მთავარი,სიახლეები

ჩვენი სასამართლო სისტემა წინ უსწრებს EU-ს ქვეყნების სასამართლო სისტემას – ღარიბაშვილი

01.09.2021 • 2007
ჩვენი სასამართლო სისტემა წინ უსწრებს EU-ს ქვეყნების სასამართლო სისტემას – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ სექტემბერს, ჟურნალისტებთან ისაუბრა 75 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებაზე, რის მიღებაზეც საქართველომ გუშინ უარი განაცხადა.

თუმცა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

EU – “საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობების შესრულება”

 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ამ დახმარებაზე უარი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების გამო თქვა.

„75 მილიონი ევრო, ეს იყო სესხი და არა დახმარება. შვიდ თვეში ჩვენ გვქონდა 12-პროცენტიანი ზრდა, რამაც საშუალება მოგვცა ბიუჯეტში დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი ლარის დამატებითი შემოსავალი გასჩენოდა სახელმწიფოს. ამის გამო ჩვენ მივეცით ჩვენს თავს იმის უფლება, რომ დაგვეწყო ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება…

ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ მას შემდეგ არაერთი და ხელშესახები რეალური რეფორმა განვახორციელეთ. 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა.

ამას გარდა, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს სასამართლოს დღეს არსებული სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ყველა კვლევით დასტურდება ეს, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგული ორგანიზაციების კვლევების შედეგად დასტურდება ეს“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, მთავრობა რეფორმებს აგრძელებს. „ამ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ,“ – ამბობს ის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გააკრიტიკა ევროპარლამენტარები და თქვა, რომ ისინი მისი უფროსები არ არიან და აკეთებენ ზედაპირულ განცხადებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: