მთავარი,სიახლეები

რა სჭირდება მოცვის შემოსავლიანი ბაღების გაშენებას – ფერმერის გამოცდილება

01.09.2021 • 1816
რა სჭირდება მოცვის შემოსავლიანი ბაღების გაშენებას – ფერმერის გამოცდილება

ზაზა გუბელაძემ მოცვის სანერგე მეურნეობა შარშან მოაწყო შიდა ქართლში, სოფელ რუისში. კონტეინერული წესით გახარებული ნერგები 3 ჰექტარზეა განლაგებული. ნერგი ინგლისიდან და ჰოლანდიიდან შემოიტანეს, ჭკვიანი კალათები – ჩინეთიდან და ჰოლანდიიდან. ტორფის ჩამოტანა კანადიდან და ბალტიისპირეთიდან გახდა საჭირო. პერლიტი, რაც მოცვის სანერგეს სჭირდება და კიდევ რამდენიმე სხვა მინერალი აქვე მოიპოვება, საქართველოში.

მოცვს მინერალების ნელი და ხანგრძლივი მიწოდება სჭირდება.  ასევე სჭირდება კარგად გამართული წვეთოვანი სისტემა. სანერგე მეურნეობის მეპატრონე ამბობს, რომ თუ სახელმწიფოს ინტერესებში შედის მოცვის მეურნეობის განვითარება და ქვეყანაში ამ კულტურის ფართოდ გავრცელება, დიდი ხელშეწყობაა საჭირო სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რადგან, მართალია, მოცვი შემოსავლიანი კენკრაა, თუმცა საკმაოდ რთულად მოსავლელიც.

  • რა მხარდაჭერა სჭირდება მოცვის მეურნეობას

„მჟავე ნიადაგი დიდი პრობლემაა აღმოსავლეთ საქართველოში. ასეთ დროს თანამედროვე მეთოდებით კონტეინერებში აშენებენ პლანტაციას და იქ უქმნიან შესაბამის პირობებს. 2020 წლის დასაწყისში მივმართეთ პროგრამას „დანერგე მომავალი“ და ვთხოვეთ ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერა. გვითხრეს, რომ თუ მიწის ანალიზს არ მივიტანდით, ისე ვერ დაგვეხმარებოდნენ, თუმცა მიწის ანალიზი აქ არაფერ შუაში – ქოთნებში ვაპირებდით პლანტაციის გაშენებას, მაგრამ ეს ყურად არ იღეს. შეგვითანხმდნენ, ჯერ გააკეთეთ პლანტაცია და მერე ჩაგრთავთ პროგრამაშიო, მაგრამ ჩვენ უკვე უზარმაზარი ხარჯი გავწიეთ სესხით“, – ამბობს მეურნე ზაზა გუბელაძე.

მოცვის გასაშენებელი კონტეინერები სოფელ რუისში

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოცვის პლანტაციის მოწყობაში მეურნეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხმარება, თუ მჟავე ნიადაგზე, დასავლეთ საქართველოში მოჰყავთ ეს კენკრა. თუმცა, თანამედროვე და მსოფლიოში უკვე მრავალგზის აპრობირებული მეთოდით, კონტეინერული მეთოდით გაშენებული პლანტაცია, აღმოსავლეთ საქართველოს პირობებსაც იდეალურად ეგუება.

მოცვის წვეთოვანმა სარწყავმა სისტემამ რომ გამართულად იმუშაოს, აუცილებელია ელექტროენერგია იყოს ახლომახლო. ზაზა გუბელაძე სამ ჰექტარზე გაშენებულ ნარგავებს ელექტროენერგიის გარეშე, საქაჩი ტუმბოთი რწყავს, რასაც ყოველ 10 წუთში ხელით ჩართვა-გამორთვა სჭირდება საათობით.

„ეს სარწყავი სისტემა როცა ელექტროენერგიაზეა, ჩართვა-გამორთვა ავტომატურ რეჟიმში ხდება და როცა ამას საწვავიანი ტუმბოთი აკეთებ თავისი ამოსაქოქი აქვს, უნდა მივიდეს ადგილზე ვინმე და დაქოქოს, დაელოდის ცოტა ხანს, ყოველ 10 წუთში უნდა მივიდეს და ასე უნდა იწვალოს. როცა თავზე არ ადგახარ, დამხმარე შეიძლება გადაიღალოს და გამოტოვოს რამდენიმე მორწყვა, რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ნარგავებს“, – ამბობს მეურნე.

მოცვის მეურნეობის მოსაწყობად აუცილებელი დანადგარები

გვიყვება, რომ ელექტრომავთულები ზუსტად მოცვის პლანტაციის თავზე გადის. ივნისის პირველ ნახევარში დაწერა განცხადება, რომ ნაკვეთში ჩამოეყვანათ შუქი, პირობა მისცეს, რომ ჩამოუყვანდნენ ელექტროენერგიას, თუმცა უკვე მესამე თვეა ამაოდ ელოდება პლანტაციამდე ელექტრომავთულების მიყვანას.

  • 10 ათას ქოთანში გაშენებული მოცვის პლანტაცია

მეურნე გეგმავს  მოცვის მოსავალიც მოიყვანოს და ნერგიც გაამრავლოს სარეალიზაციოდ.

სანერგე მეურნეობა ახლებურ სერვისს სთავაზობს მსურველებს, თუ მოცვის პლანტაციის გასაშენებლად კონტეინერებით ნერგების შეძენა გსურთ და ამისთვის არ გაქვთ შესაფერისი ტერიტორია, სანერგე ამ ქოთნებს იტოვებს, ზრდის, უვლის, რწყავს, რეალიზაციასაც თავად უზრუნველყოფს და გაძლევთ გაყიდვების შედეგად შემოსულ თანხას, თავად კი იტოვებს მოგების მესამედს.

„ჩვენ ახლა 1 ჰა-ზე გაშენებული მოცვი გვაქვს, ანუ ამ მოცულობის მიწის ნაკვეთზე კონტეინერებით გვაქვს მოცვი განთავსებული, მაგრამ როცა ეს ნარგავები გაიზრდება, ტერიტორიაზე ვეღარ დაეტევა გაბუჩქული მცენარე და საჭირო იქნება 3 ჰა ტერიტორია, ამ პროცესს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდება.

სახელმწიფო თუ არ დაგვიდგა გვერდით, ისე ვერ შევძლებთ მოცვის მეურნეობის ფართოდ დანერგვას.

გქონდეს მოცვის მეურნეობა, ნიშნავს მთელი სიცოცხლე გქონდეს შემოსავალი და დამატებით კარგი პენსია.

მე ხიდების და გვირაბების მშენებელი ვარ პროფესიით, მაგრამ ბოლო 5 წელია დავინტერესდი მოცვით. თავიდან მთლიანად საკუთარი ხარჯებით გავაშენეთ ეს სანერგე. არავითარი სახელმწიფო დახმარება არ გვქონია. ჩვენი რისკით გავაკეთეთ ყველაფერი შეამხანაგებულმა თანამოაზრეებმა, ახალგაზრდა ბიჭები დამეხმარნენ იდეის განხორციელებაში, სახლებიდან ათასი რამე დავალომბარდეთ, სესხი ავიღეთ, ახლა ნარგავები ქარელის რაიონის სოფელ რუისში გვაქვს.

მთელი ზამთარი, იანვრის ბოლოდან მაისის ბოლომდე 70 კაცამდე გვყავდა დასაქმებული. სუბსტრაქტების მომზადებაზე მუშაობდნენ და სესხით გამოტანილ თანხას ვუხდიდით ხელფასად, თუმცა კარგი შემოსავლის იმედი გვაქვს წელს“, – ამბობს მოცვის პლანტაციის მეპატრონე.

გადაბეჭდვის წესი