განათლება,მთავარი,სიახლეები

უნივერსიტეტებში 100%-იანი გრანტით – ბათუმელი სტუდენტები

31.08.2021 • 17073
უნივერსიტეტებში 100%-იანი გრანტით – ბათუმელი სტუდენტები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება ათასამდე აბიტურიენტმა მოიპოვა. დაახლოებით ამდენივე დააფინანსა გასულ წელსაც სახელმწიფომ. „ბათუმელები“ რამდენიმე სტუდენტს ესაუბრა, რომლებმაც წელს ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვეს. წელს 29 362 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა.

ელენე შაინიძე ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში სწავლობდა, წელს თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამბობს, რომ პანდემიის გამო გულდაწყვეტილი იყო, რადგან ხან საკლასო ოთახებში სწავლობდნენ, ხან – დისტანციურად.

ელენემ ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში 78 ქულა აიღო, ზოგად უნარებში – 66 ქულა, ისტორიაში – 53 და ქართულში – 61 ქულა.

„ძალიან დიდი ხანი მინდოდა ამ უნივერსიტეტში ამ სპეციალობაზე ჩაბარება. პანდემიის გამო იმედი დავკარგე. მინდოდა მე-12 კლასი უფრო პროდუქტიული ყოფილიყო, მაგრამ დისტანციურად სწავლის გამო იმედგაცრუებული ვიყავი. ვიფიქრე, რომ აკადემიური ამეღო, თუმცა შემდეგ მაინც გადავწყვიტე გამოცდების ჩაბარება და ბოლო სამი თვე ძალიან აქტიურად დავიწყე მომზადება“, – ამბობს ელენე.

ელენეს თქმით, პროფესიის არჩევა ოჯახმა განაპირობა. „ოჯახში ყველა იურისტია. ბავშვობიდან ამ გარემოში ვიზრდებოდი, ბოლო წლებში დავფიქრდი კიდეც, ნამდვილად მინდოდა იურისტობა თუ ოჯახის გავლენა იყო, მაგრამ როცა ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ ნამდვილად მაინტერესებდა. ბევრი აბარებს სამართალზე, მაგრამ რეალურად მაინც დეფიციტია კარგი იურისტების, დაწყებული სასამართლოდან, დამთავრებული საჯარო უწყებებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავარია კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ამ შემთხვევაში კონკურენტულიც ვიქნები. იდეისთვის მინდა ვიცხოვრო და რაღაც წვრილმანებმა არ მინდა წაიღოს ჩემი ცხოვრება.

აქამდე ძალიან მინდოდა მოსამართლეობა, მაგრამ ბოლო დროს გადავწყვიტე, რომ საზღვაო სამართალს გავყვე. საინტერესო სფეროა და ამ მიმართულებით საჭირო კადრები არ გვყავს“, – გვეუბნება ელენე.

ელენე ამბობს, რომ კოვიდსიტუაციაში სტუდენტური ცხოვრება რთულად წარმოუდგენია – „რადგან პირველი კურსი უფრო „შეგუების“ პროცესია, შრომისუნარიანობით მოვახერხებ, რომ ონლაინაც ვისწავლოო“.

ამავე სკოლიდან კიდევ ერთმა აბიტურიენტმა, ლიკა მართალიშვილმაც აიღო ასპროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება. ლიკაც სამართალს ისწავლის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ამბობს, რომ დებატები და დეტექტივები ყოველთვის უყვარდა, აინტერესებს ადამიანის უფლებები და ალბათ ამანაც განაპირობა პროფესიის არჩევა.

„თავიდან ცოტა მეშინოდა, რადგან ზოგადი უნარების ჩაბარება მიწევდა და ყველა მაშინებდა, რომ ონლაინ ვერ მოვემზადებოდი და ვერ ჩავაბარებდი. მაგრამ მეორე სემესტრიდან დავიწყე მომზადება და საბოლოოდ უნარების ქულამ განსაზღვრა გრანტი. 75 ქულა ავიღე 80-დან უნარებში.

რეალურად, პანდემიის პერიოდში რთული იყო სწავლა ონლაინ, ითრგუნები ფსიქოლოგიურადაც – რამდენიმე საათი გიწევს კომპიუტერთან ყოფნა, თანაც ოქტომბერში კოვიდი გადავიტანე და კოვიდსასტუმროდან მიწევდა გაკვეთილების მოსმენა. ფაქტობრივად, მეორე სემესტრიდან ავუღეთ ალღო და შევეცადე, რომ ეს პერიოდი გამომეყენებინა“, – გვეუბნება ლიკა.

ლიკაც ელენეს მსგავსად ფიქრობს, რომ ონლაინსწავლებამ შესაძლოა სტუდენტობის პერიოდშიც იმოქმედოს მოტივაციაზე, თუმცა იმედოვნებს, რომ ვირუსი უკან დაიხევს. „ყველაფერი დამშვიდდება, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ჯანმრთელობაა“, – ამბობს ის.

ალეკო დუმბაძემ ქობულეთის მეექვსე საჯარო სკოლა დაამთავრა და სექტემბრიდან თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში ისწავლის. ალეკომ ყველაზე მაღალი ქულა ინგლისურსა და მათემატიკაში მიიღო.

„ქართულში 61-70-დან, ინგლისურში 80 მივიღე 80 ქულიდან და მათემატიკაში 44 ქულა 51-დან. კომპიუტერული მეცნიერებები ავირჩიე, მოთხოვნადი და ძალიან საჭირო პროფესიაა, ვფიქრობ“, – გვეუბნება ალეკო.

მისი თქმით, სკოლის პროგრამა საკმაოდ ადვილია მათემატიკაში და გამოცდების წინ მაინც უნდა მოემზადო ეროვნულისთვის.

„თუ კარგი ლოგიკა გაქვს, სკოლის პროგრამითაც შეძლებ ეროვნულ გამოცდებზე 27 ქულის აღებას, მაგრამ თუ უფრო მეტი გინდა, მაშინ დამატებით უნდა მოემზადო“, – ამბობს ალეკო.

რატომ კომპიუტერული მეცნიერებები? –  ალეკოსთვის ეს არის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს.

„ძალიან საჭიროა ეს სპეციალობა, ბევრი უწყებაა, რომელიც, უბრალოდ, ვერ იცავს თავს ჰაკერებისგან. კომპიუტერული უსაფრთხოებაც საჭიროა და ახალი აპლიკაციები, გაზრდილია მოთხოვნა კიდეც კომპანიების მხრიდან.

სკოლაში სამწუხაროდ არ გვეძლევა პროგრამებზე მუშაობის შესაძლებლობა, ისტ-ის გაკვეთილებზე უფრო ვსწავლობთ ზოგად ინფორმაციას. მახსოვს, ადრე წავიკითხე, რომ სკოლებში უნდოდათ პროგრამული ენის – რუბის შემოტანა, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ არ მოხერხდა. პროგრამული ენები არ არის ფორმულა, რომ დაიმახსოვრო, ეს გეხმარება ლოგიკისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში“, – გვეუბნება ალეკო.

მისი თქმით, სკოლაში მათემატიკის კარგად სწავლა არა ნიჭზე, არამედ კარგად ახსნაზეა დამოკიდებული.

„მოსწავლეს არასდროს არ უნდა უთხრა, რომ რთულია და ვერ ისწავლი, ან რთულია და ნიჭი გჭირდება. მე ასე არ ვფიქრობ. ბავშვმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ მათემატიკას ლოგიკა და წარმოდგენის უნარი სჭირდება. ბავშვს უნდა შეაყვარო მათემატიკა“, – ამბობს ალეკო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებშიც ახალი სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად დაიწყება. სწავლა აუდიტორიებში იმ შემთხვევაში განახლდება, თუკი ეპიდემიის მაჩვენებელი 4 პროცენტამდე დაიწევს.

_______________________________

მთავარ ფოტოზე: ელენე შაინიძე, ალეკო დუმბაძე და ლიკა მართალიშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: