განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლების 60 პროცენტში სწავლის პირისპირ დაწყება შეგვეძლო – ტაბატაძე

01.09.2021 • 10478
სკოლების 60 პროცენტში სწავლის პირისპირ დაწყება შეგვეძლო – ტაბატაძე

„სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება“, – ეს პოზიცია აქვს UNICEF-ს პანდემიაში სასკოლო პროცესების მართვაზე. საქართველოში კი პირიქით მოხდა – მუშაობს რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და სხვა ყველა დაწესებულება, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლებმა და უნივერსიტეტებმა ახალი სასწავლო წელიც 15 სექტემბერს ონლაინში უნდა განაახლონ.

ზოგი ფიქრობს, რომ თუ მოსწავლეები ვერც წელს მოახერხებენ მასწავლებლებთან პირისპირ შეხვედრას, შესაძლოა ქართული განათლების სისტემა აღმოჩნდეს კოლაფსში. რა უნდა გაეკეთებინა, რა გააკეთა და არ გააკეთა მთავრობამ ვითარების შესაცვლელად – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე საუბრობს.

  •  ბატონო შალვა, „იუნისეფის რეკომენდაციაც არის, რომ სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიხუროს. რამდენად შესაძლებელი იყო ამისთვის მომზადება?

პირისპირ სწავლება არის მნიშვნელოვანი, როგორც განათლების ხარისხის, ასევე სოციალური ურთიერთობებისთვის, მათ შორის მშობლებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და ასე შემდეგ.

სწავლის პირისპირ დასაწყებად, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო უკეთესად მომზადებულიყო საზოგადოება, სახელმწიფო, განათლების სისტემა, აქ ვგულისხმობ ვაქცინაციას, რომელიც ვაღიაროთ, რომ გვიან დაიწყო – სექტემბრისთვის მასწავლებლების 80 პროცენტი უკვე უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული. მარტო მასწავლებლების ვაქცინაციაც არ იქნებოდა საკმარისი.

ასევე, 12 წლის და ზემოთ ასაკის მოსწავლეების ვაქცინაციაზე მსჯელობაც გვიან დაიწყო საქართველოში, როცა ბევრ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს აცრა. ამ თვალსაზრისით არის ხარვეზები და შეგვეძლო უკეთესად მოვმზადებულიყავით.

ის, რომ 15 სექტემბერს უნდა განახლდეს ონლაინსწავლება, აქაც ძალიან მარტივად და ცენტრალიზებულად არის მიღებული გადაწყვეტილება. სულ ვამბობ ხოლმე – საქართველოში არსებული სკოლების განლაგება გვაძლევს საშუალებას, რომ თუ კარგად მოემზადებოდნენ სკოლები, მუნიციპალიტეტები და თემები, სკოლების 60 პროცენტში სწავლა შეგვეძლო დაგვეწყო პირისპირ.

  • იქნებ დავაკონკრეტოთ, უკეთ მომზადებაში რა იგულისხმება,  რადგან სკოლებში გვეუბნებიან, რომ შეუძლიათ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ვგულისხმობ იმას, რომ 60 პროცენტამდე სკოლები არის მცირეკონტინგენტიანი, 170 მოსწავლეზე ნაკლები ჰყავთ და, შესაბამისად, ამ სკოლებში რეგულაციების დაცვა შესაძლებელია. ბევრ კლასში 10-12 მოსწავლეა მაქსიმუმ, ამიტომ  მათი გადანაწილება და რეგულაცია იქნებოდა ძალიან მარტივი. ასევე, მასწავლებლები უნდა ყოფილიყვნენ აცრილი და იმ თემში, იმ სოფელში, სადაც სკოლა გაიხსნება, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული.

ჩვენ გვაქვს სოფლები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა არ ყოფილა ინფიცირებული, მაგრამ ქალაქიდან ბევრმა ჩაიტანა ვირუსი და იყო ლოკალური აფეთქებები, ამიტომ ეს რომ გამორიცხულიყო, სკოლის დაწყებამდე ტესტირებაც სავალდებულო იქნებოდა ყველა მოსწავლისთვის.

სკოლების 60 პროცენტში ჩვენ შეგვეძლო სწავლის პირისპირ დაწყება, თუ ამისთვის გვექნებოდა მზაობა და ეს იქნებოდა ინდივიდუალური მიდგომა.

მაგალითად, თუ საქართველოში დადებითობის მაჩვენებელი 10 პროცენტია, შესაძლებელია ხულოს რომელიღაც სოფელში იყოს 0 პროცენტი. ამიტომ, რადგან საქართველოში 10 პროცენტია დადებითობა, ხულოს რომელიღაც სკოლაში სწავლა არ უნდა დავიწყოთ? ასეთი ცენტრალიზებული გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული, არამედ ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, როგორია ეპიდსიტუაცია კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, კონკრეტულ თემში, სადაც სკოლაა განლაგებული.

თუ წინა გამოცდილებას ვნახავთ, სწორედ მაღალმთიან და სოფლის დასახლებებში გვქონდა განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა გასულ წელს და ინდივიდუალური მიდგომებით ჩვენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებსაც მოვიცავდით პირისპირ სწავლებისთვის.

  • რაც შეეხება ქალაქს?

საქალაქო დასახლებებში ნამდვილად სწორია ონლაინსწავლება და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე  მიმაჩნია, რომ სკოლების გახსნა იყო რისკის მატარებელი, რადგან როცა სკოლა იხსნება, იზრდება მობილობაც. თუმცა აქაც უნდა ყოფილიყო სკოლის შიგნით ინდივიდუალური მიდგომები, როგორც აქვს ხოლმე ბევრ ქვეყანას.

ვიცით, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ეს იყო ყველაზე მძიმე პერიოდი, რადგან მთლიანად მოწყდნენ სასწავლო პროცესს. შესაძლოა ამ მოსწავლეებისთვის ყოფილიყო პირისპირ სწავლების პროგრამები.

ან იმ ჯგუფებისთვის, ვისაც არ აქვს წვდომა ინტერნეტზე და სხვა ტექნოლოგიებზე, არ აქვთ შესაბამისი ფართობი, იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც მშობლები ვერ ტოვებენ სახლში მარტო და ასე შემდეგ. თუ ასეთი პოლიტიკა იქნებოდა, ჩვენ მოვიცავდით ყველაზე მოწყვლად ჯგუფს.

თუმცა ჩიხში რომ შევედით, არასწორი პოლიტიკის ბრალია.

  • უნივერსიტეტებში ხომ შეეძლოთ პირისპირ განახლება. ზრდასრული ადამიანები სწავლობენ და უფრო მეტად შეუძლიათ რეგულაციების დაცვა?

მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტებმა არ გამოიჩინეს პასუხისმგებლობის აღების სურვილი, რადგან ძალიან მარტივი მენეჯმენტის პირობებშიც შეეძლოთ სწავლის პირისპირ განახლება, თუკი იქნებოდა ცალსახა მოთხოვნა, რომ აცრილიყვნენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები.

  • აცრებზე როცა ვსვამდით კითხვებს, სამინისტრო ამბობდა, რომ ვერ დააძალებდნენ მასწავლებლებს ან სხვებს ვაქცინაციას, უნდა ყოფილ თუ ამ საკითხში უფრო მკვეთრი მთავრობის პოლიტიკა?

ვაქცინაცია არ არის ვიღაცის უფლებების შელახვა, ეს არის გავრცელებული პრაქტიკა, როდესაც ვაქცინაციის სიაში შედის სავალდებულო აცრები და მის გარეშე უნივერსიტეტი არ მიგიღებს და არ დაგიშვებს. ამ პრაქტიკის ამუშავება არის სრულიად შესაძლებელი.

ძალიან ცოტა უფლებაა აბსოლუტური უფლება და ეს უფლება იზღუდება, როდესაც ჩნდება სხვა ადამიანის უფლება – რომ არ გადაედოს ვირუსი.

როცა ხარ მასწავლებელი ან ლექტორი და მუშაობ კონკრეტულ სტრუქტურაში, უნდა აიცრა. სკოლასთან უნივერსიტეტს აქვს უფლება დაგიყენოს მოთხოვნა, თუ გინდა რომ ასწავლო, უნდა იყო აცრილი. ისევე როგორც მშობელს შეუძლია დაგიყენოს მოთხოვნა, რომ თუ გინდა ასწავლო მის შვილს, უნდა აიცრა.

  • როგორც ვიცი, თქვენი შვილები სწავლობენ აშშ-ში. როგორია იქ ვითარება, იწყებენ თუ არა ამერიკაში პირისპირ სწავლას და რა არის ამის ძირითადი ფაქტორი? პარალელი რომ გავავლოთ ჩვენს რეალობასთან.

აშშ-ში ონლაინსწავლება აღარც განიხილება. პირისპირ მიმდინარეობს სწავლა. რა თქმა უნდა, აცრის მაჩვენებელი არის მაღალი მოსახლეობაში, იმ კონკრეტულ შტატშიც, სადაც ცხოვრობენ ჩემი შვილები.

თუ რაიმე შემთხვევა დაფიქსირდება, მაშინვე ხდება რეაგირება, იტესტება ყველა, რომ არ მოხდეს გავრცელება.

სკოლაში აცრილია მოსწავლეთა ძალიან დიდი ნაწილი და ახლაც მიმდინარეობს 12-იდან 18 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია. პირბადის ტარებაც კი აღარ არის სავალდებულო, თუმცა მასწავლებლების და მოსწავლეების უმრავლესობა მაინც ატარებს. არა ფორმალურად, ჩამოწეული რომ ჰქონდეთ ნიკაპზე.

ასე, რომ ცალსახად უნდა დაწყებულიყო ვაქცინაცია უფრო ადრე, სექტემბრისთვის გარანტირებულად უნდა გვცოდნოდა, რომ მასწავლებლების ასი პროცენტი აცრილი იქნებოდა (რა თქმა უნდა, იქნებოდა გამონაკლისებიც სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე), თუმცა ეს პროცესი დაგვიანდა.

სკოლები უნდა გახსნილიყო სხვადასხვა მოდიფიკაციით. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება სიტუაცია, შესაძლოა მომავალ წელსაც იყოს ვირუსი, ამიტომ ყველა სკოლა, განათლების სისტემა მზად უნდა იყოს სრულყოფილი სწავლების სამივე მოდელისთვის, – პირისპირ, ონლაინ თუ შერეული სწავლებისთვის. ბავშვებს სამივე მოდელის შემთხვევაში ხარისხიანი განათლება უნდა მიეწოდებოდეს.

გარდა ამისა, მოსწავლეთა სოციალური ინტერაქციისთვის სკოლებმა უნდა შეიმუშაონ აქტივობები და სწავლება მეთოდოლოგიურად და ფილოსოფიურად უნდა იყოს გამართული. ეს ყველაფერი უნდა გავაცნობიეროთ, თუმცა ეს მზაობა ჩვენ დღეს არ გვაქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: