილა კონკრეტული რეკომენდაციები. ჩვენთან, უბრალოდ, არაფერი გაკეთებულა გარდა იმისა, რომ ტელევიზიით გაუშვეს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, „იყო უცნაური გადაწყვეტილებებიც, მაგალითად როცა გადაცემა –  ქართულის გაკვეთილები – მასწავლებლის ნაცვლად მიყავდა პოლიტიკოსს, ტელევიზიის დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს. როგორ გადაწყვიტა ტელევიზიამ საკუთარი დირექტორისთვის მიეცა გადაცემები, ან რატომ იყო ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ ვიცი. ეს უფრო ძალაუფლების არასწორად გამოყენებას ჰგავს ტელევიზიის შიგნით, ვიდრე რესურსების მოზიდვის საუკეთესო გადაწყვეტილება“.

სიმონ ჯანაშია

ტელესკოლა არსებული სახით არის გარკვეული რესურსი, თუმცა, სიმონ ჯანაშიას განცხადებით, ცუდია, როდესაც ამ რესურსს იყენებენ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის.

„სახელმწიფო ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, აი თუ არ გჯერათ არსებობს რესურსი, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ. ეს არ არის პასუხისმგებლობიანი მიდგომა. პასუხისმგებლიანი მიდგომა იქნებოდა, როცა რესურსის დანერგვაშიც იღებ მონაწილეობას და პასუხისმგებლობას იღებ იმაში, რომ ეს რესურსი შესაბამისად გამოიყენო შემდგომ. ჩემი აზრით, სახელმწიფოს არა უბრალოდ უნდა ეთქვა, რომ აი, ვისაც ინტერნეტი არ აქვს გამოეყენებინა სხვა რესურსი, არამედ უნდა ეზრუნა მაქსიმალურად, რომ ყველას, ვისაც არ აქვს ინტერნეტი, ჰქონოდა ინტერნეტი. ეს არ გააკეთა და წელიწად-ნახევრის შემდეგ თქვეს, რომ ფასდაკლებაზე მოილაპარაკეს პროვაიდერებთან, მაგრამ რეალურად იმუშავა თუ არა ამან, არც ეს ვიცით“, – აცხადებს სიმონ ჯანაშია.

სიმონ ჯანაშიას თქმით, არსებული რეგულაციები უშლის ხელს სკოლებს საკუთარი რესურსები თავისუფლად გამოიყენონ, ანუ ბევრ სკოლას უჭირს იმ ფულის გამოყენება, რომელიც მათ რჩებათ:

„თუნდაც ის, რომ სკოლები კომუნალურების თანხებს ზოგავდნენ, ასევე ჰქონდათ ლაბორატორიებში კომპიუტერები, მაგრამ ვერ გადასცემდნენ იმ ბავშვებს, ვისაც არ ჰქონდა – ეშინოდათ, რომ ვერ მოახერხებდნენ ამის ოფიციალურად გაფორმებსას. ამას სჭირდებოდა მხოლოდ ინსტრუქციები, თუ როგორ გამოეყენებინა სკოლებს რესურსები“.

„ცალკე საკითხია პროდუქციის ხარისხი, რასაც ტელევიზიით უშვებდნენ. მე რასაც ვუყურე, იქ სხვადასხვაგვარი მიდგომა იყო, მაგალითად იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ნამდვილად ითვალისწინებდნენ თუნდაც ასაკობრივ თავისებურებებს, იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ნაკლებად ითვალისწინებდნენ. ზოგი უფრო მეტად იყენებდა თვალსაჩინოებებს, ზოგი – ნაკლებად…

ამასთან ნაკლია ისიც, რომ ნაკლები კოორდინაციაა სკოლასთან [პროგრამასთან]. ჩანს, რომ არათანაბრად მოქმედებენ. ზოგიერთი მასწავლებელი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გადასცეს მოსწავლეს ერთ გაკვეთილში და მეორე გაკვეთილში შეიძლება მასწავლებელი უფრო ცდილობდეს, რაც შეიძლება სიღრმეში წავიდეს. შეიძლბა აუხსნას ერთი საკითხი და არა რამდენიმე საკითხი… ასეთი არაკოორდინირებული საკითხებიც იყო… მერე იყო დაგვიანება უმცირესობების თემებზე გადაცემების დაწყებაში“, – ამბობს სიმონ ჯანაშია

ქეთი ცერცვაძე კი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ მესამე ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ასწავლიან მასწავლებლებს როგორ დაგეგმონ კურიკულუმი და მოარგონ თავიანთ სასკოლო ცხოვრებას, ანუ როგორ გამოიყენონ:

„პანდემია რომ დაიწყო, 2400 სკოლაში ეს ტრენინგები არ იყო ჩატარებული. ახლა მიდის ეს რეფორმა და მაქსიმალურად ვეცადეთ, არ გაჩერებულიყო და ონლაინტრენინგებით გაგძელებულიყო. მთავარი ის არის, რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს სასწავლო გეგმა – წიგნს კი არ გაყვეს, აი ვთქვათ პირდაპირ, სარჩევით, არამედ მთელი წელი დაგეგმოს და ეს წიგნი ერთ-ერთ რესურსად გამოიყენოს“.

ქეთი ცერცვაძის თქმით, როცა პანდემია დაიწყო, მასწავლებლების უმეტესობა იმ პერიოდში მიყვებოდა წიგნს. წიგნებში კი ავტორებს ყველას სხვადასხვანაირად აქვს აწყობილი, ზოგი ერთ თემას პირველ სემესტრში ასწავლის, ზოგი იგივე თემას მეორე სემესტრში, ზოგი შუაში, ამიტომ „ტელესკოლაში“ მაგალითად, მათემატიკაში, ძალიან გაუჭირდათ ზუსტად იმ თემების შერჩევა, რაც ვთქვათ, თებერვალში ისწავლება:

„ვეცადეთ კურიკულუმიდან შეგვერჩია მთავარი სასწავლო თემები და იმაზე ჩაგვეწერა. რეკომენდაცია გვქონდა გადაამეორებინეთ, მაგრამ თავად მასწავლებლებს ის უნარი და შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, რომ მათ კურიკულუმი ასეთ მოცემულობაში გადაგეგმონ რაღაცნაირად, ეს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ახლა სწავლობენ და ახლა იყენებენ წარმატებულად…

ეს იყო გამოწვევა, რომ ვინც პირდაპირ წიგნს მიყვებოდა, შეიძლბა ისეთი ტელეგაკვეთილი ჩავწერეთ, რომელის ახსნაც მას ერთი თვის შემდეგ უწევდა. შეიძლება გავლილიც კი იყო ეს თემა. ზოგმა გადაგეგმვა გააკეთა და იგივე მასალა გადაამეორებინა, ზოგმა მერე ახსნა და მერე გამოიყენა ეს რესურსი. პანდემიაში ეს მასწავლებლის გადასაწყვეტი იყო და ვერ შევზღუდავდით, რადგან მისთვისაც გამოწვევა იყო“.

რა თანხა დაიხარჯა „ტელესკოლისთვის“

შალვა ტაბატაძის თქმით, მსგავსი არხის არსებობა ცუდი არ არის, თუმცა აქ არის მისი მიზანშეწონილობა, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და რა ეფექტი აქვს: „კარგია, მაგრამ საკითხია, როგორ შეიძლებოდა უკეთესი პროდუქტი გაკეთებულიყო კონკრეტული მიზნისთვის იმავე თანხაში“.

პროექტის ფინანსებთან დაკავშირებით ინფორმაცია სამინისტროსგანაც გამოვითხოვეთ და საზოგადოებრივი მაუწყებლისგანაც, თუმცა ამ უკანასკნელმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პასუხი არ გაგვცა.

განათლების სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციითა და პირველი არხის ანგარიშის მიხედვით კი, „ტელესკოლისთვის“ 2020-21 წელს მინიმუმ 1 542 129 ლარი დაიხარჯ[ებ]ა.

  • სამინისტროს მონაცემებით: „2020 წელს პროექტ „ტელესკოლის“ ბიუჯეტი შეადგენდა 719.1 ათას ლარს, რომელიც მოიცავს შრომის ანაზღაურების ხარჯების დაფინანსებას. ხოლო 2021 წელს სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ქვეპროგრამის „ტელესკოლა“ ჯამური ბიუჯეტი განისაზღვრება 357,1 ათას ლარის ოდენობით.“
  • პირველი არხის მონაცემებით: 2020 წელს ტელესკოლისთვის დაიხარჯა 465 929 ლარი.

„ასევე გაცნობებთ, რომ გამოკითხვების შედეგად პროექტი განიცდის სახეცვლილებებს, ემატება სხვადასხვა ტიპის ახალი გადაცემები და გაკვეთილები. მომავალშიც იგეგმება პროექტის განვითარება“, – მოგვწერეს განათლების სამინისტროდან.

შალვა ტაბატაძე

შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს კარგად, თუ რისთვის კეთდება ტელესკოლა:

„თუ ეს არის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის – შეიძლება კარგი მიზანია და შესაბამისად კარგი ინტერვენციაც. ანუ, უფრო კონკრეტული მიზანი და ხედვა უნდა იყოს, როგორ მოხდება ამ არხის განვითარება და მისი გამოყენება არა მხოლოდ პანდემიის პირობებში.“

[toggle title=”პირველი არხის 2021 წლის პროგრამული პრიორიტეტები – ტელესკოლა“]

„საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ტელესკოლის 2021 წლის პროგრამული განვითარების სტრატეგია სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

განათლების პოპულარიზაცია და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსის მიწოდება საზოგადოებისათვის:

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული პროგრამის და დამხმარე სასწავლო რესურსის წარმოება;

მასწავლებლებისა და მშობლებისათვის მოსწავლის პრობლემებზე ორიენტირებული სადისკუსიო სივრცის შექმნა;

შემეცნებით-საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი პროექტების მომზადება სხვადასხვა ასაკობრივი სამიზნე აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინებით;

შემეცნებითი და პოპულარულ-სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების წარმოება;

ეროვნული უმცირესობებისათვის და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ადაპტირებული პროგრამების წარმოება.

შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნების განვითარებისათვის საჭირო პლატფორმის შექმნა ახალგაზრდებისთვის:

საკონკურსო და სადისკუსიო პროექტების მომზადება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას და მისცემს მათ საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალებას;

ნიჭიერი სტუდენტებისათვის სივრცის შექმნა, სადაც მოხდება შემოქმედებითი, ინოვაციური და ექსპერიმენტული პროექტების განხორციელება;

სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია:

ახალგაზრდული სპორტული თოქ-შოუების მომზადება;

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობებისა და რეკომენდაციების საშუალებით;

შემეცნებითი და სასწავლო სპორტული პროექტების მოზადება;

განვითარების ეს პრინცები დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ STEM და SOFT SKILLS სწავლების სისტემებზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიური, ანალიტიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას. “

„პირველი არხის“ ანგარიშიდან

[/toggle]

„ტელესკოლა“, როგორც დამატებითი რესურსი

განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე, „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ თუ განვიხილავთ ტელესკოლას როგორც დამატებით რესურსს, ამ თვალსაზრისით მან თავისი ფუნქცია დადებითად შეასრულა:

„დავინახეთ, რომ ტელესკოლა ძალიან ბევრი მასწავლებლისთვის აღმოჩნდა ინსპირაცია. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მასწავლებლები ყველაზე კარგად და ეფექტიანად სწავლობენ ერთმანეთისგან. ტელესკოლამ მისცა ძალიან ბევრ მოტივირებულ მასწავლებელს ენახა, გაეზიარებინა თავიანთი კოლეგების საქმიანობა.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი გაკვეთილი ტელესკოლის ძალიან კარგ რესურსად ჩამოყალიბდა და გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი მასწავლებელი იყენებდა მას თავის სასწავლო პროცესში, როგორც დამატებით რესურსს – უზიარებდა თავის მოსწავლეებს და თავადაც იღებდა ინფორმაციას, საკუთარი გაკვეთილებისთვის – ნიმუშს, მაგალითს…“

„ერთი დადებითი, რაც ახლდა ამ პროექტს არის ის, რომ საზოგადოებრივ არხზე გაჩნდა განათლებაზე მიძღვნილი საეთერო დრო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს არის ის მონაპოვარი, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. სასურველია ეს რესურსი- საგანმანათლებლო არხის სახით – ძალიან კარგად იქნას გამოყენებული, საინტერესო და კარგი საგანმანათლებლო გადაცემებით დაიხუნძლოს და გამოყენებული იქნას სათანადოდ. ამ მხრივ ტელესკოლა იყო და რჩება საინტერესო პროექტად. შესაბამისად, სასურველია, რომ ის განვითარდეს. ახლა მთავარია ხარისხიანი კონტენტი დაიდოს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

სიმონ ჯანაშიაც თვლის, რომ ამ პროექტის შემთხვევაში რაც კარგია, არის ის, რომ გაჩნდა დამატებითი რესურსი:

„ეს არის დაახლოებით ისეთივე რესურსი, როგორიც არის მაგალითად სახელმძღვანელო. თავისთავად სახელმძღვანელოს არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები დასხდებიან და დაიწყებენ კითხვას, მას ყოველთვის სჭირდება დახმარება, უკუკავშირი, მასწავლებლის დახმარება. მე რაც გამიგია და ვისგანაც გამიგია ამ პროდუქტის მოხმარებაზე, ეს ის ოჯახებია, რომლებიც ისედაც დისტანციურად სწავლობდნენ. გაკვეთილები ჰქონდათ ონლაინ და დამატებით ტელესკოლასაც უყურებდნენ. მათთვის ძალიან მოსახერხებელი იყო ტელეგაკვეთილების ნახვა, რაც თავისთავად ვერ ანაცვლებს სასწავლო პროცესს.

ტელესკოლის მასწავლებლებს რაც შეეხებათ, მე ვისაც ვუყურებ, უმეტესად შეეცადდნენ, რომ რაც შეიძლება მცოდნე, რაც შეიძლება თანამედროვე, მონდომებული და მოტივირებული ხალხი მოეყვანათ და ეს ჩანს“.

„ეს ძალიან სასარგებლო რესურსია ჩვეულებრივ ინტეგრირებულ სასწავლო პროცესში, როცა ბავშვს აძლევ დავალებას, არა ვთქვათ მაინცდამაინც სახელმძღვანელოდან, არამედ ამ თემატიკას – გინდ წაიკითხე ეს, გინდა უყურე იმ გადაცემას. ეს სახელმძღვანელოებზე უკეთესი რესურსია, რადგან ესა თუ ის საკითხი უფრო თვალსაჩინოდ არის ახსნილი და უფრო ბევრჯერ იმეორებს ადამიანი აღქმას, რაც სჭირდება მოსწავლეს.

ცალკე მდგომი რესურსი შეიძლება საინტერესო იყოს განსაკუთრებით მოტივირებული ბავშვებისთვის, რომლებიც თვითონ გადაწყვეტენ და უყურებენ, მაგრამ ჩვეულებრივი სასწავლო პროცესისთვის მაინცდამაინც ეფექტური არ არის, თუ მასწავლებლები არ მიაბამენ რაღაც დავალებებს – თუ დისტანციურად ასწავლიან, მაშინ ასეთი დავალებები შეიძლება ტელეფონით მისცენ, ან სხვა ფორმით“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მათემატიკის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი განათლების სამინისტროში, ქეთი ცერცვაძე აცხადებს, რომ მესამე ეროვნული გეგმის ერთ-ერთ მიზანია მეტი რესურსი შეიქმნას და მასწავლებელს უთხრან, რომ ამ რესურსებს შორის წიგნი ერთ-ერთი რესურსია.

ქეთი ცერცვაძის თქმით, ტელესკოლის გაკვეთილებს, მასწავლებლები მეთოდურადაც იყენებდნენ, ამიტომ „ტელესკოლაც მგონი გამოგვივიდა, როგორც ერთ-ერთი რესურსი. გაიგზავნა რეკომენდაციები, რომ თუნდაც ურჩიეთ ბავშვებს მე-6 ში კი არის, მაგრამ მე-5 ვიდეოებს უყუროს, გაიმეოროს. მასწავლებელი უნდა ყოფილიყო სწორად ინფორმირებული, მშობელიც. იმ სკოლებში გაცილებით კარგად წავიდა ეს, სადაც სკოლის მენეჯმენტმა დააორგანიზა“.

„მათემატიკა არ არის მარტო ცარცი, ცარცს არ ვერჩი არაფერს, ხელით საწერი ხელით საწერია და ყველამ უნდა წეროს, მაგრამ თანამედროვე ბავშვებისთვის ტექნოლოგიები და ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სამყაროში გაზრდილები არიან. თუ შენ ამ ბავშვებს ეკონტაქტები მხოლოდ წარსულის ინსტრუმენტებით, წყვეტა გაქვს… თუ ახსნაში ჩართავ ტექნოლოგიებს, სიმულაციებს, ვიზუალიზაციას, რაც მათთვის აქტუალურია, ბავშვების ჩართულობა იზრდება. აი, ეს მინდოდა მეჩვენებინა ტელეგაკვეთილებით, რომ მათემატიკა არ არის მოსაწყენი“, – ამბობს ქეთი ცერცვაძე.

მისივე თქმთ, ტელეგაკვეთილები ეს არის ახალი ეროვნული გეგმის შესაბამისად შექმნილი ბაზა: „ბანკი შეიქმნა. სკოლის გარე აქტივობებიც კი არის ჩაწერილი. ფუფუნებაა – ღიად დევს ვავრცელებთ მუდმივად, მასწავლებელს შეუძლია აჩვენოს ამოცანა და დააპაუზოს, თუ ამოხსნიან, იგივე შეუძლია მშობელსაც და მოსწავლესაც კი, პაკეტები ჩაიწერა და სახლში შეუძლია მშობელს გამოიყენოს ბავშვის განვითარებისთვის.

ვეცადეთ არა ის, რომ აი პანდემია გადავაგოროთ, არამედ მაქსიმალურად ისეთი რესურსები ჩაწერილიყო, რომ მერეც გამოიყენებენ ახალი გეგმის მიხედვით. მთავარია, გამოყენება ისწავლონ“.

ის, რომ ძალიან მოკლე პერიოდში შეიქმნა გარკვეული რესურსი საინტერესო ტელეგაკვეთილების სახით, შალვა ტაბატაძე ამას პროექტის პოზიტიურ მხარედ აფასებს. თუმცა, ამბობს, რომ მისი გამოყენება შეიძლებოდა უფრო კარგად პანდემიის პერიოდში და შეიძლება მომდევნო პერიოდებშიც:

„ვფიქრობ, ტელესკოლა საინტერესო იყო მასწავლებელთა იმ ნაწილითვის, ვისაც წვდომა არ აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე – ანუ დაინახეს, როგორ შეიძლება უკეთესად წარმართო გაკვეთილები… მხარს ვუჭერ ამ პროექტის არსებობას. უბრალოდ, სასურველია მისი საგანმანათლებლო მნიშვნელობა უფრო სხვა კუთხითა და სხვა კონცეფციითაც განვითარდეს და არა ვთქვათ, როგორც მხოლოდ ტელეგაკვეთილები.

განათლების საკითხები დაემატოს, შესაძლოა უფრო ინოვაციური მიდგომები, უფრო მეტი ჩართულობა იყოს მასწავლებლების. მათ შორის იმის გაკეთება, თუ რა საჭიროებები აქვთ მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს. ამ პირობებზე მორგება. არა ის, რომ თბილისში რას ფიქრობენ, რა მიაწოდონ, არამედ ის, თუ რა სჭირდებათ რეალურად. ამ თვალსაზრისით ამ კონცეფციის განვითარება, ვფიქრობ, კარგი უნდა იყოს და არა მხოლოდ ის, რომ რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა აი, ეს მივაწოდოთ.“

გოგონას ბნელი 90-იანებიდან გაცრეცილი წიგნები დღემდე მიყვარს – ანანო ლებანიძე

ავტორი: ანანო ლებანიძე, ჟურნალისტი

___

გოგონას ბნელი 90-იანებიდან, გაცრეცილი და სიძველის სუნით გაჟღენთილი წიგნები დღემდე გამორჩეულად მიყვარს. სუსხიანი ზამთრის საღამოს ნავთქურასთან მიმჯდარს, ნახევრად გაყინულს, სანთლის შუქზე ასოების გარჩევა და გადაფურცვლაც რომ მიჭირდა, წინ „პირველად წაკითხვის“ სიამოვნება მქონდა. იმ დღეებმა შთაბეჭდილებების გაზიარებასთან ერთად, დროის შეჩერება და საზღვრების გადაკვეთაც მასწავლა…

ჩემს სახლსა და ოთახში გაცოცხლებული გმირები, ხშირად სიზმრადაც რომ არ მტოვებდნენ, ბევრს მამოგზაურებდნენ და ახალი სამყაროს კარს ფართოდ მიხსნიდნენ, გმირობის ჩადენისა და უკეთესი მომავლის სტიმულს უანგაროდ მიყოფდნენ. ასე წიგნებს შეკედლებული, არასდროს ვიყავი მარტო.

ბევრი მათგანი ახლომდებარე ბიბლიოთეკიდან წამოყოლილი ობისა და ნესტის სუნით, გვიბიძგებდა ჩვენი სამყაროც წიგნივით გადაგვეშალა, წაგვეკითხა და უკეთესობისკენ შეგვეცვალა. მაშინ, როცა სასკოლო ბიბლიოთეკის შევსებაც კი ფუფუნებასთან ასოცირდებოდა, ძველი წიგნები ხელიდან ხელში გადადიოდა და ბიბლიოთეკებსა და ერთმანეთის სახლებიდან გამოთხოვილი ლიტერატურის რიგში დგომა გვიწევდა. სწორედ იმ დროიდან წიგნი საუკეთესო მეგობრად მექცა. მას შემდეგ ვმოგზაურობ, ვცხოვრობ მასთან ერთად და ეს წუთები ყველაზე მშვენიერია.

ნამდვილ მეგობრებს ჩვენით ვირჩევთ, ვიყვარებთ, მათთან ერთად გავდივართ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურებს, ვსწავლობთ, მათთან ერთად ვღვინდებით, გამორჩეულები ვხდებით და ხშირად ვბერდებით კიდეც. დავეხმაროთ ამ პატარებსაც ჩვენსავით იპოვონ საუკეთესო მეგობრები და ერთად გაიარონ თავგადასავლებით სავსე დიდი და გრძელი გზები.

მაღალმთიან აჭარაში, იქ, სადაც არ არის წიგნის მაღაზიები, სოფლის სკოლის ბიბლიოთეკები კი ასე ღარიბია, „მოგზაური ბიბლიოთეკა“ მოზარდებს წიგნის სამყაროში მოგზაურობის ახალ შესაძლებლობას აძლევს. ჩვენც შეგვიძლია მათ გვერდით ვიყოთ…

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

აგვისტოში 5 მილიონი „ოცნებას“ შესწირეს და 117 480 ლარი ენმ-ს – აუდიტი

„ოპოზიცია არ იყენებს ფასიან სარეკლამო დროს თავიანთი საარჩევნო რგოლების განსათავსებლად, რათა არჩევნებში მათი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ საარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი,“ – თქვა დღეს, 31 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა.

რა თანხა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად?

აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ აგვისტოში 5 მილიონამდე ლარი შესწირეს ბიზნესმენებმა, ზუსტად კი, 4 მილიონ 941 354 ლარი.

მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმავე აგვისტოში ჯამში 117 480 ლარი აჩუქეს მხარდამჭერებმა.

არჩევნებამდე ორი თვით ადრე, აგვისტოში, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტის მოგროვება „ლელომ“ შეძლო – 169 500 ლარი. „დროას“ 31 568 ლარი შესწირეს, „ევროპულ საქართველოს“ – 54 885 ლარი.

„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ბათუმიდან აგვისტოში ბიზნესმენებმა მილიონ-ნახევარზე მეტი ლარი შესწირეს, ზუსტად – 1 მილიონ 608 000 ლარი.

აგვისტოში ბათუმიდან შემწირველებს შორისაა, მაგალითად, ბექა მანველიძე. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ქართული ოცნებიდან“, გიორგი მანველიძის ძმაა. ბექა მანველიძეს სამშენებლო ბიზნესი აქვს. მან 40 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“.

„ოცნების“ შემწირველია დავით ბალაძეც, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრია, რომელმაც შემდეგ ბიზნესში გადაინაცვლა, სხვადასხვა ბიზნესწილი აქვს და ახლა მმართველ პოლიტიკურ ძალას 60 ათასი ლარი შესწირა.

კიდევ ვინ არიან შემწირველები ბათუმიდან, ნახეთ აქ.

უნივერსიტეტებში 100%-იანი გრანტით – ბათუმელი სტუდენტები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება ათასამდე აბიტურიენტმა მოიპოვა. დაახლოებით ამდენივე დააფინანსა გასულ წელსაც სახელმწიფომ. „ბათუმელები“ რამდენიმე სტუდენტს ესაუბრა, რომლებმაც წელს ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვეს. წელს 29 362 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა.

ელენე შაინიძე ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში სწავლობდა, წელს თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამბობს, რომ პანდემიის გამო გულდაწყვეტილი იყო, რადგან ხან საკლასო ოთახებში სწავლობდნენ, ხან – დისტანციურად.

ელენემ ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში 78 ქულა აიღო, ზოგად უნარებში – 66 ქულა, ისტორიაში – 53 და ქართულში – 61 ქულა.

„ძალიან დიდი ხანი მინდოდა ამ უნივერსიტეტში ამ სპეციალობაზე ჩაბარება. პანდემიის გამო იმედი დავკარგე. მინდოდა მე-12 კლასი უფრო პროდუქტიული ყოფილიყო, მაგრამ დისტანციურად სწავლის გამო იმედგაცრუებული ვიყავი. ვიფიქრე, რომ აკადემიური ამეღო, თუმცა შემდეგ მაინც გადავწყვიტე გამოცდების ჩაბარება და ბოლო სამი თვე ძალიან აქტიურად დავიწყე მომზადება“, – ამბობს ელენე.

ელენეს თქმით, პროფესიის არჩევა ოჯახმა განაპირობა. „ოჯახში ყველა იურისტია. ბავშვობიდან ამ გარემოში ვიზრდებოდი, ბოლო წლებში დავფიქრდი კიდეც, ნამდვილად მინდოდა იურისტობა თუ ოჯახის გავლენა იყო, მაგრამ როცა ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ ნამდვილად მაინტერესებდა. ბევრი აბარებს სამართალზე, მაგრამ რეალურად მაინც დეფიციტია კარგი იურისტების, დაწყებული სასამართლოდან, დამთავრებული საჯარო უწყებებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავარია კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ამ შემთხვევაში კონკურენტულიც ვიქნები. იდეისთვის მინდა ვიცხოვრო და რაღაც წვრილმანებმა არ მინდა წაიღოს ჩემი ცხოვრება.

აქამდე ძალიან მინდოდა მოსამართლეობა, მაგრამ ბოლო დროს გადავწყვიტე, რომ საზღვაო სამართალს გავყვე. საინტერესო სფეროა და ამ მიმართულებით საჭირო კადრები არ გვყავს“, – გვეუბნება ელენე.

ელენე ამბობს, რომ კოვიდსიტუაციაში სტუდენტური ცხოვრება რთულად წარმოუდგენია – „რადგან პირველი კურსი უფრო „შეგუების“ პროცესია, შრომისუნარიანობით მოვახერხებ, რომ ონლაინაც ვისწავლოო“.

ამავე სკოლიდან კიდევ ერთმა აბიტურიენტმა, ლიკა მართალიშვილმაც აიღო ასპროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება. ლიკაც სამართალს ისწავლის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ამბობს, რომ დებატები და დეტექტივები ყოველთვის უყვარდა, აინტერესებს ადამიანის უფლებები და ალბათ ამანაც განაპირობა პროფესიის არჩევა.

„თავიდან ცოტა მეშინოდა, რადგან ზოგადი უნარების ჩაბარება მიწევდა და ყველა მაშინებდა, რომ ონლაინ ვერ მოვემზადებოდი და ვერ ჩავაბარებდი. მაგრამ მეორე სემესტრიდან დავიწყე მომზადება და საბოლოოდ უნარების ქულამ განსაზღვრა გრანტი. 75 ქულა ავიღე 80-დან უნარებში.

რეალურად, პანდემიის პერიოდში რთული იყო სწავლა ონლაინ, ითრგუნები ფსიქოლოგიურადაც – რამდენიმე საათი გიწევს კომპიუტერთან ყოფნა, თანაც ოქტომბერში კოვიდი გადავიტანე და კოვიდსასტუმროდან მიწევდა გაკვეთილების მოსმენა. ფაქტობრივად, მეორე სემესტრიდან ავუღეთ ალღო და შევეცადე, რომ ეს პერიოდი გამომეყენებინა“, – გვეუბნება ლიკა.

ლიკაც ელენეს მსგავსად ფიქრობს, რომ ონლაინსწავლებამ შესაძლოა სტუდენტობის პერიოდშიც იმოქმედოს მოტივაციაზე, თუმცა იმედოვნებს, რომ ვირუსი უკან დაიხევს. „ყველაფერი დამშვიდდება, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ჯანმრთელობაა“, – ამბობს ის.

ალეკო დუმბაძემ ქობულეთის მეექვსე საჯარო სკოლა დაამთავრა და სექტემბრიდან თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში ისწავლის. ალეკომ ყველაზე მაღალი ქულა ინგლისურსა და მათემატიკაში მიიღო.

„ქართულში 61-70-დან, ინგლისურში 80 მივიღე 80 ქულიდან და მათემატიკაში 44 ქულა 51-დან. კომპიუტერული მეცნიერებები ავირჩიე, მოთხოვნადი და ძალიან საჭირო პროფესიაა, ვფიქრობ“, – გვეუბნება ალეკო.

მისი თქმით, სკოლის პროგრამა საკმაოდ ადვილია მათემატიკაში და გამოცდების წინ მაინც უნდა მოემზადო ეროვნულისთვის.

„თუ კარგი ლოგიკა გაქვს, სკოლის პროგრამითაც შეძლებ ეროვნულ გამოცდებზე 27 ქულის აღებას, მაგრამ თუ უფრო მეტი გინდა, მაშინ დამატებით უნდა მოემზადო“, – ამბობს ალეკო.

რატომ კომპიუტერული მეცნიერებები? –  ალეკოსთვის ეს არის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს.

„ძალიან საჭიროა ეს სპეციალობა, ბევრი უწყებაა, რომელიც, უბრალოდ, ვერ იცავს თავს ჰაკერებისგან. კომპიუტერული უსაფრთხოებაც საჭიროა და ახალი აპლიკაციები, გაზრდილია მოთხოვნა კიდეც კომპანიების მხრიდან.

სკოლაში სამწუხაროდ არ გვეძლევა პროგრამებზე მუშაობის შესაძლებლობა, ისტ-ის გაკვეთილებზე უფრო ვსწავლობთ ზოგად ინფორმაციას. მახსოვს, ადრე წავიკითხე, რომ სკოლებში უნდოდათ პროგრამული ენის – რუბის შემოტანა, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ არ მოხერხდა. პროგრამული ენები არ არის ფორმულა, რომ დაიმახსოვრო, ეს გეხმარება ლოგიკისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში“, – გვეუბნება ალეკო.

მისი თქმით, სკოლაში მათემატიკის კარგად სწავლა არა ნიჭზე, არამედ კარგად ახსნაზეა დამოკიდებული.

„მოსწავლეს არასდროს არ უნდა უთხრა, რომ რთულია და ვერ ისწავლი, ან რთულია და ნიჭი გჭირდება. მე ასე არ ვფიქრობ. ბავშვმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ მათემატიკას ლოგიკა და წარმოდგენის უნარი სჭირდება. ბავშვს უნდა შეაყვარო მათემატიკა“, – ამბობს ალეკო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებშიც ახალი სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად დაიწყება. სწავლა აუდიტორიებში იმ შემთხვევაში განახლდება, თუკი ეპიდემიის მაჩვენებელი 4 პროცენტამდე დაიწევს.

_______________________________

მთავარ ფოტოზე: ელენე შაინიძე, ალეკო დუმბაძე და ლიკა მართალიშვილი.

Exit mobile version